საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016164
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/39
19/03/2015
ვებგვერდი, 20/03/2015
040030000.22.054.016164
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/03/2015 - 08/08/2019)

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/39

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის“  თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის  2008 წლის 17 სექტემბრის N3/201 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულება.

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი“ (შემდგომში ცენტრი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის N1038 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის“ უფლებამონაცვლეს.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.

3. ცენტრის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  „გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი“.

4. ცენტრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, გ. ათონელის ქუჩა N9.


მუხლი 2. ცენტრის მიზნები და ამოცანები
1. ცენტრის მიზანია:

ა) სამეცნიერო-კველვითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;

ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;

გ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა;

დ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;

ე) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობა.

2. ცენტრის საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:

ა) საქართველოს ძველი, ახალი და თანამედროვე კულტურული მემკვიდრეობის (შემდგომში – კულტურული მემკვიდრეობის) ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა და პოპულარიზაცია;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომების მომზადება პუბლიკაციისთვის, ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიის კვლევა, დამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა;

გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და ინვენტარიზაცია (მოძრავი და უძრავი ძეგლების პასპორტების შედგენა); სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში მონაწილეობა;

დ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტთა მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (შემდგომში – ძეგლი) და ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მეთოდოლოგიური ექსპერტიზა, ძეგლების დაცვისა და კონსერვაციის პროგრამებისა და დოკუმენტაციის შემუშავება.


მუხლი 3. ცენტრის უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი
1. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ხელოვნების ისტორიის სფეროებში;

ბ) შეიმუშაოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და სრულყოფისათვის მეცნიერულად დასაბუთებული თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული რეკომენდაციები;

გ) დაამზადოს ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნახაზები, ფოტოები და სხვა ვიზუალური მასალა, მოახდინოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაცია, დაკომპლექტება და არქივირება; შექმნას შესაბამისი არქივები, საინფორმაციო ბანკები, განახორციელოს მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობა და გავრცელება;

დ) მოპოვებული (შექმნილი) მასალების გამოყენებით მოამზადოს და მოაწყოს ფოტო და სხვა გამოფენები საქართველოში და საზღვარგარეთ, გამოსცეს სამეცნიერო ნაშრომები, ბარათები, ბუკლეტები, გზამკვლევები, ალბომები ქართულ და უცხო ენებზე;

ე) უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით ჩაუტაროს ექსპერტიზა კულტურულ ფასეულობებს (ნივთებს) მათი კულტურული ღირებულებების დადგენის მიზნით;

ვ) უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით მეცნიერულად შეისწავლოს კონკრეტული ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები. მათი კვლევისა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები და პროექტები;

ზ) გაუწიოს დახმარება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სააღრიცხვო და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებაში;

თ) შეისწავლოს სხვა ქვეყნების გამოცდილება სახელოვნებათმცოდნეო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების სრულყოფისათვის, ხელი შეუწყოს ტექნიკური სიახლეების გამოყენებას;

ი) ხელი შეუწყოს სამეცნიერო კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სახელოვნებათმცოდნეო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში; მოამზადოს სახელმძღვანელოები ხელოვნების ისტორიასა და საკონსერვაციო საქმიანობაში;

კ) როგორც სახელმწიფო დაკვეთით, ისე სახელშეკრულებო საფუძველზე:

კ.ა) დამოუკიდებლად შეადგინოს საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გეგმა, აწარმოოს სამეცნიერო გამოკვლევები;

კ.ბ) შეადგინოს კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი განხორციელება;

კ.გ) ასევე საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ძეგლზე აწარმოოს სამეცნიერო კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ლ) ითანამშრომლოს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან;

მ) ხელოვნების ისტორიის (ძველი, ახალი და თანამედროვე ხელოვნების) ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მოაწყოს საერთაშორისო და ადგილიბრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სესიები, სიმპოზიუმები, თათბირები, სემინარები, კონსულტაციები;

ნ) დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს, ხელშეკრულების საფუძველზე მოუმზადოს და გადასცეს მის მიერ შექმნილი და არქივში დაცული ძეგლებთან და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ვიზუალური თუ სხვა სახის სამეცნიერო მასალები (მათ შორის, ძეგლზე სამუშაოებისა და კულტურული მემკვიდრეობის ზონებში მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეცნიერო მასალები);

ო) დაამყაროს საქმიანი კონტაქტები და ითანამშრომლოს საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან და ძეგლთა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

პ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;

ჟ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილების შესაბამისად; 

რ) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობა.

2. ცენტრი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.


თავი II
ცენტრის მართვა

მუხლი 4. ცენტრის მართვის ორგანოები და ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის სამეცნიერო საბჭო, ხოლო საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანე-ლობს ცენტრის დირექტორი.

2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: სამეცნიერო განყოფილება, ლაბორატორია, ან სექტორი და სხვა სტრუქტურული ერთეულები.


მუხლი 5. ცენტრის სამეცნიერო საბჭო
1. ცენტრის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის სამეცნიერო საბჭო, რომელიც შედგება 11 წევრისგან.

2. სამეცნიერო საბჭო:

ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ღია კონკურსის წესით ირჩევს ცენტრის დირექტორს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში;

ბ) ცენტრის დირექტორისაგან ისმენს ცენტრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ) უფლებამოსილია კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ხელშეკრულება შეუწყვიტოს ცენტრის დირექტორს;

დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას;

ე) ღია კონკურსის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ირჩევს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;

ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდს და სტრუქტურას;

ზ) განიხილავს ცენტრის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებს;

თ) ითანხმებს ცენტრის დირექტორის მიერ შემუშავებული დებულების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;

ი) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, მათ შორის, ცენტრის საინფორმაციო განყოფილების მუშაობის გეგმებს და ანგარიშებს, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;

კ) განიხილავს გრანტის მოსაპოვებლად ცენტრის სახელით მომზადებული პროექტების თემატიკას და პროექტების სამეცნიერო დონეს;

ლ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ცენტრის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;

მ) განიხილავს საქართველოს და უცხოეთის სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;

ნ) იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;

ო) წარადგენს ღირსეულ მეცნიერულ შრომებს პრემიებისა და ჯილდოების მოსაპოვებლად;

პ) ამ დებულებით დადგენილი წესით ქმნის კონკურსის სამდივნოს დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ორგანიზების მიზნით.

3. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია მეცნიერთა მოწვევა სხვა სამეცნიერო დაწესებულებებიდან ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრებად სათათბირო ხმის უფლებით.


მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ დებულებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს წევრების არჩევის, მაგრამ არანაკლებ წევრთა საერთო რაოდენობის 2/3-ის არჩევის შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.

2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც.

3. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.

5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ცენტრის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.

6. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს. მდივანი ახორციელებს ანაზღაურებად საქმიანობას.

7. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

ე) გარდაცვალებისას;

ვ) სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.


მუხლი 7. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს წევრთა მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თავმჯდომარე ახორციელებს ანაზღაურებად საქმიანობას. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები.

2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;

გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებაში;

დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას;

ე) სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) საბჭოსთან შეთანხმებით ქმნის სამდივნოს ცენტრის დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევნების ორგანიზების მიზნით.

4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

ე) გარდაცვალებისას;

ვ) ცენტრის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.

6. მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.


მუხლი 8. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს არჩევა
1. სამეცნიერო საბჭოს წევრები აირჩევიან ცენტრის მეცნიერთა საერთო კრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება შედგება ცენტრში მომუშავე სამეცნიერო პერსონალისაგან. ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება მოიწვევა დირექტორის მიერ სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.

3. ცენტრის საერთო კრებას უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს წევრად პირის/პირების არჩევამდე ერთი თვის ვადით ადრე დაამტკიცოს უბრალო კენჭისყრით დირექტორის მიერ წარდგენილი სამეცნიერო საბჭოს წევრის საკვალიფიკაციო პირობები. სამეცნიერო საბჭოს წევრის კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან და დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანამდებობასთან.

4. არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ცენტრის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირს.

5. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს ცენტრის დირექტორი.

6. სამეცნიერო საბჭოს არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. თითოეული მეცნიერი ხმას აძლევს პირადად. არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მოიპოვებენ ყველაზე მეტ ხმას.

7. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრობის ორი ან მეტი კანდიდატი დააგროვებს ყველაზე მეტ, მაგრამ ხმათა თანაბარ რაოდენობას დირექტორის მიერ ინიშნება არჩევნების მეორე ტური იმ კანდიდატებს შორის, რომელთაც ყველაზე მეტი, მაგრამ თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს. არჩევნების მეორე ტური ტარდება პირველი ტურიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი.

8. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დროს ვერ იქნა არჩეული საკმარისი რაოდენობის სამეცნიერო საბჭოს წევრი, დირექტორის მიერ დარჩენილ ადგილებზე ინიშნება ხელახალი არჩევნები.

9. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, დირექტორი ნიშნავს სამეცნიერო საბჭოს წევრის დამატებით/რიგგარეშე არჩევნებს. სამეცნიერო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.


მუხლი 9. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია
1. ცენტრში სამეცნიერო საბჭოს არჩევნების მიზნით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება დაწესებულების თანამშრომლებისაგან.

2. საარჩევნო კომისის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატი;

ბ) ცენტრის დირექტორი ან მისი ნათესავი;

გ) ცენტრის დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი.

3. ამ დებულების მიზნებისათვის „ნათესავი“ გულისხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირს.

4. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საარჩევნო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის მეცნიერ თანამშრომელთა საერთო კრება უბრალო უმრავლესობით.

5. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი ნაკლებია დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდე-ნობაზე, კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საზოგადოების წარმომადგენელი.

6. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი აღემატება დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით განსაზღვრულ რაოდენობას, საარჩევნო კომისიის წევრების გამოსავლენად დირექტორის მიერ საჯაროდ ტარდება წილისყრა.

7. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ხმათა უბრალო უმრავლესობით.


მუხლი 10. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილება
1. ცენტრის მართვას ახორციელებს დირექტორი.

2. ცენტრის დირექტორი:

ა) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო პირობებს;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეცნიერო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ, ამ დებულებით გათვალისწინებულ ვადებს;

დ) შეიმუშავებს ცენტრის საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;

ე) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს ცენტრის საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;

ვ) ნიშნავს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;

ზ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

თ) ცენტრის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;

ი) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;

კ) ხელს უწყობს მეცნიერ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

ლ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ცენტრის ბიუჯეტს.

მ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ნ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს; უზრუნველყოფს ცენტრის სამეცნიერო ფუნდამენტური კვლევების, საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო და სხვა საქმიანობისათვის სამუშაოთა ორგანიზებას, ტექნიკურ აღჭურვას;

ო) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა სამუშაოთა აღწერილობასა და აგრეთვე დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;

პ) უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება;

ჟ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ს) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს დებულებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები.

4. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.

5. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლი-სას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

დ) გარდაცვალებისას;

ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას.

6. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.


მუხლი 11. ცენტრის დირექტორის არჩევის წესი
1. ცენტრის დირექტორს თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.

2. ცენტრის დირექტორის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. პირის დირექტორად არჩევა შესაძლებელია ზედიზედ ორი საარჩევნო ვადით.

3. ცენტრის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.

4. დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.

5. დირექტორის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე საბჭოსთან შეთანხმებით ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.

6. სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი სამდივნო განიხილავს კანდიდატთა განცხადებებს და წარმოდგენილ საბუთებს. კონკურსის სამდივნო შედგება ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრების, ცენტრის სხვა მეცნიერების ან/და დამხმარე პერსონალისაგან, რომლებიც სამდივნოს ფუნქციების განხორციელებისას ექვემდებარებიან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. კონკურსის სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

7. სამდივნო დირექტორების კანდიდატურებს წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს, რომელიც კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე ირჩევს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. დირექტორების კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს წევრთა 1/3-ისა.

9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადებში.


მუხლი 12. ცენტრის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
1. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, სექტორი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეც-ნიერო საბჭო.

2. ცენტრის სტრუქტურული ერთეული:

ა) განსაზღვრავს და ცენტრის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) შეიმუშავებს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს და წარუდგენს დირექტორს;

გ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კველევით საგრანტო პროექტებს;

დ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის კონკურსის ჩატარების წესს და დამატებით საკვალიკიფაციო პირობებს.

3. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ცენტრის სტრუქტურული ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისი დარგის მიხედვით;

ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;

გ) დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების ან პირის დაწინაურების საკითხს;

დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.


მუხლი 13. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. ცენტრის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსის წესით ირჩევს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს 4 წლის ვადით და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის საკონკურსო- საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.

4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე საბჭოსთან შეთანხმებით ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.

5. სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი სამდივნო განიხილავს კანდიდატთა განცხადებებს და წარმოდგენილ საბუთებს. კონკურსის სამდივნო შედგება ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრების, ცენტრის სხვა მეცნიერების ან/და დამხმარე პერსონალისაგან, რომლებიც სამდივნოს ფუნქციების განხორციელე-ბისას ექვემდებარებიან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. კონკურსის სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

6. სამდივნო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კანდიდატურებს წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს, რომელიც ირჩევს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს 1/3-ისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს 14 დღის ვადაში.


თავი III
ცენტრის პერსონალი

მუხლი 14. ცენტრის პერსონალი
1. ცენტრის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.

2. ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.

3. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნებიან შემდეგი მეცნიერები:

ა) მეცნიერი თანამშრომელი;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

4. ცენტრის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან:

ა) ცენტრის დირექტორი;

ბ) ცენტრის დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.

5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ეკავოს ამავე ცენტრის სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. ცენტრის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ცენტრის საშტატო განრიგით.


მუხლი 15. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მოხდეს ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:

ა) მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი;

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

3. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.


მუხლი 16. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები
1. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, დამატებით მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში; აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის დაფინანსებით მიუხედავად სამუშაო ადგილის შეცვლისა;

დ) ისარგებლოს ცენტრის ბიბლიოთეკით და ცენტრის სხვა ქონებით;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. მეცნიერი ვალდებულია:

ა) დაიცვას ცენტრის დებულებით და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

გ) გაუფრთხილდეს ცენტრის ქონებას;

დ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.


თავი IV
ცენტრის ქონება და დაფინანსების წყაროები

მუხლი 17. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს  მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გაუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.


მუხლი 18. ცენტრის ქონება
1. ცენტრს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ცენტრის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

2. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ)  თავდებობა;

დ) ცენტრის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.


მუხლი 19. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) შემოწირულობები;

ე) საგამომცემლო საქმიანობის შედეგად მოპოვებული სახსრები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ცენტრის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.

3. ცენტრში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 20. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე.

3. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის დირექტორი. ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

4. ლიკვიდატორი:

ა) დანიშვნისთანავე ადგენს ბალანს;

ბ) ცენტრის ცნობილ კრედიტორებს სპეციალური შეტყობინებით აცნობებს ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ, თუ კრედიტორების მისამართი უცნობია შეტყობინება ლიკვიდაციის თაობაზე ხდება საჯარო განცხადებით;

გ) ამთავრებს მიმდინარე საქმეებს, ასრულებს ცენტრის ვალდებულებებს;

დ) უფლებამოსილია დაამთავროს სასამართლო პროცესი ან მორიგებით დაასრულოს დავები;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

5. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.


თავი V
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

მუხლი 21. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI
გარდამავალი დებულებები

მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი
1. ცენტრის პირველი სამეცნიერო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

2. ცენტრის პირველი სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარება ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს ამ დებულების დამ-ტკიცებიდან ერთი თვის ვადაში.

3. სამეცნიერო საბჭომ დირექტორის არჩევა უზრუნველყოს არა უგვიანეს საბჭოს არჩევიდან ერთი თვისა.