დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 266 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110707014, 07/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.016426 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/07/2011 - 18/11/2011)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №266
2011 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას არ საჭიროებს პირის მიერ (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტებისა) მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის.“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ, მაგრამ არა უმეტეს 5 წლის ვადაში განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა. ასევე ვალდებულია, შესწავლის ვადის ამოწურვისთანავე კანონმდებლობით დადგენილი წესით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს შესწავლის მასალები და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);
ი) მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარაგების დამტკიცების შემდეგ, ლიცენზიატი ვალდებულია, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე;“.
3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).“.
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვების შემთხვევაში დამატებითი სალიცენზიო პირობებია:
ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ პუნქტით დადგენილი წესით დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;
ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება განახორციელოს ამ პუნქტით დადგენილი წესით დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;
ე) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს ლიცენზიის გამცემის საამისოდ უფლებამოსილი პირი;
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის ან ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება.“.
5. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑4 – მე‑6 პუნქტები:
„4. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაძლებელია შეიცვალოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების უფლებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის გამცემ ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება შესაბამისი არგუმენტაციით და სამუშაო პროგრამით, რომელიც უნდა მოიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მოთხოვნილი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელ ვადებში გაწერილ ქმედებებს (შესწავლის სამუშაოებს). ლიცენზიის გამცემი ორგანო იხილავს განცხადებას თანდართული მასალებით და დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში საკითხს საქართველოს მთავრობაში განსახილველად წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. საქართველოს მთავრობის მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში და გასცემს ახალ სალიცენზიო მოწმობას, ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა ექვემდებარება ლიცენზიის გამცემისათვის დაბრუნებას. პროგრამა წარმოადგენს სალიცენზიო პირობას.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 5 წელს, ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში.“.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიის მფლობელებმა, რომლებიც ახორციელებენ მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვებას, უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულება 2011 წლის 1 სექტემბრამდე.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები