საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსის შესახებ

  • Word
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 09/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
316
02/07/2002
სსმ, 69, 09/07/2002
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/07/2002 - 08/06/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №316

2002 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსის შესახებ

„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1.  საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის თანდართული წესდება.

3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამ­ხედველობა განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ.

ე. შევარდნაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის წესდება

თავი I

იურიდიული სტატუსი და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

    მუხლი 1. იურიდიული სტატუსი

1. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს ეროვნული კულტურის, განათ­ლების და მეცნიერების კერას, დაარსდა 1923 წლის 10 ოქტომბერს  აკაკი ფაღავას სტუდიის საფუძველზე. 1992 წელს ინსტიტუტს ეწოდა „საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი“ (შემდგომში – ინსტიტუტი).

2. ინსტიტუტის სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი“.

3. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. ინსტიტუტი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუს­თაველის გამზირი 19, 380008.

6. ინსტიტუტის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.

    მუხლი 2. ინსტიტუტის ავტონომიურობა

1. ინსტიტუტი ავტონომიური დაწესებულებაა.

2. ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე უფლებამოსილია გამოიყენოს და კანონმდებლობით დად­გენილი წესით განკარგოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული მართვისა და ყველა სხვა საკითხი.

3. ინსტიტუტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, განათლებისა და ხელოვ­ნების სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონი განათლების შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და წინამდებარე წესდება.

თავი II

მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლებები

    მუხლი 3. ინსტიტუტის მიზნები და   საქმიანობა

ინსტიტუტის ძირითადი მიზნები და საქმიანობა:

ა) ქართული თეატრის, კინოს, ტელერადიომაუწყებლობის, კულ­ტუ­რის სხვა საგანმანათლებლო სფეროს სპეციალისტების აღზრდა და მომზადება;

ბ) სტუდენტის პიროვნული, კულტურულ-ზნეობრივი და ინტელექ­ტუალური მოთხოვნილებების ჩამოყალიბება;

გ) საერთაშორისო კონფერენციების, კონგრესებისა და სიმპო­ზიუმების მოწვევა და ფესტივალების გამართვა;

დ) სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობა;

ე) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-მეთოდური სამუშაოების შესრულება;

ვ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა;

ზ) თეატრის, კინოს, ხელოვნებისა და განათლების დარგში საერ­თა­შორისო ურთიერთობის განვითარება თავისი კომპეტენციების ფარგლებში;

თ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნ­ველყოფენ ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევას.

    მუხლი 4. ინსტიტუტის უფლებები

ინსტიტუტს უფლება აქვს:

ა) თავისი საქმიანობა წარმართოს განათლების სფეროში სახელ­მწიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელმწიფო ფინანსური ნორ­მატივების შესაბამისად, რისთვისაც სახელმწიფოსაგან იღებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას;

ბ) აწარმოოს ფასიანი წესით სწავლება სახელმწიფო სექტორის სასწავლო გეგმებითა და სასწავლო პროგრამებით, მოიწვიოს ინსტი­ტუტის თანამშრომლები;

გ) განსაზღვროს თავისი საქმიანობის (შემოქმედებით-საგან­მანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა) პრიორიტეტები;

დ) განსაზღვროს სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი და სპეცი­ალობები და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს;

ე) განიხილოს ასისტენტურასა და ასპირანტურაში მიღების გეგმის პროექტი და დადგენილი წესით წარადგინოს დასამტკიცებლად;

ვ) მიანიჭოს სპეციალისტს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) შეიმუშაოს წინადადებები სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების ცვლილებათა შესახებ და დადგენილი წესით წარადგინოს დასამტკიცებლად;

თ) დაადგინოს პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა სასწავლო და სამეცნიერო დატვირთვის მოცულობა, რაც აისახება კონკრეტულ შრომით ხელშეკრულებებში;

ი) გამართოს მოლაპარაკება უცხოეთის ანალოგიურ სასწავ­ლებლებთან სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

კ) გახდეს უმაღლეს სასწავლებელთა ნებისმიერი გაერთიანების წევრი;

ლ) მოაწყოს ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და სხვ.;

მ) გაუწიოს სასწავლო-მეთოდური დახმარება საქართველოს თეატრის, კინოსა და კულტურის სხვა სასწავლებლებსა და შემოქ­მედებით ორგანიზაციებს;

ნ) ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით შეადგინოს საშტატო ნუსხა;

ო) დადგენილი წესების დაცვით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით მოახდინოს უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

პ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვა­ლისწინებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად გან­კარგოს ფინანსური სახსრები, გადაწყვიტოს მის გამგებლობაში არსებული სხვა საკითხები (სამეურნეო ხასიათის შეკვეთები, შესყიდვები და სხვ.);

ჟ) შეიძინოს სწავლებისათვის აუცილებელ თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და მისი სასწავლო პროცესში დანერგვით სრულყოს სწვალება;

რ) არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დააწესოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.

თავი III

სასწავლო პროცესი, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, სწავლების ენა და ფორმები

    მუხლი 5. სასწავლო პროცესი და სამეცნიერო- კვლევითი მუშაობა

1. ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება სახელ­მწიფო საგანმანათლებლო სტანდარტს.

2. ინსტიტუტში სასწავლო პროცესი წარიმართება დადგენილი წე­სით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული სასწავ­ლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების მიხედვით.

3. ინსტიტუტში ფუნქციონირებს პროფესიული უმაღლესი განათ­ლების შემდგომი საფეხური – სტაჟირება და ასისტენტურა, ასპირანტურა როგორც უმაღლესი სკოლის პედაგოგიური კადრების მომზადების ფორმა.

4. სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო მუშაობის ფორმები დგინდება შინაგანაწესით (შემდგომში – შინაგანაწესი), რომელსაც სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს თანხმობის საფუძველზე ამტკიცებს რექტორი.

5. შინაგანაწესი გამომდინარეობს საქართველოს კანონ­მდებლობიდან. იგი ადგენს ინსტიტუტის თანამშრომელთა, მათ შორის პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა მუშაობის ნორმებს; სტუდენტთა მოძრაობის პირობებსა და წესს; სტუდენტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს; სწავლის პირობებსა და სწავლების რეჟიმს (მეცადინეობათა სახეს, ყოველდღიური საათების რაოდენობას, სასწავლო გეგმით განსაზღვრულ თანამიმდევრობას, მეცადინეობათა შორის შესვენებების ხანგრძლივობასა და გრაფიკს, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესსა და განხორციელების ფორმებს). შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა სასწავლო წლის განმავლობაში დაუშვებელია.

    მუხლი 6. სწავლების ენა და ფორმები

1. ინსტიტუტის სწავლების ენა არის ქართული.

2. ინსტიტუტში განათლების მიღება შეიძლება სწავლების დას­წრებული და ზოგიერთ სპეციალობაზე დაუსწრებელი ფორმით.

3. ინსტიტუტში სწავლება მიმდინარეობს უფასო (სახელმწიფო დაკვეთა) და ფასიანი სწავლების წესით.

4. ინსტიტუტში მეცადინეობის სახეებია: ლექცია, სემინარი, პრაქ­ტიკა, საკურსო და სადიპლომო მუშაობა, კონსულტაცია, ინდივიდუალური მუშაობა და სხვ.

5. ინსტიტუტში სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგი­ლების დაკავება ხდება კონკურსით, რომლის პირობებს და მოწყობის წესს ადგენს ინსტიტუტი საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების საფუძველზე. საგამოცდო კომისიების შედგენის პრინციპს განსაზღვრავს თავად ინსტიტუტი სპეციფიკის გათვალისწინებით.

თავი IV

ინსტიტუტის სტრუქტურა

    მუხლი 7. ინსტიტუტის სტრუქტურა

1. ინსტიტუტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: ფაკულ­ტეტი, დეკანატი, კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, განყო­ფილება, ბიბლიოთეკა, სასწავლო თეატრი, საფინანსო სამსახური, ბუღალტერია, სამეურნეო და დამხმარე სამსახურები. სტრუქტურული ერთეულების მუშაობის წესი და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ინსტიტუტის შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და სპეციალური დებულებებით, რომლებსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო.

2. ინსტიტუტის სასწავლო, მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულები დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მათთვის შინაგანაწესით დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობის გზით.

3. სასწავლო განყოფილება განსაზღვრავს პროფესორ-მასწავ­ლებელთა დატვირთვის შესაბამისობას, პედაგოგთა მოწვევის აუცი­ლებლობას, აწარმოებს კათედრებთან კოორდინაციას და დატვირთვის ნორმების შესრულების კონტროლს, სასწავლო გეგმების ცვლილებების პროცესს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე დასამტკიცებლად.

4. სტრუქტურულ ერთეულებს უფლება აქვთ მიმართონ რეკო­მენდაციებითა და წინადადებებით რექტორსა და სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს და მიიღონ მონაწილეობა მათ განხილვაში.

თავი V

ინსტიტუტის მართვა, მართვის ორგანოების უფლებამოსილებანი

    მუხლი 8. ინსტიტუტის მართვა

ინსტიტუტის მართვას ახორციელებენ:

ა) სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო;

ბ) რექტორი;

გ) ადმინისტრაცია რექტორატი და დეკანატები.

    მუხლი 9. რექტორი

1. რექტორი ინსტიტუტის უმაღლესი თანამდებობის პირია.

2. ინსტიტუტის რექტორს „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფარული კენჭისყრით ირჩევს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. რექტორი აირჩევა ინსტიტუტის სრული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით ექვსი წლით.

4. რექტორი მოქმედებს ინსტიტუტის წესდების შესაბამისად. მასვე ეკისრება ინსტიტუტის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.

5. რექტორი პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაკის­რებული ამოცანების განხორციელების თვალსაზრისით ასრულებს სახელმწიფო წარმომადგენლის ფუნქციებს მისდამი რწმუნებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში.

6. რექტორის არჩევნებს აწყობს ინსტიტუტის სამეცნიერო-სამ­ხატვრო საბჭო.  რექტორობის კანდიდატი უნდა იყოს ინსტიტუტის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო ხარისხის ან წოდების მქონე ხელოვანი, მეცნიერი, რომელსაც აქვს უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობის სულ ცოტა 10 წლის სტაჟი.

7. გადაწყვეტილება რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოაქვს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს. საბჭოს ამავე სხდომაზე ღია კენჭისყრით აირჩევა საორ­განიზაციო კომისია, რომელიც შემდგომში წარმართავს რექტორის არჩევნების პროცესს. რექტორი განაგრძობს თავისი მოვალეობის შესრულებას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ახალი რექტორის დამტკიცებამდე.

8. რექტორის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვთ ინსტი­ტუტის ყველა სტრუქტურულ ერთეულს და ამ თანამდებობის დაკავების მსურველ სხვა პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-6 პუნქტით დადგენილ პირობებს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები და წარდგინებები თანდართული საბუთებით საორ­განიზაციო კომისიის მიერ მიიღება ორი კვირის განმავლობაში კონკურსის გამოცხადების დღიდან.

9. საორგანიზაციო კომისია საბუთების მიღების შეწყვეტის დღიდან ერთ კვირაში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და გამოაქვს მოტივირებული გადაწყვეტილება კანდიდატის არჩევნებში დაშვება-არდაშვების შესახებ (საორგანიზაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით). არჩევნებში მონაწილეობისათვის დაშვებულ კანდიდატთა სია შეიტანება ფარული კენჭისყრის ბიულეტენში განაცხადის შემოტანის დროის მიხედვით.

10. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ რექტორის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა 2/3-ის მონაწილეობით.  რექტორი არჩეულად ითვლება, თუ მისმა კანდიდატურამ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, ანუ საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობით ნახევარზე მეტი (50+1%).

11. იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი, და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული, საბჭოს იმავე სხდომაზე იმარ­თება ხელახალი ფარული კენჭისყრა იმ ორი კანდიდატისათვის, რომლებმაც პირველ ტურში მიიღეს ხმების უმრავლესობა.

12. თუ კენჭს იყრიდა 1 ან 2 კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმების რაოდენობა, ერთი თვის ვადაში ინიშნება ხელახალი არჩევნები.

13. ხმის დამთვლელ კომისიას სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო ირ­ჩევს ღია კენჭისყრით. კომისიის მუშაობის შინაგანაწესს ადგენს საორ­­გა­­ნიზაციო კომისია. არჩევნების შედეგებს ამტკიცებს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით.

14. ფარული კენჭისყრა იმართება ბიულეტენების მეშვეობით. ბიუ­ლე­ტენში უნდა იქნეს შეტანილი ყველა კანდიდატის გვარი. საბჭოს წევრი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ჩაითვლება ბათილად.

15. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ წესდებით რექტორი ინსტიტუტის სახელით:

ა)ხელმძღვანელობს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსა და რექტორატს;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს ხელშეკრულებებს, ხსნის ანგარიშებს ბანკში;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

დ) ამტკიცებს აბიტურიენტთა მიმღებ საგამოცდო კომისიას, საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ინსტიტუტის ქონებას;

ვ) განსაზღვრავს საწარმოო და სოციალური ფონდების გამოყენების მიმართულებებს;

ზ) ამყარებს ურთიერთობებს საქართველოსა და უცხოეთის სხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

თ) სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს თანხმობის საფუძველზე ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირო­ბების დაცვით, განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს პედაგოგიურ პერსონალსა და სხვა მუშაკებს, იღებს წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის ზომებს;

კ) იწვევს ცნობილ კვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებლებს;

ლ) წარადგენს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე პრორექტორების კანდიდატურებს ასარჩევად;

მ) განსაზღვრავს ინსტიტუტის პრორექტორების კომპეტენციის ფარგლებს;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ სხვა საქმიანობას;

ო) განსაკუთრებულ შემთხვევაში შეღავათს უწევს ფასიანი სწავლების განყოფილების სტუდენტებს სწავლის ქირის გადახდაში.

16. რექტორი სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან კონსულტა­ციების საფუძველზე უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდ­გინოს ინსტიტუტის წესდების პროექტი;

ბ) შეიმუშაოს და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთან­ხმებით საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს წესდებაში ცვლილებები;

გ) სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე დასვას ინსტიტუტში სპეცი­ალობების შემოღებისა და გაუქმების საკითხი;

დ) განსაზღვროს და დაამტკიცოს სტუდენტთა (მათ შორის უცხოელ სტუდენტთა) მიღებისა და ჩარიცხვის ფორმები და წესი კანონ­მდებლობის შესაბამისად;

ე) დაამტკიცოს ინსტიტუტის საშტატო ნუსხა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთან-ხმებით.

17. რექტორი ანგარიშვალდებულია სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო­სა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წინაშე ინსტიტუტის სასწავლო, სამეცნიერო-საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურული საქმიანობისათვის.

18. რექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში საქართვე­ლოს პრეზიდენტის განკარგულებით.

19. რექტორის არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის პრორექტორი სასწავლო დარგში.

    მუხლი 10. პრორექტორი

1. პრორექტორი რექტორის წარდგინებით სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ არჩეულად ითვლება, თუ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი (50+1%). პრორექტორი აირჩევა სრული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით ექვსი წლით.

2. პრორექტორს სასწავლო დარგში ევალება ინსტიტუტის სასწავლო პროცესისა და შემოქმედებით მუშაობასთან დაკავშირე­ბული ყოველგვარი საქმიანობის ხელმძღვანელობა. რექტორის შვე­ბულების, მივლინების, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით არყოფნის პერიოდში ინსტიტუტის საერთო ხელმძღვანელობა.

3. სამეცნიერო დარგის პრორექტორს ევალება პროფესორ-მასწავლებელთა, სტუდენტთა სამეცნიერო შრომების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, კრებულის, სახელმძღვანელოების მომზადების და გამოცემის ხელმძღვანელობა, ბიბლიოთეკის, სასწავლო ლაბო­რატორიების, კაბინეტებისა და სამეცნიერო განყოფილებათა ხელმძღვანელობა და მათი კონტროლი.

4. ინსტიტუტის პრორექტორს კინო-ტელე დარგში ევალება კინო­ფაკულტეტის, საერთაშორისო ასოციაციებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთობის კოორდინირება.

5. ინსტიტუტის პრორექტორს სამეურნეო-ადმინისტრაციულ დარგში ევალება შესაბამისი ტექნიკური, სამეურნეო და ადმინის­ტრაციული საქმიანობის ხელმძღვანელობა.

    მუხლი 11. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო

1. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო ინსტიტუტის კოლექტიური მართვის უმაღლესი ორგანოა, რომლის გადაწყვეტილებაც სავალ­დებულოა ყველასათვის. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი (საბჭოს თავმჯდომარე), პრორექტორები, ფაკულტეტების დეკანები, ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, კათედ­რების გამგეები, სწავლული მდივანი, სტუდენტთა წარმომადგენელი, აგრეთვე სხვა პირები რექტორის რეკომენდაციით. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს უფლებამოსილების ვადა სამი წელია.

2. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება და შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით.

3. საბჭოს სწავლულ მდივანს რექტორის წარდგინებით ირჩევს საბჭო.

4. საბჭოს კვორუმია წევრთა ორი მესამედი. გადაწყვეტილების მიღება ხდება ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით (გარდა თანამ­დებობაზე არჩევნებისა, რომელიც ყოველთვის ფარულია).

5. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის რექტორის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.

6. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების საკითხის დასმის უფლება აქვს რექტორს ან საბჭოს წევრთა მესამედს (წერილობითი განცხადებით რექტორის სახელზე).

7. საბჭოს ოქმს ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სწავ­ლული მდივანი.

8. მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო:

ა) წარმართავს სასწავლო-აღმზრდელობით და სამეცნიერო საქმიანობას;

ბ) განიხილავს სტუდენტებისათვის სახელობითი სტიპენდიების დანიშვნის საკითხს;

გ) იხილავს ინსტიტუტის შინაგანაწესს, სასწავლო თეატრის წესდებას;

დ) სვამს ინსტიტუტისა და ფაკულტეტების, კათედრების, ლაბო­რატორიების და სხვა სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების საკითხს;

ე) შეიმუშავებს და წარუდგენს რექტორს დასამტკიცებლად სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების განმსაზღვრელ რეგლა­მენტებს;

ვ) ირჩევს რექტორის მიერ წარდგენილ პრორექტორთა კანდიდატურებს;

ზ) განიხილავს სწავლების ფორმებს, აბიტურიენტთა მიღების წესს, რეკომენდაციებს მისაღებ კონტინგენტთან დაკავშირებით;

თ) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო გეგმებისა და მასში შესატანი ცვლილებების თაობაზე;

ი) რეკომენდაციას უწევს ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს ასპირანტურასა და ასისტენტურაში ჩასარიცხად;

კ) აჯამებს პედაგოგიურ, საშემსრულებლო და სასწავლო პრაქტიკის წლის შედეგებს;

ლ) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო-სამხატ­ვრო მუშაობის გეგმების შესახებ;

მ) ისმენს და ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის ანგარიშებს;

ნ) განიხილავს სახელმძღვანელოების და სხვა სახის სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის შექმნისა და გამოცემის საკითხებს;

ო) ამტკიცებს სადისერტაციო თემებს;

პ) განიხილავს და ირჩევს პროფესორ-მასწავლებლებს თანამდე­ბობაზე მოქმედი დებულების შესაბამისად;

ჟ) წყვეტს საინსტიტუტო, ქვეყნის, რეგიონალური და საერთაშორისო კონკურსების, სიმპოზიუმების, კონფერენციების მოწყობის საკითხებს;

რ) ნიშნავს რექტორის არჩევნებს;

ს) საპატიო დოქტორად ირჩევს მეცნიერებისა და კულტურის გამოჩენილ უცხოელ სპეციალისტებს;

ტ) განიხილავს ინსტიტუტის წესდების პროექტს და მასში შესატან ცვლილებებს შესაბამის ორგანოებში დასამტკიცებლად წარდგენამდე;

უ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ სხვა საქმიანობას;

ფ) განიხილავს ინსტიტუტის საფინანსო საქმიანობის გეგმას (ბიუჯეტს) და ამტკიცებს მის შესრულებას;

ქ) წყვეტს სწავლის დაწყებისა და დამთავრების საკითხებს.

9. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე აკონტროლებს საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას:

ა) ამტკიცებს წინა საბჭოს სხდომის ოქმს;

ბ) იწვევს საბჭოს სხდომებს, რომელიც როგორც წესი მოიწვევა თვეში ერთხელ, ხოლო საგანგებო შემთხვევაში რიგგარეშე, საბჭოს წევრთა 1/3 მოთხოვნით ან რექტორის გადაწყვეტილებით.

10. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ინსტიტუტის არა­მართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 12. რექტორატი

1. რექტორატი არის ინსტიტუტის აღმასრულებელი ორგანო, რომლის შემადგენლობას ახდენს და ამტკიცებს რექტორი.

2. რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულ­ტეტების დეკანები, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელ­მძღვანელები რექტორის გადაწყვეტილებით.

3. რექტორატი სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით:

ა) უზრუნველყოფს აკადემიური პროცესის წარმართვას არსე­ბული წესით, დამტკიცებული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების შესაბამისად;

ბ) ადგენს სხვადასხვა სახის ხარჯთა ნუსხების პროექტს;

გ) ადგენს სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის პირობებსა და წესს სტუდენტებისათვის საბიუჯეტო დაფინანსებიდან გამოყოფილ ასიგნე­ბათა ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

დ) რექტორის წინაშე სვამს ინსტიტუტის ქონების იჯარისა და სხვა სამეურნეო საკითხებს;

ე) შუამდგომლობს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წინაშე, რათა განსაზღვრული წესითა და პირობებით არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსებიდან დაინიშნოს სახელობითი სტიპენდიები და ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.

4. რექტორატი იკრიბება თვეში ორჯერ.

    მუხლი 13. ფაკულტეტი

1. ფაკულტეტი წარმოადგენს ინსტიტუტის სასწავლო და სამეც­ნიერო ქვეგანაყოფს.

2. ფაკულტეტზე ხორციელდება სტუდენტების, ასპირანტებისა და ასისტენტ-სტაჟიორების მომზადება, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, ფაკულტეტში შემავალი კათედრების სასწავლო, სამეცნი­ერო-კვლევითი და სამეცნიერო-მეთოდური მუშაობის კოორდინირება.

3. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: დეკანი, მოადგილე, კათედრათა გამგეები, კათედრის მიერ რეკომენდებული წამყვანი სპეციალისტები.

4. ფაკულტეტის საბჭო:

ა) განიხილავს სახელობით სტიპენდიებზე წარსადგენ კანდი­დატებს, გასარიცხ სტუდენტთა სიას, რაც ფორმდება რექტორის ბრძანებით;

ბ) განსაზღვრავს სპეციალობების მიხედვით მისაღებ კონტინგენტს მისთვის გამოყოფილი ადგილების ფარგლებში;

გ) იხილავს სასწავლო-სამეცნიერო და შემოქმედებით საკითხებს;

დ) რეკომენდაციას უწევს დეკანის, კათედრის გამგის კანდიდა­ტურებს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე ასარჩევად;

ე) განიხილავს კათედრების, განყოფილებების, ლაბორატორიების დახურვის ან გახსნის საკითხს და წარადგენს ინსტიტუტის სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე დასამტკიცებლად;

ვ) განიხილავს ასპირანტურაში, ასისტენტურა-სტაჟირებით მისა­ღები კანდიდატების საკითხს;

ზ) რეკომენდაციას უწევს სამეცნიერო მივლინებაში, ფესტი­ვალებზე, კონკურსებსა და სხვა ფორმის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გასაგზავნ კანდიდატურებს;

თ) ისმენს და იხილავს სტუდენტთა სწავლების ხარისხთან დაკავ­შირებულ საკითხებს;

ი) ისმენს დეკანატების ანგარიშებს სესიების შედეგების შესახებ;

კ) ირჩევს თავმჯდომარეს.

    მუხლი 14. დეკანატი

1. დეკანატი არის  ინსტიტუტის მმართველობითი სტრუქტურის ნაწილი. რექტორის წარდგინებით სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო დეკა­ნად ირჩევს წამყვან პროფესორ მასწავლებელს მონაწილეთა ხმების უმრავლესობის საფუძველზე სრული საგანმანათლებლო პერიოდით ექვსი წლის ვადით.

2. დეკანი წარმართავს და ხელმძღვანელობს შესაბამისი ფაკულტეტის მთელ სასწავლო პროცესს.

3. დეკანს ევალება:

ა) სტიპენდიების დანიშვნა, რაც ფორმდება რექტორის ბრძა­ნებით;

ბ) სახელობითი სტიპენდიების კანდიდატურების შერჩევა სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე დასამტკიცებლად;

გ) სტუდენტთა სასწავლო და სასწავლო-შემოქმედებითი პრაქ­ტიკის წარმართვა;

დ) სასწავლო და ჩათვლა-გამოცდების ცხრილების შედგენა და მისი შესრულების კონტროლი;

ე) სტუდენტთა გადაყვანა კურსიდან კურსზე, აკადემიური შვე­ბულების მიცემა, რაც ფორმდება ბრძანებით;

ვ) სტუდენტთა დაშვება სახელმწიფო საატესტაციო გამოცდებსა და სადიპლომო ნაშრომების დაცვებზე;

ზ) სტუდენტთა კონტინგენტის მოძრაობის კონტროლი;

თ) სტუდენტთა სოციალური მდგომარეობის შესწავლა და დახმარება;

ი) შესაბამის კათედრასთან ერთად სპექტაკლებისა და ფილმების გრაფიკის შედგენა;

კ) ჩათვლა-გამოცდების ვადების შეცვლისა და სხვა დისციპლინური საკითხების რეგულირება;

ლ) პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ლექციებზე დასწრების კონტროლი;

მ) ჯგუფხელების ხელმძღვანელობა;

ნ) სტუდენტთა აკადემიური მოსწრებისა და საერთო მონაცემების აღრიცხვა.

    მუხლი 15. კათედრა

1. კათედრა წარმოადგენს ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც აერთიანებს პროფილურ და მონათესავე დისციპლინების პროფესორებს, დოცენტებს, უფროს მასწავლებლებს, მასწავლებლებს, ასისტენტებს, მეცნიერ მუშაკებს.    კათედრა:

ა) წარმართავს მის წევრთა სასწავლო, სამეცნიერო საქმიანობას;

ბ) მონაწილეობს სასწავლო გეგმების შემუშავებაში, სასწავლო-შემოქმედებითი პრაქტიკის, პროგრამების, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების, მონოგრა­ფიების, კრებულების, ლექსიკონების, ენციკლოპედიური ცნობარების მომზადებაში;

გ) ინსტიტუტის ან ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს კანდიდატებს პროფესორის, დოცენტისა და უფროსი მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად;

დ) საბჭოზე წარადგენს პედაგოგებს პროფესორისა და დოცენტის წოდების მისანიჭებლად;

ე) სასწავლო განყოფილებასთან ერთად განსაზღვრავს პედაგოგ­თა მოწვევის აუცილებლობის საკითხს;

ვ) იხილავს და ამტკიცებს პედაგოგთა წლიურ შრომებს;

ზ) კათედრა ამოწმებს ახალმოწვეული პედაგოგის საჩვენებელ ლექციას;

თ) ხელმძღვანელობს ასპირანტთა და მაძიებელთა მომზადებას, სადიპლომო შრომების მომზადებას და თემატიკის დამტკიცებას;

ი) აპრობირებას უწევს სადისერტაციო შრომებს.

3. კათედრის პროფესიული რეკომენდაციები საფუძვლად ედება რექტორის საკადრო პოლიტიკას.

4. კათედრის შემადგენლობაში შედიან: პროფესორები, დოცენ­ტები, უფროსი მასწავლებლები, კონცერტ-მაისტერები, მასწავლებლები, მოწვეული მეცნიერი თანამშრომლები, ასისტენტი და ლაბორანტი.

5. ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომლის განათლება დადასტურებულია შესაბამისი პროფესიისა და ცენზის აღმნიშვნელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით. აქვს შესაბამისი კათედრის რეკომენდაცია.

6. სხვადასხვა სპეციალობაზე სასწავლო პროცესის წარმარ­თვისათვის ინსტიტუტში არსებობს კონცერ-ტმაისტერის თანამდებობა, რომელიც სტატუსით და შრომის ანაზღაურებით უთანაბრდება უფროს მასწავლებელს.

7. კათედრას სათავეში უდგას კათედრის გამგე, პროფესორი, ან ცალკეულ შემთხვევაში მეცნიერებათა დოქტორი, კანდიდატი, რომელ­საც ეკისრება პასუხისმგებლობა კათედრის მუშაობისათვის. კათედრის გამგის უფლებამოსილების ვადა ექვსი წელია.

8. კათედრის გამგის, კათედრის შემადგენლობაში შემავალი პროფესორ-მასწავლებლების და მეცნიერ-თანამშრომლების, ასევე კონცენტრმაისტერების სამუშაოზე მიღება-გათავისუფლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებით, სამეცნიერო-სამხატ­ვრო საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და მუშაკთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 16. სასწავლო-მეთოდური მუშაობა

1. სასწავლო მეთოდური მუშაობა მოიცავს შემდეგ სახეებს: ლექცია, ინდივიდუალური მეცადინეობა, რეპეტიცია, პრაქტიკული მეცადინეობა, სემინარი, სასწავლო პრაქტიკა, შემოქმედებითი პრაქ­ტიკა, საკურსო სამუშაო, კონსულტაცია, სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობა, სადიპლომო შრომა.

2. ინსტიტუტში სტუდენტთა შემოქმედებითი პრაქტიკა ხორცი­ელდება კათედრის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით.

3. სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. თითოეული სემესტრი მთავრდება საგამოცდო სესიით. სასწავლო მეცადინეობა მიმდინარეობს სასწავლო ცხრილის მიხედვით, რომელიც მთელი სემესტრისათვის დგება. დაუსწრებელი სწავლების სასწავლო წელი განისაზღვრება სასწავლო გეგმით. საგამოცდო სესიები დაუსწრებელი სწავლების სტუდენტებისათვის ეწყობა ორჯერ. სტუდენტებისათვის არდადეგები დაწესებულია წელიწადში ორჯერ. არდადეგების ვადა და ხანგრძლივობა განისაზღვრება სასწავლო გეგმით სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

    მუხლი 17. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

1. დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენ­ტრი ინსტიტუტის სტრუქტურული ნაწილია. მისი მიზანია:

ა) აწარმოოს მეცნიერული კვლევაძიება და ხელი შეუწყოს მისი შედეგების პრაქტიკაში დანერგვას;

ბ) მეცნიერ მუშაკებმა სრულყონ თავიანთი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, პროფესორებმა მოამზადონ სამეცნიერო-პედაგოგიური კადრები;

გ) დაეხმარონ სტუდენტებს დამოუკიდებელ მუშაობაში, უხელ­მძღვანელონ სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;

დ) მოამზადონ გამოსაცემად თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის პრობლემებზე შრომები;

ე) მოამზადონ გამოსაცემად კრებული თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი პროფილით.

2. ინსტიტუტში დაწესებულია მეცნიერ მუშაკთა თანამდებობები: მთავარი მეცნიერი მუშაკი, წამყვანი მეცნიერი მუშაკი, უფროსი მეცნიერი მუშაკი, მეცნიერი მუშაკი და უმცროსი მეცნიერი მუშაკი.

3. ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებს და მეცნიერ მუშაკებს აქვთ შიდასაინსტიტუტო შეთავსების უფლება.

4. პროფესორს, დოცენტს, რომელიც წარმატებით ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, შეუძლია მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს ან დამხმარე სახელმძღვანელოს დასამთავრებლად აიღოს შემოქმედებითი შვებულება ერთ წლამდე, აგრეთვე დროებით გადავიდეს მეცნიერი მუშაკის თანამდებობაზე.

    მუხლი 18. სასწავლო თეატრი

1. სასწავლო თეატრი არის ინსტიტუტის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც მუშაობს ამ თეატრის წესდების შესაბამისად.

2. სასწავლო თეატრისათვის სავალდებულოა რექტორატის გადაწ­ყვეტილება.

3. სასწავლო თეატრის მიზნებია:

ა) უხელმძღვანელოს სტუდენტების საკურსო და სადიპლომო სპექტაკლების გამოშვებას დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;

ბ) სასწავლო, სადიპლომო და კურსდამთავრებულთა ფილმების დემონსტრირების, შეხვედრების, ფესტივალების ორგანიზება.

4. სასწავლო თეატრში საკურსო და სადიპლომო სპექტაკლების მომზადების დაფინანსება ხდება თეატრისათვის გამოყოფილი ხარჯთა ნუსხის საფუძველზე.

5. თეატრს ჰყავს დირექტორი, რომელსაც რექტორის წარ­დგინებით ამტკიცებს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო.

თავი VI

სტუდენტობა

    მუხლი 19. სტუდენტობა

1. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში შესვლის უფლებით სარგებლობს საშუალო და საშუალო პროფესიული განათლების მქონე პირი (მათ შორის უცხოელი), მიუხედავად მისი ეროვნებისა, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსისა, რომელიც გაიმარჯვებს კონკურსში.

2. ინსტიტუტში მიღება ხდება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად. მიმღები კომისია განსაზღვრავს შემსვლელის შემოქმედებითი გამოცდების სპეციფიკურ თავისებურებას. ინსტიტუტში სახელმწიფო სექტორზე სწავლა უფასოა.

3. ინსტიტუტის სტუდენტს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ინსტიტუტის კაბინეტებით, აუდიტორიებით, სამკითხველო დარბაზებით და სხვა სასწავლო და სასწავლო-დამხმარე დაწესებულებებით, აგრეთვე სპორტული ინვენტარითა და სხვა მოწყობილობებით;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში;

გ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო დისციპლინების სრულ­ყოფაში, სტუდენტთა სწავლებასა და ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში.

4. სტუდენტი მოვალეა:

ა) სისტემატურად და ღრმად ეუფლებოდეს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ ჩვევებს არჩეული სპეციალობის მიხედვით, იმაღლებდეს შემოქმედებით, მეცნიერულ და კულტურულ დონეს;

ბ) ესწრებოდეს სასწავლო მეცადინეობებს, დადგენილ ვადებში ასრულებდეს სასწავლო გეგმითა და სასწავლო პროგრამებით გათვა­ლისწინებულ ყველა სახის დავალებას;

გ) იცავდეს ტრადიციებს, მაღალი მორალის პრინციპებს;

დ) ასრულებდეს ინსტიტუტის შინაგანაწესის მოთხოვნებს.

5. აკადემიური წარმატებისათვის, საზოგადოებრივ საქმიანობასა და სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის სტუდენტთა წახალისება ხდება სხვადასხვა ფორმით.

6. სასწავლო დისციპლინის, შინაგანაწესის მოთხოვნებისა და საერთო ცხოვრების წესების დარღვევისათვის სტუდენტის მიმართ შეიძლება გატარდეს შინაგანაწესით გათვალისწინებული ზომები.

7. სტუდენტს, რომელიც ჩააბარებს სახელმწიფო საატესტაციო გამოცდებს, დაიცავს სადიპლომო შრომას, სახელმწიფო საატესტაციო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით ენიჭება კვალიფიკაცია მიღებული სპეციალობის შესაბამისად და ეძლევა  ინსტიტუტის დამთავრების სახელმწიფო სერტიფიკატი (დიპლომი).

თავი VII

პროფესორთა საბჭო

    მუხლი 20. პროფესორთა საბჭო

ინსტიტუტში მოქმედებს ხელოვნების დარგში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიმნიჭებელი პროფესორთა საბჭო, რომლის მუშაობა წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით.

თავი VIII

ინსტიტუტის მუშაკთა უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 21. მუშაკთა უფლება-მოვალეობანი

1. ინსტიტუტის მუშაკთა მოვალეობა და უფლებები, შესასრულებელი სამუშაო, შრომის ანაზღაურებისა და სამსახურის ვადა განისაზღვრება ინსტიტუტის შინაგანაწესით და მუშაკთან გაფორ­მებული ხელშეკრულებით.

2. ინსტიტუტის მუშაკს უფლება აქვს შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტის მართვაში.

3. ინსტიტუტის მუშაკი ვალდებულია:

ა) შეასრულოს ინსტიტუტის შინაგანაწესი და მასთან გაფორ­მებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.

4. ინსტიტუტის ყველა მუშაკი თანაბრად სარგებლობს მათთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და მოქმედებს შინა­განაწესით განსაზღვრული ნორმებით.

თავი IX

ბიბლიოთეკა

    მუხლი 22. ბიბლიოთეკა

ინსტიტუტის ბიბლიოთეკა:

ა) უზრუნველყოფს სათანადო სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურით და საინფორმაციო მასალით სასწავლო პროცესსა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;

ბ) ემსახურება მკითხველს;

გ) იცავს და ამდიდრებს ლიტერატურის ფონდს;

დ) აწარმოებს შემოსული ლიტერატურის აღრიცხვას, კატა­ლოგიზაციას;

ე) იძენს ინსტიტუტის პროფილის შესატყვის ბუკინისტურ ლიტერატურას;

ვ) ეხმარება პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს ეროვნუ­ლი ბიბლიოთეკიდან მნიშვნელოვანი წიგნების მიღებაში;

ზ) აყალიბებს პროფილურ ფონდებს.

თავი X

ინსტიტუტის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და კონტროლი

    მუხლი 23. ინსტიტუტის ქონება

ინსტიტუტს დადგენილი წესით უფლება აქვს იჯარით გასცეს მისთვის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ ნორმატივებს და მიღებული შემოსავლები გამოიყენოს ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, ხოლო მისთვის მფლობელობითა და სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონება დატვირთოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით; გამოიყენოს ქონება კანონით დაშვებული სხვა ფორმით.

    მუხლი 24. ფინანსური სახსრები

1. ინსტიტუტის ფინანსური სახსრებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს და მომსახურების შესრულებით მიღებული შემოსავალი;

გ) შემოწირულობები, გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემო­სავლები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული ფინანსური სახსრებიდან ინსტიტუტის განკარგულებაში დატოვებული თანხები მთლიანად ხმარდება ამ წესდებით განსაზღვრული ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 25. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება

ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს კულტურის სამინისტროს.

    მუხლი 26. სახელმწიფო კონტროლი

1. ინსტიტუტის სამეურნეო-საფინანსო და სხვა შესაბამისი საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზან­შეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ინსტიტუტმა მხოლოდ  საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს „საჯა­რო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები.

3. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში არის საქართველოს კულტურის სამინისტრო.

4. ინსტიტუტი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება­მოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება.

თავი XI

დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

    მუხლი 27. გარდამავალი დებულება

1. ინსტიტუტის პრორექტორებს ამ წესდების ძალაში შესვლისთანავე უწყდებათ უფლებამოსილება, მაგრამ აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე რექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატების არჩევამდე.

2. რექტორი მოვალეა ამ წესდების ძალაში შესვლისთანავე სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს ასარჩევად წარუდგინოს პრორექ­ტორთა კანდიდატები.

    მუხლი 28. ინსტიტუტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ინსტიტუტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით, ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით გათვალის­წინებული წესით. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 29. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.