რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების განსაზღვრის შესახებ

რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-20/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 280080020.22.035.016251
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-20/ნ
20/03/2014
ვებგვერდი, 20/03/2014
280080020.22.035.016251
რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/03/2014 - 25/06/2020)

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-20/ნ

2014 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების განსაზღვრის შესახებ

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთალობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს  რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო



დანართი №1

 

რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან რეინტეგრაციის შესაძლებლობის გამოკვეთის საშუალებებს, რეინტეგრაციის განხორციელების პროცედურებს, რეინტეგრაციის შემწეობის  დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე, მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.                                      

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის  მიზნებისთვის  მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბავშვი – ქორწინებაში არმყოფი 18 წლამდე ასაკის პირი;

ბ)  ბიოლოგიური ოჯახი – ბავშვის მშობელი/მშობლები;

გ) ეურვე – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 7 წლამდე ასაკის ბავშვისათვის მეურვედ დანიშნული პირი;

დ) მზრუნველი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვისათვის მზრუნველად დანიშნული პირი; 

ე) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ვ) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო;

ზ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;

თ) რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით;

ი) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება;

კ) რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვი – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვი, რომელთანაც რეინტეგრაციის მიზნით დაწყებულია მუშაობა;

ლ) რეინტეგრირებული ბავშვი – ბავშვი, რომელიც სპეციალიზებული დაწესებულებიდან დაბრუნდა/განთავსდა ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან;

მ) რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი – ბავშვის მშობელი, მეურვე/მზრუნველი, რომელთანაც გაფორმებულია რეინტეგრაციის ხელშეკრულება;

ნ) რეინტეგრაციის შემწეობა – ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს/მზრუნველს, რომელიც ამ ბავშვს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას;

ო) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები – რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, რომელთანაც გაფორმებულია რეინტეგრაციის ხელშეკრულება;

პ) სპეციალიზებული დაწესებულება – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სოციალურ მომსახურებას (მათ შორის მინდობით აღზრდა) მთელი დღე-ღამის განმავლობაში ან/და დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში, გარდა პანსიონური მომსახურების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა; 

ჟ) ინდივდუალური განვითარების გეგმა – ბავშვის აზრის გათვალისწინებით და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვით, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან და ბავშვის ზრუნვაში ჩართულ სხვა პირებთან ერთად შედგენილი ბავშვის ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობისათვის დაგეგმილი კონკრეტული მიზნებისა და ღონისძიებების ერთობლიობა.

მუხლი 3. რეინტეგრაციის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები და პირები

1. რეინტეგრაციის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო, რომელიც კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას და ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, შეჩერებას და რეინტეგრაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.

2. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს).

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ახორციელებს:

ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ყველა ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის, შესაძლო მეურვის/მზრუნველის  გამოვლენას და მათ შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას;

ბ) რეინტეგრირებულ ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგს და მათ შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სოციალური მუშაკი:

ა) ახორციელებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის, მისი ბიოლოგიური ოჯახის, შესაძლო მეურვის/მზრუნველის და სოციალური გარემოს შეფასებას;

ბ) შეიმუშავებს რეინტეგრაციის განხორციელებისთვის სათანადო რეკომენდაციებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის  ინტერესებიდან გამომდინარე და  დასკვნას წარუდგენს რეგიონულ საბჭოს;

გ) შეიმუშავებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის  ინდივიდუალური განვითარების გეგმას რეინტეგრაციის შესახებ, რეინტეგრაციის შემდეგ ხელს უწყობს გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების  განხორციელებას და უზრუნველყოფს მის მონიტორინგს;

დ) აწარმოებს შემთხვევის მართვას და დოკუმენტირებას.

5. რეგიონული საბჭო:

ა) განიხილავს ბავშვის რეინტეგრაციის საკითხს, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე და იღებს გადაწყვეტილებას დასკვნისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში, შესაძლო მეურვესთან/მზრუნველთან დაბრუნების/განთავსების შესახებ;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლების ან შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 4. ბავშვის რეინტეგრაციის შესაძლებლობის განსაზღვრა

1. ბავშვის რეინტეგრაციაზე მუშაობა იწყება მისი სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების დღიდან.

2. სოციალური მუშაკი არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ განიხილავს და გადასინჯავს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ყველა ბავშვის რეინტეგრაციის შესაძლებლობას. 

3. რეინტეგრაციის შესაძლებლობა განისაზღვრება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის, მისი ბიოლოგიური ოჯახის, შესაძლო მეურვის/მზრუნველის შეფასებისა და დადებითი დასკვნის საფუძველზე.

4. დადებითი დასკვნა გაიცემა ბიოლოგიური ოჯახის, შესაძლო მეურვის/მზრუნველის მიერ ბავშვის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და ძალადობისაგან დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

5. იმ შემთხვევაში, თუ რეინტეგრაციის შესაძლებლობის შეფასების შედეგად მოცემულ ეტაპზე  დასკვნა უარყოფითია, სოციალური მუშაკი აგრძელებს მუშაობას რეინტეგრაციის გრძელვადიანი პერსპექტივის განვითარების მიზნით.    

6. თუ რეინტეგრაციის შესაძლებლობის შეფასების შედეგად, დასკვნა დადებითია, სოციალური მუშაკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, იწყებს ბავშვისა და მისი ბიოლოგიური ოჯახის, შესაძლო მეურვის/მზრუნველის მომზადებას რეინტეგრაციისთვის.

7. სოციალური მუშაკი ახორციელებს მუშაობას სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებულ ბავშვთან და მის ბიოლოგიურ ოჯახთან, შესაძლო მეურვესთან/მზრუნველთან ოჯახის გაძლიერებისა და მშობლის/მშობლების, შესაძლო მეურვის/მზრუნველის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიმართულებით (აღნიშნული მუშაობა შესაძლოა მოიცავდეს მშობლის/მშობლების, შესაძლო მეურვეთა/მზრუნველთა დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებებს, დოკუმენტაციის მოწესრიგებას, საჭიროების შესაბამისად სათანადო მომსახურებებთან დაკავშირებას) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში, შესაძლო მეურვესთან/მზრუნველთან რეინტეგრაციის მიზნით.

8. სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას რეინტეგრაციის შესახებ რეგიონულ საბჭოზე წარსადგენად.

მუხლი 5. ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა

1. რეინტეგრაციის შესაძლებლობის განსაზღვრის შემდეგ,  სოციალური მუშაკი გადასინჯავს ინდივიდუალური განვითარების გეგმას, რომლის პროცესშიც  ჩართული ჰყავს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვი,  მისი მშობელი/მშობლები, შესაძლო მეურვე/მზრუნველი, ასევე, მის ოჯახში  მცხოვრები სხვა პირები, ამზადებს დასკვნას და ინდივიდუალური განვითარების გეგმის პროექტს, საბჭოზე წარსადგენად. ინდივიდუალური განვითარების გეგმა ნათლად უნდა განსაზღვრავდეს ბავშვის ზრუნვაში ჩართული ყველა პირის  პასუხისმგებლობებს.

2. სოციალური მუშაკი ინდივიდუალური განვითარების გეგმაში ასახავს ოჯახის გაძლიერების ამოცანებს.                     

3. სოციალური მუშაკი ახორციელებს ინდივიდუალური განვითარების გეგმის გადასინჯვას და ინდივიდუალური განვითარების გეგმის პროექტს წარადგენს  რეგიონულ საბჭოზე განსახილველად.

მუხლი 6. ხელშეკრულება ბავშვის რეინტეგრაციის შესახებ

1. სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის რეინტეგრაციის შესახებ რეგიონული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააგენტოსა და ბავშვის მშობელს, მეურვეს/მზრუნველს შორის ფორმდება ხელშეკრულება რეინტეგრაციის შესახებ (შემდგომში – ხელშეკრულება) გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 

2. სპეციალიზებული დაწესებულებიდან  ბავშვის გაყვანისას რეინტეგრაციის ხელშეკრულება ფორმდება სამი წლის ვადით, ან შესაბამისი ვადით ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე სამ წელზე ნაკლებ ვადაში. ხელშეკრულების ფარგლებში ბავშვი უზრუნველყოფილია რეინტეგრაციის შემწეობით, განურჩევლად მისი კანონიერი წარმომადგენლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა.

3. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ  სოციალური მუშაკი თვლის, რომ ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ოჯახს ესაჭიროება ხელშეკრულების გაგრძელება, მის მიერ მზადდება დასკვნა სათანადოდ დასაბუთებისა და სახელშეკრულებო ვადის მითითებით, რომელიც  განსახილველად წარედგინება რეგიონულ საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად. ხელშეკრულების გაგრძელება შესაძლებელია მრავალჯერადად ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე,  სრულწლოვანების მიღწევამდე.

4. ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით.

მუხლი 7. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა და დაფინანსების წყარო

1. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. რეინტეგრაციის შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნება.

მუხლი 8. რეინტეგრაციის შემწეობის გაცემა

1. რეინტეგრაციის შემწეობა ენიშნება რეინტეგრირებულ ბავშვს, ხოლო მისი გაცემა წარმოებს ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება.

2. რეინტეგრაციის შემწეობა გაიცემა ყოველთვიურად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.

3. რეინტეგრაციის შემწეობა გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.

4. რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს რეინტეგრაციის შემწეობის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის რეინტეგრაციის შემწეობის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე.

5. რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები პირისათვის რეინტეგრაციის შემწეობის ბინაზე მიტანა ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემლის გამცემ საბანკო დაწესებულებაში რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

6. რეინტეგრაციის ხელშეკრულების შეწყვეტისას, არასრულ თვეზე გაიცემა რეინტეგრაციის შემწეობა სრული ოდენობით.

მუხლი 9. რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები

1. რეინტეგრირებული ბავშვის  კანონიერ წარმომადგენელს  უფლება აქვს:

ა) მიიღოს რეინტეგრაციის შემწეობა ამ წესით დადგენილი პირობებით;

ბ) დამატებით მიიღოს არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით;

დ) ისარგებლოს რეინტეგრირებული ბავშვის სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ ყოფნისას, სოციალური პაკეტის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ბავშვის სახელზე გახსნილ საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე არსებული  სოციალური პაკეტის თანხით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.         
2. რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

ა)  ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკთან;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს რეინტეგრირებული ბავშვის და/ან მის ოჯახში მყოფი ნებისმიერი ბავშვისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ;

გ) ფაქტის გამოვლენიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში აცნობოს სააგენტოს რეინტეგრირებული ბავშვის ცხოვრებაში მომხდარი/მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, როგორიცაა:

გ.ა) საცხოვრებელი ადგილის ან საკონტაქტო ინფორმაციის  შეცვლა;

გ.ბ) ცვლილებები ოჯახის შემადგენლობაში;

გ.გ) მატერიალური მდგომარეობის გაუარესება;

გ.დ) ბავშვისათვის შშმ სტატუსის მინიჭება/გაუქმება;

დ) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს  რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან 3 თვემდე ვადით განშორების შესაძლებლობა (სასწავლო არდადეგებზე,   საგანმანათლებლო მიზნებისთვის);

ე) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს 1 წლამდე ვადით რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ წასვლის ან ამ ვადით მასთან განშორების შესაძლებლობის შესახებ, ბავშვის სამკუნალო ან სარეაბილიტაციო მიზნებისთვის;

ვ) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს  კანონიერი წარმომადგენელის მიზეზით (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დასაქმების გამო) რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან 3 თვემდე ვადით განშორების შესაძლებლობა;

ზ) დაიცვას ბავშვის უფლებები და გაუწიოს მას სათანადო მზრუნველობა.

3. პასუხისმგებლობა რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 10. რეინტეგრაციის შემთხვევის  მართვა და მონიტორინგი

1. შემთხვევის მართვისა და მონიტორინგის მთავარი მიზანია რეინტეგრირებული ბავშვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს:

ა) ბავშვის კეთილდღეობის მდგომარეობის შეფასებას;

ბ) ოჯახში არსებული რისკებისა და ძლიერი მხარეების შეფასებას;

გ) ინდივიდუალური განვითარების  გეგმის გადასინჯვას/შესრულების ზედამხედველობას;

დ) ოჯახის მაქსიმალურ მხარდაჭერას ფუნქციონირების ამაღლებისთვის.

2. რეინტეგრირებული ბავშვის მდგომარეობის ამ მუხლით დადგენილი მონიტორინგი და ოჯახის თანმდევი მხარდაჭერა უნდა ხორციელდებოდეს ბავშვის რეინტეგრაციის დღიდან.

3. ბავშვის რეინტეგრაციიდან ერთი თვის განმავლობაში, არანაკლებ კვირაში ერთხელ, სოციალური მუშაკი აწარმოებს ოჯახში ვიზიტს წინასწარ შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე, ბავშვის კეთილდღეობის შეფასების, ოჯახის საჭიროებების დადგენისა და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულების ხელშეწყობის მიზნით. მომდევნო თვეებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია განახორციელოს ვიზიტი მინიმუმ თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, თვეში ერთზე მეტი ვიზიტი ოჯახში.  

4. მართვისა და მონიტორინგის  პროცესში სოციალური მუშაკი:

ა) მონიტორინგს უწევს რეინტეგრირებული ბავშვის აღზრდის, ჯანმრთელობის, განვითარების, განათლების მდგომარეობას, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის  მიერ  მოვალეობების შესრულებას;

ბ) კონსულტაციას უწევს ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს რეინტეგრაციისა და ოჯახის გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში;

გ) აკავშირებს კანონიერ წარმომადგენელს  მხარდამჭერ სერვისებთან და ახორციელებს მის გაძლიერებაზე მიმართულ სხვა აქტივობებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკი გამოავლენს რეინტეგრირებული ბავშვისათვის საზიანო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და/ან სოციალურ გარემოს, იგი ახდენს მყისიერ რეაგირებას და იწყებს მუშაობას რისკების შემცირებისა და ოჯახის გაძლიერების მიმართულებით.

6. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკი გამოავლენს, რომ არ შეინიშნება პროგრესი რისკების შემცირებაში, მიუხედავად ამ მიმართულებით გაწეული სათანადო სამუშაოებისა და მიიჩნევს, რომ რეინტეგრირებული ბავშვი საზიანო გარემოშია, იგი ახორციელებს ინდივიდუალური განვითარების გეგმის  გადასინჯვას და ამზადებს დასკვნასა და ინდივიდუალური განვითარების გეგმის პროექტს, რეგიონულ საბჭოზე წარსადგენად. 

7. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკი გამოავლენს, რომ რეინტეგრირებული ბავშვი საფრთხეშია, იგი ახდენს სათანადო და დროულ რეაგირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. რეინტეგრირებული  ბავშვის ოჯახიდან გაყვანის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ახდენს გაყვანის გამომწვევ გარემოებათა შეფასებას, შედეგებისა და რეინტეგრაციის შეწყვეტის გადაწყვეტილების დოკუმენტირებას და ამზადებს რეკომენდაციას ბავშვზე ზრუნვის საუკეთესო ალტერნატიულ მომსახურებაში განთავსების შესახებ.

9. თუ რეინტეგრაციის ხელშეკრულების შეწყვეტა განპირობებულია  ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, სოციალური მუშაკი ბავშვისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის მოძიების მიზნით განახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს.

მუხლი 11. რეინტეგრაციის შემწეობის შეჩერება და განახლება

1. რეინტეგრაციის შემწეობა შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ:

ა)  გასულია ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ-ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვადები და აღნიშნულის თაობაზე სოციალური მუშაკისთვის არ იყო ცნობილი;

ბ) რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი გარდაიცვალა/ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას/ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ქვეყნიდან გასვლის გამო (3 თვეზე მეტი ვადით), სხვა ოჯახში საცხოვრებლად გადასვლის გამო), ან ოჯახში შექმნილია ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდისათვის საზიანო გარემო პირობები (მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად განხორციელების/შესრულების გამო) და შესაძლებელია მეორე მშობელთან და/ან პოტენციურ მეურვესთან/მზრუნველთან რეინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმება;

გ) ბავშვის და ოჯახის ადგილსამყოფელის დაუდგენლობისას (ფაქტის გამოვლენიდან 30 დღემდე);

დ) რეინტეგრირებულ ბავშვს მიენიჭა/გაუუქმდა შშმ ბავშვის სტატუსი.

2. რეინტეგრაციის შემწეობის შეჩერების პერიოდში შემწეობა არ გაიცემა, ხოლო მისი გაცემა განახლდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც იწვევს რეინტეგრაციის ხელშეკრულების შეწყვეტას.

3. რეინტეგრაციის შემწეობის განახლების შემდეგ რეინტეგრაციის შემწეობის შეჩერების პერიოდში გასაცემ თანხას იღებს რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, რეინტეგრაციის შემწეობის განახლების დროისათვის.

4. რეინტეგრაციის შემწეობა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ორი თვისა, რეინტეგრაციის შემწეობის შეჩერების დღიდან.

5. რეინტეგრაციის შემწეობის შეჩერება/განახლება ხორციელდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

6. რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას, ასევე – სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, რეინტეგრაციის შემწეობის შეჩერების წყაროა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.

მუხლი 12. რეინტეგრაციის ხელშეკრულების შეწყვეტა

1. რეინტეგრაციის ხელშეკრულება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მიღების დღიდან:

ა) თუ ოჯახში შექმნილია ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდისათვის საზიანო გარემო პირობები (ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი გარდაიცვალა ან ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სხვა ოჯახში საცხოვრებლად გადასვლის გამო, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ან წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გამო/სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად განხორციელების/შესრულების გამო) და არ მოიძებნება მეორე მშობელი, პოტენციური მეურვე/მზრუნველი, ვისთანაც შესაძლებელია გაფორმდეს რეინტეგრაციის ხელშეკრულება;

ბ) რეინტეგრირებული ბავშვის საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით (გარდა სამკუნალო და სარეაბილიტაციო მიზნებისა) ან  მუდმივად საცხოვრებლად წასვლის შემთხვევაში;

გ) რეინტეგრირებული ბავშვის გარდაცვალებისას;

დ) ბავშვის და ოჯახის ადგილსამყოფელის ხანგრძლივი (ფაქტის დადგენიდან 30-ზე მეტი დღე) დაუდგენლობისას;

ე) რეინტეგრირებული ბავშვის დაქორწინებისას;

ვ) რეინტეგრირებული ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას;    

ზ) რეინტეგრაციის დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღწევისას, როცა სოციალური მუშაკი ასაბუთებს შემთხვევის დახურვის შესაძლებლობას;

თ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან და ბავშვის ინტერესებიდან.

2. რეინტეგრაციის შედეგები შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად, თუ შესრულებულია ყველა შემდგომი პუნქტი:

ა) ბავშვის განვითარებისთვის შექმნილია კეთილსაიმედო გარემო და ბავშვის უსაფრთხოებას  საშიშროება არ ემუქრება;

ბ) ოჯახს გააჩნია დამოუკიდებელად ფუნქციონირების ბაზისური უნარი;

გ) ინდივიდუალური განვითარების გეგმის ამოცანები მეტწილად შესრულებულია და მიზნები მიღწეულია.

3. სოციალური მუშაკი  შემთხვევის შეწყვეტის შესახებ დასკვნას წარუდგენს რეგიონულ საბჭოს განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად.

4. რეინტეგრაციის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო იღებს ზომებს ბავშვის ალტერნატიულ მომსახურებებში განთავსების უზრუნველსაყოფად.

5. რეინტეგრაციის ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამორიცხავს რეინტეგრირებული ბავშვის  სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის შემთხვევაში, მისი მომავალი რეინტეგრაციის შესაძლებლობას.             

მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

ამ წესის ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაშია ხელშეკრულებაში მითითებული ვადის განმავლობაში.  ვადის გასვლის შემდეგ ახალი ხელშეკრულება უნდა დაიდოს ამ წესის შესაბამისად.