საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №232/ნ „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ” ინსტრუქციისა და საავადმყოფო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №232/ნ „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ” ინსტრუქციისა და საავადმყოფო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 232/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 15/10/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 470010000.11.119.006120
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
232/ნ
06/10/2003
სსმ, 118, 15/10/2003
470010000.11.119.006120
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №232/ნ „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ” ინსტრუქციისა და საავადმყოფო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (15/10/2003 - 25/09/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.120

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება 232/ნ

2003 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 “დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ” ინსტრუქციისა და საავადმყოფო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ

“ჯანმრთელობისა დაცვის შესახებ” 1997 წლის 10 დეკემბრის საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია “დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ” (დანართი 1).

2. დამტკიცდეს საავადმყოფო ფურცლის ფორმა (დანართი 2).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ა. გამყრელიძე

დანართი 1

ინსტრუქცია

დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს იმ პირთა დროებითი შრომისუუნარობის დამადა­სტუ­რებელ დოკუმენტს, რომლებზეც ვრცელდება სოციალური დაზღვევა და გაიცემა:

ა) დაავადებით, დასახიჩრებით გამოწვეული შრომისუნარის დაკარგვის გამო;

ბ) ორსულობისა და მშობიარობის გამო;

გ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;

დ) კარანტინის გამო;

ე) შრომისუუნარობისას დროებით სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო;

ვ) პროთეზირების გამო;

ზ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობისა და სამედიცინო რეაბი­ლი­ტაც­იისათვის.

2. საავადმყოფო ფურცელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.

    მუხლი 2

1. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა:

ა) საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე და უცხოეთის მოქალაქეებზე, რომლებიც მუშაობენ საქართველოს საწარმოებში, ორგანიზაციებში და დაწესებულებებში, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმისა;

ბ) პირებზე, რომლებიც შრომისუუნარონი გახდნენ ან შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო დაეწყოთ სამუშაოდან საპატიო მიზეზით განთავისუფლების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;

გ) ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც შრომისუუნარონი გახდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ვადიანი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღიდან ერთი თვის განმავლობაში;

დ) პირებს, რომლებიც დროებით შრომისუუნარონი გახდნენ საზღვარგარეთ ყოფნისას, ან გაგზავნილი არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ, საკონსულტაციოდ, პროთეზირებისათვის, ადგილზე გაცემული შესაბამისი საბუთების საფუძველზე მიეცემათ საავადმყოფო ფურცელი საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მკურნალობის, კონსულტაციის, პროთეზირებისათვის მთელ პერიოდზე. მკვეთარდ გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლის ასაკამდე ბავშვების გამცილებლებზე საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ამავე წესით.

2. პირებს, რომლებიც შრომისუუნარონი გახდნენ არამუდმივ საცხოვრებელ ადგილზე (მივლინება, შვებულება და ა.შ.) საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ (გაუგრძელდებათ) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, ხოლო მათ მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მკურნალობის დასრულებაზე სურვილის გამოთქმის შემთხვევაში იმ დღეების გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა მუდმივ საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისათვის, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობით პაციენტს აქვს სამედიცინო დაწესებულების და ექიმის არჩევის უფლება.

3. საქართველოში ჩამოსულ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შრომისუუნარობის შემთხვევაში მიეცემათ შრომისუუნარობის დამადასტურებელი თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა.

4. საავადმყოფო ფურცლის გაცემის უფლება აქვთ შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებებს, მიუხედავად ამ დაწესებულების ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

5. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა პირის მიერ მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენისას.

6. საავადმყოფო ფურცლის გაცემა და გაგრძელება ხდება პაციენტის პირადი გასინჯვის საფუძველზე და დასტურდება სამედიცინო საბუთებში სათანადო ჩანაწერებით.

    მუხლი 3

დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზა ტარდება შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებებში ექიმის ან/და ექიმთა კომისიის (შემდგომში –- საექიმო-საკონსულტაციო კომისია) მიერ. მისი ძირითადი მიზანია დროებითი შრომისუუნარობის, მისი მომდინარეობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა, დროებითი შრომისუუნარობისა და შესაძლებლობის შეზღუდვის პრევენციული ღონისძიებების გატარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

თავი II. საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი

    მუხლი 4. საავადმყოფო ფურცლის გაცემა დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის გამო

1. დაავადების ან დასახიჩრების გამო საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღიდან შრომის უნარის აღდგენამდე ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენამდე.

2. მკურნალ ექიმს უფლება აქვს საავადმყოფო ფურცელი გასცეს ერთპიროვნულად და ერთდროულად – 10 კალენდარულ დღემდე. შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესეულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების, კაბინეტის და ა.შ.) ხელმძღვანელთან ერთად 30 კალენდარულ დღემდე, თუ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი (განყოფილება, კაბინეტი და ა.შ.) – დაწესებულების ხელმძღვანელთან (დირექტორთან) ან დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად. თუ დროებითი შრომისუუნარობა გრძელდება 30 კალენდარულ დღეზე მეტი, მას აგრძელებს საექიმო-საკონსულტაციო კომისია პაციენტის პირადი გასინჯვის შემდეგ ერთდროულად არა უმეტეს 30 დღისა.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით (ძნელად მისადგომ სოფლის, დაბის ამბულატორიებში, სადაც მუშაობს ერთი ექიმი) მკურნალ ექიმს უფლება აქვს ერთპიროვნულად გასცეს და გააგრძელოს საავადმყოფო ფურცელი, შრომისუნარის აღდგენამდე ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენამდე.

4. გამოხატული არაკეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს საექიმო-საკონსულტაციო კომისიას უფლება აქვს გააგრძელოს საავადმყოფო ფურცელი არა უმეტეს 4 თვისა, ხოლო კეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის არსებობისას, შრომისუნარის სრულ აღდგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა. ცალკეულ შემთხვევაში (ტრავმები, რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდგომი პერიოდი) – 8 თვისა, ტუბერკულოზისას – არა უმეტეს 10 თვისა, პერიოდული გაგრძელებებით ყოველი 30 დღის შემდეგ.

5. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღეს, მათ შორის უქმე დღეებზე მორიგე ექიმის მიერ. არ შეიძლება საავადმყოფო ფურცლის გაცემა გასულ დღეებზე, როცა პაციენტი არ იყო შემოწმებული ექიმის მიერ. გამონაკლის შემთხვევაში საექიმო-საკონსულტაციო კომისიის გადაწყვეტილებით საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს გასულ პერიოდზე:

ა) თუ პაციენტს სამედიცინო დახმარება გაეწია სასწრაფო დახმარების ექიმის მიერ ღამის საათებში. ასეთ შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სასწრაფო დახმარების ექიმის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე;

ბ) თუ მოქალაქე საზღვარგარეთ მივლინებით ყოფნის პერიოდში ავადმყოფობის გამო ცნობილ იქნა დროებით შრომისუუნაროდ, რაც დასტურდება ამ ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული და მივლინებაში გამგზავნი დაწესებულების მიერ დამოწმებული სამედიცინო დოკუმენტაციით;

გ) პირზე, რომელიც დროებით შრომისუუნარობის პერიოდში სამედიცინო დაწესებულების მიერ გაიგზავნა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში და ბიუროს მიერ ცნობილ იქნა დროებით შრომისუუნაროდ ან შრომისუნარიანად;

დ) თუ დადგინდა, რომ საავადმყოფო ფურცელი ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესის შესაბამისად დროულად არ გაიცა სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უყურადღებობით ან სხვა სამსახურეობრივი გადაცდომის მიზეზით.

6. პაციენტებზე, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, მკურნალი ექიმი გასცემს ღია საავადმყოფო ფურცელს და სათანადო მიმართვას მკურნალობის გასაგრძელებლად.

7. შრომისუუნარო პირები, რომლებიც იგზავნებიან კონსულტაციაზე (გამოკვლევაზე, სამკურნალოდ) საცხოვრებელი ადგილის რაიონის ფარგლებს გარეთ, საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ იმ დღეების გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა მგზავრობისათვის, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა.

8. სტაციონარიდან გამოწერისას საავადმყოფო ფურცელი გაიცემა მკურნალობის მთელ პერიოდზე. სხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან ჩამოსულებს საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ მგზავრობისათვის საჭირო დღეების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა. თუ შრომისუუნარობა გრძელდება, გაიცემა ღია საავადმყოფო ფურცელი იმდენი დღით, რამდენიც საჭიროა სამედიცინო დაწესებულებაში გამოსაცხადებლად, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა.

9. თუ შრომისუუნარობა გამოწვეულია დაავადებით ან ტრავმით, რომლის უშუალო მიზეზია არაფხიზელი მდგომარეობა (ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით თრობა), საავადმყოფო ფურცელი გაიცემა და კეთდება აღნიშვნა ამ ფაქტის შესახებ, როგორც ავადმყოფობის ისტორიაში (ამბულატორიულ ბარათში), ისე საავადმყოფო ფურცლის გრაფაში “შრომისუუნარობის სახეობა”.

10. პირებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გაგზავნილ იქნენ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე და ცნობილ იქნენ შრომისუუნაროდ, საავადმყოფო ფურცელი მკურნალი ექიმის მიერ მიეცემათ ექსპერტიზაზე მიმართვის დღიდან.

11. პირებს, რომლებიც მკურნალობენ ამბულატორიულად, ინვაზიური მეთოდით გამოკვლევის და მკურნალობის პერიოდში (ენდოსკოპიური გამოკვლევა ბიოფსიით, ქიმიოთერაპია, ჰემოდიალიზი და სხვა) საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ საექიმო–საკონსულტაციო კომისიის გადაწყვეტილებით წყვეტილად, სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების დღეებზე.

12. თუ შრომისუუნარობა დაიწყო უფასო, ან ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების დროს და ხანგრძლივად გრძელდება, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შვებულების დამთავრების დღის შემდეგ.

13. კუთვნილი შვებულების პერიოდში საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

14. საავადმყოფო ფურცელი არ გაიცემა:

ა) პირებზე, რომლებმაც დამოუკიდებლად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას საკონსულტაციოდ და არ არიან შრომისუუნარონი;

ბ) სამხედრო ვალდებულებზე და წვევამდელებზე, პირებზე, რომლებიც გადიან გამოკვლევებს სამედიცინო დაწესებულებებში, ადგილობრივი მმართველობის სამხედრო განყოფილების, საგამომძიებლო ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოს მიმართვით;

გ) სტუდენტების, ასპირანტების, დოქტორანტების, კლინიკურ ორდ­ინ­ატო­რ­ე­ბ­ის, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის მოსწავლეების – ავადმყოფობის შემთხვევაში.

დ)საქართველოში ჩამოსულ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.

15. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 14-ე პუნქტში აღნიშნულ პირებზე გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა.

    მუხლი 5. საავადმყოფო ფურცლის გაცემა ორსულობისა და მშობიარობის გამო

1. ორსულობისა და მშობიარობის გამო საავადმყოფო ფურცელი გაიცემა მეან-გინეკოლოგის მიერ (თუ ასეთი არ არის მკურნალი ექიმის მიერ) ორსულობის 30 კვირიდან ერთდროულად 126 კალენდარული დღით.

2. პათოლოგიური (გართულებული) მშობიარობისას, ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა 140 კალენდარული დღის ხანგძლივობით.

3. ნაადრევი მშობიარობისას, რომელიც მოხდა ორსულობის 30 კვირამდე, საავადმყოფო ფურცელს აძლევს ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდა მშობიარობა, 140 კალენდარული დღით – ცოცხალი ნაყოფის და 70 კალენდარული დღით, მკვდარი ნაყოფის შობის ან მშობიარობიდან პირველი 7 დღის განმავლობაში ნაყოფის სიკვდილის შემთხვევაში.

4. მშობიარობის შემდეგ დედის სიკვდილის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი მიეცემა მამას ან ბავშვის უშუალოდ სხვა მომვლელს 126 კალენდარული დღით, გამოყენებული დღეების გამოკლებით.

5. ახალშობილის შვილად აყვანისას საავადმყოფო ფურცელს გასცემს დედაზე ის სამედიცინო დაწესებულება, საიდანაც მოხდა ბავშვის გაშვილება, 56 კალენდარული დღით ბავშვის დაბადების დღიდან.

6. ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სტაციონარის მიერ იქ მოთავსების დღიდან ორსულობის ფაქტის დადგენამდე.

7. ქალებს, რომლებიც მშობიარობის შემდგომ, ბავშვის მოვლისათვის იმყოფებიან კუთვნილ ან დამატებით უხელფასო შვებულებაში, ორსულობის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ საერთო საფუძველზე, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით.

8. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა საერთო წესით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე პირველი დღიდან ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მოცემული წესების მიხედვით:

ა) თვითნებური აბორტის დროს, რომელიც მოხდა ორსულობის 22 კვირის /154 დღის/ გასვლამდე;

ბ) ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) ოპერაციისას.

    მუხლი 6. საავადმყოფო ფურცლის გაცემა ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლისათვის

1. საავადმყოფო ფურცელი ავადმყოფის მოვლისათვის გაიცემა მკურნალი ექიმის მიერ, ოჯახის ერთ-ერთ წევრზე (მეურვეზე), რომელიც უშუალოდ უვლის პაციენტს:

ა) 15 წლის ასაკის ზევით ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლისათვის, რომელიც მკურნალობს ამბულატორიულად 3 კალენდარული დღის ოდენობით, საჭიროების შემთხვევაში საექიმო-საკონსულტაციო კომისიის გადაწყვეტილებით გრძელდება 7 დღემდე;

ბ) 7 წლამდე ასაკის ბავშვის ამბულატორიული მკურნალობისას მწვავე დაავადების მიმდინარეობის მთელ პერიოდზე. ქრონიკული დაავადების გამწვავებისას – რემისიის დადგომამდე. 7 წლის ასაკის ზევით ბავშვის მოვლისათვის – არა უმეტეს 20 დღის ვადით, აუცილებლობის შემთხვევაში დანარჩენ პერიოდზე გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა;

გ) 7 წლამდე ასაკის ბავშვის სტაციონარული მკურნალობისას – მკურნალობის მთელ პერიოდზე, 7 წლის ასაკის ზევით – მოვლის საჭიროებისას, მოვლის მთელ პერიოდზე;

დ) 15 წლამდე ასაკის ბავშვების მოვლისათვის, რომლებიც დაავადებულნი არიან იმუნოდეფიციტის ვირუსით, სისხლის მძიმე დაავადებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, დამწვრობით - სტაციონარში ყოფნის მთელ პერიოდზე.

2. 3 წლამდე ასაკის ბავშვის მოვლისათვის, შვებულებაში მყოფი დედის დაავადების შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელს ბავშვის უშუალოდ მომვლელზე გასცემს 5 დღით ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მკურნალობს დედა. საავადმყოფო ფურცელი გრძელდება საექიმო-საკონსულტაციო კომისიის მიერ 30 კალენდარულ დღემდე.

3. თუ პირი შრომისუუნარო გახდა არამუდმივ საცხოვრებელ ადგილას, საავადმყოფო ფურცელი მისი მოვლისათვის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) თანხმობით, გაიცემა იმ პირზე, რომელიც უშუალოდ უვლის პაციენტს, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

4. საავადმყოფო ფურცელი ავადმყოფის მოვლისათვის არ გაიცემა:

ა) ქრონიკულ ავადმყოფებზე რემისიის პერიოდში;

გ) ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში;

ბ) მორიგი ან უხელფასო შვებულების პერიოდში.

    მუხლი 7. საავადმყოფო ფურცლის გაცემა კარანტინის დროს

1. საავადმყოფო ფურცელი კარანტინის დროს გაიცემა ექიმი ეპიდემიოლოგის ან ექიმი ინფექციონისტის მიერ, თუ ასეთი არ არის მკურნალი ექიმის მიერ:

ა) პირებზე, რომელნიც იმყოფებოდნენ კონტაქტში ინფექციურ ავადმყოფებთან და ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით არიდებულნი არიან სამუშაოს ან თვითონ არიან ბაცილმტარებლები, დღეების იმ რაოდენობით, რაც დადგენილია მოცემული ინფექციური დაავადებისათვის ან საჭიროა სანაციისათვის;

ბ) ოჯახის ერთ-ერთ წევრზე (მეურვეზე) 7 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ბავშვის მოვლისათვის, სკოლამდელ დაწესებულებებზე ან სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, კარანტინის მთელ პერიოდზე.

2. კვების პროდუქტების მწარმოებელი და გამსაღებელი ობიექტის, წყალმომარაგების და ბავშვთა დაწესებულებების მუშაკებზე გაიცემა საავადმყოფო ფურცელი, თუ მათ ჰელმინთოზი აღმოაჩნდათ, ან დაუდასტურდათ ბაქტერიომტარებლობა, დეჰელმენთიზაციის ან სანაციის მთელ პერიოდზე.

    მუხლი 8. საავადმყოფო ფურცლის გაცემა სხვა სამუშაოზე დროებით გადაყვანის დროს

პროფესიული დაავადებით ან ტუბერკულოზით დაავადებულ დროებით შრომისუუნაროებს, რომელთაც ჯანმრთელობის ზიანის მიყენების გარეშე შეუძლიათ სხვა სამუშაოს შესრულება, საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ საექიმო-საკონსულტაციო კომისიის მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არა უმეტეს 2 კალენდარული თვისა, წლის განმავლობაში.

    მუხლი 9. საავადმყოფო ფურცლის გაცემა პროთეზირებისათვის

საპროთეზო-ორთოპედიულ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციისას, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სტაციონარში ყოფნის მთელ პერიოდზე მგზავრ­ობისათვის საჭირო დღეების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა. ამბულატორიულ პირობებში პროთეზირებისათვის, საავადმყოფო ფურ­ცელი არ გაიცემა.

    მუხლი 10. საავადმყოფო ფურცლის გაცემა სანატორიულ-კურორტული მკურნალობისა და სამედიცინო რეაბილიტაციისათვის

 1. სანატორიულ-კურორტული მკურნალობის დროს საავადმყოფო ფურცელი გაიცემა მკურნალობისა და მგზავრობის მთელ პერიოდზე კუთვნილი და დამატებითი შვებულების დღეების გამოკლებით, მიუხედავად იმისა, ვის ხარჯზეა შეძენილი საგზური.

2. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სამედიცინო დაწესებულების მიერ

3. სანატორიუმში გაგზავნამდე შემდეგი საბუთების წარმოდგენისას: სანატორიულ-კურორტული ან ამბულატორიულ-კურორტული მკურნალობის საგზური, სანატორიულ-კურორტული რუქა, ადმინისტრაციის ცნობა კუთვნი­ლი და დამატებითი შვებულების ხანგრძლივობის შესახებ.

3. უშუალოდ კურორტზე საგზურის შეძენისას საავადმყოფო ფურცელი გაიცემა საექიმო-საკონსულტაციო კომისიის მიერ სანატორიუმიდან დაბრუნების შემდეგ სათანადო საბუთების წარმოდგენისას (საგზურის ტალონი, სანატორიულ-კურორტული წიგნაკი და ადმინისტრაციის ცნობა შვებულების ხანგრძლივობის შესახებ).

4. თუ პაციენტი იგზავნება სტაციონარიდან სანატორიუმში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანის, აორტო-კორონალური შუნტირების, გულის ანევრიზმის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამო ოპერაციული ჩარევის, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ ეძლევა ღია საავადმყოფო ფურცელი, რომლის გაგრძელება ხდება სანატორიუმში მკურნალი ექიმისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ მკურნალობის მთელ პერიოდზე, მორიგი შვებულების დღეების გამოკლების გარეშე, მგზავრობისათვის საჭირო დღეების გათვალისწინებით.

5. თუ პაციენტი უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებიდან იგზავნება რეაბილიტაციის ცენტრში, საავადმყოფო ფურცელს აგრძელებს ცენტრის მკურნალი ექიმი მკურნალობის ან რეაბილიტაციის მთელ პერიოდზე, დროებით შრომისუუნარობის შემთხვევაში.

6. პირებზე, რომლებიც იგზავნებიან საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების სარეაბილიტაციო კლინიკებში, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სამედიცინო დაწესებულების მკურნალი ექიმის მიერ საექიმო-საკონსულტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე მკურნალობისა და მგზავრობისათვის საჭირო დღეებზე. საჭიროების შემთხვევაში მას აგრძელებს კლინიკის მკურნალი ექიმი.

7. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის სანატორიულ-კურორტული მკურნალობისათვის გაგზავნისას, მოვლის აუცილებლობის შესახებ სამედიცინო დასკვნის არსებობის შემთხვევაში, ბავშვის ერთ-ერთ მშობელს (მეურვეს) მიეცემა საავადმყოფო ფურცელი მკურნალობის მთელ პერიოდზე მგზავრობისათვის საჭირო დღეების გათვალისწინებით.

    მუხლი 11. მოქალაქეთა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნის წესი

1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებების მიერ იგზავნებიან პაციენტები, ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის ან მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად:

ა) გამოხატული არაკეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს, მიუხედავად დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობისა, მაგრამ არა უგვიანეს 4 თვისა;

ბ) კეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს არა უგვიანეს 6 თვისა;

გ) ცალკეულ შემთხვევაში (ტრავმები, რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდგომი პერიოდი) – 8 თვისა, ტუბერკულოზისას არა უგვიანეს 10 თვისა;

დ) მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები შრომითი რეკომენდაციის შეცვლის მიზნით.

2. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი იხურება ამ სტატუსის დადგენის დღიდან.

3. პირებს, რომელთაც არ დაუდგინდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი და უგრძელდებათ დროებითი შრომისუუნარობა, საავადმყოფო ფურცელი გაუგრძელდებათ შრომის უნარის აღდგენამდე ან სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში განმეორებით გაგზავნამდე ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

4. პირებს, რომლებსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ შრომისუნარიანად ცნობის გამო არ დაუდგინდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, საავადმყოფო ფურცელი ეხურებათ ამ ბიუროს გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

5. პაციენტებს, რომლებმაც უარი განაცხადეს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში შემოწმებაზე ან არ გამოცხადდნენ ამ ბიუროში დანიშნულ ვადაში არასაპატიო მიზეზით, საავადმყოფო ფურცელი არ გაუგრძელდებათ უარის თქმის დღიდან ან სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში მიმართვის, “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მუშაობისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 1 ოქტომბრის № 271/ნ ბრძანებით დადგენილი ფორმის (№ IV-50/1) რეგისტრაციის დღიდან, რაც აღინიშნება საავადმყოფო ფურცლის გრაფაში – “აღნიშვნები რეჟიმის დარღვევის შესახებ”.

    მუხლი 12. საავადმყოფო ფურცლის გაფორმების წესი

1. საავადმყოფო ფურცლის გაცემისას ექიმი ვალდებულია პაციენტის სამედიცინო საბუთში (ამბულატორიული, სტაციონალური) ჩაწეროს საავადმყოფო ფურცლის ნომერი, გაცემის თარიღი და შემდეგი გაგრძელება.

2. საავადმყოფო ფურცლის გახსნისას, ფურცლის ზემო, ხოლო დახურვისას – ქვემო მარჯვენა კუთხეში ისმება სამედიცინო დაწესებულების ბეჭედი.

3. პირებზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან რამოდენიმე ადგილზე, მათი მოთხოვნით საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ცალ-ცალკე.

4. საავადმყოფო ფურცელში ჩანაწერები კეთდება სახელმწიფო ენაზე, გარკვევით:

ა) გრაფებში – “პირველადი”, “გაგრძელება” – სათანადოს გაესმება ხაზი, ხოლო გაგრძელებისას ახლად გაცემული საავადმყოფო ფურცლის გრაფაში – “პირველადი №”, ჩაიწერება პირველადი საავადმყოფო ფურცლის ნომერი;

ბ) გრაფაში – “გაიცა”, გაცემის დღე და თვე აღინიშნება სიტყვებით;

გ) გრაფაში – “დიაგნოზი”, ჩაიწერება დიაგნოზი, რომლის საფუძველზეც გაიცა საავადმყოფო ფურცელი;

დ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლისათვის გაცემულ საავადმყოფო ფურცელში – გრაფაში – “დიაგნოზი”, ჩაიწერება – “ავადმყოფის მოვლისათვის“;

ე) გრაფაში–”შრომისუუნარობის სახეობა”, შრომისუუნარობის სათანადო სახეობას გაესმება ხაზი; ამასთან, მშობიარობის გამო, საავადმყოფო ფურცლის გაცემისას მიეთითება მშობიარობის თარიღი, ავადმყოფის მოვლის გამო – პაციენტის ასაკი და დიაგნოზი, კარანტინის გამო – ავადმყოფობა, რომელმაც კარანტინი გამოიწვია, სანატორიულ-კურორტული მკურნალობისას – საგზურის ვადის დაწყებისა და დამთავრების თარიღები;

ვ) გრაფაში – “გაგზავნილია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში” გაგზავნის თარიღი იწერება ექიმის მიერ;

ზ) გრაფაში – “შეამოწმა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიურომ”, ჩანაწერს ახდენს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიურო;

თ) გრაფაში – “სამუშაოდან განთავისუფლება”, “რომელი რიცხვიდან” – დღე, თვე და წელი იწერება ციფრებით, ხოლო გრაფაში – “რომელ რიცხვამდე ჩათვლით” – დღე და თვე იწერება სიტყვებით;

ი) საავადმყოფო ფურცლის დახურვისას, გრაფაში – “შეუდგეს მუშაობას” – თვე და რიცხვი იწერება სიტყვებით, ხოლო საავადმყოფო ფურცლის გაგრძელების შემთხვევაში ამავე გრაფაში ჩაიწერება – “შრომისუუნარობა გრძელდება” და ახლად გაცემული საავადმყოფო ფურცლის ნომერი და სერია;

კ) სხვა სამუშაოზე დროებით გადაყვანის დროს არ შეივსება გრაფა “სამუშაოდან განთავისუფლება” და შეივსება გრაფა “გადაყვანილ იქნას დროებით სხვა სამუშაოზე”;

ლ) გრაფაში “ექიმის თანამდებობა და გვარი” მიეთითება ექიმის დაკავებული თანამდებობა და გვარი გარკვევით. გრაფაში “ექიმის ხელმოწერა” – ხელს აწერენ ექიმები, რომლებსაც ამ ინსტრუქციით ევალებათ საავადმყოფო ფურცლის გაცემისა და გაგრძელების გადაწყვეტილების მიღება.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) თანხმობით, ის საავადმყოფო ფურცელს ადასტურებს ხელმოწერით და ბეჭდის დასმით გრაფაში “ექიმის ხელმოწერა”.

6. ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევად ჩაითვლება: ამბულატორიულ მიღებაზე, საექიმო-საკონსულტაციო კომისიაზე, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულ დღეს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, ექიმთან მიღებაზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება, ექიმის ნებართვის გარეშე სხვა დასახლებულ პუნქტში წასვლა ან სამუშაოზე გასვლა, სტაციონარის ან სანატორიუმის უნებართვოდ დატოვება. რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცლის გრაფაში – “აღნიშვნები რეჟიმის დარღვევის შესახებ”, ჩაიწერება რეჟიმის დარღვევის სახე და დღეები.

7. შრომისუუნაროს, რომელიც დანიშნულ დღეს არ გამოცხადდა ექიმთან არასაპატიო მიზეზით, საავადმყოფო ფურცელი უგრძელდება ექიმთან გამოცხადების დღიდან. თუ შრომისუნარი აღდგენილია, გრაფაში – “შეუდგა მუშაობას”; ჩაიწერება – “გამოცხადდა შრომისუნარიანი”, თარიღის აღნიშვნით.

8. რეჟიმის დარღვევად არ ითვლება ჰოსპიტალიზაციაზე, სამედიცინო გამოკვლევაზე ან სამკურნალო პროცედურის ჩატარებაზე უარის თქმა.

9. საავადმყოფო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში, გაიცემა დუბლიკატი სამუშაოდან წარმოდგენილი ცნობის (რომ მოცემულ პერიოდზე დაზღვეულს დახმარება არ მიუღია) საფუძველზე. საავადმყოფო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ ჩანაწერი კეთდება სამედიცინო საბუთში (ამბულატორიული, სტაციონალური). საავადმყოფო ფურცლის დუბლიკატის გრაფაში – “სამუშაოდან განთავისუფლება”, შრომისუუნარობის ყველა დღე იწერება ერთ სტრიქონში. დუბლიკატის გაცემის თარიღი უნდა შეესაბამებოდეს დუბლიკატის შევსების თარიღს. დუბლიკატის ზემო, მარჯვენა კუთხეში აღინიშნება – “დუბლიკატი”.

10. ამა თუ იმ მიზეზით საავადმყოფო ფურცლის გაუქმების შემთხვევაში (ფურცლის დასვრა, გაფუჭება და ა.შ.) ფურცელი გადაიხაზება ჯვარედინად, მასზე დიაგონალურად იწერება, “გაუქმებულია”. გაუქმებული ფურცელი ბარდება აღრიცხვაზე და შენახვაზე პასუხისმგებელ პირს, სათანადო დავთარში კეთდება ჩანაწერი – ექიმის გვარი და ინიციალები, გაუქმებული ფურცლის ნომერი და სერია, ჩაბარების თარიღი.

11. გაუქმებული საავადმყოფო ფურცლის განადგურება წარმოებს სათანადო აქტის შედგენით სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) წერილობითი ბრძანებით.

    მუხლი 13. პასუხისმგებლობა საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის დარღვევის შემთხვევაში. გასაჩივრების წესი

1. საავადმყოფო ფურცლის უსაფუძვლოდ გაცემის, გაგრძელების ან არასწორად გაფორმებისათვის დისციპლინური ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ სამედიცინო დაწესებულებების ექიმებს.

2. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის მთელ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს (დირექტორს).

3. საავადმყოფო ფურცლის გაცემის საკითხებზე მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროები ან სასამართლო.

თავი III. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზა

    მუხლი 14. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ამოცანები და ფუნქციები

დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის, მისი მომდინარეობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა;

ბ) დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საავადმყოფო ფურცელი ან ცნობა) გაცემა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში;

გ) რეკომენდაციების გაცემა იმ დასაქმებულებზე, რომლებიც არ არიან ცნობილი შეზღუდული შესაძლებლობის პირად, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ დროებით ან მუდმივ გადაყვანას სხვა შესაფერ სამუშაოზე;

 დ) რეკომენდაციების გაცემა მოსწავლეებზე (სტუდენტებზე), რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ ფაკულტეტის შეცვლას ან სწავლის სპეციალური პირობების შექმნას;

 ე) პაციენტებისათვის სანატორიულ-კურორტული მკურნალობის საჭიროების განსაზღვრა და სანატორიულ-კურორტული რუკის გაცემა;

 ვ) პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის, შრომით დასახიჩრებასთან ან პროფესიულ დაავადებასთან დაკავშირებით პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრის ან მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად.

    მუხლი 15. მკურნალი ექიმის უფლება-მოვალეობანი

მკურნალი ექიმის უფლება-მოვალეობაა:

ა) პაციენტის სათანადო სამედიცინო გამოკვლევების საფუძველზე, ფუნქციური დარღვევის სიმძიმის ხარისხის, პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობისა და ხასიათის, პროფესიისა და სამუშაოს პირობების გათვალისწინებით პირის დროებითი შრომისუუნაროდ ცნობის შემთხვევაში გასცეს შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) გასცეს რეკომენდაცია პაციენტის სანატორიულ-კურორტული მკურნალობის, დიეტური კვების საჭიროების შესახებ;

გ) წარადგინოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების, კაბინეტის და ა.შ.) ხელმძღვანელთან ან დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) მოადგილესთან დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის დარგში, ან დაწესებულების ხელმძღვანელთან (დირექტორთან) საკონსულტაციოდ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ხანგრძლივი დროებითი შრომისუუნარობა, შემდგომი მკურნალობის, საავადმყოფო ფურცლის გაგრძელების და შრომისუნარიანობის ექსპერტიზის სხვა საკითხების გადასაწყვეტად;

დ) სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების, კაბინეტის და ა.შ.) ხელმძღვანელთან ერთად წარადგინოს საექიმო-საკონსულტაციო კომისიაზე პაციენტები სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნის საკითხის გადასაწყვეტად;

ე) სტაციონარული პაციენტის გამოწერისას სამედიცინო დაწესეულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების, კაბინეტის და ა.შ.) ხელმძღვანელთან ერთად გასცეს საავადმყოფო ფურცელი პაციენტის სტაციონარში ყოფნის მთელ პერიოდზე, ხოლო საჭიროებისას გასცეს ღია საავადმყოფო ფურცელი ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით;

ვ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით (ძნელად მისადგომ სოფლის, დაბის ამბულატორიებში, სადაც მუშაობს ერთი ექიმი) ერთპიროვნულად გასცეს და გააგრძელოს საავადმყოფო ფურცელი პაციენტის შრომისუნარიანად ცნობის ან სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნამდე;

ზ) პირველად სამედიცინო დოკუმენტაციაში შეიტანოს დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი მონაცემები (კლინიკურ-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევების, ობიექტური გასინჯვის, მკურნალობის, კონსულტაციების ჩატარების და სხვა საჭირო მონაცემები), რეკომენდირებული რეჟიმი, საავადმყოფო ფურცლის №, მისი გაცემისა და გაგრძელების, დახურვის, პაციენტის შემდგომი გამოცხადების, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნის თარიღები;

თ) შეისწავლოს და გაანალიზოს მომსახურეობის კონტიგენტს შორის დროებითი შრომისუუნარობის მდგომარეობა, მათი გამომწვევი მიზეზები. მონაწილეობა მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ი) მონაწილეობა მიიღოს საექიმო-საკონსულტაციო კომისიისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს სხდომებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

კ) მონაწილეობა მიიღოს დროებითი შრომისუუნარობისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტუალურ საკითხებზე მოწყობილ კონფერენციებში, თათბირ-სემინარებში და სხვა ღონისძიებებში.

    მუხლი 16. სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების, კაბინეტის და ა.შ.) ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობანი

1. სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების, კაბინეტის და ა.შ.) ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობაა:

ა) მიიღოს ზომები მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში (განყოფილებაში, კაბინეტში და ა.შ.) პაციენტთა სრულყოფილი გამოკვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის, დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების კანონიერების დაცვისათვის. განახორციელოს დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაფორმებისა და გაცემის წესების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) მკურნალ ექიმთან (საჭიროებისას სხვა ექიმ-სპეციალისტებთან) ერთად განიხილოს და გადაწყვიტოს პაციენტის მკურნალობისა და საავადმყოფო ფურცლის შემდგომი გაგრძელების საკითხი დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) სტაციონარული პაციენტის გამოწერისას მკურნალ ექიმთან ერთად გასცეს საავადმყოფო ფურცელი დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) კონსულტაცია გაუწიოს მკურნალ ექიმებს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკისა და შრომისუნარიანობის ექსპერტიზის საკითხების გადაწყვეტაში;

ე) მკურნალ ექიმთან ერთად წარადგინოს საექიმო-საკონსულტაციო კომისიაზე პაციენტები, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნის საკითხის გადასაწყვეტად;

ვ) პაციენტის სანატორიულ-კურორტული მკურნალობის საჭიროებისას მკურნალ ექიმთან ერთად გასცეს სანატორიულ-კურორტული რუქა სამედიცინო ჩვენებებისა და უკუჩვენებების გათვალისწინებით;

ზ) ორგანიზაცია გაუკეთოს რთულ საექსპერტო შემთხვევებისა და დაშვებული შეცდომების განხილვას ექიმთა კონფერენციებზე, თათბირ-სემინარებზე. მიიღოს ზომები დროებითი შრომისუუნარობასა და სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფის (განყოფილების, კაბინეტის და ა.შ.) ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

თ) შეისწავლოს და ანალიზი გაუკეთოს მომსახურეობის კონტიგენტის დროებითი შრომისუუნარობის მდგომარეობას და მის გამომწვევ მიზეზებს, მონაწილეობა მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში.

2. სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არ არის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი (განყოფილება, კაბინეტი და ა.შ.) სპეციალობის მიხედვით, შრომისუუნარობის ექსპერტიზის საკითხების გადაწყვეტის ფუნქცია ეკისრება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) მოადგილეს დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის დარგში, ან დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზაზე პასუხისმგებელ პირს, ან დაწესებულების ხელმძღვანელს (დირექტორს).

    მუხლი 17. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის დარგში სამედიცინო დაწესებულების, ხელმძღვანელის (დირექტორის) მოადგილის უფლება-მოვალეობანი

1. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის დარგში სამედიცინო დაწესეულების ხელმძღვანელის (დირექტორის) მოადგილის უფლება-მოვალეობაა:

ა) უზრუნველყოს ღონისძიებების შემუშავება და გატარება სამედიცინო დაწესებულებაში შრომისუუნარობის ექსპერტიზის ორგანიზაციისა და პრაქტიკული საქმიანობის სრულყოფისათვის, დანერგოს მუშაობის პრაქტიკაში თანამედროვე მეთოდები და სიახლეები;

ბ) უზრუნველყოს დაწესებულების ექიმთათვის დროებითი შრომისუუნარობის და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დარგში ნორმატიული აქტების, მეთოდური რეკომენდაციების შესწავლა და მათი შესრულება;

გ) უზრუნველყოს დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმებისა და გაცემის საფუძვლიანობა. ამ მიზნით საჭიროებისას, პირადად შეამოწმოს პაციენტები და შეისწავლოს მათი სამედიცინო დოკუმენტაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ორგანიზაცია გაუწიოს შრომისუუნარობის ექსპერტიზაში ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ატესტაციას, კონფერენციების, თათბირ-სემინარების ჩატარებას;

ე) მკურნალი ექიმის და სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების, კაბინეტის და ა.შ.) ხელმძღვანელის წარდგინებით კონსულტაცია გაუწიოს მათ და პაციენტებს დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის საკითხებში. საჭიროებისას მოიწვიოს სხვა ექიმ სპეციალისტები და მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის, საავადმყოფო ფურცლის შემდგომი გაგრძელების ან პაციენტის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნის შესახებ;

ვ) უზრუნველყოს მომსახურეობის კონტიგენტს შორის დროებითი შრომისუუნარობის, შესაძლებლობის შეზღუდვის მდგომარეობის და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა-გაანალიზება. მონაწილეობა მიიღოს შესაძლებლობის შეზღუდვის პრევენციის, სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ზ) დროებითი შრომისუუნარობის ვადების შემცირების მიზნით მიიღოს ზომები პაციენტთა სრულყოფილი გამოკვლევის, დიაგნოსტიკისა და სამედიცინო დაწესებულების მკურნალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. გამოვლენილ დარღვევებზე დასვას საკითხი ხელმძღვანელის (დირექტორის) წინაშე მუშაკთა პასუხისმგებლობის შესახებ;

თ) სისტემატიური კონტაქტი დაამყაროს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროსთან დროებითი შრომისუუნარობისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტისათვის, პაციენტთა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დაუსაბუთებულად გაგზავნის შემთხვევების თავიდან აცილებისათვის;

ი) განახორციელოს კონტროლი საავადმყოფო ფურცლის აღრიცხვიანობის, შენახვისა და განაწილების კანონიერებაზე;

კ) მიიღოს მოქალაქეები, განიხილოს მათი განცხადებები და საჩივრები დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის საკითხებზე.

    მუხლი 18. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) უფლება-მოვალეობანი

1. სამედიცინო დაწესეულების ხელმძღვანელის (დირექტორის) უფლება-მოვალეობაა:

ა) ორგანიზაციული ხელმძღვანელობა განახორციელოს დაწესებულებაში დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის საქმიანობაზე;

ბ) გამოსცეს ბრძანებები, განკარგულებები დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ორგანიზაციისა და საქმიანობის საკითხებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვროს საავადმყოფო ფურცლების შენახვის, გაფორმებისა და გაცემის ადგილი (რეგისტრატურაში, ექიმის კაბინეტში და ა.შ.) დანიშნოს მათ მიღებაზე, შენახვაზე, აღრიცხვაზე და ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირი. განსაზღვროს საავადმყოფო ფურცლების მოთხოვნილება და წარუდგინოს ის შესაბამისი ზემდგომ ორგანოს, ასევე წარუდგინოს მას ანგარიში მათი ხარჯვის თაობაზე;

დ) განსაზღვროს საექიმო-საკონსულტაციო კომისიის მუშაობის განრიგი და პირობები;

ე) ორგანიზაცია გაუკეთოს მისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის მდგომარეობის შემოწმებას. მიიღოს დისციპლინარული ზომები და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვიტოს მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი იმ მუშაკთა მიმართ, რომელთაც დაუშვეს დარღვევები საავადმყოფო ფურცლის აღრიცხვის, შენახვის, განაწილების, გაფორმებისა და გაცემის საქმეში. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში დააყენოს საკითხი დამნაშავე პირთა მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღძვრის შესახებ;

ვ) კონფლიქტური და რთული საექსპერტო შემთხვევებისას (როცა საექიმო-საკონსულტაციო კომისია ვერ წყვეტს მას) შექმნას სპეციალური კომისია საკითხის განმეორებითი განხილვისათვის;

ზ) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით დაამოწმოს საავადმყოფო ფურცელი;

თ) მიიღოს მოქალაქეები, განიხილოს განცხადებები და საჩივრები დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის საკითხებზე;

ი) სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არ არის დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის დარგში ხელმძღვანელის (დირექტორის) მოადგილის თანამდებობა პირადად შეასრულოს ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლში განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, ან დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზაზე პასუხისმგებლობა ბრძანებით დააკისროს შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ერთ-ერთ ექიმს.

    მუხლი 19. საექიმო-საკონსულტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზაცია და ფუნქციები.

1. საექიმო-საკონსულტაციო კომისია იქმნება შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში.

2. საექიმო-საკონსულტაციო კომისიის შემადგენლობაში შედის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) მოადგილე დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის დარგში-კომისიის თავმჯდომარე, (თუ ასეთი თანამდებობა არ არის გათვალისწინებული, დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი) ან დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზაზე პასუხისმგებელი პირი), მკურნალი ექიმი და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების, კაბინეტის და ა.შ.) ხელმძღვანელი. საჭიროებისას კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად კონსულტაციის მიზნით შეიძლება მიწვეულ იქნან სხვადასხვა სპეციალობის ექიმები.

3. საექიმო-საკონსულტაციო კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) განიხილოს და გადაწყვიტოს დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის საკითხები თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის კონფლიქტური და რთული კლინიკო-ექსპერტული შემთხვევები, პაციენტის გასინჯვისა და სამედიცინო გამოკვლევების მონაცემების შესწავლის საფუძველზე;

ბ) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გასცეს და გააგრძელოს საავადმყოფო ფურცელი;

გ) შეამოწმოს საავადმყოფო ფურცლის გაცემისა და გაგრძელების, სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის, დიაგნოსტიკის საფუძვლიანობა და სისწორე, მკურნალი ექიმის მიერ პაციენტზე დანიშნული რეჟიმის დაცვის მდგომარეობა. საჭიროებისას დამატებითი გამოკვლევისა და მკურნალობისათვის გააგზავნოს პაციენტები მოცემულ ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში;

დ) გააგზავნოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში პაციენტები შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის ან მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად, პირები შრომით დასახიჩრებასთან, პროფესიულ დაავადებასთან დაკავშირებით, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრის მიზნით;

ე) გასცეს დასკვნა მომუშავე პაციენტებზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფერის სამუშაოზე დროებით ან მუდმივად გადაყვანის საჭიროების შესახებ, ამასთან განსაზღვროს რეკომენდირებული სამუშაოს ხასიათი და პირობები პაციენტის პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

ვ) სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან ერთად გასცეს დასკვნა-კარანტინის დროს ან ინფექციური დაავადებით ბაცილმატარებელ მომუშავეთა დროებით სხვა სამუშაოზე გადაყვანის საჭიროების შესახებ;

ზ) გასცეს დასკვნა მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აკადემიური შვებულების ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის საჭიროების შესახებ.

4. საექიმო-საკონსულტაციო კომისიაში პაციენტთა შემოწმების მონაცემები და კომისიის დასკვნის შესახებ ჩანაწერები კეთდება პაციენტის პირველად სამედიცინო დოკუმენტაციაში, კომისიის სხდომების ოქმის დავთარში, რაც დასტურდება კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ხელმოწერებით.