დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.017810 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/02/2014 - 03/04/2015)
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 2 მარტიდან და ძალაშია 2016 წლის 1 მარტის ჩათვლით. |
|
შპს „ენგურჰესის“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. სპეციალური წესის მოქმედების სფერო და ძირითადი პრინციპები 1. წინამდებარე სპეციალური წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „ენგურჰესისათვის“ და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადისთვის’’ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურების და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის შეუფერხებელი ექსპლუატაციისა და შესაბამისი პარამეტრებითა და მოცულობით ელექტროენერგიის წარმოების უზრუნველსაყოფად, ასევე სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეუფერხებლად გატარებისათვის მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. 2. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ან სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები ან/და განსხვავებული შესყიდვის საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 3. შპს „ენგურჰესის“ და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადის’’ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე სპეციალური წესის დანართი №1-ით, ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 4. შპს ,,ენგურჰესის“ და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადის’’ მიერ შესყიდვების განხორციელების ძირითადი პრინციპებია: ა) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა; ბ) რაციონალური არჩევანი; გ) პოტენციურ მონაწილეთა მიმართ შესაძლებლობათა გამოხატვის თანასწორი გარემო პირობების ფორმირება; დ) ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; ე) ეკონომიკური ეფექტიანობის მიღწევა.
მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – შპს „ენგურჰესის“ და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადის’’ მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „ენგურჰესი“ და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადი’’; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება; დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში და ასევე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლის გარდა; ვ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის გამარტივებული საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით; ზ) პირობათა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც მიმწოდებლის შერჩევა ხდება შემსყიდველის მიერ სათანადოდ შერჩეული პრეტენდენტებისაგან მიწოდებული პირობათა გამოკითხვის წინადადებების განხილვის შედეგად; თ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის პროცედურაში; ი) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; კ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას ან მის ქონებას, რომელიც არ შეიძლებოდა წინასწარ ყოფილიყო განსაზღვრული; ლ) პირობათა გამოკითხვის წინადადება – პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და წინადადების ფასი; მ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ.
მუხლი 3. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს პირობათა გამოკითხვაში გამარჯვებული პირი, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში – შესაბამისი წესით შერჩეული პირი და დადოს მასთან ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე, ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები №1 დანართის შესაბამისად, შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) მოახდინოს ანაზღაურება დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; გ) ხელშეკრულების დადებამდე დაიცვას პრეტენდენტთა მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს: ა) პირობათა გამოკითხვის წინადადების განხილვას, შერჩევას და შეფასებას; ბ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას; გ) მიმწოდებლის შერჩევას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე‑19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა.
მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის დირექტორთა საბჭო (შემდგომში ‑ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა) .
თავი II შესყიდვის საშუალებები
მუხლი 6. შესყიდვის საშუალებებია: გამარტივებული შესყიდვა და პირობათა გამოკითხვა 1. გამარტივებული შესყიდვა 1.1. გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს, თუ: ა) შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 25 000 ლარს, ხოლო მომსახურების შესყიდვისას – 200 000 ლარს; ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევის განხორციელება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; გ) გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას ან მის ქონებას, რომელიც არ შეიძლებოდა წინასწარ ყოფილიყო განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებელ საჭირო ვადებს; დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას; ე) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან სხვა ტიპის/მარკის გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ადრე შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის გადაცემით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას; ვ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, როცა საქონლის შესყიდვა ან/და მომსახურების გაწევა განკუთვნილია საქართველოს იმ ტერიტორიაზე განთავსებული ენერგოობიექტებისათვის, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ სრულდება საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნა. 1.2. გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე (ხელმძღვანელობაზე) უფლებამოსილი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი პირი (პირები). 2. პირობათა გამოკითხვა 2.1. პირობათა გამოკითხვით შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში, თუ: ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება საქონლის შესყიდვის შემთხვევაში 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, ხოლო მომსახურების შესყიდვისას 200 000 (ორასი ათასი) ლარს; ბ) შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან შესასყიდი საქონლის საერთაშორისო და რეგიონალური მაშტაბით აღიარებული მწარმოებელი კომპანიები ან/და მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დილერები და შესყიდვა ხორციელდება მწარმოებელი კომპანიებისაგან ან/და მათი დილერებისაგან, ასევე სხვა იურიდიული პირებისაგან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მსგავსი მიწოდებების განხორციელებისა. მოსაწვევ პირებს განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია. 2.2. პირობათა გამოკითხვას ატარებს სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია), რომელსაც ქმნის კომპანიის ხელმძღვანელი: ა) კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 პირს; ბ) კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამშრომლები (სტრუქტურული ერთეულებისა და განყოფილებების უფროსები); გ) კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის პირველი ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; დ) კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები; ე) კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე. 2.3. პირობათა გამოკითხვის შესახებ დოკუმენტაცია მოიცავს: ა) პირობათა გამოკითხვის წინადადებას (ფორმას); ბ) ტექნიკურ დავალებას; გ) მომსახურების გაწევის, საქონლის მოწოდების კალენდარულ გეგმა‑გრაფიკს; დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ ხელშეკრულებას (პროექტს); ე) ფასების ცხრილის ფორმას (ხარჯთაღრიცხვას); ვ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობას, რაოდენობას, ხარისხს; ზ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველ ან სავალდებულო ვადებს; თ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას; ი) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადას, ადგილს და ენას; კ) სხვა მოთხოვნებს, რასაც შემსყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად. 2.4. პირობათა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვისას მოწვევა პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის წერილობით დახურულ კონვერტებში ეგზავნება არანაკლებ სამ სათანადოდ (წინასწარ შერჩეულ) პრეტენდენტს და ასევე ცხადდება შემსყიდველის მიერ შერჩეულ ერთ - ერთ გაზეთში. 2.5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ დოკუმენტაცია, შეფასების კრიტერიუმები და წინადადებების წარდგენის ვადები ყოველ კონკრეტულ შესყიდვაზე დამტკიცებული იქნება კომისიის მიერ ინდივიდუალურად. 2.6. პირობათა გამოკითხვის წინადადებების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა ხდება დახურული კონვერტებით. 2.7. მოწვევის გაგზავნა და პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილის შემოთავაზების (წინადადების) მიღება ასევე დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ამასთან, შემსყიდველი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს წინადადების წარმოდგენა მხოლოდ ქართულ ენაზე. 2.8. პრეტენდენტს ან მისი მიერ ნდობით აღჭურვილ პირს უფლება აქვს დაესწროს წინადადებების გახსნის პროცესს. 2.9. პრეტენდენტებს უფლება აქვთ კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება. 2.10. წინადადებების გახსნის შემდეგ კომისია პირველ რიგში აფიქსირებს პრეტენდენტების მიერ შეთავაზებულ ფასებს და იხილავს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას. 2.11. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასისა და ტექნიკური დოკუმენტაციის პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მიხედვით. 2.12. პირობათა გამოკითხვის კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა დაზუსტებაც არ გამოიწვევს მის არსებით ცვლილებას და არ მოახდენს გავლენას წინადადების ფასზე. ამ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, პირობათა გამოკითხვის კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 2.13. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, ის გამოცხადდება გამარჯვებულად და კომისია იწვევს პრეტენდენტს პირობათა გამოკითხვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2.14. თუ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს მიენიჭება დისკვალიფიკაცია, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მიმართოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს და წინამდებარე სპეციალური წესით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ იწვევს პრეტენდენტს პირობათა გამოკითხვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2.15. კომისიის წინადადებების შერჩევისა და შეფასების შემდეგ დგება კომისიის სხდომის ოქმი.
მუხლი 7. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული პირობათა გამოკითხვა 1. პირობათა გამოკითხვა ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არც ერთი პირის მიერ არ იქნა წარდგენილი წინადადება. 2. პირობათა გამოკითხვა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, თუ პირობათა გამოკითხვით წარდგენილი წინადადებებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის პირველ და მე‑2 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში ცხადდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა. 4. იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი პირობათა გამოკითხვის გამოცხადების შემდეგ არც ერთი პირობათა გამოკითხვის წინადადება არ იქნა წარდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი პირობათა გამოკითხვის წინადადებიდან არც ერთი არ შეესაბამება პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციის მოთხოვნებს ან/და პირობათა გამოკითხვის წინადადებების განხილვისა და შეფასების შედეგად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, შემსყიდველი ორგანიზაცია იხილავს შესყიდვის განხორციელების საშუალების ან მეთოდის შერჩევის საკითხს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სხდომაზე და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება შესყიდვის საშუალების შესახებ.
მუხლი 8. ხელახალი პირობათა გამოკითხვა 1. პირობათა გამოკითხვის არშემდგარად, უარყოფითი შედეგით დასრულებულად ან შეწყვეტილად გამოცხადების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში კომისიას შეაქვს ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველს უფლება აქვს შექმნას ახალი კომისია ან შეცვალოს მისი შემადგენლობა.
მუხლი 9. პირობათა გამოკითხვის პროცედურის შეჩერება და შეწყვეტა პირობათა გამოკითხვის პროცედურის შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ პრეტენდენტს. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 10. დაგეგმილი შესყიდვის საშუალებების კორექტირება 1. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა იტოვებს უფლებას, შეცვალოს წინასწარ დაგეგმილი შესყიდვის განხორციელების საშუალება, ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევეაში სპეციალური წესის დანართი №1 განსაზღვრული შესყიდვების ჩატარებისას იმოქმედოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, მათ შორის, გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა. 2. კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გაფორმებული იქნება შესაბამისი ოქმი.
თავი III ხელშეკრულება
მუხლი 11. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) იმ შემთხვევაში, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ხოლო საერთო წლიური თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარს. ამ დროს შესყიდვა განხორციელდება წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით; ბ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტებით: ა) სასაქონლო ზედნადებით ან საგადასახადო ანგარიშ‑ფაქტურით ან/და ინვოისით; ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით; გ) მიღება-ჩაბარების აქტით. 3. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში (ავანსი) მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. 4. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, საავანსო თანხის გადახდის შემთხვევაში არ მოსთხოვოს მიმწოდებელს ავანსთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის წარდგენა. 5. ხელშეკრულების შესრულების გარანტია მისი მოთხოვნის არსებობისას უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების ან პირობათა გამოკითხვის წესით შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემდგომ 1 სამუშაო კვირაში. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. 6. თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდ სამუშაო დღეში ვერ წარადგენს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას, ხელშეკრულება ავტომატურად ითვლება ბათილად, და მიმწოდებლის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას შემსყიდველი არ განახორციელებს. - შესყიდვის პროცედურის შემდგომი განხორციელებისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს მომდევნო მიმწოდებელს ან აცხადებს ახალ პირობათა გამოკითხვას, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ირჩევს ახალ მიმწოდებელს. 7. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა შეადგენს სახელშეკრულებო თანხის 1%‑დან 10%-მდე და ყოველი კონკრეტული შემთხვევისას განისაზღვრება ინდივიდუალურად, შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე. 8. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, როდესაც ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200 000 ლარს. 9. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი: ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები; ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და რაოდენობა, ერთეულის ფასი და მთლიანი ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით); გ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ხარისხი, მისი არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა; დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ეტაპობრივი ვადები და ადგილი; ე) საქონლისა და მომსახურების მიღება‑ჩაბარების წესი; ვ) ანგარიშსწორების ფორმა; ზ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში); თ) მხარეთა უფლება-მოვალეობანი; ი) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის; კ) ფორსმაჟორული სიტუაციები; ლ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების, გადასინჯვის შესაძლებლობა; მ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ნ) დავების გადაწყვეტის წესი; ო) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები.
მუხლი 12. ანგარიშის წარდგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე ინფორმაცია წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველწლიურად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 28 თებერვლისა. ანგარიში წარდგენილი იქნება №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 13. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი №2
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები