დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2374 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/09/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43(50), 21/09/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აწესრიგებს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ამასთან, განსაზღვრავს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიით ნებადართულ საქმიანობის სახეობებს და ლიცენზიის მიღებისათვის გათვა-ლისწინებული დოკუმენტებისა და პირობების დამატებით ნუსხას.
2. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია არის სპეციალური ნებართვა, რომელიც მის მფლობელს აძლევს უფლებას ეწეოდეს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობას ლიცენზიით ნებადართული სამშენებლო სახეობების ჩამონათვალის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ლიცენზია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. უცხო ქვეყნებში გაცემული ლიცენზიები საქართველოში არ მოქმედებს.
3. ამ კანონით დადგენილი წესით ლიცენზირებას ექვემდებარება საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა, რომელმაც შეიძლება განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საჯარო წესრიგს.
4. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიას დანართის სახით ერთვის ლიცენზიით ნებადართული საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სახეობების ჩამონათვალი.
მუხლი 2. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების სისტემა
1. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის სახელმწიფო ორგანოს ფუნქციები დაკისრებული აქვს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს.
2. ლიცენზირების სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებია: გასცეს, შეაჩეროს და განაახლოს სახელმწიფო ლიცენზიები და გადაწყვიტოს საორგანიზაციო საკითხები, გაწიოს კონსულტაციები, შეიმუშაოს მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტები, აწარმოოს ლიცენზიანტთა უწყებრივი რეესტრი, ოპერატიულად გამოაქვეყნოს მათი სია, შექმნას მონაცემთა ბანკი, პერიოდულად შეამოწმოს ლიცენზირებული ორგანიზაციები.
მუხლი 3. ლიცენზირებას დაქვემდებარებული საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სახეობები
საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სახეობებია:
ა) საინჟინრო-საძიებო სამუშაოები;
ბ) ქალაქთგეგმარება;
გ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება;
დ) სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობათა დაპროექტება;
ე) სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება;
ვ) ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო ობიექტების დაპროექტება;
ზ) წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების დაპროექტება;
თ) მშენებლობის პროექტების ექსპერტიზა;
ი) ისტორიისა და კულტურის ძეგლების კონსერვაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ადაპტაცია;
კ) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება;
ლ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
მ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
ნ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა;
ო) საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა;
პ) სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა;
ჟ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა;
რ) საკაბელო ხაზების, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზების, რადიოსადგურების მშენებლობა;
ს) სპეციალური ნაგებობების მშენებლობა;
ტ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა;
უ) ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა;
ფ) ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და კომუნიკაციების მონტაჟი და გასაშვებ-გამმართავი სამუშაოები.
მუხლი 4. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების წესი
1. ლიცენზიის მიღების საფუძველია:
ა) ლიცენზიის მაძიებლის განცხადება;
ბ) განცხადებული სალიცენზიო სამუშაოთა სახეობები;
გ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (ორგანიზაციის წესდება), მისამართი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – გვარი, სახელი, მისამართი;
დ) ინფორმაცია არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;
ე) დამკვეთის დასკვნა ადრე შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ვ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.
2. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის შესახებ მიიღება განცხადების შეტანიდან 30 დღის განმავლობაში.
3. ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები. ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ლიცენზია შეიძლება გაიცეს 3 წელზე ნაკლები ვადით.
4. ლიცენზია 3 წელიწადში ერთხელ საჭიროებს ხელახალ რეგისტრაციას გაცემული ლიცენზიის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.
5. უცხო ქვეყნების ფირმებზე გაიცემა ერთჯერადი ლიცენზია კონკრეტული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობისათვის.
6. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, განახლება და გაუქმება ხდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 სექტემბერი.
№2374_Iს
ძალადაკარგულია – საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2911- სსმ I, №20, 19.04.2010 წ., მუხ.112
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები