საქართველოს სამოქალაქო რეესტრის რეფორმის სამთავრობო კომისიის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო რეესტრის რეფორმის სამთავრობო კომისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 09/06/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
46
07/06/2004
სსმ, 58, 09/06/2004
000000000.00.00.000000
საქართველოს სამოქალაქო რეესტრის რეფორმის სამთავრობო კომისიის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/06/2004 - 05/07/2007)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 46

2004 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სამოქალაქო რეესტრის რეფორმის სამთავრობო კომისიის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს სამოქალაქო რეესტრის რეფორმის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კონსტანტინე ვარძელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ირაკლი კლდიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

მირზა ქოჩაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე

ლევან ჯუღელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

კომისიის წევრებად მოწვეულ იქნენ: ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი ლერი გიგინეიშვილი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქიტოშვილი.

2. დამტკიცდეს საქართველოს სამოქალაქო რეესტრის რეფორმის სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

საქართველოს სამოქალაქო რეესტრის რეფორმის სამთავრობო კომისიის

დებულება

I. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სამოქალაქო რეესტრის რეფორმის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას სამოქალაქო რეესტრის ფორმირების საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

II. კომისიის ძირითადი ამოცანები

3. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფოში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს სამოქალაქო რეესტრის რეფორმის სტრატეგიის, ძირითადი მიზნების, ამოცანებისა და მათი განხორციელებისათვის წინადადებების შემუშავება;

გ) საქართველოს სამოქალაქო რეესტრის შექმნისა და გამოყენების შესახებ დასკვნების მომზადება;

დ) სახელმწიფოში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სისტემის რეფორმის სფეროში არსებული საქართველოს ნორმატიული აქტების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესწავლა და სისტემის ანალიზი;

ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის გადაცემის ორგანიზაციული, საკადრო და ტექნიკური საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

III. კომისიის უფლებამოსილებანი

4. კომისია უფლებამოსილია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) მოამზადოს წინადადებები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხებზე არსებული სამართლებრივი აქტების შეცვლის შესახებ;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს დასკვნა სამოქალაქო რეესტრთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.

IV. კომისიის თავმჯდომარე

5. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) თვალყურს ადევნებს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას;

ბ) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

7. კომისიის პასუხისმგებელი მდივანი:

 კომისიას ჰყავს პასუხისმგებელი მდივანი, რომელსაც ირჩევს კომისია.

 კომისიის პასუხისმგებელი მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

V. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

9. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს უჭერს დამსწრეთა 2/3 მაინც, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა.

10. კომისია იკრიბება თვეში ერთხელ მაინც. კომისიის თავმჯდომარის ან წევრთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით შეიძლება მოწვეულ იქნეს კომისიის რიგგარეშე სხდომა.

VI. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

11. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

VII. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა

12. კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.