დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომი სრულყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 274/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 05/01/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010000.11.119.004562 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/01/2001 - 21/12/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.004.562
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №274/ნ
2000 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომი სრულყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომი სრულყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის №278 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგიონულ დეპარტამენტებში (შემდგომში – დეპარტამენტი) შეიქმნას სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროები (შემდგომში – ბიურო).
2. დაისვას საკითხი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების წინაშე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებთან, ხოლო თბილისის მერის წინაშე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურთან ბიუროების შექმნის თაობაზე.
3. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებმა, თბილისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსებმა, დეპარტამენტის დირექტორებმა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტთან, რეგიონული პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტთან ერთად, ორი კვირის ვადაში შეიმუშაონ და წარმოადგინონ ბიუროების სტრუქტურა, საშტატო განრიგი და ხარჯთაღრიცხვა.
4. დამტკიცდეს ბიუროს ტიპიური დებულება (თან ერთვის)
5. ბიუროების დაფინანსება განხორციელდეს “საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით “ინვალიდთა სერტიფიცირება-რეგისტრაციის სისტემის ფუნქციონირებისა და სრულყოფის პროგრამისათვის” გათვალისწინებული ხარჯებიდან.
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თ.ჯინჯოლავამ უზრუნველყოს ბიუროების პრიორიტეტული დაფინანსება.
7. დავალოს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებს, თბილისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს, დეპარტამენტების დირექტორებს, ბიუროების სრულყოფილი საქმიანობისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა.
8. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის კომისიების ქონება ბალანსიდან ბალანსზე გადასცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტს.
9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეს ა. გამყრელიძეს.
ა. ჯორბენაძე
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს ტიპური
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულება
1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა წარმოადგენს დისციპლინათაშორის საქმიანობის სფეროს და შეიცავს სამედიცინო-ბიოლოგიურ, სოციოლოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებს. მისი ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედითუნარიანობის (თვითმომსახურება, გადაადგილება, ორიენტაცია, ურთიერთობა, სწავლა, თვითკონტროლი, შრომითი საქმიანობა) შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე ინვალიდობის, მისი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და მომდინარეობის დროის დადგენა, ინვალიდთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.
2. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ხორციელდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროების (შემდგომში – ბიურო) მიერ, რომლებიც შექმნილია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომი სრულყოფის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის № 278 ბრძანებულების საფუძველზე.
3. ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
4. ბიუროების საქმიანობაზე ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობას, კონტროლსა და ზედამხედველობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის საქვეუწყებო დეპარტამენტი.
5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური და სხვა უფლებების უზრუნველყოფისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სავალდებულოდ მისაღებია ბიუროს გადაწყვეტილება ინვალიდობის დადგენის და დასკვნა ინვალიდის შრომის პირობებისა და ხასიათის შესახებ.
6. ბიუროს განთავსება ხდება სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე, თუ ამის საშუალება არ არსებობს სხვა შესაფერის დაწესებულებაში.
7. ბიუროს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
8. ბიუროს აქვს შტამპი და ბეჭედი.
II. ბიუროს ამოცანები და ფუნქციები
9. შემოწმებული პირის ქმედითუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის შესაბამისად ინვალიდობის დადგენა და მისი რეაბილიტაციის შესაძლებლობის პოტენციალის განსაზღვრა, ინვალიდობის ვადისა და მომდინარეობის დადგენა.
10. ინვალიდობის მიზეზობრივი კავშირის დადგენა: საერთო დაავადებებით, შრომითი დასახიჩრებით, პროფესიული დაავადებით, ბავშვობის ასაკიდან, სამხედრო ტრავმასთან ან დაავადებასთან, სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებულ დაავადებასთან, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ობიექტების ავარიასთან და ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მიზეზებთან დაკავშირებით.
11. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტული განსაზღვრა იმ მომუშავეებისათვის, რომელთაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღეს დასახიჩრება ან პროფესიული დაავადება, აგრეთვე მათთვის დამატებითი დახმარებების საჭიროების განსაზღვრა.
12. მარჩენალის გარდაცვალებასა და შრომით დასახიჩრებასთან, ფრონტზე ყოფნასთან და სხვა გარემოებებთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის განსაზღვრა, გარდაცვლილის ოჯახისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გავრცელების, პენსიის დანიშვნისა და ზარალის ასანაზღაურებლად.
13. ინვალიდთა შემოწმება გადაადგილებების საშუალებების (სავარძელ-ეტლი, ველო-ეტლი, ავტო-მოტოტრანსპორტი) მიღების სამედიცინო ჩვენებების განსაზღვრის მიზნით.
14. მოქალაქეებისათვის დახმარების აღმოჩენა იმ საბუთების მოძიებაში, რომელიც აუცილებელია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებისათვის და რომელთა წარმოდგენა კანონმდებლობით ეკისრებათ შესამოწმებელ პირებს.
15. ინვალიდთა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შედგენა და კორექტირება, კონტროლი მათ რეალიზაციაზე სოციალური დაცვის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად.
16. ინვალიდობის დინამიკის, სტრუქტურის, მიზეზების ანალიზი, ინვალიდობის სტატისტიკური მაჩვენებლების დამუშავება.
17. დაინვალიდების გამომწვევი ფაქტორების შესწავლაში, დაინვალიდების პროფილაქტიკის კომპლექსური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
18. დაინვალიდების პროფილაქტიკისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტუალურ საკითხებზე მოწყობილ კონფერენციებში, თათბირებში, სემინარებში მონაწილეობის მიღება.
19. სამხედრო ვალდებულთა და წვევანდელთა ინვალიდად ცნობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამხედრო კომისარიატისადმი.
20. გასვლითი სხდომების ჩატარება მძიმე ავადმყოფთა შესამოწმებლად სამედიცინო დაწესებულებებში და ავადმყოფთა ბინაზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ გამოცხადება ბიუროში.
21. საკონსულტაციო დახმარების გაწევა სამედიცინო დაწესებულებისადმი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებში.
22. სამედიცინო დაწესებულებებში დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებაზე მონიტორინგი.
23. ბიუროს უფლება აქვს:
ა) გააგზავნოს სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებებში პირები, რომლებიც გადიან შემოწმებას ბიუროში, დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენის, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების მიზნით;
ბ) გაუგრძელოს მკურნალობის ვადა იმ პირებს, რომლებიც მიმართავენ ბიუროს ინვალიდობის დადგენის მიზნით, თუ ამის საფუძველი არსებობს;
გ) მოითხოვოს და მიიღოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად და სხვა მასზე დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებებიდან, საწარმოებიდან, ორგანიზაციებიდან მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;
დ) ჩაატაროს ინვალიდთა საკონტროლო შემოწმება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესრულებაზე დინამიური დაკვირვების მიზნით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ინვალიდთა შრომის პირობები და სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების მდგომარეობა.
III. ბიუროს ორგანიზაცია
24. ბიუროს შექმნა, გაუქმება და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების მიერ, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
25. ბიუროები შედიან საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგიონალურ დეპარტამენტებში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებში, თბილისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით.
26. ბიუროების ქსელისა და სტრუქტურის ფორმირება ხდება ტერიტორიული პრინციპით – სარაიონთაშორისო, რაიონული, საქალაქო ბიუროები. ბიუროები იქმნება მათ მიერ მოსახლეობის რაოდენობის მომსახურების მიხედვით – მთლიან საშტატო განაკვეთზე არანაკლებ 100 ათას მოსახლეზე, ხოლო 0,5 საშტატო განაკვეთზე 100 ათასზე ნაკლებ მოსახლეზე.
27. ავადობის, ინვალიდობის დონისა და სტრუქტურის გათვალისწინებით იქმნება: საერთო პროფილის, სპეციალიზებული (ფსიქიატრიული, ფტიზიატრიული, ოფთალმოლოგიური და სხვა) და შერეული პროფილის ბიუროები,
28. საერთო პროფილის ბიუროს საშტატო ნორმატივი განისაზღვრება სამი ექიმი-ექსპერტით (თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ქირურგი), სპეციალიზებული და შერეული პროფილის ბიუროში პროფილის შესაბამისი ორი ექიმი ექსპერტით და თერაპევტით ან ნევროპათალოგით, უფროსი მედდით და მედრეგისრატორით, არასრული დატვირთვის ბიუროში მხოლოდ მედრეგისტრატორით. საჭიროებისას ექსპერტიზის ჩატარებისათვის ბიუროში სათანადო ანაზღაურებით შეიძლება მოწვეულ იქნან სხვა სპეციალობის ექიმი ექსპერტები, კონსულტანტები სამედიცინო და სოცალურ საკითხებში, ტექნიკური მუშაკები.
29. ბიუროში სამუშაოდ მოიწვევიან ექიმი-ექსპერტები, რომელთაც გააჩნიათ სპეციალობაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი და მიღებული აქვთ სერტიფიკატი სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში.
30. ბიუროს თავმჯდომარედ ინიშნება მასში შემავალი ერთ-ერთი ექიმი-ექსპერტი, რომელიც ხელმძღვანელობს ბიუროს მუშაობას და პერსონალურად აგებს პასუხს ბიუროს საქმიანობაზე.
31. ბიუროს თავმჯდომარე და წევრები ვალდებულნი არიან არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სპეციალობაში.
32. ბიუროს რაოდენობას, პროფილს, საშტატო ნორმატივს განსაზღვრავს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროები, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
33. მომსახურეობას დაქვემდებარებულ რაიონებში, აგრეთვე ბინაზე ავადმყოფთა შემოწმების, საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში გამსვლელი სხდომების მოწყობისათვის ბიურო უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებით. თუ ბიურო არ არის უზრუნველყოფილი სატრანსპორტო საშუალებით, მას მიეცემა სათანადო ფულადი კომპენსაცია დადგენილი წესით.
34. ბიურო ერთ სხდომაზე ამოწმებს 10-12 ავადმყოფს, ერთი ავადმყოფის შემოწმებისათვის გათვალისწინებულია 20-30 წთ, ბინაზე ან სამედიცინო დაწესებულებაში გამსვლელ სხდომაზე ავადმყოფის შემოწმებისათვის ქალაქში 2 სთ, სოფლის ადგილებში 3 სთ.
IV. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების წესი
35. ბიუროში შემოწმებას ექვემდებარებიან პირები მოქალაქეობისა და ასაკის მიუხედავად, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და რომელთაც დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გააჩნიათ ორგანიზმის ფუნქციის დარღვევა ქმედითუნარიანობის შეზღუდვით, როდესაც კანონმდებლობა ინვალიდობის დადგენას ან სხვა საექსპერტო გადაწყვეტილების მიღებას უკავშირებს სოციალურ დაცვაზე უფლების მინიჭებას ან შესაბამის ვალდებულებათა შესრულებისაგან განთავისუფლებას და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
36. ბიუროს მიერ 16 წლამდე ასაკის ბავშვებს განესაზღვრებათ კატეგორია <<ბავშვი ინვალიდი>> საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად.
37. ბიუროში მოქალაქეთა შემოწმება ხდება საცხოვრებელი ან მკურნალობის ადგილის მიხედვით, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებების მიმართვის (ფ. № 088უ) საფუძველზე. თუ ავადმყოფს სამედიცინო დაწესებულების დასკვნით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს ბიუროში, შემოწმება ხდება ბინაზე ან სტაციონარში. გამონაკლისის შემთხვევაში (შორეულ ან ძნელად მისადგომ ადგილებში) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება დაუსწრებლად, მოქალაქის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
38. სამედიცინო დაწესებულების მიერ მოქალაქე სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე იგზავნება ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, დაავადებით, ტრავმით ან დეფექტით გამოწვეული ორგანიზმის ფუნქციის მყარად გამოხატული მოშლის შემთხვევაში:
ა) გამოხატული არაკეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს, მიუხედავად დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობისა, მაგრამ არა უგვიანეს 4 თვისა;
ბ) კეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს არა უგვიანეს 8 თვისა;
გ) ცალკეულ შემთხვევაში (ტრავმები, რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდგომი პერიოდი, ტუბერკულოზი) არა უგვიანეს 10 თვისა.
39. სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად მოქალაქეზე გაცემულ მიმართვაში აღინიშნება მონაცემები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა ფუნქციის დარღვევის ხარისხი, დაავადების გამწვავების (კრიზის) სიხშირე, ორგანიზმის კომპენსატორული შესაძლებლობის მდგომარეობა, აგრეთვე ჩატარებული რეაბილიტაციური ღონისძიებების შედეგები.
40. მოქალაქეთა სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე დასაბუთებულად გაგზავნაზე, სამედიცინო გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს.
41. საჭიროების შემთხვევაში ბიუროს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად (საექსპერტო გადაწყვეტილების მიღების უფლების გარეშე) შეიძლება მოწვეულ იქნენ: მკურნალი ექიმები, საექიმო საკონსულტაციო კომისიების თავმჯდომარეები, სამხედრო კომისარიატის, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, პროფკავშირული და ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
42. ბიუროში გასატარებელმა პირმა უნდა წარადგინოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, მომუშავეებმა ცნობა სამუშაო ადგილიდან, სამუშაოს ხასიათისა და პირობების შესახებ.
43. ბიუროს სხდომა ტარდება სრული შემადგენლობით, საექსპერტო გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიალური განხილვის საფუძველზე.
44. საექსპერტო შემოწმების მონაცემები და გადაწყვეტილება შეიტანება ბიუროს სხდომის ოქმში და შემოწმების აქტში, რომელიც დასტურდება ბიუროს თავმჯდომარის, წევრების ხელისმოწერით და მოწმდება ბეჭდით. შემოწმებულ პირს, ან მის კანონიერ წარმომადგენელს ეძლევა დადგენილი ფორმის ცნობა, ხოლო ამონაწერი შემოწმების აქტიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება პენსიის დამნიშნავ შესაბამის ორგანოს.
45. შემოწმებული პირის ინვალიდად ცნობის შემთხვევაში ინვალიდის, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით (რაც დასტურდება ხელმოწერით) დგება სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა ხელზე ინვალიდს, ან მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ასლი 3 დღის ვადაში ეგზავნება პროგრამის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს.
46. ინვალიდთა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შედგენის წესს და პროგრამის უნიფიცირებულ ფორმას ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
47. ინვალიდობის დადგენის თარიღად ითვლება ბიუროში მოქალაქის შემოწმებისათვის საჭირო საბუთების შესვლის დღე.
48. ინვალიდობა დგინდება მორიგი გადამოწმების თარიღის მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.
49. საექსპერტო გადაწყვეტილება და ინვალიდობის დადგენის თარიღი აღინიშნება დროებითი შრომისუუნარობის ფურცელში ან შესაბამის ცნობაში.
50. ინვალიდთა გადამოწმება დადგენილ ვადაზე ადრე, ან იმ პირთა გადამოწმება, რომელთაც ინვალიდობა დადგენილი აქვთ უვადოთ ხდება ინვალიდის ჯანმრთელობის მდგომარეობის და შრომისუნარიანობის შეცვლის, ან დაუსაბუთებელი საექსპერტო გადაწყვეტილების ფაქტების გამოვლენისას.
51. საპენსიო ასაკის ზევით პირთა გადამოწმება, რომელთაც ინვალიდობა დადგენილი აქვთ უვადოთ, ხდება მხოლოდ მათი განცხადებით, ან თუ ბიუროს გადაწყვეტილება გამოტანილია გაყალბებული საბუთების საფუძველზე, რასაც დაადასტურებს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო.
52. ბიუროში წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობის ან რთულ შემთხვევაში, როცა ვერ ხდება საექსპერტო გადაწყვეტილებების მიღება, შემოწმების აქტი სათანადო ჩანაწერებით 3 დღის ვადაში ეგზავნება სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტს, შესაბამისი დასკვნისათვის.
53. თუ შემოწმებული პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს ერთი თვის ვადაში შეიტანოს განცხადება ბიუროში, სადაც გაიარა შემოწმება ან მის ზემდგომ ორგანოში.ბიურო 3 დღის ვადაში აგზავნის არსებულ საბუთებს განცხადებასთან ერთად სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტში, შესაბამისი დასკვნისათვის.
54. შემოწმებულ პირს, ან მის კანონიერ წარმომადგენელს ბიუროს გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები