საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.017794
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
175
19/02/2014
ვებგვერდი, 20/02/2014
130040000.10.003.017794
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/02/2014 - 04/09/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2014 წლის 19 თებერვალი

   ქ.თბილისი

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართ­ვე­ლოს დაზვერვის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. საქართველოს დაზვერვის სამსახური (შემდეგში – სამსახური) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არ­სებუ­­ლი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნუ­ლე­ბის დაწე­სებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების გატა­რე­ბისა და  დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას.

 

მუხლი 2

თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახე­ლმწიფოს.

 

მუხლი 3

სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტი­ტუ­ციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხ­მე­ბების, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ და „სადაზვერვო საქ­მი­ანობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ასევე, საქართველოს სხვა საკა­ნონ­­მდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტე­ბის, ამ დებულე­ბი­სა და შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების სა­ფუძველზე.

 

მუხლი 4

სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა და ეფუ­ძ­ნება ერ­თმმართველობის პრინციპს.

 

მუხლი 5

სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარი­შვალ­დებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სამსახურზე სამსა­ხურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრე­მიერ-მი­ნის­ტრი.

 

მუხლი 6

სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამ­სახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახუ­ლე­ბითა და თა­ვისი სახელწოდებით და დამოუკიდებელი ბალანსი. სამ­სახურს აქვს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საუწყებო დროშა და ემბ­ლემა. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქა­რთველო, ქ. თბილისი, 0179, კეკელიძის  ქ. № 4.

 

მუხლი 7

საკუთარი საქმიანობის კონსპირაციის უზრუნველყოფის მიზნით, სამ­სა­ხურის სტრუქტურულ დანაყოფებს შეუძლიათ გამოიყენონ პირობითი და­სა­ხელება და შესაბამისი რეკვიზიტები (ბეჭედი პირობითი დასახე­ლე­ბით, განსხვავებული საბანკო რეკვიზიტები და სხვ.).

         

თავი II

სამსახურის საქმიანობის სფერო, ფუნქციები და ამოცანები

 

მუხლი 8

სამსახური აწარმოებს სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ, ეკო­ნომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმა­ციულ, ეკო­ლოგიურ სფეროებში, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონა­წი­ლეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

 

მუხლი 9

სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ფუნქციები და ამო­ცანებია:

ა) საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ეროვ­ნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისათვის ხელ­შე­წყობის მიზნით შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება-შეგრო­ვე­ბა, დამუშავება, ანალიზი, რეკომენდაციის შემუშავება და გავრცელება (მიწოდება);

ბ) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არსე­ბული და პოტენციური საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვე­ვების განსაზღვრა-გამოვლენა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული, რეგიონალური და გლობა­ლური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუ­შავება, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზი­სული სიტუაციის არსებობის ან მისი წარმოქმნის საფრთხის შემთხვევაში ქვეყნის ხელისუფლებისათვის  შესაბამისი შეფასებების და წინადადებების მიწოდება;

დ) უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში საქართ­ვე­ლოს ეროვნული ინტერესების გატარებისა და დაცვისათვის ხელშეწყობის მიზ­ნით, უმაღლესი ხელისუფლების ორგანოებთან შეთანხმებით, სპეცია­ლუ­რი ფარული ღონისძიებების განხორციელება;

ე) საზღვარგარეთის პირობებში საკუთარი ძალების, საშუალებებისა და ოპერაციების, ასევე, საქართველოს დიპლომატიური წარმომა­დგენ­ლო­ბების და საკონსულო დაწესებულებების და მათი საქმიანობის უსაფრთ­ხოე­ბის უზრუნველყოფის მიზნით საგარეო კონტრდაზვერვითი საქმია­ნობის გან­ხორციელება.

 

თავი III

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და

უფლებამოსილებანი

მუხლი 10

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქარ­თველ­ოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზ­ვერ­ვო პროგრამით.

 

მუხლი 11

 საკუთარი ფუნქციების განხორციელების და მის წინაშე მდგარი ამო­ცა­ნების გადაწყვეტის მიზნით, სამსახური:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინის­ტრის მიერ დამტკიცებულ ეროვნულ სადაზვერვო პროგრამას და მის საფ­უძველზე შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს;

ბ) დამტკიცებული რიცხოვნობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში ქმნის აუცილებელ ქვედანაყოფებს, სპეციალური მომზადების, სა­მე­ცნიერო-კვლევით, სამედიცინო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, არ­ქივს, უშვებს სპეციალურ გამოცემებს;

გ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრ­თ­ხო­ებისა და განვითარებისათვის აუცილებელ სპეციალურ პროგრამებს;

დ) ნებაყოფლობის საფუძველზე ღიად ან კონფიდენციალურად თანამ­შრო­მლობს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, მოქა­ლა­ქეობის არმქონე პირებთან, ქმნის სადაზვერვო პოზიციებს;

ე) სამსახურში არსებულ, აგრეთვე, ყველა წყაროდან მოპოვე­ბუ­ლი/მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ქმნის საბოლოო სა­დაზ­­ვერვო ინფორმაციას (სადაზვერვო პროდუქტს);

ვ) სადაზვერვო საქმიანობის განხორციელების მიზნით  აწარმოებს სადა­ზვერვო ინფორმაციის გაცვლის კოორდინაციას  საქართველოს დაზვე­რ­ვის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღ­მდეგ მიმართული უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის გამოვლენის, აგრე­თვე, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის  ღონისძი­ებე­ბში;

თ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ, ოპერ­ატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;

ი) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებ­ლო­ბიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგა­ნიზ­ა­ციებს;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ, ორგანიზა­ციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც საკუთარ ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო და­წესე­ულებებში;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. თავისი მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, ოპე­რა­ტი­ული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმუ­ლობის სისტემების, საინფორმაციო მონაცემთა ბაზების, საკუთარი დოკუ­მენ­ტაციის, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა ქონე­ბის უსა­ფ­რთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ოპერა­ტიულ, ოპე­რატიულ-ტექნიკურ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონი­სძი­ებებს;

მ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით  თანამშრო­მ­ლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან;

ნ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის და/ან იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს;

ო) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქ­მია­ნობას;

პ) აუცილებლობის შემთხვევაში, ახორციელებს თავისი დოკუ­მენტა­ციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფრვას, მათ შორის სხვა­დასხვა დოკუმენტების, სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამო­სა­ცნობი ნიშნების გამოყენებით;

ჟ) საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მათი სამა­რთლებრივი ფორმის მიუხედავად) დებს შესაბამის შეთანხმებებს, სადაზ­ვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე;

რ) შეიმუშავებს სამსახურის წლიური და გრძელვადიანი ბიუჯეტის პრო­ექტებს;

ს) გლობალურ და რეგიონალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკ­ი­თხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფ­ლებამოსილებებს.

 

თავი IV

სამსახურის უფროსი

მუხლი 12

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თა­ნამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრე­­მიერ-მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთა­ვარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში.

 

მუხლი 13

სამსახურის უფროსი:

ა) წარმოადგენს სამსახურს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმია­ნობას;

ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტ­კიცე­ბული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას;

გ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამ­სა­ხურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრი­ორიტეტებს;

დ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუ­ფლების უმაღლესი ორგანოებისა და შესაბამისი სამთავრობო დაწესე­ბუ­ლებებისათვის;

ე) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის  კრიპტო­გრა­ფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;

ვ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფე­როე­ბში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და კან­ონ­ქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

ზ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებუ­ლე­ბებს;

თ) სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების გა­დაწყვე­ტის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოს­ცემს სამართლებრივ აქტებს და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;

ი) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების   თანამ­შრო­მე­ლთა ფუნქციონალურ მოვალეობებს;

კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამ­სა­ხურის მოსამსახურეებს;

ლ) დადგენილი წესით განკარგავს სამსახურის ფულად სახსრებსა და მატე­რიალურ ფასეულობებს;

მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოებთან, დაწესებუ­ლებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორ­მისა) დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ნ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგე­ნლო­ბებში შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთან­ხმე­ბით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად მიავლენს დაზვერვის ოფი­­ციალურ წარმომადგენლებს;

ო) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენ­ლო­ბების, საკონსულო დაწესებულებებისა და სხვა ოფიციალური წარმო­მად­გენ­ლობების, მათი პერსონალის, საქმიანობის, უსაფრთხოების უზრუნ­ველ­ყოფისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მიზნით მიავლენს უსაფრ­თხო­ების ოფიცერს;

პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით სადაზვერვო საქ­მ­ია­ნობიდან გამომდინარე სახელმწიფო სტრუქტურებში ნიშნავს დაზ­ვერვის ოფიცერს;

ჟ) აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე სამსა­ხუ­რში იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს;

რ) ხელმძღვანელობს სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას და საჭი­როების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის გა­დაყ­ვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე;

ს) სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანი­ჭებს სახელმწიფო-სპეციალურ ან სამხედრო წოდებებს პოლკოვნიკის ჩათ­­ვლით, ასევე, საკლასო ჩინებს;

ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეებზე გასცემს სამსა­ხურებრივ მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძო­ლო იარაღს, აგრეთვე, სხვა სპეციალურ საშუალებებს;

უ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვე­ტილებას სამსახურის იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის სამსახურის გაგრ­ძელების შესახებ, რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურში ყოფნის ზღვ­რულ ასაკს, გარდა პოლკოვნიკთა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფი­ცერთათვის;

ფ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს განსახილველად წარუდგენს წი­ნა­დადებებს სადაზვერვო საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფისათვის;

ქ) დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას სამსახურის მოსამსა­ხურ­ეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და მათთვის საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ;

ღ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს (პრემია), აგრეთვე, განსაკუთ­რებულ შემთხვევებში,  ერთჯერადი დახმარების ოდენობას;

ყ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსა­ხუ­რის მოსამსახურეებს;

შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ასაჩუქრებს და/ან აჯილ­დოებს პირებს სამსახურის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში აქტი­ური დახმარებისათვის;

ჩ) ამტკიცებს სამსახურის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მო­სამ­სახურეთათვის სამსახურის საუწყებო ფორმის ნიმუშებს და მათი ტარების წესს;

ც) ამტკიცებს სამსახურის უწყებრივი მედლების ფორმასა და მედ­ლებ­ით დაჯილდოების წესს;

ძ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამსა­ხურის მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს სოციალური დაცვის და­მატ­ებით ღონისძიებებსა და შეღავათებს;

წ) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურ­თიერთობაში;

ჭ) ახორციელებს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

თავი V

სამსახურის უფროსის მოადგილეები

 

მუხლი 14

სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე.

 

მუხლი 15

სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს სამ­სახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

მუხლი 16

1. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფ­ლე­ბამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურის უფროსის არყოფნისას, სამსახურის უფროსის გადა­წყვე­ტი­­ლებით, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

თავი VI

სამსახურის სტრუქტურული

ქვედანაყოფები და მათი ამოცანები

 

მუხლი 17

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ოპერატიული დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის უფ­რო­სის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო გეგმის შესაბამისად სადაზვერვო ინფორ­მაციის მოპოვებას ოპერატიული წყაროებიდან, მათ შორის, ტექ­ნიკური საშუალებების გამოყენებით, ახორციელებს საგარეო კონტრ­დაზვე­რვით საქმიანობას;

ბ) ანალიტიკური დირექტორატი - უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან სადა­ზვერვო ინფორმაციის მოძიებას, სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსა­ხურში შესული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვებას, სისტემურ დამუშავებას და ანალიზს, ასევე, სამსახურის მიერ გასავრცელებელი დო­კუმენტების მომზადებას;

გ) ადმინისტრაციული დირექტორატი - ახორციელებს სამსახურის საკადრო, სამართლებრივ, საფინანსო-სამეურნეო, მატერიალურ უზრუ­ნვე­ლყოფას, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, საპროტო­კო­ლო ღონისძიებებს, სამსახურის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორ­მაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას, ასევე, სადაზვერვო ინ­ფო­რმაციის მოპოვებას;

დ) უსაფრთხოების დირექტორატი - უზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას, ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული დანა­ყოფების საქმიანობის ინსპექტირებას, ასევე, სადაზვერვო ინფორმაციის მო­პოვებას;

ე) სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (დირექ­ტო­რატი) – უზრუნველყოფს მოსამსახურეთა სპეციალურ მომზა­დებას, კვალი­ფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას, სამეცნიერო-კვლევით საქმი­ანო­ბას, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა სპეცი­ა­ლურ მომ­ზა­დებას;

ვ) არქივი (სამმართველო) - უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვას და საარქივო საქმისწარმოებას.