გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017720
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
101
22/01/2014
ვებგვერდი, 24/01/2014
300160070.10.003.017720
გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/01/2014 - 25/03/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №101

2014 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103‑ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების  შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი
ტექნიკური  რეგლამენტი

გაზის სისტემების  უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ


თავი I

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. გაზის სისტემების ზოგადი მოთხოვნების რეგლამენტი ვცელდება:

ა) დაბალი, საშუალო და მაღალი წნევის გამანაწილებელ გაზსადენებზე, აგრეთვე ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი  და სამრეწველო ობიექტების გაზის სისტემებზე;

ბ) საცხოვრებელი შენობების, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების გაზის სისტემებზე;

გ) გაზმარეგულირებელ სადგურებზე, პუნქტებსა და დანადგარებზე;

დ) გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით შემვსებ სადგურებსა და პუნქტებზე (გაზსავსები სადგურები და პუნქტები);

ე) სარეზერვუარო და ჯგუფურ ბალონიან დანადგარებზე;

ვ) გაზის სისტემებზე გაზსაშიში სამუშაოების წარმართვაზე;

ზ) დასახლებული პუნქტის გაზსადენზე;

თ) საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საწარმო, რომელიც აპროექტებს, აშენებს და ექსპლუატაციას უწევს არაუმეტეს 1, 2 მეგპა (12 კგძ/სმ2) ჭარბი წნევის ბუნებრივი გაზით და არაუმეტეს 1, 6 მეგპა (16 კგძ/სმ2) ჭარბი წნევის გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით მომარაგების სისტემებს და ასევე მოიხმარს გაზს ტექნოლოგიური მიზნებისათვის, ამზადებს და იყენებს გაზის მეურნეობის მოწყობილობას.

2. ყველა გაზის მიმწოდებელი საწარმოზე და სამრეწველო ობიექტი უფელბამოსილია აწარმოოს შესაბამისი საქმიანობა ისეთი უსაფრთხოების სტანდარტების გამოყენებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ „რეგლამენტს“.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემა:

ა) ბუნებრივი გაზის განაწილებისას – გაზსადენების კომპლექსი მაგისტრალური გაზსადენის გამანაწილებელი სადგურიდან მომხმარებლებამდე: გაზსადენები, ნაგებობები გაზსადენზე, გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის საშუალებები, მარეგულირებელი სადგურები, პუნქტები, დანადგარები, სამრეწველო ობიექტების, ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი შენობების, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების გაზსადენები და გაზმოწყობილობა;

ბ) გათხევადებული ნახშიწყლბადიანი გაზების განაწილებისას – გაზსავსები სადგურების, პუნქტების, სარკინიგზო და საავტომობილო გაზის ცისტერნების, გაზის ბალონების საზიდი სპეციალური ავტოტრანსპორტის, ჯგუფური ბალონიანი დანადგარების, მიწისზედა და მიწისქვეშა რეზერვუარების, ბალონების პარკის ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტებისა და მოსახლეობის მომარაგებას.

2. საწარმოს (ორგანიზაციის) გაზის სისტემა საწარმოს (ორგანიზაციის) ტერიტორიაზე განლაგებული გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემა.

3. გაზმოწყობილობა – მარეგულირებელი, ჩამკეტი, მცველი არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიზაციის საშუალებები, სანთურები, აგრეთვე, გაზის ხელსაწყოები და აპარატები, რომლებშიც გაზი გამოიყენება საწვავად ორთქლისა და ცხელი წყლის მისაღებად, საკვების მოსამზადებლად და გათბობისათვის, აგრეთვე ტექნოლოგიურ ნედლეულად.

4. გაზის მიმწოდებელი საწარმო – საწარმო, მათ შორის გამანაწილებელი საწარმო, რომელიც ახორციელებს ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების სისტემების და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას.

5. გაზის სისტემაზე პასუხისმგებელი პირი _ საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია გაზის მეურნეობის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.

6. გაზსადენი – მილსადენი გაზის ტრანსპორტირებისათვის გაზის შორეული ტრანსპორტირებისათვის მოპოვების ადგილიდან მოხმარების პუნქტამდე.

7. ბუნებრივი გაზი (აირი) – ნახშირწყალბადები, რომლებიც 12 მპა წნევასა და 2000C ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31, 8 მეგჯ/მ3 (7600 კკალ/მ3).

8. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზები (აირები) – ნახშირწყალბადების ნარევი (ძირითადად პროპანი C3H8 და ბუტანი C4H10), რომლებიც შედარებით მცირე წნევის ან ტემპერატურისას თხევად, ნორმალურ პირობებში კი აირად მდგომარეობაშია.

9. მაგისტრალური მილსადენი (მილსადენი) –  მილსადენები, და მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია  ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მომხმარებლისათვის მისაწოდებლად.

10. დასახლებული პუნქტის გაზსადენი – გაზსადენი მაგისტრალური გაზსადენის მანაწილებელი სადგურიდან გაზის მომხმარებლებამდე (შენობებისა და ნაგებობების გარე კედლებამდე).

11. შიდა გაზსადენები – გაზსადენები სხვადასხვა დანიშნულების შენობებისა და ნაგებობის შიგნით.

12. ოდორანტი – მოხმარების უსაფრთხოების გაზრდისა და გაჟონვის გამოვლენის მიზნით გაზში დასამატებელი ნივთიერება დამახასიათებელი სუნის მისაცემად.

13. ოდორიზაცია – გაზში ოდორანტის შერევა.

14. გაზსავსები სადგური – საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მიღება რკინიგზის, წყლის, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლებისათვის მიწოდება ავტოცისტერნებით და ბალონებით, აგრეთვე, ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა.

15. გაზსავსები პუნქტი მცირე მწარმოებლურობის საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მიღება უპირატესად საავტომობილო ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლისათვის მიწოდება ბალონებით, აგრეთვე, ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა.

16. სარეზერვუარო დანადგარი – დანადგარი, რომელიც რეზერვუარიდან გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით ამარაგებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს, საზოგადოებრივ შენობებს, კომუნალურ, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს.

17. ჯგუფური ბალონიანი დანადგარი _ გაზმომარაგების დანადგარი ორზე მეტი ბალონით.

18. საორთქლებელი დანადგარი – დანადგარი ნახშირწყალბადიანი გაზების ხელოვნურად საორთქლებლად.

19. გაზსაშიში სამუშაო – სამუშაო, რომელიც ტარდება დაგაზიანებულ გარემოში ან რომლის წარმოებისას შესაძლებელია გაზის გაჟონვა.

20. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაო-ნებისმიერი სამუშაო ღია ცეცხლის გამოყენებით.

21. გაზსადენების კოროზიისაგან დაცვა – ღონისძიებათა კომპლექსი მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების დასაცავად ნიადაგისა და მოხეტიალე დენების კოროზიული ზემოქმედებისაგან.

22. გაზსადენების იზოლაცია (პასიური დაცვა) – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების ანტიკოროზიული საფარი, რომელიც გამორიცხავს ნიადაგთან მილის ლითონის შეხებას.

23. გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვა – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების კათოდური, სადრენაჟო და პროტექტორული დაცვა, რომელთა მიზანია, შესაბამისად, გაზსადენებზე კათოდური პოლარიზაციის უზრუნველყოფა, მოხეტიალე დენების დაბრუნება მათ გამომწვევ წყარომდე (რკინიგზის, ელექტროფიცირებული საქალაქო ტრანსპორტის წევის ქვესადგურები) ან გაზსადენების ნაცვლად თვით პროტექტორის (ანოდური ელექტროდის) დაშლა.

24. მილსადენის არმატურა – მოწყობილობა მილსადენით ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზისა და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ნაკადების მართვისათვის. იყოფა სამ ძირითად კლასად: ჩამკეტი, მარეგულირებელი და მცველი.

25. ჩამკეტი არმატურა – მოწყობლობა მილსადენში ნაკადის გადასაკეტად.

26. მარეგულირებელი არმატურა – მოწყობილობა გაზის გამომავალი წნევის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, მიუხედავად გაზის ხარჯისა.

27. მცველი არმატურა – მოწყობილობა გაზის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად.

28. მცველი საფალიე მოწყობილობა – მოწყობილობა გაზის სანთურის და მაზუთის მფრქვევანას ავტომატური ან დისტანციური დანთებისათვის.

თავი II

პერსონალი

მუხლი 3. მომსახურე პერსონალი

1. გაზის სისტემების მქონე ობიექტებზე სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია.

თავი III

გაზის სისტემები

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები გაზის სისტემების მიმართ

1. გაზმომარაგების სისტემების დაპროექტებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას ახორციელებენ იურიდიული ან/და ფიზიკური პირები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. გაზის სისტემების ახალი საწარმოო პროცესებისა და ტექნოლოგიების დამუშავება და დანერგვა, ახლად დამუშავებული მოწყობილობისა და ავტომატიზაციის საშუალებების ნიმუშების გამოცდა ხორციელდება მწარმოებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად ტექნიკური პირობების მიხედვით.

3. გაზმომარაგების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს გაზით უწყვეტ და უსაფრთხო მომარაგებას, აგრეთვე, გაზის მომხმარებლების ოპერატიული გამორთვის შესაძლებლობას.

4. გაზმომარაგებაში განხორციელებული უნდა იქნეს გაზის გაწმენდა  მყარი და თხევადი მინარევებისაგან.

5. ბუნებრივი გაზის ოდორიზაციას ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენის საწარმო, ხოლო გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისას დამამზადებელი ქარხანა.

6. სუნის ინტენსიურობის საკონტროლო სინჯების აღების პუნქტებს (ადგილებს) და პერიოდულობას ადგენს გაზის მიმწოდებელი საწარმო.

მუხლი 5. გაზმომარაგების სისტემაში გაზის წნევის ნორმები   

1. გაზმომარაგების  სისტემაში წნევასთან დამოკიდებულებაში გაზის ტრანსპორტირებისას გაზსადენები იყოფა:

ა)  მაღალი წნევის  გაზსადენები I კატეგორიის 0.6 მეგპა (6 კგძ/სმ2) წნევიდან 1.2 მეგპა (12 კგ ძალა სმ2) წნევის ჩათვლით. ბუნებრივი გაზისა და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი  1.6 მეგპა (16 კგძ/სმ2)-მდე;

ბ) მაღალი წნევის გაზსადენები  II   კატეგორია 0.3  მეგპა (3  კგძ/სმ2)-დან 0.6 მეგპა (6  კგძ/სმ2) მუშა წნევამდე;

გ) საშუალო წნევის გაზსადენები 0.005 მეგპა (0.05 კგძ/ სმ2)-დან  0.3 მეგპა (3კგძ/სმ2) მუშა წნევამდე;

დ) დაბალი წნევის გაზსადენები 0.005 მეგპა (0.05 კგძ/სმ2) მუშა წნევის ჩათვლით.

2. გაზის წნევის სიდიდე გაზმომარაგების სისტემებში უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნებს.

მუხლი 6. გაზის სისტემების ექსპლუატაცია

1. საცხოვრებელი შენობების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის ტექნიკური მომსახურება და რემონტი ხორციელდება გაზის მიმწოდებელი საწარმოს მიერ ან, გაზის მიმწოდებელ საწარმოსთან შეთანხმებით, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი და სამრეწველო ობიექტების გაზის სისტემების უსაფრთხო ექსპლუატაციის ორგანიზაცია ევალება მათ მფლობელს.

3. საწარმო ვალდებულია ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში შეინახოს გაზმომარაგების საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაცია.

თავი IV

გაზსაშიში სამუშაოები

მუხლი 7. ზოგადი მოთხოვნები გაზსაშიში სამუშაოების მიმართ

1. აკრძალულია გაზსაშიში სამუშაოების წარმოების ადგილას გარეშე პირთა ყოფნა, აგრეთვე თამბაქოს მოწევა და ღია ცეცხლის წყაროს გამოყენება. ქვაბულები და ჭები მათში სამუშაოების წარმოებისას უნდა შემოიღობოს. სამუშაო ადგილის მახლობლად უნდა განლაგდეს მაფრთხილებელი ნიშნები.

მუხლი  8. საკონტროლო დაწნეხა

1. ყველა გაზსადენი და გაზმოწყობილობა, მოქმედ გაზსადენთან მიერთებამდე, აგრეთვე  მათი რემონტის შემდეგ ექვემდებარება გარეგან დათვალიერებას და საკონტროლო დაწნეხას.

2. საკონტროლო დაწნეხა წარმოებს ჰაერით ან ინერტული აირით შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით .

3. ნებისმიერი წნევის დასახლებული პუნქტის გაზსადენი ექვემდებარება საკონტროლო დაწნეხას  შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

4. ობიექტების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის, აგრეთვე გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების, გაზსავსები სადგურებისა და პუნქტების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის დაწნეხა სრულდება  შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

5. ობიექტების შიგა გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის საკონტროლო დაწნეხა წარმოებს შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

6. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეზერვუარიანი და ჯგუფურბალონიანი დანადგარების შემოსაკრავები საკონტროლოდ უნდა დაიწნეხოს შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად.

მუხლი 9. გაზის გაშვება

1. გაზის გაშვებისას გაზსადენები უნდა განიავდეს ჰაერის სრულად გამოდევნამდე. განიავების დამთავრება განისაზღვრება ანალიზით ან აღებული სინჯების დაწვით.

2. გაზსადენის გაქრევისას აკრძალულია გაზჰაერის ნარევის გამოშვება სათავსებში, კიბის უჯრედებში, აგრეთვე სავენტილაციო და კვამლსარინ სისტემებში. გაზჰაერის ნარევი გაზსადენის გაქრევისას გამოშვებული უნდა იქნეს ისეთ ადგილებში, სადაც გამორიცხულია მისი შენობაში მოხვედრა ან აალება ცეცხლის წყაროდან.

3. მომხმარებლისაკენ  განშტოებებზე, ცალკეული  შენობების შემყვანებზე დაყენებული სახშობების მოხსნა ხდება გაზის გაშვების სამუშაოების ხელმძღვანელი პირის მითითებით, ვიზუალური დათვალიერებისა და გაზსადენის დაწნეხის შემდეგ.

4. საცხოვრებელ სახლებში გაზის გაშვებამდე მობინადრეებს გაზის მიმწოდებელმა საწარმომ უნდა აცნობოს გაზის გაშვების შესახებ და გააცნოს გაზით უსაფრთხო სარგებლობის წესები.

5. გაზსადენებზე, რომლებშიც შეწყვეტილია გაზის მიწოდება 6 თვეზე მეტი ხნით, გაზის გაშვებამდე უნდა ჩატარდეს ხელახალი გამოცდა სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე ახლად აშენებული გაზსადენის გამოცდის ნორმების მიხედვით, შემოწმდეს ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის დანადგარების მუშაობა, საკვამლე და სავენტილაციო სისტემების მდგომარეობა, გაზის მოწყობილობის, არმატურის, საზომ და ავტომატიზაციის საშუალებათა კომპლექტურობა და გამართულობა.

თავი V

დასახლებული პუნქტის გაზსადენები და მისი ნაგებობები

მუხლი 10. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და ნაგებობების მიმართ

1. მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელი სადგურის გამოსასვლელზე გაზის წნევის სიდიდე მიმწოდებელმა უნდა შეინარჩუნოს წინასწარ დადგენილ ნომინალურ ან მომხმარებელთან ოფიციალურად შეთანხმებულ დონეზე. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ქსელებში გაზის წნევის კონტროლი ხდება მისი გაზომვით გაზმომარაგების რეჟიმის მიხედვით ყველაზე დაბალი წნევის წერტილებში წელიწადში ერთხელ მაინც (ზამთრის პერიოდში) გაზის მაქსიმალური მოხმარების საათებში. გაზომვის წერტილები (პუნქტები) შეირჩევა გაზის მიმწოდებელი საწარმოს მიერ.

2. გაზსადენებზე დამონტაჟებული ჩამკეტი არმატურისა და კომპენსატორებისათვის აუცილებელია ყოველწლიური ტექნიკური მომსახურებისა და, საჭიროების შემთხვევაში, რემონტის ჩატარება.

3. იმ საწარმოს ადმინისტრაციამ, რომლის ტერიტორიაზეც ტრანზიტით გადის გაზსადენი, უნდა უზრუნველყოს გაზის მიმწოდებელი საწარმოს მომსახურე პერსონალის დაშვება გაზსადენის დათვალიერებისა და რემონტის ჩასატარებლად, საავარიო სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის.

4. გაზსადენის მომიჯნავე მიწისქვეშა ნაგებობების (კომუნიკაციების) მფლობელები დროულად უნდა ატარებდნენ გაზსადენიდან 15 მ-ის მანძილზე მაინც ჭებისა და კამერების სახურავების წმენდას მათი დაგაზიანების შემოწმების მიზნით გაზის მიმწოდებელი საწარმოს მიერ.

5. სარტყამი მექანიზმებისა და მიწასათხრელი ტექნიკის მუშაობის დაწყებამდე უნდა განისაზაღვროს გაზსადენის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა ხელსაწყოებით ან შურფების ხელით გათხრით.

6. მოქმედი გაზსადენების მახლობლად შენობების, საინჟინრო ნაგებობების (კომუნიკაციების), გზების მშენებლობისას და მათ მიერ გაზსადენების გადაკვეთის შემთხვევაში სამშენებლო საწარმოებმა უნდა დაიცვან მოქმედი რეგლამენტებისა და პროექტის მოთხოვნები.

7. მოქმედ დასახლებული პუნქტის გაზსადენებზე უნდა ტარდებოდეს შემოვლა, ტექნიკური გამოკვლევა ხელსაწყოებით, რიგგარეშე ტექნიკური გამოკვლევა, აგრეთვე მიმდინარე და კაპიტალური რემონტები.

მუხლი 11. ტექნიკური გამოკვლევა ხელსაწყოებით

1. მოქმედი მიწისქვეშა გაზსადენების ტექნიკური გამოკვლევა ხელსაწყოებით უნდა ჩატარდეს საქართველოში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

თავი VI

გაზმარეგულირებელი სადგურები, პუნქტები და დანადგარები

მუხლი 12. ზოგადი მოთხოვნები გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების მიმართ

1. გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების მუშაობის რეჟიმის დადგენა ხდება პროექტის შესაბამისად.

2. სამრეწველო, ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების, საცხოვრებელი შენობების გაზმარეგულირებელი დანადგარების გამართვის პარამეტრები განისაზღვრება პროექტით და ზუსტდება გაზის გაშვების სამუშაოების დროს.

3. ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები და სამუშაოები, რომლებიც სრულდება ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერების (შემოვლის), ტექნიკური მომსახურების, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დროს, უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სტანდარტის  მოთხოვნებს.

4. ჰაერის ტემპერატურა გაზმარეგულირებელი სადგურებისა და პუნქტების სათავსებში განისაზღვრება პროექტით, გამოყენებული მოწყობილობის კონსტრუქციისა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების მიხედვით, დამამზადებელი ქარხნების პასპორტების შესაბამისად.

5. გაზმარეგულირებელი სადგურის, პუნქტის შენობაზე გარედან, კარადისებრ მარეგულირებელ პუნქტზე და გაზმარეგულირებელი დანადგარის შემოღობვაზე უნდა იყოს მაფრთხილებელი წარწერები „ცეცხლსაშიშია – გაზი“.

მუხლი 13. შემოვლა

1. გაზმარეგულირებელი სადგურების (იქ, სადაც არ არის სადღეღამისო მორიგეობა), პუნქტებისა და დანადგარების ექსპლუატაციისას უნდა შემოწმდეს (შემოვლით) მათი ტექნიკური მდგომარეობა საწარმოო ინსტრუქციით დადგენილი პერიოდულობით.    

2. გაზის გაჟონვები უნდა აღმოიფხვრას დაუყოვნებლივ.

მუხლი 14. წნევის რეგულატორები

1. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების წნევის რეგულატორებიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი გაზის წნევა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს.

2. გაზის წნევის რყევა გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების გამოსასვლელზე დასაშვებია მუშა წნევის 10%-ის ფარგლებში. მუშა წნევის მომატების ან შემცირების გამომწვევი უწესივრობები რეგულატორში უნდა აღმოიფხვრას საავარიო წესით.

3. გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში წნევის რეგულატორის მუშაობაში ჩართვა დასაშვებია მცველი ჩამკეტი სარქვლის ამოქმედების მიზეზების გამოვლენისა და უწესივრობის აღმოსაფხვრელად ზომების მიღების შემდეგ.

4. ექსპლუატაციის გარანტირებული ვადის მქონე რეგულატორების ტექნიკური მომსახურება და მიმდინარე რემონტი წარმოებს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად. გარანტირებული ვადის გასვლის შემდეგ აუცილებელია ასეთი რეგულატორების შემოწმება და მოწესრიგება.

მუხლი 15. მცველი სარქვლები

1. მცველი საგდები სარქველი (მათ შორის, რეგულატორში ჩაშენებული), უნდა უზრუნველყოფდეს გაზის გადაგდებას რეგულატორის შემდეგ მაქსიმალური მუშა წნევის არაუმეტეს 15%-ით გადამეტებისას.

2. მცველი ჩამკეტი სარქვლის ამოქმედების ზედა ზღვარი 25%-ზე მეტად არ უნდა აღემატებოდეს რეგულატორის შემდეგ გაზის მაქსიმალურ მუშა წნევას.

3. მცველი სარქვლების ამოქმედების პარამეტრების შემოწმება ხდება შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნილი პერიოდულობით. აგრეთვე მოწყობილობის რემონტის დამთავრების შემდეგ.

4. მცველი სარქვლების ამოქმედების პარამეტრების გამართვისა და შემოწმების რეჟიმმა არ უნდა შეცვალოს გაზის მუშა წნევა რეგულატორის შემდეგ.

5. მცველი სარქვლების ამოქმედების პარამეტრების გამართვა და შემოწმება დასაშვებია წნევის რეგულატორის საშუალებით  შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნით.

6. უწესივრობები მცველი სარქვლების მუშაობაში უნდა აღმოიფხვრას საავარიო წესით.

მუხლი 16. ფილტრები

1. ფილტრზე გაზის წნევათა სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებელი ქარხნის მიერ დადგენილ სიდიდეს.

თავი VII

სამრეწველო ობიექტების შიგა გაზსადენები და გაზგამომყენებელი დანადგარები

მუხლი 17. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და გაზგამომყენებელი დანადგარების მიმართ

1. სათავსი, რომელშიც გაყვანილია გაზსადენები და დადგმულია გაზგამომყენებელი აგრეგატები და არმატურა, უნდა იყოს მისაწვდომი მომსახურე პერსონალისათვის და შეესაბამებოდეს პროექტს.

2. შიგა გაზსადენებსა და გაზმოწყობილობას უნდა ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურება დამამზადებელი ქარხნის ტექნიკური ინსტრუქციის შესაბამისად.

3. გაზსატარების და საკვამლე მილების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, გაწმენდა და რემონტი უნდა ჩატარდეს ღუმლების, ქვაბებისა და სხვა მოწყობილობის რემონტის დროს, აგრეთვე, წნევის დარღვევისას.

4. მომსახურე პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გაზის მიწოდება:

ა) დაგაზიანების გაჩენისას;

ბ) გაზმოწყობილობასა და გაზსადენებზე გაზის გაჟონვის გამოვლენისას.

თავი VIII

ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი შენობების გაზსადენები და გაზმოწყობილობა

მუხლი 18. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის მიმართ

1. მფლობელმა და გაზის მიმწოდებელმა საწარმომ, რომლებიც შენობის საინჟინრო მოწყობილობას უწევენ ტექნიკურ მომსახურებას, უნდა უზრუნველყონ:

ა) სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემების, მათ შორის, ლითონის შემაერთებელი მილების, კვამლსადენების სათავსების მდგომარეობის დროული შემოწმება;

ბ) შეტყობინების დაუყოვნებლივი გადაცემა გაზის მიმწოდებელი საწარმოსადმი გაზხელსაწყოების გამორთვის აუცილებლობის შესახებ კვამლსადენების უწესივრობისა და ახალი ხელსაწყოების დამონტაჟების წესების დარღვევის გამოვლენისას;

გ) პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მობინადრეებს.

მუხლი 19. გაზსადენები და გაზმოწყობილობა

1. საცხოვრებელი შენობების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის (ხელსაწყოებისა და აპარატების) ტექნიკური მომსახურებას ატარებს გაზის მიმწოდებელი საწარმო ან სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. დაწვის პროდუქტების ორგანიზებული არინების მქონე გაზის ხელსაწყოებისა და აპარატების სანთურებთან გამოკრული უნდა იყოს გაზით უსაფრთხო სარგებლობის წესი, სადაც უნდა იყოს გაფრთხილება ანთებამდე და ანთების შემდეგ წნევის არსებობის შემოწმების აუცილებლობის შესახებ.

მუხლი 20. სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემები

1. სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემები ექვემდებარება პერიოდულ შემოწმებას მფლობელის მიერ.

2. სისტემების გამოკვლევასა და რემონტს ატარებს გაზის მიმწოდებელი საწარმო ან სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი.

3. შემდგომი ექსპლუატაციისათვის სისტემების უვარგისობის გამოვლენის შემთხვევაში ხარვეზის გამომვლენი ვალდებულია  გააფრთხილოს მომხმარებელი გაზის ხელსაწყოებითა და აპარატებით სარგებლობის აკრძალვის შესახებ.

თავი IX

გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით შემვსები სადგურები და პუნქტები (გაზსავსები სადგურები და პუნქტები)

მუხლი 21. ზოგადი მოთხოვნები გაზსავსები სადგურებისა და პუნქტების მიმართ

1. ტექნოლოგიური პროცესების წარმართავ, ტექნოლოგიური და ელექტრული მოწყობილობის, გაზსადენების, სანიტარიულ-ტექნიკური ნაგებობების მდგომარეობამ გაზსავსებ სადგურებსა და პუნქტებში უნდა უზრუნველყოს უავარიო მუშაობა და პერსონალის უსაფრთხოება.

2. საწარმოო პროცესები უნდა წარიმართოს საწარმოო ინსტრუქციების,   ტექნოლოგიური სქემების თანახმად ამ რეგლამენტის დაცვით.

3. გაზსადენებზე ნაჩვენები უნდა იყოს გაზის ნაკადების მოძრაობის მიმართულებები.

4. მიღებული და მომხმარებლებზე გაცემული გაზი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნებს.    

5. გაზის სუნის ინტენსიურობა მოწმდება შესაბამისი სტანდარტის შესაბამისად.

6. დაუშვებელია მომუშავე ტექნოლოგიურ მოწყობილობაზე გაზის გაჟონვების აღმოფხვრის სამუშაოების ჩატარება. გაზსადენების შეერთებისა და არმატურის დაშლა დასაშვებია გამორთვისა და ინერტული აირით ან ორთქლით გაქრევის შემდეგ.

7. გაზსადენების, არმატურის და ტექნოლოგიური მოწყობილობის ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტი ტარდება დამამზადებელი ქარხნების ინსტრუქციებისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

8. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებისას ძირითადი საწარმოო საქმიანობა (ჩამოსხმა-ჩასხმა) უნდა იქნეს შეჩერებული, საწარმოო ზონის ვენტილაციის სისტემები – ჩართული.

9. სამუშაოების დაწყების წინ და პროცესში სადგურში (პუნქტში) უნდა ჩატარდეს ჰაერის გარემოში გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ორთქლის შემცველობის ანალიზი მოქმედი სტანდარტებით. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ორთქლის გამოვლენისას ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა შეწყდეს.

10. სადგურის (პუნქტის) საწარმოო ზონაში აკრძალულია გარეშე პირთა ყოფნა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც არაა დაკავშირებული წარმოებასთან.

11. სადგურის (პუნქტის) ტერიტორიაზე დასაშვებია შევიდეს გაზის გადასაზიდად განკუთვნილი ტრანსპორტი:

ა) სპეციალურად მოწყობილი ავტომანქანები;

ბ) სატვირთო ავტომანქანები, რომელთაც აქვთ ნაპერწკალსაქრობები გამოსაბოლქვ მილზე, ხის კალაპოტები ან რეზინის (თოკის) რგოლები და სამარჯვები ბალონების დასამაგრებლად.

12. მოძრავი გაზსავსები სადგურები და პუნქტები აღჭურვილი უნდა იყოს ხანძრის ჩასაქრობი საშუალებებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საშიშროების აღმნიშვნელი ფირნიშით.

13. საყოფაცხოვრებო ბალონების ასავსებად განკუთვნილი მოედანი აღჭურვილი უნდა იყოს:

ა) გადავსებული ბალონებიდან გაზის ჩამოსასხმელი ჭურჭლით (ბალონით);

ბ) მოწყობილობის ჩამიწების კონტურით;

გ) ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით.

მუხლი 22. ჩამოსხმა-ჩასხმის ოპერაციები

1. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ჩამოსხმა-ჩასხმის ოპერაციები  სარკინიგზო და საავტომობილო  ცისტერნებიდან  სრულდება საწარმოო ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

მუხლი 23. რეზერვუარები და ბალონები

1. რეზერვუარის ავსების მაქსიმალური დონე არ უნდა აღემატებოდეს მისი მოცულობის 85%-ს.

2. რეზერვუარების, ავტოცისტერნებისა და ბალონების ავსებისას აკრძალულია მათში წნევის შემცირება ატმოსფეროში ორთქლის ფაზის გაშვებით.

3. ბალონებში გაზის მიმწოდებელ გაზსადენში თხევადი ფაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს მუშა წნევას.

4. დაუშვებელია კონსტრუქციული დეფექტების მქონე და ტექნიკური შემოწმების ვადაგასული ბალონების ავსება.

5. ბალონებით გაზის ავსების შემდეგ უნდა შემოწმდეს მათი ავსების დონე აწონვით ან სხვა ხერხით, რომელიც უზრუნველყოფს ავსების დონის კონტროლს.

6. ნაჭარბი გაზი უნდა ჩამოიცალოს. გაზის გაშვება ატმოსფეროში აკრძალულია.

7. ავსებული ბალონები უნდა შემოწმდეს ჰერმეტულობაზე. არაჰერმეტული ბალონები უნდა დაიცალოს.

8. რეზერვუარები და ბალონები შემოწმებისა და რემონტის წინ უნდა გათავისუფლდეს გაზისაგან, აუორთქლებელი ნარჩენებისაგან და დამუშავდეს. რეზერვუარებისა და ბალონების დამუშავებაში იგულისხმება მათი გაორთქვლა და შემდეგ ინერტული აირით გაქრევა ან თბილი წყლით შევსება. ამ მიზნით ჰაერის გამოყენება დაუშვებელია. რეზერვუარები ორთქლის ან თხევადი ფაზის გაზსადენებიდან დამატებით ითიშება სახშობებით.

9. რეზერვუარებისა და ბალონების დამუშავების თანამიმდევრობა, დრო და უსაფრთხოების აუცილებელი ზომები განისაზღვრება საწარმოო ინსტრუქციით.

10. რეზერვუარებიდან და გაზსადენების დემონტირებული უბნებიდან პიროფორული დანალექი გატანილი უნდა იქნეს სადგურის ტერიტორიიდან დატენიანებულ მდგომარეობაში.

11. რეზერვუარებისა და ბალონების დამუშავების შემდეგ ნამუშევარი წყალი პირველსაწყისად უნდა დაგროვდეს სალექარში (საწდომში), რომელიც გამორიცხავს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მოხვედრას კანალიზაციაში.

12. სადგურიდან გაცემული ბალონების სარქვლებს ან ვენტილებს უნდა ჰქონდეს მცველი ხუფი.

13. ბალონების გადაადგილებისას გამორიცხული უნდა იყოს მათი ვარდნისა და დაზიანების შესაძლებლობა.

მუხლი 24. ჩამკეტი არმატურა, სარქვლები

1. ჩამკეტი არმატურა, უკუსარქვლები და ჩქაროსნული სარქვლები უნდა უზრუნველყოფდეს სწრაფ და საიმედო გამორთვას.

2. არმატურის მქნევარებზე აღნიშნული უნდა იყოს ბრუნვის მიმართულება არმატურის გაღებისას და დაკეტვისას.

3. არმატურის მომსახურება და მიმდინარე რემონტი წარმოებს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

4. რეზერვუარები და გაზსადენები აღჭურვილი უნდა იყოს მცველი საგდები სარქვლებით. აკრძალულია ტექნოლოგიური მოწყობილობის ექსპლუატაცია უწესივრო და დაურეგულირებელი მცველი საგდები სარქვლებით.

მუხლი 25. კომპრესორები და ტუმბოები

1. მომუშავე კომპრესორები და ტუმბოები უნდა იყოს მომსახურე პერსონალის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

2. კომპრესორებისა და ტუმბოების ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ გამორთულია ან მწყობრიდან გამოსულია ავტომატიკა მათზე, საავარიო ვენტილაცია ან ბლოკირება გამწოვი სისტემის ვენტილატორებთან.

3. გაზის წნევა კომპერსორის საჭირხნ მილყელში არ უნდა აღემატებოდეს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ორთქლის კონდენსაციის წნევას დაჭირხნის ტემპერატურაზე.

4. კომპრესორები და ტუმბოები ავარიულად უნდა გამოირთოს:

ა) გაჟონვებისა და გამომრთველი მოწყობილობის უწესივრობისას;

ბ) ვიბრაციების, არადამახასიათებელი ხმაურისა და კაკუნისას;

გ) საკისრებისა და საჩობლო შემჭიდროვების მწყობრიდან გამოსვლისას;

დ) ზეთისა და წყლის პარამეტრების დასაშვები ზღვრებიდან გამოსვლისას;

ე) ელექტროამძრავისა და ამამუშავებელი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლისას;

ვ) მექანიკური გადაცემებისა და ამძრავების უწესივრობისას;

ზ) გაზის წნევის გადახრისას დასაშვები ზღვრებიდან შესავალ და გამოსავალ მილყელებში.

5. სადგურების (პუნქტების) სატუმბო-საკომპრესორო განყოფილებებში სარემონტო სამუშაოების დროს, აგრეთვე გაზსაშიში სამუშაოების წარმოებისას საწარმოო ზონაში გამორთული უნდა იყოს კომპრესორები და ტუმბოები.

მუხლი 26. სავენტილაციო სისტემები

1. სავენტილაციო სისტემებზე შედგენილი უნდა იყოს საექსპლოატაციო რეესტრი. თითოეულ პასპორტში მოცემული უნდა იყოს სისტემის მწარმოებლურობა, მისი სქემა, ვენტილატორისა და ელექტროძრავას მახასიათებლები და ტიპი, ცნობები რემონტისა და გამართვის შესახებ.

2. ყველა ცვლილება სავენტილაციო სისტემების კონსტრუქციაში შეიტანება პროექტის საფუძველზე.

3. სავენტილაციო სისტემებმა წელიწადში ერთხელ მაინც, აგრეთვე, კაპიტალური რემონტისა და გამართვის  შემდეგ და ჰაერის ანალიზის არადამაკმაყოფილებელი  შედეგებისას უნდა გაიაროს შემოწმება.

თავი X

ლითონების გაზის ალით დამუშავება გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) გამოყენებით

მუხლი 27. მოთხოვნები ლითონების გაზის ალით დამუშავებისას

1. გაზით ჭრის, შედუღების და ლითონების გაზის ალით დამუშავების სხვა სახის სამუშაოები, აგრეთვე, ღია ცეცხლის გამოყენება სხვა წყაროებიდან დაცილება დასაშვებია შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

2. მუშაობის დროს თხევადი გაზის ბალონები უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

3. თხევადგაზიანი ბალონის მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურაა 450C. შენობაში მოთავსებული ბალონები დაცილებული უნდა იყოს გათბობის რადიატორებისა და გათბობის სხვა ხელსაწყოებიდან და ცეცხლიანი სითბოს წყაროებიდან სტანდარტით გათვალისწინებული მანძილით.

4. გადასატანი სანთურებისა და მოძრავი აგრეგატების მიერთება დასაშვებია რეზინქსოვილის სახელურებით, რომელთა დამზადების ტექნიკურ პირობებსა და სტანდარტებში აღნიშნულია გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისათვის მათი გამოყენების შესაძლებლობა.

5. აკრძალულია გაზით ჭრის, შედუღებისა და ლითონის გაზის ალით დამუშავების სხვა სახის სამუშაოების ჩატარება ცოკოლისა და სარდაფის სათავსებში, აგრეთვე ჭებში, შახტებსა და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში.

6. აკრძალულია ბალონებიდან თხევადი გაზის მოხმარება მასში სამუშაო წნევის შემცირებისას.

7. აკრძალულია სამუშაო ადგილზე სანთურების, საჭრელების და სხვა აპარატურის შეკეთება.

8. სანთურის (საჭრელის) მუშაობისას ალი არ უნდა იყოს მიმართული ბალონებისაკენ. თუ ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია, ბალონები უნდა გადაიღობოს ლითონის ეკრანით.

9. აკრძალულია საწვავი გაზების სახელოების გაქრევა ჟანგბადით და ჟანგბადის სახელოების გაქრევა საწვავი გაზით, აგრეთვე, სახელოების ურთიერთშენაცვლება.

თავი XI

გაზსადენების ელექტროქიმური კოროზიისაგან დაცვა

მუხლი 28. მოთხოვნები გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვისას

1. ფოლადის მიწისქვეშა გაზსადენებისა და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეზერვუარების ექსპლუატაციისას უნდა სრულდებოდეს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები.

2. გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის საშუალებათა ექსპლუატაცია და პოტენციალის პერიოდული კონტროლი მიწისქვეშა გაზსადენებზე ტარდება სპეციალიზებული საწარმოს, სამსახურის (ჯგუფის), ლაბორატორიის მიერ.

თავი XII

თბოელექტროსადგურების და საქვაბეების გაზმომარაგების

სისტემების ექსპლუატაცია

მუხლი 29. მოთხოვნები საქვაბეების გაზმომარაგების სისტემების ექსპლუატაციისას

1. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება იმ საქვაბე აგრეგატების გაზსადენებსა და გაზმოწყობილობაზე, რომელთა ერთეული თბური მწარმოებლურობა აღემატება 420 გჯ/სთ (100 გკალ/სთ)-ს.

2. თბოელექტროსადგურების  ცალკე  მდგომ  სათავსებში, სადაც მოთავსებულია გაზმოწყობილობა თვალსაჩინო ადგილებზე დაყენებული უნდა იქნეს დაგაზიანების სიგნალიზატორები. 

3. გაზზე მომუშავე საქვაბე აღჭურვილი უნდა იყოს ტექნოლოგიური დაცვის სისტემებით ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

მუხლი 30. გაზსადენების გამოცდა

1. მშენებლობადამთავრებული დასახლებული პუნქტის გაზსადენის სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდამდე  საჭიროა  მათი  შიგა სიღრუის  გაწმენდა. გაწმენდის ხერხი განისაზღვრება სამუშაოთა წარმოების პროექტით. შიგა გაზსადენებისა და გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების გაზსადენების გაწმენდა ხდება მონტაჟის დაწყებამდე.

2. გამოცდას სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე ატარებს სამშენებლო-სამონატაჟო საწარმო საექსპლუატაციო საწარმოს წარმომადგენლის თანდასწრებით. დასაშვებია სიმტკიცეზე გამოცდის ჩატარება საექსპლუატაციო საწარმოს წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე მასთან შეთანხმებით. გამოცდის შედეგები ფორმდება ჩანაწერით სამშენებლო პასპორტში.

3. ერთდროულად გამოსაცდელი გაზსადენების სიგრძე გაზსადენების დიამეტრთან დამოკიდებულებაში უნდა აკმაკოფილებდეს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნებს.

4. გაზსადენების სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდისათვის გამოიყენება შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული მანომეტრები.

5. დასახლებული პუნქტის გაზსადენების, გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების გამოცდები სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე ტარდება ჩამკეტი არმატურის, მოწყობილობისა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაყენების შემდეგ.

6. დასახლებული პუნქტის გაზსადენის სიმტკიცეზე გამოცდა ტარდება გამორთული მოწყობილობით, თუ ეს მოწყობილობა არ არის გათვლილი გამოსაცდელ წნევაზე.

7. წნევის ნორმები გაზსადენების სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

8. მიწისქვეშა გაზსადენების ჰერმეტულობაზე გამოცდა ტარდება თხრილის შევსების შემდეგ საპროექტო ნიშნულებამდე. მიწისქვეშა გაზსადენების ჰერმეტულობაზე გამოცდის დაწყებამდე ჰაერის ტემპერატურა მილში უნდა გაუტოლდეს გრუნტის ტემპერატურას. სხვადასხვა დიამეტრის გაზსადენებისათვის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

9. გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ ფაქტობრივი წნევის დაცემა ნაკლებია დასაშვებზე.

10. დაბალი წნევის გაზსადენები საცხოვრებელ სახლებში, საზოგადოებრივ და ადმინისტრაციულ ობიექტებში სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოიცდება შენობაში შემყვანზე დაყენებული გამომრთველი მოწყობილობიდან გაზის ხელსაწყოს წინ დაყენებულ ონკანამდე, სიმტკიცეზე გამოცდისას გაზის ხელსაწყო გამორთული უნდა იყოს, ხოლო, თუ მრიცხველი არ არის გათვლილი გამოსაცდელ წნევაზე, შეიცვალოს შესაკრავით.

11. გაზიფიცირებულ საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში დამატებითი გაზის ხელსაწყოების დაყენებისას, თუ გაზსადენების სიგრძე არ აღემატება 5 მ-ს, მათი გამოცდა დასაშვებია გაზით (მუშა წნევით) და ყველა შეერთების შემოწმებით ხელსაწყოთი ან საპნის ემულსიით.

12 .უმცირესი მანძილი (გეგმაში) მიწისქვეშა გაზსადენებიდან  შენობა-ნაგებობებამდე სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გამოყენებით.  

13. მანძილი (გეგმაში) მიწისქვეშა საინჟინრო ქსელებიდან შენობა-ნაგებობებამდე განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

14. მაძილი  ვერტიკალურად (სიოში) ნებისმიერი წნევის მიწისქვეშა გაზსადენის მიერ სხვადასხვა მიწისქვეშა ნაგებობის გადაკვეთისას მანძილები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

15. მანძილი (გეგმაში) საინჟინრო მიწისქვეშა ქსელებს შორის განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.               

16. მინიმალური მაძილი  ჰორიზონტალურად (სიოში), საყრდენებზე გაყვანილ მიწისზედა გაზსადენებიდან შენობა-ნაგებობებამდე განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

17. მინიმალური მანძილი გადაკვეთისას ან მიახლოებისას (სიოში) მიწისზედა გაზსადენებსა და ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზებს შორის ხდება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

18. მინიმალური მანძილის (სიოში) შენობის შიგნით განლაგებულ გაზსადენებსა და საინჟინრო კომუნიკაციებს შორის დადგენა ხდება შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად.

19. მინიმალური მანძილი (სიოში) შენობის კედელზე გაყვანილ გაზსადენსა და კავშირგაბმულობისა და სადენიანი მაუწყებლობის ნაგებობებს შორის ხდება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

20. მინიმალური მანძილი გაზასავსებ სადგურებში განლაგებული გათხევადებული ნახშირშყალბადიანი გაზების შესანახი რეზერვუარებიდან შენობა-ნაგებობამდე, რომლებიც არ განეკუთვნება გაზსავსებ სადგურს, დგინდება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

21. მინიმალური მანძილი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების შესანახი რეზერვუარებიდან სავტომობილო გზებამდე და რკინიგზამდე, დადგენა ხორციელდება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

22. მინიმალური მანძილი სამრეწველო საწარმოთა ტერიტორიაზე განლაგებული გაზსავსები სადგურის რეზერვუარებიდან ამ საწარმოთა შენობა-ნაგებობებამდე განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტებით.

25. მინიმალური მანძილი სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებული გაზსავსები სადგურის რეზერვუარებიდან ამ საწარმოს სატრანსპორტო გზებამდე განისაზაღვრება ღვრება, შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.                           

23. მინიმალური მანძილი გაზსავსებ სადგურში განლაგებული გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების შესანახი რეზერვუარებიდან გაზსავსები სადგურის შენობა-ნაგებობებამდე განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

24. მინიმალური მანძილი გაზსავსები პუნქტიდან და ბალონების საშუალედო საწყობიდან სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობამდე, განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

25.  მინიმალური მანძილი ჯგუფური სარეზერვუარო დანადგარების რეზერვუარებიდან სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობამდე განისაზაღვრება ღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.    

26. რეზერვუარების ჯგუფის მაქსიმალური საერთო მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.    

27. ერთი რეზერვუარის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.                                       

28. მინიმალური მანძილი ჰორიზონტალურად კარადული ჯგუფური ბალონიანი დანადგარიდან და სარეზერვუარო დანადგარიდან მიწისქვეშა ნაგებობებამდე და ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის საჰაერო ხაზებამდე განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

29. მინიმალური მანძილი ჯგუფური ბალონიანი დანადგარიდან შენობა-ნაგებობებამდე განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტებით.

30. მაქსიმალურად დასაშვები გაზის წნევა გაზსადენებში სათავსებს შიგნით განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

31. გაზის ნომინალური წნევა საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წინ, დკპა (მმ წყ.სვ.)განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტებით.

32. მინიმალური მანძილი ცალკე მდგომი გაზმარეგულირებელი სადგურიდან, პუნქტიდან, კარადული დანადგარიდან შენობა-ნაგებობებამდე განისაზაღვრება ღვრება შესაბამისი სტანდარტებით.

33. მიწისზედა გაზსადენების მაღალ საყრდენებზე გაყვანის მინიმალური სიმაღლე (სიოში) განისაზაღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

34. ბალონების მაქსიმალური ტევადობა ჯგუფურბალონიან დანადგარში განისაზაღვრება ღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

35. გაზსადენების შენადუღი პირაპირების კონტროლის ფიზიკური მეთოდებით შემოწმების ნორმები განისაზაღვრება .შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

36. უმცირესი მანძილი ჰორიზონტალურად (სიოში) გაზსადენებსა და სხვა საინჟინრო კომუნიკაციებს შორის სამრეწველო საწარმოთა ტერიტორიებზე განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

37. საწვავი გაზების აალებადობის (აფეთქებადობის) ზღვრები 200 C ტემპერატურის და 760 მმ ვწყ.სვ. წნევისას განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

38. შენობათა კატეგორიები ცეცხლმედეგობის მიხედვით განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

მუხლი 31. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებში, მე-4 მუხლის მე-4, და მე-5 პუნქტებში, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-6 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-10 მუხლის პირველ პუნქტში, მე-11 მუხლის პირველ პუნქტში, მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-15 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-17 მუხლის პირველ პუნქტში, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-20 მუხლის პირველ პუნქტში, 21-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-10 და მე-12 პუნქტებში, 23-ე მუხლის მე-12 პუნქტში, 26-ე მუხლის პირველ პუნქტში, 27-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, 30-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-7, 26-ე, 27-ე, 30-ე, 31-ე, 34-ე, 35-ე და 38-ე პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა  განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტში, მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-8 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტში, 22-ე მუხლის პირველ პუნქტში, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 30-ე მუხლის მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე, 32-ე, 33-ე, 36-ე და 37-ე  პუნქტებში  მითითებული მოთხოვნების დარღვევა  განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

მუხლი 32. კრიტიკული  შეუსაბამობების განსაზღვრა

1. ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-14, მე-15, მე-19 და მე-20 პუნქტებში, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-14 მუხლის პირველ  პუნქტში, მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 23-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-8  პუნქტებში, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2.  ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველ პუნქტში, მე-16 მუხლის პირველ პუნქტში, მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებში, 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, 23-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

მუხლი 33. არაარსებითი შეუსაბამობების  განსაზღვრა

ტექნიკური რეგლამენტის 31-ე და 32-ე  მუხლებში  მოცემული  შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.

მუხლი 34. დადგენილებაში  ცვლილებების  შეტანა

დადგენილებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.