დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2798 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/03/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 24/03/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 440.050.000.05.001.002.195 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს.“.
2. IV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშება
1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს:
ა) მამაკაცს – ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა, ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი;
ბ) ქალს – ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა, ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი.
2. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს:
ა) 100%-ის ოდენობით – ხომალდის მეთაურისათვის;
ბ) 80%-ის ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტ-მექანიკოსინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის;
გ) 70%-ის ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის.“.
3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან (შრომითი დასახიჩრება).“.
4. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 151 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 70%;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 151 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 80%.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 17 მარტი.
№2798-Iს
დოკუმენტის კომენტარები