დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 236 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.10.003.017850 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/03/2014 - 30/12/2015)
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია
(2014 – 2017 წწ.) |
შესავალი
ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების, როგორც ტრანსნაციონალური დანაშაულების, წინააღმდეგ ბრძოლა და მათი პრევენცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია შემუშავებულია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (Financial Action Task Force) 40 რეკომენდაციის გათვალისწინებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოში არსებული სისტემის შემდგომი გაძლიერების მიზნით. სტრატეგია შემუშავებულია 2014-2017 წლებისთვის. სტრატეგია განახლებადი დოკუმენტია და მისი ეტაპობრივი იმპლემენტაციის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე, შესაძლებელია ტექსტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური სისტემის მიმოხილვა საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემა არსებობის ათ წელს ითვლის. ამჟამად მოქმედი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი 2003 წლის 6 ივნისს იქნა მიღებული და ძალაშია 2004 წლის 1 იანვრიდან. სწორედ აღნიშნული კანონი წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის ეროვნული სისტემის მთავარ სამართლებრივ ინსტრუმენტს. კანონი არეგულირებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების გამოვლენასა და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ფორმებს. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და საზედამხედველო ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადგენენ მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში; განსაზღვრავენ მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდების წესსა და პირობებს; ითვალისწინებენ ვალდებულებებს ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესახებ და უზრუნველყოფენ ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებს. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 25 ნოემბერს შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს ცალკე დებულებებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის თაობაზე. კანონი განსაზღვრავს კომისიისა და სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებებს. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში მოქმედი ეროვნული ინსტიტუციონალური სისტემა. კანონით დადგენილია მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანოები. კერძოდ: საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის; ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის; საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის; საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური – სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი პირებისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმსა და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის; სალიზინგო კომპანიებისათვის; გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსებისათვის; სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის; საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია − იმ პირებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას; საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატებისათვის. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საზედამხედველო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმებისათვის. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ასევე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ამოცანებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი ორგანო მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისგან იღებს, აანალიზებს და დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, გადასცემს სათანადო ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ახდენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კრიმინალიზაციას, ასევე, მასში მოცემულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პრედიკატი დანაშაულები. აღსანიშნავია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კრიმინალიზაციის მიზნებისათვის, პრედიკატს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაული. მითითებული დანაშაულები სრულად მოიცავს ფინანსური მოქმედების სპეციალური ჯგუფის მიერ განსაზღვრულ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პრედიკატებს. აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან დღემდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებში განხორციელდა რიგი ცვლილებებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების ფართო და სრულყოფილ კრიმინალიზაციას. აღნიშნულის შედეგად, მითითებული დანაშაულების კრიმინალიზაცია დღეისათვის სრულად შეესაბამება ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს. ზემოხსენებული დანაშაულების კრიმინალიზაციასთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს ქონების ჩამორთმევის სისხლისსამართლებრივ მექანიზმს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქონების ჩამორთმევის მითითებული მექანიზმი (საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლი) ითვალისწინებს დანაშაულის საგნის, იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქონების ჩამორთმევის მოცემული მექანიზმი ასევე მოიცავს დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტურ ქონებას. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოპერატიულ ღონისძიებებს და მათი ჩატარების წესებს, რომლებიც გამოიყენება დანაშაულების, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავი (თავი XLIV1) ადგენს - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულებისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის და დაკავშირებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის სამოქალაქოსამართლებრივ მექანიზმს. აღნიშნული მექანიზმის არსებობა მნიშვნელოვანია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ამ დროს, ქონების ჩამორთმევის სისხლისსამართლებრივი მექანიზმისგან განსხვავებით, ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან მიმართებაში ხდება მტკიცების ტვირთის ცვლილება და უშუალოდ მოპასუხე მხარეს ეკისრება ქონების კანონიერი წარმომავლობის დასაბუთების ვალდებულება. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციის და განაჩენის აღსრულების პროცედურებს. „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გაცვლას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სხვა სფეროებს, რომლებშიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები თანამშრომლობენ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებთან. აღნიშნული თანამშრომლობა ხორციელდება, მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოძიება განეკუთვნება საქართველოს მთავარი პროკურატურის კომპეტენციას, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ტერორისტულ დანაშაულებს, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსების საქმეებს. აღსანიშნავია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ასევე, ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება ტარდება საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებული დანაყოფების მიერ. სტრატეგიის მიზანი და ძირითადი მიმართულებები სტრატეგიის ძირითადი მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის ეროვნული სისტემის ფორმირება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენციას, მათი რაოდენობის კლებას და მათ დროულ გამოვლენას. ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე სტრატეგიის აღნიშნული მიმართულება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით ქვეყანაში არსებული რისკების იდენტიფიცირებას და ამ დანაშაულების პრევენციის მიზნით რისკზე დამყარებული პოლიტიკის განსაზღვრას გულისხმობს. კერძოდ, შესაბამისი უწყებების მონაწილეობით შემუშავდება ზოგადი, სექტორული და თემატური რისკების ამსახველი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე მოხდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა და რესურსების ეფექტიანი განაწილება. რისკების შეფასების დოკუმენტით გამოვლენილი სირთულეების აღმოფხვრის მიზნით, განხორციელდება სხვადასხვა სექტორებში საქართველოს კანონმდებლობით და სახელმწიფო ზედამხედველობის პოლიტიკით განსაზღვრული მექანიზმების გადასინჯვა ან, საჭიროების შემთხვევაში, ახალი მექანიზმების დანერგვა. საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოდგენილი სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულებაა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემდგომი სრულყოფა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებს, ევროკავშირის შესაბამის დირექტივებსა და შესაბამისი კონვენციების მოთხოვნებს ეყრდნობა. თუმცა, მთელი რიგი მიმართულებებით აუცილებელია ზემოაღნიშნული სტანდარტების შემდგომი იმპლემენტაციის პროცესის გაგრძელება, რასაც მიზნად ისახავს სტრატეგია და მასზე თანდართული სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით, სათანადო ცვლილებების განხორციელება. ასევე, დაგეგმილია ინსტიტუციონალური სისტემის შემდგომი სრულყოფა. გათვალისწინებულია პრევენციული კანონმდებლობის განვრცობა ზოგიერთ პროფესიასა თუ საქმიანობაზე, რომლებიც მოწყვლადია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული ეროვნული ინსტიტუციონალური სისტემის გაძლიერება სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულებაა ეროვნული ინსტიტუციონალური სისტემის გაძლიერება. ამ მიმართულებით პრიორიტეტულია: საზედამხედველო ორგანოების შესაბამისი ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით გაძლიერება; ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მეთოდოლოგიისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონმდებლობის გაცნობის მიზნით, პერმანენტული ტრენინგების ორგანიზება საზედამხედველო ორგანოების, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთათვის; შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით საზედამხედველო ორგანოების, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის აღჭურვა ყველა იმ მექანიზმით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია მათზე დაკისრებული ამოცანების ეფექტური რეალიზაციისთვის. ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წინამდებარე სტრატეგიის მიმართულებას წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი სახელმწიფო და თვითმმარეგულირებელი ორგანიზაციების ადგილობრივი თანამშრომლობის, ასევე, მათი უცხოელ კოლეგებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ამ მიმართულებით პრიორიტეტულია ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და ადგილობრივი თანამშრომლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე, სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტების პრაქტიკული რეალიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფა. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების ხელშეწყობა, განსაკუთრებით, ეს შეეხება იმ სფეროებს, სადაც მაღალია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკი სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული საკანონმდებლო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაგრძელდეს მუშაობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო დოკუმენტების შემუშავებაზე, მათთვის შესაბამისი ტრენინგებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზებაზე. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტურობის უზრუნველყოფა სტრატეგიის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტურობის უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნაზე უფლებამოსილი პირებისათვის შესაბამისი ტრენინგების პერიოდული ორგანიზება. დასკვნა - სტრატეგიის იმპლემენტაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ძირითადი მიმართულებების იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად, სტრატეგიას თან ერთვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ უწყებებსა და შესრულების ვადებს. წინამდებარე სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობას უზრუნველყოფს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სფეროში მოქმედი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით ფორმირებული უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარ ამოცანას ასევე წარმოადგენს სტრატეგიის, შესაბამისი სამოქმედო გეგმის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობა და ამ მიმართულებით სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა |
1 სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტების მიღებაზე პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტი. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები