ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ

  • Word
ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 23/09/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 01/10/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 300390000.11(1).130.005504
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-127
23/09/2002
სსმ, 98, 01/10/2003
300390000.11(1).130.005504
ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/10/2003 - 09/01/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.113.005.504

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

 ბრძანება №2-127

2002 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივლისის №348 ბრძანებულების თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის თანდართული წესდება (დანართი №1).

2. სამინისტროს აპარატმა (გ. კერძევაძე) უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და მისი გამოქვეყნება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დავით შერვაშიძემ.

დ. კირვალიძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის” წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი” (შემდგომში ცენტრი) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. ცენტრი შეიქმნა ევროკომისიის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის რეკომენდაციების შესრულებისა და საქართველოში ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების განვითარების მიზნით.

3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, მინისტრის ბრძანებებით და ამ წესდებით.

4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

5. ცენტრის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №41.

6. ცენტრის ფინანსური წელი იწყება 1 იანვარს და მთავრდება 31 დეკემბერს. დაფუძნების შემდეგ დარჩენილი დრო 31 დეკემბრამდე ითვლება არასრულ ფინანსურ წლად.

7. ცენტრის წესდებას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

8. ცენტრი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თანხმობით განსაზღვრავს საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს.

9. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

    მუხლი 2. ცენტრის საქმიანობის მიზანი, ფუნქციები და ამოცანები

1. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების სფეროში:

ა) საქართველოში ფერმერთა მომსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნის და საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის ორგანი-ზაციულ-მეთოდური მხარდაჭერა.

ბ) აგრარული ინტელექტუალური პროდუქციის ფონდის შექმნა და მართვა;

გ) თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ერთიანი საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბება;

დ) ფერმერთა შორის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გავრცელება;

ე) ფერმერებთან უშუალო კონტაქტების (ცოდნის გადაცემის ტექნოლოგიების) არსებულ მეთოდთა (extension methods) განვითარებისა და ახალ საშუალებათა და მეთოდთა შექმნისა და გამოყენების სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა ორგანიზება;

ვ) ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ტერმინოლოგიური და შემეცნებითი აპარატის უნიფიცირების სამუშაოთა წარმოების ორგანიზება;

ზ) დისტანციური სასოფლო-სამეურნეო სწავლება და კონსულტირება;

თ) გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხორციელების და სოფლის მეურნეობაში არატრადიციული ენერგოუზ-რუნველყოფის განვითარების ხელშეწყობა;

ი) ექსპერიმენტული და საცდელ-საჩვენებელი მეურნეობების მოწყობა;

კ) ინტელექტუალური პროდუქციის ინფორმაციულ ტექნოლოგიებად გარდაქმნა.

2. აგრარული კვლევების სფეროში:

ა) მეცნიერულ-ტექნიკური პროექტების ექსპერტიზისა და მათი ინვესტირებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;

ბ) მეცნიერულ-ტექნიკურ სიახლეთა კონკურსების, გამოფენების და სხვა სასწავლო-საჩვენებელი ღონისძიებების ჩატარება;

გ) სამეცნიერო-პრაქტიკული ლიტერატურის, ოპერატიული საინფორმაციო ბიულეტენების, გაზეთების და სხვა მასალების გამოცემა და გავრცელება.

3. სწავლულ-კონსულტანტთა მომზადების სფეროში:

ა) სწავლულ-კონსულტანტთა პერსონალისათვის მოსამზადებელი პროგრამების შეფასება დასანერგი, გასავითარებელი და პრიორიტეტული დარგების თვალსაზრისით;

ბ) კონსულტანტთა შერჩევა სამეცნიერო, სასწავლო, ან სხვა დაწესებულებებიდან;

გ) შერჩეული და მომზადებული კონსულტანტების მეთოდური დახმარება თავისი მიზნების განხორციელების პროცესში.

    მუხლი 3. ცენტრის უფლებები და მოვალეობანი

1. ცენტრის უფლებები:

ა) მონაწილეობა მიიღოს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების დარგში კანონპროექტების, კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნების ანალოგიურ ცენტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, მიიღოს მათგან ინტელექტუალური, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური დახმარებები;

გ) აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შესაბამისი საქმიანობა.

2. ცენტრის მოვალეობანი:

ა) იზრუნოს საქართველოში ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ერთიანი სისტემის შექმნასა და განვითარებაზე, ახალი ტექნოლოგიების მოძიებასა და დანერგვაზე, ექსპერიმენტული და საცდელ-საჩვენებელი მეურნეობების მოწყობაზე, აგრარული კვლევების შედეგების ინფორმაციულ ტექნოლოგიებად გარდაქმნაზე, ფერმერებთან უშუალო კონტაქტების მეთოდების დახვეწაზე, სწავლულ-კონსულტანტთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სხვა ყველა ისეთ ღონისძიებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ფერმერულ მეურნეობებში წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ფერმერებს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციაში;

გ) გაატაროს ღონისძიებები დამატებითი სახსრების მოზიდვისათვის;

დ) ორგანიზაციულ-მეთოდური დახმარება გაუწიოს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებების განხორციელებაში;

ე) უზრუნველყოს ამ წესდებით დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება.

    მუხლი 4. ცენტრის მართვა

1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელიც წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

3. ცენტრის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობაზე, მოქმედებს დამოუკიდებლად საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში.

4. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.

5. ცენტრის დირექტორი ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს.

6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოლაპარაკებებს, დებს ხელშეკრულებებს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.

    მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

    მუხლი 6. ცენტრის ქონება და ფინანსები

1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები (პროგრამული დაფინანსება);

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას.

3. ცენტრის ბალანსს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი

1. ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.

2. ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.