დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 149 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/06/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.10.003.017314 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (17/06/2013 - 08/01/2020)
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და „სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №965 განკარგულების და „სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საკანონმდებლო რეფორმის და ტექნიკური რეგლამენტების მიღების სამთავრობო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №1140 განკარგულების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების შესახებ (შემდგომში ‑ ტექნიკური რეგლამენტი). |
მუხლი 2 |
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდეგ ბაზარზე განთავსებულ თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალ გამაცხელებლებზე (საქვაბე დანადგარზე). |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების შესახებ |
მუხლი 1 |
ეს ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლებისათვის (შემდგომში ‑ საქვაბე დანადგარი), რომლებსაც გააჩნია არანაკლებ 4 კილოვატი და არა უმეტეს 400 კილოვატი ნომინალური სიმძლავრე. |
მუხლი 2 |
ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქვაბე დანადგარი - სანთურის განყოფილებიანი კომბინირებული კორპუსი, რომელიც წვის შედეგად გამოყოფილ სითბოს გადასცემს წყალს; ბ) მოწყობილობა: - საქვაბე დანადგარის კორპუსი, რომელშიც სანთური უნდა იყოს ჩამონტაჟებული; - საქვაბე დანადგარის კორპუსში ჩასამონტაჟებელი სანთური; გ) ეფექტური ნომინალური სიმძლავრე (გამოსახული კვტ-ში) - მწარმოებლის მიერ დადგენილი მაქსიმალური თბოწარმოქმნა, როგორც ხანგრძლივი მუშაობის შედეგი, რაც შეესაბამება მწარმოებლის მიერ მითითებულ ეფექტურ სიმძლავრეს; დ) ეფექტური ნომინალური სიმძლავრე/მარგი ქმედების კოეფიციენტი (გამოსახული პროცენტებში) - თანაფარდობა წყლისათვის გადაცემულ სითბოსა და თბოწარმოქმნის სიდიდეს შორის, საწვავის მუდმივი წნევისა და თანაბარი ხარჯვის პირობებში; ე) ნაწილობრივი დატვირთვა (გამოსახული პროცენტებში) - თანაფარდობა წყვეტილად მომუშავე, ან ეფექტურ ნომინალურზე დაბალი წარმადობით მომუშავე საქვაბე დანადგარის წარმადობასა და ეფექტურ ნომინალურ წარმადობას შორის; ვ) საქვაბე დანადგარის წყლის საშუალო ტემპერატურა - შესული და გამოსული წყლის ტემპერატურების საშუალო მნიშვნელობა; ზ) სტანდარტული საქვაბე დანადგარი - საქვაბე დანადგარი, რომლის წყლის საშუალო ტემპერატურა შეიძლება შეიზღუდოს კონსტრუქციული თავისებურებებით; თ) ბუხარში ჩამონტაჟებული წყლის საქვაბე დანადგარი - ცენტრალური გათბობის სისტემის საკვები, რომელიც ბუხრის ნიშაში მონტაჟდება და წარმოადგენს უკანა საქვაბე დანადგარისა და/აირის ღუმლის ერთიანი მოწყობილობის ნაწილს; ი) დაბალტემპერატურიანი საქვაბე დანადგარი - უწყვეტი მუშაობის საქვაბე დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს 35-40°C ტემპერატურის მქონე წყლის მიწოდებას და გარკვეულ პირობებში შეიძლება წარმოქმნიდეს კონდენსატს, რომელიც, მათ შორის მოიცავს თხევად საწვავზე მომუშავე კონდენსატორულ საქვაბე დანადგარს; კ) აირის კონდენსატორული საქვაბე დანადგარი - საქვაბე დანადგარი, რომელიც ახდენს წვის აირად პროდუქტებში შემცველი წყლის ორთქლის დიდი ნაწილის უწყვეტ კონდენსაციას; ლ) საცხოვრებელ ფართში დასამონტაჟებელი საქვაბე დანადგარი - 37 კვტ-ზე ნაკლები ეფექტური ნომინალური წარმადობის საქვაბე დანადგარი, რომლის დანიშნულებაა საცხოვრებელი ფართის გათბობა. ცხელი წყლის მოწოდება ხდება ბუნებრივი (გრავიტაციული) ცირკულაციის გამოყენებით; ასეთი საქვაბე დანადგარის კორპუსზე გარკვევით უნდა იყოს მინიშნება, რომ იგი საცხოვრებელი ფართისთვის არის განკუთვნილი. |
მუხლი 3 |
1. ამ ტექნიკური რეგლამენტით არ რეგულირდება შემდეგი ობიექტები:
ა) ცხელი წყლის საქვაბე დანადგარები, რომლებსაც სხვადასხვა საწვავზე შეუძლიათ მუშაობა, მათ შორის, მყარ საწვავზე; ბ) მომენტალური წყლის გამაცხელებელი მოწყობილობა; გ) საქვაბე დანადგარი, რომელიც მუშაობს ისეთ საწვავზე, რომლის თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება გაყიდვაში არსებული თხევადი და აირადი საწვავების თვისებებისგან (ნარჩენი საწარმოო გაზი, ბიოგაზი და სხვ.); დ) ღუმელები და მოწყობილობა, რომლებიც იმ ნაგებობის გასათბობად არის შექმნილი, რომელშიც იგი მონტაჟდება და რომელთა დამატებით ფუნქციას ცხელი წყლის მიწოდება წარმოადგენს, როგორც ცენტრალური გათბობისთვის, ასევე სანიტარული დანიშნულებისთვის; ე) მოწყობილობა, რომელთა ნომინალური სიმძლავრე 6კვტ-ზე ნაკლებია, მუშაობს ბუნებრივი ცირკულაციით და განკუთვნილია მხოლოდ სანიტარული ცხელი წყლის მისაღებად; ვ) კოგენერაციის (სითბოსა და ელექტროენერგიის ერთდროული გამომუშავების) მოწყობილობები, თბო-ელექტრო მომარაგების სისტემებში გამოსაყენებელი ობიექტები როგორებიცაა: ორთქლის ტურბინები, გაზის ტურბინები, შიდა წვის ძრავები და ა.შ; ზ) არასერიული წარმოების საქვაბე დანადგარი. 2. ორმაგი ფუნქციის მქონე საქვაბე დანადგარების შემთხვევაში, როგორიც შეიძლება იყოს ფართის გათბობა და სანიტარული ცხელი წყლის წარმოქმნა, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ეფექტურობის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ მათ გამათბობელ ფუნქციებზე. |
მუხლი 4 |
არ შეიძლება აიკრძალოს ან შეიზღუდოს იმ მოწყობილობებისა და საქვაბე დანადგარების ბაზარზე განთავსება ან ექსპლუატაცია, რომლებიც ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და რომლებზეც დატანილია შესაბამისობის ნიშანდება. |
მუხლი 5 |
1. საქვაბე დანადგარები უნდა აკმაყოფილებდნენ ეფექტურობის მოთხოვნებს:
ა) ნომინალურ სიმძლავრეზე დატვირთვისას, Pn რომელიც გამოსახულია კვტ-ში, როდესაც წყლის საშუალო ტემპერატურა არის 70 0C, და ბ) ნაწილობრივი დატვირთვისას (30%-იანი დატვირთვისას) წყლის საშუალო ტემპერატურაზე, რომელიც განსხვავებულია საქვაბე დანადგარის ტიპის მიხედვით. ეფექტური სიმძლავრის მოთხოვნები წარმოდგენილია ცხრილში:
2. საქვაბე დანადგარები, რომლებიც შეესაბამებიან ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის საქართველოს სტანდარტებს, უნდა ჩაითვალოს, რომ აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. ასეთ საქვაბე დანადგარებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია. 3. სერიული წარმოების საქვაბე დანადგარის შესაბამისობა დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული: ა) საქვაბე დანადგარის ნიმუშის გამოცდით; ბ) დამტკიცებული ნიმუშისადმი შესაბამისობის დეკლარაციით C, D და E მოდულების მიხედვით. 4. მოწყობილობას ბაზარზე განთავსებისას უნდა გააჩნდეს შესაბამისობის ნიშანდება და შესაბამისობის დეკლარაცია. 5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის ნიშანდება საქვაბე დანადგარებზე უნდა გაკეთდეს თვალსაჩინო ადგილას, გარკვევით და ისე, რომ არ წაიშალოს. აკრძალულია ამ პროდუქტებზე შეცდომაში შემყვანი ნებისმიერი სხვა მარკის, ნიშნის ან აღნიშვნის გაკეთება, რომლებიც შესაბამის ნიშანდებაში არევას გამოიწვევს როგორც მნიშვნელობით, ასევე გარეგნულად. 6. როდესაც შესაბამისობის შემფასებელი პირი აღმოაჩენს, რომ შესაბამისობის ნიშანდება არასათანადოდაა დატანილი, მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია საქვაბე დანადგარი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
დანართი მოდული B პროდუქტის ნიმუშის (ტიპის) შესაბამისობის შეფასება
1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომლის საშუალებითაც შესაბამისობის შემფასებელი პირი იკვლევს და ადასტურებს, რომ განსახილველი პროდუქტის წარმოდგენილი ნიმუში შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. ნიმუშის (ტიპის) გამოცდის შესახებ განაცხადი მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარედგინება თავისი შეხედულებისამებრ შერჩეულ ერთ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ‑ მწარმოებლის დასახელებას, მისამართს და თუ განაცხადი წარდგენილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ასევე, მის სახელს და მისამართს; ‑ მითითებას იმის შესახებ, რომ იგივე განაცხადით არ მიუმართავს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისათვის; ‑ ამ მოდულის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ ტექნიკურ დოკუმენტაციას. განმცხადებელმა შესაბამისობის შემფასებელ პირს მოთხოვნის შესაბამისად, უნდა წარუდგინოს პროდუქტის ნიმუში, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ტიპი“. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება შემდგომში კიდევ მოითხოვოს ნიმუშები, თუ საგამოცდო პროგრამა ამას მოითხოვს. 3. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს საქვაბე დანადგარების ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას. რამდენადაც ეს ექვემდებარება ამგვარ შეფასებას, ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა ფარავდეს, პროექტს, წარმოებას, ექსპლუატაციას და უნდა შეიცავდეს: ‑ „ტიპის“ საერთო აღწერას; ‑ კომპონენტების, ქვესისტემების, წრედების, და ა. შ. პროექტს, საწარმოო ნახაზებსა და დიაგრამებს; ‑ აღნიშნული ნახაზებისა და დიაგრამების, აგრეთვე, პროდუქტის ექსპლუატაციის აღწერასა და განმარტებებს; ‑ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების სიას მთლიანად ან ნაწილობრივ და იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალს, რომლებიც მიღებულია ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როდესაც მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტები არ იქნა გამოყენებული; ‑ საპროექტო გაანგარიშების შედეგებს, ჩატარებულ შემოწმებებს და ა. შ; - გამოცდების ანგარიშებს. 4. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა: 4.1. შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია, შეამოწმოს, რომ ,,ტიპი“ წარმოებულია მასთან შესაბამისობაში და განსაზღვროს კომპონენტები, რომლებიც დაპროექტებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების სათანადო დებულებების შესაბამისად, აგრეთვე ისინი, რომლებიც დაპროექტებულია აღნიშნული სტანდარტების დებულებების გამოყენების გარეშე. 4.2. ჩაატაროს ან ჩაატარებინოს სათანადო შემოწმებები და აუცილებელი გამოცდები, რათა შემოწმდეს, მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აკმაყოფილებს თუ არა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, როდესაც იგი გადაწყვეტს, რომ არ იქნეს გამოყენებული ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული სტანდარტები. 4.3. ჩაატაროს ან უზრუნველყოს სათანადო შემოწმებებისა და აუცილებელი გამოცდების ჩატარება, იმისათვის, რომ დაადგინოს სწორად გამოიყენა თუ არა მწარმოებელმა შესაბამისი სტანდარტები ან/და სხვა ტექნიკური დოკუმენტები თუ მან გადაწყვიტა ასეთი დოკუმენტების გამოყენება. 4.4. შეათანხმოს განმცხადებელთან შემოწმებების და აუცილებელი გამოცდების ჩატარების ადგილი. 5. როდესაც პროდუქტის ,,ტიპი“ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა გასცეს ,,ტიპის“ სერტიფიკატი („ტიპის“ სერტიფიკატი შესაძლოა გაიცეს - შესაბამისობის სერტიფიკატის ან ინსპექტირების სერტიფიკატის სახით) განმცხადებლის სახელზე. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სახელწოდებასა და მისამართს, შემოწმებების დასკვნებსა და დამტკიცებული ,,ტიპის“ იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს. ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისი ნაწილების ნუსხა სერტიფიკატს დანართის სახით უნდა დაერთოს და ასლი შესაბამისობის შემფასებელ პირთან უნდა ინახებოდეს. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი უარს ამბობს ,,ტიპის“ სერტიფიკატის გაცემაზე, მან თავისი უარის მიზეზები წერილობით დეტალურად უნდა აუხსნას მწარმოებელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მასში გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასაჩივრების პროცედურები. 6. საქვაბე დანადგარების ყველა მოდიფიკაციის შესახებ, განმცხადებელმა უნდა აცნობოს იმ შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელსაც გადაეცა დოკუმენტაცია ტიპის სერტიფიკაციისათვის. ასეთი მოდიფიკაციები საჭიროებს დამატებით დამტკიცებას მაშინ, როცა საფრთხე შეიძლება შეექმნას საქვაბე დანადგარის, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ან საქვაბე დანადგარის ექსპლუატაციის დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. დამატებითი დამტკიცება გაცემული უნდა იყოს ტიპის სერტიფიკატის დამატების ფორმით. 7. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აწვდის შესაბამის სფეროში მოქმედ, სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირს სათანადო ინფორმაციას იმ ,,ტიპის“ სერტიფიკატების შესახებ, რომლებიც გაუქმდა ან რომელთა გაცემაზეც უარი ეთქვა განმცხადებელს და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელი ,,ტიპის“ სერტიფიკატებიც გაიცა. 8. სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს შეუძლიათ მიიღონ ,,ტიპის“ სერტიფიკატების ასლები და/ ან მათი დამატებები. სერტიფიკატების დანართები ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამის სფეროში მოქმედი სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირებისათვის. 9. მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, საქვაბე დანადგარის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან სულ ცოტა ათი წლის განმავლობაში უნდა ინახავდეს ,,ტიპის“ სერტიფიკატებსა და მათ დამატებებს. როდესაც არც მწარმოებელი, და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტს, ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა არის იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელმაც პროდუქტი ქვეყნის ბაზარზე განათავსა.
მოდული C პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე 1. ეს მოდული აღწერს იმ პროცედურების ნაწილს, რომელთა საშუალებითაც მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უზრუნველყოფს და ადასტურებს, რომ საქვაბე დანადგარი შეესაბამება „ტიპის“ სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, საქვაბე დანადგარის ყოველ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. 2. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა იმისათვის, რომ წარმოების პროცესი უზრუნველყოფდეს დამზადებული საქვაბე დანადგარის შესაბამისობას ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 3. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა საქვაბე დანადგარის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან ათი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი. როდესაც არც მწარმოებელი და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ არის საქართველოს რეზიდენტი, ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა არის იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელმაც პროდუქტი ქვეყნის ბაზარზე განათავსა. 4. საბოლოო შეფასების ჩატარებაზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს მწარმოებლის მიერ შერჩეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შემთხვევითი ინტერვალებით. შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს და გამოცდის მის მიერ ადგილზე აღებულ მზა პროდუქტის ნიმუშს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად ან ატარებს ეკვივალენტურ გამოცდებს ამ ტექნიკურ რეგლამენტთან პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად. თუ საქვაბე დანადგარის ერთი ან მეტი ნიმუში არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები.
მოდული D ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე 1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც მწარმოებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოდულის მე-2 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და ადასტურებს, რომ საქვაბე დანადგარი შესაბამისობაშია ტიპთან, რომელიც აღწერილია „ტიპის“ სერტიფიკატში ან პროექტის სერტიფიკატში და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, საქვაბე დანადგარის ყოველ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას უნდა ახლდეს ამ მოდულის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი. 2. მწარმოებელს უნდა გააჩნდეს დამტკიცებული და ფუნქციონირებადი ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს წარმოებას, საბოლოო შემოწმებასა და გამოცდებს ამ მოდულის მე-3 პუნქტის შესაბამისად და რომელიც ექვემდებარება ზედამხედველობას, ამ მოდულის მე- 4 პუნქტის შესაბამისად. 3. ხარისხის სისტემა 3.1. მწარმოებელმა უნდა წარუდგინოს განაცხადი მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს თავისი ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განსახილველი საქვაბე დანადგარის შესახებ სრულ სათანადო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტაციას ხარისხის სისტემის შესახებ; გ) დამტკიცებული ტიპის ტექნიკურ დოკუმენტაციას და ტიპის სერტიფიკატის ასლს. 3.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს საქვაბე დანადგარის შესაბამისობა „ტიპის“ სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება თუ დებულება უნდა იყოს დოკუმენტირებული სისტემურად და თანმიმდევრულად პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ჩანაწერების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას. კერძოდ, მასში ადეკვატურად უნდა იყოს აღწერილი შემდეგი: ‑ ხარისხის მიზნები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უფლებები, საქვაბე დანადგარის ხარისხთან მიმართებაში; ‑ წარმოების, ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის გამოყენებული მეთოდები, პროცესები და სისტემატური ღონისძიებები; ‑ შემოწმებები და გამოცდები, რომლებიც ჩატარდება წარმოებამდე, წარმოების დროს და მის შემდეგ და ასევე მათი სიხშირე; ‑ ჩანაწერები ხარისხის შესახებ, როგორებიცაა შემოწმების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების და ამ პროცებთან დაკავშირებული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ; ‑ მოთხოვნილი ხარისხის მიღწევისა და ხარისხის სისტემის ეფექტურობის მონიტორინგის საშუალებები. 3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის კომპონენტები, რომლებიც შესაბამისობაშია სათანადო ჰარმონიზირებულ სტანდარტებთან, წარმოადგენს 3.2 ქვეპუნქტში მოყვანილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრეზუმფციას. აუდიტორულ გუნდში უნდა იყოს სულ ცოტა ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება საქვაბე დანადგარის განსახილველი ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა მოიცავდეს მწარმოებლის ორგანიზაციაში საინსპექციო ვიზიტს. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს ასევე გასაჩივრების პროცედურები. 3.4. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა შეასრულოს ხარისხის სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება. მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დაამტკიცა ხარისხის სისტემა მასში მოსალოდნელი ყველა ცვლილების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს შეთავაზებული ცვლილებები და გადაწყვიტოს აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში აღწერილ მოთხოვნებს და არის თუ არა საჭირო განმეორებითი შეფასება. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან უნდა აცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 4. ზედამხედველობა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ 4.1. ზედამხედველობის მიზანია მწარმოებელის მიერ დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულების ვალდებულება. 4.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის, მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და სათავსო ადგილები და სრულად მიაწოდოს მას საჭირო ინფორმაცია, კერძოდ: ‑ დოკუმენტაცია ხარისხის სისტემის შესახებ; ‑ ხარისხის ჩანაწერები, როგორებიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ და ა. შ. 4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს პერიოდული აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელს აქვს და იყენებს ხარისხის სისტემას, და მიაწოდოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში აღნიშნულის შესახებ. 4.4. ამასთან, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება განახორციელოს მოულოდნელი ვიზიტი მწარმოებელთან. ამგვარი ვიზიტის დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ჩაატაროს ან ჩაატარებინოს გამოცდები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში და თუ ადგილზე გამოცდა იქნა ჩატარებული, გამოცდის ანგარიშიც. 5. მწარმოებელმა, საქვაბე დანადგარის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან ათი წლის განმავლობაში შესაბამისი ორგანოსათვის წარსადგენად უნდა შეინახოს: ‑ ამ მოდულის 3.1 პუნქტის „ბ“- ში განსაზღვრული დოკუმენტაცია; ‑ ამ მოდულის 3.4 პუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული ცვლილებები; ‑ შესაბამისობის შემფასებელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მოცემულია ამ მოდულის 3.3 და 3.4 პუნქტების ბოლო აბზაცებში და 4.3 და 4.4 პუნქტებში. 6. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აწვდის სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს სათანადო ინფორმაციას იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც მის მიერ არ იქნა დამტკიცებული, გაუქმდა ან სხვაგვარად შეიზღუდა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში იმის შესახებ, რომელიც დამტკიცებულ იქნა.
მოდული E ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე 1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც მწარმოებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოდულის მე-2 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და ადასტურებს, რომ საქვაბე დანადგარი შესაბამისობაშია ნიმუშთან, რომელიც აღწერილია „ტიპის“ სერტიფიკატში და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა საქვაბე დანადგარის ყოველ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას უნდა ახლდეს ამ მოდულის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი. 2. მწარმოებელს უნდა გააჩნდეს დამტკიცებული და ფუნქციონირებადი ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს წარმოებას, საბოლოო შემოწმებასა და გამოცდებს ამ მოდულის მე-3 პუნქტის შესაბამისად და დაუქვემდებაროს იგი ზედამხედველობას, ამ მოდულის მე- 4 პუნქტის შესაბამისად. 3. ხარისხის სისტემა 3.1. მწარმოებელმა თავისი ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით უნდა წარუდგინოს განაცხადი მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განსახილველი საქვაბე დანადგარის შესახებ სრულ სათანადო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტაციას ხარისხის სისტემის შესახებ; გ) დამტკიცებული ტიპის ტექნიკურ დოკუმენტაციას და ტიპის სერტიფიკატის ასლს. 3.2. ხარისხის სისტემის ფარგლებში, საქვაბე დანადგარის ყოველ ერთეულს უნდა ჩაუტარდეს შემოწმება და სათანადო გამოცდა, ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების შესაბამისად, ან ეკვივალენტური გამოცდები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სისტემატურად და თანმიმდევრულად უნდა იყოს დოკუმენტირებული პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ჩანაწერების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას უნდა იძლეოდეს. კერძოდ, მასში აღწერილი უნდა იყოს შემდეგი: ‑ ხარისხის მიზნები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უფლებები, საქვაბე დანადგარის ხარისხთან მიმართებაში; ‑ შემოწმებები და გამოცდები, რომლებიც უნდა ჩატარდეს წარმოების შემდეგ; ‑ ხარისხის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებები; ‑ ჩანაწერები ხარისხის შესახებ, როგორებიცაა შემოწმების ანგარიშები და მონაცემები გამოცდების, დაკალიბრების და ამ პროცესებთან დაკავშირებული პერსონალის კვალიფიკაციისა და დამტკიცების შესახებ და ა.შ. 3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის ელემენტები, რომლებიც შესაბამისობაშია სათანადო ჰარმონიზირებულ სტანდარტებთან, წარმოადგენს ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრეზუმფციას. აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს სულ ცოტა ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება საქვაბე დანადგარის შეფასების გამოცდილება და ტექნოლოგიის განხილვის შესაძლებლობა. შეფასების პროცედურა უნდა მოიცავდეს მწარმოებლის ორგანიზაციაში საინსპექციო ვიზიტს. გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გამოცდის დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 3.4. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა შეასრულოს ხარისხის სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება. მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დაამტკიცა ხარისხის სისტემა, მასში მოსალოდნელი ყველა ცვლილების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს შეთავაზებული ცვლილებები და გადაწყვიტოს აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში აღწერილ მოთხოვნებს და არის თუ არა საჭირო განმეორებითი შეფასება. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან უნდა აცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 4. ზედამხედველობა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ 4.1. ზედამხედველობის მიზანია მწარმოებელის მიერ დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულების გარანტირება. 4.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის, მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს წარმოების, ინსპექტირებისა და გამოცდების ეტაპები და სათავსო ადგილები, ასევე უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, კერძოდ: ‑ დოკუმენტაცია ხარისხის სისტემის შესახებ; - ტექნიკური დოკუმენტაცია; ‑ ხარისხის ჩანაწერები, როგორებიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ და ა. შ. 4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს პერიოდული აუდიტები, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი იყენებს დამტკიცებულ ხარისხის სისტემას და მიაწოდოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში. 4.4. ამასთან, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება განახორციელოს მოულოდნელი ვიზიტი მწარმოებელთან. ამგვარი ვიზიტის დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ჩაატაროს ან ჩაატარებინოს გამოცდები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში და თუ ადგილზე ჩატარებულ იქნა გამოცდა გამოცდის ანგარიშიც. 5. მწარმოებელმა, საქვაბე დანადგარის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან ათი წლის განმავლობაში, შესაბამისი ორგანოსათვის წარსადგენად უნდა შეინახოს შემდეგი დოკუმენტები: ‑ ამ მოდულის 3.1 პუნქტის „ბ“- ში განსაზღვრულ დოკუმენტაცია; ‑ ამ მოდულის 3.4 პუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული ცვლილებები; ‑ შესაბამისობის შემფასებელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მოცემულია ამ მოდულის 3.3 და 3.4 პუნქტების ბოლო აბზაცებში და 4.3 და 4.4 პუნქტებში. 6. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აწვდის სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს სათანადო ინფორმაციას იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა. |
დოკუმენტის კომენტარები