მეფუტკრეობის შესახებ

  • Word
მეფუტკრეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 05/06/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340.080.000.05.001.001.082
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1464
18/05/2002
სსმ, 16, 05/06/2002
340.080.000.05.001.001.082
მეფუტკრეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

მეფუტკრეობის შესახებ

თავი I.

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია მსოფლიოში აღიარებული, უნიკალური ქართული ფუტკრის დაცვა, ხალასჯიშიანი მოშენება და სელექციური სრულყოფა.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია ფუტკრის პროდუქციის წარმოების სტიმულირება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და სხვა მცენარეების დამტვერვაში ფუტკრის ეფექტიანად გამოყენება, მეფუტკრეობაში დასაქმებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

3. საქართველოს კანონმდებლობა მეფუტკრეობის შესახებ შედგება ამ კანონისა და სხვა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მეფუტკრეობაში დასაქმებულ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირზე.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფუტკრის ოჯახი – ბიოლოგიური და სამეურნეო ერთეული, რომელიც წარმოდგენილია მუშა ფუტკრებით, ერთი განაყოფიერებული დედა ფუტკრით, მამრი ფუტკრებით, ფიჭითა და საკვები თაფლის გარკვეული ოდენობით წლის დროის მიხედვით;

ბ) დედა ფუტკარი – მდედრობითი სქესის ფუტკარი, რომელსაც განვითარებული აქვს სასქესო ორგანოები;

გ) ფუტკრის ამანათნაყარი – ფუტკრის ოჯახის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ ამანათყუთში;

დ) ფუტკრის ბუნებრივი ნაყარი – ფუტკრის ოჯახის ნაწილი, რომელიც ბუნებრივად გამოეყო ოჯახს;

ე) სტაციონარული საფუტკრე – საფუტკრე, რომელსაც არ უცვლიან სადგომ ადგილს;

ვ) მომთაბარე საფუტკრე – საფუტკრე, რომელსაც სეზონურად უცვლიან სადგომ ადგილს;

ზ) ფუტკრის პროდუქტების მწარმოებელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს ფუტკრის ოჯახები და აწარმოებს ფუტკრის სასაქონლო პროდუქციას;

თ) ხალასჯიშიანი მოშენება – ერთი და იმავე ჯიშის ფუტკრის მოშენება;

ი) აღწარმოება – საფუტკრეების შევსების ან გაფართოების მიზნით ფუტკრის ოჯახის, დედა ფუტკრისა და ფუტკრის ამანათნაყარის გამრავლება;

კ) ენტომოფილური მცენარეები – მცენარეები, რომელთა დამტვერვაშიც მონაწილეობენ მწერები;

ლ) ფუტკრის პოპულაცია – გარკვეულ არეალში გავრცელებული ფუტკრის ჯიშის ნაწილი;

მ) სერტიფიკატი – ფუტკრის წარმოშობის, სხვა სანაშენე თვისებებისა და ფუტკრის პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი საბუთი;

ნ) ფუტკრის სანაშენე პროდუქცია – ფუტკრის ჯიშის აღწარმოებისათვის განკუთვნილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამანათნაყარი, სპერმა, ჭია და კვერცხი;

ო) ფუტკრის პროდუქცია – ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამანათნაყარი, სპერმა, ჭია, კვერცხი, თაფლი, ცვილი, ფუტკრის რძე, დინდგელი, შხამი და მისი კომპონენტები, ყვავილის მტვერი;

პ) ეპიზოოტია – განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დროის გარკვეულ მონაკვეთში ცხოველებში საშიში ინფექციური დაავადებების მასობრივად გავრცელება.

თავი II.

ქართული ფუტკრის შენარჩუნება და დაცვა

    მუხლი 4. ქართული ფუტკრის შენარჩუნება

1. ქართული ფუტკრის ჯიშის სიწმინდის შესანარჩუნებლად აკრძალულია სხვა ქვეყნიდან ფუტკრის ოჯახის, დედა ფუტკრისა და ფუტკრის ამანათნაყარის შემოყვანა, სპერმის, ჭიისა და კვერცხის შემოტანა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული ან გაყვანილი ფუტკრის უკან დაბრუნება.

2. საქართველოს ფარგლებში ფუტკრის პოპულაციების გავრცელების არეალის შესაბამისად იქმნება აღკვეთილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. ფუტკრის სამთაბარო ადგილების დაცვა

ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სხვადასხვა ობიექტებს ან ახდენს მათ რეკონსტრუქციას, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, ასრულებს სამელიორაციო, მიწის, მრავალწლიანი ნარგავებისა და ტყის მასივების სამეურნეო გამოყენების და სხვა სახის სამუშაოებს, რაც უარყოფითად მოქმედებს ფუტკრის სამეურნეო ფუნქციონირებაზე, ვალდებულია ფუტკრის ნორმალური საარსებო პირობების შესანარჩუნებლად განახორციელოს ღონისძიებები იმ ნაკვეთებისა და თაფლოვანი მცენარეების ხელშეუხებლობისა და შემდგომი გაშენების უზრუნველსაყოფად, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ფუტკრის შენარჩუნებისა და მისი აქტიური ცხოველქმედებისათვის.

    მუხლი 6. ფუტკრის დაცვა სასოფლო და სატყეო მეურნეობებში ქიმიური საშუალებების გამოყენების დროს

1. სასოფლო და სატყეო მეურნეობებში ქიმიური საშუალებების გამოყენება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაშვებული ნივთიერებების ჩამონათვალის შესაბამისად, ფუტკრის დაცვის წესების გათვალისწინებით.

2. მცენარეთა დაცვის სახელმწიფო დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც მცენარეთა დასამუშავებლად იყენებენ ქიმიურ საშუალებებს, შეწამვლის დაწყებამდე 5 დღით ადრე წერილობით და ადგილობრივი პრესის საშუალებით აცნობებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამის ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, აგრეთვე იმ მეფუტკრეებს, რომელთა საფუტკრეებიც განთავსებულია შესაწამლი ტერიტორიიდან არანაკლებ 7 კილომეტრში. ცნობაში უნდა მიეთითოს გამოსაყენებელი ქიმიური საშუალების სახელწოდება, მისი ტოქსიკურობა, მისგან იზოლაციის წესები და ქიმიური საშუალების ტოქსიკური მოქმედების ვადები.

    მუხლი 7. ფუტკრის დაცვა სატყეო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროს

სატყეო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროს აკრძალულია სატყეო მეურნეობაში თაფლოვანი მცენარეების ჭრა, გარდა იმ ღონისძიებებისა, რომლებითაც გათვალისწინებულია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, აღდგენა და კვლავწარმოების სტიმულირება.

თავი III.

მეფუტკრეობის განვითარება

    მუხლი 8. სახელმწიფოს მონაწილეობა მეფუტკრეობის განვითარებაში

1. სახელმწიფო ხელს უწყობს ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს სამეცნიერო-კვლევითი და მეფუტკრეობის სანაშენე სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანიზაციებისა და მეფუტკრეთა საზოგადოებრივი კავშირების დახმარებით კონკურენტუნარიანი ფუტკრის პროდუქციის შექმნაში.

2. მეფუტკრეობის სახელმწიფო სანაშენე და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებისათვის საჭირო სახსრები ყოველწლიურად გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეფუტკრეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესაბამისად.

3. მეფუტკრეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები შეიმუშავებენ და ახორციელებენ ადგილობრივ პროგრამებს.

4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები სატყეო მეურნეობებთან ერთად უზრუნველყოფენ სტაციონარული და მომთაბარე საფუტკრეების მფლობელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ გამოყოფას.

    მუხლი 9. საფუტკრეების განთავსება

1. საფუტკრეები უნდა განთავსდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებით, არსებული საკვები ბაზის რაციონალურად გამოყენებისა და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით, ენტომოფილური მცენარეების დამტვერვის ნორმების გათვალისწინებით.

2. აკრძალულია მეფუტკრეებს შორის შეთანხმების გარეშე მომთაბარე საფუტკრეების ერთმანეთისაგან 50 მეტრზე ახლოს, ხოლო სტაციონარული საფუტკრეებისა – 100 მეტრზე ახლოს განთავსება.

3. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაიბრუნოს საკუთარი საფუტკრიდან გამოყოფილი ბუნებრივი ნაყარი სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიწის ნაკვეთიდან, თუ ფუტკრის მფლობელი დაამტკიცებს ბუნებრივი ნაყარის წარმომავლობას.

4. უკონტროლოდ დარჩენილი ფუტკრის ბუნებრივი ნაყარი ეკუთვნის მიწის ნაკვეთის მფლობელს, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაა – მის პირველ მპოვნელს.

    მუხლი 10. ფუტკრის მთაბარობა და სადამტვერვო მომსახურება

1. ფუტკრის მთაბარობა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ ზონაში, გარდა ფუტკრის ძირითადი პოპულაციების გავრცელების კერებისა.

2. ფუტკრის სადამტვერვო მომსახურება ხორციელდება ძირითადად ენტომოფილური მცენარეებისა და ფუტკრის ოჯახის მფლობელებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფუტკრის ოჯახის სიძლიერის და დასამტვერი კულტურების ფართობების გათვალისწინებით.

3. რაიონის ტერიტორიაზე ეპიზოოტიის გაჩენის შემთხვევაში ვეტერინარული სამსახური ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად ადგენს რაიონის ტერიტორიაზე მომთაბარე საფუტკრეების განთავსების ადგილებს ვეტერინარულ-საკარანტინო ღონისძიებების გათვალისწინებით, საფუტკრეების მთაბარობისა და გადაადგილების ტრასებს.

4. ფუტკრის სამთაბაროდ მოწყობილი სატრანსპორტო მისაბმელები და პლატფორმები განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიურ მოწყობილობებს.

თავი IV.

სახელმწიფო კონტროლი მეფუტკრეობის დაცვასა და განვითარებაზე

    მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი მეფუტკრეობის დაცვასა და განვითარებაზე

1. მეფუტკრეობის დაცვისა და განვითარებისათვის ამ კანონისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები შესაბამის დარგობრივ სამსახურებთან ერთად, რომელთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სასოფლო-სამეურნეო საწარმოსა და სხვა ორგანიზაციის მიერ ქიმიური საშუალებების გამოყენების რეგლამენტისა და წესების დაცვა;

ბ) ეპიზოოტიის დროს მეფუტკრის მიერ ფუტკრის შენახვისას და მთაბარობისას საფუტკრის გადატანა-განთავსების წესების დაცვა;

გ) ვეტერინარული სამსახურის მიერ ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის სადიაგნოსტიკო, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების დროულად განხორციელება.

2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით გასცემენ სავალდებულო მითითებებს მეფუტკრის დაცვისა და ფუტკრის ოჯახის გამოყენების შესახებ;

ბ) იღებენ გადაწყვეტილებას თვითნებურად დაკავებული ტერიტორიიდან საფუტკრის გატანის თაობაზე;

გ) აჩერებენ იმ სამუშაოს, რომელიც ხელს უშლის ფუტკრის ნორმალურ განვითარებას, ქიმიური საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში წყვეტენ მათ გამოყენებას.

    მუხლი 12. მეფუტკრეობაში ვეტერინარულ-სანიტარიული და ზოოტექნიკური ზედამხედველობა

1. მეფუტკრეობაში ვეტერინარულ-სანიტარიულ და ზოოტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებენ სამინისტროს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც აკონტროლებენ და ორგანიზებას უწევენ ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სანაშენე ღონისძიებებს.

2. მეფუტკრეობაში დასაქმებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარიული და ზოოჰიგიენური ნორმები.

3. მეფუტკრეობაში ეპიზოოტიის შედეგად საკარანტინო, პროფილაქტიკური და დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. ადგილობრივი ვეტერინარული სამსახური გასცემს ცნობას ფუტკრის ჯანმრთელობის შესახებ, რომლის გარეშეც აკრძალულია საფუტკრეების გადატანა და მთაბარობა ვეტერინარული საზედამხედველო ზონის გარეთ.

თავი V.

პასუხისმგებლობა მეფუტკრეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 13. პასუხისმგებლობა მეფუტკრეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

მეფუტკრეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI.

სამეცნიერო საქმიანობა, რეგისტრაცია და სერტიფიკაცია

    მუხლი 14. მეფუტკრეობაში სამეცნიერო საქმიანობა, ახალი მიღწევების დანერგვა და საავტორო მოწმობების გაცემა

1. მეფუტკრეობაში სამეცნიერო საქმიანობას წარმართავენ მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი და შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები და ფიზიკური პირები.

2. მეფუტკრეობაში ახალი მიღწევების დანერგვა და საავტორო მოწმობების გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მეფუტკრეობაში სახელმწიფო სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ან კერძო ორგანიზაციის დაკვეთით და მისივე ფინანსური უზრუნველყოფით.

    მუხლი 15. მეფუტკრეობაში რეგისტრაცია და სერტიფიკატის გაცემა

1. მეფუტკრეობაში რეგისტრაცია და სერტიფიკატის გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამინისტროს სანაშენე საქმის უფლებამოსილი ორგანო გასცემს სარეგისტრაციო ცნობას მეფუტკრეობის საწარმოს სანაშენედ ვარგისიანობის შესახებ და ადგენს სანაშენე საწარმოთა სახელმწიფო რეესტრს.

3. აკრძალულია სამინისტროს სანაშენე საქმის უფლებამოსილი ორგანოს სერტიფიკატის გარეშე ფუტკრის სანაშენე პროდუქციის ექსპორტი.

4. საქართველოში წარმოებული ფუტკრის ყველა სახის საექსპორტო პროდუქცია ექვემდებარება სახელმწიფო სტანდარტებთან ხარისხის შესაბამისობის სავალდებულო სერტიფიცირებას.

5. აკრძალულია ვეტერინარული და ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე ფუტკრის პროდუქციის შემოტანა (იმპორტი).

6. დედა ფუტკარი და ფუტკრის ამანათნაყარი, რომლებსაც არა აქვთ ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი, არ ჩაითვლებიან სანაშენედ.

თავი VII.

საერთაშორისო თანამშრომლობა

    მუხლი 16. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. საქართველო მხარს უჭერს მეფუტკრეობაში საერთაშორისო თანამშრომლობას.

2. მეფუტკრეობაში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.

3. ქართული ფუტკრის ხალასად შენარჩუნების, კვლავწარმოებისა და ვეტერინარული უსაფრთხოების სფეროებში საერთაშორისო ურთიერთობებისას საქართველოს წარმოადგენს სამინისტრო.

თავი VIII.

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 17. გარდამავალი დებულება

ამ კანონის მე-15 მუხლი ამოქმედდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ მეფუტკრეობის სანაშენე საწარმოს რეგისტრაციაში გატარებისა და ფუტკრის ჯიშის ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატის ფორმისა და წესების შესახებ ბრძანებების გამოცემისთანავე.

    მუხლი 18. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 18 მაისი.

№1464_რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517