წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2014
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016191
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
15/07/2014
ვებგვერდი, 16/07/2014
010250050.35.122.016191
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/07/2014 - 28/11/2017)

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2014 წლის 15 ივლისი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა  კომისიის დებულება №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების  ამოქმედების  დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.000163   12/08/2010).
მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე



                                                                                                                                             დანართი №1 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ

საკითხთა კომისიის დებულება


  ეს დებულება,  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. იურიდიულ საკითხთა კომისია (შემდგომ „კომისია”) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 24-ე  მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტით, 28-ე მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.


მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია:

ა) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას;

ბ) ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ;

გ) შეისწავლის საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

დ) განსაზღვრავს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას;

ე) შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას;

ვ) საკრებულოს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს; ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომას;

ზ) საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში ასრულებს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ფუნქციებს, ადგენს ფარული კენჭისყრის გამართვის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას; ითვლის და აცხადებს ფარული კენჭისყრის შედეგებს;

თ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცების და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

ი) საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენის შესახებ;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, სამსახურეობრივი ეთიკის, ადამიანური რესურსების მართვის, თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის ატესტაციებისა და კონკურსების ჩატარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე; კონტროლს უწევს აღნიშნულ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და გატარებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ლ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების, მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, სამუშაოთა აღწერილობებისა და ანგარიშგების შედგენის, ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ; აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას;

მ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;

ნ) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საკრებულოში შემოსულ პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს;

პ) აკონტროლებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;

ჟ) მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებაში; მონიტორინგს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს; შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან ერთად იხილავს ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას; მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ კანონის დარღვევებზე შეიმუშავებს და შესაბამის თანამდებობის პირებს რეაგირებისათვის უგზავნის რეკომენდაციებს;

რ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.


მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა  და 37-ე მუხლის პირველი ნაწილით  დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;

ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;

ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.


მუხლი 4. კომისიის წევრები და მათი უფლება-მოვალეობები
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 (სამი) წევრით.

2. კომისიის წევრის უფლებები:

ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში;

ბ) გამოთქვას თავისი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები;

გ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაიკავოს საკუთარი პოზიცია და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება;

დ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

3. კომისიის წევრის ვალდებულებები:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, საკრებულოს რეგლამენტი;

ბ) შეასრულოს კომისიის თავმჯდომარის დავალებები.


მუხლი 5. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისია მუშაობს კვარტალურ სამუშაო გეგმის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ. საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხდომა დახურულად ცხადდება კომისიის გადაწყვეტილებით. დღის წესრიგი და დრო ცხადდება წინასწარ.

3. კომისიის სხდომები ტარდება თვეში ერთხელ მაინც. კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.

4. კომისიის სხდომას კომისიის მოწვევით, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება ესწრებოდნენ აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლები, სხვა კომისიებისა და ფრაქციის წევრები.

5. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებს.

6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. დღის წესრიგის საკითხის მოხსნას და ახალი საკითხის შეტანას სჭირდება ხმების უმრავლესობა.

8. კომისიის სხდომაზე საკითხის მომზადებულად ცნობის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მომხსნებელს და დააყენებს საკითხს ჯერ საკრებულოს ბიუროს, ხოლო შემდეგ- საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

9. თუ კომისიის მიერ საკრებულოს ბიუროში შეტანილ საკითხზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს მისი შესწორებული ვარიანტის განმეორებითი განხილვა. საკრებულოს დავალებით ან კომისიების თავმჯდომარეთა შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიათა ერთობლივი სხდომა. ასეთ შემთხვევაში წინადადებები შემუშავდება კენჭისყრის გარეშე.


მუხლი 6. კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან შეიძლება შეიქმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები.

2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.

3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.

4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

ა) სამანდატო და საპროცედურო საკითხთა სამუშაო ჯგუფი;

ბ) იურიდიული, საკადრო პოლიტიკისა და ეთიკის სამუშაო ჯგუფი.

5. სამანდატო და საპროცედურო საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ა“ – „ი“ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.

6. იურიდიული, საკადრო პოლიტიკის და ეთიკის სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის „კ“ – „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.


მუხლი 7. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან.

2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.


მუხლი 8. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.