„საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“

„საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 432
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017657
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
432
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017657
„საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/01/2014 - 25/12/2014)

 

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №432

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის კოდექსის“ 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ


  კარი I

გამოყენების სფერო, ტერმინთა განმარტება, პერსონალი

თავი I.

გამოყენების სფერო და ტერმინთა განმარტება

მუხლი 1.  გამოყენების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ (შემდგომში - რეგლამენტი) ადგენს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალებით საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების მოთხოვნებს.

2. რეგლამენტი  ვრცელდება:

ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების  (შემდგომ – ფეთქებადი მასალები) ყველა სახეობაზე;

ბ) საამფეთქებლო სამუშაოების განმახორციელებელ ყველა მეწარმე ფიზიკურ და  იურიდიულ პირზე;

გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებზე, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია საამფეთქებლო სამუშაოებთან.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალები – სამრეწ­ველო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ფეთქებადი ნივთი­ერებების (მათ შორის დენთის), აფეთქების გამომწვევ (მაინიციირებელ) საშუალებათა და პიროტექნიკურ ნაკეთობათა საერთო სახელწოდება.

2. ფეთქებადი მასალების ბრუნვა – საქმიანობა, რომელიც მოიცავს ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების გამოცდას, დამზადებას, შეფუთვას, გადაზიდვას, შენახვას, გამოყენებას, აღრიცხვას, შეძენას, განადგურებას, რეალიზაციას, ამოღებას, ტექნიკურ ექსპერტიზას, აგრეთვე ფეთქებად მასა­ლებთან და საამფეთქებლო საქმესთან დაკავშირებული პერსო­ნალის მომზადებას.

3. საამფეთქებლო საქმე – სამეურნეო საქმიანობა, დაკავ­შირებული ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან.

4. საამფეთქებლო საქმის ხელსაწყო – დენის წარმომქმნელი ასაფეთქებელი ხელსაწყო, წინაღობის საზომი აპარატურა.

5. უსაფრთხოება ფეთქებადი მასალების ბრუნვის დროს – საზო­გადოების, პიროვნების, ქონებისა და გარემოს დაცვა ფეთქებადი მასალების ბრუნვის დროს.

6. სამეურნეო საქმიანობის სუბიექტი (შემდგომში _ საწარმო) – ფეთქე­ბადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

7. საამფეთქებლო სამუშაოები – ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ფეთქებადი მასალების გამოყენებასთან.

8. ფეთქებადი მასალების დამზადება – ფეთქებად ნივთიერებათა, მაინიციირებელ საშუალებათა და პიროტექნიკურ ნაკეთობათა დამზადება, რომლებშიც შემადგენელ კომპონენტად გამოყენებულია ცალკეული ქიმიური ნივთიერება ან ქიმიურ ნივთიერებათა მექანიკური ნარევი.

9. ფეთქებადი მასალების შენახვა – ფეთქებადი მასალების განთავსება ისეთ შენობა-ნაგებობებში, რომლებიც აკმაყოფილებენ რეგლამენტის მოთხოვნებს.

10. ფეთქებადი მასალების განადგურება – ფეთქებადი მასალების გაუვნებლება აფეთქებით, დაწვით ან წყალში გახსნით.

11. ფეთქებადი მასალების ამოღება – უკანონო ბრუნვაში არსებული ფეთქებადი მასალების ჩამორთმევა.

12. ფეთქებადი მასალების დანაკლისი – ფეთქებადი მასა­ლების დატაცება, გაბნევა და დაკარგვა.

13. ამფეთქებელი – საამფეთქებლო სამუშაოების შემსრულე­ბელი პირი.

14. ტექნიკური ზედამხედველი – საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია საამფეთქებლო სამუშაოე­ბისათვის.

15. ფეთქებადი მასალების მიწისზედა საწყობი – ძირითადი და  დამხმარე დანიშნულების შენობება-ნაგებობათა კომპლექსი, რომლებიც განლაგებულია საერთო ტერიტორიაზე გამოყოფილ და დადგენილი წესით გაფორმებულ მიწის ნაკვეთზე.

16. ფეთქებადი მასალების მიწისქვეშა საწყობი - ფეთქებადი მასალების შესანახი კამერა, უჯრედი და დამხმარე კამერა, საწყობთან მისასვლელ სამთო გვირაბებთან ერთად.

17. ფეთქებადი მასალების განადგურება - ფეთქებადი მასალების  აფეთქება, დაწვა ან წყალში გახსნა.

18. მასობრივი აფეთქება მიწისქვეშა სამუშაოზე – აფეთქება, რომლის განხორციელებისას განიავებისა და სამუშაოს განახლებისათვის უფრო მეტი დროა საჭირო, ვიდრე ეს გათვალის­წინებულია გაანგარიშებაში სამუშაოს ყოველდღიური ორგანი­ზაციის დროს.

19. მასობრივი აფეთქება ღია სამუშაოზე – ერთ საამფეთქებლო ქსელში გაერთიანებული ორი ან მეტი საჭაბურღილე, ქვაბური ან კამერული მუხტის აფეთქება.

20. სტანდარტი  –  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტი (შემდგომში–სტანდარტი).

თავი II.

პერსონალი

მუხლი 3. ხელმძღვანელები, სპეციალისტები                          

1. საწარმოში საამფეთქებლო სამუშაოებს უნდა ხელმძღვანელობდეს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

2. საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელებად დაიშვე­ბიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ტექნიკური განათლება ან  მოქმედი კანონმდებ­ლობის შესაბამისად გავლილი აქვთ შესაბამისი სწავლება.

3. საამფეთქებლო სამუშაოების შემსრულებლად დაიშვებიან პირები, რომლებსაც “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული აქვთ სათანადო პროფესიული განათლების დოკუმენტი.

4. ამფეთქებელს შეიძლება დაენიშნოს დამხმარეები, რომლებიც სათანადო ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ ამფეთ­ქებლის ხელმძღვანელობით  შეასრულებენ ისეთ სამუშაოებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის სარტყამი ვაზნების დამზადებასთან.

5. თუ ამფეთქებელი გადაჰყავთ სხვა სახის საამფეთქებლო სამუშაოზე, მას უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი. ახალ სამუშაოზე დაშვებამდე ამფეთქებელმა უნდა გაიაროს სტაჟირება.

6. გაზისა და მტვრის აფეთქების, აგრეთვე ზეკატეგორიის ან ნახშირის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიშ შახტებში სამუშაოდ გადასვლისას, ამფეთქებელმა უნდა გაიაროს სტაჟირება.

7. ამფეთქებელი, რომელსაც შეუწყდა სპეციალობით მუშაობის სტაჟი ერთ წელზე მეტი ხნით, დამოუკიდებლად სამუშაოდ დაიშვება სტაჟირების გავლის შემდეგ.

8. საწარმოს ყველა თანამშრომელი, რომლებიც დასაქმებული არიან საამფეთქებლო სამუშაოებით, ვალდებულია გაეცნოს ახლად მიღებული ფეთქებადი მასალების, აპარატურის, მოწყობილობის გამოყენების პირობებსა და ტექნიკურ მახასი­ათებლებს, რაც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით სპეციალურ ჟურნალში

9. ფეთქებად მასალათა საწყობისა და ფეთქებად ნივთიერებათა მომზადების მექანიზებული პუნქტის  ხელმძღვანელებად უნდა დაინიშნონ პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია. ამ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ამფეთქებელიც.

10. ფეთქებადი მასალების საწყობის ხელმძღვანელს ეკრძალება  საამფეთქებლო სამუშაოების შესრულება.

11. იმ ორგანიზაციებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესე­ბულებებში, სადაც ფეთქებად მასალებს იყენებენ სასწავლო ან ექსპერიმენტული მიზნებისათვის, საამფეთქებლო სამუშაოზე დაიშვებიან  მეცნიერი თანამშრომლები, პედაგოგები და ლაბო­რანტები, რომლებსაც გავლილი აქვთ სტაჟირება.

12. საამფეთქებლო სამუშაოებზე დაშვებულ პირთა ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4. პასუხისმგებლობა

1. საწარმოთა თანამდებობის პირები და საამფეთქებლო სამუშაოთა პერსონალი პასუხს აგებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ რეგლამენტისა და მათ შესაბამისად შედგენილი სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების ინსტრუქციების დარღვე­ვისათვის.

2. საწარმოო ობიექტებზე საამფეთქებლო სამუშაოთა პროცესში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების, ტექნიკური რეგლამენ­ტების, სავალდებულო სტანდარტებისა და სხვა ნორმა­ტიული დოკუმენტების დარღვევის შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართლის დამრღვევ პირს გარემოსათვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.

კარი II

საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების ძირითადი დებულებები

თავი III.

ფეთქებადი მასალები და საამფეთქებლო მოწყობილობა

მუხლი 5. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიმართ

1. ნებადართულია მხოლოდ იმ ფეთქებადი მასალების, მათი საფუთავი საშუალებების, საამფეთქებლო მოწყობილობის, უმარ­ტივესი გრანულირე­ბული ან წყალშემცველი ფეთქებადი მასალების დამზადებისათვის საჭირო მანქანა-მოწყობილობის გამოყენება, რომლებიც დამზადებულია სტანდარტის (ტექნიკური პირობები) შესაბამისად და დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. საკუთარი საჭიროებისათვის (მოხმა­რებისათვის) ფეთ­ქე­ბად ნივთიერებათა ადგილებზე დამზადება უნდა განხორციელდეს საწარმოს მიერ შედგენილი და დამტკიცებული უმარტივესი გრანულირებული ან წყალშემცველი ფეთქებადი ნივთიერებების დამზადების და უსაფრთხო ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

3. საქარხნო წესით დამზადებული ფეთქებადი ნივთიერებები მექანი­ზებული დამუხტვისათვის უნდა მომზადდეს საწარმოს მიერ შედგენილი და დამტკიცებული ინსტრუქციის, ან ობიექტზე არსებული ფეთქებადი ნივთიერებების მომზადების და სხვა საპროექტო  საექსპლუატაციო დოკუმენტების შესაბამისად.

4. ფეთქებადი მასალები მიეკუთვნება საშიშ ნივთიერებათა I კლასს და მათი ბრუნვისას (შენახვა, გადაზიდვა, ადგილებამდე მიტანა, გამოყენება და ა.შ.) შეთავსებადობა  განისაზღვრება სტანდარტის შესაბამისად.

5. კონკრეტული ფეთქებადი მასალების შეთავსებადობის ჯგუფი უნდა განსაზღვროს დამამზადებელმა და დაამტკიცოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელმა ორგანიზაციამ. შედეგები ასახული უნდა იყოს შესაბამისი ფეთქებადი მასალების გამოყენების ინსტრუქციებში (სახელმძღვანელოებში).

6. შეთავსებადობის მიხედვით სხვადასხვა ჯგუფის ფეთქებადი მასალების  გადაზიდვა და შენახვა  უნდა განხორციელდეს  სტანდარტის შესაბამისად.

7. გამოყენების პირობების მიხედვით ფეთქებადი ნივთი­ერებები იყოფა კლასებად სტანდარტის შესაბამისად.

8. ფეთქებადი მასალების გამოყენების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს რეგლამენტით და სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

9. ფეთქებადი მასალების შეფუთვა და ნიშანდება უნდა განხორცი­ელდეს სტანდარტის შესაბამისად.

10. აკრძალულია დენთთან მუშაობა საწყობებში (საცავებში) ისეთი ფეხსაცმელებით, რომლებსაც ლანჩებსა და ქუსლებზე აქვთ ლითონის ნაწილები. ხელსაწყოები და სხვა ლითონური ინვენტარი დამზადებული უნდა იყოს მასალებისაგან, რომლებიც არ იძლევიან ნაპერწკალს. ფოლადისაგან შეიძლება დამზადდეს მხოლოდ სახრახნისი.

11. ვაზნებში ან ტომრებში მოთავსებული ამონიუმის გვარჯილაზე დამზადებული ფხვნილისებრი ფეთქებადი ნივთი­ერებები გამოყენების წინ ისე უნდა გაფხვიერდეს, რომ არ დაზიანდეს მათი გარსაცმები.

12. აკრძალულია სტანდარტებით (ტექნიკური პირობებით) და გამოყენების ინსტრუქციებით დადგენილ ნორმებზე მეტად დატენიანებული  ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება.

13. შეტკეპნილი ფხვნილისებრი ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც არ შეიცავენ ჰექსოგენსა და ნიტროეთერებს, უნდა გაფხვიერდეს რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, რის შემდეგაც მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ უსაფრთხო შახტებში (მაღაროებში) ან ღია სამთო სამუშაოებზე.

14. ჰექსოგენისა და თხევადი ნიტროეთერების შემცველი შეტკეპნილი ფეთქებადი ნივთიერებები დაქუცმაცების გარეშე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ღია სამუშაოებზე.  

15. დაზიანებულგარსაცმიანი დავაზნული ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ ნახშირის შახტებში აკრძალულია.

მუხლი 6. ფეთქებადი მასალების გამოცდა

1. გამოსაყენებლად და შესანახად ვარგისიანობის დადგენის მიზნით ფეთქებადი მასალები უნდა გამოიცადოს:

ა) დამამზადებელი ქარხნიდან ან სხვა საწარმოს საწყობიდან მიღებისთანავე;

ბ) თუ გაჩნდა ეჭვი მათი ვარგისიანობის შესახებ (გარეგანი დათვალიერება, აფეთქების

არადამაკმაყოფილებელი შედეგები – არასრული აფეთქება, მტყუნება და სხვ.);

გ) საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

2. ფეთქებადი მასალების  გამოცდის შედეგები უნდა გაფორმდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილ აღრიცხვის ჟურნალში.

3. აკრძალულია საგარანტიო ვადაგადაცილებული ფეთქე­ბადი მასალების გამოყენება წინასწარი გამოცდის გარეშე.

4. აკრძალულია საგარანტიო  ვადაგადაცილებული ნიტრო­ეთერ­შემცველი ფეთქება­დი ნივთიერებების გამოყენება ნახშირის  შახტებში.

5. საკონტროლო გამოცდების მეთოდიკა უნდა შეადგინოს ნაკეთო­ბების დამმუშავებელმა საწარმომ სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი IV.

ფეთქებადი მასალების შენახვა

მუხლი 7. ფეთქებადი მასალების შენახვის ზოგადი დებულებები

1. ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს მხოლოდ ამ მიზნისათვის განკუთვნილ სათავსებში და ადგილებზე. ფეთქებადი მასალების შენახვა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ გამოირიცხოს მათი დანაკლისი და გაფუჭება.

2. ფეთქებადი მასალების შესანახ ადგილს (გარდა საამფეთქებლო სამუშაოებთან ახლოს მდებარე ერთი ცვლისათვის საჭირო ფეთქებადი მასალების ყუთებისა და სეიფებისა) საექსპლუატაციოდ მიღებული უნდა იქნეს საწარმოს ხელმძღვა­ნელის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენ­ლობაში შედიან მფლობელი საწარმოს და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები. მიღება უნდა გაფორმდეს აქტით.

3. საწარმოს ფეთქებადი მასალების მუდმივი და დროებითი საწყობებისათვის,  დასარიგებელი კამერები­სათვის, საამფეთქებლო სამუშაოებთან ახლოს მდებარე საუბნე პუნქტებისათვის (სეიფებისათვის) და სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციების (სეიფებისა და სათავს-სეიფებისათვის), აგრეთვე სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებში დამზა­დებული ფეთქებადი მასალებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და  შენახვის ორგანიზაცია, რაც უზრუნველყოფს ფეთქებადი მასალების უსაფრთხო  შენახვას სამუშაო ადგილებზე განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. საამფეთქებლო სამუშაოებთან ახლოს მდებარე საუბნე პუნქტებში (სეიფებში) და სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებში (სეიფებსა და სათავს-სეიფებში) ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ დაამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

5. სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებში დამზა­დებული ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს მათთვის სპეციალურად განკუთ­ვნილ სეიფებში. ახლად დამზადებული ფეთქებადი მასალის შენახვა ფეთქებად ნივთიერებებთან და აფეთქების საშუალებებთან ერთად (ერთ სეიფში) აკრძალულია.

6. ფეთქებადი მასალების ყუთები, ტომრები, კოლოფები და კონტეინერები შესანახ ადგილებზე უნდა დაიხუროს ხუფით ან შეიკრას თოკით.

7. ფეთქებადი მასალების საწყობებში ფეთქებადი მასალების სათავსები უნდა დაიკეტოს კლიტით, დაიპლომბოს ან დაიბეჭდოს. ისეთ სათავსებში, სადაც ფეთქებადი მასალების გამცემების სადღეღამისო მორიგეობაა, ფეთქებადი მასალების დაპლომბვა ან დაბეჭდვა აუცილებელი არ არის.

მუხლი 8. ფეთქებადი მასალების შენახვა სამუშაო ადგილებზე

1. სამუშაო ადგილებზე მიტანილი ფეთქებადი მასალები უნდა იყოს მოთავსებული ჩანთებში, კასეტებში ან ქარხნულად შეფუთული. ფეთქებადი მასალებისა და მაინიციირებელი საშუალე­ბების ერთად შენახვა აკრძალულია.

2. აკრძალულია სამუშაო ადგილზე მიტანილი ფეთქებადი მასალების, აგრეთვე დამუხტული შპურების, ჭაბურღილებისა და კამერების უმეთვალყურეოდ (დაცვის გარეშე) დატოვება. ზედამ­ხედველობის (დაცვის) წესს უნდა ადგენდეს საწარმოს ხელმძღვანელი. დასახლებულ პუნქტებში ან შენობების (ნაგებობების) შიგნით საამფეთქებლო სამუშაოების შესრუ­ლებისას ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს იზოლირებულ სათავსებში დაცვის მეთვალყურეობით.

3. ფეთქებადი მასალების შენახვა მუდმივი მეთვალყურეობის (დაცვის) გარეშე დასაშვებია მიწისქვეშა გვირაბებში, თუ ისინი მოთავსებულია სპეციალურად გამოყოფილ შესანახ ადგილებზე – საუბნო პუნქტებში, კლიტით ჩაკეტილ ლითონის ყუთებში ან კონტეინერებში (სეიფებში).

4. სამუშაო ადგილებზე დამუხტვამდე ფეთქებადი მასალების შენახვა ნებადართულია საშიში ზონის გარეთ ერთი დღე-ღამის, ხოლო საშიშ ზონებში – ერთი  ცვლისათვის საჭირო ნორმის რაოდენობით. აკრძალულია მასობრივი აფეთქების დროს სახიფათო  ზონაში დასამუხტად საჭირო რაოდენობის ფეთქებადი მასალების შენახვა  სათანადო დაცვის გარეშე. აფეთქების საშუალებების  საშიშ ზონაში შენახვა აკრძალულია.

5. ფეთქებადი მასალების შენახვა დასამუხტ მანქანებში (მოძრავი დასამუხტი საშუალებებისა და პერფორატორული სადგურების გარდა) სამ დღე-ღამეზე მეტი ხნით აკრძალულია.

6. ჭაურებთან, შტოლნების პირთან, ჯიხურებსა და ფარდულებში ნებადართულია შენახულ იქნეს ერთი ცვლისათვის საჭირო ფეთქებადი მასალების რაოდენობა. ჯიხურები და ფარდულები ჭაურიდან ან შტოლნების პირიდან, აგრეთვე შახტის ზედა ნაგებობებიდან დაცილებული უნდა იყოს, სულ ცოტა, 50 მეტრით.

მუხლი 9. ზოგადი მოთხოვნები საწყობების მიმართ

1. ფეთქებადი მასალების ყველა საწყობი და სხვა შესანახი ადგილები უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აგებული და მოწყობილი უნდა იყოს რეგლამენტისა და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. მიწის ზედაპირთან მიმართებით განლაგების ადგილის და დანიშნულების მიხედვით, ფეთქებადი მასალების საწყობების კლასიფიკაცია განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ფეთქებადი მასალების საბაზისო საწყობების საერთო ტევადობა არ იზღუდება. საბაზისო საწყობის ტევადობა განისაზ­ღვრება იმ პირობით, რომ ცალკეული საცავის ტევადობა 400 ტონას (ნეტო) არ უნდა აღემატებოდეს.

4. ფეთქებადი მასალების უსაფრთხო  შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული სახარჯო საწყობების მოწყობა, მათში სხვადასხვა სახის ფეთქებადი ნივთიერებებისა და მაინიცირებელი საშუალებების ზღვრული რაოდენობა (ტევადობა), მათი განთავსება, ტარის გახსნა და ფეთქებადი მასალების ამფეთქებლებისათვის გაცემა, აგრეთვე მათგან დაუხარჯავი ფეთქებადი ნივთიერებების, აფეთქების საშუალებებისა და გამაგანიერებელი აპარატურის დაბრუნება  განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. ფეთქებადი მასალების საწყობების სტელაჟებისა და შტაბელების კამერებთან უნდა მიეკრას ფირნიში, რომელზეც მითი­თებული იქნება ფეთქებადი ნივთიერებების, ინიციირების საშუა­ლებების ან გამაგანიერებელი აპარატურის დასახელება, მათი რაოდენობა, პარტიის ნომერი, დამზადების დრო და შენახვის საგარანტიო ვადა.

6. ფეთქებადი მასალების საწყობებსა და სხვა სათავსებში ელექტროდეტონატორები, ელექტროამნთები მილაკები, ელექ­ტრო­მა­ალებლები და მათი შემცველი ნაკეთობები უნდა ინახებოდეს ქარხნული ან სპეციალური შეფუთვით (ტარით).

7. ამნთები და საკონტროლო მილაკები უნდა დამზადდეს ფეთ­ქებადი მასალების მოსამზადებელი შენობის ცალკე სათავსში, რომელიც დანარჩენი სათავსებისგან გამოყოფილია უწვავი მასალისაგან აგებული კაპიტალური კედლით. დასაშვებია უწვავი მასალებით გალესილი და შეღებილი ნებისმიერი მასალის კედელიც. მიწისქვეშა საწყობებში ამნთები და საკონტროლო მილაკები უნდა დამზადდეს ამნთები მილაკების დასამზადებელ ცალკე კამერებში. ამნთები და საკონტროლო მილაკების დასამზადებელი მაგიდა რამდენიმე ამფეთქებლის მუშაობისათვის ერთმანეთისაგან გამოყოფილი უნდა იყოს ხის განივი ფარებით.

8. ამნთები და საკონტროლო მილაკების (ცეცხლგამტარი ზონრის საკონტროლო ნაჭრების) მოსამზადებელი და შესანახი სათავსების იატაკებზე უნდა დაიგოს რბილი მასალა. დამზადებული ამნთები მილაკები უნდა შეინახოს ფეთქებადი მასალების საწყობების საცავებში (გასაცემ კამერებში), ლითონის ან გარედან თუნუქით შემოჭედილ ხის ყუთებში (კარადებში), რომლებიც შიგნიდან ამოგებულია რბილი მასალით. ყუთები უნდა იხურებოდეს.

9. ტემპერატურა ამონიუმის გვარჯილაზე დამზადებული ფეთქებადი ნივთიერებების საწყობების საცავებსა და კონტეი­ნერებში არ უნდა აღემატებოდეს 300 C-ს.

10. დასაშვებია ღია მოედნებზე ფეთქებადი მასალების კონტეინერების დალაგება ორ იარუსად.

11. საწყობებში ფეთქებადი მასალების სატვირთავ-გასატვირთავი ოპერაციები უნდა სრულდებოდეს ხელით ან მხოლოდ ამისათვის განკუთ­ვნილი მექანიზმებით, რომელთა ტვირთამწეობა უნდა აღემატებოდეს ბრუტო შეფუთვის ნომინალურ მასას.

12. საწყობების შიგა სათავსებში მომუშავე შიგაწვისძრავიანი მექანიზმები უნდა აღიჭურვოს ნაპერწკალსაქრობებითა და გამონაბოლქვის განეიტრალების სისტემით.

13. ფეთქებადი მასალების საცავების რემონტისას ისინი უნდა დაიცალოს.

14. ფეთქებადი მასალების ყველა საცავს უნდა ჰქონდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი პასპორტი.

15. ფეთქებადი მასალების ცალკეული საწყობისათვის უნდა შემუშავდეს ავარიის ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ავარიულ სიტუაციაში მოქმედების რიგითობას. საწყობების (გარდა მიწისქვეშა) ავარიის ლიკვიდაციის გეგმა უნდა დამტკიცდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ,  საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან  შეთანხმებით. მიწისქვეშა საწყობების ავარიების ლიკვიდაციის გეგმა უნდა შედიოდეს შახტების/მაღაროების ავარიის ლიკვიდაციის საერთო გეგმაში.

მუხლი 10. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული  მუდმივი საწყობები

ფეთქებადი მასალების უსაფრთხოდ  შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, ზედაპირულ და ნახევრად ჩაღრმავებულ მუდმივი საწყობების მოწყობა განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 11. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული დროებითი საწყობები

1. ფეთქებადი მასალების დროებითი საწყობის საცავები შეიძლება იყოს ფიცრის, თიხატკეპნილის, მიწის და ა.შ. საწყობების საცავებად გამოდგება  გამოუყენებელი შენობები, ფარდულები, მიწურები და სხვა სათავსები. ეს სათავსები უნდა ნიავდებოდეს და დაცული იყოს წვიმისა და თოვლისაგან. შენობების საცავებად გამოყენებისას მასში არსებული ღუმლის საცეცხლეები უნდა ამოიქოლოს.

2. ფეთქებადი მასალების უსაფრთხო  შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, ზედაპირულ და ნახევრად ჩაღრმავებულ დროებითი საწყობების მოწყობა განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 12. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობები

1. მოკლევადიანი სამუშაოების წარმოებისას ფეთქებადი მასა­ლების შენახვა დასაშვებია: გამოუყენებელ შენობებში, ფარდუ­ლებში, მიწურებში, რკინიგზის ვაგონებში, ავტომანქანებში, მისაბმელებსა და ოთხთვალებში.

2. ფეთქებადი მასალების უსაფრთხო  შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, ზედაპირულ და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობების მოწყობა, მათში სხვადასხვა სახის ფეთქებადი ნივთიერებებისა და მაინიცირებელი საშუალებების ზღვრული რაოდენობა (ტევადობა), მათი განთავსება, ტარის გახსნა და ფეთქებადი მასალების ამფეთქებლებისათვის გაცემა, აგრეთვე მათგან დაუხარჯავი ფეთქებადი ნივთიერებების, აფეთქების საშუალებებისა და გამაგანიერებელი აპარატურის დაბრუნება  განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 13. სეიფებიანი სათავსი და სათავს-სეიფი

1. სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს სეიფებიან სათავსში ან სათავს-სეიფში. ასეთ სათავსების კედლები და გადახურვა უნდა იყოს  უწვავი მასალებისაგან. ფეთქებადი მასალების შესანახად განკუთვნილი სათავსის მოსაზღვრე ოთახებში, აგრეთვე მის ზემოთ და ქვემოთ განლაგებულ სათავსებში არ უნდა იყოს ხალხის მუდმივი სამუშაო ადგილები. ოთახები მეზობელი სათავსისაგან გამოყოფილი უნდა იყოს, სულ ცოტა, 25 სმ სისქის კაპიტალური, ბეტონის ან აგურის კედლით. სათავსების კარი უნდა დამზადდეს  მასალისაგან, რომლის ზღვრული ცეცხლმედეგობა არ უნდა იყოს 45 წუთზე ნაკლები.

2. აფეთქების საშუალებების შესანახი სეიფი შიგნიდან ამოგებული უნდა იყოს რბილი მასალით. იგი უნდა იყოს დამიწებული და განლაგებული ფეთქებადი ნივთიერებების სეიფიდან, სულ ცოტა, 2 მეტრის დაშორებით.

მუხლი 14. მიწისქვეშა საწყობები

1. მიწისქვეშა პირობებში ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს განსაკუთრებულად აღჭურვილ გვირაბებში - კამერებში ან უჯრედებში, რომლებიც ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ერთში მოთავსებული ფეთქებადი მასალის აფეთქებამ არ გამოიწვიოს მეზობლად მოთავსებული ფეთქებადი მასალების დეტონაცია.

2. მიწისქვეშა საწყობი უნდა შედგებოდეს გვირაბებისაგან, რომლებიც წარმოდგენენ საკუთრივ საწყობს, მასში განლაგებული ფეთქებადი მასალების შესანახი კამერებით ან უჯრედებით, აგრეთვე მისასვლელი გვირაბებისა და დამხმარე კამერებისაგან.

3. ფეთქებადი მასალების უსაფრთხო  შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, მიწისქვეშა საწყობების მოწყობა, მათში სხვადასხვა სახის ფეთქებადი ნივთიერებებისა და მაინიცირებელი საშუალებების ზღვრული რაოდენობა (ტევადობა) და მათი განთავსება განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 15. ჩაღრმავებული საწყობები

ფეთქებადი მასალების უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, ჩაღრმავებული საწყობების მოწყობა, მათში სხვადასხვა სახის ფეთქებადი ნივთიერებებისა და მაინიცირებელი საშუალებების განთავსება განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 16. ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორის შემოწმება

1. საწყობებში, ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორეს  სტანდარტით დადგენილ ვადებში უნდა ამოწმებდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი. შემოწმებისას დასაშვებია არ გაიხსნას დაუზიანებელი ან ნორმალურად დაპლომბილი ყუთები, ტომრები, პაკეტები და კონტეინერები.

2. ელექტროდეტონატორების, კაფსულ-დეტონატორების, პიროტექნიკური რელეებისა და ინიციირების სხვა საშუალებების რაოდენობის დადგენა გახსნილ ყუთებში უნდა წარმოებდეს საცავის ტამბურში, ცალკე კამერაში ან საცავებს გარეთ.

 3. ფეთქებადი მასალების მიღებისა და გაცემის, აგრეთვე გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვის წიგნის ფორმები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. დანაკლისის ან ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევები დაუყოვ­ნებლივ უნდა ეცნობოს საწარმოს ხელმძღვანელს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მუხლი 17. საწყობის დაცვა          

1. საბაზისო და სახარჯო საწყობები, აგრეთვე  ფეთქებადი მასალების შესანახი მიწისზედა მოედნები მიეკუთვნება მკაცრი რეჟიმით დასაცავი ობიექტების კატეგორიას და დაცული უნდა იყოს მთელი დღე-ღამის განმავლობაში. დაცვა უნდა განხორციელდეს უწყებრივი ან მოწვეული დაცვის სამსახურის მიერ, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს ობიექტის დაცვა განახორციელოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. 

2. საწყობების საიმედო დაცვის უზრუნველყოფა, დაცვის სახე, შემადგენლობა, რაოდენობა, საგუშა­გოების დისლოკაცია და საწყობის დაცვის წესი განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ, სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 18. ფეთქებადი მასალების მეხდაცვა

1. ფეთქებადი მასალების საწყობებისათვის მეხდაცვა უნდა მოეწყოს მეხდაცვის დაპროექტების, მოწყობისა და ექსპლუატაციის  შესაბამისი სტანდარტის თანახმად.

2. ზედაპირული, ნახევრად ჩაღრმავებული და ჩაღრმავებული მუდმივი და დროებითი ფეთქებადი მასალების საწყობების სათავსებისათვის, მიწის ზედაპირზე განლაგებული ფეთქებადი მასალების მოსამზადებელი შენობებისათვის, აგრეთვე ელექტროდე­ტონატორებიანი სარტყამი ვაზნების დამზადების პუნქტებისათვის უნდა მოეწყოს დაცვა მეხის როგორც პირდაპირი დარტყმის, ისე მეორეული ზემოქმედებისაგან.

3. ფეთქებადმასალებიანი კონტეინერების შესანახი მოედნები და ფეთქებადმასალებიანი სატრანსპორტო საშუალებების დგომის პუნქტები დაცული უნდა იყოს მხოლოდ მეხის პირდაპირი დარტყმისაგან.

4. მეხდაცვა უნდა შემოწმდეს ჭექა-ქუხილის პერიოდის დადგომამდე, ან  გამოვლენილი დაზიანების შემთხვევაში. მეხდაცვის მოწყობილობის გარეგანი დათვალიერება უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ.

5. მეხდაცვის შემოწმებისას უნდა ჩატარდეს მეხდაცვის მოწყობილობის გარეგანი დათვალიერება და დამამიწებლების წინაღობის გაზომვა. დათვალიერების შედეგები უნდა გაფორმდეს ოქმით.

თავი V. ფეთქებადი მასალების გადატანა, სამუშაო ადგილზე მიტანა, მიღება, გაცემა, აღრიცხვა, განადგურება

მუხლი 19. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების გადატანის, სამუშაო ადგილზე მიტანის, მიღების, გაცემისა და აღრიცხვის მიმართ

1.უსაფრთხოების დაცვის  უზრუნველყოფის და დატაცების შემთხვევების აღკვეთის მიზნით, ფეთქებადი მასალების გადატანა, შენახვის ადგილზე მიტანილის მიღება,  სამუშაო ადგილზე მიტანა,  გაცემა, აღრიცხვა და განადგურება უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 

2. განწეს-ზედნადებისა და განწეს-საგზურის ფორმები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 20. მიღებისა და გაცემის აღრიცხვა

1. ფეთქებადი მასალების მიღების და გაცემის აღრიცხვის წიგნი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, დამოწმებული ბეჭდით ან  დაპლომბილი საწარმოს მიერ. წიგნს უნდა აწარმოებდეს საწყობის გამგე.

2. თითოეული დასახელების ფეთქებადი მასალა უნდა აღირიცხებოდეს  ცალ-ცალკე.

3. დღის ბოლოს ფეთქებადი მასალის თითოეული სახეობის ნაშთი შეტანილ უნდა იქნეს  წიგნში. აღირიცხება ფეთქებადი მასალის მხოლოდ ის სახეობა, რომლის რაოდენობა შეიცვალა დღე-ღამის განმავლობაში.

მუხლი 21. გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვა

1. ფეთქებადი მასალების გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვის წიგნი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, დამოწმებული ბეჭდით ან დაპლომბილი საწარმოს მიერ. წიგნი განკუთვნილია საწყობებისა და გასაცემი კამერებისათვის, საიდანაც ფეთქებადი მასალების გატანა და დაბრუნება წარმოებს ამფეთქებლების მიერ. წიგნს  უნდა აწარმოებდეს საწყობის გამგე.

2. ყოველი დღის ბოლოს უნდა გამოითვალოს, რამდენი და რა სახეობის ფეთქებადი მასალა დაიხარჯა და ხაზის ქვეშ დაიწეროს მათი ხარჯი (გაცემული ფეთქებადი მასალები დაბრუნებულის გამოკლებით). დღე-ღამეში დახარჯული ფეთქებადი მასალის რაოდენობა ყოველდღიურად  უნდა აღირიცხოს წიგნში.

თავი VI. ფეთქებადი მასალების განადგურება

მუხლი 22. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების განადგურებისას

1. ფეთქებადი მასალების განადგურება (მათ შორის ისეთების, რომლებიც არ პასუხობენ სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს) უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელობის წერილობითი განკარგულების საფუძველზე. განადგურებითი სამუშაოები უნდა ჩაატაროს ამფეთქებელმა, საწყობის გამგის ხელმძღვანელობით.

2. ფეთქებადი მასალების განადგურების თითოეული შემთხვე­ვისას უნდა შედგეს  სათანადო აქტი, რომელშიც აღინიშნება ფეთქებადი მასალების დასახელება, რაოდენობა, განადგურების მიზეზები და ხერხები. აქტი დგება ორ ეგზემპლარად: ერთი ბარდება ფეთქებადი მასალების საწყობს, მეორე - საწარმოს ბუღალტერიას.

3. ფეთქებადი მასალების განადგურების ადგილები მოწყობილი უნდა იყოს პროექტის შესაბამისად.

4. აფეთქებით განადგურება უნდა მოხდეს კარგი ხარისხის ფეთქებადი მასალების საშუალებით. დავაზნული ფეთქებადი მასალები უნდა განადგურდეს დასტებად, ხოლო დეტონატორები, სადეტონაციო ზონრები და პიროტექნიკური რელეები – ნებისმიერი შეფუთვით მიწაში ჩაფლული ან სხვა ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ აუფეთქებელი ნაკეთობების გაბნევას.

5. დაწვით უნდა განადგურდეს მხოლოდ ისეთი ფეთქებადი მასალები, რომელთა აფეთქება შეუძლებელია. დეტონატორებისა და მისი შემცველი ნაკეთობების დაწვით განადგურება აკრძალულია.

6. ფეთქებადი მასალების დაწვით განადგურებისას უსაფრთხო მანძილი იანგარიშება ისევე, როგორც შესაბამისი რაოდენობის ფეთქებადი ნივთიერებების აფეთქებისას.

7. ფეთქებადი მასალების დაწვით განადგურება უნდა მოხდეს მხოლოდ მშრალ ამინდში. მისი რაოდენობა განისაზღვრება გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

8. ფეთქებადი ნივთიერებები, ცეცხლგამტარი ზონრები და სადეტონაციო ზონრები უნდა განადგურდეს ცალ-ცალკე. ერთჯერადად კოცონზე არ შეიძლება დაიწვას 10 კგ-ზე მეტი ფეთქებადი მასალა.

9. დენთების დაწვით განადგურება უნდა განხორციელდეს 30 სმ სიგანისა და 10 სმ სისქის ზოლებად. ერთდროულად დასაშვებია მხოლოდ სამი ასეთი ზოლის დაწვა. ზოლებს შორის მანძილი 5 მეტრზე ნაკლები არ უნდა  იყოს.

10. ფეთქებადი ნივთიერებების ვაზნების დაწვით განადგურებისას ისინი უნდა დალაგდეს ერთ შრედ, ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს.

11. ფეთქებადი მასალების დაწვა ტარაში აკრძალულია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ დასაწვავ ვაზნებში არ იყოს ჩარჩენილი დეტონატორები. შემდგომი გამოყენებისათვის გამოუსადეგარი ტარა (ყუთები, კოლოფები, ქაღალდები, ტომრები და სხვ.), მათ შორის, ისეთებიც, რომლებზეც შერჩენილია ექსუდატები, გასინჯვისა და გაწმენდის შემდეგ ცალკე უნდა დაიწვას.

12. კოცონის ასანთებ საშუალებებს (ცეცხლგამტარი ზონარი, ადვილად აალებადი მასალა) ცეცხლი უნდა მოეკიდოს ქარზურგა მხრიდან. მოსაკიდებელი ზოლის სიგრძე 5 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

13. ამფეთქებელი ცეცხლის წაკიდების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს თავშესაფარში ან გავიდეს საშიში ზონის საზღვრებიდან.

14. ცეცხლის წაკიდება უნდა მოხდეს ყველა მოსამზადებელი სამუშაოს დამთავრებისა და ხალხის უსაფრთხო ადგილზე გაყვანის შემდეგ.

15. კოცონი იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ აღარ დასჭირდეს საწვავი მასალის დამატება. დაწვის ადგილების დათვალიერება წვის პროცესის სრულ დამთავრებამდე აკრძალულია. 

16. წყალში გახსნით უნდა განადგურდეს მხოლოდ არაწყალმედეგი ფეთქებადი ნივთიერებები (ამონიუმისგვარჯილიანი და კვამლიანი დენთები). წყალში გახსნა  უნდა მოხდეს კასრებში ან სხვა ანალოგიურ ჭურჭელში. უხსნადი ნარჩენები უნდა შეგროვდეს და დაიწვას.

17. ფეთქებადი მასალების განადგურების ოპერაციების დამთავრების შემდეგ ოპერაციების შემსრულებლები და მათი ხელმძღვანელი უნდა დარწმუნდნენ ფეთქებადი ნივთიერებების ნაკეთობების სრულ განადგურებაში.

თავი VII. ფეთქებადი ნივთიერებების შრობა, დაქუცმაცება,

გაცრა, გარსაცმში მოთავსება და გალხობა

მუხლი 23.  მოთხოვნები ფეთქებადი ნივთიერებების შრობის,  დაქუცმაცების,  გაცრის, გარსაცმში მოთავსებისა და გალხობის მიმართ

1. ფეთქებადი ნივთიერებების გაშრობა, დაქუცმაცება, გაცრა, გარსაცმში მოთავსება და გალხობა უნდა განხორციელდეს ფეთქებადი მასალების საწყობების ტერიტორიაზე ან მის გარეთ განლაგებულ სპეციალურ ნაგებობებში. ამ ოპერაციების ჩატარება დასაშვებია, აგრეთვე ფეთქებადი ნივთიერებების მომზადები­სათვის განკუთვნილ შენობებში ან გადახურულ მოედნებზე. ფეთქებადი მასალების მოსამზადებელ შენობებში, სადაც ეს ოპერაციები ტარდება, აკრძალულია ერთდროულად ინახებოდეს 3 ტონაზე მეტი ფეთქებადი ნივთიერება.

2. ფეთქებადი ნივთიერებების ღია ცის ქვეშ გაშრობა, დაქუცმაცება, გაცრა და  გარსაცმში მოთავსება ნებადართულია მხოლოდ მშრალ ამინდში.

3. 1,5 პროცენტამდე დატენიანებული ამონიუმისგვარჯილიანი ფეთქებადი ნივთიერებების ვაზნების გაშრობა უნდა მოხდეს მხოლოდ ქარხნულ გარსაცმში. 1,5 პროცენტზე მეტად დატენიანებული ვაზნები გაშრობის წინ უნდა დაიშალოს. ფეთქებადი ნივთიერებების გაშრობისას ჰაერის ტემპერატურა გასაშრობ შენობებში არ უნდა აღემატებოდეს 500C-ს, კვამლიანი დენთებისა – 400C-ს.

4. შენობებში ფეთქებადი ნივთიერებების გაშრობისათვის განკუთვნილი მაგიდები (თაროები) გასათბობი (ქურა, რადიატორი და სხვა) საშუალებებიდან დაცილებული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილით.

5. ფეთქებადი ნივთიერებების გასაშრობად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საჰაერო საშრობები (კარადები, კამერები), რომლებშიც თბოგადამტანის (ჰაერის) ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს ტროტილით სენსიბი­ლიზებული ფეთქებადი ნივთიერებებისთვის 600C-ს, ხოლო ნიტროეთერებით სენსიბილი­ზებული ფეთქებადი ნივთიერებებისათვის 300C-ს. კალორიფერი ჰაერსაბერით განლაგებული უნდა იყოს იზოლირებულ ნაგებობაში, სათავსში და მინაშენში.

6. აკრძალულია ჰექსოგენისა და ნიტროეთერების შემცველი ფეთქებადი ნივთიერებების მექანიკური წესით დაქუცმაცება.

7. ფეთქებადი ნივთიერებების გალხობა უნდა წარმოებდეს ქარხნულ ტარაში, ზედაპირული საწყობის სათავსში, რომელიც უნდა თბებოდეს არაუმეტეს 300C-ისა ან ფეთქებადი მასალების მიწისქვეშა საწყობში. გადნობის კონტროლისათვის აუცილებელია ყოველი გასადნობი პარტიის მიღებისა და გაცემის თარიღის დაფიქსირება.

თავი VIII. აფეთქების ხერხები

მუხლი 24. აფეთქება ელექტროდეტონატორების გამოყენებით

1. საწყობიდან გაცემამდე ელექტროდეტონატორები უნდა შემოწმდეს შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით. ელექტრო­დეტონატორები მოწმდება საწყობის სათავსში ან ღია ცის ქვეშ განლაგებულ ფარდულებში.

2. ელექტროდეტონატორების შემოწმება უნდა განხორციელდეს შიგნიდან, რბილი მასალით ამოგებული ლითონის მილებში, დამცავი ფარების უკან ან სპეციალურ მოწყობილობაში, რომელიც გამორიცხავს ადამიანების დაშავებას აფეთქების შემთხვევაში.

3. წინაღობის შემოწმების შემდეგ ელექტროდეტონატორების სადენები მოკლედ უნდა შეირთოს, მათი გახსნა საამფეთქებლო ქსელში ჩართვამდე აკრძალულია. შემოწმების დროს ამფეთქებლის მაგიდაზე არ შეიძლება იდოს 100 დეტონატორზე მეტი.

4. ელექტროსაამფეთქებლო ქსელის სადენებს უნდა ჰქონდეს წესივრული იზოლაცია, საიმედო ელექტრული შეერთებები. სადენებისა და კაბელების ძარღვების ბოლოები საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს, მჭიდროდ შეერთდეს და იზოლირდეს სპეციალური მომჭერებით ან სხვა საშუალებებით. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში აუცილებელია გამოყენებულ იქნეს საკონტაქტო საიზოლაციო დამჭერები.

5. საამფეთქებლო ქსელი უნდა იყოს ორსადენიანი. ერთ-ერთ სადენად წყლის, მიწის, მილების, რელსების, ბაგირებისა და სხვათა გამოყენება აკრძალულია. დამუხტვის დაწყებამდე ამფეთქებელმა უნდა შეამოწმოს საამფეთქებლო ქსელი, რათა დარწმუნდეს მის წესივრულობაში.

6. გაზის ან მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სპილენძისსადენებიანი ელექტროდეტონა­ტორები. ასეთივე უნდა იყოს ელექტროსაამფეთქებლო ქსელის შემაერთებელი და მაგისტრალური სადენები (კაბელები).

7. ელექტროსაამფეთქებლო ქსელის მონტაჟი უნდა დაიწყოს მუხტიდან დენის წყაროს მიმართულებით.

8. მონტაჟის დამთავრებისა და ვიზუალური დათვალიერების შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ელექტროსაამფეთქებლო ქსელის გამტარობა.

9. მუდმივი საამფეთქებლო მაგისტრალი 100 მეტრზე მეტად არ უნდა ჩამორჩებოდეს აფეთქების ადგილს.

10. საჭაბურღილე და კამერული მუხტების აფეთქების წინ თეორიულად უნდა გამოითვალოს ქსელის საერთო წინაღობა. დაზუსტების მიზნით იგი უნდა გაიზომოს უსაფრთხო ადგილიდან ელექტროსაზომი ხელსაწყოებით. გამოთვლილ და გაზომილ სიდიდეებს შორის 10 პროცენტზე მეტი სხვაობის შემთხვევაში უნდა დადგინდეს და აღმოიფხვრას აღნიშნული სხვაობის გამომწვევი მიზეზები. თუ შეუძლებელია ქსელის წინაღობის გაზომვა, ტექნიკური ზედამხედველის ნებართვით უნდა მოხდეს მხოლოდ გამტარობის შემოწმება.

11. აფეთქებისათვის საჭირო ძაბვა მიწოდებულ უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილიდან. საამფეთქებლო ხელსაწყო აღჭურვილი უნდა იყოს მაგის­ტრალურ სადენებთან შესაერთებელი სპეციალური კლემებით. მაგის­ტრალური სადენების დენის წყაროსთან შეერთება უნდა მოხდეს ამფეთ­ქებლის თავშესაფარში.

12. მასობრივი აფეთქებების ჩატარებისას ძაბვის მიწოდების შესახებ განკარგულება უნდა გასცეს სამუშაოს ხელმძღვანელმა.

13. ელექტროსაამფეთქებლო ქსელის დამონტაჟებული უბნის სადენის ბოლოები მოკლედ უნდა იყოს შერთული მთელი დროის განმავლობაში, მომდევნო უბნის სადენებთან შეერთებამდე. აკრძალულია უკვე დამონტაჟებული უბნის სადენების მიერთება შემდეგი უბნის სადენებთან, თუ ისინი არაა მოკლედ შერთული საწინააღმდეგო მხრიდან.

14. მაგისტრალური სადენების ბოლოები მოკლედ უნდა იყოს შერთული მთელი დროის განმავლობაში ძაბვის მიმწოდებელი ხელსაწყოს კლემებთან მიერთების მომენტამდე.

15. ელექტროდეტონატორების დუბლირების შემთხვევაში ძირითადი და მადუბლირებელი  სადენების აღრევის თავიდან აცი­ლე­ბის მიზნით თითო­ეული ელექტროდეტონატორის სადენები გადახვეული უნდა იყოს ერთმანეთზე. დამუხტვის დამთავრების შემდეგ ისინი უნდა გაიხსნას და დაეხვეს ცალ-ცალკე გორგლებად.

16. მასობრივი აფეთქებების ძირითადი და დუბლირებული ელექტროსაამფეთქებლო ქსელის სადენები მარკირდება სხვადასხვა ნიშნით.

17. ელექტროსაამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დაწყებამდე მონტაჟის ზონაში მოქმედი ყველა ელექტროდანადგარი, კაბელი, საკონტაქტო და საჰაერო სადენები, აგრეთვე, საშიში ელექტრო­მაგნიტური გამოსხივების წყაროები უნდა გამოირთოს დენის წყაროდან.

18. მოხეტიალე დენების ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული დამა­ტებითი ღონისძიებები (დამცავი ელექტროდე­ტონატორების გამოყენება, შემაერთებელი გამტარების ხელმეორედ გამოყენების გამორიცხვა, სპეცია­ლური საიზოლაციო მომჭერების გამოყენება და სხვ.).

19. მიწისქვეშა გვირაბებში საამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დროს უნდა გამოირთოს ადგილობრივი განიავების ვენტილატორები და განათების ელექტრული ქსელი. თუ ძაბვის სიდიდე 42 ვოლტს არ აღემატება და გატარებულია მოხეტიალე დენებისაგან ელექტრო­დეტონატორების დაცვის ღონისძიებები, გამორთვა აუცილებელი არ არის.

20. საამფეთქებლო ხელსაწყოები და მოწყობილობა უნდა ინახებოდეს უცხო პირთათვის მიუწვდომელ ადგილზე.

21. აკრძალულია საამფეთქებლო ქსელში ძალური ან განათების ქსელი­დან ძაბვის მიწოდება სპეციალური მოწყო­ბილობის გარეშე.

22. ამფეთქებელი ვალდებულია საამფეთქებლო სამუშაოების დამთავ­რების შემდეგ დენის წყაროდან გამორთოს საამფეთქებლო ქსელის სადენები და დაამოკლოს მათი ბოლოები. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას საფარიდან გამოსვლა, მაგრამ სულ ცოტა, 5 წთ შემდეგ.

23. თუ ძაბვის მიწოდების შემდეგ მუხტები არ აფეთქდა, ამფეთქებელი ვალდებულია გამორთოს საამფეთქებლო ქსელი დენის წყაროდან, ჩაამოკლოს მათი ბოლოები, თან წაიღოს საამფეთქებლო ხელსაწყოს ან მისი ყუთის გასაღები. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია შეუდგეს მტყუნებების მიზეზების დადგენას. ასეთ შემთხვევებში ამფეთქებელი თავშესაფრიდან უნდა გამოვიდეს, სულ ცოტა, 10 წთ-ის შემდეგ.

24. საამფეთქებლო ხელსაწყოები ამფეთქებლისათვის გაცემამდე შემოწმებული უნდა იქნეს ექსპლუატაციის  ინსტრუქ­ციის თანახმად დადგე­ნილ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობა, მათ შორის დენისა და დენის იმპულსის. გაზის ან მტვრის მხრივ საშიშ შახტებში უნდა შემოწმდეს, აგრეთვე ხელსაწყოების ძაბვის იმპულსის ხანგრძლივობა.

25. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ ნახშირის შახტებში, აგრეთვე, გეოლოგიურ-სადაზვერვო ობიექტების სტაციონარულ საამფეთ­ქებლო პუნქტებში საამფეთქებლო ხელსაწყოები უნდა შემოწმდეს, სულ ცოტა, 15 დღეში ერთხელ, მათი დაყენების ადგილზე.

მუხლი 25. ელექტროცეცხლოვანი,  ცეცხლოვანი და სადეტონაციო ზონრით აფეთქება

1. ამნთებ და საკონტროლო მილაკებზე ცეცხლის მოკიდება ნებადარ­თულია მხოლოდ მღვივარი პატრუქებით, სადეტონაციო ზონრით ან სპეციალური სამარჯვებით. მილაკის ასანთით მოკიდება უნდა მოხდეს მხოლოდ ერთეული მუხტების აფეთქებისას.

2. ცეცხლოვანი აფეთქებისას ცეცხლგამტარი ზონრის სიგრძე ისე უნდა გამო­ითვალოს, რომ ამფეთქებელმა მოასწროს უსაფრთხო ადგილზე ან თავშესაფარში გასვლა. თითოეული ამნთები მილაკის სიგრძე 1 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ცეცხლგამტარი ზონარი შპურიდან უნდა გამოდიოდეს არანაკლებ 25 სმ-ით.

3. მიწის ზედაპირზე ხუთ ან მეტ მილაკზე ცეცხლის მოკიდების დროის კონტროლისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ქაღალდის­გარსაცმიანი კაფსულ-დეტონა­ტორისაგან დამზადებული საკონ­ტროლო მილაკი.

4. ცეცხლი პირველად უნდა მოეკიდოს საკონტროლო მილაკს, შემდეგ კი მუხტების ზონრებს. საკონტროლო მილაკის ზონრის სიგრძე 60 სმ-ით ნაკლები უნდა იყოს მუხტების ზონრებთან შედარებით, მაგრამ არანაკლებ 40 სმ-ისა. მიწისქვეშა პირობებში ამ მიზნისათვის შეიძლება ცეცხლგამტარი ზონრის საკონტროლო ნაჭრის გამოყენება.

5. ამნთებ მილაკებზე ცეცხლის მოკიდების შემდეგ ან საკონტროლო მილაკის კაფსულ-დეტონატორის აფეთქების შემდეგ, მოსაკიდებელი ცეცხლგამტარი ზონრის ჩაქრობისთანავე ყველა ამფეთქებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გავიდეს უსაფრთხო მანძილზე ან თავშესაფარში.

6. მიწის ზედაპირზე აფეთქებისას საკონტროლო მილაკი, სულ ცოტა, 5 მეტრით  უნდა იყოს დაშორებული პირველად მოსაკიდებელი ამნთები მილაკისაგან და არ უნდა იყოს განლაგებული ამფეთქებლების უკან დაბრუნების გზაზე.

7. დენთიანი მუხტების აფეთქებისას ამნთები მილაკის ცეცხლგამტარი ზონარი არ უნდა ეხებოდეს ფეთქებად ნივთიერებას.

8. ცეცხლგამტარი ზონრის გადაბმა აკრძალულია. ამნთები მილაკების დუბლირების დროს მათი მოკიდება ერთდროულად უნდა მოხდეს.

9. ამფეთქებელმა უნდა დაითვალოს აფეთქებული მუხტების რაოდენობა. თუ ეს შეუძლებელია ან რომელიმე მუხტი არ აფეთქდა, ამფეთქებელი თავშესაფრიდან უნდა გამოვიდეს ბოლო აფეთქებიდან არანაკლებ 15 წთ-ის შემდეგ. თუ მტყუნება არ დაფიქსირდა, ამფეთქებელს თავშესაფრიდან გამოსვლის უფლება აქვს ბოლო მუხტის აფეთქებიდან 5 წთ-ის შემდეგ.

10. სადეტონაციო ზონრის დაჭრა, პიროტექნიკურ რელეებთან შეერთება და სხვა უნდა შესრულდეს სადეტონაციო ზონრების გამოყენების ინსტრუქციებისა და მითითებების მოთხოვნების შესაბამისად.

11. სადეტონაციო ზონრის ძირითადი და დუბლირებული ქსელები უნდა აფეთქდეს ერთი ინიციატორის საშუალებით.

  თავი IX. სარტყამი ვაზნების, ამნთები და საკონტროლო   მილაკების დამზადება

მუხლი 26. სარტყამი ვაზნების დამზადება

1. სარტყამი ვაზნები უნდა დამზადდეს უშუალოდ სამუშაო ადგილებზე ან საწარმოს  ხელმძღვანელის  მიერ  სპეციალურად  გამოყოფილ ადგილებზე. ვაზნები უნდა დამზადდეს ერთი აფეთქე­ბისათვის საჭირო რაოდენობით.

2. ზედაპირიდან ჭაურების გაყვანისას სარტყამი ვაზნები უნდა დამზადდეს სპეციალურ ჯიხურებში.

3. ვაზნაში დეტონატორი მთლიანად უნდა მოთავსდეს და საიმედოდ ჩამაგრდეს. დეტონატორის ჩასადები ღრმულის გასაკეთებელი ჩხირი დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისაგან, რომელიც არ იძლევა ნაპერწკალს და არ განიცდის კოროზიას ფეთქებად ნივთიერებებთან ურთიერთქმედებისას.

4. დაწნეხილი ან ჩამოსხმული ფეთქებადი ნივთიერებებისაგან სარტყამი ვაზნების დასამზადებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ვაზნები, რომლებსაც დეტონატორის მოსათავსებელი ღრმული ქარხანა-დამამზადებლის მიერ აქვთ დატოვებული. ასეთ ვაზნებში ღრმულის ჩაღრმავება ან გაგანიერება აკრძალულია.

5. ფხვნილისებრი დავაზნული ფეთქებადი ნივთიერებებისაგან სარტყამი ვაზნების დამზადებისას სადეტონაციო ზონრის ბოლო უნდა გაინასკვოს და ისე ჩაიდოს ვაზნაში. ნებადართულია ვაზნაზე ზონრის დახვევა.

6. გამოუყენებელი სარტყამი ვაზნა უნდა განადგურდეს აფეთქებით, საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 27.   ამნთები და საკონტროლო მილაკების  დამზადება

 1. ამნთები და საკონტროლო მილაკები ამფეთქებლის მიერ უნდა დამზადდეს ფეთქებადი მასალების მოსამზადებელი შენობის ცალკე სათავსში, ხოლო მიწისქვეშა საწყობში – ამნთები მილაკების დასამზადებელ კამერაში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც საამფეთქებლო სამუშაოების ხანგრძლივობა 6 თვეზე ნაკლებია, ამნთები და საკონტროლო მილაკების დამზადება, საწარმოს ხელმძღვანელის ნებართვით, უნდა შესრულდეს ამ სამუშაოებისათვის მოწყობილ ცალკე სათავსებში, კარვებში, გადახურულ ფარდულებში ან ღია ცის ქვეშ.

3. ამნთები და საკონტროლო მილაკების დამზადებისას შემსრულებლის მაგიდაზე უნდა  იდოს არაუმეტეს 100 კაფსულ-დეტონატორისა და შესაბამისი რაოდენობის ცეცხლგამტარი ზონრის ნაჭრები.

4. დამზადებული ამნთები მილაკები უნდა დახარისხდეს სიგრძის მიხედვით, დაეხვიოს რგოლებად და დაეწყოს თაროებზე. საკონტროლო მილაკები უნდა შეიკრას კანაფით და მოთავსდეს იმავე თაროებზე. თითოეულ საკონტროლო მილაკს უნდა ჰქონდეს ადვილად შესამჩნევი განმასხვავებელი ნიშანი.

5. ამნთები და საკონტროლო მილაკების დამზადების დაწყების წინ კარგად უნდა გაისინჯოს კაფსულ-დეტონატორის შიგნითა ნაწილი. თუ მასში აღმოჩნდა უცხო ნაწილაკები, ისინი უნდა გამოიყაროს ფრჩხილზე სუსტი დაკაკუნებით. მტვრის ან სხვა ნაწილაკების კაფსულ-დეტონატორებიდან მოშორება რაიმე სამარჯვების გამოყენებით ან სულის ჩაბერვით აკრძალულია.

6. ზონრის ბოლო კაფსულ-დეტონატორში შეჰყავთ ხუფზე მიბჯენამდე. ეს უნდა მოხდეს პირდაპირი დაწოლით ზონრის ბრუნვის გარეშე.

7. ზონრის ჩამაგრებისათვის ლითონის მასრის ყელი უნდა დაიჭყლიტოს ხელის სპეციალური მარწუხით. კაფსულ-დეტონატორის მასრის მოჭყლეტა იმ ადგილებზე, სადაც პირველადი ინიციატორია მოთავსებული, აკრძალულია. ქაღალდისმასრიან დეტონატორებში ზონრის საიმედო ჩამაგრებისათვის ზონარს მასრის შიგა დიამეტრის ზომამდე უნდა დაეხვიოს საიზოლაციო ლენტი ან მასრის ყელზე წაეჭიროს კანაფი.

8. აკრძალულია კაფსულ-დეტონატორში ჩამაგრებული ცეცხლგამ­ტარი ზონრის გამოძრობის მიზნით გამოქაჩვა.

თავი X. უსაფრთხო მანძილი საამფეთქებლო

სამუშაოს წარმოებისა და ფეთქებადი

მასალების შენახვისას

მუხლი 28. უსაფრთხო მანძილის ნორმა ხალხისათვის

1. ამფეთქებლისა და ხალხის თავშესაფრების, აგრეთვე, პოსტების განლაგების ადგილები უნდა განისაზღვროს პროექტით, პასპორტით ან ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების სქემით. ამასთან, ამფეთქებლის თავშესაფარი უახლოესი პოსტიდან და დანარჩენი პოსტები ხალხის ადგილსამყოფელიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრით.

2. ღია ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოს შესრულებისას, აგრეთვე გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში, ამფეთქებლის თავშესაფრის განლაგება და ხალხის უსაფრთხოების მიზნით დადგენილი უსაფრთხო მანძილები განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 29. ხალხისათვის უსაფრთხო მანძილების (ზონების)  გაანგარიშება

 ხალხისათვის უსაფრთხო მანძილების (ზონების) გაანგარიშება უნდა შეესაბამებოდეს სანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 30. უსაფრთხო მანძილები შენობა-ნაგებობებისათვის, მექანიზმებისათვის,  შემინვისათვის და დეტონაციის გადაცემაზე

1. ფეთქებადი მასალების შეყურსული მუხტის ერთჯერადი აფეთქებისას შენობების, ნაგებობების, მექანიზმებისათვის და შემინვისათვისს ეისმურად უსაფრთხო მანძილად იგულისხმება ის მინიმალური მანძილი, რომელზეც ისინი გრუნტის რყევის გამო არ კარგავენ ნორმალური ფუნქციონირების უნარს (ცალკეულ შენობებსა და ნაგებობებში მცირე დაზიანების გამოვლინების ალბათობა შეადგენს დაახლოებით 0,1-ს).

2. შენობა-ნაგებობებისათვის, მექანიზმებისათვის, შემინვისათვის და დეტონაციის გადაცემაზე სეისმურად უსაფრთხო მანძილი განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

კარი III

საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების საერთო წესები

თავი XI. საერთო წესების ზოგადი დებულებები

მუხლი 31. პერსონალის უსაფრთხოების ღონისძიებები

1. საამფეთქებლო სამუშაოების დაწყებამდე ფეთქებადი ნივთიერებების მტვრითა და შხამიანი პროდუქტებით მოწამვლის, აგრეთვე, ფეთქებადი ნივთიერებების მტვრის აფეთქების თავიდან ასაცილებლად უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ღონისძიებათა კომპლექსი.

2. საამფეთქებლო სამუშაოს უნდა ასრულებდეს ამფეთქებელი, ტექნი­კური ზედამხედველის ხელმძღვანელობით. სამუშაო უნდა სრულდებოდეს წერილობითი განწე­სისა და განწეს-საგზურის საფუძველზე, რომლის მიღება უნდა დაადასტუროს ამფეთ­ქებელმა ხელმოწერით. საამფეთქებლო სამუშაოს ჩატარება ნებადართულია მხოლოდ ისეთ ადგილებში, რომლებიც აკმაყოფილებს რეგლამენტით გათვალის­წინებულ მოთხოვნებს.

3. წერილობითი განწესის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ ფეთქებადი ნივთიერებების განადგურებისა და ავარიული სიტუა­ციების თავიდან ასაცი­ლებელი საამფეთქებლო სამუშაოს ჩატარება.

4. საშიში ზონის ფარგლებში რამდენიმე ამფეთქებლის ერთდროული მუშაობისას ერთ-ერთი მათგანი უნდა დაინიშნოს უფროსად. განკარგულებები მან უნდა გადასცეს წინასწარ დათქმული და ამფეთქებლებისათვის ცნობილი სიგნალებით.

5. სამუშაოს შესრულებისას ამფეთქებელს უნდა ეცვას სპეცტანსაცმელი, ჰქონდეს საწარმოს მიერ გაცემული საათი და საჭირო ხელსაწყოები. რამდენიმე ამფეთქებლის ერთად მუშაობისას საათი შეიძლება ჰქონდეს უფროს ამფეთქებელს.

6. ელექტროდეტონატორებთან მომუშავე ამფეთქებელს უნდა ეცვას ისეთი სპეცტანსაცმელი, რომელიც არ იმუხტება ელექტროსტატიკური მუხტით საშიშ პოტენციალამდე.

მუხლი 32. ტექნიკური დოკუმენტაცია

  1. საამფეთქებლო სამუშაო უნდა წარმოებდეს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (პროექტები, პასპორტები, სქემები) მიხედვით. ამ დოკუმენ­ტებს  ხელმოწერით უნდა გაეცნოს სამუშაოს შემსრულებელი პერსონალი.

2. საჭაბურღილე, კამერული და ქვაბური მუხტების აფეთ­ქებისათვის, მათ შორის, სამშენებლო ობიექტებზე საამფეთქებლო სამუშაოს შესრულე­ბისათვის, შენობა-ნაგებობების აფეთქების მეთოდით დანგრევისათვის, ჭაობებში და წყალქვეშა, ცეცხლმო­დებული მასივების, სეისმურ-სადაზვერვო ჭაბურღილების გასაგანიერებელი აფეთქებისა და სხვა სპეცდანიშნულების საამფეთქებლო სამუშაოებისათვის უნდა შედგეს პროექ­ტები. სხვა სახის საამფეთქებლო სამუშაო შეიძლება შესრულდეს პასპორტების საფუძველზე.

3. ყველა საწარმოში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მასობრივი აფეთქებების წარმოებასთან, უნდა იყოს ბურღვა-აფეთქებით სამუშაოთა  ტიპური პროექტები (საბაზისო დოკუმენ­ტები), რომელთა საფუძველზე კონკრეტული პირობები­სათვის უნდა შედგეს  საამფეთქებლო სამუშაოების პროექტები და პასპორტები.

4. სამშენებლო ობიექტებზე მასობრივი აფეთქებები უნდა ჩატარდეს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პროექტებისა და სამუშაო ნახაზების მიხედვით.

5. ტიპური პროექტები უნდა დამტკიცდეს და მოქმედებაში შევიდეს საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე. თუ საამფეთ­ქებლო სამუშაო სრულდება საიჯარო წესით, ტიპური პროექტი უნდა შეადგინოს და დაამტკიცოს მოიჯარე საწარმომ დამკვეთ  საწარმოსთან ერთად.

6. ბურღვა-აფეთქების სამუშაოთა პროექტებს უნდა ამტკიცებდეს საწარმოს ხელმძღვანელი. პროექტში მოცემული უნდა იყოს: სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების ორგანიზაციული საკითხები, მუხტების ინიცირების მეთოდები, ასაფეთქებელი ქსელის გაანგარიშება, სარტყამი ვაზნებისა და მუხტების კონსტრუქციები, ფეთქებადი მასალების სავარაუდო ხარჯი, უსაფრთხო ზონის დადგენისა და მათი დაცვის წესები, სანგრევების განიავების მეთოდები და კონკრეტულ პირობებში უსაფრთხოების ამაღლები­სათვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხა.

7. თუ უსაფრთხო ზონაში ხვდება სხვა საწარმოს ობიექტი, მის ხელმძღვანელს საამფეთქებლო სამუშაოების დაწყებიდან ერთი დღით ადრე წერილობით უნდა ეცნობოს აფეთქების დრო და ადგილი. 

8. პასპორტებს უნდა ამტკიცებდეს იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც საამფეთქებლო სამუშაოს ასრულებს.

9. პასპორტში მოცემული უნდა იყოს:

ა) შპურების ან გარე მუხტების განლაგების სქემა; ფეთქებადი მასალების დასახელება;

მონაცემები დამუხტვის ხერხის შესახებ; შპურების რიცხვი, მათი სიღრმე, დიამეტრი, მუხტის მასა, სარტყამი ვაზნებისა და მუხტების კონსტრუქცია; აფეთქების თანამიმდევრობა; ერთად ასაფეთქებელი მუხტების რაოდენობა, საცობი მასალის სახეობა და საცობის სიგრძე, ამნთები და საკონტროლო მილაკების სიგრძე, ასაფეთქებელი (ელექტრო­საამფეთქებლო) ქსელის მონტაჟის სქემა, მისი სიგრძე, დაყოვნებების სიდიდე და სანგრევის განიავების ხანგრძლივობა.

ბ)  საშიში ზონის რადიუსი;

გ) მითითებები აფეთქების პროცესში ამფეთქებლებისა და მუშების თავშესაფრების შესახებ;

დ) მითითებები პოსტების, მაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნების განლაგების შესახებ. გარდა ამისა, გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიში შახტებისათვის პასპორტებში მოცემული უნდა იყოს გაზისა და მტვრის აფეთქების თავიდან აცილების მიზნით მოწყობილი სპეციალური საშუალებების რაოდენობა და მათი განლაგების სქემა, აგრეთვე, ასაფეთქებელი სამუშაოების რეჟიმი.

10. ცალკეულ შემთხვევებში, სამთო-გეოლოგიური პირობების შეცვლას­თან დაკავშირებით, საწარმოს ტექნიკური ზედამხედ­ველის ნებართვით უნდა მოხდეს პასპორტით გათვალისწინებული მუხტების მასის ან რაოდენობის შემცირება.

11. ერთეული საშპურე მუხტებით აფეთქებით გვირაბის პროექტით გათვალისწინებულ კონტურამდე დაყვანა, ჭერზე დაკიდებული ქანების მონგრევა, სანგრევების მოსწორება, გვირაბის საგები გვერდის მოსწორება, გადამაგრებისას გვირაბის გაფართოება, აგრეთვე, მტყუნებების სალიკ­ვიდაციო სამუშაოთა შესრულება უნდა მოხდეს სქემების მიხედვით. სქემა უნდა შეადგინოს და ხელმოწერით დაამოწმოს საწარმოს ტექნიკურმა ზედამ­ხედველმა. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში სქემებს უნდა ამტკიცებდეს საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელი. სქემებში ნაჩვენები უნდა იყოს: სანგრევში შპურების განლაგების სქემა, მუხტების მასა და კონსტრუქცია, პოსტების განლაგებისა და ამფეთქებლების თავშესაფრის ადგილები, აგრეთვე, უსაფრთხოების დამატებითი ზომების ნუსხა.  

მუხლი 33. სიგნალიზაცია

1. საამფეთქებლო სამუშაოთა წარმოებისას დღისით უნდა გამოიყენებოდეს ხმოვანი სიგნალი, ხოლო ღამის საათებში – ხმოვან სიგნალთან ერთად მანათობელი სიგნალიზაციაც.

2. შეძახილებით ან ფეთქებადი მასალების გამოყენებით სიგნალების გადაცემა აკრძალულია.

3.  სიგნალების დანიშნულება და რიგითობა შემდეგია:

ა) პირველი სიგნალი _ გამაფრთხილებელი (ერთი გაგრძელებული), უნდა მიეცეს დამუხტვის დაწყების წინ. ამფეთქებელი ქსელის მონტაჟს იწყებს დამუხტვის    დამთავრებისა და მუშების გაყვანის შემდეგ;

ბ) მეორე სიგნალი _ საბრძოლო (ორი გაგრძელებული) _ ამ სიგნალზე ხდება აფეთქება;

გ) მესამე სიგნალი _ გასაყრისი (სამი მოკლე) _ ნიშნავს საამფეთქებლო სამუშაოების     დამთავრებას.

4. სიგნალებს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის დაცვით უნდა აძლევდეს ის ამფეთქებელი (უფროსი ამფეთქებელი), რომელიც უშუალოდ ასრულებს საამფეთქებლო სამუშაოებს, ხოლო მასობრივი აფეთქებების ჩატარებისას – სპეციალურად დანიშნული პირი.

5. სიგნალის სახეობა, დანიშნულება, საამფეთქებლო სამუშა­ოების დაწყებისა და დამთავრების დრო უნდა ეცნობოს საწარმოს ყველა თანამშრომელს, ხოლო ღია სამუშაოების წარმოებისას – ახლო მცხოვრებ მოსახლეობასაც.

მუხლი 34. მომზადება ასაფეთქებლად

1. დასამუხტი სამუშაოების დაწყების წინ საშიში ზონის საზღვარზე უნდა განლაგდეს დაცვისათვის განკუთვნილი პოსტები. ხალხი, რომელიც არ არის უშუალოდ დაკავებული დასამუხტი სამუშაოებით, ტექნიკურმა ზედამხედველმა უნდა გაიყვანოს უსაფრთხო ადგილებზე. აკრძალულია გუშაგებისთვის ისეთი დავალების მიცემა, რაც დაკავშირებული არ არის მათი პირდაპირი მოვალეობის შესრულებასთან. საშიშ ზონაში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საწარმოს ტექნიკური ზედამხედველის და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირებისათვის.

2. მიწისქვეშა სამუშაოებზე დამუხტვის პერიოდში პოსტები შეიძლება შეიცვალოს ზონაში შესვლის ამკრძალავი ნიშნებით.

3. ისეთ გვირაბებში, რომლებშიც აფეთქების შედეგად გამოყოფილი გაზების ნაკადი გადის, პოსტების განლაგება აკრძალულია. ასეთ გვირაბებში უნდა დაიდგას ზონაში შესვლის ამკრძალავი ნიშნები. საამფეთქებლო სამუშაოების დასრულებისა და სანგრევის სრული განიავების შემდეგ ამკრძალავი ნიშნები უნდა მოიხსნას.

4. ღია სამთო სამუშაოებზე, თუ დამუხტვის ოპერაციები ერთ ცვლაზე მეტ ხანს გრძელდება, სამთო-გეოლოგიური პირობებისა და სამუშაოების ორგანიზაციის გათვალისწინებით, აკრძალული ზონის საზღვარი უახლოესი ჭაბურღილიდან დაცილებული უნდა იყოს არანაკლებ 20 მეტრით. ეს ვრცელდება როგორც იმ საფეხურებისათვის, სადაც დამუხტვა მიმდინარეობს, ასევე მის ზედა და ქვედა საფეხურებისთვისაც. მანძილი იანგარიშება უახლოესი ჭაბურღილიდან ჰორიზონტალური მიმართულებით.

5. პროექტით განსაზღვრული საშიში ზონა მოქმედებაში შედის: ელექტროდეტონატორების გამოყენებისას – სარტყამი ვაზნების ჭაბურღილებში ჩაშვების დაწყებისთანავე; სადეტონაციო ზონრის გამოყენებისას – ქსელის მონტაჟის დაწყებისთანავე.

6. მიწისქვეშა გვირაბებისათვის აკრძალული ზონა განისაზ­ღვრება დასამუხტ მანქანებსა და განაპირა ჭაბურღილში მაქსიმალური რაოდენობით მოთავსებული ფეთქებადი ნივთი­ერების შესაძლო აფეთქებისაგან გამოწვეული ჰაერის დარტყმითი ტალღის მოქმედების არის გათვალის­წინებით, მაგრამ არ უნდა იყოს 50 მეტრზე ნაკლები.

7. აკრძალული ზონის საზღვრებზე დამუხტვის დაწყებამდე უნდა განლაგდეს  საზღვრების დასაცავი პოსტები. იმ გვირაბებში, რომლებშიც დამუხტვა წარმოებს,  პოსტები შეიძლება შეიცვალოს ზონაში შესვლის ამკრძალავი ნიშნებით.

8. დაღმავალი შპურებისა და ჭაბურღილების მიმდებარე ტერი­ტორია უნდა გაიწმინდოს ქანების ნამსხვრევებისაგან, ხოლო შპურებიდან და ჭაბურღილებიდან ამოიწმინდოს ნაბურღი ფხვნილი ან სხვა ნაწილაკები.

9. საცობის ღერო უნდა დამზადდეს ისეთი მასალისაგან, რომელიც არ იძლევა ნაპერწკალს. მისი სიგრძე შპურის სიგრძეზე მეტი უნდა იყოს.

10. სარტყამი ვაზნა მოთავსებული უნდა იყოს შპურის პირიდან პირველი, რომელშიც ელექტროდეტონატორი (კაფსულდე­ტონატორი) იდება ისე, რომ მისი ძირი შპურის ძირისაკენ იყოს მიმართული. სარტყამი ვაზნის მოთავსება დასაშვებია შპურის ძირზეც. ასეთ შემთხვევაში ელექტროდეტონატორის (კაფსულდე­ტონატორის) მასრის ძირი მიმართული უნდა იყოს შპურის პირისაკენ. სარტყამი ვაზნების ასეთი განლაგება დასაშვებია გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ უსაფრთხო ნახშირის შახტებში.

11. ცეცხლოვანი აფეთქებებისას უკუინიცირებით აფეთქების მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა უნდა განსაზღვროს საწარმოს ხელმძღვანელმა.

12. შპურში ან ჭაბურღილში ჩაჭედილი სარტყამი ვაზნის ძალით ჩატენვა აკრძალულია. თუ ჩაჭედილი სარტყამი ვაზნის ამოღება შეუძლებელი გახდა, დამუხტვა უნდა შეწყდეს და იგი აფეთქდეს სხვა მუხტებთან ერთად.

13. წაგრძელებული ან განწერტებული მუხტებით ნახშირის მასივების წინასწარ გაფხვიერებისას 5 მეტრზე მეტი სიგრძის შპურებით და ჭაბურღილებით, სადაც ჰიდროსაცობებს იყენებენ, დამატებით ინიციატორად დასაშვებია სადეტონაციო ზონრის ხმარება. მისი სიგრძე შპურის სიგრძეს არ უნდა აღემატებოდეს.

14. შპურში ან ჭაბურღილში სიგრძეზე განწერტებული მუხტების გამოყენებისას თითოეულ ნაწილში უნდა  მოთავსდეს მხოლოდ ერთი სარტყამი ვაზნა. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში, საყელავი შპურების აფეთქება განწერტებული მუხტებით უნდა მოხდეს მხოლოდ ფუჭი ქანის ისეთ სანგრევებში, რომლებშიც საწვავი გაზი არ გამოიყოფა.

15. თუ დამუხტვის დროს რომელიმე შპურში ფეთქებადი ნივთიერება ჩაიფშვნება (ვაზნის გარსაცმის დაზიანების გამო), იგი უნდა დაიმუხტოს ბოლომდე და აფეთქდეს სხვა მუხტებთან ერთად.

16. ასაფეთქებელი მუხტების რაოდენობა დროის იმ მონაკვეთში, რომელიც ეძლევა ამფეთქებელს აფეთქებისათვის, უნდა დადგინდეს ქრონომეტრული დაკვირვებების საფუძველზე და დამტკიცდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.

17. სარტყამ ვაზნაში ჩამაგრებული სადეტონაციო ზონრის, ცეცხლგამტარი ზონრის, ელექტროდეტონატორის მავთულების გამოქაჩვა ამოღების მიზნით აკრძალულია. აკრძალულია შპურიდან გარეთ გამოყვანილი ცეცხლგამტარი და სადეტონაციო ზონრების გადატეხა.

18. შპურები (ჭაბურღილები) დასაცობი მასალით უნდა შეივსოს ფრთხილად. ელექტროდეტონატორები და სადეტონაციო ზონარი  არ უნდა იყოს დაჭიმული. დასაცობ მასალებად ნატეხებიანი მასის ან საწვავი მასალების გამოყენება აკრძალულია.

19. დასაცობი მასალები შპურებში (ჭაბურღილებში) უნდა მოთავსდეს სპეციალური მანქანების გამოყენებით, მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციების (სახელმძღვანელო დოკუმენტების) შესაბამისად.

მუხლი 35. აფეთქება

1. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში მუხტების აფეთქება დაცობის გარეშე აკრძალულია.

2. დაცობის გარეშე მუხტების აფეთქების შესაძლებლობა ღია, აგრეთვე გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ უსაფრთხო შახტებში, ეკოლოგიურად მავნე შედეგების გათვალისწინების საფუძველზე უნდა დაადგინოს საწარმოს ხელმძღვანელმა  და მიუთითოს ტექნიკურ დოკუმენტაციაში (პროექტებში, პასპორტებში).

3. გარე მუხტების აფეთქებისას მუხტები ისე უნდა განლაგდეს, რომ ერთის აფეთქებამ არ გამოიწვიოს მეზობელი მუხტის დარღვევა. თუ ეს შეუძლებელია, ყველა მუხტი უნდა აფეთქდეს ერთდროულად, ელექტროდეტონატორების ან სადეტონაციო ზონრის საშუალებით. გარე მუხტებისა და სადეტონაციო ზონრის დაცობა ხრეშით ან ქანების ნატეხებით აკრძალულია.

4. რამდენიმე ჭაბურღილის ერთდროულად აფეთქება უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრული საშუალებით. თუ ჭაბურღილის სიღრმე 15 მეტრს აღემატება, აუცილებელია ქსელის დუბლირება.

5. დამცავი სამარჯვებით გადაფარებულ მუხტთა ჯგუფის აფეთქების აუცილებლობის შემთხვევაში მუხტები უნდა აფეთქდეს ერთდროულად.

6. ღია სამთო სამუშაოებზე ჭექა-ქუხილის დროს ან ზევიდან ქვევით გვირაბების გაყვანისას ელექტრული აფეთქების მეთოდების გამოყენება აკრძალულია. თუ ელექტროსაამ­ფეთქებლო ქსელი დამონტაჟებული იყო ჭექა-ქუხილის დაწყებამდე და აფეთქება ვერ მოესწრო, საუბნე სადენები უნდა ჩაიხსნას მაგისტრალური სადენებისაგან, მავთულების ბოლოებს გაუკეთ­დეს იზოლაცია და ხალხი გაყვანილ იქნეს უსაფრთხო მანძილებზე ან თავშესაფრებში.

7. აკრძალულია საამფეთქებლო სამუშაოების წარმოება არასაკმარისი განათებისას.

8. შპურისებრი და გარე მუხტებით არაგაბარიტული ლოდების ნაყარებზე დამსხვრევისას დამუხტვა და საამფეთქებლო ქსელის მონტაჟი უნდა შესრულდეს მხოლოდ ზევიდან ქვევით.

9. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ფეთქებადი მასალები ჩარჩენილი “ჭიქებში”, მათი ჩაბურღვა აკრძალულია.

10. შპურების ან ჭაბურღილების აფეთქებით გაგანიერების შემდეგ დამუხტვა უნდა მოხდეს ბოლო აფეთქებიდან, სულ ცოტა,  30 წუთის შემდეგ.

11. კამერული მუხტების აფეთქება უნდა მოხდეს მხოლოდ სადეტონაციო ზონრის ან ელექტროდეტონატორების საშუალებით. ყოველ სამუხტე კამერაში უნდა მოთავსდეს ორი სარტყამი ვაზნა. საამფეთქებლო ან ელექტროსაამფეთქებლო ქსელი დუბლირე­ბული უნდა იყოს ისეთივე მეთოდით, როგორც ძირითადი აფეთქებების დროს. კამერულ მუხტებში სარტყამი ვაზნები მოთავსებული უნდა იყოს მაგარ გარსაცმებში (ყუთებში ან კოლოფებში).

12. გვირაბებში, რომლებშიც განსაზღვრულია კამერული მუხტების აფეთქება, ელექტროგაყვანილობა უნდა მოიხსნას.

13. საამფეთქებლო სამუშაოთა დამთავრების შემდეგ ხალხის დაბრუნება სამუშაო ადგილებზე ტექნიკური ზედამხედველის ნებართვის გარეშე, აკრძალულია. ტექნიკური ზედამხედველი, ნებართვის მიცემამდე ამფეთქებელთან ერთად უნდა დარწმუნდეს, რომ აფეთქების ადგილებზე მუშაობა უსაფრთხოა.

თავი XII. მექანიზებული დამუხტვა

მუხლი 36. საერთო მოთხოვნები მექანიზებული დამუხტვის მიმართ

1. მექანიზებული დამუხტვისას ნებადართულია მხოლოდ ამ მიზნისთვის დაშვებული ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება.

2. მექანიზებული დამუხტვა უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა გვირაბებში ფეთქებადი ნივთიერებების მექანიზებული დამუხტვის ტიპიური ინსტრუქციების შესაბამისად ან დასამუხტი მოწყობილობის ექსპლუატაციის ინსტრუქციებისა და შესაბამისი ფეთქებადი მასალების გამოყენების სახელმძღვანელო დებულებების საფუძველზე.

3. ალუმინ და ტროტილშემცველი ფხვიერი, გრანულირებული ფეთქებადი ნივთიერებების პნევმოდამუხტვისათვის ფეთქებად ნივთიერებებს უნდა დაემატოს ფეთქებადი ნივთი­ერებების გამოყენების სახელმძღვანელო დებულებებსა და დასამუხტი მოწყობილობის ექსპლუატაციის ინსტრუქციებში ნაჩვენები რაოდენობის წყალი, ან სპეციალური მასველებელი ხსნარი.

4. ფხვიერი, გრანულირებული ფეთქებადი ნივთიერებების პნევმატიკური ტრანსპორტირება დასაშვებია ფეთქებადი ნივთიერე­ბების დამატებითი დატენიანების ან დასველების გარეშე. ასეთ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მტვერთან ბრძოლის სხვა ღონისძიებები, რათა გამოირიცხოს მტვრის აფეთქება და ხალხის მოწამვლა.

5. მექანიზებული დამუხტვისათვის გამოყენებული უნდა იყოს, არაუმეტეს 10ომ·მ კუთრი ელექტრული წინაღობის მქონე მასალებისაგან დამზადებული მილსადენები (შლანგები). მილსადენებს (შლანგებს) უნდა ჰქონდეთ განმასხვავებელი ნიშნები. დასამუხტ მილსადენებად შეიძლება გამოყენებული იქნეს 5 მეტრამდე სიგრძის ანტიკოროზიული მასალისგან დამზადებული ლითონის მილები, რომლებიც არ იძლევიან ნაპერწკალს დარტყმისა და ხახუნის დროს. პნევმოდამუხტვის (პნევმოტრანსპორტირების) გამოყენებისას დამმუხ­ტი (სატრანსპორტო) სისტემა დამიწებული უნდა იყოს. აკრძალულია მილსადენების მოღუნვა 0,6 მეტრზე ნაკლები რადიუსით.

6. აკრძალულია ფხვიერი, გრანულირებული ფეთქებადი ნივთიერებების პნევმატიკური ტრანსპორტირება, აგრეთვე, შპურებისა და ჭაბურღილების დამუხტვა, თუ დანადგარის ოპერატორსა და ამფეთქებელს შორის მანძილი 20 მეტრს აღემატება, ან თუ ისინი ვერ ხედავენ ერთმანეთს და მათ შორის ორმხრივი კავშირი დარღვეულია. პნევმოტრანსპორტირების ან პნევმოდამუხტვის პროცესში გამოყენებული უნდა იყოს წინასწარ დათქმული ბრძანებები.

7. გაბნეული და მტვერდამჭერებში შეკავებული ფეთქებადი ნივთიერებები უნდა შეგროვდეს და განადგურდეს.

8. არადამცავი ელექტროდეტონატორებით აფეთქებისას ისინი ვაზნაში (სარტყამ ვაზნაში) უნდა მოთავსდეს მექანიზებული დამუხტვის დამთავრებისა და დასამუხტი მოწყობილობის სანგრევიდან გატანის შემდეგ. სტატიკური ელექტრობის მუხტებისაგან საკმარისად დაცული ელექტროდეტონატორების გამოყენებისას სარტყამი ვაზნა შეიძლება მოთავსდეს ჭაბურღილის (შპურის) ძირზე. მექანიზებული დამუხტვის დაწყებამდე სარტყამი ვაზნის შემდეგ (მისი დაცვის მიზნით) ჭაბურღილში (შპურში) ხელით უნდა ჩაიდოს არანაკლებ ერთი ვაზნისა.

9. დამუხტვის დამთავრების შემდეგ აუცილებელია დასამუხტი მოწყობილობისა და მილსადენების გაწმენდა მათში ჩარჩენილი ფეთქებადი ნივთიერებებისაგან.

10. ავტომანქანების ძარაზე დამონტაჟებული დასამუხტი მოწყობილობის ბაზა უნდა პასუხობდეს რეგლამენტის მოთხოვნებს.

11. სამუხტავი მოწყობილობის, გადამზიდ-სამუხტავი მანქანების, სამუხტავებისა და მექანიზებული დამუხტვისათვის გამოყენებული სხვა საშუალებების რემონტი უნდა წარმოებდეს მხოლოდ ამ მიზნებისათვის მოწყობილ სათავსებში (სამთო გვირაბებში).

თავი XIII. მასობრივი აფეთქებების წარმოება

მუხლი 37. ზოგადი მოთხოვნები მასობრივი აფეთქებების  წარმოებისას

1. პირები, რომლებიც მონაწილეობენ მასობრივი აფეთქებების მომზადებაში, მიწისქვეშა გვირაბებში ყოფნის პერიოდში უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ მაიზოლირებელი თვითმაშ­ველებით.

2. მასობრივი აფეთქებების მომზადებისას საშიში ზონები, ხალხის ადგილსამყოფელი და ფეთქებადი ნივთიერებების შესა­ნახი ადგილები უნდა განისაზღვროს პროექტით.

მუხლი 38. მასობრივი აფეთქებები  შახტის (მაღაროს) გვირაბებში

1. მასობრივი აფეთქებების პროექტში ცალკე მუხლად  უნდა იყოს მოცემული უსაფრთხოების ღონისძიებები (მათ შორის, იმ გვირაბების განიავება, სადაც მოსალოდნელია აფეთქების მავნე გაზების მოხვედრა) და საშიშ ზონებში ხალხის შეყვანის წესი.

2. შახტში (მაღაროში) აფეთქების წინ ვენტილაციაზე ზედამხედველმა, სამთო მაშველთან ერთად უნდა შეამოწმოს განიავების საიმედოობა მიღებული სქემის მიხედვით.

3. სამთო მაშველის და შახტის (მაღაროს) ხელმძღვანელებმა, ერთად უნდა შეადგინონ ელექტრომოწყობილობის, წყალ­ამო­საღვრელი, სავენტილაციო დანადგარებისა და სხვა ობიექტების აფეთქების შემდეგ სამთო მაშველის ძალებით მომსახურების გეგმა.

4. შახტის (მაღაროს) მთავარი ვენტილატორის შენობაში მიწის ზედაპირზე მასობრივი აფეთქების შემდეგ, განიავების პერიოდში იდგმება სამთო მაშველის პოსტი. პოსტის უნდა განახორციელოს ვენტილატორის შეწოვაზე მუშაობისას დიფუზორში აფეთქების მომწამლავი პროდუქტების შემცველობის კონტროლი და ვენტილატორის მომსახურება შენობაში გაზის გაჟონვის შემთხვევაში. ვენტილა­ტორის დაწნეხაზე მუშაობისას კონტროლი უნდა განხორციელდეს ამომავალ ჭავლზე.

5. შახტში (მაღაროში) მასობრივი აფეთქების შემდეგ სამთო მაშველის ჩაშვება ნებადართულია 1 საათის შემდეგ, ხოლო აფეთქების ადგილთან ახლომდებარე გვირაბებში - 2 საათის შემდეგ. მასობრივი აფეთქებებით ჭერისულების ან მთელანების მონგრევისას სამთო მაშველი შახტში (მაღაროში) უნდა ჩავიდეს აფეთქებიდან 2 საათის შემდეგ, ხოლო აფეთქების ადგილთან ახლომდებარე გვირაბებში - 4 საათის შემდეგ.

6. შახტის (მაღაროს) მუშაკები მიწისქვეშა გვირაბებში (გარდა აფეთქების რაიონებისა) დაიშვებიან სამთო მაშველის ნებართვით, გვირაბების მდგომარეობის შემოწმებისა და შახტის (მაღაროს) ატმოსფეროს სრული განიავების შემდეგ, მაგრამ სულ ცოტა, 8 საათის შემდეგ.

მუხლი 39. მასობრივი აფეთქება ღია სამთო სამუშაოებზე

1. კარიერზე მასობრივი აფეთქების დაპროექტებისას პროექტში ცალკე მუხლად უნდა იყოს აფეთქების რაიონსა და სხვა საშიშ გვირაბებში ხალხის დაშვების წესი.

2. მასობრივი აფეთქებისას უნდა მოეწყოს სპეციალური პოსტები, რომლებიც გააკონტროლებენ კარიერზე აფეთქების მომწამლავი პროდუქტების შემადგენლობას. პოსტების რაოდენობა უნდა განისაზღვროს კარიერის ხელმძღვანელის მიერ.

3. სპეციალურმა პოსტებმა უნდა გააკონტროლონ ჰაერის დაგაზიანება და საფეხურების მდგომარეობა.

4. საშიშ ზონებში  სპეციალური პოსტების წარმომადგენლები დაიშვებიან აფეთქებიდან 15 წუთის შემდეგ.

5. სხვა ხალხი საფეხურებზე დაიშვება კარიერის ხელმძღვანელის ან მის მიერ დანიშნული პირის ნებართვით, აფეთქების მომწამლავი პროდუქტების ნორმამდე შემცირების, მტვრის ღრუბლის გაბნევისა და ხილვადობის სრულად აღდგენის შემდეგ, მაგრამ აფეთქებიდან სულ ცოტა, 30 წუთისა.

თავი XIV. ნამტყუნები მუხტების ლიკვიდაცია

მუხლი 40. ზოგადი მოთხოვნები ნამტყუნები მუხტების ლიკვიდაციისას

1. ტექნიკური მიზეზით (ასაფეთქებელი ქსელის დაზიანება და სხვ.) მუხტის აუფეთქებლობის ყველა შემთხვევა უნდა ჩაითვალოს მტყუნებად.

2. მტყუნების აღმოჩენის შემდეგ მიწის ზედაპირზე მუშაო­ბისას ამფეთქებელმა აუფეთქებელ მუხტთან უნდა დადგას განმასხვავებელი ნიშანი, მიწისქვეშა გვირაბებში -  სანგრევში შესვლის ამკრძალავი ნიშანი და შეატყობინოს ტექნიკურ ზედამ­ხედველს.

3.მტყუნებების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, მათ შორის, მიწის ზედაპირზეც, უნდა ხელმძღვანელობდეს ტექნიკური ზედამხედველი მის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის საფუძველზე.

4. მტყუნების ადგილებში აკრძალულია ისეთი სამუშაოების წარმოება, რომელიც არაა დაკავშირებული  მტყუნების ლიკვიდა­ციასთან. ნახშირის შახტებში მტყუნების ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყებამდე მონგრეული ნახშირი გატანილი უნდა იქნეს სანგრევიდან.

5. ნამტყუნებ მუხტში აღმოჩენილი ელექტროდეტონატორის სადენები მოკლედ უნდა შეირთოს.

6. ნამტყუნები მუხტის სალიკვიდაციოდ განკუთვნილი მუხტის აფეთქების შემდეგ აუცილებელია გულდასმით გაისინჯოს აფეთქებული მასა და შეგროვდეს აუფეთქებელი ფეთქებადი მასალა, რის შემდეგაც უნდა მოხდეს მუშების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება ტექნიკური ზედამხედველის მიერ განსაზღვრული სიფრთხილის ზომების დაცვით. ლიკვიდაციის შემდეგ აღმოჩენილი ფეთქებადი მასალა უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.

7. თუ ნამტყუნები მუხტის სალიკვიდაციო სამუშაოები ვერ დამთავრდა მოცემულ ცვლაში, ისინი შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო ცვლაში, რაც უნდა დაფიქსირდეს განწეს-საგზურში, ხოლო მუშების დაშვება სამუშაო ადგილებზე უნდა მოხდეს იმ ტექნიკური ზედამხედველის ნებართვით, რომლის ცვლაშიც მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები.

8. მასობრივი აფეთქებისას ნამტყუნები მუხტის ლიკვიდაციის სამუშაოები უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტებით.

9. ნამტყუნები გარე მუხტის ლიკვიდაციისათვის მას უნდა დაედოს ახალი მუხტი და აფეთქდეს ჩვეულებრივი წესით.

მუხლი 41. საშპურე მუხტების ლიკვიდაცია

1. ნამტყუნები საშპურე მუხტების ლიკვიდაცია უნდა შესრულდეს მათგან არანაკლებ 30 სმ მანძილზე პარალელურად გაბურღულ დამხმარე შპურებში მოთავსებული მუხტის აფეთქებით. დამხმარე შპურების რაოდენობა, მათი განლაგების ადგილები და მიმართულება უნდა განსაზღვროს ტექნიკურმა ზედამხედველმა. ასეთი შპურების მიმართულების დასადგენად ნებადართულია ნამტყუნები შპურის პირიდან 20 სმ სიგრძეზე საცობის ამოღება.

 2. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ უსაფრთხო შახტებში ამფეთქებელს უფლება აქვს ნამტყუნები შპურიდან გამოსული ელექტროდეტონატორის სადენებთან ხელსაწყოს ჩართვით, უსაფრთხო ადგილიდან შეამოწმოს ელექტროდეტონატორის ხიდის გამტარობა და მისი გამართულობის შემთხვევაში ააფეთქოს ნამტყუნები მუხტი დადგენილი წესით. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში მტყუნებების ლიკვიდაციის ასეთი მეთოდის გამოყენება დასაშვებია, თუ ნამტყუნები მუხტი არ არის გაშიშვლებული, არ არის შემცირებული მისი უმცირესი წინაღობის ხაზი და დაცულია რეგლამენტის სხვა მოთხოვნები.

3. სანგრევებში, რომლებშიც გამოიყენება ჰიდრომონიტორები, მტყუნებების ლიკვიდაცია წყლის ჭავლის გამოყენებით ნებადართულია მხოლოდ ამფეთქებლისა და ტექნიკური ზედამხედველის ხელმძღვანელობით. მტყუ­ნების ლიკვიდაციის მომენტში სანგრევში ხალხი არ უნდა იყოს. ჰიდრომონიტორი უნდა ჩაირთოს დისტანციურად. ამასთან მიღებული უნდა იყოს ზომები ჩამორეცხილი დამრტყმელი ვაზნიდან ელექტროდეტონატორის ამოსაღებად.

4. ლითონების ან ლითონის კონსტრუქციების დამსხვრევისას ნამტყუნები შპურისებრი მუხტის ლიკვიდაციისათვის შპურიდან ამოღებულ უნდა იქნეს საცობი, შიგ მოთავსდეს ახალი დამრტყმელი ვაზნა და აფეთქდეს ჩვეულებრივად.

მუხლი 42. საჭაბურღილე და სახელოს მუხტების ლიკვიდაცია

1. ნამტყუნები საჭაბურღილე მუხტების ლიკვიდაცია უნდა განხორცი­ელდეს:

ა) ნამტყუნები მუხტის აფეთქებით, თუ მტყუნება გამოწვეული იყო გარე ქსელის დაზიანებით. თუ დადგინდა, რომ ნამტყუნები ჭაბურღილის აფეთქება გამოიწვევს      სამთო მასის ნატეხების საშიშ გამოტყორცნას ან ჰაერის დარტყმითი ტალღის მავნე  ზემოქმედებას, მისი აფეთქება აკრძალულია;

ბ) ნამტყუნები ჭაბურღილის ადგილიდან მონგრეული ქანების მოშორებით და მისგან  აუფეთქებელი მუხტის ხელით ამოღებით;

გ) ამონიუმისგვარჯილიანი ფეთქებადი ნივთიერებების სადეტო­ნაციო ზონრით     აფეთქებისას, თუ მათ შემადგენლობაში არ შედის დენთები, ჰეგსოგენი და  ნიტროეთერები, ნამტყუნები ჭაბურღილის ადგილიდან მონგრეული ქანები შეიძლება აიწმინდოს ექსკავატორის საშუალებით იმ პირობით, რომ მისი ჩამჩა არ  შეეხება ფეთქებადი ნივთიერებების მასას;

დ) თუ ქანების აწმენდა შეუძლებელია, ჭაბურღილი უნდა გაიხსნას საშპურე მუხტების    აფეთქებით. შპურები უნდა გაიბურღოს ნამტყუნები ჭაბურღილის კედლიდან     არაუახლოეს 1 მეტრისა. ამ შემთხვევაში შპურების რაოდენობა და მიმართულება, სიღრმე და მუხტის მასა უნდა დადგინდეს პროექტით ან საწარმოს საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ;

ე) ნამტყუნები ჭაბურღილის კედლიდან არანაკლებ 3 მეტრი მანძილის დაშორებით,     პარალელურად გაბურღილი ჭაბურღილის აფეთქებით;

ვ) ჭაბურღილიდან მუხტის გამორეცხვით, როდესაც შეთავსებადობის D ჯგუფის     ფეთქებადი ნივთიერებების (გარდა კვამლიანი დენთებისა) აფეთქება წარმოებს     სადეტონაციო ზონრით;

ზ) საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, თუ     ჩამოთვლილი ხერხებით მტყუნების ლიკვიდაცია შეუძლებელია.

2. გასაგანიერებელი (საამფეთქებლო) აპარატის მტყუნების შემთხვევაში მისი ამოღების შემდეგ სადენები უნდა ჩაიხსნას საამფეთქებლო მაგისტრალიდან და მათი ბოლოები მოკლედ შეირთოს.

3. ჭაბურღილიდან ამოღებული გასაგანიერებელი (საამფეთ­ქებლო) აპარატი უნდა გასინჯოს ამფეთქებელმა. ამ დროს აუცილებელია აპარატიდან ინიციატორის ამოღება და მისი მავთულების მოკლედ შერთვა.

4. სეისმოდაზვერვით ჭაბურღილებში (შპურებში) ნამტყუნები მუხტების ლიკვიდაციისათვის მუხტი ამოღებულ უნდა იქნეს ჭაბურღილიდან. მტყუნების მიზეზის დადგენისა და აღმოფხვრის შემდეგ იგი უნდა ჩაეშვას ჭაბურღილში საჭირო სიღრმეზე. თუ ნამტყუნები მუხტის ამოღება შეუძლებელია, იგი უნდა აფეთქდეს დამატებითი მუხტის საშუალებით. სხვა შემთხვევებში ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს სპეციალური პროექტის მიხედვით.

5. სახელოებში ნამტყუნები მუხტების ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს დამხმარე სახელოში მუხტის აფეთქებით, რომელიც გაყვანილი უნდა იქნეს ნამტყუნები მუხტიდან არანაკლებ მისი სიგრძის ⅓ მანძილზე.

მუხლი 43. კამერული მუხტების ლიკვიდაცია

1. ნამტყუნები კამერული მუხტების ლიკვიდაცია (თუ უმცირესი წინაღობის ხაზი არ არის შემცირებული) უნდა განხორცი­ელდეს კამერიდან საცობის გამოღებით, ახალი დამრტყმელი ვაზნის მოთავსებით და მისი ჩვეულებრივი წესით აფეთქებით.

2. ნამტყუნები მუხტის ლიკვიდაცია აფეთქებით აკრძალულია, თუ უმცირესი წინაღობის ხაზის შემოწმებით დადგინდა, რომ აფეთქებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნამსხვრევების საშიში გამოტყორცნა ან ჰაერის დატყმითი ტალღის მავნე ზემოქმედება.

3. თუ ნამტყუნები კამერული მუხტის ლიკვიდაციისათვის საჭირო გახდა დამატებითი გვირაბის გაყვანა, იგი უნდა განხორ­ციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით.

მუხლი 44. მუხტების ლიკვიდაცია განსაკუთრებულ შემთხვევებში

1. ყინულიან ან წყალქვეშა აფეთქებებისას ნამტყუნები მუხტის ამოღება დასაშვებია ბოლო აფეთქებიდან 15 წუთის შემდეგ. ნამტყუნები მუხტის ლიკვიდაციისათვის მას უნდა მიებას ახალი მუხტი, რომლის მასა ნამტყუნები მუხტის მასის არანაკლებ 25 პროცენტია. ნამტყუნები მუხტის განმუხტვა აკრძალულია.

2. ცეცხლმოდებული მასივების აფეთქებისას, თუ ტემპერა­ტურა 800 C-ს აღემატება, ნამტყუნებ მუხტთან მისვლა უნდა მოხდეს მუხტების ინიცირებიდან მხოლოდ 1 საათის შემდეგ (თუ ამ პერიოდში არ შეიმჩნევა ამონიუმის გვარჯილის დაშლა), ხოლო 800 C-ზე ნაკლები ტემპერატურის შემთხვევაში - 15 წუთის შემდეგ.

3. კუნძების ამოძირკვისათვის საჭირო აფეთქებების შემთხვევაში ნამტყუნები მუხტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს მისგან საცობის მოშორებით, ახალი მუხტის დადებით და აფეთქებით.

კარი IV

დამატებითი მოთხოვნები საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას მიწისქვეშა გვირაბებში

თავი XV. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები

მუხლი 45. აფეთქება ფეთქებადი მასალების შესანახ ადგილებთან და შეხორვილ (გადატვირთულ) გვირაბებში

1. აკრძალულია საამფეთქებლო სამუშაოთა წარმოება ფეთქებადი ნივთიერებების საწყობიდან, საუბნო პუნქტებიდან და ფეთქებადი ნივთიერებების გასაცემი კამერებიდან 30 მეტრზე ახლოს. ასევე, თუ ფეთქებადი ნივთიერებების ზემოთ აღნიშნული შესანახი ადგილებიდან ხალხი 100 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაცილებული.

2. აკრძალულია საამფეთქებლო სამუშაოების წარმოება, თუ დამუხტული სანგრევიდან 20 მეტრზე ახლოს გვირაბის განივკვეთის ფართობის  ⅓  -ზე მეტი ჩახერგილია მონგრეული სამთო მასით, ვაგონეტებით ან სხვა საგნებით.

მუხლი 46. შემხვედრი სანგრევები და გამკვეთები

1. შემხვედრსანგრევებიანი და გამკვეთი გვირაბების გაყვანისას საამფეთქებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებსა და მაღაროებში, როცა მთელანის სისქე 3 მეტრს მიაღწევს, შემხვედრ გვირაბებში ყოველი აფეთქების წინ უნდა გაიზომოს გამოყოფილი გაზის შემცველობა და მიღებულ იქნეს საჭირო ზომები სანგრევის განიავებისათვის.

მუხლი 47. პარალელური გვირაბების გაყვანა

ნახშირის  ფენებში პარალელური გვირაბების გაყვანისას, თუ მათ შორის მანძილი 15 მეტრზე ნაკლებია და ერთ-ერთ მათგანში ტარდება საამფეთქებლო სამუშაოები, მეორიდან ხალხი უნდა გავიდეს უსაფრთხო მანძილებზე და დაიდგას ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პასპორტით გათვალისწინებული, დაცვისათვის განკუთვნილი პოსტები.

მუხლი 48. წმენდითი სანგრევები

1. საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას ციცაბოდახ­რილი ნახშირის ფენის ლავაში უნდა მოეწყოს მონგრეული ნახშირისათვის საჭირო საკმარისი ზომის საწყობი და ხალხის თავისუფლად გასასვლელები. ლავას უნდა მიეწოდოს ინტენსიური განიავებისათვის საჭირო რაოდენობის ჰაერი.

2. ნახშირის ფენის შრეობრივი მეთოდით დამუშავებისას აკრძალულია წმენდით სანგრევებში ხალხის ყოფნა, როცა ერთ-ერთ სანგრევში წარმოებს საამფეთქებლო სამუშაოები.

3. ლავებში, კამერებსა და ლავისზედა ნიშებში, აგრეთვე, ციცაბოდ დახრილ და დახრილ ნახშირის ფენებში გამავალ სავენტილაციო შტრეკებში საამფეთქებლო სამუშაოების წარმო­ებისას დასაშვებია ამფეთქებელი იმყოფებოდეს ჰაერის სუფთა ნაკადზე. ასეთ პირობებში მკაცრად უნდა იყოს დაცული რეგლამენტსა და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პასპორტში მითითებული შხამიანი გაზებით ხალხის მოწამვლის თავიდან აცილების ღონისძიებები.

მუხლი 49. ცეცხლოვანი და ელექტროცეცხლოვანი აფეთქება

1. აკრძალულია გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ ნახშირის შახტებსა და მაღაროებში ცეცხლოვანი და ელექტროცეცხლოვანი მუხტების აფეთქება.

2. აკრძალულია ცეცხლოვანი აფეთქების გამოყენება ვერტიკალურ და 300-ზე მეტად დახრილ გვირაბებში და ისეთ სანგრევებში, საიდანაც ამფეთქებლის გამოსვლა გაძნელებულია.

3. ცეცხლოვანი აფეთქებისას ზონრების მოკიდებას უნდა აწარმოებდეს ერთი ამფეთქებელი. თუ გვირაბის სიგანე 5 მეტრზე მეტია, დასაშვებია ორი ამფეთქებლის ერთდროული მუშაობა.

4. ერთ ჯერზე 16-ზე მეტი მუხტის აფეთქება უნდა განხორციელდეს საწარმოს მიერ შედგენილი და დამტკიცებული პასპორტით. ამნთები ვაზნების გამოყენებისას დასაშვებია ერთ ჯერზე არაუმეტეს 10 მუხტის მოკიდება. 16-ზე მეტი მუხტის აფეთქება დასაშვებია მხოლოდ სადეტონაციო ზონრით, ელექტროდე­ტონატორებით ან ელექტროცეცხლოვანი ხერხებით მუხტების აფეთქებისას.

5. ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია მუხტების შერეული (სადეტონაციო ზონრითა და ამნთები ვაზნით) ხერხებით აფეთქება. ასეთ შემთხვევებში მოკიდებათა რიცხვი 16-ს არ უნდა აღემატებოდეს, აქედან, არაუმეტეს 6 მოკიდებისა - ერთ სანგრევზე.

6. ცეცხლოვანი ხერხით მუხტების აფეთქებისას 50 მეტრზე მეტი სიგრძის ლავებში, სადაც წმენდითი სივრცის სიმაღლე 1,8 მეტრზე მეტია, ჭერი და საგები გვერდი მდგრადია, ხოლო ფენის დახრის კუთხე 200-ზე ნაკლები,  ასაფეთქებელი მუხტების რაოდენობა არ იზღუდება. ასეთ პირობებში ამფეთქებელი მოკიდებისას უნდა იმყოფებოდეს ჰაერის სუფთა ნაკადზე, ასაფეთქებელი მუხტიდან 30 მეტრის დაშორებით.

თავი XVI. ჭაურების (შურფების) გაყვანა და ჩაღრმავება

მუხლი 50. აფეთქება და შპურების განლაგება

1. ჭაურების გაყვანისას ან მათი ჩაღრმავებისას, მუხტების აფეთქება უნდა განხორციელდეს მიწის ზედაპირიდან ან მოქმედი ჰორიზონტიდან. ორივე შემთხვევაში ამფეთქებელი უნდა იმყოფებოდეს ჰაერის სუფთა ნაკადზე. ცეცხლოვანი აფეთქება აკრძალულია.

2. აფეთქებისა და ქანის აწმენდის შემდეგ ახალი შპურები უნდა გაიბურღოს წინა ცვლაში აფეთქებულ შპურებს შორის ისე, რომ მათი განლაგების (პასპორტის მიხედვით) სქემა არ დაირღვეს.

მუხლი 51. დამრტყმელი ვაზნების ჩაშვება-აწევა

1. გასახსნელძირიანი ბადიებით დამრტყმელი ვაზნების ჩატანა-ამოტანა აკრძალულია. ამ სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ საყირაო ბადიებით.

2. ბადიების სიჩქარე, თუ ისინი მიმმართველების გარეშე მოძრაობენ, არ უნდა აღემატებოდეს 1 მ/წმ-ს, მიმმართველებში მოძრაობისას - 2 მ/წმ-ს.

3. აკრძალულია დამრტყმელი ვაზნების და ფეთქებადი ნივთიერებების ერთად ჩაშვება.  

4. ჭაურში დამრტყმელი ვაზნების ან ფეთქებადი ნივთიერებების ჩაშვების დროს სანგრევში უნდა იმყოფებოდნენ ტუმბოს მემანქანე და ის პირები, რომლებიც საამფეთქებლო სამუშაოებით არიან დაკავებული.

5. სამუშაო თაროზე ან დამჭიმ ჩარჩოზე ნებადართულია იმყოფებოდეს მხოლოდ ბადიების გამცილებელი. აკრძალულია თაროებზე შპურების დამუხტვის პერიოდში სხვა სამუშაოების შესრულება.

მუხლი 52. ელექტროსაამფეთქებლო ქსელი

1. წყლიან სანგრევებში ელექტროსაამფეთქებლო ქსელის მონტაჟი უნდა განხორციელდეს საანტენო სადენების დახმარებით, რომლის საყრდენები უნდა დამაგრდეს წყლის დონეზე მაღლა.

2. მაგისტრალურ სადენებად გამოიყენებულ უნდა იქნეს ტენშეუღწევადგარ­საცმიანი მოქნილი კაბელი, რომელიც არ უნდა დაეშვას საგამყვანო თაროს ქვემოთ.

3. საამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დაწყებამდე ჭაურიდან გაყვანილი უნდა იქნეს ყველა მომუშავე (სიგნალიზაციაზე პასუხისმგებელ და საგამყვანო თაროს მომსახურე პერსონალის გარდა).

4. მაგისტრალურ კაბელთან მანაწილებელი სადენების შეერთების უფლება აქვს მხოლოდ იმ ამფეთქებელს, რომელსაც გამოწერილი აქვს აღნიშნული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო განწეს-საგზური.

5. საამფეთქებლო ქსელის მონტაჟისა და ხალხის ზედაპირზე ამოყვანის შემდეგ ჭაურში უნდა გაიხსნას ყველა საშახტე სარქველი.

თავი XVII. გვირაბების მშენებლობა

მუხლი 53. დამატებითი მოთხოვნები გვირაბების მშენებლობისას

1. მიწისქვეშ და მიწის ზედაპირზე არსებული ნაგებობების სიახლოვეს საამფეთქებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს პროექტის მიხედვით. პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს იმ ორგანიზაციასთან, რომელსაც ეკუთვნის აღნიშნული ნაგებობები.  

2. ქალაქის პირობებში ჭაურების გაყვანისას და წყლის დიდი რაოდენობით მოდინების შემთხვევაში დამრტყმელი ვაზნები უნდა დამზადდეს სანგრევთან მიმდებარე ან სპეციალურად მოწყობილ თაროებზე.

3. 2 მეტრზე მეტ სიმაღლეზე შპურების დამუხტვა და საამფეთქებლო ქსელის მონტაჟი უნდა განხორციელდეს მხოლოდ სანგრევთან მდებარე თაროდან  ან გვირაბის გამყვანი ფარის მოედნებიდან.

4. ელექტროაფეთქების ხერხით გვირაბების გაყვანისას, დამუხტვის დაწყებამდე გამყვანი დანადგარებიდან ძაბვა უნდა მოიხსნას. აკრძალულია გვირაბების გამყვანი ფარების მოედნებზე დამრტყმელი ვაზნების დამზადება.

5. აკრძალულია აღმავალი გვირაბებიდან ზედა შტოლ­ნების გაყვანისას მოპირდაპირე სანგრევებში საამფეთქებლო სამუშაოების ერთდროულად წარმოება.

6. დამუხტვა უნდა აწარმოოს  ამფეთქებელმა ტექნიკური ზედამ­ხედველის თანდასწრებით.

7. გამყვანი ფარებით გვირაბების გაყვანისას, ერთეული შპურების დამუხტვა და ცეცხლოვანი ხერხით ერთდროული აფეთქება დასაშვებია  არაუმეტეს ორ მიმდებარე იარუსზე. ერთ ჰორიზონტალურ იარუსზე ერთდროულად დასაშვებია აფეთქდეს 10 შპურისებრი მუხტი. ორ ჰორიზონტალურ იარუსზე მათი რაოდენობა 8-ს არ უნდა აღემატებოდეს.

თავი XVIII. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიში

ქვანახშირის შახტები

მუხლი 54. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები გაზისა და მტვრის

აფეთქების მხრივ საშიში  ქვანახშირის შახტებისათვის

1. საამფეთქებლო სამუშაოების ჩატარებისას, შპურების დამუხტვის წინ, მათი აფეთქებისა და სანგრევის დათვალი­ერებისას ამფეთქებელი ვალდებულია სანგრევთან გაზომოს მეთანის კონცენტრაცია.

2. აკრძალულია საამფეთ­ქებლო სამუშა­ოების წარმოება, თუ მეთანის შემცველობა სანგრევებთან და მის მიმდებარე გვირაბებში 20 მეტრის მანძილზე, აგრეთვე, ამფეთქებლის საფარში 1 % ან უფრო მეტია. ამფეთქებლის საფარში მეთანის კონცენტრაცია უნდა გაიზომოს ელექტროსაამფეთქ­ებლო ქსელის საამფეთქებლო ხელსაწყოსთან ყოველი ჩართვის წინ.

 3. საამფეთქებლო სამუშაოების შესრულება დასაშვებია მხოლოდ:

ა) გვირაბების სანგრევებში, რომლებშიც განუწყვეტლივ და მყარად მიეწოდება განიავებისათვის საჭირო ჰაერის ნაკადი;

ბ) ელექტროდეტონატორების გამოყენებით, ამასთან გვირა­ბებში მეთანის გაზრდილი     რაოდენობით გამოყოფისას, გამოყენებული უნდა იქნეს ნაპერწკალუსაფრთხო      საამფეთქებლო ხელსაწყო;

გ) როდესაც სპეცდანიშნულების სამუშაოებს (რყევითი, არაგაბარიტული ლოდების     დამსხვრევა, ჭერის აფეთქებით დასმა, მტყუნების ლიკვიდაცია და სხვ.) ამფეთქებელი ასრულებს მოცემულ ცვლაში ასაფეთქებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელი ტექზედამ­ხედველის თანდასწრებით.

მუხლი 55. ფეთქებადი მასალების შერჩევა და გაცემა

1. ფეთქებადი მასალები უნდა შეირჩეს სანგრევში (გვირაბში) მუშაობის საფრთხის დონის, აფეთქების პირობებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით. შერჩეული ფეთქებადი მასალების ნუსხა დამოწმებულ უნდა იქნეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.

2. გამოყენების მიხედვით სხვადასხვა კლასის არამცველი ფეთქებადი ნივთიერებები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. აკრძალულია ამფეთქებელზე სხვადასხვა სანგრე­ვისათვის, სხვადასხვა კლასის ფეთქებადი ნივთიერებებისა და სხვადასხვა დაყოვნების ელექტროდეტონატორების ერთდროულად გაცემა.

4. თუ ქანების მონგრევისათვის გამოიყენება არადამცავი ფეთ­­ქე­­ბადი ნივთიერებები, ამფეთქებელს ერთი სანგრევისათვის შეიძლება მიეცეს სხვადასხვა მუშაობის უნარის მქონე დამცავი და არადამცავი ფეთქებადი ნივთიერება. ასეთ შემთხვევაში, მან დაბალი მუშაობის უნარის მქონე ფეთქებადი ნივთიერება უნდა  გამოიყენოს მხოლოდ კონტურული შპურების დასამუხტად.

მუხლი 56. სანგრევები და გვირაბები

1. ნახშირის ან შერეულ ფენებში ყრუ სანგრევებით (თუ მათი სიგრძე 100 მეტრს აღემატება) გვირაბების გაყვანის დროს, მაგისტრალური სადენები მუდმივად უნდა  იყოს გაჭიმული სანგრევიდან ამფეთქებლის თავშესაფ­რამდე.

2. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ (უეცარი გამოტყორცნების მხრივ საშიში ფენების გარდა) ფენებში, გვირაბების წმენდითი სანგრევები შეიძლება დაიყოს უბნებად. თითოეულ უბანში დამუხტვა და აფეთქება უნდა განხორციელდეს წინამდებარე უბანში საამფეთქებლო სამუშაოების დამთავრების, მონგრეული ნახშირის აწმენდის, გვირაბის გამაგრებისა და გაზის და ნახშირის მტვრის აფეთქების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შემდეგ.

3. ნახშირისა და ფუჭ ქანებში სხვა გვირაბიდან მოსამზადებელი გამკვეთების გაყვანისას, როდესაც გამკვეთის სანგრევი შეუღლების ადგილს 5 მეტრით მიუახლოვდება, სხვადასხვა დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, შპურების სიღრმე და მუხტების მასა უნდა შემცირდეს.

4. მოსამზადებელი გვირაბების ფუჭი ქანისა და შერეულ სანგრევებში, რომლებშიც ხდება საწვავი გაზების გამოყოფა, გამოიყენება მხოლოდ მყისი და მცირედ დაყოვნებული მოქმედების ეელქტროდეტონატორები. დაყოვნების ჯამური სიდიდე 320 მწმ.-ს არ უნდა აღემატებოდეს. დასაშვებია მუხტების კომპლექტების ცალ-ცალკე აფეთქება. ერთ სანგრევში ასაფეთქებელი კომპლექტების რიცხვი 3-ს არ უნდა აღემატებოდეს. ყოველი შემდეგი კომპლექტის დამუხტვა და აფეთქება უნდა განხორციელდეს წინა აფეთქების შედეგად მონგრეული ქანის აწმენდის და სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების გახორციელების შემდეგ.

5. ფუჭი ქანის სანგრევებში, როდესაც არ ხდება მეთანის გამოყოფა, დასაშვებია მყისი, მცირედ დაყოვნებული და დაყოვნებული მოქმედების ელექტროდეტონატორების გამოყენება. დაყოვნების დრო 2 წმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

6. სანგრევებში, რომლებშიც ხდება გაზის ან ნახშირის მტვრის გამოყოფა (გარდა საყორე შტრეკების ზედა გამონგრევით გაყვანისას), გამოიყენება მცირედ დაყოვნებული მოქმედების ელექტროდეტონატორები. დაყოვნების ინტერვალი 40 მწმ.-ს არ უნდა აღემატებოდეს; ქანების ზედა გამონგრევით საყორე შტრეკების გაყვანისას გამოიყენება მხოლოდ მყისიერი მოქმე­დების ელექტრო­დეტონატორები.

მუხლი 57. შპურები და საცობები

1. აკრძალულია სხვადასხვა კლასის ან სხვადასხვა დასახელების ფეთქებადი ნივთიერების ერთ შპურში მოთავსება.

2. ნახშირის ან ფუჭი ქანის სანგრევებში შპურის მინიმალური სიღრმე  უნდა იყოს 0,6 მეტრი.

3. თუ მუხტი შედგება ფეთქებადი ნივთიერების ორი ან მეტი ვაზნისაგან, ისინი შპურში თავსდება ერთდროულად (ერთმანეთის მიყოლებით). ყველაზე ბოლოს – დამრტყმელი ვაზნა.

4. საცობ მასალად დასაშვებია თიხის, თიხისა და ქვიშის ნარევის, სითხის, აგრეთვე საწარმოს ტექნიკური ზედამხედველის მიერ ნებადართული სხვა მასალების გამოყენება.

5. ნახშირისა და ფუჭ ქანებში საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას (ყველა მასალისათვის) საცობის მინიმალური სიგრძე, ფეთქებადი ნივთიერების მუხტის დაშორება უახლოესი გაშიშვლებული სიბრტყიდან და მოსაზღვრე შპურებს შორის მინიმალური მანძილების სიდიდე განისაზღვრება სტანდარტით.

მუხლი 58. მუხტების აფეთქება

1. თითოეულ ციკლში შპურები იმუხტება და ფეთქდება მხოლოდ: სანგრევის განიავების, მეთანშემცველობის დადგენის, მონგრეული ნახშირის აწმენდის, სანგრევსა და მის მიმდებარე გვირაბში არანაკლებ 20 მეტრის მანძილზე ატმოსფეროს აფეთ­ქების საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შემდეგ. სანგრევის წინწაწევა ციკლში 2 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

2. ნახშირის ან შერეულ სანგრევებში აფეთქების წინ აუცილებელია ნახშირის მტვრის მორწყვა ან ინერტული მასალებით მოფიქალება. ეს სამუშაო ტარდება როგორც უშუალოდ სანგრევთან, ისე მიმდებარე გვირაბებში, სანგრევიდან 20 მეტრის მანძილზე. სანგრევის ორჯერადი აფეთქებისას მომდევნო შპურების აფეთქების წინ უნდა მოხდეს ხელახალი მორწყვა ან მოფიქალება.

3. შპურისებრი მუხტების აფეთქებით სამთო გვირაბების გაყვანისას სანგრევთან ატმოსფეროს აფეთქებისგან დაცვის ღონისძიებები ტარდება ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძ­ველზე.

4. ნახშირის, ფუჭი ქანების მასივების, ჭაბურღილისებრი მუხტების აფეთქებით ტორპედირებისათვის საჭირო სამუშაოები ხორციელდება ინსტრუქ­ციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისად.

თავი XIX. ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი

 გამოტყორცნის მხრივ საშიში და ნავთობის შახტები

მუხლი 59. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის  მხრივ საშიში შახტებისათვის

1. მეთანის ან ნახშირის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიშ შახტებში საამფეთქებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს მხოლოდ რყევითი აფეთ­ქებებით. რყევითი აფეთქებები უნდა ჩატარდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ფენების გახსნისას, მოსამზადებელ და  წმენდით სანგრევებში, რომლებშიც გამოტყორცნის წინააღმდეგ სხვა ხერხებია გამოყენებული, ნებადართულია სამუშაოები შესრულდეს რყევითი აფეთქებებისათვის გათვალისწინებული სამუშაო რეჟიმის დაუცველად.

3. უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიშ ნახშირის ფენაში გვირაბის გაყვანისათვის, ბურღვა-აფეთქების სამუშაოების პასპორ­ტებში გათვალის­წინებული უნდა იყოს ნახშირის ერთდროული მონგრევა გვირაბის კვეთის მთლიან ფართობზე. თუ ერთი აფეთქების შემდეგ არ იქნა მიღწეული საჭირო კონფიგურაციის სანგრევი, გვირაბის კონტურამდე დაყვანის მიზნით აუცილებელია ჩატარდეს ხელმეორე რყევითი აფეთქება.

4. გეოლოგიური აშლილობის ზონებში აფეთქება ნახშირსა და ფუჭ ქანში უნდა ჩატარდეს ერთდროულად.

5. აფეთქების მეთოდით შერეული სანგრევებით გვირაბების გაყვანისას, ფუჭი ქანის სანგრევი ნახშირისას უნდა ჩამორჩებოდეს არა უმეტეს 5 მეტრით. გვირაბების შერეული სანგრევებით გაყვანა ფუჭი ქანის წინასწარი მონგრევით უნდა განხორციელდეს მხოლოდ 0,8 მეტრამდე სიმძლავრის ფენაში.

6. აკრძალულია რყევითი აფეთქებების შემდეგ სანგრევის საჭირო კონფიგურაციამდე დაყვანა ხელის დამრტყმელი ინსტრუ­მენტების საშუალებით.

7. თითოეული სანგრევისათვის, რომელშიც გამოიყენება რყევითი აფეთქებები, უნდა შედგეს და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცდეს ინსტრუქცია, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი აფეთქებებისათვის საჭირო ტექნოლოგია და უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების ნუსხა. ინსტრუქციაში გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეთვე ზედაპირზე მყოფი, რყევით აფეთქებებზე პასუხისმგებელი პირის სატელეფონო საუბრების ჩაწერის აუცილებლობა.

8. ბურღვა-აფეთქების სამუშაოების პასპორტებსა და რყევითი აფეთ­ქებების ინსტრუქციებს უნდა გაეცნოს შახტის ტექნიკური ზედამხედველი და შესაბამისი უბნების მუშები და დადასტურდეს ხელმოწერით.

9. რყევითი აფეთქების წესს და ამ სამუშაოთა შესრულებისათვის  პასუხისმგებელ პირებს ამტკიცებს შახტის ხელმძღვანელი ბრძანებით. ექსპლუატაციაში არსებულ შახტებში, როცა ამ სამუშაოებს ასრულებს სპეციალიზებული შახტმშე­ნებელი ორგანიზაცია, უნდა გამოიცეს შახტმშენებელი და საექსპლუ­ატაციო ორგანიზაციების ერთობლივი ბრძანება. რყევითი აფეთქებები რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რომლის ფორმას ამტკიცებს საწარმოს ხელმძღვანელი. რყევითი აფეთქების ადგილი და დრო (განცხადების სახით), აფეთქების დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი ცვლისა, უნდა ეცნობოს მიწისქვეშა გვირაბებში მომსახურე ყველა მუშაკს.

10. რყევითი აფეთქების მომზადებისა და ჩატარებისათვის შახტის ხელმძღვანელის ბრძანებით ინიშნება სანგრევში აფეთქების უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო მიწის ზედაპირზე - რყევითი აფეთქებისათვის  პასუხისმგებელი პირი. რყევითი აფეთქების მომზადებას და ჩატარებას ხელმძღვანელობს იმ უბნის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, სადაც ამგვარი აფეთქებები ტარდება.

11. რყევით აფეთქებებს ასრულებს ამფეთქებელი ტექნიკური ზედამხედველის (უბნის უფროსის ან მისი მოადგილის) თანდასწრებით. ამფეთქებლებს და ტექნიკურ ზედამხედველს უნდა ჰქონდეთ საიზოლაციო თვითმაშველები და ინდივიდუალური გასანათებელი მოწყობილობა, რომლებშიც ჩამონტაჟებული უნდა იყოს მეთანის შემცველობის გადამწოდები.

12. რყევითი აფეთქების  სულ ცოტა,  30 წუთის შემდეგ, ტექნიკურმა ზედამხედველმა და ამფეთქებლმა უნდა დაათვალიერონ გვირაბი და სანგრევი. ტექნიკური ზედამხედველი სანგრევის მიმართულებით უნდა მიდიოდეს ამფეთქებელზე 3 მეტრით წინ და ზომავდეს მაღაროს ატმოსფეროში მეთანის კონცენტრაციას. თუ მეთანის კონცენტრაცია 2 % და მეტი აღმოჩნდა, ისინი ვალდებული არიან დაბრუნდნენ გვირაბში სუფთა ჰაერის ნაკადზე. ნახშირის ან გაზის შესაძლო გამოტყორცნის შემთხვევისათვის, შახტის ხელმძღვანელი წინასწარ ამტკიცებს გვირაბის დეგაზაციის ღონისძიებებს.

მუხლი 60. სახიფათო ზონა

1. ქანების რყევითი აფეთქებით მონგრევისას უნდა განისაზღვროს სახიფათო ზონა. სახიფათო ზონა მოიცავს შახტის ყველა გვირაბს, რომლებიც განლაგებულია სანგრევიდან ჰაერის სავენტილაციო ნაკადის მიმართულებით, აგრეთვე სანგრევსა და ამფეთქებლის თავშესაფარს შორის განლაგებულ გვირაბებს.

2. რყევითი აფეთქებისას დამუხტვის წინ სახიფათო ზონის ყველა გვირაბში უნდა გამოირთოს ელექტროენერგია. ელექტროენერგიის ჩართვა დასაშვებია აფეთქების დასრულებისას გვირაბების ატმოსფეროში მეთანის კონცენტრაციის შემოწმების შემდეგ.

3. რყევითი აფეთქებების შესრულებისას დაუშვებელია ადგი­ლობ­რივი განიავების ვენტილატორებისა და მეთანშემცველობის ავტომატური საზომი ხელსაწყოების, აგრეთვე ნახშირის ფენების გამოტყორცნის მხრივ საშიში ზონების კონტროლისათვის საჭირო გადამწოდების გამორთვა. სანგრევებში, რომლებშიც ელექტრო­ენერ­გიის გამორთვა შეუძლებელია (მათი შესაძლო დატბორვის გამო), ძაბვა იხსნება საამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დაწყების წინ.

4. რყევითი აფეთქებების წინ, ტექნიკურმა ზედამხედველმა უნდა შეამოწმოს სახიფათო ზონაში განლაგებული სავენტი­ლაციო ქსელის გამართულობა. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, სავენტილაციო დანადგარების მოწესრიგებამდე რყევითი აფეთქე­ბების ჩატარება აკრძალულია.

მუხლი 61. ფენების გახსნა და სანგრევები

1. რყევითი აფეთქებებით ნახშირის ფენების გახსნა, გარდა დიდი სიმძლავრის ციცაბო ფენებისა, წარმოებს გამხსნელი გვირაბის მთლიანი საპროექტო კვეთით. დიდი სიმძლავრის ფენების გახსნისას, აფეთქების მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ნახშირის ფენის გაშიშვლებისათვის (ფუჭი ქანის საცობის მონგრევისათვის).

2. ფენების გადაკვეთა ხორციელდება ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში ფენებისათვის სამთო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ინსტრუქციის შესაბამისად.

3. უშუალოდ ნახშირის ფენის წინ ფუჭი ქანის საცობის ლიკვიდაცია წარმოებს ერთჯერადი აფეთქებით.

4. გამხსნელი გვირაბის სანგრევში რყევითი აფეთქების რეჟიმი მოქმედებაში შედის ნახშირის ფენამდე 4 მეტრი მანძილით მიახლოებისას და შესაძლებელია მოიხსნას ნახშირის ფენის გადაკვეთის ადგილიდან სანგრევის 4 მეტრით დაშორების შემდეგ.

5. ნახშირის ფენის გახსნა სრულდება შემდეგი თანამიმ­დევრობით: გამხსნელი გვირაბის სანგრევის მიახლოება ფენასთან, ფენის გაშიშვლება და გადაკვეთა, ფენიდან დაშორება გადაკვეთის შემდეგ.

6. სანგრევში, სადაც გათვალისწინებულია რყევითი აფეთქებების შესრულება, წინმსწრები შპურები ან ჭაბურღილები (რომლებიც დამუხტვისათვის არ არის განკუთვნილი) რყევითი აფეთქებების წინ, დასამუხტ შპურებზე 1 მეტრზე მეტ სიღრმეზე ივსება თიხით ან სხვა არასაწვავი მასალით. წინმსწრებ შპურებში (ჭაბურღილებში) მუხტების აფეთქება აკრძალულია.

7. რყევითი აფეთქებების შესასრულებლად მოსამზადებელი გვირაბების სანგრევებთან სპეციალური კაბელებით მიიყვანება მუდმივი ელექტროსაამფეთქებლო მაგისტრალი.

8. ნახშირისა და შერეულ სანგრევებში, აგრეთვე უეცარი გამოტყორცნების მხრივ საშიშ ქანებში მუხტების ინიციირება დასაშვებია მხოლოდ მცირედ დაყოვნებული მოქმედების ელექტროდეტონატორებით. დაყოვნების დრო 220 მწმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ქანების გახსნისას, მათ გაშიშვლებამდე ელექტროდეტონატორების დაყოვნების დრო 320 მწმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

9. ქანების რყევითი აფეთქებებით გახსნისას მაინიცირებელი საშუალებებისა და სხვადასხვა კლასის ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენებისას მათი სიდიდეები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

10. ფენების გაშიშვლება და მათი გადაკვეთა ბურღვა-აფეთქების მეთოდით უნდა განხორციელდეს, თუ ფუჭი ქანის სისქე ნორმალის მიმართულებით გვირაბის სანგრევსა და ციცაბო ფენას შორის 2 მეტრზე მეტია, ხოლო დამრეც და დახრილ ფენებში – 1 მეტრზე მეტი.

11. ნახშირის ფენის ჰიდროგამორეცხვის შემდეგ, ციცაბო ფენების წინ (მათ გაშიშვლებამდე) ფუჭი ქანის საცობის სისქე გამხსნელი გვირაბის სანგრევსა და გამორეცხილ სიბრტყეს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,2 მეტრს. ჰიდროგა­მორეცხვის შემდეგ ფუჭი ქანის საცობის სალიკვიდაციოდ, უკანასკნელად ასაფეთქებელი მუხტებისათვის განკუთვნილი შპურები ისე უნდა დაიბურღოს, რომ მათი ბოლოები გამორეცხილი სიბრტყიდან 0,5 მეტრით იყოს დაშორებული.

12. გამოტყორცნის მხრივ საშიშ ფენებში, როცა გვერდითი  ქანები სუსტია, მოსამზადებელი გვირაბების სანგრევებში რყევითი აფეთქებები უნდა განხორციელდეს წინმსწრები სამაგრის გამოყენებით. ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პასპორტებში ზედა რიგის შპურები უნდა განლაგდეს წინმსწრები სამაგრიდან არანაკლებ 0,5 მეტრის მანძილზე.

13. გვირაბების სანგრევებში, რომლებიც ნიავდება განკერძო­ებულად, მაგრამ განლაგებულია ისე, რომ ერთ-ერთ მათგანში მუხტების აფეთქებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა სანგრევებთან მიმავალი ელექტროსაამ­ფეთქებლო ქსელის დაზიანება, რყევითი აფეთქებები ტარდება:

ა) ყველა სანგრევში დენის იმპულსის ერთდროული მიწოდებით;

ბ) სხვადასხვა დროს მიწოდებით, თუ ყოველი მომდევნო სანგრევის დამუხტვა და   აფეთქება ხორციელდება წინა სანგრევში მუხტების აფეთქებისა და საამფეთქებლო    სამუშაოების უსაფ­რთხოდ წარმოების უზრუნველყოფის სათანადო ღონისძიებების    განხორ­ციელების შემდეგ.

14. ნახშირის ფენაში რყევითი აფეთქებებისათვის განკუთ­ვნილი შპურები იბურღება ბრუნვითი ბურღვის ხერხით. ფუჭ ქანებში დასაშვებია დარტყმითი და დარტყმა-ბრუნვითი ბურღვის ხერხის გამოყენება.

თავი XX. სამთო დარტყმების მხრივ საშიში

       ფენები (ქანები)

მუხლი 62. დამატებითი მოთხოვნები სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენებისათვის (ქანებისათვის)

1. სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენის უბნები უსაფრთხო მდგომარეობამდე მიიყვანება ქვაბისებრი მუხტების აფეთქების საშუალებით. ეს სამუშაო უნდა შესრულდეს შემდეგი თანამიმ­დევრობით:

ა) სამთო დარტყმების საფრთხის ხარისხის შეფასება;

ბ) ქვაბისებრი მუხტის აფეთქების პარამეტრების (შპურების სიღრმე, მუხტის მასა,     შპურებს შორის მანძილი) განსაზღვრა;

გ) ქვაბისებრი აფეთქების ეფექტიანობის შეფასება.

2. წინა პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები ნახშირის შახტებისათვის ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული, სამთო დარტყმების მხრივ საშიშ შახტებში სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ინსტრუქციის შესაბამისად.

3. ქვაბისებრი აფეთქებები ხორციელდება საწარმოს ხელ­მძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური პროექტის მიხედვით.

4. გვირაბის შემხვედრი სანგრევებით გაყვანის დროს, მათი ერთმანეთთან 15 მეტრით მიახლოებისას ერთ-ერთ სანგრევში სამუშაოები უნდა შეჩერდეს.

5. 10 მეტრამდე სიგრძის ჭაბურღილებში ქვაბისებრი აფეთქებებისას საცობის სიგრძე განისაზღვრება პროექტით. მისი სიგრძე ჭაბურღილის სიგრძის ნახევარს უნდა შეადგენდეს. 10 მეტრზე მეტი სიგრძის ჭაბურღილებში საცობის სიგრძე 5 მეტრზე მეტი უნდა იყოს. ჰიდროსაცობების გამოყენების შემთხვევაში შპურები, მათი პირიდან ერთი მეტრის სიგრძეზე თიხით უნდა ამოივსოს.

მუხლი 63. დამატებითი მოთხოვნები ნავთობის შახტებისათვის

ნავთობის შახტებში საამფეთქებლო სამუშაოები უნდა წარმოებდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

კარი V

დამატებითი მოთხოვნები სპეციალური საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას მიწის  

ზედაპირზე განლაგებულ ობიექტებზე, წყალქვეშ და ლითონებზე

თავი XXI. დამატებითი მოთხოვნები სპეციალური საამფეთქებლო

      სამუშაოების წარმოებისას მიწის ზედაპირზე

      განლაგებული ობიექტებისათვის

მუხლი 64. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები მიწის ზედაპირზე განლაგებული ობიექტებისათვის

1. განსაკუთრებელი დანიშნულების (ობიექტები მაიონებელი გამოსხივების წყაროებითა და დანადგარებით, ელექტრო­სადგურები, რკინიგზები და საავტომობილო გზები, წყლით სავალი გზები, ელექტროგადაცემის ხაზები, ქვესადგურები, ქარხნები, რკინიგზის სადგურები, პორტები, ნავმისადგომები, მიწისქვეშა ნაგებობები, სატელეფონო ხაზები) ობიექტების სიახლოვეს საამფეთქებლო სამუშაოები ხორციელდება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმების საფუძველზე.

2. საამფეთქებლო სადგური საშიში ზონის გარეთ უნდა განლაგდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, უნდა მოეწყოს სპეციალური თავშესაფრები (ბლინდაჟები და ა.შ.), რომელთა განლაგების ადგილები განისაზღვრება პროექტით ან პასპორტით.

3. ხელოვნური ან ბუნებრივი თავშესაფრები ისე უნდა მოეწყოს, რომ საიმედოდ დაიცვას საამფეთქებლო სამუშაოების შემსრუ­ლებლები როგორც აფეთქების ტალღის, ისე შხამიანი გაზების ზემოქმედებისაგან. თავშესაფრებთან მისასვლელი გზები არ უნდა იყოს ჩახერგილი.

4. თუ ასაფეთქებლად მომზადებული მუხტები განლაგებულია აღმოსაჩენად რთულ ადგილებზე (ბუჩქნარი და ა.შ.), ხოლო მათი აფეთქება გათვალისწინებულია ცეცხლოვანი ხერხით, მუხტებთან უნდა დაიდგას განმასხვავებელი ნიშნები.

მუხლი 65. ჭაბურღილისებრი, ქვაბისებრი და კამერული მუხტები

1. Д ჯგუფის (ბოლიანი დენთის გარდა) ფეთქებადი ნივთიერებების და სადეტონაციო ზონრების გამოყენებით ჭაბურღილისებრი მუხტებით ქანების მონგრევისას ნებადართულია საცობი მასალების თვითმცლელი ავტომანქანებით მიზიდვა. ავტომანქანები აღჭურვილი უნდა იყოს ნაპერწკალსაქრობებით და ცეცხლსაქრობებით.

2. ცეცხლოვანი საბურღი დანადგარის საშუალებით გაბურღილი ჭაბურღილები უნდა დაიმუხტოს ბურღვის დამთავრებიდან სულ ცოტა, 24 საათის შემდეგ.

მუხლი 66. საამფეთქებლო სამუშაოები სეისმოდაზვერვისას

1. მუშაობის პროცესში საამფეთქებლო სადგურის პუნქტში დაიშვება მხოლოდ ის პერსონალი, რომელიც უშუალოდ ასრულებს საამფეთქებლო სამუშაოებს, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და პირები, რომლებიც აკონტროლებენ საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებას.

2. საამფეთქებლო სამუშაოების შესრულების პროცესში კავშირისათვის განკუთვნილი რადიოსადგური იდგმება ავტომობილის ძარის სპეციალურ ნაკვეთურში. აკრძალულია ამ ნაკვეთურში ელექტროდეტონატორების შენახვა და გადაზიდვა.

3. ნაკვეთურში, სადაც რადიოსადგურია, დასაშვებია ელექ­ტრო­საამ­ფეთქებლო მაგისტრალის გატარება, თუ ელექტრომაგის­ტრა­­ლისათვის გამოყენებულია ორსადენიანი ეკრანირებული კაბე­ლი და ეკრანი წინასწარ დამიწებულია.

4. აკრძალულია საამფეთქებლო და მომენტური მაგისტრა­ლისათვის ან სატელეფონო კავშირისათვის სადენების გამოყენება აპარატურასთან ჩასართავი სპეციალური ჩანგლების გარეშე (შეც­დო­მით ჩართვის თავიდან აცილების მიზნით).

5. საამფეთქებლო პუნქტში ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთი ელექტროსაამფეთქებლო მაგის­ტრალი.

6. მომენტური მაგისტრალი გარეგნულად თვალნათლივ უნდა განსხვავდებოდეს ელექტროსაამფეთქებლო მაგისტრალისაგან.

7. მდგრად ქანებში გაბურღილი ჭაბურღილები, რომლებიც დამუხტულია საცობის გარეშე, აფეთქების მომენტამდე მუდმივი დაცვის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

8. საბურღი ინსტრუმენტების, ლატნების და სხვა საბიძ­გებელი საგნების გამოყენება ჭაბურღილებში მუხტების ჩასაშ­ვებად აკრძალულია.

9. მუხტების ჩაშვების წინ ჭაბურღილების დაშაბლონება განისაზღვრება პროექტით.

10. თუ მუხტმა ვერ მიაღწია ჭაბურღილის ძირამდე, აუცილე­ბელია მისი უკან ამოღება. თუ ეს შეუძლებელი გახდა, იგი უნდა აფეთქდეს ჩვეულებრივი ხერხით.

11. ერთეული ჭაბურღილების აფეთქებისას, ამფეთქებლის ჭაბურღილის პირთან მისვლის დრო ლიმიტირებული არ არის.

12. აკრძალულია ნამტყუნები ჭაბურღილის გადაბურღვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნამტყუნები მუხტი აფეთქებულია.

13. წყლის აუზებში სეისმოდაზვერვის სამუშაოების შესრულე­ბისას ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება დასაშვებია დაინტე­რესებულ ორგანიზაციებთან  შეთან­ხმე­ბული სპეციალური პროექტის მიხედვით.

მუხლი 67. გასაგანიერებელი და საამფეთქებლო სამუშაოები ნავთობიან, გაზიან და წყლიან ჭაბურღილებში

1. აფეთქების ადგილებზე შეტანილი ფეთქებადი ნივთი­ერებები, გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატურა ინახება სპეცი­ალურად გამოყოფილ ადგილებზე. თუ ფეთქებადი ნივთიერებები, გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატურა ინახება დასამუხტ სახელოსნოში (პერფორატორული სადგურის ლაბორატორიაში), იგი უნდა განლაგდეს ჭაბურღილის პირიდან არანაკლებ 20 მეტრის მოშორებით.

2. აკრძალულია ქარხნული წესით დამზადებული ფეთქებადი ნივთიერებების მუხტების, გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატურის სამუშაო ადგილებზე დაშლა.

3. გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატურის აღჭურვა და დამუხტვა   უნდა განხორციელდეს მათი გამოყენების ინსტრუქციების შესა­ბამისად:

ა) გადასაადგილებელ დასამუხტ სახელოსნოებში, პერფორა­ტორული სადგურების     ლაბორატორიებში;

ბ) სპეციალურად მოწყობილ ნაგებობებში (ჯიხური და სხვ.), რომლებიც     ჭაბურღილიდან  დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 20 მეტრით;

გ) ღია მოედნებზე, რომლებიც მომზადებულია ნებისმიერ ამინდში სამუშაოდ.

4. საამფეთქებლო ვაზნები, ელექტროდეტონატორები, ელექ­ტრო­­სა­­ალებლები,  დამუხტული გასაგანიერებელი და საამფეთ­ქებლო აპარატურა სატრანსპორტო საშუალებებზე ისე უნდა იყოს მოთავ­სებული, რომ გამოირიცხოს მათი სადენების შეხება ლითონის საგნებთან და ნაგებო­ბებთან.

5. გასაგანიერებელი აპარატებისათვის განკუთვნილი ელექ­ტრო­­სა­­ალებლები უნდა შემოწმდეს ქსელის მთლიანობასა და ხიდების ელექტრულ წინააღმდეგობაზე:

ა) აპარატში მოთავსებამდე;

ბ) აპარატში მოთავსების შემდეგ;

გ) ჭაბურღილში, აფეთქების წინ.

6. ჭაბურღილების ტორპედირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს საქარხნო დამზა­დების ტორპედოები. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია გამოყენებულ იქნეს სათანადო წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით ადგილზე დამზადებული ტორპედოები.

7. ტორპედოები უნდა დაიმუხტოს ჭაბურღილში მოსამზადებელი სამუ­შაოების დამთავრების და მათი შაბლონით გამოცდის შემდეგ.

8. 10 კგ-ზე მეტი მასის დამუხტული გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატების ხელით გადატანისას  გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური სამარჯვები.

9. გასაგანიერებელ და საამფეთქებლო აპარატებში ინიცი­ირების საშუალებები  ჭაბურღილში უნდა მოთავსდეს აპარატის ჩაშვების წინ, უშუალოდ ჭაბურღილის პირთან. გასაგანიერებელ და საამ­ფეთქებლო აპარატებში მაინიციირებელი საშუალებების მოთავ­სება დასაშვებია პერფორატორული სადგურების ლაბორატო­რიებში (გადასაადგილებელ სამუხტავ სახელოს­ნოებში). ასეთ შემთხვევაში,  გამოყენებულ უნდა იქნეს აპარატის შემთხვევითი აფეთქების საწინააღმდეგო მაბლოკირებელი მოწყობილობა.

10. აკრძალულია გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატების ჭაბურღილებში ჩაშვება ჭაბურღილის წინასწარი დაშაბლონების გარეშე. ამავე დროს, აუცილებელია საბურღი ხსნარის ჰიდროსტატიკური წნევის და ტემპერატურის წინასწარი გაზომვა.               

11. ჭაბურღილებში გასაგანიერებელი და საამფეთქებლო სამუ­შაოების ჩატარება      აკრძალულია:

ა) ქარბუქის, ჭექა-ქუხილის და ძლიერი ნისლის (50 მეტრზე ნაკლები ხილვადობისას)    დროს;

ბ) ხსნარების დამაგაზიანებელ და შთამნთქმელ მშრალ ჭაბურ­ღილებში მექანიკური     საზეთურების გამოყენების გარეშე.

12.  გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატების ჩაშვება და ამოტანა ხორციელდება ელექტროსაამფეთქებლო მაგისტრალის სადენების ბოლოების სრული იზოლაციის შემდეგ.

13. 50 კგ-ზე მეტი მასის ან 2 მეტრზე მეტი სიგრძის მქონე გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატები ჭაურის პირიდან უნდა აიწიოს და ჩაეშვას ამწე მექანიზმების საშუალებით.

14. თუ გასაგანიერებელი ან საამფეთქებლო აპარატი ვერ ჩაეშვა აფეთქებისათვის განსაზღვრულ დონემდე, ის ამოღებულ უნდა იქნეს ჭაბურღილიდან. აპარატების ამოღებისას, ჭაბურღილის პირთან ყოფნის უფლება აქვს მხოლოდ საამფეთ­ქებლო სამუშაოების შემსრულებლებს და ამწე მექანიზმებზე მომუშავე პერსონალს.

15. გამოუყენებელი, გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატები უნდა დაბრუნდეს დასამუხტ სახელოსნოში.

16. საზღვაო ჭაბურღილებში გასაგანიერებელ-საამფეთქებლო სამუშაოები ხორციელდება ამინდის საიმედო პროგნოზის შემდეგ.

17. ქარის სიჩქარისა და ზღვის ღელვის პარამეტრები განისაზღვრება საბურღი დანადგარებისა და მომუშავე პერსონალის, ასაფეთქებელი მასალების და საკაროტაჟე-პერფორატორული სადგურების, გადასატანი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად. ღელვის შესახებ გაფრთხი­ლებისთანავე ჭაბურღილში ჩაშვებული გასაგანიერებელი (საამ­ფეთქებლო) აპარატები დაუყოვნებლივ ფეთქდება, მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე იყო ჩაშვებული ამ პერიოდისათვის.

მუხლი 68. არხების,  თხრილების შექმნა აფეთქებით და საამფეთქებლო სამუშაოები ჭაობებში

1. სატრანშეო მუხტების ფორმირებისას ექსკავატორსა (ტრანშე­ამთხრელსა) და ტრანშეაში ფეთქებადი ნივთიერებების ჩამლაგებელ ამწეს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს ექსკავატორის ამოჩამჩვის (შემობრუნების) და ამწის შემობრუნების რადიუსების ჯამის სულ ცოტა 1,1-ს, ხოლო მანძილი ამწესა და დაცობაზე მომუშავე ბულდოზერს შორის - ამწის შემობრუნების რადიუსის 1,1-ს.

2. თუ დამუხტვა ერთ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, წრფივი მუხტების გამოყენებისას  დამრტყმელი ვაზნები უნდა მოეწყოს აფეთ­ქების დღეს.

3. რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში (მცურავი, ჩამოქ­ცევადი ქანები და ა.შ.) სადეტონაციო ზონრით Д ჯგუფის (ბოლიანი დენთების გარდა) ფეთქებადი ნივთიერებების მუხტების აფეთქებისას, წაგრძელებული, ჰორიზონტალური მუხტების (სატრანშეო და სახვრელე) ჩალაგება ნებადართულია გვირაბის გაყვანის მიყო­ლებით. დამუხტვა მრავალჩამჩიან ექსკავატორს უნდა ჩამორჩებოდეს არანაკლებ 5 მეტრით, ერთჩამჩიანს - 10 მეტრით.

4. ჭაობებში საამფეთქებლო სამუშაოების პროექტში გათვალის­წინებული უნდა იყოს საწვავი გაზების აფეთქების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

5. ცეცხლოვანი ხერხი დასაშვებია მხოლოდ ერთეული მუხტების აფეთქებისას.

6. ელექტროდეტონატორებით და კაფსულ-დეტონატორებით აფეთქებისას აუცილებელია სპეციალურგარსაცმიანი დამრტყმელი ვაზნების გამოყენება, რათა დეტონატორზე საცობით დაწოლის წნევა არ გადაეცეს.

7. სადეტონაციო ზონრით აფეთქებისას ჭაბურღილები (შპურები) შეიძლება დაიმუხტოს უშუალოდ ბურღვის მიყოლებით. ჭაბურ­ღილში (შპურში) ერთმანეთის მიყოლებით უნდა მოთავსდეს ორი უდეტონატორო ვაზნა.

8. წყლიან პირობებში ელექტროსაამფეთქებლო ქსელის მონტა­ჟისას გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ საანტენო სადენები.

მუხლი 69. შენობა-ნაგებობების, საფაბრიკო მილების ნგრევა და ფუნდამენტების რღვევა, სატყეო და გაფხვიერების სამუშაოები

1. საამფეთქებლო სამუშაოების პროექტში, სხვა საკითხებთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს ნაჩვენები დასანგრევი ობიექტის გადაწოლის მიმართულება, აგრეთვე, მისი არასრული ნგრევის შემთხვევაში - ჩასატარებელი ღონის­ძიებების ნუსხა.

2. აკრძალულია დასანგრევი ობიექტის მასივის გახსნილ სიცარიელეში, ნაპრალში შპურების დამუხტვა და აფეთქება.

3. პირველი სიგნალი უნდა გაიცეს ელექტროდეტონატორებიანი დამრტყმელი ვაზნების ჩაწყობის წინ, სადეტონაციო ზონრით აფეთქებისას - საამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დაწყების წინ. სიგნალი “გასაყრისი” გაიცემა მხოლოდ აფეთქებებზე პასუხი­სმგებელი ტექნიკური ზედამხედველის ბრძანებით, ამფეთქებელთან ერთად აფეთქების ადგილის დათვალიერების შემდეგ.

4. საშიშ ზონაში, წნევის ქვეშ არსებულ ქვაბებში, მილსა­დენებში და სხვა ობიექტებზე უნდა მოხდეს  წნევის დადაბლება იმ ორგანიზაციების მიერ დადგენილ ზღვრამდე, რომლებიც ექსპლუა­ტაციას უწევენ ამ ობიექტებს.

5. აკრძალულია აფეთქებისთვის მომზადებული მუხტებიანი კუნძების ბურღვა.

6. ცეცხლოვანი აფეთქების მეთოდით კუნძების ამოძირკვის ან რამდენიმე ამფეთქებლის მიერ ტყის მოჭრის სამუშაოების შესრულებისას უფროსი ამფეთქებელი ვალდებულია თითოეულ მათგანს მიუთითოს მოძრაობის მიმართულება.

7. კუნძების ამოძირკვისა და ტყის მოჭრის სამუშაოების ჩატარებისას, საკონტროლო მილაკი ყველა შემთხვევაში ამნთები მილაკის ცეცხლგამტარ ზონარზე 85 სმ-ით ნაკლები არ უნდა იყოს. თუ სამუშაოები ტარდება უსწორმასწორო ადგილებზე  ან ბარდებში, ეს ზომა 1 მეტრამდე უნდა გაიზარდოს.

8. შეყინული შეშის ან გაქერქილი მორების აფეთქებისას გამოიყენება მხოლოდ დამცავი ფეთქებადი ნივთიერებები. ამასთან, აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:

ა) ინიციირების საშუალებებად ელექტროდეტონატორების გამოყენება;

ბ) აფეთქების დაწყებამდე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძი­ებების შესრულება.

9. ტყის დაცურებისას ხერგილების აფეთქებით გახსნის წესს ადგენს საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელი.

10. ტყის ხანძრის ლიკვიდაციისათვის ფეთქებადი მასალების ჩამოყრა თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან დასაშვებია იმ პირობით, თუ ისინი მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერებში.

11. ტორფიან საფარზე ხანძრის ლიკვიდაციისათვის აფეთ­ქებები უნდა სრულდებოდეს ხანძრის ზოლიდან სულ ცოტა, 10 მეტრის მანძილზე.

12. აკრძალულია თხევადი ნიტროეთერების შემცველი ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება შეყინული მადნის, ნახშირის, მადნის კონცენტრატების, ლითონის ბურბუშელის გაფხვიერებისათვის. ლითონის ბურბუშელის გაფხვიერებისათვის ელექტრული აფეთქება დაუშვებელია. ამონიუმის გვარჯილაზე დამზადებული მინერალური სასუქების აფეთქებით გაფხვიერება დაუშვებელია.

13. სუფრის მარილის გაფხვიერება დასაშვებია მხოლოდ ქაღალდის გარსაცმიანი კაფსულდეტონატორების გამოყენებით.

 მუხლი 70. დამატებითი მოთხოვნები ყინულზე, ლითონზე და წყალქვეშა საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, აგრეთვე ლითონისა და ლითონისკონსტრუქციების მსხვრევისას

დამატებითი მოთხოვნები ყინულზე, ლითონზე და წყალქვეშა საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, აგრეთვე ლითონისა და ლითონის კონსტრუქციების მსხვრევისას უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მორთხოვნებს.

თავი XXII. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები

მუხლი 71. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1.რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტში, 24-ე მუხლის პირველ, მე-9, მე-16, მე-18 და მე-20 პუნქტებში, 27-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, 31-ე მე-5 პუნქტში, 32-ე მუხლის პირველ პუნქტში, 34-ე მუხლის მე-5, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-18 და მე-19 პუნქტებში, 35-ე მუხლის მე-12 პუნქტში, 36-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-9 პუნქტებში, 37-ე მუხლის პირველ პუნქტში, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 41-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებში, მე-4 და მე-5 პუნქტებში, 53-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, 56-ე მუხლის  პირველ პუნქტში,  64-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 66-ე მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტებში, 67-ე მუხლის პირველ პუნქტში, მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებში, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებში, მე-6 და მე-7 პუნქტებში, 68-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 69-ე მუხლის მე-4, მე-6 და მე-11 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-14 პუნქტში, 24-ე მუხლის მე-4, მე-10, მე-12 და 22-ე პუნქტებში,  28-ე მუხლის პირველ პუნქტში,  30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 31-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებში, 32-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებში და მე-11 პუნქტში, 33-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში, 34-ე მუხლის პირველ პუნქტში, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-9, მე-10, მე-11  და მე-16 პუნქტებში, 35-ე მუხლის მე-5, მე-7, მე-10, მე-11 და მე-13 პუნქტებში, 36-ე მუხლის პირველ, მე-7, მე-8 და მე-11, პუნქტებში,  37-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 38-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებში, 39-ე მუხლის პირველ მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-40 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებში,  42-ე მუხლის მე-2 პუნქტში,  43-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 46-ე მუხლის პირველ პუნქტში, 48-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში,  52-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში,  55-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში,  56-ე მუხლის  მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტში,  62-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში, 63-ე მუხლში, 64-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 65-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 66-ე მუხლის პირველ პუნქტში, 67-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებში, 68-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-8 პუნქტებში, 69-ე მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებში, 70-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

მუხლი 72. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. რეგლამენტის მე-5  მუხლის მე-10 პუნქტში, 24-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-11, მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-19, 21-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე პუნქტებში, 25-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებში, 26-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, 27-ე  მუხლის პირველ, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში, 34-ე მუხლის მე-12 და მე-17 პუნქტებში, 35-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებში, 36-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, 38-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 39-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-40 მუხლის პირველ, მე-5 და მე-9 პუნქტებში, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ზ“ ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტში, 43-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 44-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში,  46-ე მუხლის მე-2 პუქტში, 49-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, 50-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 52-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 53-ე მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებში, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტში და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, 55-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 56-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებში, 57-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-5  პუნქტებში,  62-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 65-ე მუხლის პირველ პუნქტში, 66-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 და მე-12 პუნქტებში, 67 მუხლის მე-2, მე-4, მე-9, მე-10 პუნქტებში, მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში და მე-17 პუნქტში,  68-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში, 69-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6, მე-12 და მე–15 პუნქტებში, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 29–ე მუხლში, 40-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებში, 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებში, 47-ე მუხლში, 49-ე მუხლის პირველ პუნქტში, 51-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 პუნქტებში, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 53–ე მუხლის მე-5 პუნქტში, 54-ე მუხლის პირველ, მე-3 პუნქტის  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, 58-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

მუხლი 73. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

 რეგლამენტის 71-ე და 72-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.