კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 04/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016203
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
35
01/08/2014
ვებგვერდი, 06/08/2014
010250020.35.149.016203
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/08/2014 - 25/03/2015)

 

      კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №35

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართის შესაბამისად).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის N12 დადგენილება (სსმ. 28, 22/09/2010; 010250020.35.149.016002).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე



დანართი
კასპის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის

დებულება


მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;   გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) შესყიდვების განყოფილება;

ბ) ბუღალტერია;

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის  ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის;

დ) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

კ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;

ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;

მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ნ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ო) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

პ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ჟ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას,

რ) სამსახური ასევე უზრუნველყოფს:

რ.ა.) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

რ.ბ)მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;

რ.გ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

რ.დ.) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;

რ.ე.) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას;

რ.ვ.) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;

 რ.ზ.) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას. ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

 რ.თ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას;

რ.ი.) გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციას

ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბუღალტერია
მუნიციპალიტეტის ბუღალტერია წარმოადგენს სამსახურის განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;

ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;

გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;

დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;

ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.