სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 04/04/2013
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
ძალაში შესვლის თარიღი 04/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 24/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.58.070.016010
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
64/37
04/04/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
010320040.58.070.016010
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2013 - 23/07/2018)

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №64/37

2013 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, 32-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 1. დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.

    2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 13 მარტის №116/42 ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ, 29, 13.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.20.013.012.884).

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია



დანართი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირებისა და სასწავლო  

პრაქტიკის გავლის  წესი


თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის პირობებს.
მუხლი 2
1. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანია კადრების მომზადება, რათა მათ შეძლონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების დამოუკიდებლად შესრულება.
2. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის  მიზნების მისაღწევად, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამ წესით რეგულირებადი ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სტაჟიორად დანიშვნით ან მის გარეშე;

ბ) სასწავლო პრაქტიკა – სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამ წესით რეგულირებული არაანაზღაურებადი საქმიანობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;

გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ინიშნება სტაჟიორად (აუდიტორ-სტაჟიორი) ან შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის გარეშე სტაჟირებაზე დაშვებული პირი, რომელიც  ამ  წესის  საფუძველზე გადის არაანაზღაურებად სტაჟირებას;

დ) პრაქტიკანტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში;

ე) კანდიდატი – პირი, რომელმაც ამ წესის შესაბამისად დადგენილ დოკუმენტებთან ერთად სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  წარადგინა განცხადება სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ.


თავი II
სტაჟირების კომისია და სამდივნო

მუხლი 4
სტაჟიორთა მიღების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იქმნება სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში - კომისია), რომლის შემადგენლობასა და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი (შემდგომში - გენერალური აუდიტორი).
მუხლი 5
1. კომისია შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისაგან.
2. კომისიის თავმჯდომარეს წარმოადგენს გენერალური აუდიტორი ან მის მიერ დანიშნული სხვა პირი.
3. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე  სხვა პირები.
მუხლი 6
1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
6. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 7
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია შეიქმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში - სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.
2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური აუდიტორი.
3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა.
მუხლი 8
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟიორი  მიიღება  კონკურსის წესით ან მის გარეშე, გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის გარეშე,  სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნით სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
4. სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა რაოდენობის ლიმიტს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.

თავი III
სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნით

მუხლი 9
1. ამ თავით გათვალისწინებული დებულება ადგენს აუდიტორ-სტაჟიორის სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. ამ თავით დადგენილი სტაჟირება ანაზღაურებადი საქმიანობაა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე აუდიტორ-სტაჟიორად დანიშვნით.
მუხლი 10
აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით);

დ) სამოტივაციო წერილი;

ე) დიპლომისა  და  ნიშნების ფურცლის ასლი;

ვ) რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;

ი) ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა.

კ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.

მუხლი 11
1. აუდიტორ-სტაჟიორთა კონკურსის წესით მიღების შემთხვევაში, გენერალური აუდიტორი გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების თაობაზე.
2. კონკურსის ჩატარების ფორმებს, პირობებს, პროგრამას, დროსა და ადგილს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.
3. კონკურსი ცხადდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის პროგრამასა და პირობებს;
ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;
გ) იმ თანამდებობის დასახელებას, რომელთა დაკავებაც შესაძლებელი გახდება კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
5. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.
მუხლი 12
1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საბუთების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ერთკვირიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან.
2. აუდიტორ-სტაჟიორთა კონკურსზე დასაშვებ პირთა შერჩევას კომისია ახორციელებს კანდიდატთა მიერ ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულად შესწავლისა და შეფასების საფუძველზე.
3. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება.
მუხლი 13
1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
2. ერთეტაპიანი კონკურსი ან კონკურსის პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს ერთი კვირისა, ხოლო რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის მომდევნო ეტაპი – წინა ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
3. აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატს კონკურსის (რამდენიმე ეტაპის შემთხვევაში – თითოეული ეტაპის) ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს 2 (ორი) დღით ადრე მაინც.
4. კომისია კონკურსის (რამდენიმე ეტაპის შემთხვევაში – თითოეული ეტაპის) დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატს შედეგებს.
5. აუდიტორ-სტაჟიორი უფლებამოსილია, კონკურსის (რამდენიმე ეტაპის შემთხვევაში – თითოეული ეტაპის) შედეგების გამოქვეყნებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგინოს საჩივარი, რომელსაც კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
6. რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის მომდევნო ეტაპზე არ დაიშვება აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წინა ეტაპს.
მუხლი 14
1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისია გამოავლენს იმ აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.
2. გენერალური აუდიტორი განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში,  აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნიშნავს აუდიტორ-სტაჟიორებად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე.
მუხლი 15
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორის სტაჟირების ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება სამი თვით. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით.
2. აუდიტორ-სტაჟიორის სტაჟირების ვადა ითვლება საერთო  შრომით სტაჟში.
3. აუდიტორ-სტაჟიორს სტაჟირების ვადით გენერალური აუდიტორის მიერ განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი.
4. გენერალური აუდიტორი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, სადაც აუდიტორ-სტაჟიორი გადის სტაჟირებას.
5. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია აუდიტორ-სტაჟიორს განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი.
6. აუდიტორ-სტაჟიორი, რომელიც სტაჟიორად დაინიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, მისი თანხმობითა და სტაჟირების ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური აუდიტორის ბრძანებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში.
7. აუდიტორ-სტაჟიორს შესაძლოა უშუალო ხელმძღვანელის მიერ განესაზღვროს სტაჟირების გავლის ინდივიდუალური პროგრამა.
მუხლი 16
1. აუდიტორ-სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატაროს აუდიტორული მოქმედებები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია აუდიტის განხორციელებასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა;
გ) უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომლებიც მოცემული სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. აუდიტორ-სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები და მითითებები;
ბ) დაიცვას თავისი საქმიანობის მარეგულირებელი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები;
გ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებითა  და მეთვალყურეობით შეასრულოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის საკითხებთან  დაკავშირებული  ცალკეული  დავალებები;
დ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად;
ე) არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა  მოვალეობების შესრულებისას.
მუხლი 17
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორ-სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაჟირების ვადით აუდიტორ-სტაჟიორებზე შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობების გაცემას, რომლის ფორმა მტკიცდება გენერალური აუდიტორის ბრძანებით.
მუხლი 18
1. უშუალო ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს აუდიტორ-სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, აუდიტორ-სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს  და,  შესაბამისად,  აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია აუდიტორ-სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
3. უშუალო ხელმძღვანელს ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საერთო წესის შესაბამისად.
მუხლი 19
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სტაჟირების ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური აუდიტორის ბრძანებით, აუდიტორ-სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს სტაჟირება და დაინიშნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური აუდიტორი, სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, აუდიტორ-სტაჟიორი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მოწმობას 3 დღის ვადაში აბარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციას.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, აუდიტორ-სტაჟიორი 3 დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ მოსამსახურეს აბარებს ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებას ან დოკუმენტაციას, რომელიც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა ან თვითონ  მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მუხლი 20
1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟირების ხელმძღვანელი ერთი თვის განმავლობაში ახორციელებს  აუდიტორ-სტაჟიორთა შეფასებას, კერძოდ:
ა) სტაჟირების შედეგებს აფასებს დადებითად;
ბ) სტაჟირების შედეგებს აფასებს უარყოფითად.
2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, აუდიტორ-სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი, რომლის ფორმა მტკიცდება  გენერალური აუდიტორის ბრძანებით.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი გენერალურ აუდიტორს წარუდგენს იმ პირთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. გენერალური აუდიტორი გასაუბრების საფუძველზე უფლებამოსილია, აღნიშნულ პირთაგან შეარჩიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასანიშნი პირები.

თავი IV
სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის გარეშე

მუხლი 21
1. ამ თავით გათვალისწინებული დებულებები ადგენენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. ამ თავით დადგენილი სტაჟირება წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არაანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სტაჟიორად დანიშვნის გარეშე.
3. ამ თავით გათვალისწინებული წესით, სტაჟირების გასავლელად სტაჟირებაზე მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.     
მუხლი 22
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამ თავით დადგენილი წესით სტაჟირების გავლის მსურველმა კანდიდატმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით);

დ) სამოტივაციო წერილი;

ე) დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა - ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან;

ვ) რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);   

ზ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი.

მუხლი 23
1. სტაჟიორთა კონკურსის წესით მიღებაზე ვრცელდება ამ წესის მე-3 თავით კონკურსის ჩატარებისათვის დადგენილი შესაბამისი რეგულაციები.
2. კანდიდატის/კანდიდატების მიერ სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
მუხლი 24
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟიორის სტაჟირების ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება სამი თვით. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით.
2. სტაჟიორს ეძლევა დროებითი საშვი, რომლის ფორმა მტკიცდება გენერალური აუდიტორის ბრძანებით.
3. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებასა და შეფასებას ახორციელებს სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც გასაუბრების შედეგებს აწვდის გენერალურ აუდიტორს.
4. გასაუბრების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
5. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი, რომლის ფორმა მტკიცდება გენერალური აუდიტორის ბრძანებით.

 

მუხლი 25
1. გენერალური აუდიტორი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, სადაც სტაჟიორი გადის სტაჟირებას.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟიორს განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი.
3. სტაჟიორი, რომელიც სტაჟიორად დაინიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, მისი თანხმობითა და სტაჟირების ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური აუდიტორის ბრძანებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში.
4. სტაჟიორს შესაძლოა უშუალო ხელმძღვანელის მიერ განესაზღვროს სტაჟირების გავლის ინდივიდუალური პროგრამა.
5. უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და კონკრეტულად განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს ვადა, მიაწოდოს მას აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი მითითებები.

 

მუხლი 26
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემოსულ დოკუმენტებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვ.), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა  და  თათბირებში;
გ) გაეცნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომლებიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს სამსახურში მომუშავეთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. სტაჟიორი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს ამ ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 27
1. სტაჟიორს უფლება აქვს, მიმართოს გენერალურ აუდიტორს ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში გადაყვანის თაობაზე.
2. გენერალური აუდიტორი სტაჟიორის   ცოდნის დონისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ.

 

მუხლი 28
1. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ასევე დაიცვას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები;
გ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად;
დ) არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი მოვალეობების შესრულებისას.
2. სტაჟირების გავლისას სტაჟიორზე ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 29
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევების, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.

 

მუხლი 30
1. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) სტაჟიორის პირადი განცხადება.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური აუდიტორი საკუთარი ინიციატივით,  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან უშუალო  ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე.

თავი V
სასწავლო პრაქტიკის გავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში

მუხლი 31
1. პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეოთხე ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი სამსახურს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) მომართვა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ბ) განცხადება სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ;
გ) CV;
დ) ფოტოსურათი.
3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება სასწავლო დაწესებულებასთან შეთანხმებით.
4. კანდიდატი გადის გასაუბრებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს გენერალური აუდიტორი.
მუხლი 32
პრაქტიკანტს უფლება აქვს:

ა) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვ.), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამსახურის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში;

გ) გაეცნოს სამსახურის სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება;

დ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.

 

მუხლი 33
პრაქტიკანტი ვალდებულია:

ა) იხელმძღვანელოს კანონმდებლობით, რომელიც აწესრიგებს სამსახურის საქმიანობას;

ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, სადაც გადის სასწავლო პრაქტიკას;

გ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი.

მუხლი 34
სამსახური პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 35
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) შეამოწმოს პრაქტიკანტის მიერ პრაქტიკის დღიურის წარმოება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) პირადად აკონტროლოს  პრაქტიკანტის საქმიანობა;

გ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მათთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით;

დ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა;

ე) ხელი შეუწყოს პრაქტიკანტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას.

მუხლი 36
1. სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის საფუძველია:
ა) სასწავლო პრაქტიკის ვადის გასვლა;
ბ) სასწავლო დაწესებულების შესაბამისი წარდგინება;
გ) პრაქტიკანტის მხრიდან სასწავლო პრაქტიკის გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების სისტემატურად  შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური აუდიტორი.