ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017635
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
451
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017635
ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2014 - 12/12/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №451

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  103-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილების  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი - „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესები“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 104-ე მუხლის მეორე ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №2-211 ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



    ტექნიკური რეგლამენტი

პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესები


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე წესები შემუშავებულია „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ,“ საქართველოს კანონისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად პესტიციდების გამოყენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ადგენს პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების დროს უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს, შრომის, საწარმოო და სახანძრო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესებს.

2. წესები ვრცელდება პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია და გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საწარმოო ობიექტზე, პროცესებსა და მოწყობილობებზე.

3. წესების მოთხოვნები არ ვრცელდება სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდებსა და პესტიციდების წარმოებაზე.

4. წესები განკუთვნილია ყველა მეწარმისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან; დასაპროექტებელი, მშენებარე და მოქმედი ობიექტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიური პროცესებისადმი, რომლებიც დაკავშირებულია პესტიციდების და აგროქიმიკატების მოხმარებასთან.

5. სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ, სანიტარიულ და ეკოლოგიურ ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებენ სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურები.

6. საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართულია იმ პესტიციდების და აგროქიმიკატების შემოტანა, შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია და გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია და შეტანილია „პესტიციდების და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგში“ საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.

7. წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ,“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

თავი I

პესტიციდების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესი

მუხლი 2. უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები

1. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნით პესტიციდებთან მუშაობის დროს, მ.შ. პრეპარატების სხვადასხვა ხერხებით შეტანისას, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენება, ტექნიკური უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების და გარემოს დაცვის წესების მკაცრი შესრულება.

2. საშიშროების I კლასის პესტიციდებთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ პირები, რომლებსაც აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სპეციალური განათლება ან პროფესიული მომზადება.

3. გლეხურ/ფერმერულ/კუსტარულ და ოჯახურ მეურნეობებში პესტიციდების გამოყენებისას უნდა იყოს დაცული ტარის ეტიკეტზე და გამოყენების რეკომენდაციებში „პესტიციდების მარკირების წესის“ შესაბამისად მოყვანილი უსაფრთხოების ზომები.

4. დაქირავებული პერსონალი, რომელიც უშუალოდ ღებულობს მონაწილეობას პესტიციდების გამოყენების, ტრანსპორტირების, შენახვის, რეალიზაციის სამუშაოთა ორგანიზებასა და შესრულებაში, შეირჩევა იმ პირებისაგან, რომელთაც გააჩნიათ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სპეციალური განათლება ან მომზადება პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების საკითხებში.

5. პესტიციდებთან, შრომის მავნე და საშიშ პირობებში მომუშავე პირები არსებული წესის მიხედვით, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯებით, გადიან პერიოდულ სამედიცინო შემოწმებებს და პესტიციდებთან უსაფრთხო მუშაობის ინსტრუქტაჟს.

6. პირი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს სამუშაოს შესრულებას, ვალდებულია, პესტიციდებთან მომუშავე პირებს, დაუხასიათოს გამოსაყენებელი პრეპარატები, გააცნოს ადამიანის ორგანიზმზე მათი ზემოქმედების თავისებურებანი, უსაფრთხოების წესები, საწარმოო და პირადი ჰიგიენის მოთხოვნები, ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი ტექნიკური უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, გააცნოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ღონისძიებანი.

7. საშიშროების I და II კლასის პესტიციდებთან სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეადგენს 4 სთ-ს, დანარჩენი პესტიციდების შემთხვევაში 6 სთ-ს. მფრინავთა ეკიპაჟის მუშაობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სპეციალური ინსტრუქციები. პესტიციდებთან მუშაობის დღეებში მომუშავენი ღებულობენ სამედიცინო ჩვენებების შესაბამისად გათვალიწინებულ სხვადასხვა პროდუქტებს. ზეგანაკვეთური მუშაობის შემთხვევაში (4 სთ-ის ზევით), შრომის ანაზღაურება მოხდება „შრომის კოდექსის“ მიხედვით.

8. ყველა პირი, ვინც პესტიციდებთან მუშაობს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

9. პესტიციდებთან მუშაობის ადგილიდან 100 მ-მდე მოშორებით (გაბატონებული ქარის მიმართულების საწინააღმდეგო მხრიდან) უნდა მოეწყოს მცირე მოედნები დასვენებისა და საკვების მისაღებად, უნდა მოხდეს მომარაგება სასმელი წყლით, თითოეული პირი აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებებით და პირველადი დახმარების აფთიაქით, რომელიც კომპლექტდება სოფლის მეურნეობაში პესტიციდების (შხამქიმიკატების) შენახვა-ტრანსპორტირების და გამოყენების მოქმედი სანიტარიული წესების თანახმად.

10. პირველადი დახმარების აფთიაქით უზრუნველყოფა ევალება: პესტიციდების შენახვისა და ტრანსპორტირების დროს პესტიციდების მფლობელს, ხოლო მათი გამოყენებისას – იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლის ნაკვეთებზეც ხდება პესტიციდების გამოყენება. პესტიციდებთან მუშაობის ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი ვალდებულია თვალყური ადევნოს მომუშავეთა მდგომარეობას. მუშაკის პირველივე ჩივილისას პასუხისმგებელმა პირმა უნდა მოარიდოს ის სამუშაოდან, აღმოუჩინოს მას პირველადი დახმარება, გამოუძახოს ექიმს.

11. პესტიციდებთან მომუშავენი ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები. სამუშაოთა მიმდინარეობისას დაუშვებელია საკვებისა და წყლის მიღება, მოწევა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოცილება; ეს დასაშვებია დასვენების დროს, სპეციალურად მოწყობილ მოედანზე.

12. ნათესების, ნარგაობათა და სხვა ობიექტების ქიმიური დამუშავება ხდება მათი წინასწარი დათვალიერების და მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მიერ დამუშავების მიზანშეწონილობის შესახებ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.

13. მცენარეთა ქიმიური დამუშავებისათვის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ „სახელმწიფო კატალოგით“ ნებადართული პესტიციდები.

14. პრეპარატის მოხმარებამდე უნდა შემოწმდეს მისი ვარგისიანობის ვადები და გამოყენების მიზანშეწონილობა ეტიკეტზე მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე.

15. პესტიციდების გამოყენება ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული გამოყენების რეკომენდაციებით, აგრეთვე წინამდებარე წესების შესაბამისად. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დოზირებას, სამუშაო ხსნარების ხარჯვის ნორმას და დამუშავებათა ჯერადობას. აკრძალულია ხარჯვის ნორმის და დამუშავების ჯერადობის გაზრდა იმასთან შედარებით, რაც „სახელმწიფო კატალოგშია“ ნაჩვენები.

16. პესტიციდების გამოყენება ხდება რეკომენდირებულ ვადებში, დასაცავი მცენარისა და მავნე ორგანიზმების ბიოლოგიის გათვალისწინებით. განსაკუთრებით მკაცრად უნდა იქნეს დაცული მოსავლის აღების წინა /ბოლო/ დამუშავების ვადები, ანუ ლოდინის პერიოდი, რომელიც ნაჩვენებია „სახელმწიფო კატალოგში“.

17. საქონლის ძოვების ვადები დამუშავებულ ნაკვეთებზე ნაჩვენებია „სახელმწიფო კატალოგში“, აკრძალულია პესტიციდებით დამუშავებული ნაკვეთიდან აღებული სარეველებით საქონლის გამოკვება.

18. პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ ფერმერები აკეთებენ ჩანაწერებს. ფერმერულ მეურნეობებში ეს ჩანაწერები წარმოადგენს საფუძველს სამუშაოთა ხარისხის შემოწმების, მაკონტროლებელი ორგანოების მიერ პროდუქციის ჰიგიენური შეფასებისათვის და გასაყიდი ან მოსამარაგებლად მომზადებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი საბუთის შესადგენად, აგრეთვე აუცილებელ პირობას პროდუქტებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდების დაშლის დინამიკის დასადგენად.

19. საშიშროების I კლასის პესტიციდებით დამუშავებული ნაკვეთების ნაპირებზე უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი კონტრასტული ნიშნები, ერთი ნიშნიდან მეორემდე მხედველობის მანძილზე. ნიშნები აიღება მას შემდეგ, როცა გაივლის დადგენილი ვადები საველე სამუშაოზე მომსახურე პერსონალის გასვლისა, საქონლის ძოვებისა და მოსავლის აღებისათვის. მოსავლის აღების ვადები (ანუ ლოდინის პერიოდი) ნაჩვენებია „სახელმწიფო კატალოგში“.

20. პესტიციდებით ყველა სამუშაო უნდა ჩატარდეს დილით ადრე ან საღამოს საათებში. ღრუბლიან ან გრილ ამინდებში, როგორც გამონაკლისი, შესაძლებელია მათი გამოყენება დღის საათებშიც.

21. პირები რომლებიც ახორციელებენ პესტიციდების გამოყენების ეფექტურობის შემოწმებას, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

22. ქიმიურ დამუშავებების დროს დაცული უნდა იყოს აუცილებელი უსაფრთხოების ზომები, რომ გამოირიცხოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და საკვები პროდუქტების პესტიციდებით ზენორმატიული დაბინძურება. ჰიგიენური ნორმატივები დამტკიცებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაჩვენებია „სახელმწიფო კატალოგში“.

23. საავიაციო-ტექნიკური სამუშაოებისათვის ნაკვეთების გამოყოფისას აუცილებელია მკაცრად იქნეს დაცული დადგენილი დაცვითი ზონები მგრძნობიარე კულტურების მიმართ, მათ შორის, მოსაზღვრე ტერიტორიებზეც.

24. პესტიციდების ზემოქმედებისაგან ფუტკრების დაცვის მიზნით ნაკვეთების დამუშავება უნდა მოხდეს საღამოს საათებში მიწისზედა აპარატურის გამოყენებით, ამასთან, სკები აუცილებელია გატანილ იქნეს შესხურების ადგილიდან 1-5 კმ-ის დაშორებით ან მოვახდინოთ ფუტკრის იზოლირება „სახელმწიფო კატალოგში“ ნაჩვენები დროის განმავლობაში.

25. ფერმერული მეურნეობების ტერიტორიაზე განლაგებულ წყლის ობიექტებზე პესტიციდების უარყოფითი ზემოქმედების გამორიცხვის მიზნით, უნდა დადგინდეს წყალსატევების (მათ შორის, თევზ-სამეურნეო) დაცვის სანიტარიული ზონები. ასეთ ზონებში პესტიციდების გამოყენების შეზღუდვები განსაზღვრულია „სახელმწიფო კატალოგით’’, აგრეთვე კონკრეტული პრეპარატების გამოყენების დამტკიცებული რეკომენდაციებით.

26. მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში უნდა დაინერგოს სურსათის წარმოებისას პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემა, დადგინდეს ამ საფრთხეების საკონტროლო კრიტიკული წერტილები, დაინერგოს მათი მონიტორინგის მეთოდები. გატარდეს სათანადო ზომები საფრთხეთა რეალიზაციის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

მუხლი 3. უსაფრთხოების მოთხოვნები პესტიციდების შენახვის, გაცემისა და გადაზიდვის დროს

1. პესტიციდების შენახვა დასაშვებია მხოლოდ მათთვის სპეციალურად მოწყობილ საწყობებში, სადაც დასაქმებული უნდა იყვნენ სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები.

2. სასაწყობო ნაგებობები, ტერიტორია, სანიტარიული დაცვითი ზონები, საწყობთა ტევადობიდან გამომდინარე, უნდა პასუხობდეს მოქმედ სანიტარიულ წესებს, ნორმებსა და ჰიგიენური ნორმატივების მოთხოვნებს, აგრეთვე გარემოსდაცვით წესებს, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

3. მცირე ტევადობის საწყობები დაშორებული უნდა იყოს საცხოვრებელი, წყალმომარაგების ადგილიდან, საქონლის სადგომებიდან, მეფრინველეობის და საკვებწარმოებისა და გადამუშავების ნაგებობებიდან.

4. საწყობის შენობა უნდა იყოს ნათელი, სახურავი უნდა ჰქონდეს წესრიგში, იატაკის საფარი მოასფალტებული ან მობეტონებული, მიწის დონეზე მაღალი. შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით (სავენტილაციო ხვრელები სახურავში და კედლებში). საწყობი უნდა შედგებოდეს ორი განყოფილებისაგან: ერთი განყოფილება პესტიციდების შესანახად და გასაცემად, მეორე – დამხმარე განყოფილება სპეცტანსაცმლის, წყლის, პირადი ჰიგიენის საგნების, აფთიაქის და სხვა ნივთების შესანახად.

5. მსხვილი ფერმერული კომპლექსის სასაწყობო ნაგებობათა პირობითი ჩამონათვალი შეიცავს შემდეგ სათავსებს თანახმად სანიტარიული და საპროექტო ნორმებისა:

ა) პესტიციდების საწყობი, შენობა /მოედანი/ თესლის შესაწამლად, სათავსი დამუშავებული თესლის შესანახად, ხსნარგასამართი კვანძი;

 ბ) მოედანი მანქანების, პესტიციდების გამოსაყენებელი აპარატურისა და მათი გადასაზიდი ტრანსპორტის დასაყენებლად;

გ) მოედან-ფარდული ცარიელი ტარის დასაწყობად;

დ) მოედანი ტარის, სატრანსპორტო საშუალებების, აპარატურისა და სხვათა გასაუვნებლად;

ე) სათავსები გასაუვნებელმყოფი საშუალებებისათვის, მოწყობილობა /საწარმოო/ ჩამდინარე წყლების გასაწმენდად; სამრეცხაო;

ვ) სადგომი „სუფთა“ ტრანსპორტისათვის, ავტოფარეხი, სახელოსნოები, ცისტერნები სამარაგო წყლისათვის;

ზ) ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობები.

6. ამგვარი მსხვილი საწყობების განლაგებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ქარის გაბატონებული მიმართულება.

7. მსხვილი საწყობის (კომპლექსის) ტერიტორიაზე გამოყოფილი უნდა იყოს მოედანი წყალგაუმტარი ჭებისათვის ან სხვა სათავსებისათვის, რომ მოხდეს ნიაღვრული და ნარეცხი წყლის დაგროვება და პესტიციდებისაგან გაუვნებელყოფა.

8. დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები ასეთ საწყობებში, ტარის გაწმენდა, რეცხვა და გაუვნებელყოფა ხდება მექანიზებული საშუალებებით, რომლებიც შეირჩევა საწყობის სიმძლავრის გათვალისწინებით.

9. საწყობებში უნდა იყოს აგრეთვე სასწორები /ფარდულში/ ან სპეციალურად აშენებული სასასწორე; წინასწარ გაუვნებელყოფილი ცარიელი ტარის მარაგი /ადრე გამოყენებული პესტიციდებიდან გამოთავისუფლებული/.

10. ჰიგიენური კლასიფიკაციით პირველი კლასის პესტიციდების შენახვისა და გაცემისათვის უნდა გამოიყოს ცალკე ნაკვეთური შენობაში, რომელიც უნდა იკეტებოდეს, ასეთივე სათავსი უნდა გამოიყოს ცეცხლ და ხანძარსაშიში ნივთიერებებისათვის.

11. საწყობში პესტიციდების მოთავსება ხდება შტაბელებად, თაროებზე, პალეტებზე. პრეპარატების შენახვა ტომრებში, არანაკლებ 5 ლ ტევადობის კასრებში, მუყაოსა და პოლიმერულ კოლოფებში, ყუთებში, მათარებში დასაშვებია იარუსებად. მინიმალური დაშორება კედელსა და ტვირთს შორის უნდა იყოს არანაკლებ 0,8 მ-ისა, ჭერსა და ტვირთს შორის – 1 მ-ისა, გამანათებელსა და ტვირთს შორის – 0,5 მ, იატაკსა და თაროს შორის – 0,8 მ.

12. აკრძალულია პესტიციდების შენახვა გროვად /ნაყარად/, პესტიციდების შეუფუთავად შენახვა.

13. პესტიციდები საწყობში შეტანილი უნდა იქნეს ტარით, რომელიც პასუხობს შესაბამის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს. ყოველ შეფუთულ ერთეულზე უნდა იყოს ტარის ეტიკეტი / სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული პესტიციდის სარეგისტრაციო ნომრით/. უნდა ახლდეს გამოყენების რეკომენდაცია.

14. საწყობზე პასუხისმგებელმა პირმა პესტიციდების მიღებისას, შენახვისას, აღრიცხვასა და გაცემისას უნდა იცოდეს მათი საშიშროების კლასი, ხანძარსაშიშროება და ფეთქებადსაშიშროება, მათი დანიშნულება, მათდამი მოპყრობის წესები.

15. პესტიციდები საწყობიდან უნდა გაიცეს ქარხნული შეფუთვით, ხოლო მცირე რაოდენობის შემთხვევაში – ტარით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრეპარატის დაცვა. აკრძალულია პესტიციდების გაცემა ქაღალდით, ქსოვილის ტომრებით და საოჯახო ჭურჭლით.

16. ფერმერულ მეურნეობებში პესტიციდები უმჯობესია გაიცეს ერთი დღის მუშაობის მოცულობის მიხედვით, ხოლო მუშაობის დამთავრების შემდეგ, გამოუყენებელი ნარჩენები ტარასთან ერთად დაბრუნდეს საწყობში.

17. პესტიციდების შენახვისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს ტარის მთლიანობას; დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პესტიციდის ახალ ტარაში გადატანა. აკრძალულია, რომ დაყრილი ან დაღვრილი დარჩეს პესტიციდი.

18. საწყობის შენობა აუცილებელია სუფთა მდგომარეობაში იყოს. დალაგება უნდა ხდებოდეს საჭიროების მიხედვით. მსხვილი საწყობები ამისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მტვერსასრუტით და სარეცხი აპარატურით.

19. პესტიციდების ნეიტრალიზებისათვის საწყობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მადეგაზირებელი საშუალებებით – ქლორიანი კირით, კალცინირებული სოდით და სხვ.

20. აკრძალულია გამოყენებული, გაუწმენდავი და არასაკმარისად გაწმენდილი წყლების ჩაშვება კანალიზაციის სისტემაში და ზედაპირულ წყალსატევებში. აღნიშნული კატეგორიის წყლების გადადინების პირობები განისაზღვრება საწარმოო ჩამდინარე წყლების დასახლებული პუნქტების კანალიზაციით მიღების მოქმედი წესებით და „ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის სანიტარიული წესებითა და ნორმებით“.

21. აკრძალულია საწყობის შენობების გამოყენება საკვები პროდუქტების, ფურაჟის, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა საგნების შესანახად.

22. აკრძალულია პესტიციდების შენახვა ამ დანიშნულებისათვის უვარგის საწყობებში, აგრეთვე ღია ცის ქვეშ.

23. საწყობების მდგომარეობის კონტროლი წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მავნე ფაქტორების /ატმოსფერულ ჰაერში, შენობაში, ჩამდინარე წყლებში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია და სხვ., მიკროკლიმატი, ხმაურის დონე, ვიბრაციის პარამეტრები და სხვ./ შემოწმების შედეგები შეიტანება პესტიციდების შენახვის უფლებაზე ობიექტის დამადასტურებელ დოკუმენტში.

24. პესტიციდების შემოზიდვა მსხვილ ფერმერულ (300 ჰა-ზე მეტი ფართობის მქონე) მეურნეობაში უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

25. თხევადი და ფხვიერი პრეპარატები აუცილებელია განცალკევებულად ინახებოდეს.

26. აალებადი თხევადი პესტიციდების შემცველი კასრების, ბიდონების დაწყობა უნდა მოხდეს ფრთხილად, აუცილებლად საცობებით ზევით. აკრძალულია ასეთი ტარის გასახსნელად ისეთი ინსტრუმენტებისა და სამარჯვების გამოყენება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ნაპერწკლის წარმოქმნა.

27. მუშაობის დაწყების წინ, საწყობში, რომელშიც მოწყობილია მომდენ-გამწოვი ვენტილაცია, უნდა მოხდეს ჰაერის 30-წუთიანი გაწმენდა, ხოლო ვენტილაციის არქონისას –შენობის განიავება გამჭოლი ჰაერით.

28. საწყობზე პასუხისმგებელი პირის და სხვა პირთა ყოფნა საწყობის შესანახ განყოფილებაში შეიძლება მხოლოდ პრეპარატების გაცემა-მიღებისა და ხანმოკლე აუცილებელი სამუშაოს დროს. საწყობში უცხო პირთა ყოფნა, რომლებიც არ არიან უშუალოდ დასაქმებულნი, აკრძალულია.

29. ყოველწლიურად წლის ბოლოს ტარდება პესტიციდების ინვენტარიზაცია.

30. საწყობი უზრუნველყოფილ უნდა იყოს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით /ცეცხლის მქრობელი; კასრი წყლით, სილიანი ყუთი და სხვ./, რაც აუცილებელია ხანძრის ლოკალური კერების ჩასაქრობად. მსხვილ საწყობში 100 მ2 ფართობზე (ცეცხლსაშიში პრეპარატების ნაკვეთურში) უნდა იყოს ერთი ცეცხლმქრობი /მაგრამ არანაკლებ ორისა, თითოეული შენობისათვის/, კასრი 250 ლ წყლით და 2 სათლით, სილიანი ყუთი /0.5 მ3 /და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი. საწყობში აკრძალულია თამბაქოს მოწევა, ღია ცეცხლით სარგებლობა.

31. თუ საწყობში აღირიცხება ვადაგადასული პესტიციდები, აგრეთვე ისეთი პრეპარატები, რომელსაც დარღვეული აქვთ ტარის მთლიანობა, შეცვლილი აქვს გარეგნული ნიშნები /ჩასქელება, თხევადი პრეპარატის ნალექის წარმოქმნა, ფხვნილისებრ პრეპარატებში კოშტების წარმოქმნა/, ამ უკანასკნელთა გაცემა ხდება მხოლოდ მათი ხარისხის ანალიზისა და საკონტროლო-ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის მიერ გაცემული რეკომენდაციის შემდეგ.

32. პესტიციდის ვადაგასულობის დადგენის შემთხვევაში, ის უნდა ჩაჰბარდეს გაუვნებელყოფისა და განთავსების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

33. წვრილად დაფასოებული მცენარეთა დაცვის საშუალებები, (1კგ ან 1ლ), რომელიც გააქვს ფერმერს, უნდა იყოს შეფუთული ცალკე პოლიეთილენის პაკეტში. მათი გადატანა საკვებ პროდუქტებთან ერთად არ შეიძლება.

34. პესტიციდების გადაზიდვა სავალდებულოა მოხდეს მხოლოდ ავტომობილის საბარგულით ან მისაბმელით, არ შეიძლება მისი მოთავსება მძღოლის კაბინაში ან მგზავრთა სალონში. მძღოლმა უნდა იცოდეს, თუ რა სახის ტვირთი გადააქვს და რა ზომები უნდა მიიღოს ავარიის შემთხვევაში.

მუხლი 4. უსაფრთხოების წესები შემასხურებელ მანქანებთან და აპარატურებთან მუშაობის დროს

1. პესტიციდების გამოყენება ხორციელდება პესტიციდების შესასხურებელი სპეციალური ტექნიკური საშუალებებით.

2. სამუშაო სეზონის დაწყების წინ ყველა შემასხურებელი მანქანა უნდა შემოწმდეს მზადყოფნაზე, კერძოდ:

ა) დარეგულირდეს სამუშაო ორგანო ისე, რომ მივიღოთ პესტიციდების გაფრქვევის საჭირო მიმართულება;

ბ) გაისინჯოს მანქანა სამუშაო მდგომარეობაში სუფთა წყლის გამოყენებით;

გ) ტექნოლოგიურ მაჩვენებელთან შესაბამისობაში მოვიდეს სამუშაო ხსნარის ხარჯვა, აგრეგატის გადაადგილების სიჩქარისა და მოდების განის მიხედვით.

3. შემასხურებელ მანქანებზე მომუშავეებს აუცილებელია ჰქონდეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

4. შემასხურებელ მანქანაზე მომსახურე პერსონალის ჰიგიენისათვის არსებული რეზერვუარი შევსებული უნდა იყოს სუფთა წყლით.

5. სამუშაოს დაწყების წინ შემასხურებელი მანქანის მუშაობა უნდა შემოწმდეს და ყურადღება მიექცეს ჰიდრავლიკურ სისტემას, რათა არ ჰქონდეს ადგილი სითხის დაღვრას.

6. შემასხურებელი მანქანის მუშაობის პროცესში თუ აღინიშნა წვრილმანი დაზიანებები ან სხვა დარღვევები, ის უნდა გაჩერდეს და შეკეთდეს, მანქანის სერიოზული დაზიანების შემთხვევაში ატარებენ მის გაუვნებლობას და რემონტს, რის შემდეგ ხდება მისი შემოწმება სამუშაო რეჟიმში.

7. შემასხურებელი მანქანების მუშაობისას დაუშვებელია:

ა) მანქანის, რომელიც წნევის ქვეშ იმყოფება, გაჩერების გარეშე რაიმე სახის ტექნიკური მომსახურების ჩატარება;

 ბ) მუშაობა ისეთი შემასხურებლებით, რომლებსაც არ გააჩნია მანომეტრები (აუცილებელი არ არის ზურგსაკიდი აპარატურისათვის);

 გ) აეროზოლურ გენერატორის გამაფრქვეველთან და დასამუშავებელ შენობასთან 5 მ-ზე ახლოს დგომა.

 8. დახურულ შენობაში (დახურული გრუნტი, საწყობი) აეროზოლური გენერატორების მუშაობის დროს გამორიცხული უნდა იქნეს უსაფრთხოების თვლსაზრისით აეროზოლის კონცენტრაციის გაზრდა.

9. შემასხურებელი მანქანების მოძრავი ან მბრუნავი ნაწილები უნდა იყოს შემოსაზღვრული უსაფრთხოებისა და შრომის ჰიგიენის შესახებ მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად.

10. შემასხურებელი მანქანების სამუშაო ხსნარით შევსება უნდა მოხდეს მხოლოდ მათი სრული გაჩერებისას.

11. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს შეამოწმოს მიწადმოქმედთა მიერ გამოყენებული შემასხურებელი ტექნიკური საშუალებების მდგომარეობა, მოითხოვოს აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრა.

მუხლი 5. უსაფრთხოების მოთხოვნები პესტიციდების შემტანი მიწისზედა აპარატურის გამოყენებისას

1. ვენტილატორის ტიპის შემასხურებლების გამოყენება დასაშვებია მაშინ, როცა ქარის სიჩქარე არ აღემატება 3 მ/წ /წვრილწვეთოვანი შესხურება ან 4 მ/წ /მსხვილწვეთოვანი შესხურება/.

2. სამუშაოს დაწყებამდე სამუშაოს შემსრულებელი ახდენს ჰაერის ტემპერატურისა და ქარის სიჩქარის გაზომვას და ადგენს მის მიმართულებას.

3. პესტიციდების შეტანისას აგრეგატების მოძრაობა უნდა ხდებოდეს ქარის თანმხვედრი მიმართულების გათვალისწინებით, ხელის აპარატურით მომუშავენი არ უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთთან ქარის მიმართულების საპირისპიროდ, რომ არ აღმოჩნდნენ შესხურების ზონაში.

4. პესტიციდების მიწისზედა შესხურების დროს სანიტარიული-დაცვითი ზონა დასახლებული პუნქტებიდან, მოსახლეობის დასვენების, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა ხელით ჩატარების ადგილებიდან არანაკლებ 100 მ-ის დაცილებით უნდა იმყოფებოდეს; რეგულირებადი დისპერსიის მქონე აეროზოლური გენერატორების გამოყენება დასაშვებია, თუ აეროზოლის ნაკადი არ მოხდება დასახელებულ პუნქტს და სხვა ობიექტებს, როცა ქარი უბერავს საწინააღმდეგო მიმართულებით.

5. ნიადაგში პესტიციდების შეტანა /გრანულები, ხსნარები, ფხვნილები, შესქელებული აირები/ უნდა ხდებოდეს სპეციალური ფუმიგატორებით, აპლიკატორებით და სხვ. აკრძალულია გრანულირებული პესტიციდების ნიადაგში შეტანა ბუდობრივად სათესი მოწყობილობით.

6. სამუშაო ხსნარები უნდა მომზადდეს: სპეციალურ კვანძებში და გასამართ მოედნებზე, რომელთა ტერიტორიაც ბეტონირებული უნდა იყოს; ან დროებით მოედნებზე, სადაც ამ დროს ნიადაგი უნდა დაიტკეპნოს; ან უშუალოდ ავზებში.

7. მსხვილ ფერმერულ მეურნეობაში (300 ჰა-ზე მეტი ფართობის მქონე) გასამართი მოედნები შეირჩევა დასამუშავებელი ფართობებისა და კულტურების განლაგების მიხედვით. ასეთ მოედნებზე უნდა იყოს: სამუშაო ხსნარების დასამზადებელი აპარატურა, რეზერვუარები წყლით, ჰერმეტული სარქველების მქონე ავზები და მოწყობილობანი რეზერვუარების სამუშაო ხსნარით შესავსებად, ტუმბოები, წელა მილები, სასწორი საწონებით, წვრილი დამხმარე ინვენტარი, მეტეოროლოგიური ხელსაწყოები, აგრეთვე საველე აფთიაქი და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი საშუალებები.

8. სამუშაო ხსნარის მომზადებამდე და მისი შესასხურებელ აპარატურაში ჩატუმბვამდე კიდევ ერთხელ უნდა შემოწმდეს გამოსაყენებელი პრეპარატების შესაბამისობა მათ დანიშნულებასთან. სისტემატურად უნდა ხდებოდეს აგრეთვე მომზადებული სამუშაო ხსნარის ხარისხის შემოწმება/ სამუშაო ხსნარის კონცენტრაციის შესაბამისობა საჭიროსთან/.

9. სამუშაო ხსნარების მომზადების წინ აუცილებელია შემოწმდეს შემრევების ვარგისიანობა, ავზებში ფილტრების არსებობა და ამრევების მდგომარეობა.

10. სამუშაო ადგილზე პესტიციდების მიტანა უნდა ხდებოდეს სპეციალური დანიშნულების ან ამისათვის მომარჯვებული გასამართი საშუალებებით. ავზების შევსება უნდა ხდებოდეს მხოლოდ დონის საზომი ხელსაწყოთი. აკრძალულია სარქველების გაღება და ავზში შევსების დონის შემოწმება ვიზუალურად, აგრეთვე შემასხურებლების შევსება მათში ფილტრების არარსებობის დროს.

11. ავზების დატვირთვისას ოპერატორი უნდა იმყოფებოდეს ქარის მიმართულების საწინააღმდეგო მხრიდან. დაუშვებელია, პრეპარატის მოხვედრა სხეულის ღია ნაწილებზე. მათი მოხვედრისას საჭიროა დაუყოვნებლივ ჩამოვიწმინდოთ ისინი ბამბის ტამპონით ან რბილი ქსოვილის ნაჭრით, წასმისა და შეზელვის გარეშე, შემდეგ კი ეს ადგილები ჩამოვირეცხოთ საპნიანი წყლით.

12. მოედანზე პრეპარატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღიური გამოყენების ნორმას. მოედანზე ტარის გარდა უნდა იყოს ავზები წყლით და ჩამქრალი კირით.

13. აკრძალულია პესტიციდების და გამზადებული სამუშაო ხსნარების ღიად დატოვება.

14. პესტიციდების შეტანისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მანქანათა მუშაობის რეჟიმის დარღვევას, შესხურების წარმოებისას ხარჯვის საჭირო ნორმის დაცვას. არ უნდა იქნეს დაშვებული სამუშაო ხსნარის ზედმეტი ან ნაკლები დოზით გამოყენება.

15. სამუშაო ზონის ჰაერში პესტიციდის კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს ზღვრულად დასაშვებ სიდიდეს.

16. პესტიციდების გამოყენება მეცხოველეობაში მწერების, ტყის დამუშავება ტკიპებისა და მღრღნელი მწერების, ენცეფალიტის გადამტანი ტკიპის წინააღმდეგ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. პესტიციდების გამოყენება საავიაციო მეთოდით

1. პესტიციდების გამოყენება საავიაციო მეთოდით რეგლამენტირდება კონკრეტული პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო.

2. საავიაციო შესასხურებლების გამოყენებისას პესტიციდის ხარჯვის ნორმები და შესასხურებელი აპარატების გადაადგილების სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს თვითმფრინავის მუშაპარამეტრებს (მოდების განი და სიჩქარე).

3. საავიაციო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებისას ტარდება მინდვრების წინასწარი დათვალიერება მათი დამუშავების შესაძლებლობის დასადგენად, რომელიც თანხმდება სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან.

4. საავიაციო სამუშაოები პესტიციდების შესატანად სოფლის და სატყეო მეურნეობებში უნდა ტარდებოდეს ტექნიკური უსაფრთხოების, სანიტარიული და გარემოს დაცვითი მოთხოვნების შესაბამისად.

5. საავიაციო სამუშაოები ტარდება მაშინ, როცა არსებობს შემჭიდროებულ ვადებში დიდი ფართობების დამუშავების აუცილებლობა. სამუშაოების ჩატარებისას უპირატესობა ეძლევა საფრენ აპარატებს, მ.შ. მსუბუქ აპარატებს, რომლებსაც ახასიათებს ფრენის დაბალი სიმაღლე (არ აღემატება 2-5 მ-ს მცენარიდან) და სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა შეადგენს 1-10 ლ-მდე ჰა-ზე, რაც უზრუნველყოფს პესტიციდების მიზანმიმართულ დატანას ნათესების დამუშავებისას და მომიჯნავე ტერიტორიების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაბინძურების აცილებას.

6. ტყის მასივების დამუშავებისას აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება, განსაზღვრული ვადით სოკოებისა და ველურად მოზარდი კენკროვნების შეგროვების აკრძალვის თაობაზე.

7. აკრძალულია საავიაციო სამუშაოების ჩატარება პესტიციდების გამოყენებით დასახლებული პუნქტებისა და დასვენების ზონების თავზე, გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ზონების, მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების წყალდამცავი ზონების თავზე.

8. აკრძალულია პესტიციდებით იმ ნაკვეთების თვითმფრინავით დამუშავება, რომლებიც იმყოფებიან დასახლებულ პუნქტებთან 2 კმ-ზე უფრო ახლოს. პესტიციდებით ავიადამუშავების დროს დგინდება აუცილებელი სანიტარიული დაცვითი ზონები:

ა) თევზსსამეურნეო წყალსატევებიდან, მოსახლეობის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროებიდან, საქონლის სადგომებიდან, მეფრინველეობის ფერმებიდან, საძოვრებიდან, ნაკრძალების ტერიტორიებიდან, ბუნებრივი /ეროვნული/ პარკებიდან 2 კმ-ის დაშორებით; სკებიდან 5კმ-ის დაცილებით;

ბ) სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა ადგილებიდან, აგრეთვე თბური დამუშავების გარეშე გამოსაყენებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული ფართობებიდან – არანაკლებ 2კმ-ის დაშორებით.

9. მსუბუქი საფრენი აპარატი, რომლის წონა არ აღემატება 3000 კგ-ს, მუშაობს მყარი გრუნტის ან ბალახის ასაფრენი ზოლიდან. ასეთი აპარატი აღჭურვილი უნდა იყოს მცირემოცულობიანი გამფრქვევი მოწყობილობებით.

10. სანიტარიულ-დაცვითი ზონა ამ ტიპის აპარატებისათვის უნდა იყოს თევზსსამეურნეო წყალსატევებიდან, მოსახლეობის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროებიდან, საქონლის სადგომებიდან, მეფრინველეობის ფერმებიდან, საძოვრებიდან, ნაკრძალების ტერიტორიებიდან, ბუნებრივი /ეროვნული/ პარკებიდან არანაკლები 500 მ-ის, სკებიდან 2-5 კმ-ის დაშორებით.

11. ავიადამუშავება დასაშვებია, როცა სამუშაო სიმაღლეზე ქარის სიჩქარე არ აღემატება 3-5 მ/წმ-ს.

12. საავიაციო პერსონალი, რომელიც ატარებს საავიაციო სამუშაოებს, გადის სამედიცინო შემოწმებას მოქმედი წესის შესაბამისად.

13. საავიაციო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისას პესტიციდებთან მომუშავე შემსრულებელ პერსონალს უტარდებათ ინსტრუქტაჟი თავიანთი მოვალეობის შესრულების, თვითმფრინავის /საფრენი აპარატის/ ტექნიკური უსაფრთხოების, აეროდრომზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების შესახებ.

14. პესტიციდების ჩატვირთვა-გადმოტვირთვით და სატრანსპორტო სამუშაოებით, პესტიციდების სამუშაო ნაზავების შემზადებით და საჰაერო აპარატების ამ ნაზავით გამართვით დაკავებულ პირებს უტარდებათ დამატებითი /რიგგარეშე/ ინსტრუქტაჟი ტექნიკური უსაფრთხოებისა და სანიტარიული წესების შესახებ.

15. საავიაციო სამუშაოთა რაიონში დასაქმებული ეკიპაჟი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, აგრეთვე პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქით მოქმედი ნორმების შესაბამისად.

16. თვითმფრინავებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, დასახლებული პუნქტებიდან განლაგებულნი უნდა იყოს 2 კმ-ის დაშორებით სავარაუდო უსაფრთხოების ზოლის ბოლო ნაწილიდან და 1კმ-ის დაშორებით უსაფრთხოების გვერდითი ზოლის მხრიდან დასახლებული პუნქტებიდან და წყალმომარაგების წერტილებიდან.

17. სპეციალურად გამოყოფილი ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეგაზაციო საშუალებებით, სასოფლო-სამეურნეო აპარატურისა და დამცავი საშუალებებით ტანსაცმლის პესტიციდებისაგან პერიოდული გაწმენდისა და გაუვნებელყოფისათვის.

18. თხევადი სამუშაო ნაზავები მზადდება და იტვირთება თვითმფრინავში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სპეციალურად მოწყობილ ჩასატვირთ მოედნებზე.

19. პესტიციდებთან მუშაობის ხანგრძლივობა მფრინავი და ტექნიკური შემადგენლობისათვის დგინდება პესტიციდების საშიშროების კლასის მიხედვით, ამ კატეგორიის მუშაკთა სამუშაო და დასვენების დროის შესახებ მოქმედი რეგლამენტების საფუძველზე.

20. საავიაციო შესხურებისას აპარატურა აღჭურვილ უნდა იყოს საიმედო ნაკვეთური მიწყობილობით. აკრძალულია გაუმართავი ნაკვეთური მოწყობილობით მუშაობა, გაუმართავი ტექნიკისა და თვითმფრინავის ექსპლოატაცია.

21. საავიაციო სამუშაოთა დაწყებამდე თვითმფრინავის მეთაური ვალდებულია გაეცნოს დასამუშავებელ მინდვრებს უშუალო დათვალიერების გზით და განსაზღვროს ის უბნები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების მოთხოვნებს და ამის გამო ექვემდებარებიან წუნდებას.

22. თვითმფრინავით დამუშავებისას ერთიანი გამაფრთხილებელი ნიშნები უნდა განთავსდეს 500 მ-ში დასამუშავებელი ნაკვეთიდან. ნიშნები აიღება მხოლოდ განსაზღვრული საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ.

23. თვითმფრინავის მეთაურმა თვითმფრინავი უნდა დააბრუნოს აეროდრომზე, თუ დასამუშავებელ ფართობთან მიახლოვებისას ამ ნაკვეთზე, ან სანიტარიულ-დაცვითი ზონის ფარგლებში /500 მ დასამუშავებელი ფართობიდან/ შეამჩნია ადამიანები ან საქონელი.

24. თვითმფრინავი და სასოფლო-სამეურნეო აპარატურა აუცილებელია იწმინდებოდეს მათზე მოხვედრილი პესტიციდებისაგან მუშაობის პროცესში და სამუშაოთა დამთავრების შემდეგ, თვითმფრინავის და მათი სასოფლო-სამეურნეო აპარატურის პესტიციდებისაგან და მინერალური სასუქებისაგან გასუფთავების, გარეცხვისა და დეგაზაციის ტექნოლოგიის შესახებ მოქმედი ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.

25. თვითმფრინავებისა და სასოფლო-სამეურნეო აპარატურის პირველადი გასუფთავება პესტიციდების ნარჩენებისგან ხდება სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გამართულ ადგილზე (წყლის მძლავრი ჭავლით, ჩამორეცხვით).

26. თვითმფრინავისა და მათი აპარატურის რეცხვის დროს ჩამონადენი წყალი უნდა შეგროვდეს სპეციალურად მოწყობილ მიმღებ რეზერვუარებში, სადაც უნდა მოხდეს მისი გაუვნებლობა. ჩამდინარე წყლის ნეიტრალიზაციას ახდენენ მიმღებ ორმოებში. ისინი ნახევრად შევსებული უნდა იყოს. წყლის მოცულობას ამოწმებენ სპეციალური დანაყოფებიანი ლარტყით. თუ ჩამდინარე წყალი დაბინძურებულია ერთი პესტიციდით, მაშინ ნეიტრალიზაცია ტარდება შერჩევითი გამანეიტრალებელი საშუალებით. თუ ჩამდინარე წყალი დაბინძურებულია პრეპარატების კომპლექსით, ნეიტრალიზაცია ტარდება მწვავე ნატრიუმის ხსნარით.

27. აღნიშნული კატეგორიის გაუვნებელყოფილი და გაწმენდილი წყლის გადადინება კანალიზაციის სისტემაში ან ზედაპირულ წყალსატევებში ხორციელდება მოქმედი გარემოსდაცვითი და სანიტარიული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 7. პესტიციდების გამოყენება სათბურებში

1. პესტიციდების გამოყენება სათბურებში რეგლამენტირდება „სახელმწიფო კატალოგით“, აგრეთვე კონკრეტული პრეპარატების რეკომენდაციებით, რომლებიც დამტკიცებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

2. სათბურებში პესტიციდების გამოყენება ნებადართულია მცენარეთა მოვლითი სამუშაოების დასრულების შემდეგ.

3. სამუშოთა ჩატარება დაშვებულია მომუშავეთა სამუშაოდ გასვლის ვადების დაცვით.

4. სათბურების ფუმიგაცია ტარდება საფუმიგაციო სამუშაოთა ჩატარებისათვის გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვით. ფუმიგაცია /გაზაცია/ უნდა ჩატარდეს ერთდროულად სათბურის მთელ ბლოკში. ფუმიგაცია აკრძალულია მოსავლის აღების დროს.

5. სამუშაო ხსნარების მომზადება მსხვილ სასათბურე კომპლექსში (5 ჰა-ზე მეტი) ხდება სპეციალურად შერჩეულ, გამწოვი ვენტილაციისა და კანალიზაციის მქონე ნაკვეთურში.

6. წელამილით და ხელის აპარატურით სათბურის დამუშავებისას დასაქმებული პირები უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთისაგან 10 მ-ის დაცილებით და მონაკვეთს ერთი მიმართულებით უნდა ამუშავებდნენ.

7. დამუშავების შემდეგ სათბური უნდა დაიხუროს. ექსპოზიციის დრო უნდა შეესაბამებოდეს პესტიციდის სახეობასა და დანიშნულებას. შესასვლელთან თავსდება ნიშანი „ფრთხილად – დამუშავებულია პესდიციდით“.

8. აკრძალულია სათბურში სხვა სამუშაოთა ჩატარება იმ ვადაზე ადრე, რომელიც განსაზღვრულია „სახელმწიფო კატალოგით“. აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ავარიული სიტუაციების წარმოქმნისას დამუშავების პირველ დღეებში სათბურში მომუშავეთა შესვლა შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით.

9. სათბურში საფუმიგაციო და სადეზინფექციო სამუშაოთა ჩატარების შემდგომ სამუშაოთა წარმოება შეიძლება მხოლოდ განიავების შემდეგ.

10. სპეცტანსაცმელს უნდა დაემატოს აპკოვანი წინსაფარი და სამკლავურები, რეზინის ხელთათმანები ნაქსოვი სარჩულით და ჩექმებით.

11. ზაფხულში სათბურის ნიადაგის ორთქლით დამუშავებისას სარკმლები ღია უნდა იყოს და დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების წესები.

12. ნიადაგში ნემატიციდების შეტანა ხდება შესაბამისი აპარატურის გამოყენებით.

13. სპეციალიზებული სასათბურე კომპლექსის (5 ჰა-ზე მეტი) სანიტარიული დაცვითი ზონის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 100 მ საცხოვრებელი და საწარმოო შენობებიდან, წყალმომარაგების წერტილებიდან.

14. აეროზოლური გენერატორების გამოყენებისას მკაცრად უნდა დავიცვათ რეგლამენტირებული ხარჯვის ნორმები, რომლებიც დადგენილია მოცემული პრეპარატისა და კულტურისათვის. აუცილებელია უზრუნველვყოთ აეროზოლის გაფანტვის შეზღუდვა ატმოსფერულ ჰაერში.

15. აკრძალულია კანალიზაციაში და წყალსატევებში ჩამდინარე წყლების გადადინება მათი წინასწარი გაუვნებელყოფის გარეშე.

16. ჩამდინარე სადრენაჟო და ნარეცხი წყლები, რომლებიც წარმოიქმნებიან შენობათა, სატრანსპორტო საშუალებათა, ტარის, აპარატურისა და სპეცტანსაცმლის დასუფთავებისა და გაუვნებლობის დროს, უნდა დაგროვდეს ბეტონის საფარის მქონე რეზერვუარში, სადაც ხდება მათი დამუშავება ქლორიანი კირით /500 გ 10 ლ ჩანადენ წყალზე/. ჩამდინარე წყლების გადაშვება საკანალიზაციო ქსელში შეიძლება მოქმედი სანიტარიული და გარემოსდაცვითი პირობების დაცვით.

17. პესტიციდებით დაჭუჭყიანებული ნიადაგი მისი გამოცვლისას და მცენარეული ნარჩენები გატანილი უნდა იქნეს სპეციალური ტრანსპორტით და მათი გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს დადგენილი გარემოსდაცვითი წესების გათვალისწინებით.

18. სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, რომლებიც იგზავნება სავაჭრო ქსელში ფერმერული მეურნეობებიდან, უნდა გააჩნდეთ საბუთი გამოყენებული პესტიციდების მონაცემებით /პესტიციდის დასახელება, დამუშავების თარიღი და წესი, ჯერადობა, მოსავლის აღების ვადა/. ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი საბუთის (სერტიფიკატის) გარეშე პროდუქციის რეალიზაცია სავაჭრო ქსელში აკრძალულია.

19. კონტროლი მემცენარეობის პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენების შემცველობის დადგენაზე ტარდება სოფლის მეურნეობის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

20. აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს სასათბურე პროდუქციაში ლაბორატორიული კონტროლი პესტიციდების ნარჩენების შემცველობაზე.

მუხლი 8. უსაფრთხოების მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალებების, აპარატურის, ტარის, შენობათა და სპეცტანსაცმლის გაუვნებელყოფის დროს

1. შემასხურებელი მანქანები, სასაწყობო მოწყობილობანი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გაბინძურებულია პესტიციდებით, საჭიროებენ გაუვნებელყოფას მოქმედი ინსტრუქციის თანახმად.

2. ყველა ღონისძიება აუცილებელია გატარდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით ღია ადგილებზე სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე, ან მსხვილი კომპლექსის სპეციალურ, კარგად განიავებად შენობებში ან საწყობის ტერიტორიაზე.

3. აკრძალულია ამ სამუშაოთა ჩატარება გუბურების, მდინარეების, სხვა წყალსატევების ნაპირას.

4. პესტიციდების გამოყენება გემებზე რეგლამენტირდება გემებზე პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების შესახებ საშიში ტვირთების საზღვაო გადატანის რეკომენდაციებით საერთაშორისო კოდექსის მიხედვით.

5. შესასხურებელ მანქანებს, მოწყობილობა-აპარატურებს /გენერატორ-შემასხურებლები, აეროზოლური გენერატორები, შემაფრქვევლები, მოძრავი და სტაციონარული აგრეგატები სამუშაო ხსნარების დასამზადებლად და დასატვირთავად, ავტოტრანსპორტი და კონტეინერები გადასატანად/ აუვნებელყოფენ სხვა პრეპარატებით მუშაობის დაწყების წინ, რემონტის წინ, სამუშაო ორგანოთა შეცვლის, ტექნიკური მომსახურების, ტრანსპორტის დროებით გაჩერების, კონსერვაციის წინ, ძლიერი ან ავარიული დაჭუჭყიანების, პესტიციდების გადაზიდვისათვის, სატრანსპორტო და სხვა მიზნებისათვის დროებით გამოყოფილი ავტომობილების გადაკეთების დროს, სამუშაოთა დამთავრების შემდეგ.

6. სპეცმოედანი უნდა მდებარეობდეს ქიმიზაციის ობიექტთან ან სამუშაო ხსნარების მომზადების კვანძთან ახლოს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბეტონის საფარით და ორმოებით ჩამონარეცხი წყლებისათვის, ჩანარეცხი ხსნარების მოსამზადებელი მოცულობებით, სარეცხი ხსნარის მიწოდებისათვის საჭირო ტუმბოთი, წყალგაყვანილობით, წელა მილით, გამაუვნებელი და სარეცხი საშუალებებით.

7. ტრანსპორტი პესტიციდების ტრანსპორტირებისათვის, აგრეთვე მათი გამოყენებისათვის საჭირო აპარატურა უნდა გაუვნებელდეს გამაუვნებელი საშუალებების /დიას –10%, ქლორიანი კირით-25% / გამოყენებით.

8. გაუვნებელყოფის ტექნოლოგია უნდა ითვალისწინებდეს: ზედაპირის გაწმენდას მტვერსასრუტით, რეზინის ყველა წელა მილების და გამაფრქვეველის მოხსნას, შემდეგ მანქანების, აპარატურის სითხეთა საცავების დაფარვას სარეცხი ხსნარით 40-50 წუთით; რეზინის წელა მილების და გამაფრქვეველების მოთავსებას სარეცხი საშუალებების შემცველ ჭურჭელში 30 წუთით, გამაუვნებელი საშუალების ჩამორეცხვას გამდინარე წყლით.

9. ქაღალდის და ხის ტარა, რომელშიც მოთავსებული იყო პესტიციდი, უნდა განადგურდეს, სანიტარიული და გარემოსდაცვითი წესების დაცვით, სპეციალურად მოწყობილ ადგილზე დაწვით. მეტალის ტარა გაუვნებელყოფის გარეშე, მაგრამ გარეთა მხრიდან გაწმენდილი და მჭიდროდ თავდახურული, ექვემდებარება დაბრუნებას.

10. მცირე პარტიების ტარის გაუვნებელყოფა, რომლებიც პირველ რიგში ადგილობრივად არის საჭირო /ტარის განახლებისათვის და სხვა შემთხვევაში/ შეიძლება მოხდეს დეგაზაციის საშუალებით. ასეთი ტარის გამოყენება წყლის, საკვები პროდუქტების, ფურაჟის შესანახად აკრძალულია.

11. ტარის /მეტალის კასრები, კანისტრები, ბარაბნები/ გაუვნებელყოფა, რომლებიც დაბინძურებულია ფოსფორორგანული, დინიტროორთოკრეზოლური, ქლორორგანული და სხვა პრეპარატებით, ტარდება კაუსტიკური სოდის 5%-იანი ხსნარით /300-500 გ 10 ლ წყალზე/. ტარას ავსებენ ამ ხსნარით და ტოვებენ 6-12 საათის განმავლობაში, შემდეგ მრავალჯერ გაავლებენ წყალს. სოდის უქონლობის შემთხვევაში გაუვნებელყოფა შეიძლება ნაცრით. ამისათვის ტარაში იყრება ხის ნაცარი და ჩაასხამენ წყლის ისეთ რაოდენობას, რომ წარმოიქმნეს ფაფისებური მასა. ამ მასას კარგად შეანჯღრევენ /ტარის კედლებიდან პრეპარატის სრულ მოცილებამდე/ და ტოვებენ 12-24 საათის განმავლობაში. შემდეგ შიგთავსს გადაღვრიან ორმოში და ტარას მრავალჯერ გამორეცხავენ წყლით, რომელსაც ასევე გადააქცევენ ორმოში. ტომრებს რეცხვის წინ ასველებენ 4-5 საათის განმავლობაში კალცინირებულ სოდის ხსნარში /200 გ სოდა 10 ლ წყალში/. შემდეგ გაწურავენ და ხარშავენ საპონ-სოდოვან ხსნარში 30 წუთის განმავლობაში. ორმო, რომელშიც ისხმება ნარეცხი წყლები და გამოყენებული სარეცხი საშუალებები, უნდა იყოს ამოცემენტებული და გააჩნდეს ჰერმეტული სახურავი.

12. აკრძალული ვერცხლისწყლის ორგანული პრეპარატების საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში გამოყენებისას ტარა უნდა გავაუვნებელვყოთ შემდეგი საშუალებებით: ქლორიანი კირის 20%-იანი ხსნარით, მარილმჟავით /5 მლ 1ლ წყალში/ შემჟავებული კალიუმის პერმანგანატის 0.2%-იანი ხსნარით, ქლორიანი კირის /1კგ 4ლ წყალში/ ფაფით. ხსნარებით შეავსებენ ტარას და ასე დატოვებენ 5-6 საათის განმავლობაში. შემდეგ დაამუშავებენ კალიუმის პერმანგანატის 1%-იანი ხსნარით. 1 დღე-ღამის შემდეგ ტარას რეცხავენ საპონ-სოდიანი თბილი წყლით /4%-იანი საპნის ხსნარი 5%-იანი კალცინირებული სოდის ხსნარში/.

13. ბრომიანი მეთილისა და მეტალილქლორიდის ტარას თავდაპირველად აუვნებელყოფენ გულმოდგინე განიავებით, შემდეგ კი ამუშავებენ ორთქლით /120-1300C/ პესტიციდის სუნის გაქრობამდე.

14. კარბამატული პესტიციდების ტარას აუვნებელყოფენ კალიუმის პერმანგანატის 1%-იანი ხსნარით, რომელიც შემჟავებულია მარილმჟავათი ან ქლორიანი კირის ფაფით.

15. გამწმენდი მოწყობილობების უქონლობის შემთხვევაში საწყობებში (კომპლექსებში) პესტიციდნამყოფი ტარის და სხვა საგნებისათვის გამაუვნებელმყოფელ საშუალებებს და ჩამონარეცხ წყლებს ღვრიან 1 მ სიღრმის ორმოში, იმ პირობით, რომ გრუნტის წყლების მდებარეობა იყოს 2 მ სიღრმის. ამ ორმოში ყრიან აგრეთვე მინის ტარის ნამსხვრევებს, აგრეთვე ისეთ ტარას, რომელიც არ ექვემდებარება გაწმენდას და გაუვნებელყოფას. ორმოში თანდათანობით, ფენაფენა ემატება ჩამქრალი კირის ფაფა და როცა ორმო ნახევრად შეივსება, მას დახურავენ /გადააყრიან მიწას/

16. შენობის იატაკის რეცხვას ჯერ აწარმოებენ კალცინირებული სოდის ხსნარით, შემდეგ ქლორიანი კირის 1%-იანი ხსნარით, ხოლო შემდეგ ქლორიანი კირის 10%-იანი ხსნარით. პესტიციდებით დაჭუჭყიანებული მიწის ნაკვეთებს აუვნებელყოფენ ქლორიანი კირით და გადაბარავენ.

17. სპეცტანსაცმლის რეცხვას აწარმოებენ ცენტრალიზებული წესით /გამოყოფილ ერთ საერთო ადგილას/. სამრეცხაოში უნდა იყოს წყალგაყვანილობა და სავენტილაციო სისტემა. მოწყობილობიდან სარეცხი მანქანა, საშრობი მოწყობილობა, სარეცხ საშუალებათა ხსნარების დასამზადებლად ავზი და შესანახი ჭურჭელი, თაროები და სხვ.

18. დაბინძურებული სპეცტანსაცმელი სამრეცხაოში უნდა მიიტანონ დახურული ყუთებით. რეზინის სპეცტანსაცმელი /ფეხსაცმელი, ხელთათმანები, წინსაფარი/ და აპკით დაფარული ტანსაცმელი უნდა დამუშავდეს კალცინირებული სოდის 3-5%-იანი ხსნარით.

19. სპეცტანსაცმელს, რომელიც დაბინძურებულია ფოსფორორგანული, დინიტროფენოლური და სხვა პესტიციდებით, ჩაალბობენ საპნიან-სოდიან ხსნარში 6-8 საათის განმავლობაში, შემდეგ კი 2-3-ჯერ გარეცხავენ ცხელ 4%-იანი საპნის ხსნარში /დამატებული 5%-იანი კალცინირებული სოდის ხსნარი/.

20. სპეცტანსაცმელი, რომელიც დაბინძურებულია ქლორორგანული პრეპარატებით, ხელით რეცხვის დროს უნდა ჩაილბოს კალცინირებული სოდის 0.5%-იან ხსნარში, 6 საათის განმავლობაში, ამასთან, იგი კარგად უნდა აირიოს და გამოიცვალოს სოდის ხსნარი 3-ჯერ. მექანიკური რეცხვის დროს ჩალბობის ხანგრძლივობა 2 საათია. სარეცხად იყენებენ საპნიან-სოდიან ხსნარს, რომელსაც ასევე 3-ჯერ ცვლიან.

21. სპეცტანსაცმელი, რომელიც დაბინძურებულია ვერცხლისწყლის ორგანული პრეპარატებით, უნდა ჩაილბოს კალცინირებული სოდის 1%-იან ცხელ ხსნარში, 12 საათის განმავლობაში, შემდეგ 3-ჯერ 30-30 წუთის განმავლობაში ირეცხება სოდიან-საპნიან ხსნარში /4%-იან საპნის ხსნარს დამატებული 5%-იანი სოდის ხსნარი/, რომელსაც ემატება ალკილსულფონატი.

22. ერთდროულად რამდენიმე პესტიციდით დაბინძურებული სპეცტანსაცმელი ირეცხება ისეთი სარეცხი საშუალებებით, რომლებიც რეკომენდებულია ყველაზე ტოქსიკური პრეპარატების გასაუვნებლად.

23. წყალი, რომელიც გამოყენებულია ტრანსპორტის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების, შენობების, ტარის, სპეცტანსაცმლის გასაუვნებელყად, დამატებით ცალკე დამუშავდება ქლორიანი კირით /10 ლ ნარეცხ წყალზე 0.5კგ-ის ანგარიშით, ერთი დღე-ღამის დაყოვნებით/. ჩამონარეცხი წყლები გაუვნებლობის შემდეგ ჩაშვებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 9. უსაფრთხოების მოთხოვნები თესლის თესვისწინა დამუშავების, მათი გადატანისა და თესვის დროს

1. თესლის ცენტრალიზებული წესით შეწამვლა ხორციელდება მეთესლეობის ობიექტზე, რომელთა მოწყობა და ექსპლოატაცია უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედ ჰიგიენურ მოთხოვნებს და პასუხობდეს სასურსათო და საფურაჟე მარცვლის, ზეთოვანი კულტურების და ბალახების აღების შემდგომ დამუშავების, შენახვის არსებულ ნორმებს.

2. თესლის დამამუშავებელი სტაციონარული შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომდენგამწოვი ვენტილაციით და ასპირაციული მოწყობილობებით სამუშაო ადგილებზე. ორგანიზებული უნდა იყოს საწარმოო-ლაბორატორიული კონტროლი სამუშაო ზონის ჰაერში საშიშროების პირველ-მეორე კლასის პესტიციდების შემცველობაზე.

3. შესაწამლი ობიექტები უნდა განლაგდეს ქარის გაბატონებული მიმართულების და განაშენიანების პერსპექტიული გეგმის გათვალისწინებით 100 მ-ში საცხოვრებელი ადგილებიდან, ცხოველთა და ფრინველთა სადგომებიდან, წყალმომარაგების ობიექტებიდან. აკრძალულია მათი განლაგება კურორტების, ნაკრძალების, აგრეთვე თევზსარეწი წყალსატევების სანიტარიული დაცვის ზონებში.

4. თესლის დეცენტრალიზებული შეწამვლა ტარდება ფერმერულ მეურნეობაში ღია ცის ქვეშ ან მსხვილი ფერმერული მეურნეობების სპეციალურ შენობებში ტექნიკური რეგლამენტის – „მცენარეთა დაცვა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლისა და სარგავი მასალის შეწამვლის წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად.

5. თესლის შეწამვლის წინ უნდა განისაზღვროს მისი სათესად საჭირო რაოდენობა. შეწამვლას ექვემდებარება ისეთი თესლი, რომელიც მიყვანილია სათეს კონდიციამდე.

6. ფერმერულ მეურნეობებში თესლის შესაწამლი მოედნები უნდა განლაგდეს ისეთ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლების დონე იქნება არანაკლებ 1.5 მ. მოედანს უნდა ჰქონდეს დაქანება, გააჩნდეს ფარდულის ტიპის გადახურვა, მყარი საფარი /ასფალტი, ბეტონი/. არ დაიშვება ნიაღვრის ნადენის მიშვება წყლის ობიექტებში მისი წინასწარი გაუვნებელყოფის გარეშე.

7. ფერმერული მეურნეობის თესლის შესაწამლი ადგილი უნდა იყოს შემოფარგლული მწვანე ნარგავებით, რათა არ მოხდეს პესტიციდების გაფრქვევა სახვა ნარგავებზე.

8. თესლის შესაწამლ ობიექტზე გასათვალისწინებელია კედლების მოპირკეთება მათი წყლის ნაკადით გარეცხვის მიზნით; იატაკის საჭირო დაქანება წყლის ნაკადის ჩადინებისათვის და ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები.

9. შეწამლული თესლის ჩატვირთვა უნდა მოხდეს მყარ, პესტიციდებისათვის გაუმტარ და ჩასატვირთ მოწყობილობასთან მჭიდროდ მორგებულ ტომრებში, ან სათესლე მანქანის ჩამტვირთავში. ტომრებს უნდა გაუკეთდეს წარწერა „შეწამლულია“.

10. არ დაიშვება შეწამლული და დაფასოებული თესლის სხვა ტარაში გადატანა.

11. შენობებში, სადაც ტარდება თესლის შეწამვლა და მათი დაფასოება, აკრძალულია სხვა სამუშაოთა წარმოება.

12. გამოყენებული პესტიციდების ნარჩენი ბრუნდება საწყობში, სამუშაო მოწყობილობებს უკეთდება გაუვნებელყოფა.

13. შეწამლული თესლის შენახვისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული სპეციალური სათავსი.

14. შეწამლული თესლის შენახვის, დატვირთვა-ტრანსპორტირების დროს და მისი თესვისას, აუცილებელია დავიცვათ ისეთივე უსაფრთხოების ღონისძიებანი, როგორც პესტიციდებთან მუშაობის დროს.

15. შეწამლული თესლის გაცემა თესლის შესაწამლ ობიექტზე უნდა ხდებოდეს პასუხისმგებელი პირის ნებართვით, მისი აღრიცხვით. გამოუყენებული თესლი /ნაშთი/ უნდა დაბრუნდეს საწყობში. შეწამლული თესლის ნაშთი უნდა ინახებოდეს სპეციალურ სათავსში მომავალ წლამდე, პესტიციდებისათვის დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით.

16. შეწამლული თესლი უნდა ინახებოდეს მჭიდროქსოვილიან ქაღალდის ან პოლიეთილენის ტომრებში.

17. აკრძალულია შეწამლული თესლის შერევა შეუწამლავთან, მისი საკვებად და ფურაჟის სახით გამოყენება, აგრეთვე შეწამლული თესლის შენახვა საკვებად და საფურაჟედ გამოყოფილ თესლთან ერთად. აუცილებელია შეწამლული თესლის აღრიცხვა.

18. აკრძალულია შეწამლული თესლის დამატებითი დამუშავება-დაყალიბება, გაწმენდა, დახარისხება და სხვ.

19. შეწამლული თესლის გადაზიდვა შეიძლება მჭიდროდ ნაქსოვი ტომრებით და თესლის სათესი მანქანების საშუალებით.

20. შეწამლული თესლისათვის გამოიყენებენ მხოლოდ გამართულ სათესებს. სათესლე ყუთის სახურავი მჭიდროდ უნდა იხურებოდეს. თესლის დონის გათანაბრება უნდა ხდებოდეს ხის ნიჩბებით.

მუხლი 10. უსაფრთხოების წესები მისატყუარების დამზადებისა და გამოყენების დროს

1. როდენტიციდების გამოყენება რეგლამენტირდება „სახელმწიფო კატალოგით“ და კონკრეტული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით. მათი გამოყენებისას საჭიროა ზუსტად დავიცვათ უსაფრთხოების წესები და პრეპარატების ხარჯვის ნორმები.

2. მოშხამული მისატყუარების დამზადებისას საჭიროა ზუსტად დავიცვათ პრეპარატების რეკომენდებული კონცენტრაციები.

3. დასამუშავებელი სავარგულების შემადგენლობა და ფართობი, დამუშავების წესები, მოთხოვნილება როდენტიციდებისა და მისატყუარ მასალებზე, მანქანა-იარაღებზე, ინვენტარსა და მუშახელზე განისაზღვრება ტერიტორიის გამოკვლევის, მღრღნელების რიცხობრიობის დადგენისა და ადრე ჩატარებული ღონისძიების ბიოლოგიური ეფექტურობის განსაზღვრის საფუძველზე.

4. მოშხამულ მისატყუარებს ცენტრალიზებულად ამზადებენ სპეციალურად გამოყოფილ შენობაში, რომელშიც მოწყობილია ამწოვი კარადა, იატაკი დაფარულია ბეტონით ან მისთვის ეწყობა ღია მოედნები.

5. მისატყუარების დასამზადებელ ობიექტზე მოწყობილი უნდა იყოს ფარდული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესანახად, საშხაპე ან პირსაბანი, აფთიაქი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

6. დასვენებისა და საკვების მიღებისათვის ადგილი უნდა გამოიყოს მისატყუარების დამამზადებელი მოედნიდან 100 მ-ით დაშორებულ ადგილას, გაბატონებული ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით. სასმელი წყალი მოიტანება ონკანისა და საკეტიანი სახურავის მქონე კასრით.

7. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამუშაოები მოშხამული მისატყუარების დამზადებისა და მათი გამოყენებისათვის მაქსიმალურად მექანიზებული უნდა იყოს, სპეციალური შემრევების გამოყენებით, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადგილზევე დამზადებული შემრევი მოწყობილობანი.

8. საველე პირობებში მისატყუარების დამზადებისას აუცილებელია მომუშავე პირები იდგნენ ისე, რომ გვერდით ქარს მათგან მოცილებით გაჰქონდეს მტვერი, ორთქლი თუ აირი. თუ საწამლავად გამოიყენება თუთიის ფოსფიდი, მაშინ მარცვალი წინასწარ უნდა აერიოს ზეთში, ხოლო შემდეგ – პრეპარატში. სამუშაოს შემდეგ, მომუშავეებმა უნდა მიიღონ შხაპი.

9. მისატყუარების გაფანტვა ფართობებზე ხდება სპეციალური მანქანებით, სასუქების გამფანტველებით ან მისატყუარების ხელით გაფანტვა-განაწილებისას გამოიყენება მადოზირებელი საზომები /კოვზები, სახაპავები და სხვა/.

10. გამოუყენებელი მისატყუარები უნდა ჩაბარდეს საწყობში შესანახად. შემთხვევით გაფანტული მისატყუარი ან მისი ნარჩენები, რომლებიც შემდგომი გამოყენებისთვის უვარგისია, უნდა შეგროვდეს და დაიწვას სპეციალურ (წინასწარ საწვავის მოსხმით) ორმოში და დაიმარხოს.

11. მისატყუარების გაფანტვის საზღვრები, ფართობები და ვადები უნდა ეცნობოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურას.

12. არასაცხოვრებელი შენობების, მეცხოველეობის ფერმების, სასარგებლო გარეული ცხოველების და ფრინველების კონცენტრაციის ადგილებიდან 300 მ-ის რადიუსში, ნებადართულია მისატყუარების განლაგება მხოლოდ ვერტიკალურ სოროებში ან მისატყუარ ყუთებში.

13. აკრძალულია ნაკრძალების ტერიტორიაზე და მათ გარშემო დადგენილ დაცვით ზონებში და ფრინველთა საგაზაფხულო გადაფრენის მარშრუტებზე მისატყუარებში როდენტიციდების გამოყენება.

14. სამუშაოების დამთავრების შემდეგ მყარი საფარის არმქონე მისატყუარების დამამზადებელი მოედნები უნდა გადაიბაროს ერთი ბარის პირზე. გადაბარულ ზედაპირზე უნდა მიმოიბნას ჩამქრალი კირი. მყარი საფარის მქონე მოედანი გულდასმით უნდა გაიწმინდოს მიმობნეული მისატყუარებისა და პრეპარატისაგან, შემდგომ მისი გადარეცხვა ხდება კალცინირებული სოდის 2%-იანი ხსნარით ან ჩამქრალი კირის 5%-იანი ხსნარით და წყლით.

მუხლი 11. პესტიციდების გამოყენება სატყეო მეურნეობაში

1. პესტიციდების გამოყენება სატყეო მეურნეობაში დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო კატალოგის“ შესაბამისად.

2. ტყეებში პესტიციდების გამოყენება დაიშვება გარემოს დაცვისა და სანიტარიული წესების დაცვით ტერიტორიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან/დამამზადებელი ორგანიზაციები და სხვ./ შეთანხმებით. აკრძალულია პესტიციდების გამოყენება წყალდამცველ ზონაში, სახელმწიფო ნაკრძალების, სახელმწიფო პარკების, ბუნების ძეგლების ტერიტორიებზე.

3. სატყეო მეურნეობები პესტიციდების გამოყენებამდე 10 დღით ადრე ვალდებული არიან მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია /პრესა, რადიო, ტელევიზია, საუწყებო ფურცლები და სხვ./ მოსახლეობას, დაინტერესებულ დაწესებულებებსა და მეურნეობებს ტყეთა მოსალოდნელი დამუშავების, ჩატარებათა ვადების, დასამუშავებელი კვარტალების, ფართობების და ძირითად პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ჩვენებით. დასამუშავებელი მონაკვეთის საზღვრიდან 200 მ-ის დაშორებით, მეურნეობის ყველა გზაზე და ტყენაკაფაზე კეთდება ნიშნები /ზომით 1X1,5 მ/ გამაფრთხილებელი წარწერებით „ფრთხილად, გამოყენებულია პესტიციდები, აკრძალულია ხალხის ყოფნა ფართობზე…….... მდე /თარიღი/; კენკრისა და სოკოს კრეფა ....... მდე/თარიღი/“ და ა.შ.

4. პესტიციდებით დამუშავებულ ფართობზე, სატყეო ტერიტორიის ადმინისტრაციამ ან მეურნეობამ უნდა უზრუნველყოს თავისი მუშაკების ძალებით პესტიციდებით უსაფრთხო დამუშავების ვადების, მოსახლეობის დასვენების, კენკროვნებისა და სოკოს კრეფის, საქონლის ძოვების, თიბვის ვადების დაცვა „სახელმწიფო კატალოგში“ ნაჩვენები რეგლამენტების შესაბამისად.

5. ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაოთა ჩატარებაზე, ვალდებულია უზრუნველყოს პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების კონტროლი სოკოში, ხეხილოვანთა და კენკროვანთა ნაყოფებში იმ ფართობებზე, სადაც გამოიყენეს პესტიციდები და მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებს.

მუხლი 12. პესტიციდების გამოყენება დასახლებული პუნქტების მწვანე ნარგაობათა დასაცავად

1. პესტიციდების გამოყენება ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში დაშვებულია მხოლოდ ქალაქის მწვანე ნარგაობისათვის მითითებული პრეპარატებით „სახელმწიფო კატალოგის“ შესაბამისად.

2. მწვანე ნარგაობათა დასაცავად პესტიციდების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 22-დან დილის 7 საათამდე, უქარო ამინდში.

3. ობიექტებში, რომლებიც განლაგებულია ქალაქის /დასახლებული პუნქტის/ შიგნით, პესტიციდების გამოყენების წინ აუცილებელია დაიდგას გამაფრთხილებელი ნიშნები და ეცნობოს მოსახლეობას ჩასატარებელ სამუშაოთა ვადების შესახებ, რომლის დროსაც აკრძალულია ხალხის ყოფნა დამუშავებულ ზონაში, აგრეთვე უსაფრთხოების ძირითადი ღონისძიებების შესახებ /ფანჯრების დახურვა და სხვ./.

4. ობიექტების ფუმიგაცია, რომლებიც განლაგებულია მწვანე ნარგაობათა ზონაში, ტარდება წინამდებარე წესების მიხედვით.

5. პესტიციდების გამოყენებისას სკვერებში და პარკებში აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვთა მოედნების დაცვა დაჭუჭყიანებისაგან.

6. პესტიციდების გამოყენების შემდეგ სკვერებსა და პარკებში აუცილებელია ტერიტორიის, საპარკო ინვენტარისა და მოწყობილიბის /მერხები, საბავშვო და სპორტული მოედნების სათამაშო მოწყობილობანი/ წყლით დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში – სილის გამოცვლა ბავშვთა სილის სათამაშო მოედანზე.

7. პარკისა და სკვერის შესასვლელებში უნდა დაიდგას გამაფრთხილებელი ნიშნები, აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაცვა პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების ჰიგიენური რეგლამენტების შესაბამისად.

მუხლი 13. პესტიციდების გამოყენება სარკინიგზო ტრანსპორტის მიმდებარე მიწებზე

1. პესტიციდების გამოყენება ნებადართულია მიწისზედა მეთოდით.

2. სარკინიგზო გზების დამუშავება ტარდება სპეციალური საგზაო შტანგიანი შემასხურებლებით, აგრეთვე ჩამოსაკიდებელი მოწყობილობით, რომელიც თავსდება 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ დრეზინაზე, გამწევ მოდულებზე და პლატფორმებზე. გამფრქვევებს უნდა ჰქონდეთ ჭავლის მომჭრელი სარქველები.

3. მომსახურე პერსონალი სარკინიგზო სვლისას უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირსაბანით, პირველადი დახმარების აფთიაქით.

4. პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან პესტიციდების გამოყენებაზე, სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა ჰქონდეს შხაპის მიღების საშუალება საგზაო მეურნეობის შენობაში.

5. პესტიციდების სამუშაო ხსნარები დასაშვებია მომზადდეს შემასხურებელი აპარატების რეზერვუარებში. საგზაო დაწესებულებათა გასამართი პუნქტების მოედნები არანაკლებ 200 მ-ით უნდა იქნეს დაცილებული წყალმომარაგების წყაროებიდან და მეთევზეობის წყალსატევებიდან. სატრაქტორო შემსხურებლების გარეცხვა სამუშაოთა დამთავრების შემდეგ ტარდება ადგილზე გზისპირა დაცვითი ტყენარგაობის ზოლში.

6. შემასხურებელთა გარეცხვა-გასუფთავება რკინიგზაზე გადააადგილებისას ხდება პესტიციდებით დაუმუშავებელ მონაკვეთზე მოძრაობის დროს.

7. სარკინიგზო ზოლების დამუშავება აკრძალულია, თუ ქარის სიჩქარე აღემატება 4კმ/სთ.

8. სარკინიგზო გზების პესტიციდებით დამუშავება წყდება ხიდებამდე 200 მ-ით მიახლოებისას და განახლდება მათი წყალსატევზე გადასვლიდან 200 მ-ის შემდეგ.

9. რკინიგზის სადგურის გზების პესტიციდებით დამუშავების ვადები უთანხმდება გზებზე მოძრაობის სამსახურის ხელმძღვანელებს იმ მიზნით, რათა შერჩეული იქნეს დრო, როცა ყველაზე ნაკლებია მგზავრთა ნაკადი. დამუშავებები უნდა ჩატარდეს უქარო ამინდში. ჩასატარებელ სამუშაოთა შესახებ უნდა ეცნობოს სადგურში მყოფ მგზავრებს.

10. ჩასატარებელ სამუშაოთა შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა გაფრთხილებული უნდა იქნეს არანაკლებ 3 დღით ადრე.

11. აკრძალულია დამუშავების პერიოდში და მის შემდეგ რკინიგზის მიდამოებში საქონლის ძოვება, თივის დამზადება, ხოლო დამცავ ტყე-ნარგავებში კენკროვნებისა და სოკოების კრეფა იმ ვადებში, რომელიც მოცემულია „სახელმწიფო კატალოგში“.

12. რკინიგზის დამუშავებულ მონაკვეთებზე ადამიანების დაშვების ვადა განისაზღვრება „სახელმწიფო კატალოგით“.

13. პესტიციდების გამოყენების შემდეგ, თუკი მაშინვე უნდა შესრულდეს საგზაო სამუშაოები, აუცილებელია გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებანი.

14. კონტროლს პესტიციდების გამოყენებაზე სარკინიგზო ტრანსპორტის მიმდებარე მიწებზე ახორციელებენ საგზაო მეურნეობის, გარემოსდაცვითი და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, სანიტარიული ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურები.

მუხლი 14. დეზინსექცია და დერატიზაცია

1. მისატყუარების, სადეზინფექციო-ინსექტიციდური და როდენტიციდური საშუალებების დამზადების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის და გამოყენების ჰიგიენური მოთხოვნები რეგლამენტირებულია „სახელმწიფო კატალოგით“ და სანიტარიული წესებით, ნორმებით და ჰიგიენური ნორმატივებით.

2. დეზინსექციას და დერატიზაციას აკონტროლებენ სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები.

3. ფერმერულ მეურნეობებში ბეღლების, სარდაფების, საკუჭნაოების, სათავსების დამუშავების სახე, მოცულობა, ვადები და ჯერადობა უნდა შეესაბამებოდეს ენტომოლოგიურ და მღრღნელი მავნებლების ჩვენებებს და ტარდებოდეს სანიტარიულ-ჰიგიენური და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვით.

4. სადეზინსექციო და დერატიზაციული სამუშაოების შესრულებისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს მომსახურე პერსონალის მოწამვლის შესაძლებლობა.

5. დეზინსექცია და დერატიზაცია მიმდინარეობს სპეციალისტის მეთვალყურეობით. სამუშაოზე დაიშვებიან ის პირები, რომელთაც გააჩნიათ სპეციალური მომზადება და სამუშაო ადგილზე მიიღეს ინსტრუქტაჟი.

6. პირები, რომლებიც ატარებენ დეზინსექციას და დერატიზაციას, უნდა იყვნენ დაუფლებულნი სადეზინსექციო საშუალებების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მოწამვლისას პირველადი სამედიცინო საშუალებების გამოყენების მეთოდებს და წესებს.

7. შენობის დეზინსექციის შემდეგ ფანჯრები უნდა იყოს ღია და იგი კარგად უნდა ნიავდებოდეს.

8. ინსექტიციდური მისატყუარები ბავშვებისათვის და შინაური ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას უნდა იქნეს მოთავსებულნი.

9. პესტიციდების გამოყენებისას გამორიცხული უნდა იყოს მათი საოჯახო ჭურჭელზე ან საკვებ პროდუქტებში მოხვედრის შესაძლებლობა. საოჯახო დანიშნულების სხვა ნივთები კი საჭიროა გაირეცხოს საპნით ან სოდიანი წყლით.

10. დამუშავებული სათავსები დეზინსექციიდან 8-12 სთ-ის შემდეგ ექვემდებარებიან სველ დამუშავებას.

11. საკარანტინო ობიექტების აღმოჩენისას საზღვაო, სამგზავრო და სატვირთო ხომალდების, თვითმფრინავების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, კონტეინერების, ვაგონების დეზინსექცია რეგლამენტირდება წინამდებარე წესებით, ფიტოსანიტარიული კარანტინის კონტროლქვემდებარე ტვირთების, მასალების, და სატრანსპორტო საშუალებების (გემების, რკინიგზის ვაგონების, თვითმფრინავების, კონტეინერების, ავტოტრანსპორტის) გაუსენიანობის ინსტრუქციებით და „საზღვაო ხომალდებისათვის სანიტარიული წესებით“ №264182 და სატრანსპორტო საშუალებებისათვის შესაბამისი ინსტრუქციებით.

12. სამგზავრო ვაგონებში ინსექტიციდური პრეპარატების გამოყენებიდან 3-4 საათის შემდეგ ლოგინი და ხალიჩები საჭიროა განიავდეს და გაიწმინდოს მტვერსასრუტით, საოჯახო დანიშნულების სხვა ნივთები კი საჭიროა გაირეცხოს საპნით ან სოდიანი წყლით.

13. სამგზავრო და სატვირთო ვაგონების დეზინსექცია გაზაციის მეთოდით, საკარანტინო ობიექტების ან მავნე ორგანიზმების ეკონომიკური ზღვრების ზემოთ გავრცელებისას, ტარდება ან სპეციალურ ანგარში, ან ვაგონების გაზაციის ღია მოედნებზე.

14. სამგზავრო ან სატვირთო ვაგონების გაზაციის ობიექტები უნდა მდებარეობდეს ტექნიკური სადგურის პერიფერიაზე, არანაკლებ 50 მ-ის დაშორებით საცხოვრებელი სახლებიდან.

15. ვაგონის დეზინსექცია და დეგაზაცია, აგრეთვე უსაფრთხოების ზომები უნდა ტარდებოდეს ვაგონების დეზინსექციის ინსტრუქციის შესაბამისად.

16. სამგზავრო და სატვირთო ვაგონები გაზაციის პუნქტიდან გამოსვლის წინ უნდა შემოწმებულ იქნენ გაზაციის სრულყოფილებაზე.

17. საკარანტინო ან სხვა საშიში მავნე ობიექტების აღმოჩენისას სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებში დეზინსექცია ხორციელდება ხალხის არყოფნისას და გამორთული ელექტროკვებისას.

18. დამუშავებები იწყება თვითმფრინავის ბოლოდან, პილოტების კაბინის მიმართულებით. დამუშავების შემდეგ კარები იგმანება 15 წუთით, რის შემდეგაც ხდება სალონის განიავება, სუნის სრულ გაქრობამდე.

19. დეზინსექციის შემდეგ ყველა სახის სამგზავრო ტრანსპორტის ექსპლოატაცია ნებადართულია მხოლოდ მათი სველი გარეცხვის შემდეგ. საკარანტინო ან სხვა საშიში მავნე ორგანიზმებისაგან გაუსნებოვნების შემდეგ სათავსის, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია დაშვებულია გაუსნებოვნების ეფექტურობის დადგენის შემდეგ კარანტინის პასუხისმგებელი ინსპექტორის მითითების საფუძველზე.

20. მოშხამული მისატყუარი პოლიეთილენის პარკებში უნდა იყოს დაფასოებული. ობიექტზე მისატყუარი ნაწილდება რკინის კოვზით.

21. მოშხამული მისატყუარის ადგილმდებარეობაზე გაფრთხილებული უნდა იყვნენ დასამუშავებელ ობიექტზე პასუხისმგებელი პირები. იმ ადგილებში, სადაც მისატყუარები იქნება მოთავსებული, უნდა იყოს გამაფრთხილებელი წარწერები: „ფრთხილად შხამია“.

22. მოშხამული მისატყუარის დამზადება უნდა მოხდეს ამ წესების თანახმად.

მუხლი 15. პესტიციდებთან მომუშავეთა ინდივიდუალური დაცვის საშუალებანი

1. ორგანიზმში პესტიციდების მოხვედრისაგან დასაცავად მომუშავე ყველა პირი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

2. დაქირავებული პერსონალი სამუშაოების წარმოებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შემდეგი კომპლექტით: სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალეები, ხელთათმანები.

3. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა უნდა ხდებოდეს პრეპარატების ფიზიკური, ქიმიური და ტოქსიკური თვისებების, შრომის პირობების გათვალისწინებით. მათ შერჩევას აწარმოებენ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩასატარებელ სამუშაოზე.

4. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ სუფთა, მშრალ ადგილებში. აკრძალულია მათი შენახვა პესტიციდებთან ერთად. აკრძალულია სამუშაოს შემდეგ სპეცტანსაცმლის და სპეცფეხსაცმლის ტარება.

5. ფერმერული მეურნეობების ან საწარმოების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გაუვნებელყოფა.

6. სასუნთქი გზების დასაცავად აუცილებელია გამოვიყენოთ სპეციალური (მაგალითად РПГ-67 ტიპის) ან უნივერსალური რესპირატორები (მაგალითად РУ-60М), სამრეწველო აირწინაღები გამოსაცვლელი კოლოფებით ან მტვრის საწინააღმდეგო რესპირატორები (მაგალითად Ф 62 Ш, У2-К, ლეპესტოკი, ასტრა-2 და სხვ.).

7. მტვრისებურ პრეპარატებთან მუშაობისას, სასუნთქი გზების დასაცავად გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი რესპირატორი აირსაწინააღმდეგო პატრონებით.

8. რესპირატორების უქონლობის შემთხვევაში, ასევე ზემოთ თქმულ პრეპარატებთან მუშაობა უნდა ხდებოდეს სამრეწველო აირწინაღებით აეროზოლური ფილტრების მქონე შესაბამისი მარკის კოლოფებით.

9. განსაკუთრებით საშიში პრეპარატებით შენობების ფუმიგაციისას საჭიროა გამოყენებული იქნეს სამრეწველო აირწინაღები „A“ კოლოფებით.

10. სამუშაოზე პასუხისმგებელი პირი თითოეული აირწინაღის კოლოფის და რესპირატორის მასრის შესახებ აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც მითითებულია ექსპლუატაციის პირობები /პრეპარატების და მათი ნარევების სახელწოდებები, გამოყენების ხერხი, ნამუშევარი დროის რაოდენობა/.

11. რესპირატორების ნამუშევარი ფილტრები, კოლოფები, მასრები, აგრეთვე აირწინაღების კოლოფები, ვადის გასვლის შემდეგ უნდა შეიცვალოს. ნამუშევარი ფილტრები, კოლოფები, მასრები უნდა განადგურდნენ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

12. კანის და ლორწოვანი გარსის დაცვა ხდება სპეცტანსაცმლით და დამცავი სათვალეებით.

13. ფხვნილისებრ პრეპარატებთან მუშაობისას საჭიროა გამოყენებულ იქნეს სპეცტანსაცმელი, რომელიც დამზადებული უნდა იქნეს მტვრის საწინააღმდეგო სპეციალური ქსოვილისაგან.

14. თხევად პრეპარატებთან მუშაობისას გამოყენებული უნდა იყოს სპეციალურად გაჟღენთილი ქსოვილისაგან დამზადებული სპეცტანსაცმელი.

15. დახურული შენობების, სათესი მასალის, პროდუქტების, მათი ტარის ფუმიგაციისა და შემდგომი დეგაზაციისას გამოყენებული უნდა იქნეს ქლორვინილური ფენით დაფარული სპეცტანსაცმელი.

16. კონცენტრირებულ ემულსიებთან, პასტებთან, სითხეებთან და სხვა თხევადი ფორმის პესციდიტებთან მუშაობისას, ხელების დასაცავად გამოყენებული უნდა იყოს რეზინის ხელთათმანები, მტვრისებურ პესტიციდებთან მუშაობისას – ბამბის ხელთათმანები გაჟღენთილი მჟავასადმი მედეგი სითხით და დაფარული აპკით ან კომბინირებული ხელთათმანები. აკრძალულია სამედიცინო ხელთათმანების გამოყენება.

17. მტვრისებურ პესტიციდებთან მუშაობის დროს ფეხსაცმელზე ჩამოცმული უნდა იყოს ბრეზენტის შალითა, თხევადთან მუშაობისას რეზინის ჩექმები, პესტიციდების საწყობში ტყავის სპეცფეხსაცმელი.

18. თვალების დასაცავად გამოყენებული უნდა იყოს ჰერმეტული სათვალეები.

19. სამუშაოს შესრულების შემდეგ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა გასუფთავდეს. მათი გახდა შემდეგი თანამიმდევრობით უნდა მოხდეს: გაუხდელად გაირეცხოს რეზინის ხელთათმანები გამაუვნებელმყოფელ ხსნარში /3-5% კალცინირებული სოდის ხსნარი, კირის რძე/; შემდეგ გაირეცხოს წყლით; შემდეგ მოხდება ჩექმებისა და კომბინიზონის გახდა, მოიხსნება დამცავი სათვალეები და რესპირატორი; ხელახლა გაირეცხოს ხელთათმანები გამაუვნებელმყოფ ხსნარში და წყალში და გაიხდება. აირწინაღის კოლოფებისა და რესპირატორების მასრის რეზინის წინა და გარეთა ზედაპირი გაუვნებელდება საპონ-სოდიანი ხსნარით /25გ საპონი + 5გ კალცინირებული სოდა 1ლ წყალში/ ან დიასის 1%-იანი ხსნარით ჯაგრისის დახმარებით, შემდეგ გაავლებენ სუფთა წყალში და გააშრობენ. აირწინაღისა და რესპირატორის წინახედი დეზინფიცირდება კალიუმის პერმანგანატის 0.5%-იან ხსნარში ან სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით.

20. სპეცტანსაცმელი ყოველი სამუშაო დღის შემდეგ უნდა გაიბერტყოს ან გაიწმინდოს მტვერსასრუტით, ხოლო შემდეგ გასანიავებლად უნდა გაიკიდოს ღია ცის ქვეშ 8-12 საათის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად გაიწმინდოს ტანსაცმელი პესტიციდის ნარჩენებისაგან.

21. სპეცტანსაცმელი მექანიკური გაწმენდის გარდა პერიოდულად უნდა ირეცხებოდეს და გაუსნებოვნდეს.

მუხლი 16. სათავსების და ნიადაგის ფუმიგაცია /გაზაცია/, სველი დეზინსექცია

1. ფუმიგაცია და სველი დეზინსექცია უნდა ტარდებოდეს უპირატესად სტაციონარულ სათავსებში.

2. გემებზე ფუმიგაციის ჩატარება რეგლამენტირებულია სპეციალური დოკუმენტებით.

3. დაწყებული გაზაციიდან, დამთავრებული დეგაზაციით, ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვით, თავად დაცვის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ აირწინაღებით და ჩატარებული უნდა ჰქონდეთ ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი.

4. აკრძალულია ობიექტების გაზაცია, თუ დაშორება საცხოვრებელი სახლებიდან 150თ მ-ზე ნაკლებია, და 100 მ-ზე ნაკლები სამრეწველო სათავსებიდან, ავტო- და რკინიგზის მაგისტრალებიდან.

5. გაზაციის ჩატარების უფლება აქვს სპეციალურად მომზადებულ და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილ ჯგუფს, რომელშიც არანაკლებ 3 კაცი უნდა იყოს.

6. იმ ტერიტორიაზე, სადაც ტარდება გაზაცია, აკრძალულია ცეცხლით სარგებლობა, ჭამა, სიგარეტის მოწევა. სამუშაო ზონის საზღვარზე უნდა განლაგდეს გამაფრთხილებელი და აკრძალვის ნიშნები.

7. მინდვრის პირობებში ნიადაგის ფუმიგაციისას პესტიციდებთან მომუშავენი უნდა გადაადგილდებოდენ ჰაერის მიმართულების პერპენდიკულარულად.

8. სათავსის დეგაზაცია უნდა ჩატარდეს ინსტრუქციით დადგენილ ვადებში შემწოვ-გამწოვი ვენტილაციის გამოყენებით ან პასიური განიავებით.

9. თუ ფუმიგაციისას გამოყენებული გაზი ჰაერზე მძიმეა, სამუშაოს დამთავრების შემდეგ აუცილებელია განიავდეს სარდაფები.

10. სათავსის ფუმიგაციისას დეგაზაციის ღონისძიებები ითვალისწინებს ტემპერატურის 2-3 გრადუსით აწევას /კარებები და ფანჯრები 12-16 საათით არის დახურული/, შემდგომ მის განიავებას ფუმიგანტის სუნის სრულ გაქრობამდე.

11. ობიექტის დეგაზაციის შემოწმება ხდება საფუმიგაციო სამუშაოების შემსრულებლის მიერ ფუმიგანტების კონტროლის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. დეგაზაციის შემდეგ ფუმიგანტის შემცველობა სამუშაო ზონაში არ უნდა აღემატებოდეს ზდკ-ს, სრული დეგაზაციის შემოწმებისას 2 საათით ადრე შენობა უნდა დაიხუროს.

12. თუკი ობიექტის ფუმიგაციასთან ერთად ხდებოდა სხვა პროდუქციის დამუშავება /გემის ტრიუმში, საწყობებში, კამერებში/, დეგაზაციის ვადა უნდა გაგრძელდეს და მისი დასრულება დამოკიდებული იქნება პროდუქციაში ფუმიგანტების ნარჩენის რაოდენობის დადგენაზე. ფუმიგირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება სერტიფიკატის საფუძველზე.

13. თუკი ფუმიგაცია ხდება აირბალონური მეთოდით, ფუმიგაციისას საჭიროა მკაცრად იყოს დაცული მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის მოწყობილობის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესები. ბალონები ტრანსპორტირებისას უნდა იყოს დალაგებული ისე, რომ თალფაქებს ერთი მიმართულება ჰქონდეთ. ისინი საიმედოდ უნდა იყვნენ დამაგრებულნი და დაცულნი დარტყმის, ბიძგების და ჩამოვარდნისაგან. აკრძალულია გადმობრუნებულ მდგომარეობაში ბალონების გადატანა, თალფაქის მხრიდან მათი აწევა და ამგვარად გადმოტვირთვა. ბალონები საწყობებში ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +250 C. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში საჭიროა ბალონები სველი ბრეზენტით დაიფაროს. გაზაციის დაწყებისას მოწმდება ყველა ბალონის ვენტილი თუკი თალფაქის ამოხრახვნა ხელით არ ხერხდება, იგი უნდა ამოიხრახნოს ქანჩის გასაღებით. კატეგორიულად აკრძალულია ბალონზე ჩაქუჩის დარტყმა. თუკი ფუმიგანტები კასრებშია შენახული, მათ ხსნიან სპეციალური გასაღებებით. აკრძალულია საცობების გათბობა ან მათი დარტყმით მოშორება.

14. დეგაზაციის დამთავრებას ადგენს სამუშაოს ხელმძღვანელი. მის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ნაგებობის ექსპლუატაცია.

15. სათავსის აეროზოლით დამუშავებისას საჭიროა მათი ჰერმეტიზირება /ცარიელი საწყობები, ხორბლის საცავები, ფერმები, ბაკები/ და მექანიკური გაწმენდის ჩატარება. აქ არსებული სტაციონარული დანადგარები საჭიროა დაიფაროს აპკით, რათა აღიკვეთოს მათზე აეროზოლის მოხვედრა.

მუხლი 17. მოთხოვნები სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო პირობების ორგანიზებისათვის

1. იმ პირებისათვის, რომელთაც საწარმოო შეხება აქვთ პესტიციდებთან, სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო მომსახურება რეგლამენტირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოქმედი სანიტარიული წესებით და ნორმებით, ჰიგიენური ნორმატივებით ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო შენობების და სათავსების შესახებ.

2. პროფესიისა და კონკრეტული სამუშაო ადგილის მიკუთვნება გარკვეული ჯგუფისათვის, პესტიციდების მავნეობის კლასებისადმი კუთვნილების და საწარმოო მავნეობის ხარისხის გამოხატვის მიხედვით, ხორციელდება პესტიციდების გამოყენებით სამუშაოთა ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების მიერ.

3. იმ ობიექტებზე, სადაც მომუშავეთა რაოდენობა 30 კაცზე ნაკლებია, გათვალისწინებული უნდა იყოს სასადილო ოთახი შესაბამისი ხელსაბანით; ხოლო თუ 30 კაცზე მეტია, უნდა მოეწყოს ორგანიზებული კვება.

4. პირები, რომელთაც საწარმოო კონტაქტი აქვთ პესტიციდებთან (შენახვა, ტრანსპორტირება, დაფასოება, ჩატვირთვა, გადმოტვირთვა, სამუშაო ხსნარების მომზადება, სათესი მასალის შეწამვლა და მისი დაფასოება, შენახვა, ტრანსპორტირება, ფუმიგაცია, მცენარეთა შესხურება, ნიადაგში შეტანა, დეზინსექცია, დერატიზაცია და სხვ.) ვალდებულნი არიან გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის შესაბამისი საშუალებები.

5. საწარმოს ან სამეურნეო ობიექტის ხელმძღვანელი, მისი საკუთრების ფორმის მიუხედავად, ვალდებულია პესტიციდებთან მომუშავენი უზრუნველყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მოახდინოს მათი შენახვის, რეცხვის და გაუვნებელყოფის ორგანიზება.

6. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კომპლექტი, სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, ხელთათმანები, დამცავი სათვალეები, რესპირატორები ან აირწინაღები – უნდა შერჩეულ იქნეს ინდივიდუალურად თითოეული მუშაკისათვის და მიეჩინოს მას. ისინი უნდა ინახებოდეს მშრალ, სუფთა, კარგად განიავებულ სათავსებში. აკრძალულია მათი შენახვა პესტიციდებთან ერთად და არადანიშნულებით გამოყენება.

7. პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პესტიციდების გამოყენებით ჩასატარებელ სამუშაოზე, მკაცრად უნდა გაითვალისწინონ საფილტრე მოწყობილობების დაცვითი მოქმედების დრო თანახმად რეკომენდაციებისა პესტიციდებთან და მინერალურ სასუქებთან მუშაობისას სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ. რესპირატორის ან აირწინაღის შიგნით პესტიციდის სუნის არსებობა საფილტრე მოწყობილობების გაუმართაობის მაუწყებელია და  ექვემდებარება დაუყოვნებლივ გამოცვლას.

8. მაღალტოქსიკურ, საშუალო, რიგ შემთხვევებში მცირე ტოქსიკურ მტვრისებურ ნივთიერებებთან მუშაობისას გამოყენებული უნდა იქნეს სპეცტანსაცმელი.

9. პესტიციდების ხსნარებთან კონტაქტისას გამოყენებული უნდა იქნეს ტანსაცმელი დამზადებული გაჟღენთილი სპეციალური ქსოვილისაგან, აგრეთვე კანის დამატებითი დამცავი საშუალებები – წინსაფრები, სამკლავურები დამზადებული აპკიანი მასალისაგან.

10. პესტიციდების ხსნარებთან მუშაობისას ხელები დაცული უნდა იქნეს რეზინის ხელთათმანებით, რომელსაც ტრიკოტაჟის სარჩული აქვს; ფეხების დასაცავად – პესტიციდების და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მაღალი მედეგობის მქონე რეზინის ჩექმები, თვალების დასაცავად გამოყენებული უნდა იქნეს დამცავი ჰერმეტული სათვალეები.

მუხლი 18. მოთხოვნები იმ მუშაკთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელთაც კონტაქტი აქვთ პესტიციდებთან

1. დაქირავებული პირები, რომელთაც მუშაობისას შეხება აქვთ პესტიციდებთან, ვალდებულნი არიან წინასწარ სამუშაოზე მიღებამდე და შემდგომშიც პერიოდულად გაიარონ სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების მიხედვით:

ა) 18 წლამდე ასაკის პირები, ფეხმძიმე და მეძუძური ქალები, აგრეთვე პირები, რომელთაც წინასწარ სამედიცინო შემოწმებისას დაუდგინდათ უკუჩვენება, პესტიციდებთან სამუშაოდ არ დაიშვებან;

ბ) აკრძალულია ქალთა შრომის გამოყენება: პესტიციდების ტრანსპორტირებაზე, ჩატვირთვაზე, გადმოტვირთვაზე, სამუშაოდ იმ ტრაქტორზე, რომელიც აღჭურვილია შემასხურებლებით და შემფრქვევებით;

გ) სამედიცინო და პროფილაქტიკური მომსახურება უნდა ხორციელდებოდეს იმ მუნიციპალიტეტის სამკურნალო დაწესებულებებში, სადაც გამოიყენება პესტიციდები;

დ) ყველა მუშაკი დაუფლებული უნდა იყოს საავარიო სიტუაციებში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებსა და ხერხებს.

მუხლი 19. გარემოს ობიექტების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის /მათ შორის, გადამუშავების პროდუქტების/ დაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებანი

1. ნიადაგის დაცვა:

ა) ნიადაგში პესტიციდების დაგროვების აღსაკვეთად საჭიროა თითოეული პესტიციდის გამოყენების რეკომენდაციების /ხარჯვის ნორმა, ჯერადობა, დრო, გამოყენების ხერხი/ მკაცრი შესრულება, თანახმად ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნისა. რეკომენდებულია დამუშავების პერსპექტიული მეთოდების დანერგვა/ულტრა- და მცირემოცულობიანი შესხურება, პესტიციდების გრანულირებული ფორმის შეტანა/, რაც შეამცირებს ნიადაგის დაბინძურების ხარისხს;

ბ) ნიადაგში მდგრადი პესტიციდების კონტროლის მიზნით ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევები;

გ) კონტროლის ობიექტი უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სათბურების გრუნტი, ზედაპირული წყალსატევების წყალდაცვითი ზონის მონაკვეთები, პესტიციდების საწყობების ტერიტორია, სასოფლო-სამეურნეო აეროდრომები.

2. ატმოსფერული ჰაერის დაცვა:

ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტექნოლოგიური, გარემოსდაცვითი და ჰიგიენური მოთხოვნების მკაცრი შესრულებით, აკრძალულია პესტიციდების გამოყენება, როცა ქარის სიჩქარე აღემატება 3-5 მ/წმ-ს, აგრეთვე ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით. მასივები, რომელთა მრავალჯერადი დამუშავება არის საჭირო, უნდა იყოს დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან არანაკლებ 200 მ-ით, ამასთანავე გათვალისწინებული უნდა იყოს მასივების ჰიდროგეოლოგიური თავისებურებები, დამუშავების პერიოდში ქარის მიმართულება, სეზონური გაბატონებული ქარების მიმართულება;

ბ) შერჩევითი კონტროლი ჰაერში პესტიციდების არსებობის თაობაზე ტარდება თანახმად გარემოსდაცვითი და სანიტარიული წესების მოთხოვნისა;

გ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეკომენდებულია შერჩეულ პრეპარატთა ასორტიმენტის მორიგეობით გამოყენება სავეგეტაციო პერიოდში;

3. წყალმომარაგების წყაროების დაცვა:

ა) ზედაპირული და გრუნტის წყლების /მიწისქვეშა წყლები/ პესტიციდებით დაბინძურებისაგან დაცვა ხორციელდება მოქმედი სანიტარიული ნორმებით და წესებით;

ბ) პესტიციდების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იყოს წყალმომარაგების წყაროების დაცვითი ღონისძიებები;

გ) აკრძალულია მდგრადი და ნიადაგში აქტიურად მიგრირებადი პესტიციდების გამოყენება იმ ფართობებზე, რომელთაც არასაკმარისი წყალგაუმტარი საფარველი აქვთ მიწისქვეშა წყლების დასაცავად;

დ) სამუშაო ხსნარის მოსამზადებელი, თესლის შესაწამლი ადგილები, საქონლის დასამუშავებელი პუნქტები 200 მ-ით უნდა იყოს დაშორებული ზედაპირული წყალსატევებიდან, რომელსაც თევზსსამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს;

ე) თევზსამეურნეო წყალსატევების სანიტარიულ დაცვის ზონაში /არანაკლებ 200 მ ნაპირიდან/ აკრძალულია: პესტიციდების საწყობების არსებობა, თესლის შესაწამლი მოედნების მოწყობა, შხამიანი მისატყუარების და ხსნარების მომზადება, შემასხურებელი მანქანებისა და აპარატურის ხსნარებით გამართვა, საქონლის დასამუშავებელი მოედნების მოწყობა, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტარის და ტექნიკის გაუვნებელყოფა, ასაფრენ-დასაშვები ზოლის მოწყობა;

ვ) აკრძალულია პესტიციდების გამოყენება სამეურნეო-სასმელი წყალმომარაგების წყაროთა სანიტარიული დაცვის პირველ სარტყელში. ზედაპირული წყლების სანიტარიული დაცვის ზონის II სარტყლის მთელ ტერიტორიაზე მყარდება კონტროლი პესტიციდების გამოყენებაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურების მიერ. აკრძალულია პესტიციდების გამოყენება მიწისქვეშა წყალმომარაგების წყაროების სანიტარიული დაცვის II სარტყლის ზონაში;

ზ) წყალმომარაგების წყაროების სანიტარიული დაცვის ზონის II სარტყლის ფარგლებში აკრძალულია პესტიციდების მსხვილი საწყობების განლაგება;

თ) პესტიციდების გამოყენებისას წყალმომარაგების ყველა წყარო /ჭები, ჭაბურღილები და სხვ./ საიმედოდ უნდა იქნეს დახურული /დაფარული/;

ი) წყალსატევების დამუშავება ტარდება მხოლოდ ამ მიზნისათვის დარეგისტრირებული პესტიციდებით;

კ) ტარის, პესტიციდებთან მუშაობის დროს გამოყენებული შემასხურებელი მანქანების, მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სპეცტანსაცმლის რეცხვის დროს ჩამონადენი წყლების ჩაშვება წყალსატევებში აკრძალულია, თუნდაც მათი გაუვნებლობის შემთხვევაში;

ლ) არ დაიშვება თერმული წყლების მიმღები წყალსატევების დაჭუჭყიანება პესტიციდებით, აგრეთვე წყალსატევების კომბინირებული დაჭუჭყიანება თბური „ნარჩენებით“. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ატარებს სამეურნეო-სასმელი წყალმომარაგების წყაროებისა და წყალსატევების შერჩევით კონტროლს პესტიციდების შემცველობაზე;

მ) წყლის ხარისხის ჰიგიენური შეფასება და მისი თვითგაწმენდის პროცესების შემოწმება ბიოპრეპარატების გამოყენებით ტარდება „ზედაპირული წყალსატევების წყლის სანიტარიულ-მიკრობიოლოგიური ანალიზის მეთოდური მითითებების“ საპროფიტული მიკროფლორისა და ლაქტოზადადებითი ჩხირების /კოკლიფორმული ბაქტერიების/ საერთო რაოდენობის აუცილებელი განსაზღვრით და „ნიადაგის სანიტარიულ-მიკრობიოლოგიური გამოკვლევის მეთოდური მითითების“ შესაბამისად.

4. სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და მისი გადამუშავების პროდუქტების დაცვა:

ა) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და მისი გადამუშავების პროდუქტების უსფრთხოების მიზნით აუცილებელია პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების კონტროლის ჩატარება და ჰიგიენური წესებისა და ნორმატივების შესრულება;

ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რომელიც იგზავნება მეწარმის მიერ სარეალიზაციოდ, შესანახად თუ გადასამუშავებლად, თან უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ შედგენილი ხელმოწერილი საბუთი, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს დამუშავების ტექნოლოგიაზე /პრეპარატის დასახელება, ხარჯვის ნორმა, დამუშავების წესი, ვადები და ჯერადობა, ლოდინის პერიოდი/ და პესტიციდების ნარჩენ რაოდენობაზე;

გ) პესტიციდების გამოყენების რეგლამენტების დარღვევის შემთხვევაში აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია, თუ არ არის ჩატარებული პესტიციდების ნარჩენ შემცველობაზე ანალიზი და ამის საფუძველზე სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობის შესახებ შესაბამისი გადამუშავების მეთოდების გამოყენების შემთხვევაში;

დ) აკრძალულია შეწამლული სათესლე მასალის საკვებად მოსახლეობაზე მიყიდვა;

ე) საკვები პროდუქტების ან საფურაჟე მასალის შესანახ საცავებში მღრღნელების წინააღმდეგ ბრძოლის დროს მკაცრად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რომ გამოირიცხოს პესტიციდებით დაჭუჭყიანება;

ვ) არ დაიშვება საქონლის ძოვება პესტიციდებით დამუშავებულ ნაკვეთებზე „სახელმწიფო კატალოგში“ ნაჩვენებ ლოდინის პერიოდზე უფრო ადრე. აკრძალულია საქონლისათვის პესტიციდებით დამუშავებული სარეველების მიცემა;

ზ) არ დაიშვება პესტიციდების ჭურჭლისა და ტარის გამოყენება საკვები პროდუქტების, წყლის, ფურაჟის შესანახად, საკვების მოსამზადებლად სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის;

თ) კვების მრეწველობის საწარმოები მათ მიერ წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოების მიზნით ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შემოსული ნედლეულის და გასული პროდუქციის კონტროლი პესტიციდების შემცველობაზე;

ი) აკრედიტებული ლაბორატორიები ახორციელებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციაში და ნედლეულში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის შემცველობაზე შერჩევით კონტროლს;

კ) სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენებისას სანიტარიული წესების და ნორმების დაცვაზე კონტროლს, სასურსათო ნედლეულში და საკვებ პროდუქტებში, ცხოველთა საკვებში მათ ნარჩენ შემცველობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას;

ლ) აკრძალულია კვებისათვის ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებშიც პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა არ შემცირდება მაქსიმალურად დასაშვებ დონემდე კულინარული და ტექნოლოგიური დამუშავების დროს.

მუხლი 20. პესტიციდების ტრანსპორტირება

1. პესტიციდების ტრანსპორტირება იმპორტისა და რეალიზაციის მიზნით, მათ შორის, სატრანზიტო გადაზიდვა, ნებადართულია სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით.

2. პესტიციდების ტრანსპორტირება ხორციელდება სხვადასხვა სახის ტრანსპორტზე (საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ მოქმედი წესების შესაბამისად.

მუხლი 21. პესტიციდების რეალიზაციის თავისებურებანი

1. პესტიციდების (ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატების, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების, მათი გადამტანების, სარეველების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების და ცხოველთა გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირების მიზნით, მოსავლის აღების წინ ფოთლების მოცილებისათვის – დეფოლიანტების, მოსავლის აღების წინ მცენარეთა გამოშრობისათვის – დესიკანტების, აგრეთვე ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის, საწყობების, საცავების, ნიადაგის, სათბურების, სატრანსპორტო საშუალებების გაუსნებოვნებისათვის) რეალიზაცია წარმოებს წინამდებარე წესების თავისებურებათა გათვალისწინებით.

2. დაშვებულია მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებულ და „პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში“ შეტანილი პრეპარატებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

3. პესტიციდებით ვაჭრობა ხორციელდება მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ქსელის მეშვეობით გარემოს დაბინძურების აცილებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. დაუშვებელია პესტიციდების დასაწყობება და რეალიზაცია წინამდებარე წესების დარღვევით, აგრეთვე გზებზე, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, ბაზრებში, მოსახლეობის თავშეყრის და სხვა აკრძალულ ადგილებში პესტიციდებით ვაჭრობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების მიზნით, უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს სასაწყობო და სარეალიზაციო ობიექტი, მიუხედავად საკუთრების ფორმისა.

4. პესტიციდების რეალიზატორს /გამყიდველს/ უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია (მცენარეთა დაცვის ან აგრონომიული განათლება, გარემოსდაცვითი და სანიტარიული წესებისა და ნორმების ცოდნა), რათა მომხმარებელს მისცეს ახსნა-განმარტებანი მათი ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მას აეკრძალება პესტიციდების რეალიზაცია.

5. მკაცრად შეზღუდული პესტიციდების (დიკოფოლის და მალეინის მჟავას ჰიდრაზიდის) რეალიზაციის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სპეციალობის და კვალიფიკაციის მქონე პირს, რომელზეც ნებართვა გაცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდებით ვაჭრობის აღკვეთის მიზნით სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან სინჯების აღებისა და შესაბამისი ლაბორატორიის მიერ საკონტროლო ანალიზების ჩატარების საფუძველზე, შეაჩერონ მათი რეალიზაცია.

7. პესტიციდების შესახებ ინფორმაცია „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ცნობების გარდა /პესტიციდების ტრანსპორტირების, შენახვის, უტილიზაციისა და გამოყენების რეკომენდაციები, ტარის ეტიკეტი/ უნდა შეიცავდეს ცნობებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სარეგისტრაციო ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერის, მისი საშიშროების კლასის, მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციის, ნეტოს მასის ან მოცულობის, დამზადების თარიღის, მოწამვლის შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ.

8. პესტიციდების რეკლამა უნდა პასუხობდეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის „FAO“-ს საერთაშორისო ნორმებს და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. სავაჭრო ადგილებში პესტიციდების გადაცემამდე მათ უნდა გაიარონ გაყიდვისწინა შემზადება, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო შეფუთვისაგან განთავისუფლებას (განფუთვას/ და ტარის მთლიანობის განსაზღვრას, აეროზოლური შეფუთვის ფუნქციონირების შემოწმებას; დახარისხებას; ტარის ეტიკეტის, საჭირო ინფორმაციისა და გამოყენების ინსტრუქციის არსებობის შემოწმებას; ფასების სისწორის შემოწმებას.

9. პესტიციდების რეალიზაციისა და რეკლამის დროს დაუშვებელია პესტიციდების გამოყენების „სახელმწიფო კატალოგში“ მოყვანილი რეგლამენტებისაგან განსხვავებული რეგლამენტების მითითება; ისეთი ცნებების გამოყენება, როგორიცაა „უსაფრთხო“, „უვნებელი“, „არატოქსიკური“ და ამგვარი სხვა. პესტიციდების ერთმანეთთან არაკორექტული შედარებები; მაღალი მოსავლიანობის მიღების გარანტიები; პესტიციდებთან მოპყრობის პოტენციურად საშიში ხერხების შესახებ (მუშაობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე და სხვ.) ტექსტობრივი, ხედვითი და ხმოვანი ინფორმაციის გავრცელება და სხვა.

10. სავაჭრო ადგილებში პესტიციდები დაჯგუფებული უნდა იქნეს დანიშნულების მიხედვით /ინსექტიციდები მცენარეთა დასაცავად, ინსექტიციდები ცხოველთა დასაცავად, ფუნგიციდები, ჰერბიციდები, როდენტიციდები და სხვ./.

11. გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს პესტიციდების შენახვის, სავაჭრო ადგილებში განლაგებისა და გაყიდვისათვის საჭირო უსაფრთხოების წესები; გაუწიოს კომპეტენტური კონსულტაცია და გასცეს გასაყიდი პესტიციდების გამოყენების რეგლამენტები და უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია.

12. პესტიციდების რეალიზაცია ხორციელდება დამამზადებლის დაფასოებითა და შეფუთვით. ტარის ეტიკეტი მარკირებული უნდა იყოს „FAO“-ს საერთაშორისო ინსტრუქციების და „პესტიციდების მარკირების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად. პესტიციდების წვრილი დაფასოება ხდება მწარმოებელი ფირმის თანხმობით ამისათვის სპეციალურად მოწყობილ საწარმოში (სათავსში), დადგენილი წესის შესაბამისად.

13. პესტიციდების რეალიზატორი, საქართველოს კანონის „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ და „პესტიციდების მარკირების წესის“ თანახმად, ვალდებულია უზრუნველყოს მათი გამოყენების რეკომენდაციების და ტარის ეტიკეტის თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც იდენტური უნდა იყოს პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში მოყვანილი რეგლამენტებისა.

მუხლი 22. მოთხოვნები პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებისადმი

სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტს სანიტარიულ-ჰიგიენური და გარემოს დაცვითი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად უნდა გააჩნდეს შემდეგი პირობები:

ა) სარეალიზაციო ობიექტი უნდა მდებარეობდეს დასახლებული ადგილებიდან, კვების ობიექტებიდან, წყალმომარაგების ობიექტიდან, პირუტყვის და ფრინველთა სადგომებიდან შესაბამისი დაშორებით, სარეალიზაციო მასალის მოცულობის მიხედვით;

ბ) ობიექტს უნდა გააჩნდეს სარეალიზაციო მოცულობის შესაბამისი საწყობი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს პესტიციდების შენახვისა და სარეალიზაციო მცირე საწყობისადმი წაყენებულ სანიტარიული წესების, ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის პირობებს;

გ) ობიექტს უნდა გააჩნდეს სავენტილაციო სისტემა, სველი წერტილი, თაროები სარეალიზაციო პესტიციდების დასალაგებლად, მათი საშიშროების კლასების მიხედვით, აგრეთვე ტარის გაბარიტებისა და სიმყარის /მსხვრევადი, არამსხვრევადი და სხვ.) გათვალისწინებით;

დ) ანალოგიური მოთხოვნები ვრცელდება პესტიციდების პალეტებზე განთავსებისას;

ე) იატაკი უნდა იყოს მყარი, ბეტონით, ასფალტით ან კერამიკული ფილებით დაფარული, ხოლო კედლები თაროთა სიმაღლეზე დაფარული უნდა იყოს ზეთის საღებავით ან ისეთი მასალით, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს იატაკისა და კედლების წყლის ჭავლით რეცხვა; უნდა იყოს მოწყობილი ტრაპი ან ნარეცხი წყლის შემკრები მისი /ნარეცხის/ გაუვნებელყოფისათვის;

ვ) უნდა იყოს მოწყობილი ხელსაბანი, გააჩნდეს სასმელი წყლის მარაგი, სარეცხი საშუალებები, პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქი (კომპლექტი), თანახმად სანიტარიული წესებისა;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარი, თანახმად წინამდებარე წესებისა /პუნქტი 3.26/;

თ) პესტიციდების მიღებისა და გაცემის /რეალიზაციის/ სააღრიცხვო ჟურნალი;

ი) სხვადასხვა საშიშროების კლასის პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებელყოფისათვის საჭირო ქიმიური საშუალებები: ქლორიანი კირი, ჩამქრალი კირი, კალიუმის პერმანგანატი, კალცინირებული სოდა, თხევადი საპონი და სხვ., პესტიციდებთან მუშაობის დროს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების მიზნით;

კ) პესტიციდები დაფასოებული უნდა იქნეს ისეთ ტარაში, რომელიც უზრუნველყოფს ჰერმეტულობას, სათანადოდ ნიშანდებული, ეტიკეტირებული და უზრუნველყოფილი ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციებით;

ლ) ობიექტის მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხალათებით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

მ) უნდა ინახებოდეს ინსტრუქცია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებისა და უსაფრთხოების წესების დაცვისათვის, აგრეთვე მოწამვლის შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის;

ნ) ობიექტი საიმედოდ უნდა იყოს დაცული (რკინის გისოსები, კარები).

მუხლი 23. პესტიციდების ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების მოთხოვნები

1. პესტიციდების გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, რომელიც მოიცავს აგრონომიული და მცენარეთა კომპლექსური დაცვის საფუძვლების და პრინციპების, აგრეთვე ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო გამოყენების წესების ცოდნას.

2. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ფერმერებისათვის სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების, პესტიციდების სწორი და უვნებელი გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემას.

3. პესტიციდების გამოყენების სქემა მოიცავს: მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციას, ხარჯვის ნორმას, გამოყენების დროს, ჯერადობას, შეტანის ვადებს, მეთოდებს, ადგილებს, ხერხებს, შემტან ტექნიკას, მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდს.

4. პესტიციდების გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დადგენილი გამოყენების რეგლამენტებისა და წესების დაცვა, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის, დასაცავი მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას.

5. პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების აუცილებელ პირობას წარმოადგნეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის და სხვა უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მიერ მკაცრი კონტროლის დაწესება დასაცავ კულტურებში, ნიადაგში, წყალსა და გარემოს სხვა ობიექტებში, კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ცხოველთა საკვებში მათი ნარჩენი რაოდენობის შემცველობაზე.

6. სოფლის მეურნეობის პროდუქციაში პესტიციდების ნაშთების დაგროვების აცილების მიზნით მეურნე ვალდებულია პესტიციდების გამოყენებამდე გაეცნოს სათანადო საინფორმაციო მასალებს და შეასრულოს ინსტრუქციები მავნე ორგანიზმებთან კომპლექსური დაცვითი ღონისძიებების გატარებისას პესტიციდების ოპტიმალურ გამოყენებაზე. აგრეთვე, მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, მოთხოვნისთანავე მიაწოდოს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაცია და მონაცემები სურსათის წარმოებისას გამოყენებული პესტიციდების და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

7. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს სარეალიზაციო ქსელში არსებულ, აგრეთვე მეურნის მოთხოვნის შესაბამისად, გამოყენებული პესტიციდების ხარისხსა და ვარგისიანობას.

თავი II

აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესი

მუხლი 24. აგროქიმიკატების შემოტანა

1. აგროქიმიკატების შემოტანა ნაბადართულია, თუ ისინი შეტანილია საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგში (სიაში).

2. აგროქიმიკატების შემოტანას ახორციელებს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი მხოლოდ კატალოგის შესაბამისად.

3. სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი სამუშაოებისათვის არარეგისტრირებული აგროქიმიკატების შემოტანა დაიშვება სარეგისტრაციო ორგანოს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

მუხლი 25. აგროქიმიკატების შენახვა-ტრანსპორტირება

1. აგროქიმიკატების შენახვის პირობები მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შენარჩუნებას და გარემოს დაცვით მოთხოვნებს.

2. მინერალური სასუქების შენახვა ნებადართულია მხოლოდ მათ შესანახად გამიზნულ სპეციალურ საცავებში.

3. მინერალური სასუქების შესანახი საწყობი ან სათავსი უნდა მდებარეობდეს მშრალ ადგილას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვით.

4. მცენარეთა დაცვის საშუალებებთან (პესტიციდებთან) ერთად სასუქების შენახვა საწყობში ან მაღაზიაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოცალკევებულია პესტიციდებისაგან და აწყვია ცალკე, მისთვის გამოყოფილ ფართზე.

5. საწყობში სხვადასხვა სახის სასუქები უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე ხის ქვეშსაფენებზე, სათანადო წარწერებით. საწყობი ხშირად უნდა ნიავდებოდეს.

6. ფერმერულ მეურნეობებში სასუქების შენახვის ალტერნატივა სასუქების მიმწოდებლებთან შენახვა, რომელთაც ევალებათ წინამდებარე წესების განუხრელი დაცვა, სასუქების უსაფრთხო შენახვის პირობების არარსებობის შემთხვევაში, ფერმერებს სასუქი უნდა მიეწოდოთ მათი უშუალოდ გამოყენებების პერიოდში.

7. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ამონიუმის გვარჯილის, როგორც ფეთქებადი ნივთიერების, შენახვა. იგი უნდა ინახებოდეს სხვა სასუქებისაგან განცალკავებულად, ხანძრის გამომწვევ ყველა ფაქტორისაგან იზოლირებულად. სასუქების სათავსის აუცილებლად უნდა გააჩნდეს ხაძარსაწინააღმდეგო ინვენტარი, ხოლო მომუშავე პირებს პირადი ჰიგიენის და პირველადი დახმარების საშუალებები.

8. საწყობში სასუქების შენახვისას აღკვეთილი უნდა იქნეს ატმოსფერული ნალექების მოხვედრა, მიწისქვეშა წყლების დაბინძურება.

9. სასუქების შენახვის ადგილებიდან ჩამონარეცხი წყალი უნდა გროვდებოდეს სპეციალურ წყალგაუმტარ შემკრებში, მისი შემდგომში სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად.

10. აგრომადნეულები, ქიმიური მელიორანტების, ტორფის და სხვა ორგანული სასუქების, ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, მათი შენახვა და ტრანსპორტირება ხდება ჩვეულებრივ პირობებში, რაიმე მკაცრი პირობების და შეზღუდვების გარეშე, მაგრემ დაუშვებელია მათი დაყრა მდინარეების, წყალსაცავების და ჭების ახლოს.

11. აგროქიმიკატების ტრანსპორტირება ხდება საჰაერო, სარკინიგზო და ავტოტრანსპორტით.

12. არატარირებული აგროქიმიკატების (ქიმიური მელიორანტები, ორგანული სასუქები, აგრომადნები) დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით პროდუქციას უნდა გადაეფაროს რაიმე უხეში ქსოვილი-ბრეზენტი.

13. შეფუთული აგროქიმიკატების დატვირთვა-გადმოტვირთვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტომრების მთლიანობა, რათა აღიკვეთოს დანაკარგები.

14. აგროქიმიკატებს ტრანსპორტირებისას თან უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტი.

15. აგროქიმიკატების დანაკარგების შემცირების მიზნით მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მათი შიდა გადაზიდვები და რამდენიმეჯერ დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები.

16. შეფუთული სასუქის გახსნის შემთხვევაში, აუცილებელია ტარაზე დასმული ბეჭდის ეტიკეტის და მთლიანი ტარის დაზიანება, რათა არ მოხდეს მისი მეორადი გამოყენება ფალსიფიცირებული აგროქიმიკატების ჩასაყრელად.

მუხლი 26. აგროქიმიკატების რეალიზაცია

1. აგროქიმიკატების რეალიზაციას ახორციელებს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.

2. აგროქიმიკატების რეალიზაცია დასაშვებია საბითუმო და საცალო ვაჭრობით სპეციალიზებული ქსელის მეშვეობით.

3. მყიდველს აგროქიმიკატებთან ერთად მიეცემა სასუქის გამოყენების რეკომენდაცია, მრავალმხრივი ინფორმაცია სასუქის ტექნოლოგიის, მისი ეფექტურობის და უსაფრთხო გამოყენების შესახებ.

4. სასუქების გამოყენების რეკომენდაციების შესამუშავებლად ან არსებული რეკომენდაციების კორექტირების მიზნით, როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე ქვეყანაში შემოტანილი სასუქები და სხვა აგროქიმიკატები ექვემდებარება ხარისხობრივ შეფასებას, რომელსაც ახორციელებს ნებისმიერი აკრედიტებული ლაბორატორია.

5. აგროქიმიკატების რეალიზატორები ვალდებულნი არიან აკრედიტებული ლაბორატორიის წარმომადგენლებს მათი მოთხოვნისთანავე საანალიზოდ მისცენ აგროქიმიკატების ნიმუშები და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, შეასრულონ ლაბორატორიის მიერ მიცემული რეკომენდაციები და მოთხოვნები.

მუხლი 27. აგროქიმიკატების გამოყენება

1. აგროქიმიკატების ეფექტური, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელია იგი ეყრდნობოდეს ნიადაგების გამოკვლევის მასალებს, ფოთლის დიაგნოსტიკას და მეცნიერულ საფუძველზე შედგენილ რეკომენდაციებსა და რეგლამენტებს.

2. ნიადაგის გამოკვლევებს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ახორციელებს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, თუ მათ გააჩნიათ აკრედიტებული ლაბორატორია.

3. აგროქიმიკატების ნიადაგში შეტანა ძირითადად მექნიზირებული წესით ხდება. მაგრამ ფერდობებზე, მთიანი და ტალღოვანი რელიეფის და სხვა პირობებში, დასაშვებია მისი ხელით შეტანა.

4. მექანიზირებული წესით აგროქიმიკატების შეტანისას ტექნიკა უნდა იყოს გამართული, რათა დაცული იქნეს რეკომენდებული დოზით მთელ ფართობზე აგროქიმიკატების თანაბარი გამოთესვა.

5. მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად ძირითადი საკვები ელემენტები აზოტი, ფოსფორი და კალიუმია, ამასთანავე ნიადაგის თავისებურებიდან გამომდინარე – მიკროელემენტები.

6. ფოსფორიანი და კალიუმიანი, ასევე რთული სასუქები შეიტანება ნიადაგის ძირითადი დამუშავების დროს, თესვის ან დარგვის წინ, გამოკვებაში მწკრიულ განოყიერებაში, ბუდნებში შეტანით.

7. აზოტიანი სასუქები ძირითადად შეიტანება მცენარეთა ვეგეტაციის დაწყების პერიოდში გამოკვების სახით.

8. მიკროსასუქები გამოიყენება ნიადაგში მისი შემცველობის და მცენარეთა მოთხოვნილების გათვალისწინებით ფოსფორ-კალიუმიან და რთულ სასუქებთან ერთად.

9. ყველა სახის ორგანული სასუქი შეიტანება ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ.

10. აუცილებელია ნიადაგის ზედაპირზე შეტანილი ყველა სახის აგროქიმიკატების ნიადაგში ჩაკეტება.

11. აგრომადნეულების გამოყენება დასაშვებია ნიადაგების გამოკვლევის მასალების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც ძირითადად მიმართულია ნიადაგის არის რეაქციის სასურველი მიმართულების შეცვლის, ნიადაგის თვისებების გაუმჯობესების და ნაყოფიერების ამაღლებისაკენ, რომლის შემდეგ ხორციელდება ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი ყველა პარამეტრზე.

12. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად დაცული უნდა იქნეს ნიადაგში აგროქიმიკატების შეტანის ნორმები, ვადები და წესები, საკვებ ელემენტთა შეფარდება. დაუშვებელია მცენარეთა ცალმხრივი კვება.

13. როგორც მოსავლიანობის გაზრდის, ისე პროდუქციის და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა აგროქიმიკატებთან ერთად ცეოლიტების, ხოლო ნიადაგში მოლიბდენისა და მანგანუმის ნაკლებობის შემთხვევაში, ამ ელემენტების შემცველი მიკროსასუქების შეტანა.

14. აზოტიანი სასუქით მცენარეთა სავეგეტაციო გამოკვება უნდა დამთავრდეს მოსავლის აღებამდე 1-1,5 თვით ადრე.

15. მოკლე, სავეგეტაციო პერიოდის მქონე მცენარეებისათვის (მწვანილეული) აზოტიანი სასუქები გამოყენებული უნდა იქნეს მხლოდ ერთ ვადაში, ნიადაგის თესვისწინა დამუშავების დროს.

16. ტენით უზრუნველყოფილ რეგიონებში აზოტიანი სასუქები შეტანილი უნდა იქნეს წილადობრივად, თესვის წინ, ან ნიადაგის საგაზაფხულო დამუშავების დროს და ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით.

17. მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე მცენარეთა დამატებითი გამოკვება აზოტიანი სასუქებით უნდა ჩატარდეს ერთხელ, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე – ორჯერ, ეროზირებულ ნიადაგებზე კი – სამჯერ აგროტექნიკური ვადების მიხედვით.

18. აზოტიანი სასუქებიდან აზოტის აქროლებით დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით სასუქი ნიადაგში ჩაკეტებული უნდა იქნეს მისი ნიადაგში შეტანის დღესვე.

19. თოვლზე მინერალური სასუქების (აზოტიანი) შეტანა დაიშვება მხოლოდ სწორ, ვაკე რელიეფზე იმ პირობების გათვალისწინებით, რომ თოვლის დნობა დაემთხვეს მცენარეთა ვეგეტაციის დაწყებას.

20. მაღალი ბიურეტის (0,8%-ზე ზევით) მქონე შარდოვანა (აზოტიანი სასუქი) ნიადაგში შეტანილი უნდა იქნეს თესვამდე 1-1,5 თვით ადრე და იმავე დღეს ჩაკეტდეს ნიადაგში.

21. დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან ზონაში სულფატამონიუმის შეტანა უნდა განხორციელდეს საგაზაფხულო დამუშავების წინ.

22. ფოსფორიანი სასუქები, რომლებიც მეტ-ნაკლები რაოდენობით შეიცავენ ფტორს და მძიმე მეტალებს, ნიადაგში შეტანილი უნდა იქნეს ძირითადი დამუშავების (ხვნის) წინ 22-25 სმ-ის სიღრმეზე რეკომენდებული დოზის მკაცრი დაცვით და ჩახნული იქნეს ნიადაგში.

23. მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მცენარეებისათვის (ბოსტნეული) აზოტიანი სასუქები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთ ვადაში, ნიადაგის თესვისწინა დამუშავების წინ.

24. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სავეგეტაციო მორწყვა უნდა დამთავრდეს მოსავლის აღებამდე 15-20 დღით ადრე.

25. აგროქიმიკატების ხელით შეტანისას მომუშავენი უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სპეცსათვალეებით, სამუშაო ტანსაცმლითა და ხელთათმანებით. დაუშვებელია სასუქების შეტანა ქარიან ამინდში.

26. წყალსაცავების, თევზის სატბორე მეურნეობების, მდინარეების, ტბების, შავი ზღვის და სხვა რეკრიაციული ზონის მიმდინარე ტერიტორიებზე მინერალური სასუქის შეტანა დაიშვება მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სანიტარიული ზოლის დაცვით.

27. ფერმერული მეურნეობები ვალდებულნი არიან აწარმოონ გამოყენებული აგროქიმიკატების აღრიცხვა და ყოველი წლის ბოლოს ინფორმაცია მიაწოდონ სათანადო ორგანოებს.

მუხლი 28. აკრძალვები აგროქიმიკატების გამოყენების სფეროში

აგროქიმიკატების გამოყენების სფეროში იკრძალება:

ა) არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, უხარისხო აგროქიმიკატების შემოტანა და რეალიზაცია;

ბ) აგროქიმიკატების წარმოების დაფასოების, შეფუთვის და მარკირების წესების დარღვევა;

გ) აგროქიმიკატების გამოყენება შესაბამისი რეკომენდაციებისა და რეგლამენტის დარღვევით;

დ) გაუმართავი ტექნიკით აგროქიმიკატების ნიადაგში შეტანა, რაც იწვევს აგროქიმიკატების არათანაბარ განაწილებას ფართობზე და მისი ეფექტურობის შემცირებას;

ე) გაუმართავი ტრანსპორტით აგროქიმიკატების გადაზიდვა, რაც იწვევს მის დანაკარგს;

ვ) აგროქიმიკატებიდან მინერალური სასუქების ღია ცის ქვეშ დაყრა და დატოვება. მისი შენახვა მიწურებში, სარდაფებში, საწვავ-საცხები მასალების საწყობში, სამრეწველო საქონელთან, კვების პროდუქტებთან და სათესლე მასალებთან ერთად;

ზ) აზოტიანი სასუქის წყალში გახსნა და ამ ხსნარით მცენარეთა მორწყვა მოსავლის აღებამდე ორი თვის ვადაში;

თ) სასუქების რეალიზაცია ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, ბაზრებში, საერთო სარგებლობის ჯიხურებში, კვების პროდუქტებთან და სხვა საქონელთან ერთად.

 

დანართი 1

საწყობში პესტიციდების მიღება-ხარჯვის საააღრიცხვო ჟურნალი

_________________________________________________ წელი

 

პესტიციდის დასახელება–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

1

2

3

4

5

6

მიღების თარიღი

საიდან და რა საბუთი შემოვიდა

შემოტანილი რაოდენობა (კგ/ლ)

 

გატანილი რაოდენობა (კგ/ლ)

 

ნაშთი აღრიცხვის დღისთვის (კგ/ლ)

შენიშვნა

 

 

 

 

 

პესტიციდების აღრიცხვა წარმოებს დანიშნულების კლასიფიკაციის მიხედვით – ინსექტიციდი, ფუნგიციდი, ჰერბიციდი, დესიკანტი და ა შ.

 

                                                                                                       დანართი 2

ფერმერულ მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების სააღრიცხვო ჟურნალი

რიგითი

კულტურა, განვითა რების ფაზა

მინდვრის /ნაკვეთის/ ადგილმდე ბარეობა

დამუშავებული ფართობი /ჰა/

გამოყენების თარიღი

პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივთიერება

ხარჯვის ნორმა, კონცენ-ტრაცია

გამოყენების წესი და მანქანის მარკა

დამუშავების ჯერადობა, მოსავლის აღების თარიღი

დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი

 

დანართი 3

თესლის შეწამვლის სპეციალიზებულ ობიექტზე აღრიცხვის ჟურნალი

რიგითი

კულტურა

რაოდენობა

პრეპარატის დასახელება

ხარჯვის ნორმა

გამოყენების თარიღი

დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი

შენიშვნა

                                                      

დანართი 4

განაცხადი საწყობიდან მკაცრად შეზღუდული პესტიციდების გატანის შესახებ

 

პესტიციდების საწყობის გამგემ გასცეს:

______________________________________________________________

______________________________________________________________

         (დამკვეთის გვარი, სახელი, თანამდებობა, მისამართი)

სამუშაოთა ჩასატარებლად ________________________________________

                                                           (მიეთითოს რა სამუშაოა, ადგილმდებარეობა)

                                                                               ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პესტიციდების შემდეგი რაოდენობა ______________________________________

                                                                           (მიეთითოს დასახელება და რაოდენობა)

 

    დამკვეთი                            /ხელის მოწერა/

                                                                                                                                                                                          

დანართი 5

 

დაშვების განაწესი

_________________________________________________________________

(მკაცრად შეზღუდულ პესტიციდებთან მუშაობის ჩასატარებლად)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სამუშაოს ჩატარების ადგილის მისამართი, ნაკვეთის ადგილმდებარეობა)

 

სამუშაოს დაწყება ––––------------------რიცხვი-----------------თვე------------წელი-----------

 

სამუშაოს დასასრული––––--------------რიცხვი-------------თვე––––––წელი-----------

 

სამუშაოზე პასუხისმგებელი პირი –––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                          (თანამდებობა, გვარი, სახელი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შემადგენლობით ––––––––––––––––––– კაცი

_________________________________________________________________

                                                       (პროფესია, გვარი, სახელი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ევალებათ შეასრულონ შემდეგი სამუშაო –––––––––––––––––––––––––––––––

_______________________________________________________________________

                            (კონკრეტული შინაარსი, ადგილი, სამუშაოს პირობები)

უსაფრთხოების ღონისძიებანი ––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკაზე ჩაატარა –––––––––––––––––––––

______________________________________________________________________

                                           (თანამდებობა, გვარი, სახელი, თარიღი)

უწყისი გასცა ________________________________________________________

                                                (თანამდებობა, გვარი, სახელი, თარიღი)

 

დანართი 6

 

მკაცრად შეზღუდული პესტიციდებით დამუშავებულ ფერმერულ მეურნეობის ნაკვეთებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანთა დაშვების აღრიცხვის ჟურნალი

 

მეურნეობა -----------------------------------------------------------------------------------------

მუნიციპალიტეტი, რეგიონი ------------------------------------------------------------------------------

რიგითი

კულტურა, განვითა რების ფაზა

მინდვრის /ნაკვეთის/ ადგილმდე ბარეობა

 დამუშავებული ფართობი /ჰა/

პრეპარატის დასახელება

ხარჯვის ნორმა

გამოსვლის თარიღი ხელით /მექანიზი რებულ სამუშაოებზე/

ადამიანთა რაოდენობა. ხელით /მექანიზებულ სამუშაოებზე/

დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი

 

 

დანართი 7

 

პირველადი დახმარების აფთიაქი

(კომპლექტდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი წესების თანახმად)

ჩამონათვალში შედის:

ა) ასპირინი;                                                                      

ბ) ბესალოლი/ან ბეკარბონი, ბელალგინი ან მათი შემცვლელები/;     

გ) ბორის მჟავა;

დ) ბორის ვაზელინი;                                                       

ე) ვალიდოლი;                                                                 

ვ) მდოგვი /ფხვნილი/;                                                     

ზ) მწარე საფაღარათო მარილი;                           

თ) აქტივირებული ნახშირი;                   

ი) სახამებელი;                                                                  

კ) კალიუმის პერმანგანატი;                                             

ლ) იოდის ნაყენი 10%-იანი;       

მ) იოდის ნაყენი 5%-იანი;

ნ) ვალერიანის ნაყენი;                                                      

ო) ნიშადურის სპირტი;

პ) წყალბადის ზეჟანგი 3%-იანი;                         

ჟ) ამიდოპირინი ან მათი შემცვლელები;                                                            

რ) საჭმელი სოდა;

ს) ბრილიანტის მწვანე 1%-იანი ხსნარი;             

ტ) საჭმელი მარილი;

უ) სტერილური დოლბანდი;                                          

ფ) არასტერილური დოლბანდი;                         

ქ) ჰიგროსკოპული ბამბა;

ღ) რეზინირებული სალტე ან შემოსაჭერი;                    

ყ) ინდივიდუალური პაკეტები პირადი დახმარებისათვის;                                                     

შ) ჟანგბადის ბალიშები;                                                  

ჩ) თავსაფრები /მანდილი/;                                              

ც) ლეიკოპლასტირი;                                                       

ძ) მაკრატელი;

წ) სამედიცინო ხელთათმანები;                          

ჭ) პიპეტები;                                                                     

ხ) სტერილური ხელსახოცები;                                       

ჯ) სამედიცინო თერმომეტრი;                                        

ჰ) ბადისებური ან მავთულის არტახები.            

 

დანართი 8

ფერმერულ მეურნეობებში გამოყენებული აგროქიმიკატების აღრიცხვის ცხრილი

 სასოფლო- სამეურნეო კულტურის დასახელება

განოყიერე ბული ფართობი (ჰა)

შეტანილი აზოტიანი სასუქი

შეტანილი ფოსფორიანი სასუქი

შეტანილი კალიუმიანი სასუქი

შეტანილი ორგანული სასუქი

შეტანილი სხვა სასუქი

სასუქის დასახე ლება

რაოდენობა (ტონა)

სასუქის დასახე ლება

რაოდენობა (ტონა)

სასუქის დასახე ლება

რაოდენობა (ტონა)

სასუქის დასახე ლება

რაოდენობა (ტონა)

სასუქის დასახე ლება

რაოდენობა (ტონა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 29. პასუხისმგებლობა ამ წესების დარღვევისათვის

პესტიციდების და აგროქიმიკატების ტრანსპორტირების, შენახვის, რეალიზაციისა და გამოყენების წესების მე-3 მუხლის მე-12, 22-ე, 34-ე პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” და „თ” ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-12 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და 28-ე მუხლის „ვ” და „ზ” ქვეპუნქტების დარღვევა, გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.