დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 271 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/08/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 03/09/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200240020.11.117.005483 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/09/2002 - 13/11/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 200.240.020.11.117.005.483
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №271
2002 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ივლისის №343 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 24 აპრილის №244 ბრძანება “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის დებულების დამტკიცების თაობაზე”.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი (შემდგომში _ საგანგებო ლეგიონი) არის სპეციალური სამართალდაცვის სტატუსის მქონე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლას.
2. ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო ლეგიონის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს.
3. საგანგებო ლეგიონის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი ხელშეკრულებები და აქტები, საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, საპროცესო კანონმდებლობა, საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს დებულება.
4. საგანგებო ლეგიონი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს საგანგებო ლეგიონის საქმიანობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
მუხლი 2.
1. საგანგებო ლეგიონს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სიმბოლიკა, დამოუკიდებელი ბალანსი, და შესაბამისი ანგარიშები მომსახურე ხაზინაში.
2. საგანგებო ლეგიონის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ც. დადიანის ქუჩა №30.
თავი II
ამოცანები და საქმიანობის ძირითადი პრინციპები
მუხლი 3.
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ლეგიონის ამოცანებია:
ა) საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა;
ბ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
გ) საგადასახადო და საბაჟო სფეროში სამართალდარღვევათა ჩამდენი პირის ან პირების გამოვლენა, დადგენა და დაკავება;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მის კომპეტენციაში არსებულ საკითხებზე მოკვლევის წარმოება, ასევე საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქმის წარმოება და გადაწყვეტილების მიღება;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის უსაფრთხოება და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათი თანამშრომლების დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
ვ) საგადასახადო კანონმდებლობისა და საბაჟო წესების დარღვევის ხელშემწყობი პირობების გამოვლენა;
ზ) ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისა და მათში მონაწილე პირების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა;
თ) დადგენილი წესით ინფორმაციის მიწოდება სამართალდამცავი, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის;
ი) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გადაადგილების აღკვეთა;
კ) კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 4.
1. საგანგებო ლეგიონის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვა, ჰუმანიზმი და საჯაროობა;
ბ) პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა;
გ) საგანგებო ლეგიონის თანამშრომელს ეკრძალება ადამიანის პირადი ცხოვრების, ფიზიკური და იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის, მოკვლევის მასალების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) საგანგებო ლეგიონში აკრძალულია პოლიტიკური პარტიის ან სხვა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა. საგანგებო ლეგიონის თანამშრომელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ან სხვა პოლიტიკური გაერთიანების წევრი;
ე) საგანგებო ლეგიონის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვების მოწყობა ან მასში მონაწილეობა, შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო საწარმოში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.
თავი III
მოვალეობები და უფლებები
მუხლი 5.
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ლეგიონი ვალდებულია:
ა) გამოავლინოს, თავიდან აიცილოს და აღკვეთოს საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაული და სხვა სამართალდარღვევები;
ბ) დაადგინოს საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
გ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩაატაროს მოკვლევა, აღძრას სისხლის სამართლის საქმე;
დ) კანონით დადგენილი წესით განიხილოს და გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეები დანაშაულისა, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების შესახებ;
ე) შეასრულოს მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალება, მითითებები, საგადასახადო და საბაჟო სფეროშო საგამოძიებო ან ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შესრულების დროს, დახმარება აღმოუჩინოს მათ საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას;
ვ) დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესახებ შემოსულ განცხადებებსა და შეტყობინებებზე;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს დახმარება საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს.
მუხლი 6.
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ლეგიონს უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები მის მიერ საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ;
ბ) სისხლის სამართლის საქმის, საგადასახადო, საბაჟო ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალებთან დაკავშირებით საგანგებო ლეგიონში გამოიძახოს ფიზიკური პირი, ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მოსთხოვოს საჭირო ცნობები და დოკუმენტები;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და შეუფარდოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი ან მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ქვემდებარეობით გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს;
დ) მოახდინოს პირის დაკავება სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) ჩაატაროს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული თავდაპირველი საგამოძიებო მოქმედებები;
ვ) დანაშაულის გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად, მტკიცებულებათა მოსაპოვებლად, იმ ფაქტობრივი მონაცემების მისაღებად, რომელიც საფუძვლად დაედება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებას, კანონის სრული დაცვით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები;
ზ) დანაშაულისა თუ სამართალდარღვევის შესახებ საკმაო მონაცემების არსებობისას ჩაატაროს მოქალაქეთა პირადი ნივთების და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება;
თ) დაუბრკოლებრივ უსასყიდლოდ, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მიიღოს სამთავრობო დაწესებულებებისაგან, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან მისთვის საჭირო ინფორმაცია;
ი) საქონლის იდენტიფიცირებისა და საქონლის ღირებულების, ასევე მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის იდენტურობის დასადგენად ჩაატაროს ექსპერტიზა;
კ) ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით და მოსამარ-თლის ბრძანების საფუძველზე ჩაატარებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ გადასახადების გამოანგარიშების სისწორესა და დროულად გადახდაზე საფინანსო-სამეურნეო შემოწმებას;
ლ) საგანგებო ლეგიონის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, სამართალდამრღვევის დასაკავებლად და შესაბამის ორგანოში წარსადგენად, ასევე როდესაც ბოროტმოქმედი ახორციელებს კანონის მოთხოვნის მიმართ ბოროტად დაუმორჩილებლობას, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.
თავი IV
ხელმძღვანელობა
მუხლი 7.
1. საგანგებო ლეგიონს ხელმძღვანელობს საგანგებო ლეგიონის უფროსი, რომელსაც ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საგანგებო ლეგიონის უფროსს ჰყავს მოადგილეები, საგანგებო ლეგიონის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისივე გადაწყვეტილებით უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 8.
1. საგანგებო ლეგიონის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია საგანგებო ლეგიონზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე;
ბ) არის საგანგებო ლეგიონის მთელი პირადი შემადგენლობის უფროსი;
გ) საგანგებო ლეგიონის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხავს და შესაბამის საშტატო თანამდებობაზე ნაშნავს სამხედრო ძალების რეზერვისტებს, სამხედრო ან სპეციალური სამსახურებიდან მოვლინებულ თანამშრომლებს;
დ) ფინანსთა მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საგანგებო ლეგიონის უფროსის მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ე) საგანგებო ლეგიონის პირად შემადგენლობას ანიჭებს უმცროს და საშუალო სპეცილურ წოდებებს;
ვ) ფინანსთა მინისტრს წარუდგენს საგანგებო ლეგიონის თანამშრომლებს უფროსი სპეციალური წოდებისა და ვადამდე წოდების მისანიჭებლად;
ზ) საგანგებო ლეგიონის სპეციალური სამსახურიდან ამორიცხავს (დაითხოვს) და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებს, სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვით ან სხვა სამხედრო ან სპეციალურ სამსახურში მივლინებით;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუშა-მოსამსახურეებს;
ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საგანგებო ლეგიონის საქმიანობისა და სტრუქტურის სრულყოფის საკითხებზე, ორგანიზაციული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით;
კ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს და ამტკიცებს საგანგებო ლეგიონის ქვედანაყოფთა სამუშაო გეგმებს;
ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საგანგებო ლეგიონის დებულებაში, სტრუქტურაში და საშტატო ნუსხაში საჭირო ცვლილებების შესახებ;
მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საგანგებო ლეგიონის მატერიალურ-ტექნიკური და ფულადი სახსრებით, შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკით, სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფის, სამობილიზაციო მუშაობისა და სხვა საკითხებზე;
ნ) უზრუნველყოფს საგანგებო ლეგიონის პირადი შემადგენლობისათვის აუცილებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობებისა და მატერილური ბაზის შექმნას;
ო) საგანგებო ლეგიონის თანამშრომლებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე;
პ) საგანგებო ლეგიონის შეიარაღებაში (მომარაგებაში) იღებს საბრძოლო მასალებს, ტექნიკას, ქონებას;
ჟ) ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი V
სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 9.
1. საგანგებო ლეგიონის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საგანგებო ლეგიონის უფროსის აპარატი;
ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
დ) I სამმართველო;
ე) II სამმართველო;
ვ) III სამმართველო;
ზ) საფინანსო, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების და სამეურნეო სამმართველო;
თ) საკადრო რესურსების მართვის განყოფილება;
ი) ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილება;
კ) სამართლებრივი უზრუნველყოფის და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება;
ლ) ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება;
მ) ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილება;
ნ) ექსპერტთა ბიურო;
ო) სწრაფი რეაგირების რაზმი.
მუხლი 10.
1. საგანგებო ლეგიონის უფროსის აპარატი:
ა) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საგანგებო ლეგიონის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) ასრულებს ლეგიონის უფროსისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
გ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საგანგებო ლეგიონის ხელმძღვანელ რგოლებს მუშაობის ორგანიზაციაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში თანამედროვე მიღწევების დანერგვასა და გამოყენებაში;
დ) ორგანიზაციას უწევს ქვედანაყოფებში საიდუმლოების რეჟიმის უზრუნველყოფას და მის დაცვს, საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის საქმისწარმოებას და დამუშავებას;
ე) საგანგებო ლეგიონის ადმინისტრაციულ შენობაში უზრუნველყოფს საქმიანობის უსაფრთხოებას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, თანამშრომელთა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვას, არასამუშაო საათებში ოპერატიული ინფორმაციის მიღებას და მის გადაგზავნას დანიშნულებისამებრ;
ვ) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმციის საშუალებებთან ურთიერთობას.
მუხლი 11.
1. სპეციალურ დავალებათა სამმართველო კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს:
ა) საბაჟო და საგადასახადო სფეროში აქციზს დაქვემდებარებული საქონლის მიმოქცევისას დანაშაულზე და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას, მის გამოვლენას, თავიდან აცილებას, აღკვეთას, მოკვლევას;
ბ) მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში რეგისტრირებულ საწარმოებში დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას, გამოვლენას, თავიდან აცილებას, აღკვეთას, მოკვლევას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოკვლევის ჩატარება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებში სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა, გადასახადებისგან თავის არიდებისა და საბაჟო წესების დარღვევის საქმეებზე;
დ) საქართველოს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე გადაწყვეტილების მიღება;
ე) საგანგებო ლეგიონის ოპერატიული ქვედანაყოფების მიერ მოკვლეულ მასალებზე კონტროლს, განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღებას;
ვ) საგანგებო ლეგიონის უფროსის სპეციალურ დავალებებს;
ზ) კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებებს.
მუხლი 12.
1. I, II, და III სამმართველო ახორციელებს:
ა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
ბ) საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოკვლევის ჩატარებას საქართველოს სისხლის სამმართლის საპროცესო კოდექსით დადაგენილი წესით;
დ) საქართველოს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვეებზე გადაწყვეტილების მიღებას;
ე) საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენას, თავიდან აცილებას და აღკვეთას;
ვ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13.
1. საფინანსო, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების და სამეურნეო სამმართველო უზრუნველყოფს საგანგებო ლეგიონის საფინანსო, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სამეურნეო საქმიანობას.
მუხლი 14.
1. საკადრო რესურსების მართვის განყოფილება:
ა) ატარებს საკადრო პოლიტიკას, კადრების შერჩევის, შესწავლისა და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს თანამდებობაზე დანიშვნის, დათხოვნის, დაწინაურების, დაქვეითების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების შესახებ;
ბ) საკადრო პოლიტიკისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სრულყოფილად წარმართვის მიზნით ახორციელებს საგანგებო ლეგიონის ქვედანაყოფებში საკონტროლო-საინსპექციო მუშაობას;
გ) ასრულებს საგანგებო ლეგიონის უფროსის სპეციალურ დავალებებს.
მუხლი 15.
1. ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილება ახორციელებს:
ა) ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული ინფორმაციის კომპიუტერულ დამუშავებას, ანალიზს და მონაცემთა კომპიუტერული ბაზის შექმნას;
ბ) სტრატეგიული გეგმების შემუშავებას საბაჟო და საგადასახადო სფეროში დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
მუხლი 16.
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს საგანგებო ლეგიონის სამართლებრივ და საერთაშორისო ურთიერთობებს;
ბ) განიხილავს საგანგებო ლეგიონის უფროსის აპარატში შემოსულ საჩივრებს და განცხადებებს;
გ) იძლევა დასკვნას საგანგებო ლეგიონში მომზადებულ ყველა სახის სამართლებრივ დოკუმენტებზე;
ე) წარმოადგენს და იცავს საგანგებო ლეგიონის ინტერესებს სასამართლოში.
მუხლი 17.
1. ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეებისა და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვას.
მუხლი 18.
1. ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილება უზრუნველყოფს სპეციალური საშუალებების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებას.
მუხლი 19.
1. ექსპერტთა ბიურო:
ა) უზრუნველყოფს ექსპერტიზას საგანგებო ლეგიონის მიერ დაკავებული საქონლის შემოწმების და მისი ღირებულების, ასევე მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის იდენტურობის დადგენის მიზნით;
ბ) მოკვლევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების შექმნის მიზნით ატარებს საქონლის ლაბორატორიულ ანალიზს.
მუხლი 20.
1. სწრაფი რეაგირების რაზმი:
ა) უზრუნველყოფს საგანგებო ლეგიონის ოპერატიული ქვედანაყოფების მიერ დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევების აღკვეთისას, სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას;
ბ) უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს ორგანოების საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას თანამშრომელთა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვას;
გ) უზრუნველყოფს საგანგებო ლეგიონის შენობა-ნაგებობების, ტერიტორიების და სპეციალური სადგომების დაცვას;
დ) ახორციელებს საგანგებო ლეგიონის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვასა და გაცემაზე კონტროლს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი VI
დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
მუხლი 21.
1. საგანგებო ლეგიონი ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან. საგანგებო ლეგიონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მოსამსახურეთა მატერიალური სტიმულირება ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს სპეციალური სახსრებიდან.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები