ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016485
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
84
27/08/2013
ვებგვერდი, 29/08/2013
110060010.22.027.016485
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/08/2013 - 21/09/2020)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №84

2013 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №100 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი




ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა (შემდგომში – რაიონული პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. რაიონული პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0159, ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა №1.

3. რაიონული პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

4. რაიონულ პროკურატურას აქვს საკუთარი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის დასახელებით.

 

მუხლი 2. რაიონული პროკურატურის საქმიანობის პრინციპები

რაიონული პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;

დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარება;

ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

 

მუხლი 3. რაიონული პროკურატურის საქმიანობის სფერო

რაიონული პროკურატურა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;

დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;

ე) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;

ზ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში;

თ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 4. რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობა

1. რაიონულ პროკურატურას ხელმძღვანელობს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი (შემდგომში – რაიონული პროკურორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. რაიონული პროკურორის თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელსაც აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 12 თვემდე.

3. რაიონული პროკურორი:

ა) ახორციელებს რაიონული პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს რაიონული პროკურატურის მუშაკთა შორის;

გ) აკონტროლებს რაიონული პროკურატურის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) მთავარი პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს რაიონული პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ქ. თბილისის პროკურორთან და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;

ვ) აუქმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო საჩივრებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე;

თ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;

ი) უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;

კ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;

ლ) აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;

მ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;

ნ) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისდამი დაქვემდებარებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის;

პ) ასრულებს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.

4. რაიონულ პროკურორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

5. რაიონული პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რაიონული პროკურორის მოადგილე.

 

მუხლი 5. რაიონული პროკურატურის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი

1. რაიონულ პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) პროკურორები;

ბ) კანცელარიის უფროსი;

გ) სპეციალისტი.

2. რაიონული პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება რაიონული პროკურატურის საშტატო განრიგით, რომელსაც, მთავარი პროკურორის წარდგინებით, ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

3. პროკურორები:

ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;

ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;

გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, რაიონული პროკურორის ან რაიონული პროკურორის მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას;

დ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას;

ე) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სპეციალისტის მოვალეობას.

5. სპეციალისტი უზრუნველყოფს რაიონულ პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ასრულებს რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.