დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სააღსრულებო ბიუროსა და კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულებით მიღებული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 185 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32(39), 09/07/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000410.01(2).003.000643 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/07/1999 - 05/05/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.003.463
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №185
1999 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
სააღსრულებო ბიუროსა და კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულებით მიღებული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესი
"სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცდეს "სააღსრულებო ბიუროსა და კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულებით მიღებული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესი" (დანართი №1).
ლ. ჭანტურია
სააღსრულებო ბიუროსა და კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულებით მიღებული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
წინამდებარე წესი შემუშავებულია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე.
მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახური (შემდგომში – სამსახური) კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლების აკუმულირებას განახორციელებს ბანკში გახსნილი ანგარისწორების ანგარიშზე.
მუხლი 3
სამსახურის ხარჯებში შეიტანება შემდეგი ძირითადი დანახარჯები:
ა) ოფისის ხარჯები;
ბ) გადასახადები;
გ) ბანკის მომსახურების პროცენტები;
დ) სამივლინებო ხარჯები;
ე) წარმომადგენლობითი ხარჯები;
ვ) ამორტიზაციის ანარიცხები;
ზ) სააღსრულებო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.
მუხლი 4
საანგარიშო პერიოდის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდგომ დარჩენილი მოგება წარმოადგენს სამსახურის განკაგრულებაში დარჩენილ მოგებას, რომლის 50 % უნდა მოხმარდეს მუშაკთა მატერიალურ სტიმულირებას, 40 % – სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, ხოლო 10 % დარჩეს სამსახურის ცენტრალური აპარატის განკარგულებაში რეზერვის სახით.
მუხლი 5
რეზერვის სახით ცენტრალური აპარატის განკარგულებაში დარჩენილი სახსრები გამოყენებული უნდა იქნეს გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარავად.
მუხლი 6
სამსახურის უფროსს უფლება აქვს ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, ან საჭიროებისამებრ რეზერვის სახით დაგროვილი თანხები გამოიყენოს მუშაკთა მატერიალური სტიმულირებისა და მატუერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის, რაც გაფორმებული იქნება შესაბამისი ბრძანებით.
თავი II
აღმასრულებლის პრემირება
მუხლი 7
ამ თავში გათვალისწინებული პრემირება გამოიყენება იმ სასამართლო აღმასრულებელთა მატერიალური სტიმულირებისათვის, რომლებმაც კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში განახორციელეს კრედიტორის სასარგებლოდ თანხების გადახდევინება.
მუხლი 8
აღმასრულებლის მატერიალური სტიმულირებისათვის გამოიყენება მუშაკთა მატერიალური სტიმულირებისათვის გათვალისწინებული თანხების 40 %.
მუხლი 9
აღმასრულებლის პრემია გაიცემა ყოველთვიურად.
მუხლი 10
სამსახურის უფროსს უფლება აქვს ცალკეულ მუშაკს გაუზარდოს გასაცემი პრემია 20 %-ის მოცულობით, მაგრამ ამისათვის გამოიყენოს დარიცხული და გასაცემ პრემიათა სხვაობის არა უმეტეს 80 %-ისა.
მუხლი 11
ბრძანების გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში სამსახურის ბუღალტერია ადგენს მიმდინარე პრემიის გასაცემ უწყისს, რომლის მიხედვითაც ხორციელდება პრემიის გაცემა.
თავი III
ბიუროს უფროსებისა და აღმასრულებლების პრემირება
მუხლი 12
ამ თავში გათვალისწინებული პრემირება გამოიყენება იმ ბიუროების უფროსებისა და აღმასრულებელთა მატერიალური სტიმულირებისათვის, რომლებმაც უზრუნველყვეს კრედიტორის სასარგებლოდ თანხების გადახდევინება.
მუხლი 13
ბიუროს უფროსებისა და აღმასრულებელთა პრემირებისათვის გამოიყენება მუშაკთა მატერიალური სტიმულირებისათვის გათვალისწინებული თანხების 30 %.
მუხლი 14
ბიუროების უფროსების და აღმასრულებლების პრემია გაიცემა ყოველთვიურად.
მუხლი 15
სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გაუზარდოს ცალკეულ მუშაკს პრემია არა უმეტეს 20 %-ისა, მაგრამ პრემიისათვის გამოყოფილი სახსრების ფარგლებში.
თავი IV
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისათვის ერთდროული წახალისება და მუშაკთა მატერიალური დახმარება
მუხლი 16
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისათვის ერთდროული წახალისება გაიცემა როგორც სამსახურის ცენტრალური აპარატის, ისე სასამართლო აღმასრულებელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, რისთვისაც გამოიყენება მუშაკთა მატერიალური სტიმულირებისათვის განსაზღვრული თანხების 10 %.
მუხლი 17
მუშაკთათვის მატერიალური დახმარება გაიცემა განსაკუთრებულ შემთხვევებში.
თავი V
სააღსრულებლო სამსახურის ცენტრალური აპარატის მუშაკთა პრემირება
მუხლი 18
ცენტრალური აპარატის მუშაკთა პრემირება გამოიყენება სამსახურის ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ მუშაკთა მატერიალური სტიმულირებისათვის. ამ მიზნით გამოიყენება მატერიალური სტიმულირებისათვის გათვალისწინებული თანხების 20 %.
მუხლი 19
პრემია გაიცემა ყოველთვიურად.
მუხლი 20
სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გაუზარდოს ცალკეულ მუშაკს პრემია არა უმეტეს 20 %-ისა, პრემიისათვის გამოყოფილი სახსრების ფარგლებში.
თავი VI
სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის გათვალისწინებული თანხების ხარჯვის წესი
მუხლი 21
სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის გათვალისწინებული სახსრების ხარჯვა ხორციელდება მიზნობრიობის მკაცრი დაცვით და გამოიყენება:
ა) შენობა-ნაგებობებისა და ძირითადი საშუალებების შეკეთებისათვის;
ბ) შენობა-ნაგებობებისა და ძირითადი საშუალებების შეძენა-აშენებისათვის.
მუხლი 22
შენობა-ნაგებობებისა და ძირითადი საშუალებების შეკეთებისათვის გამოიყენება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის გათვალისწინებული თანხის 30 %, ხოლო შენობა-ნაგებობებისა და ძირითადი საშუალებების შეძენა-აშენებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის გათვალისწინებული თანხის 70 %.
მუხლი 23
სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის გათვალისწინებული სახსრების ხარჯვა ხორციელდება ცალ-ცალკე ხარჯთაღრიცხვის დაცვით და ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.
თავი VII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 24
სამსახურის ბუღალტერია გაიანგარიშებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ცალკეული მუშაკის მიხედვით დარიცხული და გასაცემი პრემიების ოდენობას.
მუხლი 25
მუშაკისათვის დარიცხული პრემიის გაანგარიშებისას მნიშვნელობა აქვს საანგარიშო პერიოდში არსებული მატერიალური სტიმულირების ოდენობას, საანგარიშო პერიოდში თითოეულ მუშაკზე დარიცხული ხელფასის ოდენობასა და საანგარიშო პერიოდში დარიცხული ხელფასის საერთო ფონდს.
მუხლი 26
ყველა სახის პრემიების გაცემა ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.
მუხლი 27
აღნიშნული პრემიების გაცემა ბუღალტერიამ უნდა უზრუნველყოს ცალკე უწყისით არა უგვიანეს ოცი დღის ვადაში თვის დამთავრებიდან.
მუხლი 28
სამსახურის უფროსი დამოუკიდებლად წყვეტს ცალკეული მუშაკისათვის გასაცემი პრემიის შემცირებას ან დარიცხული პრემიის სრულად გაუქმებას.
მუხლი 29
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისათვის მუშაკთა ერთდროული წახალისებისას სამსახურის უფროსის ბრძანებაში, მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს მოცულობა და მნიშვნელობა.
მუხლი 30
მუშაკთა მატერიალური დახმარებისას სამსახურის უფროსის ბრძანებაში მითითებული უნდა უყოს დახმარების აუცილებლობა.
მუხლი 31
სამსახურის განკარგულებაში დარჩენილი მოგების მიზნობრივ ხარჯვას აკონტროლებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მუხლი 32
სააღსრულებო ბიუროსა და კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულებით მიღებული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები