შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია
დოკუმენტის ნომერი 14/25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2014
ძალაში შესვლის თარიღი 12/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016244
 
 
 

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია

პრეამბულა

წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები

a. ითვალისწინებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომელებიც ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ფასეულობას, ასევე მათ თანასწორობასა და განუყოფელ უფლებებს აღიარებენ თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად,  

b.      აღიარებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში განაცხადა და დაადასტურა ყველა ადამიანის უფლება, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე ისარგებლოს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით,

c.  ადასტურებენ რა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უნივერსალურობას, განუყოფლობას, ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთკავშირს, ასევე შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირთათვის ამ უფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობის უზრუნველყოფის საჭიროებას,

d.  შეგვახსენებენ რა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტს, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო  პაქტს, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციას, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას, წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური და  ღირსების შემლახვევლი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კონვენციას, ბავშვთა უფლებების კონვენციას, მიგრანტი მომუშავეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციას,

e.  აღიარებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არის დინამიური ცნება და წარმოადგენს ჯანმრთელობის დარღვევის მქონე პირებს, მათ მიმართ დამოკიდებულებისა და გარემო ბარიერების ურთიერთქმედების შედეგს, რაც აფერხებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ თანაბარ, სრულყოფილ და ეფექტურ მონაწილეობას,

f.   აღიარებენ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ მსოფლიო სამოქმედო პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით გათვალისწინებული პრინციპებისა და პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებების მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაძლებლობათა შემდგომ გათანაბრებებზე მიმართული პოლიტიკის, გეგმების, პროგრამებისა და ღონისძიებათა ხელშეწყობის, ფორმულირებისა და შეფასებისათვის,

g. ხაზგასმით აღნიშნავენ რა შეზღუდული შესაძლებლობის პრობლემატიკის, როგორც მდგრადი განვითარების შესაბამისი სტრატეგიების შემადგენელი ნაწილის აქტუალიზაციის მნიშვნელობას,

h. აგრეთვე აღიარებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო ნებისმიერი პიროვნების დისკრიმინაცია არის ადამიანის თანდაყოლილი და განუყოფელი ღირსების დარღვევა,

i.  აღიარებენ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობას,

j.  აღიარებენ რა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის აუცილებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, მათ შორის, ინტენსიური დახმარების საჭიროების მქონეთა მიმართ,

k. გამოხატავენ რა წუხილს, რომ მიუხედავად აღნიშნული დოკუმენტებისა და მცდელობებისა, შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირები მსოფლიოს ყველა კუთხეში კვლავ აწყდებიან ბარიერებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულუფლებიან წევრებად მონაწილეობის მცდელობაში და მათი უფლებები ხშირად ირღვევა,

l.  აღიარებენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში,

m. აღიარებენ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამჟამინდელ და პოტენციურ წვლილს საზოგადოების საერთო კეთილდღეობასა და მრავალფეროვნებაში, ასევე იმ გარემოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზებისა და სრული მონაწილეობის ხელშეწყობა მათში განამტკიცებს მიკუთვნების შეგრძნებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოების ადამიანურ, სოციალურ, ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის აღმოფხვრას,   

n.  აღიარებენ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის, მათ შორის საკუთარი თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალების მნიშვნელობას,

o.  ითვალისწინებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიებსა და პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, უშუალოდ მათთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში,

p. შეშფოთებას გამოხატავენ იმ სიძნელეების გამო, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან მათი სხვადასხვა და დამძიმებული ფორმებით დისკრიმინაციისას რასობრივი, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა მოსაზრებების საფუძველზე, ეროვნული, ეთნიკური, ავტოქთონური ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების, ასაკის თუ სხვა სტატუსის გამო,    

q.  აღიარებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები გაცილებით ხშირად ექცევიან ძალადობის, ფიზიკური ხელყოფისა და შეურაცხყოფის, უარყოფისა და უპატივცემულო დამოკიდებულების, ცუდი მოპყრობისა და ექსპლუატაციის რისკის ქვეშ, როგორც საკუთარ ოჯახში, ასევე მის გარეთ,   

r. აღიარებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სხვა ბავშვების თანასწორად უნდა სარგებლობდნენ ადამიანის უფლებათა და  ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზების შესაძლებლობით, გვახსენებენ რა ამასთან მიმართებაში ბავშვთა უფლებების კონვენციის მონაწილე  სახელმწიფოების მიერ ნაკისრ ვალდებულებებს,

s.  ხაზგასმით აღნიშნავენ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზების ხელშეწყობაზე მიმართულ  ყველა წამოწყებაში გენდერული ასპექტების გათვალისწინების აუცილებლობას,

t.  ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმრავლესობა ცხოვრობს სიღარიბეში და ამასთან მიმართებაში აღიარებენ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე სიღარიბის ნეგატიური გავლენის დაძლევის აუცილებლობას,  

u. მხედველობაში იღებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებული მიზნებისა და პრინციპების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვაზე მიმართული შესაბამისი აქტების სრულ პატივისცემაზე  დამყარებული მშვიდობიანი და უსაფრთხო ვითარება წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრული დაცვის აუცილებელ პირობას, განსაკუთრებით შეიარაღებული კონფლიქტებისა და უცხოური ოკუპაციის დროს,  

v.  აღიარებენ რა ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გარემოს, ჯანდაცვის, განათლების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისულებათა სრული რეალიზებისათვის,  

w.   აცნობიერებენ რა, რომ ყოველი პიროვნება, სხვა პირებისა და საზოგადოების მიმართ არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, უნდა იღწვოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ქარტიით აღიარებული უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისათვის,

x.  გამოთქვამენ რა რწმენას, რომ ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ბუნებრივ და უმთავრეს ერთეულს, რომელიც დაცული უნდა იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან და რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები უნდა იღებდნენ აუცილებელ დაცვასა და დახმარებას, რაც საშუალებას მისცემს ოჯახებს თავიანთი წვლილი შეიტანონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სრულ რეალიზებაში,    

y. გამოთქვამენ რა რწმენას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვის ყოვლისმომცველი და საყოველთაო საერთაშორისო კონვენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასასურველი სოციალური მდგომარეობის დაძლევისა და სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში მათი თანაბარი შესაძლებლობების პირობებში მონაწილეობაში როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

მიზანი

წინამდებარე კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.

მუხლი 2

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

კომუნიკაცია” – მოიცავს ენებს, ტექსტის გაფორმებას, ბრაილს, ტაქტილურ კომუნიკაციას, მსხვილი შრიფტით ბეჭდვას, მისაწვდომ მულტიმედიურ საშუალებებს, ისევე როგორც ბეჭდვით მასალებს, აუდიო საშუალებებს, ჩვეულებრივ მეტყველებას, მკითხველებს, გამაძლიერებელ და ალტერნატიულ მეთოდებს, ხერხებსა და ფორმატებს, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩათვლით.  

ენა მოიცავს სალაპარაკო და ჟესტების ენას, ასევე სხვა, არასასაუბრო ენების გამოყენებას.

დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე” – გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ ნებისმიერ განსხვავებას, გარიყვას ან აკრძალვას,  რომლის მიზანს ან შედეგს წარმოადგენს აღიარების, თანაბარი უფლებებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და ნებისმიერ სხვა სფეროში მათ მიერ ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზების მინიმუმამდე დაყვანა ან სრული უარყოფა; იგი მოიცავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის უარს გონივრულ მისადაგებაზე.

გონივრული მისადაგება” – გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას.

უნივერსალური დიზაინი – გულისხმობს პროდუქტის, გარემოს, პროგრამებისა და მომსახურების ისეთ დიზაინს, რომელიც ყველა ადამიანის აძლევს მისი მაქსიმალური გამოყენების საშუალებას, ადაპტაციისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების აუცილებლობის გარეშე. „უნივერსალური დიზაინი” არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების გამოყენებას.

მუხლი 3

ზოგადი პრინციპები

წინამდებარე კონვენციის პრინციპებია:

a.  ადმიანის თანდაყოლილი პიროვნული ღირსების, მისი ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემა, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობის ჩათვლით;

b. დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

c. სრულყოფილი ჩართვა და მონაწილეობა საზოგადოებაში;

d. პატივისცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობისადმი;  მათი აღიარება ადამიანთა შორის არსებული განსხვავებულობის შემადგენელ ნაწილად.

e. თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

f.  მისაწვდომობა;

g. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა;

h. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესაძლებლობის განვითარებისა და ინდივიდუალობის შენარჩუნების უფლების პატივისცემა.

მუხლი 4

ზოგადი ვალდებულებები

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამ მიზნით მონაწილე ქვეყნები ვალდებულებას იღებენ:

a. მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომები წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების უზრუნველყოფისათვის;

b. მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის საკანონმდებლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ყველა დისკრიმინაციული კანონის, დადგენილების, წესის, ტრადიციის  შესაცვლელად ან გასაუქმებლად;

c.  ყველა პოლიტიკასა და პროგრამაში გათვალისწინებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა;

d.  თავი შეიკავონ ყველა იმ აქტივობისა და მეთოდებისაგან, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე კონვენციას; უზრუნველყონ სახელმწიფო სტრუქტურებისა და დაწესებულებების წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისობაში მოქმდება;

e.   მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ყველა კერძო პირის, ორგანიზაციისა ან კერძო საწარმოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;

f.  განახორციელონ ან ხელი შეუწყონ წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული, ისეთი სახის უნივერსალური დიზაინის მქონე პროდუქტის, მომსახურების, დანადგარებისა და მოწყობილობების კვლევა-გამოგონებით საქმიანობას, რომელთა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგება მინიმალურ ადაპტაციასა და თანხებს მოითხოვს; ხელი შეუწყონ მათ გამოყენებასა და მისაწვდომობას, სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შექმნაში უნივერსალური დიზაინის იდეის გატარებას;

g.  განახორციელონ ან ხელი შეუწყონ კვლევით და გამოგონებით საქმიანობას, ასევე ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე გათვლილი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მობილურობის ხელშემწყობი, დამხმარე საშუალებებისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობასა და გამოყენებას; ამასთანავე უპრატესობა მიანიჭონ მაქსიმალურად მისაწვდომი ფასის მქონე ტექნოლოგიებს;

h.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიაწოდონ ინფორმაცია მობილურობის ხელშემწყობი და სხვა დამხმარე ტექნოლოგიებისა და საშუალებების, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების შესახებ; მიაწოდონ ინფორმაცია სხვა სახის დახმარების, დამხმარე მომსახურებისა და საშუალებების შესახებ;

i.  ხელი შეუწყონ პროფესიონალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის განათლებას წინამდებარე კონვენციაში წარმოდგენილი უფლებების საკითხებზე, რათა უზრუნველყონ ამ უფლებებით გარანტირებული დახმარებისა და მომსახურების უკეთესი უზრუნველყოფა.

2. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებთან დაკავშირებით ყველა მონაწილე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისა და საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, მიიღოს ყველა ზომა აღნიშნულ უფლებათა სრული დაცვის სისტემატური, პროგრესირებადი უზრუნველყოფისათვის, წინამდებარე კონვენციაში ფორმულირებული იმ ვალდებულებების გარდა, რომელთა დაუყოვნებლივ შესრულებას ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალი.

3. კანონმდებლობისა და წინამდებარე კონვენციის განხორციელების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, ასევე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე  გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მონაწილე სახელმწიფოები მჭიდროდ ითანამშრომლებენ და აქტიურად ჩართავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების საშუალებით.     

4. წინამდებარე კონვენცია ვერ ახდენს გავლენას იმ დებულებებზე, რომლებიც გაცილებით ქმედითად უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებას და შესაძლოა წარმოადგენდნენ მონაწილე სახელმწიფოს, ან მის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო  კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს. დაუშვებელია, კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოში კანონით, კონვენციით, წესებითა და ტრადიციებით აღიარებული და მოქმედი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ნებისმიერი სახის შეზღუდვა ან აკრძალვა იმ საბაბით, რომ წინამდებარე კონვენცია არ ითვალისწინებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს ამ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

 

5. წინამდებარე კონვენციის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი ფედერალური სახელმწიფოს ყველა შემადგენელ ერთეულში, ყოველგვარი შეზღუდვისა და გამონაკლისის გარეშე.

 

მუხლი 5

თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ  ყოველი პიროვნება თანასწორია კანონის წინაშე და კანონის ძალით; ყველას ერთნაირად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება, იყოს დაცული და ისარგებლოს კანონით.

2. მონაწილე სახელმწიფოები კრძალავენ შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ დისკრიმინაციას და უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ და ეფექტურ იურიდიულ დაცვას ყოველგვარი დისაკრიმინაციისაგან.

3. თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას გონივრული მისადაგების უზრუნველყოფისათვის.    

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტობრივი თანასწორუფლებიანობის მიღწევისა და დაჩქარებისათვის მიღებული კონკრეტული ზომები, წინამდებარე კონვენციით, არ განიხილება როგორც დისკრიმინაცია.

მუხლი 6

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები მრავალგვარი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და, ამასთან დაკავშირებით, იღებენ ზომებს მათი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრული და თანაბარი უზრუნველყოფისათვის.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ქალთა ყოველმხრივი განვითარების, წინსვლის, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და წინამდებარე კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა გარანტირებისათვის.  

მუხლი 7

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზებისათვის, სხვა ბავშვების თანასწორად.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის უზენაესი ინტერესები.

3. მონაწილე სახელმწიფოებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, სხვა ბავშვების თანასწორად, უნდა უზრუნველყონ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, მათი ასაკისა და მოწიფულობის გათვალისწინებით; აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის ისინი უზრუნველყოფილი უნდა იქნენ  შეზღუდულობისა და ასაკის შესაბამისი დახმარებით.

 

მუხლი 8

ცნობიერების ამაღლება

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას მიიღონ გადაუდებელი, ეფექტური და შესაბამისი ზომები, რათა:

a. აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება, მათ შორის ოჯახის დონეზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში; ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემას;

b. ებრძოლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში,  მათ შორის სქესსა და ასაკზე დაფუძნებულ სტერეოტიპებს, ცრურწმენებსა და ზიანის მომტან ჩვევებს.   

c. პოპულარიზაცია გაუწიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალსა და წვლილს.

2. ამ მიზნით მიღებული ზომები მოიცავს:

a. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ეფექტური კამპანიის ინიციირება და განხორციელება, რომლის მიზანია:

i) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი პატივიცემის გრძნობის ჩამოყალიბება;

ii) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში პოზიტიური განწყობისა და გააზრებული სოციალური ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

iii) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უნარ-ჩვევების, ღირსებებისა და შესაძლებლობების, ასევე სამუშაო ადგილებსა და შრომით ბაზარზე მათი წვლილის აღიარების ხელშეწყობა;  

b. განათლების სისტემის ყველა საფეხურზე, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

c. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისობაში მყოფი სახის წარმოსაჩენად.

d. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათ უფლებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი პროგრამების პოპულარიზაცია.

მუხლი 9

მისაწვდომობა

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისწავდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. აღნიშნული ზომები, რომელიც მოიცავენ არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების გამოვლენა-აღმოფხვრას, შეეხება:   

a. შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს;

b. ინფორმაციას, კომუნიკაციასა და სხვა სამსახურებს, ელექტრონულ და სასწრაფო-საავარიო სამსახურებს;  

2. მონაწილე სახელმწიფოები ასევე იღებენ ზომებს, რათა:

a. შეიმუშაონ,  დანერგონ და მონიტორინგი გაუწიონ მოსახლეობისათვის ღია ობიექტებსა და მომსახურებებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის მინიმალური სტანდარტებისა და სახელმძღვანელო ორიენტირების რეალიზებას;

b. უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ღია ობიქტებისა და მომსახურების ყველა კერძო საწარმოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის ყველა ასპექტის გათვალისწინება;

c. უზრუნველყონ დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის საკითხებზე;   

d. უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ღია ყველა შენობასა და სხვა ობიექტებში, აბრების ბრაილის ნიშნებით, მარტივად წასაკითხი და გასაგები სახით გამოსახვა; 

e. მოსახლეობისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურებების მისაწვდომობისათვის, უზრუნველყონ ისეთი დამხმარე პერსონალისა და მედიატორთა დახმარება, როგორიცაა თანმხლები პირი, წამკითხველი, პროფესიონალი სურდო- თარჯიმანი;

f. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინფორმაციის მისწვდომობის უზრუნველსაყოფად განავითარონ დახმარების სხვა შესაბამისი ფორმები;

g. ხელი შეწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ახალი ინფორმაციის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, მათ შორის, ინტერნეტის მისაწვდომობას;    

h. საწყის ეტაპზევე უზრუნველყონ მისაწვდომი ინფორმაციის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების დაგეგმვა, განვითარება, წარმოება და გავრცელება და ამ ტექნოლოგიებითა და სისტემებით მინიმალური დანახარჯებით სარგებლობა.

მუხლი 10

სიცოცხლის უფლება

მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება და იღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ამ უფლების ეფექტური და სხვებთან თანასწორი რეალიზება.

მუხლი 11

სარისკო და საგანგებო ჰუმანიტარული სიტუაციები

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ  ყველა საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა და უსაფრთხოება სარისკო სიტუაციებში, შეიარაღებული კონფლიქტების, საგანგებო ჰუმანიტარული და სტიქიური უბედურებით გამოწვეული სიტუაციების ჩათვლით. 

 

მუხლი 12

კანონის წინაშე თანასწორობა

1. მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.    

2. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად,  ცხოვრების ყველა სფეროში.

3. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის.

4. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ყველა ზომა ითვალისწინებდეს შესაბამის და ეფექტურ  გარანტიებს მათი ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები ორიენტირებული იყოს პიროვნების უფლებებზე, სურვილსა და უპირატესობებზე, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისა და არასასურველი გავლენისაგან, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს ამ პიროვნების მდგომარეობას, გამოიყენებოდეს რაც შეიძლება მინიმალური დროით და რეგულარულად მოწმდებოდეს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს მოცემული პირის უფლებებისა და ინტერესების ხელმყოფი ზომების პროპორციული.               

5. წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.        

 

მუხლი 13

მართლმსაჯულების მისაწვდომობა

1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების ეფექტურ მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, იმ პროცესუალური და ასაკთან შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რომელიც ხელს უწყობს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტურად განხორციელებას, მათ შორის, მოწმის სახით, იურიდიული პროცედურების ყველა საფეხურზე, გამოძიებისა და საქმეთა წარმოების სხვა საწყისი საფეხურების ჩათვლით.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური მისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ სამართლის ადმინისტრირების სფეროში მომუშავე, მათ შორის პოლიციისა და ციხის პერსონალის შესაბამის განათლებას.

მუხლი 14

პიროვნების თავისუფლება და უსაფრთხოება

1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სხვებთან თანასწორობის საფუძველზე:

a. ისარგებლონ პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებით;

b. არ აღეკვეთოთ თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად; თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა უნდა მოხდეს კანონის დაცვით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობა არანაირ შემთხვევაში არ უნდა გახდეს თავისუფლების აღკვეთის მიზეზი.      

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, მონაწილე სახელმწიფოები მათ უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული თანაბარი გარანტიებით და მათდამი მოპყრობაში გამოიყენებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, გონივრული მისადაგების უზრუნველყოფის ჩათვლით.    

      

მუხლი 15

წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან თავისუფლება

1. არავინ არ უნდა გახდეს წამების, სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის მსხვერპლი. კერძოდ, არავიზე არ უნდა ჩატარდეს სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტი მისი ნებაყოფილობითი თანხმობის გარეშე.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა ეფექტური საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, იურიდიული და სხვა ზომები, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე.  

მუხლი 16

ექსპლუატაციისძალადობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფლება

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა ზომებს, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურახცყოფისაგან, მათ შორის, სქესობრივი დისკრიმინაციის ჩათვლით, როგორც შინ, ასევე გარეთ.  

2. მონაწილე სახელმწიფოები ასევე იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ყველა ფორმის პრევენცია. კერძოდ, უზრუნველყოფილი უნდა იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრებისა და მომვლელების დახმარება და მხარდაჭერა ასაკისა და სქესის გათვალისწინებით, მათ შორის ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და გახმაურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და განათლების ჩათვლით. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ დაცვის სამსახურების მიერ ასაკის, სქესის და შეზღუდული შესაძლებლობის გათვალისწინებას.

3. ნებისმიერი სახის ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისათვის შექმნილი ყველა პროგრამისა და მოწყობილობის ეფექტურ მონიტორინგს დამოუკიდებელი უწყებების მიერ.

4. მონაწილე სახელმწიფოები ასევე იღებენ ყველა შესაბამის ზომას, მათ შორის დაცვის სამსახურების ჩათვლით, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირთა ფიზიკურ, შემეცნებით, ფსიქოლოგიურ გამოჯანმრთელებას, რეაბილიტაციასა და სოციალურ რეინტეგრაციას, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო გახდნენ ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნი. ასეთი სახის რეაბილიტაცია და გამოჯანმრთელება უნდა ხდებოდეს გარემოში, რომელიც ხელს უწყობს პიროვნებაში ჯანმრთელობის, კეთილდღეობის, თვითპატივისცემის, ღირსებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას ასაკობრივ-სქესობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით.

5.  მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ეფექტურ, მათ შორის ქალებსა და ბავშვებზე ორიენტირებულ კანონმდებლობასა და სტრატეგიებს, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევათა გამოვლენა, გამოძიება და საჭიროების შემთხვევაში კანონით დასჯა.

მუხლი 17

პიროვნების ხელშეუხებლობის დაცვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს საკუთარი ფიზიკური და მენტალური ხელშეუხებლობის პატივისცემის თანაბარი უფლება.

მუხლი 18

გადაადგილების თავისუფლება და მოქალაქეობა

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავისუფალი გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილისა და მოქალაქეობის არჩევის თანაბარ უფლებას, მათ შორის უზრუნველყოფენ:

a. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას მიიღონ ან შეიცვალონ მოქალაქეობა; იცავენ მათ მოქალაქეობის თვითნებური ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო ჩამორთმევისაგან;

b. შეზღუდული შესაძლებლობის გამო, მოქალაქეობის ან პიროვნების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის მიღების, ფლობის, სარგებლობის, თავისუფალი გადაადგილების უფლების რეალიზებისათვის საჭირო საემიგრაციო პროცედურებით სარგებლობის უფლების ჩამორთმევისაგან დაცვას;

c. ნებისმიერი, მათ შორის საკუთარი ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლებით;

d. საკუთარ ქვეყანაში შესვლის უფლების თვითნებური, ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო ჩამორთმევისაგან დაცვას;

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დაბადებისთანავე უნდა იქნენ გატარებული რეგისტრაციაში; დაბადების მომენტიდანვე მათ ენიჭებათ უფლება სახელსა და მოქალაქეობაზე, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში აქვთ უფლება ფლობდნენ ინფორმაციას მშობლების შესახებ და სარგებლობდნენ მათი მზრუნველობით.

მუხლი 19

დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოებაში ცხოვრებაში ჩართვა

წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარ უფლებას, სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში და იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრულ რეალიზებასა და მათ სრულყოფილ ჩართვას ადგილობრივ საზოგადოებაში, მათ შორის უზრუნველყოფენ:

a.       შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ უფლებას თავად შეარჩიონ საცხოვრებელი ადგილი, სად და ვისთან სურთ მათ ცხოვრება და არ იყვნენ ვალდებულნი, დასახლდნენ საცხოვრებლად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

b.      შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ბინაზე, ინსტიტუციური და სხვა სახის საზოგადოებრივი დამხმარე მომსახურების მისაწვდომობას, ინდივიდუალური დახმარების ჩათვლით, რაც აუცილებელია მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისავის, საზოგადოებისაგან იზოლაციისა და სეგრეგაციის პრევენციისათვის.

c.       საზოგადოებრივი სარგებლობის მომსახურებებისა და ობიექტების თანაბარ მისაწვდომობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით.

მუხლი 20

ინდივიდუალური მობილურობა

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ეფექტურ ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობისა და მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის:

a. ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ მობილურობას, მათ მიერ არჩეული გადაადგილების საშუალებითა და დროში, მათთვის მისაწვდომ ფასებში;

b. ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გადაადგილების საშუალებების, მოწყობილობებისა და დამხმარე ტექნოლოგიების, ასევე დამხმარეთა და შუამავალთა ზომიერ ფასში მისაწვდომობას;

c. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მათთან მომუშავე სპეციალისტებისათვის მობილურობის უნარ-ჩვევების სწავლებას;

d. გადაადგილების დამხმარე საშუალებების, მოწყობილობისა და დამხმარე ტექნოლოგიების მწარმოებელი ორგანიზაციების მხარდაჭერას, მათ მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილურობის ყველა ასპექტის გათვალისწინებისათვის.

მუხლი 21

აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის მისაწვდომობა

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი აზრისა და რწმენის გამოხატვის უფლების უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღებისა და გამოყენების თანაბარ უფლებას მათ მიერ არჩეული ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, ისე როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის მუხლი 2-ით, რაც მოიცავს:

a. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ფართო საზოგადოებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფას სხვადასხვა სახის შეზღუდვის შესაბამისი ფორმატითა და ტექნოლოგიების გამოყენებით, დაყოვნებისა და დამატებითი დანახარჯების გარეშე;

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ, ოფიციალურ ურთიერთობებში, ჟესტების ენის, ბრაილის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციისა და სხვა მისაწვდომი საშუალებების, მოდელებისა და მათ მიერ შერჩეული საკომუნიკაციო ფორმატების მიღებასა და გამოყენების წახალისებას;

c. ფართო საზოგადოების მომსახურების, მათ შორის ინტერნეტ-მომწოდებელი კერძო ორგანიზაციების აქტიურად მხარდაჭერას მათ მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმაციის მისაწვდომი და გამოყენებადი ფორმატით უზრუნველყოფისათვის;

d. მასმედიის, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მომწოდებელთა წახალისებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების მისაწვდომი ფორმების გამოყენებისათვის.

e. ჟესტების ენის გამოყენების აღიარებასა და წახალისებას.

მუხლი 22

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არც  ერთ პირი, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა და პირობებისა, არ უნდა განიცდიდეს თვითნებურ ან უკანონო ჩარევას მის პირად ცხოვრებაში, ოჯახში, საცხოვრებელში, კორესპონდენციასა და სხვა სახის კომუნიკაციაში; დაუშვებელია მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა. ასეთი სახის ჩარევისა და თავდასხმის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ იყონ დაცული კანონით.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა სხვათა თანაბრად უნდა დაიცვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი, სამედიცინო და სარეაბილიტაციო ხასიათის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

მუხლი 23

საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემა

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ქორწინებასთან, ოჯახთან, მშობლის ფუნქციებთან და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:

a. ქორწინების ასაკში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირთა უფლება ქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე, მეუღლეთა თავისუფალი არჩევანისა და გაცნობიერებული თანხმობის საფუძველზე;   

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება, მიიღონ თავისუფალი და საპასუხისმგებლო  გადაწყვეტილება შვილების რაოდენობასა და მათ დაბადებას შორის ინტერვალზე, ასევე მათი ასაკისათვის შესაფერისი ინფორმაცია და განათლება რეპროდუქციულ, ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე. მონაწილე სახელმწიფოები შესაბამის დამხარებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ამ უფლებათა რეალიზებაში;

c. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის ბავშვების მიერ ფერტილობის შენარჩუნების უფლება, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე.

2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება-მოვალეობებს მეურვეობის, მზრუნველობის, შვილად აყვანისა და სხვა მსგავს ინსტიტუტებთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ცნებები გათვალისწინებულია ადგილობრივი კანონმდებლობით. ნებისმიერ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს. მონაწილე სახელმწიფოები შესაბამის დახმარებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბავშვების აღზრდასა და მშობლის როლის შესრულებაში.

3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახში ცხოვრების უფლებას სხვებთან  თანასწორობის საფუძველზე. ამ უფლების რეალიზების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დამალვის, მიტოვების, უარყოფის ან სეგრეგაციის თავიდან აცილებისათვის, მონაწილე სახელმწიფოები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს წინასწარ უზრუნველყოფენ ამომწურავი ინფორმაციით, მომსახურებითა და დახმარებით.

4. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არ იქნენ დაშორებული მშობლებისაგან მათი სურვილის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სასამართლოს დაქვემდებარებული კომპეტენტური ორგანოები, შესაბამისი კანონებისა და პროცედურების საფუძველზე, მიიღებენ გადაწყვეტილებას ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე.  ბავშვები არანაირი პირობით არ შეიძლება დაშორებულ იქნენ მშობლებისაგან თავად მათი, ერთ-ერთი ან ორივე მშობლის შეზღუდული შესაძლებლობის გამო.

  5. იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე მზრუნველობას, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ალტერნატიული ზრუნვის ორგანიზებისათვის, შედარებით შორეული სანათესაოს ჩართვით, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში კი, ოჯახურ გარემოსთან მიახლოვებული გარემოს შექმნით.    

 

მუხლი 24

განათლება

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას განათლებაზე. ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში რეალიზებისათვის, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას, რაც ემსახურება:

a. პიროვნების პოტენციალის სრულ გამოვლენას, ღირსებისა და საკუთარი თავის პატივისცემის გაღვივებას, ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანთა მრავალფეროვნების პატივისცემის განმტკიცებას;

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი პიროვნების, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას;   

c. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უზრუნველყოფა თავისუფალ საზოგადოებაში ეფექტური ჩართვის შესაძლებლობით.

2. აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის, მონაწილე ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ:

a. არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარიყვა ზოგადი განათლების სისტემიდან შეზღუდული შესაძლებლობის გამო; ამავე მიზეზით არ მოხდეს მათი გათიშვა დაწყებითი ან საშუალო სავალდებულო უფასო განათლების სისტემიდან;

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბრად მისაწვდომი იყოს ინკლუზიური, ხარისხიანი და უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

c. უზრუნველყოფილი იქნა გონივრული ჩართულობა ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით;

d. ეფექტური განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებდნენ საჭირო დახმარებას ზოგადი განათლების სისტემის ფარგლებში;

e. სრული ინკლუზიის მიზნით, აკადემიური და სოციალური განვითარების მაქსიმალურად ხელშემწყობ გარემოში, უზრუნველყოფილი იქნას ეფექტური ინდივიდუალური დამხმარე ზომები.

3. განათლებისა პროცესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და თანაბარი მონაწილეობის გაადვილების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  უზრუნველყოფენ ცხოვრებისა და სოციალიზაციის უნარ-ჩვევების დაუფლების შესაძლებლობით, მათ შორის:

a.  ხელს უწყობენ ბრაილის, ალტერნატიული შრიფტების, გამაძლიერებელი და ალტერნატიული მეთოდების, ურთიერთობის ხერხებისა და ფორმატების, ასევე ორიენტაციისა და მობილურობის უნარ-ჩვევების ათვისებას, თანატოლთა მხრიდან მხარდაჭერასა და დამრიგებლობას;

b. ხელს უწყობენ ჟესტების ენისა შესწავლასა და სმენის შეზღუდვის მქონე  პირთა ლინგვისტურ თვითმყოფადობას;

c. უზრუნველყოფენ, რომ უსინათლო, ყრუ და უსინათლო-ყრუ ადამიანების, მათ შორის ბავშვების განათლება ხორციელდებოდეს ინდივიდისათვის შესაფერისი იმ საკომუნიკაციო ენების, მეთოდებისა და ხერხების საშუალებით, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს ცოდნის ათვისებასა და სოციალურ განვითარებას.

4. აღნიშნული უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს სწავლების პროცესში ჟესტების ენის და/ან ბრაილის ანბანის მცოდნე,  მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პედაგოგების ჩასართავად, რომლებიც ასევე მოამზადებენ განათლების ყველა საფეხურზე მომუშავე პედაგოგებსა და პერსონალს. ასეთი მომზადება მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებას კომუნიკაციის გამაძლიერებელი, ალტერნატიული მეთოდების, საშუალებებისა და ფორმატების, სასწავლო ტექნიკისა და მასალების გამოყენებით.

5. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ზოგადი უმაღლესი, პროფესიული, უფროსებისათვის განკუთვნილი კურსებისა და უწყვეტი განათლების თანაბარ მისაწვდომობას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. აღნიშნული მიზნით, მონაწილე ქვეყნები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გონივრულ ჩართულობას.

მუხლი 25

ჯანმრთელობა

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, ისარგებლონ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი ხელმისაწვდომი სტანდარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების მისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის; ითვალისწინებენ გენდერულ სპეციფიკას, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სარეაბილიტაციო მომსახურებაში. კერძოდ, მონაწილე სახელმწიფოები:

a. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფენ უფასო ან ხელმისაწვდომი სტანდარტების, ხარისხისა და დონის ჯანმრთელობის დაცვის მომსხურებითა და პროგრამებით სხვათა თანაბრად, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროსა და  ზოგადად მოსახლეობაზე გათვლილი საზოგადოებრივი პროგრამების ჩათვლით;

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფენ უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის გამო აუცილებელი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებით, მათ შორის ადრეული დიაგნოსტიკით, შესაბამის შემთხვევებში – კორექციითა და მომსახურებით, რომლის მიზანია შემდგომი შეზღუდულობის მინიუმამდე დაყვანა და პრევენცია, მათ შორის, ბავშვებსა და მოხუცებში;

c. სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას ახდენენ აღნიშნული კატეგორიის პირთა საცხოვრებელ თემთან ახლოს, მათ შორის სოფლად;

d. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოსთხოვონ თანაბარი ხარისხის მომსახურება გაუწიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ შორის, თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, ადამიანის უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  ავტონომიისა და საჭიროებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებით, ტრენინგების, სახელმწიფო და კერძო ჯანდაცვის სისტემაში ეთიკური სტანდარტების მიღებით;     

e. კრძალავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციას სამედიცინო დაზღვევის გაცემისა და სიცოცხლის დაზღვევის დროს მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი ნებადართულია ეროვნული კანონმდებლობით და ითვალისწინებენ მათ გაცემას სამართლიან და გონივრულ პირობებში;  

f. არ დაუშვებენ შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეულ დისკრიმინაციულ უარს ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურებაში, ასევე საკვებისა და სითხის მიღებაში:

მუხლი 26

აბილიტაცია და რეაბილიტაცია

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, მათ შორის, კოლეგიალური მხარდაჭერის გამოყენებითაც, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის, სრული ფიზიკური, მენტალური, სოციალური და პროფესიული შესაძლებლობების მიღწევისა და გამოყენების შესაძლებლობა. აღნიშნული მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები ორგანიზებას უკეთებენ, აძლერებენ და განავრცობენ ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო სამსახურებსა და პროგრამებს, კერძოდ ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურების სფეროში იმგვარად, რომ აღნიშნული სამსახურები და პროგრამები:

a. განხორციელებულ იქნეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე და ეფუძნებოდეს ინდივიდის საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების მულტიდისციპლინურ შეფასებას;

b. ხელს უწყობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობას და ინტეგრირებას, არის ნებაყოფლობითი და მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრებელი თემის მაქსიმალურ სიახლოვეში, მათ შორის სოფლად;

2. მონაწილე სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურებაში დასაქმებული სპეციალისტებისა და პერსონალის პირველად და შემდგომ განათლებას;      

3. მონაწილე სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი, სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მიზნით შექმნილი დამხმარე საშუალებებისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობას, შესწავლასა და გამოყენებას.   

 

მუხლი 27

შრომა და დასაქმება

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას შრომაზე, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე; აღნიშნული მოიცავს საკუთარი შრომით ცხოვრების უზრუნველყოფის შესაძლებლობის მოპოვების უფლებას, მაშინ როდესაც შრომითი ბაზარი და სამუშაო გარემო არის ღია, ინკლუზიური და მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მონაწილე სახელმწიფოები, შესაბამისი საფეხურების გავლით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, იცავენ და ხელს უწყობენ შრომის უფლების რეალიზებას, მათ შორის მათთვის, ვინც შეზღუდვა მიიღო შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მათ შორის, რათა:      

a. აიკრძალოს შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ნებისმიერი დისკრიმინაცია დასაქმების ყველა ფორმასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის: სამუშაოზე აყვანის პირობები, დაქირავება და დასაქმება, სამუშაო ადგილის შენარჩუნება, სამსახურებრივი წინსვლა, სამუშაო ადგილის უსაფრთხოება და  ჯანსაღი გარემო;

b. დაცულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლება შრომის სამართლიან და ხელსაყრელ პირობებზე, რაც მოიცავს თანაბარ შესაძლებლობებსა და ანაზღაურებას  ერთი და იმავე შრომის შესრულებისათვის, უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, მათ შორის დაცვას ძალადობისაგან და პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე.

c. უზრუნველოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი Uუფლება  საკუთარი შრომის და პროფკავშირული უფლებების გამოყენებაზე;

d. უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ტექნიკური და პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, დასაქმების სამსახურების, პროფესიული და უწყვეტი განათლების მისაწვდომობა;

e. ხელი შეეწყოს შრომით ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და სამსახურებრივი წინსვლის შესაძლებლობებს, ისევე როგორც სამუშაო ადგილის მოძიების, შენარჩუნებისა და მუშაობის განახლებაში ხელშეწყობას;

f. მხარდაჭერილ იქნეს თვითდასაქმების, მეწარმეობის, კოოპერატივების განვითარებისა და საკუთარი ბიზნესის ორგანიზების შესაძლებლობები;

g. მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება საჯარო სექტორში;

h. ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კერძო სექტორში დასაქმებას შესაბამისი პოლიტიკისა და ზომების გატარებით, რაც შესაძლოა მოიცავდეს პოზიტიურ სამოქმედო პროგრამებს, სტიმულირებას და სხვა ზომებს;

i. უზრუნველყოფილ იქნეს სამუშაო ადგილის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების შესაბამისად მოწყობა;

j. ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ შრომითი გამოცდილების ღია შრომითი ბაზარზე მიღებას;

k. ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული და საკვალიფიკაციო რეაბილიტაციის, სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და სამუშაოზე დაბრუნების პროგრამების განხორციელებას.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონობისა და დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნის, იძულებითი და სავალდებულო შრომისაგან დაცვა სხვათა თანაბრად.

მუხლი 28

ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი და სოციალური დაცვა

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებულ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესაბზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

2. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის:

a. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სუფთა წყლის მიღების, შესაბამისი და ხელმისაწვდომი მომსახურების, საშუალებებისა და ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სხვა დახმარების  მისაწვდომობას;

b. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ ქალების, გოგონებისა და ხანდაზმულებისათვის სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამების მისაწვდომობას;

c. უზრუნველყოფენ სიღარიბის პირობებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ფინანსური დანახარჯების დაფარვისათვის, მათ შორის: ადეკვატური განათლება, კონსულტირება, ფინანსური დახმარება და დროებითი მზრუნველობა.

d. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებელის პროგრამების მისაწვდომობას;

e. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარი მისაწვდომობას.             

 მუხლი 29

პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ უფლებებს, ამ უფლებებით სარგებლობის თანაბარ შესაძლებლობებს და ვალდებულებას იღებენ:

a. უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი, ეფექტური და სრულყოფილი მონაწილეობა, უშუალოდ ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების საშუალებით, რაც გულისხმობს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ხმა მისცენ და კენჭი იყარონ (არჩეული იქნენ). ამისათვის სხვა ზომებთან ერთად:      

i. უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცედურების, საშუალებებისა და მასალების მისაწვდომ, მარტივად გასაგებ და გამოსაყენებელ ფორმატს; 

ii. იცავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ არჩევნებისა და სახალხო რეფერენდუმების ფარულ კენჭისყრაში დაფარული, დაშინებისაგან თავისუფალი გზით მონაწილეობის, ასევე არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების, სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე თანამდებობის დაკავებისა და საჯარო ფუნქციების შესრულების უფლებას, საჭიროების შემთხვევაში დამხმარე და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობით;   

iii. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, როგორც ამომრჩეველთა, თავისუფალი ნების გამოხატვას და ამასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში მათი თხოვნის საფუძველზე, მათ მიერ არჩეული პირის დახმარებას კენჭისყრის პროცედურაში..

b.  აქტიურად უჭერენ მხარს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება     შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო საქმეთა მართვაში სრული, ეფექტური, თაბანარი და ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან თავისუფალი მონაწილეობა; ხელს უწყობენ მათ სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობას, მათ შორის:

i. მონაწილეობას ქვეყნის სახელმწიფო და პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, პოლიტიკური პარტიების საქმიანობასა და ხელმძღვანელობაში.

ii. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და მათში გაწევრიანებას, რათა წარმოადგინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე.    

მუხლი 30

მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და რეკრეაციულ ღონისძიებებში

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უფლებას  და იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა მათთვის უზრუნველყოფილ იქნეს:

a. კულტურის საკითხებთან დაკავშირებული მასალების მისაწვდომი ფორმატი;

b. სატელევიზიო პროგრამების, ფილმების, თეატრისა და სხვა კულტურულ აქტივობათა მისაწვდომი ფორმატები;

c. კულტურის დაწესებულებებისა და მომსახურების, როგორიცაა თეატრები, მუზეუმები, კინოთეატრები, ბიბლიოთეკები, ტურისტული სამსახურები და შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული კულტურის ძეგლებისა და მონუმენტების მისაწვდომობა.

2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალისა განვითარებისა და გამოყენებისათვის, არა მხოლოდ პირადი, არამედ მთლიანად საზოგადოების გამდიდრების მიზნით.

3. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს, საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში, რათა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კანონმდებლობამ არ შუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაუმართლებელი და დაუძლეველი ბარიერები კულტურის საკითხებთან დაკავშირებული მასალის მისაწვდომობაზე.

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ენიჭებათ მათი განსაკუთრებული კულტურული და ენობრივი თვითმყოფადობის,  მათ შორის ჟესტების ენისა და ყრუთა კულტურის აღიარებისა და მხარდაჭერის თანაბარი უფლება.

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დასვენების, თავისუფალი დროის გატარებისა და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის თანაბარი უფლების უზრუნველსაყოფად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, მათ შორის:

a. ზოგადი პროფილის სპორტულ ღონისძიებებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალური მონაწილეობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ შეზღუდული შესაძლებლობის გათვალისწინებით სპეციფიკური სპორტული და რეკრიაციული ღონისძიებების ორგანიზების, განვითარების, მონაწილეობის უზრუნველყოფა; ამასთან მიმართებაში, მათთვის შესაბამისი ინსტრუქტაჟის, სწავლებისა და რესურსების თანაბარი უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

c. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სპორტული ღონისძიებების, რეკრიაციული და ტურისტული ობიექტების მისაწვდომობის უზრუნველყოფა:

d. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, სხვა ბავშვებთან თანაბრად თამაშებში, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის, დასვენებისა და თავისუფალი დროის გატარების, მათ შორის სასკოლო სისტემაში ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;

e. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რეკრიაციული, ტურისტული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართული პირების მომსახურების მისაწვდომობა.

მუხლი 31

სტატისტიკა და მონაცემთა შეგროვება

1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის სტატისტიკური და კვლევითი მონაცემები, რაც უზრუნველყოფს წინამდებარე კონვენციის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას. აღნიშნული ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების პროცესში:     

a. დაცული უნდა იქნას იურიდიულად დადგენილი გარანტიები, მათ შორის კანონმდებლობა მონაცემთა დაცვის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა და ხელშეუხებლობა;

b. დაცული იქნას ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები, ასევე მონაცემთა შეგროვებისა და სტატისტიკის გამოყენების  ეთიკური პრინციპები.      

2. წინამდებარე მუხლის გათვალისწინებით მოპოვებული ინფორმაციის გავრცელება ხდება შესაბამისი წესის მიხედვით და გამოიყენება მონაწილე ქვეყნების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალსწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისათვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი უფლებების რეალიზების პროცესში არსებული ბარიერების გამოვლენასა და გადაჭრაში.   

3. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას გაავრცელონ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები და უზრუნველყონ მათი მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და ასევე სხვა პირთათვის.

მუხლი 32

საერთაშორისო თანამშრომლობა

1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისა და ამოცანების რეალიზებისათვის ეროვნულ დონეზე განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ საერთაშორისო თანამშრომლობისა და მისი სტიმულირების  მნიშვნელობას. აღნიშნულთან მიმართებაში იღებენ შესაბამის და ეფექტურ ზომებს ქვეყნებს შორის, საჭიროების შემთხვევაში კი საერთაშორისო და რეგიონალური სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან პარტნიორობით. ასეთი ზომები უნდა:      

a. უზრუნველყოფდეს საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის განვითარების საერთაშორისო პროგრამების ინკლუზიურ ხასიათს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობას;    

b. ხელს უწყობდეს და დახმარებას უწევდეს არსებული შესაძლებლობების განვითარებას ინფორმაციის, გამოცდილების, ტრენინგ პროგრამებისა და მოწინავე პრაქტიკის გაცვლითა და გაზიარებით;

c. ხელს უწყობდეს თანამშრომლობას კვლევებში და სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის მისაწვდომობას;

d. უზრუნველყოფდეს ტექნიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, რაც მოიცავს დამხმარე ტექნოლოგიების შეძენას, საზოგადო სარგებლობაში დანერგვასა და ტექნოლოგიების გადაცემას.

2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დებულებები არ ზღუდავს მონაწილე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

მუხლი 33  

განხორციელება და მონიტორინგი ეროვნულ დონეზე

1. მონაწილე სახელმწიფოები, მათი მმართველობის სისტემის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციის შიგნით ასახელებენ ერთი ან რამოდენიმე საკონტაქტო უწყებას, რომელიც კურირებას გაუწევს წინამდებარე კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; სათანადო დონეზე შეისწავლიან ხელისუფლებაში სხვადასხვა სექტორებსა და დონეზე შესაბამისი აქტივობის ხელისშემწყობი მაკოორდინირებელი მექანიზმის შექმნისა და დასახელების შესაძლებლობას.

2. მონაწილე სახელმწიფოები, მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ინარჩუნებენ, აძლიერებენ, ასახელებენ ან აყალიბებენ წინამდებარე კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგისათვის აუციელებელ სტრუქტურას, რომელიც საჭიროების მიხედვით მოიცავს ერთ, ან რამოდენიმე დამოუკიდებელ მექანიზმს. ასეთი სახის მექანიზმის დასახელებისა ან შექმნის შემთხვევაში, მონაწილე ქვეყნები მხედველობაში იღებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის ეროვნული ინსტიტუტების სტატუსსა და ფუნქციონირების პრინციპებს.      

3. სამოქალაქო საზოგადოება, კერძოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები, სრულად უნდა ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ მონიტორინგის პროცესში. 

მუხლი 34

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი

1. ქვემოთ გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად უნდა შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი, (შემდგომში წოდებული “კომიტეტი”).

2. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის კომიტეტი შედგება თორმეტი ექსპერტისაგან. კონვენციის დამატებითი სამოცი რატიფიკაციის, ან შეერთების შემდგომ, კომიტეტის შემადგენლობა იზრდება ექვსი წევრით და აღწევს მაქსიმალურ რაოდენობას თვრამეტი წევრის ოდენობით.

3. კომიტეტის წევრები მოქმედებენ ინდივიდუალური უფლებამოსილების ფარგლებში და უნდა ხასიათდებოდნენ მაღალი მორალური თვისებებით, აღიარებული კომპეტენტურობითა და გამოცდილებით წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში. საკუთარი კანდიდატების დასახელების დროს მონაწილე სახელმწიფოებმა სათანადოდ უნდა გაითვალისწინონ წინამდებარე კონვენციის 4.3 მუხლში დადგენილი მოთხოვნები.

4. კომიტეტის წევრები აირჩევიან მონაწილე სახელმწიფოების მიერ, თანაბარი გეოგრაფიული განაწილების, ცივილიზაციის სხვადასხვა ფორმებისა და ძირითადი სამართლებრივი სისტემების, ბალანსირებული გენდერული პოლიტიკისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ექსპერტების მონაწილეობის გათვალისწინებით.     

5. კომიტეტის წევრები აირჩევიან ფარული კენჭისყრით, მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაზე, მათ მიერ წარმოდგენილი საკუთარი მოქალაქეების სიიდან. კონფერენციის მსვლელობისას, რომლის ქვორუმს მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედი შედგენს,  კომიტეტში აირჩევიან პირები, რომელთაც ხმათა უმრავლესობა და მონაწილე სახელმწიფოებიდან დამსწრეთა და კენჭისყრაში მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის ხმები მიიღეს.     

6. პირველადი არჩევნები ტარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან  არა უგვიანეს ექვსი თვისა. ყოველ არჩევნებამდე სულ მცირე ოთხი თვით ადრე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წერილობით მიმართავს მონაწილე სახელმწიფოებს, ორი თვის ვადაში კანდიდატურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. შემდგომ გენერალური მდივანი მოამზადებს ყველა დასახელებული კანდიდატის ანბანის მიხედვით შედგენილ სიას, იმ მონაწილე სახელმწიფოს მითითებით, რომელმაც დაასახელა კანდიდატი და მიაწოდებს მას მონაწილე სახელმწიფოებს.

7. კომიტეტის წევრები აირჩევიან ოთხი წლის ვადით. მათი მეორე ვადით არჩევა დაშვებულია მხოლოდ ერთხელ. თუმცა პირველად არჩეული ექვსი წევრის საარჩევნო ვადა იწურება ორ წელიწადში; პირველი არჩევნებიდან უმოკლეს ვადაში აღნიშნული ექვსი წევრის ვინაობა შეირჩევა კენჭისყრით, შეხვედრის თავმჯდომარის მიერ, ისე როგორც ეს მითითებულია წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტში.

8. კომიტეტის ექვსი დამატებითი წევრის არჩევა ხდება რეგულარული არჩევნების დროს, წინამდებარე მუხლში მოცემული შესაბამისი დებულებების შესაბამისად.

9. კომიტეტის წევრი გარდაცვლების, გადადგომის ან ნებისმიერი სხვა მიზეზით მასზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მონაწილე სახელმწიფო, რომელმაც იგი დაასახელა, შეცვლის მას სხვა, იმავე კვალიფიკაციის მქონე ექსპერტით, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ დებულებებს.

10. კომიტეტი თავად განსაზღვრავს საკუთარი საქმიანობის წესებს.

11. კომიტეტის მიერ ფუნქციების ეფექტური და წინამდებარე კონვენციის შესაბამისად განხორციელებისათვის,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უზრუნველყოფს მას საჭირო პერსონალით, საშუალებებით და ნიშნავს პირველ შეხვედრას.

12. წინამდებარე კონვენციის ფარგლებში შექმნილი კომიტეტის წევრები, გენერალური ასამბლეის თანხმობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რესურსებიდან იღებენ გასამრჯელოს ასამბლეის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით, კომიტეტის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე.   

13. კომიტეტის წევრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ მივლინებებში სარგებლობენ ექსპერტთა იმ შეღავათებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, რომელიც მათ ენიჭებათ გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციის შესაბამისი დებულებებით.                                      

მუხლი 35

მონაწილე ქვეყნების ანგარიშები

1. მონაწილე სახელმწიფოები, ქვეყენაში წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში,   გაეროს გენერალური მდივნის მეშვეობით, კომიტეტს წარუდგენენ  ყოვლისმომცველ ანგარიშს მათ მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებისათვის მიღებული ზომებისა და ამ კუთხით მიღწეული წარმატებების შესახებ.

2. შემდგომ ანგარიშებს მონაწილე სახელმწიფოები წარადგენენ სულ მცირე ოთხ წელწადში ერთხელ მაინც, ხოლო კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს.

3. კომიტეტი განსაზღვრავს ანგარიშების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპებს.

4. მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც კომიტეტს წარუდგინა ყოვლისმომცველი პირველადი ანგარიში, შეუძლია აღარ გაიმეოროს ადრე მიწოდებული ინფორმაცია შემდგომ ანგარიშებში. კომიტეტისათვის ანგარიშების მომზადებისას, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კომიტეტისათვის წარსადგენი ანგარიშების მზადების პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე პროცესი და სათანადოდ ითვალისწინებდეს წინამდებარე კონვენციის 4.3 მუხლში ფორმულირებულ დებულებებს.

5. ანგარიშებში შესაძლოა მითითებული იყოს ის ფაქტორები და სირთულეები, რომლებიც გავლენას ახდენენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე.         

მუხლი 36

ანგარიშთა განხილვა

1.  ყოველი ანგარიში განიხილება კომიტეტის მიერ, რომელიც შეიმუშავებს ანგარიშთან  დაკავშირებულ მოსაზრებებს, საჭირო რეკომენდაციებს და გადასცემს მათ შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს. საპასუხოდ, ამ უკანასკნელს შეუძლია კომიტეტს პასუხად მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. კომიტეტს შეუძლია მონაწილე სახელმწიფოს მოთხოვოს დამატებითი ინფორმაცია წინამდებარე კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე სახელმწიფო მნიშვნელოვნად აგვიანებს ანგარიშის მიწოდებას, კომიტეტმა, მისთვის სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება აცნობოს შესაბამის სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციის განხორციელების ადგილზე შემოწმების საჭიროების შესახებ, თუკი შესაბამისი მოხსენება გაფრთხილებიდან სამი თვის ვადაში არ იქნება წარდგენილი. კომიტეტს უფლება აქვს შესაბამისი მონაწილე სახელმწფო ჩართოს შემოწმების პროცესში. მონაწილე სახელმწიფოს მიერ გაფრთხილების საპასუხოდ ანგარიშის წარდგენის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილი.   

3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უზრუველყოფს ანგარიშების მისაწვდომობას ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის.

 4. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ანგარიშების საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისათვის მისაწვდომობას და ხელს უწყობენ აღნიშნულ ანგარიშებთან დაკავშირებით საპასუხო წინადადებებისა და ზოგადი რეკომენდაციების მისაწვდომობას.

5. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი მონაწილე სახელმწიფოების ანგარიშებს გადასცემს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზირებულ სააგენტოებს, ფონდებსა და პროგრამებს, ან სხვა კომპეტენურ ორგანოებს, რათა მათი ყურადღება მიაპყრონ ანგარიშებში გამოთქმულ თხოვნას რეკომენდაციისა და ტექნიკური დახმარების შესახებ.             

მუხლი 37

თანამშრომლობა მონაწილე სახელმწიფოებსა და კომიტეტს შორის

1. ყველა მონაწილე სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს კომიტეტთან და დაეხმაროს მის წევრებს მათი მანდატის განხორციელებაში.

2. მონაწილე სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, კომიტეტი სათანადოდ ითვალისწინებს წინამდებარე კონვენციის განხორციელებისათვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების გზებსა და მეთოდებს, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობის საშუალებით.

მუხლი 38

კომიტეტის ურთიერთობა სხვა ორგანიზაციებთან

წინამდებარე კონვენციის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობისა და მასში გათვალისწინებულ სფეროებში, საერთაშორისო თანამშრომლობის  წახალისების მიზნით:

(ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზირებული სააგენტოები და სხვა ორგანოები უფლებამოსილი არიან ჩაერთონ მათი მანდატით გათვალისწინებული, წინამდებარე კონვენციის  დებულებების განხილვასა და განხორციელებაში. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი სთავაზობს სპეციალიზირებულ დაწესებულებებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მოამზადონ კონვენციის განხორციელებისათვის საჭირო საექსპერტო დასკვნა მათი მანდატით გათვალისწინებულ სფეროებში. კომიტეტმა, შესაძლოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზირებულ დაწესებულებებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შესთავაზოს, კონვენციის განხორციელების შესახებ ანგარიშის მომზადება მათი საქმიანობის სფეროში.

(ბ) მანდატის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი იღებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების გათვალისწინებით დაარსებული დაწესებულებების კონსულტაციებს,  რათა მომზადებული ანგარიშების, რჩევებისა და ზოგადი რეკომენდაციების კოორდინირებით თავიდან იქნას აცილებული ფუნქციების შესრულების დუბლირება და ურთიერთგადაფარვა.  

მუხლი 39

კომიტეტის ანგარიში

კომიტეტი ორ წელიწადში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს გენერალურ ასამბლეას,  ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს მის მიერ შესრულებული აქტივობების შესახებ და შესაძლოა შეიტანოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიწოდებული ანგარიშებისა და ინფორმაციის განხილვაზე დაფუძნებული  წინადადებები და ზოგადი რეკომენდაციები. ასეთი სახის წინადადებები და ზოგადი რეკომენდიციები ჩართული უნდა იქნას კომიტეტის ანგარიშში მონაწილე სახელმწიფოების კომენტარებთან ერთად, თუკი ასეთი არსებობს.   

 

მუხლი 40

მონაწილე სახელმწიფოების კონფერენცია

1. მონაწილე სახელმწიფოები რეგულარულად იკრიბებიან მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაზე, წინამდებარე კონვენციის განხორციელების საკითხების განსახილველად.   

2. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის   გენერალური მდივანი მოიწვევს მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციას. შემდეგი შეხვედრები მოიწვევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ ორ წელიწადში ერთხელ, ან მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციის გადაწყვეტილებით.

მუხლი 41

დეპოზიტარი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარს.

მუხლი 42

ხელმოწერა

წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად 2007 წლის 30 მარტიდან ყველა სახელმწიფოსა და რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციებისთვის, ნიუ-იორკში მდებარე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო ოფისში. 

მუხლი 43

ვალდებულებების აღება

წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ რატიფიკაციასა და რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციების მიერ ოფიციალურ დადასტურებას. იგი ღიაა იმ ნებისმიერი სახელმწიფოს ან რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციების შეერთებისათვის, რომელთაც არ მოუწერიათ ხელი წინამდებარე კონვენციისათვის.

 

მუხლი 44

რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციები

1. “რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციები” გულისხმობს გარკვეული რეგიონის სუვერენული სახელმწიფოების მიერ შექნილ ორგანიზაციას, რომელსაც წევრმა სახელწიფოებმა გადასცეს უფლებამოსილება წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საკითხებთან მიმართებაში. ასეთმა ორგანიზაციებმა, კონვენციის დამტკიცებისა ან შეერთებას შესახებ ოფიციალურ დოკუმენტაციაში უნდა მიუთითონ საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში.   

2. წინამდებარე კონვენციაში გამოყენებული “მონაწილე სახელმწიფოები”, აღნიშნულ ორგანიზაციებს ეხება მათი უფლებამოსილების ფარგლებში.

3. 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 47-ე მუხლის მე- 2 და მე-3 პენქტების გამოყენებისას, არ ჩაითვლება რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ დეპონირებული არცერთი სიგელი.

4. რეგიონალური ინტეგრაციის ორგანიზაციებს, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლიათ ისარგებლონ მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში ხმის მიცემის უფლებით. ორგანიზაციას აქვს იმდენი ხმა, რამდენი კონვენციის მონაწილე სახელმწიფოცაა მასში გაერთიანებული. ორგანიზაციას არ შეუძლია ხმის გამოყენება, თუ ამას აკეთებს მისი ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო და პირიქით.

მუხლი 45

ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის ან შეერთების მეოცე სიგელის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.

2. ყოველი სახელმწიფოს, ან რეგონალური ინტეგრაციის ორგანიზაციისათვის, რომელიც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას, დამტკიცებას ან მასთან შეერთებას მოახდენს მეოცე სარატიფიკაციო სიგელის დეპონირების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის მისი სიგელის დეპონირებიდან ოცდაათი დღის შემდეგ. 

 

მუხლი 46

დათქმები

1. დაუშვებელია წინამდებარე კონვენციის მიზნებსა და ამოცანებთან შეუთავსებელი დათქმების გაკეთება.

2. გაკეთებული დათქმების მოიხსნა შეიძლება ნებისმიერ დროს.   

მუხლი 47

ცვლილებები

1. ყველა მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წარმოადგინოს ცვლილება წინამდებარე კონვენციასთან მიმართებაში და მიაწოდოს ის გაეროს გენერალური მდივანს. გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს ატყობინებს აღნიშნული ცვლილების შესახებ და თხოვნით მიმართავს აცნობონ, აღნიშნული ცვლილების განხილვის მიზნით, თვლიან თუ არა საჭიროდ მოწვეული იქნას მონაწილე სახელმწიფოების კონფერენცია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში, მონაწილე სახელმწიფოების ერთი მესამედი დადებითად გამოეხმაურება კონფერენციის ჩატარების საკითხს, გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მოიწვევს კონფერენციას.  დამსწრეთა და კენჭისყრაში მონაწილეთა ორი მესამედით მიღებული ნებისმიერი ცვლილება, გენერალური მდივნის მიერ გაეგზავნება ჯერ გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად, ხოლო შემდეგ მონაწილე სახელმწიფოებს - მისაღებად.      

2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მიღებული და დამტკიცებული ცვლილება ძალაში შედის ოცდამეათე დღეს, როცა ცვლილების დამტკიცების მომენტისათვის არსებულ მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის მიერ მოხდება მისი მიღების სიგელის დეპონირება. ცვლილება სავალდებულოა იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომელთაც ის მიიღეს.

3. იმ შემთხვევაში, თუ კონფერენცია კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მიღებული და დამტკიცებული, უშუალოდ 34-ე, 38-ე, 39-ე, მე- 40 მუხლებთან დაკავშირებულ ცვლილება, ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის ძალაში შედის მას შემდეგ, როცა ცვლილების მიღების დღისათვის მონაწილე სახელმწიფოების ორ მესამედის მიერ მოხდება მათი მიღების სიგელის დეპონირება.

მუხლი 48

დენონსაცია

1. მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეყობინების საფუძველზე. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

მუხლი 49

მისაწვდომი ფორმატი

უზრუნველყოფილი უნდა იქნას წინამდებარე კონვენციის ტექსტის მისაწვდომი ფორმატები.  

მუხლი 50

აუთენტური ტექსტები

წინამდებარე კონვენციის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად აუთენტურია.

 

აღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერმა, სათანადოდ უფლებამოსილმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.     


 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.