დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 196 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/07/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 340150000.10.003.017363 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/08/2013 - 16/06/2021)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს თამბაქოს კონტროლის თანდართული სახელმწიფო სტრატეგია. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია
|
წინასიტყვაობა
თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად, აქედან 600 000-ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება. 1.2 მილიარდი ადამიანი 15 წლის ზევით დამოკიდებულია თამბაქოზე. ამ ადამიანების დაახლეობით 80% დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს. სამწუხაროდ, საქართველოს თამბაქოს მოხმარების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ, მსოფლიოს სხვა 178 ქვეყანასთან ერთად, აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე. ამით საქართველომ ნათლად მიანიშნა, რომ თამბაქოს კონტროლი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იქნა დანერგილი. საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად მიღებულია საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №58 დადგენილება, რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. კომისიის უპირველესი ამოცანა იყო ყველა შესაბამის სექტორთან თანამშრომლობით საქართველოს თამბაქოს კონტროლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება, რათა სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვით, საქართველოს მოსახლეობა და, განსაკუთრებით, ახალგაზრდები დაცული იყვნენ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან. თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების სახელმწიფო კომისია 1.შესავალი 1.1. ძირითადი პრინციპები სტრატეგია დაფუძნებულია უკანასკნელი დეკადის განმავლობაში მიღებულ ევროპის ქვეყნების და საერთაშორისო გამოცდილებაზე. იგი ითვალისწინებს ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში აღებული ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვანი აღსრულების საჭიროებას და ვარშავის 2002 წლის დეკლარაციის - „თამბაქოსგან თავისუფალი ევროპის“ - სახელმძღვანელო პრინციპებს. ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია ემყარება შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა; არამწეველობის ნორმად აღიარება და თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცულობაზე თითოეული მოქალაქის უფლების ცნობა; თამბაქოს მოხმარების გავრცელების მყარი ყოველწლიური შემცირების აუცილებლობა საზოგადოებაში. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია განსაზღვრავს საქართველოში თამბაქოს კონტროლის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში და განხორციელდეს უწყებრივი ღონისძიებების სახით. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მომზადება და მიღება პრიორიტეტული საკითხია. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია განსაზღვრავს კონკრეტულ საერთაშორისო ინსტრუმენტებს და მექანიზმებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გეგმით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის სტრუქტურა და შინაარსი შეესაბამება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის ძირითად მიდგომებს. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია არის მიმდინარე პროცესი და წარმოადგენს განახლებად დოკუმენტს, რომელიც რეგულარულად უნდა იქნას გადახედილი და სტრატეგიულად ადაპტირებული. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული სტრატეგია ეყრდნობა ზედამხედველობის და შეფასების შესაბამის სისტემას. 1.2. სტრატეგიის მიზანი და ამოცანები თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და მისთვის მეტი ჯანმრთელი წლების უზრუნველყოფა თამბაქოს მოხმარების შემცირების და მეორადი კვამლისგან დაცვის გზით. სტრატეგიის პირდაპირი ამოცანები: ■ აქტიური მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობა მოსახლეობის ყველა ჯგუფში მოწევის შეწყვეტის სერვისების განვითარების გზით; ■ მოწევის დაწყების პრევენცია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში; ■ მეორადი კვამლის ზემოქმედების (პასიური მოწევა) შემცირება, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება მოწევის და სიგარეტის კვამლის მავნე ზემოქმედების შესახებ; ■ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერება და აღსრულება, განსაკუთრებით, საჯარიმო პოლიტიკასთან მიმართებაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის შესაბამისად; ■ თამბაქოსთან დაკავშირებულ საკითხებში მოსახლეობის ჯგუფებს შორის უსამართლობის და უთანასწორობის შემცირება; ■ ეფექტური მოქმედების მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარება ევროპის და სხვა რეგიონების ქვეყნებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან; ■ თამბაქოს მოხმარების მავნებლობის, ეკონომიკური ზიანისა და პრევენციული ღონისძიებების ხარჯთ-ეფექტურობის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებების მოპოვება და გენერირება; შემდეგი რიცხვითი (თვლადი) სამიზნეებია დასახული: ● არასრულწლოვნებში მოწევის გავრცელების ყოველწლიურად 1%-ით შემცირება; ● მოზრდილებში მოწევის გავრცელების ყოველწლიურად 2%-ით შემცირება; ● თამბაქოსგან თავისუფალი სამუშაო ადგილების ყოველწლიურად 5%-ით გაზრდა; ● საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მეორადი კვამლის ზემოქმედების ყოველწლიურად 1%-ით შემცირება[1]; ● სახლის პირობებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება ბავშვებში 3%-ით და მოზრდილებში 1%-ით ყოველწლიურად; მნიშვნელოვანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების მიმართვა მოწევის დაწყების პრევენციისკენ, რაც გულისხმობს თამბაქოს საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი კამპანიების განხორციელებას, განსაკუთრებით, მას-მედიის საშუალებებით. ასეთი ტიპის კამპანიები მწეველ მოსახლეობაში სიგარეტისთვის თავის დანებების სტიმულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მოწევისთვის თავის დანებების სერვისების განვითარება. მოწევისთვის თავის დანებებით მიღებული ჯანმრთელობის სარგებელი საერთაშორისოდ დამტკიცებულია და მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ხარჯ-ეფექტურ ღონისძიებად, ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ სხვა ღონისძიებებთან შედარებით. მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით ჯანდაცვის სერვისების ინტეგრაცია მოწევისთვის თავის დანებების სერვისებთან, რადგან ჯანდაცვის სერვისების მეშვეობით ადვილია მოწევისთვის თავის დანებების სერვისების ძირითადი სამიზნე ჯგუფების - ორსულების და მცირეწლოვანთა მშობლების მოცვა. სტრატეგიული მიმართულებების და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია მთელი მოსახლეობის მოცვა. ხშირ შემთხვევაში ამისათვის აუცილებელია საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ფიქრი უფრო ფართო პერსპექტივიდან და არა განცალკევებულად - მხოლოდ თამბაქოს კონტროლზე, რისთვისაც საჭიროა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა სფეროებში ღონისძიებების კოორდინაცია. ასეთი ტიპის ტრანს-სექტორული პერსპექტივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სფეროში სოციალური უთანასწორობების შემცირებისთვის. კვლევებით დადასტურებულია, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების თანდათანობითი გაზრდა თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. საქართველოში ამ ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობის შეფასება და ოპტიმალური დანერგვა სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, რომელიც ძალაში 2005 წელს შევიდა, უზრუნველყოფს თამბაქოს კონტროლის ახალ საერთაშორისო არენას. სტრატეგიის ძირითადი ამოცანაა თამბაქოს კონტროლის ყველა ძირითადი მიმართულებით ჩარჩო-კონვენციის ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება და რეკომენდაციების უფრო ფართოდ დანერგვა. აღნიშნული მოიცავს: - თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო მაკოორდინირებელი მექანიზმის მუშაობის უზრუნველყოფას; - მრავალწლიანი მულტისექტორული სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას; - კანონმდებლობის შემდგომ გაუმჯობესებას - ცვლილებებს საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში; - ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმების შემუშავებას; - კანონის აღსრულების გაძლიერებას; - ამ სფეროში შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო სტრუქტურების ინსტიტუციურ გაძლიერებას; - ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის მდგრადი ჩართულობის უზრუნველყოფას. თამბაქოს კონტროლის გაძლიერება საქართველოში მნიშვნელოვანი ასპექტია ევროკავშირის ქვეყნებთან ჰარმონიზაციის და საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ მხრივ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 1.3 საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მსოფლიოში გავრცელებული თამბაქოს ეპიდემია ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. საქართველოში მწეველობის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის STEPS (WHO STEPwise approach to NCD Surveillance) მეთოდოლოგიის სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით ჩატარებული არაგადამდები დაავადებების რისკ‑ფაქტორების კვლევის[1] შედეგების მიხედვით, ამჟამად თამბაქოს რომელიმე პროდუქტს (მოსაწევს და უკვამლოს) მოიხმარს რესპონდენტთა 30.3% (მამაკაცების 55.5% და ქალების 4.8%). მწეველობის გავრცელების მხრივ მკვეთრი განსხვავებაა მამაკაცებსა და ქალებში. როგორც ჩანს ე.წ. სქესთა შორის მწეველობის გავრცელების ისტორიული ტენდენციები ჯერჯერობით არ შეცვლილა საქართველოში, რის გამოც ქალების შემთხვევაში პოზიტიური, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში უკიდურესად ნეგატიური შედეგებია შენარჩუნებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღემდე ქალების მწეველობა სტიგმატიზირებული თემაა და სავარაუდოა, რომ ზოგიერთი ქალი მალავს ამ ჩვევას, რის შედეგადაც მიღებული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ზუსტად არ ასახავს რეალურ სიტუაციას. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მოწევა ყველაზე მეტად 25-44 წლის ასაკის მოსახლეობაშია გავრცელებული (36.1%). ყველაზე დაბალია 55-64 წლის პირებს შორის. დამაფიქრებელია ის, რომ 18-24 წლის მამაკაცების 45.2% მწეველია, ხოლო ქალების - 5%, რაც ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით პიკურ მაჩვენებლებს მამაკაცებში (65.3%) მხოლოდ 1/3-ით ჩამორჩება, ხოლო ქალებში 0.7%-ით. თუ გავითვალისწინებთ 2008 წელს 13-15 წლის ასაკის ბავშვებში ჩატარებული კვლევის[2] (Global Youth Tobacco Survey 2008) შედეგებს (ამჟამად მწეველობა 8.7%) და იმავე წელს განხორციელებული თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების მოხმარება 16 წლის ქართველ მოსწავლეებში ევროპის ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების სასკოლო პროექტის[3] (European School Project on Alcohol and Other Drug - ESPAD) პილოტური კვლევის შედეგებს (ამჟამად მწეველობა 16%), სავარაუდოა, რომ მწეველებად მამაკაცებისა და ქალების დიდი უმრავლესობა 15-24 წლის ასაკში ყალიბდება. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის 2008 წლის მონაცემების მიხედვით, მწეველობის გავრცელება ქალებში 18-21% შეადგენს და შეინიშნება ზრდის ტენდენცია რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებს შორის, რის გამოც ეს მაჩვენებელი ბოლო 7 წლის განმავლობაში 2.5-ჯერ გაიზარდა. ESPAD კვლევის შედეგების მიხედვით 16 წლის მოზარდთა 50%-ს ერთხელ მაინც მოუწევია სიგარეტი, 16% ეწეოდა ბოლო 30 დღის განმავლობაში და 12% რეგულარული მწეველია. მოზარდთა 1.1% დღეში 20 ან მეტ ღერ სიგარეტს ეწევა. 60%-თვის სიგარეტის ყიდვა ადვილია. 30% თამბაქოს მოიხმარს 13 წლის და უმცროსი ასაკიდან, ხოლო 10% - 9 წლის და უმცროსი ასაკიდან. 13 წლამდე თამბაქოს ყოველდღიურად მოიხმარს 4.3%. მოზარდთა 87% აცხადებს, რომ მისი მეგობარი ეწევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლია. ყოველწლიურად იყიდება 10 მილიარდი ღერი (0.5 მილიარდი კოლოფი), რაც დაახლოებით 0.58 მილიარდ ლარს შეადგენს. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, კანადის საერთაშორისო განვითარების კვლევების ცენტრის (IDRC) მხარდაჭერით განხორციელებული საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის დონის კვლევის (შერეული მეთოდი) შედეგების თანახმად სავაჭრო ობიექტების 92% ვაჭრობს თამბაქოს ნაწარმით, სკოლებიდან 50 მეტრზე ახლოს განლაგებული ობიექტების 85% ყიდის თამბაქოს. თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრე ობიექტების 2%-ში თამბაქოს ნაწარმი განლაგებულია იმ სექციებში, სადაც ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია იყიდება, 27.7%-ში თამბაქო იყიდება ღერებით, 34% -ში თამბაქოს ნაწარმის დანახვა შესაძლებელია გარედან. თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრეთაგან 96%-მა არ იცის თამბაქოს ვაჭრობის კანონმდებლობა. კვლევით გამოვლენილი სხვა პრობლემებს შორის ძირითადს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრე ობიექტების მონიტორინგის და შემოწმების სისტემის არ არსებობა. 1.4 თამბაქოს კონტროლის ამჟამინდელი სტატუსი საქართველოში საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში მოახდინა თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ძალაშია 2006 წლის 15 მაისიდან. ამით ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულება განეხორციელებინა კონვენციით ნაკისრი მოთხოვნები. ამ ვალდებულებებიდან ძალზე მცირე ნაწილი იქნა შესრულებული. ამ ეტაპზე ქვეყანაში სათანადოდ არ ხორციელდება თანმიმდევრული სახელმწიფო ღონისძიებები ამ რისკ ფაქტორის საწინააღმდეგოდ. არ არსებობს სახელმწიფო სტრატეგია და პროგრამა. სუსტია მოწევისთვის თავის დანებების მსურველთა დახმარების სისტემა და რესურსები. არსებობს გარკვეული საგადასახადო პოლიტიკა, თუმცა თამბაქოს პროდუქტებზე დღეს არსებული საყოველთაო ფინანსური ხელმისაწვდომობა არ შეესაბამება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს. არადამაკმაყოფილებელია კოორდინაცია, არაადეკვატური დაფინანსება და მონიტორინგი აქვეითებს ეროვნული მოქმედების ეფექტურობას. სუსტი და არაეფექტურია თამბაქოს კონტროლის მოქმედი კანონმდებლობა. თამბაქოს ინდუსტრია განაგრძობს მარკეტინგის განვითარებას და მომხმარებელთა წრის გაფართოვებას, რაც ზრდის თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობას და შესაბამისად მკვეთრად უარყოფითად აისახება მოწევით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის არსებულ და პროგნოზულ მაჩვენებლებზე. თამბაქოს ინდუსტრიის ტაქტიკა, როგორც თავად ამ ინდუსტრიის კუთვნილი მრავალი დოკუმენტიდან ჩანს, თამბაქოს კონტროლისთვის პრობლემად რჩება. თამბაქოს კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობა მოიცავს: 1. საქართველოს კანონს თამბაქოს კონტროლის შესახებ - 2010 2. საქართველოს კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ - 1997 3. საქართველოს კანონს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ– 2007 4. საქართველოს კანონს რეკლამის შესახებ - 1998 5. საქართველოს კანონს მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ - 2002 6. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას საქართველოში თამბაქოს კონტროლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებათა შესახებ - 2000 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს 8. საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ყველა იმ სავაჭრო ობიექტში, სადაც იყიდება თამბაქო, აუცილებლად უნდა იყოს გამოკრული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაფრთხილება მოწევის მავნებლობის და არასრულწლოვანთათვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის აკრძალვის შესახებ, ობიექტების 96% არ ასრულებს ამ მოთხოვნას. საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის დონის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კანონით გათვალისწინებული თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის აღსრულება ძალიან სუსტია; კერძო მფლობელობაში მყოფი უნივერსიტეტების მხოლოდ 30% იცავს კანონს (მთლიანი შეზღუდვა), რაც განპირობებულია ხელმძღვანელობის მხრიდან დაბალი მოტივაციით, კაფე-ბარების და რესტორნების მხოლოდ 10.8% იცავს კანონს (ნაწილობრივი შეზღუდვა) და ყველა ასეთ დაწესებულებაში მოწევის მთლიანი აკრძალვაა შემოღებული. კაფე-ბარებისა და რესტორნების მეპატრონეების მხრიდან მოწევის სრული აკრძალვის შესახებ მზაობის გამოხატვის დონე მაღალია, თუმცა იმ პირობით რომ ეს მოთხოვნა საყოველთაო ხასიათის იქნება და არ შეუწყობს ხელს ბიზნესის მფლობელებს შორის უთანასწორო პირობების ჩამოყალიბებას. მოწევის აკრძალვის კანონი ყველაზე ეფექტურად ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში ხორციელდება, სადაც 90%-დან 100%-მდეა კანონზე დაქვემდებარების დონე. აღნიშნული წარმატების მიზეზი სისტემის რეფორმის (კომპანიების მმართველობა) დადებითი ზეგავლენაა. საქართველოში 2009 წლიდან ბლუმბერგ ფილანტროპიის გრანტის ფარგლებში ხორციელდება პროექტი „თამბაქოსგან 100%-ით თავისუფალი სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები“, რომლის ფარგლებში ჩატარებულმა დაკვირვებამ, განხორციელებული აქტივობების შედეგად, ამ დაწესებულებებში თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბების დადებითი ტენდენცია აჩვენა. მიუხედავად ამისა, რიგ სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლის კანონის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აღსრულების სუსტი მექანიზმების გამო დარღვევები ისევ აღინიშნება. ამავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა, რომელთა ძირითადი მიზანია არსებული საჯარიმო სანქციების გაზრდა და კანონის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაჯარიმების მექანიზმების გამარტივება. დღეს არსებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ანალიზი მიგვითითებს, რომ ერთის მხრივ, იგი შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს, მაგრამ ამავდროულად საჭიროებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მოთხოვნების მიხედვით მთელ რიგ დამატებებს და ცვლილებებს (მ.შ. რეკლამის და პოპულარიზაციის, საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს კვამლისაგან დაცვის, თამბაქოს პროდუქციის წარმოებასა და მიმოქცევაზე ზედამხედველობის სისტემის გაძლიერების, კოლოფზე გამაფრთხილებელი წარწერების და ნახატების გაუმჯობესების, ადმინისტრირებისა და გადასახადების სისტემის გადახედვის და ა.შ. მიმართულებებით), მეორეს მხრივ კი პოლიტიკური ნების გაძლიერებას უკვე არსებული დებულებების ამოქმედებისთვის (კანონმდებლობის მოთხოვნების 45%-ზე მეტი არ სრულდება). აღნიშნული მოთხოვნები მოქმედებს 2008 წლიდან და ჩატარებული კვლევებით ფიქსირდება ერთგვარი მოლოდინი სამიზნე დაწესებულებებსა და მოსახლეობაში ამ სფეროში კანონის გაუმჯობესების, მისი ძალაში შეყვანის და საყოველთაობის უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოში ამჟამინდელი თამბაქოს კონტროლის სიტუაციის შესაფასებლად, თამბაქოს კონტროლის ევროპული სტრატეგიის[4] (ESTC) ფარგლებში მოცემული მრავალი ინდიკატორის გამოყენებაა შესაძლებელი (ცხრილი 1). ცხრილი 1
აღსანიშნავია, რომ საქართველომ თამბაქოს კონტროლის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნით. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის სრულად გააზრებული თამბაქოს საზიანო ეფექტი ჯანმრთელობაზე, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გარემოსა და სხვა კუთხით, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია თამბაქოს კონტროლისადმი კოორდინირებული მულტისექტორული მიდგომა, რაც ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2. თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის კონცეფცია 2.1 გამოწვევები საქართველოში თამბაქოს მოხმარების გავრცელება საგანგაშოდ მაღალია მამაკაცებს შორის, და არსებობს იმის საფუძველი, რომ თამბაქოს მოხმარების დონე მატულობს ქალებშიც, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებში. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ამას სავალალო ზემოქმედება ექნება მომდევნო დეკადების განმავლობაში, რაც გამოიწვევს ნაადრევი სიკვდილის, გაუარესებული ცხოვრების ხარისხის და საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური დანახარჯების ზრდას. ამ დროისთვის, პოლიტიკური კონსენსუსი თამბაქოს კონტროლის პრობლემის გადაჭრისათვის მიღწეულია. გარკვეული დრო იქნება საჭირო იმისათვის, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება მოწევისადმი საბოლოოდ შეიცვალოს, რადგან მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, დღემდე ეს ქცევა სოციალურად ჯერ კიდევ ფართოდ მიღებულია. საზოგადოების განათლება, ინფორმირებულობის გაზრდა და მოწევის უარყოფითი შედეგების შესახებ ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანი წინაპირობაა თამბაქოს კონტროლის წინსვლისთვის. თუმცა, 2008 წლის კვლევის შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის, სამუშაო ადგილებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევისა და თამბაქოს რეკლამის მაქსიმალური აკრძალვების შესახებ და საჯარიმო სანქციების გაზრდის საკითხებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებამ დამაიმედებელი შედეგები უჩვენა, რომლის მიხედვითაც საზოგადოების მხრიდან მოწევისა და თამბაქოს რეკლამის აკრძალვის მიმართ მხარდაჭერის დონემ საშუალოდ 83% შეადგინა. ყველაზე დიდი მხარდაჭერის დონე დაფიქსირდა 56-70 წლის ასაკობრივ ჯგუფში და შეადგინა 98.2%. ყველა სახის მოწევისა და თამბაქოს რეკლამის აკრძალვას მხარს უჭერს ყოფილ და არამწეველ რესპონდენტთა 88.6%-98.9%, ხოლო ყოველდღიური მწეველების 73%-82%. ყველაზე დაბალი მხარდაჭერა დაფიქსირდა არასრულწლოვანთა ჯგუფში, რომელთა უმრავლესობა ხანდახან მწეველთა კატეგორიაში შედის 47.1%-53.9%. ანალოგიურად, 2012 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ - მოსახლეობის დამოკიდებულება თამბაქოს პროდუქტების გაყიდვების შეზღუდვის მიმართ საქართველოში უჩვენა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა თამბაქოს პროდუქტების გაყიდვების შეზღუდვის მიმართ, მაგალითად არასრულწლოვანებზე მიყიდვის აკრძალვა, ღერებით გაყიდვის აკრძალვა, თამბაქოს რეალიზაციის დაშვება თამბაქოთი მოვაჭრე ობიექტების გეოგრაფიულად დაშორებულ მანძილებზე და სპეციალურ მაღაზიებში და საჯარიმო სანქციების გაზრდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში არის მაღალი და საშუალოდ შეადგინა 85.2%. ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან გაგების, მიღების და მხარდაჭერის მოსაპოვებლად თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების უფრო ეფექტურად გატარებისთვის. 2.2 ევროკავშირთან ჰარმონიზაცია საქართველოში თამბაქოს კონტროლის საკითხი, მნიშვნელოვანი ასპექტია ევროკავშირის ქვეყნებთან ჰარმონიზაციისთვის, და ქვეყნის უპირველესი მიზნისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია ძირითადი ნაბიჯები ევროკავშირის დირექტივების და ზომების განსახორციელებლად, რაც ასევე მოიცავს ევროსაბჭოს რეკომენდაციებს. 2.3 თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვადასხვა მიდგომა საქართველოს თამბაქოს წარმოების, გაყიდვის, მოხმარების, ვაჭრობის და ფასების რეგულაციის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ათწლეულების მანძილზე ამ რეგულაციის ძირითადი მიზანი იყო საზოგადოებრივი შემოსავლების გენერაცია და თამბაქოს ადგილობრივი მომყვანების და მწარმოებლების დაცვა. რეგულაციის პროცესი თანდათანობით მიდის ჯანმრთელობაზე თამბაქოს მოხმარების მავნე ზეგავლენის შემცირებისკენ. არსებული გამოცდილებით, მიზანშეწონილია თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის განვითარება შემდეგი მიმართულებით: მისი ყოვლისმომცველობა და მულტისექტორულობა, მდგრადობა და პროგრესულობა, დანერგვის პროცესის ხანგრძლივობა, გავლენა თამბაქოს მოხმარების, მათ შორის პასიური მწეველობის გავრცელებაზე, თამბაქოს პოლიტიკის განსაზღვრის და განხორციელების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიის დაუშვებლობა და მათი ინტერესების ნებისმიერი სახით გატარების მიუღებლობა. თამბაქოს კონტროლის ევროპის სტრატეგიაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სამ სხვადასხვა მიდგომას გამოყოფს: 1. მიდგომა, რომელიც მთლიანობაში სუსტ გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარებასა და გარემოში თამბაქოს კვამლის გავრცელებაზე; 2. შუალედური, გარდამავალი მიდგომა; 3. მიდგომა, რომელიც მთლიანობაში ძლიერ გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარებასა და გარემოში თამბაქოს კვამლის გავრცელებაზე; ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის მიზანი სადღეისოდ სუსტი ეტაპებიდან გარდამავალ და ძლიერ მიდგომაზე გადასვლა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვანი აღსრულებაა. 3. მოქმედებათა სტრატეგიული ჩარჩო სტრატეგიული ჩარჩო განსაზღვრავს სფეროებს, რომლებშიც უნდა განხორციელდეს მოქმედება თამბაქოს კონტროლის გასაძლიერებლად. სამოქმედო გეგმაში, თითოეული სფეროს მიხედვით დეტალურად იქნება გაწერილი კონკრეტული აქტივობები, მათზე პასუხისმგებელი ორგანოებით და შესრულების ვადებით[5]. 3.1 თამბაქოს მოთხოვნის შესამცირებელი ღონისძიებები 3.1.1. სატარიფო და საგადასახადო ზომები თამბაქოს პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს ჯანდაცვის ამოცანების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ და ამ მიზნით დამატებით იქნება შესწავლილი და გაანალიზებული თამბაქოს პროდუქტებზე ფასის მატების მიზნით გადასახადების თანდათანობითი გაზრდის შესაძლებლობები, შემუშავდება და დაინერგება ოპტიმალური მიდგომები კონვენციისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. 3.1.2 არასატარიფო ზომები არასატარიფო ზომების გატარების მნიშვნელობის აღიარებით, ეფექტური საკანონმდებლო და სხვა სახის ზომები იქნება მიღებული და გატარებული იმისათვის, რომ განხორციელდეს შემდეგი აქტივობები (პუნქტები 3.1.3 -დან 3.1.9-მდე) 3.1.3 გარემოში არსებული თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან დაცვა ცნობილია, რომ გარემოში არსებული თამბაქოს კვამლი მავნებელია ჯანმრთელობისთვის და ხელს უწყობს ნაადრევი სიკვდილის, დაავადებების და უნარშეზღუდულობის განვითარებას. თამბაქოს მეორადი კვამლისგან დაცვა შესაძლებელია: · საზოგადოების თავშეყრის ყველა ადგილის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სამუშაო ადგილების ჩათვლით, რამდენადაც ეს შესაძლებელია მოწევის მაქსიმალური აკრძალვის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება და განხორციელება; · სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწევის სრული აკრძალვის აღსრულება; · ჯანდაცვის დაწესებულებების შენობებსა და რამდენადაც ეს შესაძლებელია მიმდებარე ტერიტორიებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწევის მაქსიმალური აკრძალვის აღსრულება; · მოწევის მაქსიმალური აკრძალვის შემოღება დახურულ ტიპის შენობებში. · მოწევის ნაწილობრივი აკრძალვა დახურული ტიპის რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში[6]; · „მეორადი კვამლის“, როგორც კარცინოგენული ნივთიერების, შეტანა კლასიფიკატორის სიაში, ზემოხსენებული აკრძალვებისა და დამცველობითი ზომების განხორციელების ხელშეწყობისთვის; 3.1.4. თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობების რეგულაცია უზრუნველყოფილი იქნება, რომ თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან აღსრულებული იყოს თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის ტესტირების, გაზომვის და რეგულაციის კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების ადეკვატური შესრულება. უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება და კანონი რეგულარულად განახლდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 3.1.5. თამბაქოს პროდუქტებზე ინფორმაციის გამოსახვის შესახებ რეგულაცია სავალდებულო იქნება, რომ თამბაქოს კომპანიებმა პროდუქციაზე გამოსახონ ინფორმაცია თამბაქოში შემავალი ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი აირის შესახებ. უზრუნველყოფილი იქნება თამბაქოს პროდუქტებსა და მათ გამონაბოლქვში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამჟღავნება. 3.1.6. თამბაქოს პროდუქტების შეფუთვა და მარკირება გაძლიერდება კანონმდებლობა თამბაქოს პროდუქტებზე ჯანმრთელობის გაფრთხილებების დატანის შესახებ : · ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის გამაფრთხილებელი ნიშნების მიერ თამბაქოს პროდუქტებზე დაკავებული ფართობის ზომა (30%-დან - 80% მდე); · სავალდებულო გახდება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პიქტოგრამული გამოსახულებების დატანა თამბაქოს პროდუქტებზე; · უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის მაქსიმალური დაცვა თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე შეცდომაში შემყვანი წარწერებისა და დიზაინისაგან; კერძოდ სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის დასახელება, მისი შეფუთვის ან / და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ, ასევე არ იქნება გამოყენებული საქართველოს სახელმწიფო ან / და რომელიმე უცხოურ ენაზე რაიმე ისეთი სიტყვა, სავაჭრო ნიშანი ან გამოსახულება, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შექმნის არასწორ წარმოდგენას თამბაქოს ნაწარმის ნაკლებ მავნებლობაზე სხვა ნაწარმთან შედარებით. ზოგიერთი ასეთი სიტყვაა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“.; 3.1.7. განათლება, კომუნიკაცია, ტრენინგი და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შესაბამისი ზომები გატარდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის სრული ინფორმირებულობა თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე, ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალების გამოყენება მიიჩნევა შესაფერისად და ეფექტურად. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში შესული იქნება ყოვლისმომცველი, ხელმისაწვდომი და ეფექტური პროგრამები, რომლებიც მინიმუმ უნდა უზრუნველყოფდეს: · ინფორმაციის მიწოდებას თამბაქოს მოხმარებასთან და მეორად კვამლის ზეგავლენასთან ასოცირებული ჯანმრთელობის რისკების შესახებ და თამბაქოს ნარკოტიკული თვისებების შესახებ; · განათლებას მოწევისთვის თავის დანებების და თამბაქოსგან თავისუფალი ცხოვრების სარგებლის შესახებ; · თამბაქოს ინდუსტრიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ფართო სპექტრის გაზიარებას; · თამბაქოს კონტროლის საკითხებში ჯანდაცვის მუშაკების, პატრულის თანამშრომლების, სოციალური მუშაკების, მედიის წარმომადგენლების, მასწავლებლების, გადაწყვეტილების მიმღებების, ადმინისტრატორების და სხვა დაინტერესებული მხარეების სისტემატურ ტრენინგებს; · თამბაქოს კონტროლის ინტერსექტორული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში ისეთი საჯარო და კერძო სექტორის სააგენტოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან თამბაქოს ინდუსტრიას ან არ არიან მასთან დაკავშირებული; · ჯანმრთელობაზე, ეკონომიკასა და გარემოზე თამბაქოს წარმოების და მოხმარების მავნე ზემოქმედების შესახებ გაფრთხილებებს. 3.1.8 თამბაქოს რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა დამტკიცებულია, რომ თამბაქოს პროდუქციაზე რეკლამის სრულფასოვანი აკრძალვა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარების დონის შემცირებაზე. ღონისძიებები მიმართული იქნება არსებული კანონმდებლობის დახვეწისკენ, ცვლილებების შეტანისკენ და მათი განხორციელებისკენ, რაც მოიცავს: · თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარების პირდაპირ და არაპირდაპირ რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის ყველა საშუალებებით, მათ შორის ინტერნეტით რეკლამის, აკრძალვას; · თამბაქოს ინდუსტრიის მიერ ყველა სახის სახალხო ღონისძიების (ფესტივალები, სპორტული შეჯიბრებები, სასკოლო ღონისძიებები, ბაზრობები, კონცერტები და ა.შ.) ან მათი მონაწილეების სპონსორობის აკრძალვას, ჩარჩო-კონვენციის შესაბამისად; · ყველა სახის რეკლამის აკრძალვას, რომელიც პოპულარიზაციას უწევს თამბაქოს პროდუქტებს ისეთი გზით, რომლებიც არის მცდარი, შეცდომაში შემყვანი და იმის ალბათობის მტარებელი, რომ შექმნას ცრუ წარმოდგენა თამბაქოს პროდუქტების მახასიათებლების, ჯანმრთელობის რისკების, ეფექტების ან გამონაბოლქვის შესახებ; · თამბაქოს პროდუქციის შეძენის წამახალისებელი ინიციატივების გამოყენების აკრძალვას. კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი საჯარიმო სანქციები გატარდება. 3.1.9 თამბაქოზე მოთხოვნის დაწევის ზომები, თამბაქოზე დამოკიდებულებასთან და მოწევის შეწყვეტასთან დაკავშირებით იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოწევისთვის თავის დანებების ეფექტური ზომების და თამბაქოზე დამოკიდებულების ადეკვატური მკურნალობის განხორციელება, შემუშავდება და გავრცელდება შესაბამისი სრულფასოვანი და ინტეგრირებული სახელმძღვანელოები/გზამკვლევები. კერძოდ, გატარდება შემდეგი ღონისძიებები: · მოწევისთვის თავის დანებების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჯანდაცვის დაწესებულებებში და სპორტულ დაწესებულებებში, ამ სფეროში „საუკეთესო გამოცდილების“ გათვალისწინებით; · ჯანდაცვის მუშაკების, საგანმანათლებლო სისტემის მუშაკების, სოციალური მუშაკების ტრენინგის უზრუნველყოფა მოწევისთვის თავის დანებების მეთოდებში; · თამბაქოზე დამოკიდებულების დიაგნოსტირების, მკურნალობის და რჩევის მიცემის უზრუნველყოფა არსებული ჯანდაცვის სისტემის მეშვეობით და საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სპეციალისტების დამატებით; · ჯანდაცვის დაწესებულებებში არსებული ქსელის განვითარების ხელშეწყობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზემოთხსენებული სერვისები; · მოწევისთვის თავის დანებების არსებული ცხელი ხაზის სიმძლავრის გაზრდა; · თამბაქოზე დამოკიდებულების შემცირების/თავის დანებების ხელშეწყობა; 3.2 თამბაქოს პროდუქტების მოწოდების შემცირების ზომები 3.2.1 თამბაქოს პროდუქტებით უკანონო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით უკანონო ვაჭრობის (კონტრაბანდა, უკანონო წარმოება და გაყალბება) აღმოფხვრა თამბაქოს კონტროლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თამბაქოს პროდუქტების მარკირების მიზნით საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებას: თამბაქოს პროდუქტების არსებული მარკირების სისტემა შენარჩუნებული იყოს ისეთი სახით, რომ ადვილად ამოსაცნობი იყოს პროდუქციის წარმომავლობა. თამბაქოს პროდუქტებით უკანონო ვაჭრობა აღმოფხვრილი იქნება შემდეგი ღონისძიებების გატარებით: · თამბაქოს პროდუქტებით ვაჭრობის შესახებ მონაცემების შეგროვება (საზღვრის გადაკვეთით უკანონო ვაჭრობის ჩათვლით cross-border) და ინფორმაციის საერთაშორისო გაცვლა სხვა ქვეყნების საგადასახადო, საბაჟო და სხვა უწყებებთან; · თამბაქოს პროდუქტებით უკანონო ვაჭრობის შესახებ კანონმდებლობის გაძლიერება კონკრეტულ საჯარიმო სანქციებთან მიმართებაში; · ჩამორთმეული თამბაქოს პროდუქტების ეკოლოგიურად მიზანშეწონილი განადგურება ან განკარგვა კანონმდებლობის შესაბამისად; · რამდენადაც ეს შესაძლებელია თამბაქოს პროდუქტების წარმოებასა და დისტრიბუციაზე რეგულირების გაძლიერება კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად და თამბაქოს ნაწარმით გლობალური არალეგალური ვაჭრობისგან ქვეყნის მაქსიმალური დაცვის მიზნით; უზრუნველყოფილი იქნება სრული თანამშრობლობა სხვა რეგიონალურ მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თამბაქოს პროდუქტებით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის მიზნით. 3.2.2 არასრულწლოვანთა მიერ გაყიდვა და მათთვის მიყიდვა არსებობს შეთანხმება, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთათვის (18 წლამდე) თამბაქოს პროდუქტების მიყიდვის აღმოფხვრა. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობა გაატარებს შემდეგ ღონისძიებებს: · თამბაქოს პროდუქტის გაყიდვის პუნქტებში თვალსაჩინოდ წარმოდგენილი წარწერის მოთხოვნა, რომ თამბაქოს პროდუქტის გაყიდვა აკრძალულია არასრულწლოვანთათვის; · თამბაქოს პროდუქტების პირდაპირ ხელმისაწვდომი ადგილებიდან (მაგ: მაღაზიის თაროები, ავტომატები) გაყიდვის აკრძალვა; · ისეთი სახის ტკბილეულის ან სხვა საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო და საკვები პროდუქტის წარმოების და გაყიდვის აკრძალვა, რომლებიც ფორმით გავს თამბაქოს პროდუქტებს; · თამბაქოს პროდუქტების უფასო დისტრიბუციის აკრძალვა საზოგადოებაში; · თამბაქოს პროდუქტების გაყიდვის რეგულირება ისე, რომ პროდუქტის საცალო ზომა არ ზრდიდეს არასრულწლოვანთათვის მათზე ხელმისაწვდომობას; · ზემოთაღნიშნული ვალდებულებების აღსრულების მიზნით, არსებული კანონმდებლობის განახლება და განხორციელების უზრუნველყოფა, დარღვევის შემთხვევაში სათანადო საჯარიმო სანქციების გატარების ჩათვლით. 3.2.3 ეკონომიკურად ეფექტური ალტერნატიული საქმიანობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა თამბაქოს ზრდით დაკავებული მეწარმეებისთვის და იმ პირებისთვის ვინც თამბაქოს ინდუსტრიაში არის რაიმე სახით დასაქმებული შესაძლებლობის ფარგლებში ხელშეწყობილი იქნება ეკონომიკურად ეფექტური სხვა საქმიანობების განვითარება. 3.3 თამბაქოს მოხმარების და თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის მონიტორინგი, შეფასება და ანგარიში 3.3.1 თამბაქოს მოხმარების და მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დონის განსაზღვრის რეგულარული მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშის მომზადების დაფინანსება თამბაქოს კონტროლის მნიშვნელოვანი კომპონენტია ზუსტი და დროული ინფორმირების უზრუნველყოფა. თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის სამდივნო პასუხისმგებელი იქნება მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების და მეორადი კვამლის ზემოქმედების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების შესრულებაზე. საკმარისი თანხები იქნება გამოყოფილი, რომ ეს მონაცემები შეგროვდეს ეროვნულ დონეზე ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც. 3.3.2 ინფორმაციის გადაცემა პოლიტიკური ლიდერებისთვის, მედიისთვის და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის უზრუნველყოფილი იქნება, რომ ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის, მოხმარების და მეორადი კვამლის ზემოქმედების შესახებ, სხვა ნებისმიერ შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, სისტემატურად მიეწოდებოდეს პოლიტიკურ ლიდერებს, მედიას და ჯანდაცვის სპეციალისტებს მათთვის ხელმისაწვდომი და გამოსადეგი ფორმით. 3.3.3 თამბაქოს კონტროლის ეროვნული პოლიტიკის, მოწევის გავრცელების და ჯანმრთელობაზე მისი მავნე ზემოქმედების შესახებ ანგარიშების რეგულარული გამოქვეყნება თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის სამდივნო პასუხიმგებელი იქნება თამბაქოს კონტროლის ეროვნული პოლიტიკის, მოწევის გავრცელების და ჯანმრთელობის მისი მავნე ზემოქმედების შესახებ ანგარიშების რეგულარულად მომზადებაზე. სავალდებულო იქნება, რომ ეს ანგარიშები მოიცავდეს პროგრესის წინაღობების ანალიზს და რეკომენდაციებს ამ წინაღობების გადალახვის შესახებ. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკების და საზიანო ეკონომიკური და სოციალური ეფექტების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იქნება ყველა შესაბამისი სამინისტროსთვის, განსაკუთრებული ფოკუსირებით იმაზე თუ რა ფასი დაუჯდება ეროვნულ ეკონომიკას თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული სიკვდილობით, ავადობით და ინვალიდობით გამოწვეული ტვირთი. 3.3.4 საცალო გაყიდვების ციფრების გამოქვეყნება უზრუნველყოფილი იქნება, რომ ციფრები რომლებიც დეტალურად აღწერენ თამბაქოს პროდუქციის ვაჭრობის დონეს ყოველწლიურად იყოს გამოქვეყნებული შესაბამისი უწყების მიერ. 4. თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების იარაღები და მექანიზმები 4.1 პოლიტიკური ნების ხელშეწყობა კონკრეტული ღონისძიებები გატარდება იმისთვის, რომ თამბაქოს კონტროლის საკითხი ერთ-ერთი უმთავრესი იყოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამ მიზნით, შექმნილია თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია, რომელსაც მინიჭებული აქვს სტრატეგიის განხორციელების კოორდინაციის, ზედამხედველობის და კონტროლის მანდატი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი წამყვანი როლი უჭირავს თამბაქოს კონტროლის საკითხში, ამის გარდა, ღონისძიებების უფრო სრულფასოვნად გატარების მიზნით, უზრუნველყოფილია ფართო კოალიციის ჩამოყალიბება ყველა სამთავრობო სექტორსა და სამინისტროს შორის. 4.2 შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლება: · ისარგებლებს ყველა საერთაშორისო რჩევითა და მხარდაჭერით ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის ექსპერტიზის განვითარებისთვის, განსაკუთრებით იმ რჩევებითა და მხარდაჭერით რომლებიც ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებისთვის; · დანერგავს სატრენინგო პროგრამას თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის შემქმნელებისთვის და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, შეძლებისდაგვარად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; · ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებში და მხარს დაუჭერს მათ მიერ დაფინანსების წყაროების მოძიებას სხვადასხვა საერთაშორისო არხიდან; · ხელს შეუწყობს და მხარს დაუჭერს თამბაქოს კონტროლის ეროვნულ და საერთაშორისო კამპანიებს (29 მარტი - საქართველო თამბაქოს გარეშე, 31 მაისი - მსოფლიო თამბაქოს გარეშე და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სხვა ღონისძიებები) მედიის მონაწილეობის საშუალებით; 4.3 კოორდინაციის გაძლიერება ყველანაირი შესაძლო საშუალება იქნება გამოყენებული თამბაქოს კონტროლის მულტისექტორული ღონისძიებების პოპულარიზაციისთვის. ამ მიზნის მისაღწევად წახალისებული იქნება მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის კავშირის გაძლიერება, საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილებიდან სწავლა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა თამბაქოს კონტროლის ყველა ასპექტში. 4.4 თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება თამბაქოს კონტროლის პროგრამის მდგრადი დაფინანსება, დაფინანსების ყველა შესაძლო წყაროს, მათ შორის, საერთაშორისო დონორი სააგენტოებიდან დაფინანსების, გათვალისწინებით. ამასთან, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისთვის არავითარ შემთხვევაში არ მიიღება პარტნიორობა და დაფინანსება თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან. რა დაფინანსების წყაროც არ უნდა შეარჩიოს ხელისუფლებამ, თანხები დაიხარჯება მხლოდ შეთანხმებულ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებულია თამბაქოს კონტროლთან. იქნება იმის მცდელობა, რომ ხელმისაწვდომი ბიუჯეტი ყოველწლიურად გაიზარდოს, ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების, მოწევის პრევენციის და თავის დანებების ღონისძიებების განხორციელების დასაფინანსებლად. [1] საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოსალოდნელია, რომ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების შემთხვევაში, სათანადო ზომების აღსრულებიდან რამოდენიმე თვის ან პირველი წლების განმავლობაში საზოგადოების თავშეყრის ადგლებსა და სამუშაო ადგილებში თამბაქოს კვამლის ზემოქმედება 50%-ით ან მეტით შემცირდება, ხოლო მომდევნო წლებში სტაბილურად 1%-ით განაგრძობს შემცირებას. [3] http://www.ncdc.ge/uploads/publications/The_Alcohol_and_Other_Drug_Use_in_Georgian_Students_2009.pdf [5] ეს სექცია გადახედილი იქნება ჯანმოს საჭიროებების შეფასების მისიის შესრულების შედეგად გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით [6] 2013-14 წლებში ჩატარდება კვლევები: 1) დახურული ტიპის რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვის მიზანშეწონილობისა და შემოღების თარიღის დასადგენად; 2) დახურული ტიპის რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვასთან დაკავშირებული ეკონომიკური გათვლები და ექსპერტული ანალიზი. კვლევების მონაცემების საფუძველზე დადგინდება დახურული ტიპის რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვის თარიღი. |
დოკუმენტის კომენტარები