დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 486 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111223041, 26/12/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.016646 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №486
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1533) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის:
1. მე-2 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ტყეკაფის გამოყოფა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნის მასალების (ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი, ტყეკაფის პასპორტი, ტყეკაფის აბრისი UTM კოორდინატთა სისტემაში, თანდართული ელექტრონული ვერსიით – Shp-ფაილი) შესაბამისი მართვის ორგანოსათვის წარდგენა.
15. ტყეკაფის მონიშვნა – ტყეკაფის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვა, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის, ტყეკაფის პასპორტისა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის შედგენა.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „ტყეკაფის მონიშვნის“ მომსახურების საფასურის სრულად გადახდა უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა. სოციალური ჭრის ფარგლებში (გარდა მოსახლეობის ხე-ტყით უზრუნველყოფისა) „ტყეკაფის მონიშვნის“ მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ხე-ტყის დამზადების დაწყებიდან ყოველთვიურად (არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვისა) მოჭრილი ხეების მიხედვით.“.
3. მე-8 მუხლის:
ა) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ტყეკაფი გამოყოფილად ჩაითვლება ტყეკაფის მონიშვნის მასალების დადგენილი წესით მართვის ორგანოსათვის წარდგენიდან. ამასთან, ტყეკაფის მონიშვნის მასალების მართვის ორგანოში წარდგენამდე, ტყითმოსარგებლის მიერ ტყეკაფის მონიშვნის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია დადგენილი წესით, ელექტრონული ფორმით ასახული უნდა იქნეს მონაცემთა ერთიან ბაზაში. მართვის ორგანოს მიერ ხორციელდება ტყითმოსარგებლის მიერ წარდგენილი ტყეკაფის მონიშვნის მასალებისა და მის მიერ მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული შესაბამისი ინფორმაციის კამერალური შემოწმება. მათი შეუსაბამობის ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხორციელდება გამოყოფილი ტყეკაფის შემოწმება დადგენილი წესით. მართვის ორგანო უფლებამოსილია ტყეკაფის შემოწმება განახორციელოს ნებისმიერ დროს.“;
ბ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. მართვის ორგანოს მიერ სოციალური ჭრების ფარგლებში მონიშნული ტყეკაფი ითვლება გამოყოფილად. ამ შემთხვევაში ტყეკაფის მონიშვნის მასალების მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვა დადგენილი წესით ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ.“.
4. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სოციალური ჭრების ფარგლებში მოსახლეობისათვის შესაბამისი მერქნული რესურსი გაიცემა შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:
ა) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა ამ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევებისა);
ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა ამ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევებისა);
გ) ხე-ტყის დამზადების ბილეთი.“.
5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ვადა განისაზღვრება მისი გაცემიდან ორი თვით. ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადაში ხე-ტყის აუთვისებლობის შემთხვევაში პირი ხე-ტყის ათვისების მიზნით მიმართავს შესაბამის მართვის ორგანოს, რომელიც ვადაგასული ბილეთის საფუძველზე გასცემს ხე-ტყის დამზადების ახალ ბილეთს იმავე სახეობებისა (ჯიშის) და ოდენობის ხე-ტყის დამზადებისათვის (ამ შემთხვევაში ასევე შესაძლებელია შეიცვალოს ტყეკაფი). ხე-ტყის დამზადების ბილეთის შეცვლა ხორციელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, უკვე გადახდილი მოსაკრებლისა და საფასურის გათვალისწინებით.“.
6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტი
ხე-ტყის დამზადების ბილეთი ტყითმოსარგებლეზე გაიცემა ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე.“.
7. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ფორმა
ხე-ტყის დამზადების ბილეთი მოიცავს ინფორმაციას: ხე-ტყის დამზადების ბილეთის ნომრის, ტყეკაფის ნომრის, ტყეკაფის მდებარეობის, დასამზადებელი ხე-ტყის ჯიშის, ხარისხის, მოცულობის შესახებ, ასევე ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადის შესახებ. მართვის ორგანო უფლებამოსილია ხე-ტყის დამზადების ბილეთში ასახოს სხვა ინფორმაციაც.“.
8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გამცემი ორგანო
ხე-ტყის დამზადების ბილეთს გასცემს მართვის ორგანო ან/და მართვის ორგანოს მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე – სხვა პირ(ებ)ი.“.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. სოციალური ჭრის ფარგლებში ხე-ტყის დამზადების უფლების მოსაპოვებლად პირის მიერ შესაბამისი მართვის ორგანოსათვის მიმართვისას, ხე-ტყის დამზადების ბილეთი (რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა ტყითმოსარგებლეს) მართვის ორგანოს მიერ გამოიწერება შემდეგი წესით:
ა) ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში, პირმა შესაბამის მართვის ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა ამ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევებისა);
ბ) ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე პირის მიერ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი მოსაკრებლისა და ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის (მათ შორის, უნაღდო ანგარიშსწორებით) შემთხვევაში – ამ გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე;
გ) ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლისა ან/და ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის შემთხვევებში – ამ გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევებში, ასევე 2011 წლის პირველ იანვრამდე გამოყოფილ სოციალური ჭრის ტყეკაფებზე დადგენილი წესით ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის პირმა მართვის ორგანოს უნდა წარუდგინოს მხოლოდ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) „სათბობი შეშის ვაუჩერის“ წარდგენის საფუძველზე.
2. სოციალური ჭრის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები