დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 719
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018338
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
719
26/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
300160070.10.003.018338
დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2014 - 17/01/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №719

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის  უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103–ე მუხლის მე–5 ნაწილის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტი“.

2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ჩამოსხმული სასმელი წყლის ხარისხისადმი წაყენებული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 ნოემბრის №306/ნ ბრძანება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის  ტექნიკური რეგლამენტი

 მუხლი 1. გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი

 1. ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103–ე მუხლის მე–5 ნაწილის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის, 23–ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

 2. ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების თანმდევ საფუძველს წარმოადგენს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და საერთაშორისო დოკუმენტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, საქართველოს კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების, ნატურალური მინერალური წყლებისა და წყაროს წყლების გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და ქიმიური შედგენილობის თავისებურებების გათვალისწინებით და ადგენს უვნებლობის ნორმებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

 3. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება კომერციული მიზნით დაფასოებულ ნატურალურ მინერალურ წყლებსა და წყაროს წყლებზე, რომელიც ჩამოსხმულია სამომხმარებლო ტარაში და განკუთვნილია სარეალიზაციოდ, როგორც სურსათი. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, ასევე, ვრცელდება სუფრის წყალზე მხოლოდ ჩამოსხმის, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და შენახვის ნაწილში.

 4. ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება სამკურნალო მინერალურ წყლებზე.

 5. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლის, წყაროს წყლისა და ასევე, სუფრის წყლის ჩამოსხმის, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და შენახვისადმი, ხოლო მისი დაცვა სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სუბიექტისათვის, რომელიც აწარმოებს წყლის პროდუქციას ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

 6. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ყველა მაჩვენებლის ტესტირება/გამოცდა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, შესაბამისი გამოცდის მეთოდების გამოყენებით.

მუხლი 2. ძირითადი ტერმინები და განმარტებები

 ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) ნატურალური მინერალური წყალი – გაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული, მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტაბილური ქიმიური შედგენილობა, ტემპერატურა, დებიტი და დამტკიცებული მარაგები, ხოლო, მისი დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილება. ნატურალურ მინერალურ წყალს შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო თვისებები და დადებით ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე;

 ბ) წყაროს წყალი – გაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული, მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტაბილური ქიმიური შედგენილობა და ტემპერატურა, ხოლო, მისი დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შემადგენლობის ცვლილება. წყაროს წყლის დებიტი შესაძლოა არ იყოს სტაბილური და მარაგი არ იყოს დამტკიცებული. წყაროს წყალს შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო თვისებები და დადებით ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე;

 გ) გაზირებული (კარბონიზებული) ნატურალური მინერალური წყალი - ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად გაზირებულია სხვა საბადოდან მოპოვებული ნახშირორჟანგით;

 დ) ბუნებრივად გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი - ნატურალური მინერალური წყალი, რომელშიც ნახშირორჟანგის შემცველობა მისი ჩამოსხმის შემდეგ ისეთივეა, როგორც მისი საბადოდან მოპოვებისას. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ნატურალური მინერალური წყალი, რომელსაც დამატებული აქვს იმავე საბადოდან მოპოვებული ნახშირორჟანგი, თუ დამატებულის რაოდენობა არ აღემატება ჩამოსხმის დროს დაკარგული ნახშირორჟანგის რაოდენობას;

 ე) საბადოს გაზით გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი - ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც გაზირებულია იმავე საბადოდან მიღებული ნახშირორჟანგით და ნახშირორჟანგის შემცველობა ჩამოსხმულ პროდუქციაში მეტია, ვიდრე საბადოდან მოპოვების დროს;

 ვ) არაგაზირებული ნატურალური მინერალური წყალი - რომელიც არ შეიცავს ნახშირორჟანგის შემცველობას;

 ზ) დაფასოებული ნატურალური მინერალური და წყაროს წყალი –რომელიც ჩამოსხმულია სამომხმარებლო ტარაში და განკუთვნილია სარეალიზაციოდ, როგორც სურსათი;

 თ) ფილტრაცია - წყლის წვრილფოროვან მასალაში გატარება შეწონილი ნაწილაკებისაგან გათავისუფლების მიზნით;

 ი) დეკანტაცია – წყლიდან ნალექის მოშორება გადაწურვის გზით;

 კ) აერაცია - წყლის გამდიდრება ჰაერის ჟანგბადით.

 მუხლი 3. მოთხოვნები ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლისადმი

 დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანომდებლობით და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა იწარმოებოდეს დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციის დაცვით.

 მუხლი 4. უვნებლობის მაჩვენებლები

 1. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით, დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა შეესაბამებოდეს №1 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს:

 

ცხრილი №1

მაჩვენებელი

დახასიათება

გარეგანი სახე

გამჭვირვალე სითხე, ნალექისა და უცხო მინარევების გარეშე

სუნი

უსუნო

ფერი

უფერო

გემო:

- გაზირებული წყალი

 

 

- არაგაზირებული

 

დამახასიათებელი წყლის ჯგუფისთვის, მომჟავო

 

უცხო გემოს გარეშე, დამახასიათებელი წყლის ჯგუფისათვის.

 

 2. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა შეესაბამებოდეს №2 ცხრილში მოყვანილ მოთხოვნებს:

 

ცხრილი №2

 

მაჩვენებელი

კრიტერიუმი

მეზოფილური აერობული და ფაკულტატური ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა, 1 მლ-ში

220C

370C

 

 

100 კწე[1]

20 კწე

საერთო კოლიფორმული ბაქტერიები, 250 მლ-ში

 არ დაიშვება

Escherichia coli, 250 მლ-ში

 არ დაიშვება

სულფიტმარედუცირებელი ანაერობები , 50 მლ-ში

 არ დაიშვება

Streptococcus faecalis, 250 მლ-ში

 არ დაიშვება

Pseudomonas aeruginosa, 250 მლ-ში

 არ დაიშვება

პარაზიტები და პათოგენური მიკროორგანიზმები

 არ დაიშვება.

 

 3. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით, უნდა აკმაყოფილებდეს №3 ცხრილში მოყვანილ ნორმებს:

 

ცხრილი №3

მაჩვენებლები

დასაშვები მაქსიმალური კონცენტრაცია, მგ/

 

დარიშხანი (As)

0.010

ვერცხლისწყალი (Hg)

0.0010

თუთია (Zn)

3.0

კადმიუმი (Cd)

0.003

მანგანუმი (Mn)

0.5

ნიკელი (Ni)

0.02

ნიტრატები (NO3 )

50

ნიტრიტები (NO2)

0.1

სელენი (Se)

0.010

სპილენძი (Cu)

1.0

სტიბიუმი (Sb)

0.005

ტყვია (Pb)

0.010

ქრომი (Cr)

0.050

ციანიდები (CN-ზე გადათვლით)

0.07 

ფტორიდები (F)

5.0[2]

ბარიუმი (Ba)

1.0[3].

 4. რადიაციული უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით, დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა შეესაბამებოდეს №4 ცხრილში მოყვანილ მოთხოვნებს:

 

ცხრილი №4

 

მაჩვენებელი

დასაშვები ნორმა, ბკ/ლ, არა უმეტეს

საერთო α - რადიაქტიურობა

0,1

საერთო β - რადიაქტიურობა

 1,0.

 

 5. დაფასოებულ ნატურალურ მინერალურ წყალსა და წყაროს წყალში პერმანგანატული ჟანგვადობა არ უნდა აღემატებოდეს 3,0 O2 მგ/ლ-ს.

 6. დაფასოებისას, ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის დასაგაზად იყენებენ ბუნებრივი წარმოშობის ნახშირორჟანგს, რომლის მასური კონცენტრაცია მზა პროდუქციაში უნდა იყოს არანაკლებ:

 ა) სუსტად გაზირებული - 0,1 %;

 ბ) ძლიერ გაზირებული - 0,3 %.

 7. ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის დამუშავებისას, არასტაბილური კომპონენტების მოცილება აერაციის, ფილტრაციის, დეკანტაციის და სხვა მეთოდებით და საჭიროების შემთხვევაში, ნახშირორჟანგის დამატება ან მოცილება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ აღნიშნული პროცესები არ გამოიწვევს წყლის ტიპის შეცვლას და ხარისხის გაუარესებას.

 8. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი არ უნდა შეიცავდეს ნავთობპროდუქტებს, ფენოლის შენაერთებს, ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, პესტიციდებს და პოლიქლორბიფენილებს, მინერალურ ზეთებს, პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყალბადებს.

 მუხლი 5. ჩამოსხმა, შეფუთვა, ნიშანდება

 1. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლის, წყაროს წყლისა და სუფრის წყლის ჩამოსხმა დაშვებულია მინის ბოთლებში, აგრეთვე, პოლიეთილენტერეფტალატის (პეტ) ბოთლებში და ისეთი მასალისაგან დამზადებულ ჭურჭელში, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას პროდუქციის შენახვის მთელი ვადის განმავლობაში.

 2. დაფასოებული წყლის ბოთლები (მიუხედავად მოცულობისა) ჰერმეტულად უნდა დაიხუფოს სურსათთან შეხებისათვის დაშვებული მასალისაგან დამზადებული თავსახურით.

 3. დაფასოებული წყლის შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს უვნებლობის მაჩვენებლების დაცვას, პროდუქციის ხარისხის მდგრად შენარჩუნებას შენახვის მთელი ვადის განმავლობაში და დაცვას მექანიკური დაზიანებისაგან.

 4. საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაფასოებული წყლის თითოეული ერთეულის ნიშანდება/ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდების აღნიშნული საკითხები რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ნებადართულია აღნიშვნები, რომლებიც უკავშირდება წყლის პროფილაქტიკურ, სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას იმ პირობით, თუ ისინი შედგენილია ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის საფუძველზე და დადასტურებულია ფარმაკოლოგიური და კლინიკური გამოცდების შედეგად, რომლებშიც ჩატარებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 5. თუ ნატურალურ მინერალურ წყალში ფტორიდების შემცველობა აღემატება 1.5 მგ/ლ-ს, ეტიკეტირებისას უნდა მიეთითოს: „შეიცავს 1.5 მგ/ლ-ზე მეტ ფტორიდებს და არ არის რეკომენდებული მისი ხანგრძლივად მოხმარება 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის“.

 6. ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტზე აუცილებელია ფტორიდების შემცველობის მითითება.

 მუხლი 6. ტრანსპორტირება და შენახვა

 1. დაფასოებული წყლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებები არ უნდა იყოს დაბინძურებული; ტრანსპორტირება არ უნდა მოხდეს ტოქსიკურ, მავნე, კოროზიულ, აქროლად ან მძაფრი არომატის მქონე პროდუქტთან ერთად; ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იქნეს მზის სხივების, ყინვისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან.

 2. დაფასოებული წყალი უნდა ინახებოდეს გარემოს ბუნებრივი პირობების მავნე ზემოქმედებისაგან დაცულ სათავსში, გრილ, მშრალ, ვენტილირებად საწყობში. აკრძალულია მისი შენახვა გარემოს კლიმატური ცვლილებების უშუალო ზემოქმედების პირობებში, ასევე, შენახვა სითბოს წყაროსთან ახლოს და ტოქსიკური, კოროზიული, აქროლადი და მძაფრი სუნის მქონე პროდუქტთან ერთად.

მუხლი 7. შესაბამისობის შეფასების პროცედურა

 1. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის შესაბამისობის შეფასების პროცედურები ხორციელდება შემდეგი ფორმებით:

 ა) ბიზნესოპერატორის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა;

 ბ) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მიზნით, ბიზნესოპერატორის მიერ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის.

 2. დამუშავების მეთოდების შესახებ ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოს.

 მუხლი 8. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

 1. ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ნებისმიერი ბიზნესოპერატორი ვალდებულია, განსაზღვროს პროდუქტის ბაზარზე განთავსების, სახიფათო პროდუქტის ამოღების წესი, აწარმოოს ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის შეფასების წესი და პროცედურა და განახორციელოს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მაჩვენებლების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, მიღებული შედეგების აღრიცხვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

 2. ბიზნესოპერატორის მიერ ჩამოსხმული წყლის ხარისხის კონტროლისათვის წლის განმავლობაში გამოსაკვლევი ნიმუშების მინიმალური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს №5 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს:

 

ცხრილი №5

ჩამოსხმული წყლის

წარმადობა

 დღე/ღამეში (3)

ნიმუშების რაოდენობა 1 წლის განმავლობაში

≤ 10

1

> 10 ≤ 60

12

> 60

დღეში ყოველ დამატებით 5 მ3 –ზე + 1 ნიმუში.

 

 

 3. ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრულ ნიმუშების რაოდენობაში არ შედის აუცილებელი საკონტროლო სინჯები, რომლებიც უნდა შესრულდეს მილსადენების რემონტისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების შემდეგ.

 4. ჩამოსხმული წყლის ხარისხის შიდა კონტროლის სისტემის ფორმატი და დიზაინი წარმოადგენს ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობას.

 

 

 


[1] კწე - კოლონიის წარმომქმნელი ერთეული.

 

[2] გაზირებული (კარბონიზებული) ნატურალური მინერალური წყლებისათვის, რომელთა საერთო მინერალიზაცია აღემატება 1500 მგ/ლ-ს, ფტორიდების (F) დასაშვები მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 10.0 მგ/ლ-ს.

[3] გაზირებული (კარბონიზებული) ნატურალური მინერალური წყლებისათვის, რომელთა საერთო მინერალიზაცია აღემატება 1500 მგ/ლ-ს, ბარიუმის (Ba) დასაშვები მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 5.0 მგ/ლ-ს.