დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის დაშვების შემთხვევებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 243 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.017409 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/09/2013 - 09/06/2016)
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს დებულება „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის დაშვების შემთხვევებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დებულება
საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის დაშვების შემთხვევებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ |
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის საფუძველზე და არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი), შემდგომში - „ნარჩენი“ იმპორტის დაშვების შემთხვევებსა და პირობებს.
მუხლი 2. ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის დაშვების შემთხვევები ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი ხორციელდება მხოლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების შემთხვევებში, რაზეც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 3. ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის დაშვების პირობები 1. საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის იმპორტით დაინტერესებული პირი, პროექტის მიზნობრიობის გათვალისწინებით, განცხადებით მიმართავს შესაბამის დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ სამთავრობო დაწესებულებას, რომელშიც, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა მიუთითოს: ა) ნარჩენის იმპორტის საჭიროება (მიზნობრიობა); ბ) ექსპორტიორი ქვეყანა; გ) ნარჩენის ოდენობა; დ) ნარჩენის ტრანსპორტირების სახე; ე) ნარჩენის შემოტანის ვადა. 2. ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის დაშვებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს სხვა დამატებითი ინფორმაცია.
მუხლი 4. ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის დაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 1. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება, დაინტერესებული პირის მიერ მე-3 მუხლში განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაციას შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 2. ცალკეული პროექტის მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ პროექტად მიჩნევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება მთავრობის განკარგულების სახით. მასში ასახული უნდა იყოს დებულების მესამე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია.
მუხლი 5. ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის დაუშვებლობა დაუშვებელია ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი დასაწყობების ან იმ მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა „A“ ჯგუფი“.
მუხლი 6. სსიპ ‑ შემოსავლების სამსახურის ვალდებულება სსიპ ‑ შემოსავლების სამსახური ვალდებულია, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოაქციოს მხოლოდ ის ნარჩენი, რომელზეც იმპორტიორი, კანონმდებლობით დადგენილ სხვა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, წარადგენს ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების ასლს.
მუხლი 7. ნარჩენის იმპორტით დაინტერესებული პირის (იმპორტიორი) ვალდებულება 1. იმპორტიორი ვალდებულია: ა) ნარჩენი გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული გზით; ბ) უზრუნველყოს ნარჩენის გადაზიდვების მინიმუმამდე დაყვანა მათი გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული და ეფექტური მართვის გამოყენებით და ის განახორციელოს იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო დაიცვას მათგან უარყოფითი ზეგავლენისაგან; გ) გამოიყენოს ნარჩენი, როგორც ნედლეული რეციკლირებითი ან აღდგენითი მრეწველობისათვის; დ) უზრუნველყოს ნარჩენის შეფუთვა, მარკირება და მისი გადაზიდვა საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო წესებისა და ნორმების თანახმად; ე) ნარჩენს თან დაურთოს სახიფათო ნარჩენთა გადაზიდვის დოკუმენტი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის საწყისი პუნქტიდან მისი განთავსების ადგილამდე. 2. პირი, რომელიც ამ დებულების შესაბამისად ახორციელებს ნარჩენის იმპორტს, ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმები, სტანდარტები და სხვა შესაბამისი ნორმატივები.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები