დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად მიმართულებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 600 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 26/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 20, 31/10/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/10/1997 - 27/09/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №600
1997 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად მიმართულებათა შესახებ
დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წლები როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით უმძიმესი წლები იყო საქართველოს ისტორიაში. წინა პერიოდში მიღებულმა მცდარმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ტრაგიკული ანარეკლი პოვა ეკონომიკაში. სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს მნიშვნელოვნად ამწვავებდა შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, რამაც 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილ მოვლენებამდე მიგვიყვანა, გარედან ინსპირირებული სეპარატისტული მოძრაობები და მათ საფუძველზე წარმოშობილი სამოქალაქო ომი, რის გამო 1992-1993 წლებში დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის სახელმწიფოებრივ არსებობას საფრთხე შეექმნა. ჯერჯერობით შეუძლებელია ამ ომის არათუ სოციალური და მორალური შედეგების, არამედ პირდაპირი ეკონომიკური ზარალის ზუსტი შეფასება, მაგრამ წინასწარი სავარაუდო მონაცემებით, ეს უკანასკნელი 6-7 მილიარდ დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, დიდია ზარალი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მიადგა ხუთი წლის განმავლობაში აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის სამეურნეო პოტენციალის სრული პარალიზებით, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების ბლოკირებით.
ზემოაღნიშნული მიზეზების გამო შეუძლებელი გახდა ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების თანმიმდევრული და სისტემური მართვა, მით უმეტეს, რომ ქვეყანას არ გააჩნდა არც საკუთარი კონსტიტუცია და არც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა. ამის შედეგად საქართველოში 1990-1994 წლებში თითქმის ექვსჯერ შემცირდა სამრეწველო პროდუქციის მოცულობა, ტრადიციული ეკონომიკური კავშირურთიერთობის მოშლამ მნიშვნელოვნად შეცვალა მისი დარგობრივი სტრუქტურაც. ეროვნული ვალუტისა და ფულად-საკრედიტო სისტემის უქონლობის გამო ქვეყანა ჰიპერინფლაციურ სპირალში აღმოჩნდა. ელექტროენერგიის გამომუშავების მკვეთრად შემცირების შედეგად საქართველო მოიცვა ენერგეტიკულმა კრიზისმა. აგროსამრეწველო კომპლექსში ძველი სტრუქტურების რღვევამ ქვეყანაში შექმნა მწვავე სასურსათო დეფიციტი და გამოიწვია სამომხმარებლო ბაზრის დაუბალანსებლობა, რის შედეგადაც ქვეყნის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფაში შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა და მოსახლეობა რეალურად დადგა შიმშილის საშიშროების წინაშე.
ეკონომიკის მკვეთრმა დაქვეითებამ შესაბამისი გავლენა იქონია მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. 1990-1994 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 3,5-ჯერ შემცირდა. ღრმა ცვლილებები განიცადა მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურამ და ოდენობამ.
შესაბამისად ქვეყანაში გამოიკვეთა სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსახლეობის ფენები, რომელთა ძირითად ნაწილს უმუშევრები, პენსიონერები, დევნილები, ინვალიდები, ინტელიგენციის საგრძნობი ნაწილი და საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულები წარმოადგენდნენ.
1992-1993 წლებში საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ დღის წესრიგში დააყენა იმის აუცილებლობა, რომ შემუშავებულიყო მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც მოწონებულ იქნა 1994 წლის თებერვალში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით. პროგრამის შესაბამისად ქვეყანაში დაიწყო რადიკალური ეკონომიკური გარდაქმნები. ძირითად მიმართულებებად განისაზღვრა საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს გარდაქმნა, პრივატიზების ტემპის მკვეთრი დაჩქარება, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური სფეროს რეფორმა, ფასების სრული ლიბერალიზაცია.
აღნიშნული პროგრამის რეალიზების შედეგად უკვე 1994 წლის ბოლოს გამოიკვეთა ეკონომიკის სტაბილიზაციის ისეთი მნიშვნელოვანი ტენდენციები, როგორიცაა ჰიპერინფლაციის დაძლევა, კუპონის გაცვლითი კურსის სტაბილურობა, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება ხარჯების შეზღუდვისა და რაციონალიზაციის საფუძველზე და მისი გარკვეული დაბალანსების უზრუნველყოფა, ორიარუსიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბება, მართლწესრიგის აღდგენა.
ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელების უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საფუძველი გახდა ქვეყნის კონსტიტუციის მიღება, პრეზიდენტისა და პარლამენტის დემოკრატიული არჩევნები, საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება.
ეკონომიკური სტაბილიზაციის დამყარება და სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმის განხორციელება საქართველომ შეძლო მთელ რიგ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად. დამყარდა მჭიდრო ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან, გაეროს სააგენტოებთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. მნიშვნელოვანი ფინანსური, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, ნიდერლანდისა და სხვა ქვეყნების მთავრობებმა.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ ჩვენი ქვეყნისათვის გაწეულმა ყველა სახის დახმარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნას, საკუთრების ტრანსფორმაციას, ფასების ლიბერალიზაციას, საერთაშორისო ურთიერთობებში ჩამოყალიბებული პრინციპებისა და ნორმების დანერგვას.
ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზების მთავარი მიღწევები იყო:
ა) ინფლაციური პროცესების მართვა;
ბ) ეროვნული ვალუტის შემოღება;
გ) სახელმწიფო საკუთრების ტრანსფორმაცია და კერძო მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც კერძო სექტორის ხვედრითმა წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 1996 წლისათვის 70-75 პროცენტი შეადგინა;
დ) სასოფლო-სამეურნეო მიწებზე კერძო საკუთრების დაკანონება, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ მიწებზე კერძო მოიჯარეთა ფენის ჩამოყალიბება;
ე) პურის ფასების ლიბერალიზაცია, პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის დემონოპოლიზაცია და ამ სფეროში კონკურენტული გარემოს შექმნა;
ვ) საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატა კვოტირების, საექსპორტო და საიმპორტო კონტრაქტების რეგისტრაციის, საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმებით, არასატარიფო ბარიერებისა და შეზღუდვების, ექსპორტისა და იმპორტის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქონლის ნომენკლატურის მკვეთრად შემცირებით;
ზ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, საგადასახადო შემოსავლების არსებითი ზრდა; 1996 წელს სახელმწიფო შემოსავლების მიღწეულმა დონემ მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 9,9 პროცენტი შეადგინა ნაცვლად 1995 წლის 7,4 პროცენტისა. 1996 წელს ბიუჯეტებში მობილიზებული იყო თითქმის 2-ჯერ მეტი თანხა, ვიდრე წინა წელს, ხოლო შემოსავლებმა ერთ სულ მოსახლეზე 1996 წელს 95,4 ლარი შეადგინა ნაცვლად 1995 წლის 52,1 ლარისა;
თ) მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციის ჩამოყალიბება, რაც იმით გამოიხატა, რომ ეკონომიკაში დასაქმებულთა ნომინალური საშუალო თვიური ხელფასი 1996 წელს 2,1-ჯერ გადიდდა წინა წელთან შედარებით და ამავე პერიოდში სიღარიბის ზღვრის ქვემოთ არსებული შემოსავლების მქონე ოჯახების წილი 15 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 1997 წლის სექტემბერში ქვეყანაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 70 ლარი შეადგინა.
ანტიკრიზისული პროგრამა იყო ქვეყნის ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის, სტაბილიზაციისა და შემობრუნების პროგრამა.
ამავე დროს რეფორმებმა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყვეს მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად ამაღლება. ჯერ კიდევ ჩამორჩენაა ცალკეული ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, მწვავეა სოციალური პრობლემები. 1990 წლის დონის მიმართ 1996 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ შეადგინა 33,4 პროცენტი, მრეწველობის პროდუქციისა – 15,0 პროცენტი, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა – 65,7 პროცენტი, საშუალო თვიურმა ხელფასმა – 33-35 პროცენტი.
აღნიშნული პრობლემების გადაჭრის, საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო პროგრამის დებულებათა თანამიმდევრული რეალიზაციის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარების, რეფორმების პროცესის შეუქცევადობისა და გაღრმავების უზრუნველყოფის მიზნით:
1. ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად ორიენტირად განისაზღვროს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და სიღატაკის დაძლევა, რაც უზრუნველყოფილი იქნება: წარმოების რეაბილიტაციისა და დასაქმების გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელების საფუძველზე; მოსახლეობის შემოსავლების რეალური ზრდით, სახელმწიფოს მიერ სოციალური დაცვის მინიმალური გარანტიების შექმნით, რაც უნდა განხორციელდეს მოსახლეობის უღარიბესი, სიღატაკის ზღვარს მიღმა დარჩენილი ფენებისათვის მინიმალური ხელფასისა და მინიმალური პენსიის ოდენობის დაწესებისას საარსებო მინიმუმთან მისი თანაფარდობის შემდგომი ამაღლების უზრუნველყოფით, მოსახლეობის შრომითი შემოსავლების რეგულირებით ხელფასის მინიმალური ოდენობის გარანტიის, საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა ხელფასის დონეთა დიფერენციაციისა და დაბეგვრის სისტემის მეშვეობით; შრომის ანაზღაურების სისტემის რეგულირებით შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე; შრომის ანაზღაურების სისტემის სრულყოფით, ერთიანი სატარიფო განაკვეთის საფუძველზე შრომის სირთულისა და კვალიფიკაციის დონეებს შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებით.
განხორციელდეს ღონისძიებები სოციალური პოლიტიკის უმთავრესი მიზნის – შემოსავლების გადანაწილების ოპტიმალური მექანიზმის ჩამოყალიბებისათვის სოციალური დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმებით.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოსახლეობის შემოსავლების ფორმირებაში სახელმწიფოს ეკონომიკური როლის შენარჩუნების კვალობაზე გატარდეს ღონისძიებები სოციალური ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილის კერძო სექტორისათვის გადაცემის ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად, განსაკუთრებით კერძო სექტორის როლის ასამაღლებლად სოციალური დაზღვევის (უმუშევართა დაზღვევის, საპენსიო დაზღვევის, ჯანმრთელობის დაზღვევის და სხვ.) სისტემების ჩამოყალიბებაში.
არსებული საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა გარდაიქმნას ორსაფეხურიან სისტემად, სადაც პირველი საფეხური უზრუნველყოფს მინიმალურ საპენსიო შემწეობას (ერთიანი განაკვეთით ან შენატანების სიდიდის მიხედვით), ხოლო მეორე საფეხური – ინდივიდუალური სავალდებულო ან ნებაყოფლობითი საპენსიო შენატანების სისტემის ჩამოყალიბებას. ყველაზე ღარიბი პენსიონერების ხელშესაწყობად განხორციელდეს მისამართული საოჯახო დახმარების პროგრამები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოფილ იქნეს პენსიების სამართლიანი დიფერენციაცია.
დაიხვეწოს დასაქმების ფონდის ფინანსების მართვის სისტემა, რომლის საფუძველზე უმთავრესი ყურადღება მიექცეს უმუშევართა შემწეობის გაცემას, მოხდეს მისი დიფერენციაცია შრომის სტაჟსა და შრომის ანაზღაურებაზე დამოკიდებულების თვალსაზრისით. განხორციელდეს ღონისძიებები დასაქმების ფონდის მიერ აქტიური სოციალური პოლიტიკის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მუშაკთა გადამზადების ხარჯების ეფექტიანობის ასამაღლებლად.
შემუშავდეს საოჯახო დახმარების მიზანმიმართულად წარმართვის ახალი მექანიზმი. ადრესატის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს არა მარტო მიმდინარე შემოსავალი, არამედ პირადი ქონების სიდიდე და ცხოვრების დონის განმსაზღვრელი სხვა ფაქტორები.
2. მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო პარამეტრების გაუმჯობესების, მოსახლეობის ცხოვრების დონის რეალური ამაღლების, სიღატაკის დაძლევის, უმუშევრობის დონის შემცირებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირების მიზნით 2000 წლისათვის მიღწეულ იქნეს: ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური ზრდა 8-10 პროცენტის ფარგლებში; საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესების მიზნით ექსპორტის 8-9 პროცენტიანი წინმსწრები ზრდა იმპორტთან შედარებით; მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ საგადასახადო შემოსავლების ხვედრითი წილის გადიდება 15-16 პროცენტის ფარგლებში; ინფლაციის დონის მიზანშეწონილი რეგულირება.
3. უზრუნველყოფილ იქნეს შრომის ბაზრის რეგულირების ეფექტიანი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება, აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის საფუძვლების შექმნა, სამუშაო ძალის დასაქმებაში კერძო სექტორის როლის გაძლიერება; კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ძირეული გარდაქმნა, დასაქმებისა და უმუშევრობის მარეგულირებელი ორგანიზაციული სტრუქტურებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; სოციალური სფეროს დარგებში დაწყებული რეფორმების წარმატებით გაგრძელებისა და მისი შემდგომი სრულყოფისათვის სახელმწიფო მხარდაჭერა.
4. ფულად-საკრედიტო სფეროს მიზანმიმართული რეგულირების მიზნით უზრუნველყოფილ იქნეს როგორც უცხოური, ისე შიდა საინვესტიციო საკრედიტო რესურსების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკაში მათი ეფექტიანი ჩართვა; განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს ინფლაციური პროცესების სისტემურ მართვას; ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარებაში კომერციული საბანკო სისტემის პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით შემუშავდეს წამახალისებელი ღონისძიებები, რათა კომერციულმა ბანკებმა თავიანთი საკრედიტო რესურსები მიმართონ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დასაფინანსებელი პროექტების ინვესტირებაზე; კომერციული საბანკო სისტემის გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდურობის ამაღლების მიზნით მკაცრად იქნეს დაცული ბანკების გარდაქმნის სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2000 წლისათვის ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ოდენობა გაუტოლდეს 3 თვის იმპორტის საერთო ღირებულებას.
5. საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო პოლიტიკის სტრატეგიულ ამოცანად განისაზღვროს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდე არა უმეტეს 3 პროცენტისა 2000 წლისათვის; უფრო სრულყოფილი გახდეს სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით. განხორციელდეს სახელმწიფო პრიორიტეტული ხარჯების – მოსახლეობის სოციალური დაცვის, სახელმწიფო ვალების მომსახურების და ინვესტიციური პროგრამების განვითარების მაქსიმალური სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები. საგადასახადო პოლიტიკის უმთავრეს მიზნად მიჩნეულ იქნეს საგადასახადო შემოსავლების განუხრელი ზრდა, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა და ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებულ დავალიანებათა მოცულობის მაქსიმალური შემცირება, რათა მათი პარამეტრები წლიურად არ აღემატებოდეს ამავე პერიოდისათვის გათვალისწინებული შემოსავლების პროგნოზული მაჩვენებლის 10-15 პროცენტს, ხოლო ვადაგადაცილებულ საბიუჯეტო დავალიანებათა არსებობის ხანგრძლივობა – 5-6 თვეს; შემუშავდეს საგადასახადო და საბაჟო სამსახურების ადმინისტრაციების მუშაობის გაუმჯობესების სტრატეგია, დაინერგოს ანტიკონტრაბანდული მეთოდები და გატარდეს ანტიკორუფციული პროფილაქტიკური ღონისძიებები; განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქვეყნის სახელმწიფო, საშინაო და საგარეო ვალების მართვის საკითხებს, მოსახლეობის წინაშე სახელმწიფო ვალდებულებების რეალიზაციას; ქმედითად იქნეს გამოყენებული ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის არაინფლაციური შიდა წყარო – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების გზით მოზიდული სახსრები; შეიქმნას საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ფორმირებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
6. სტრუქტურული ცვლილებების, საკუთრებითი ურთიერთობების შეწონასწორებული თანაფარდობის უზრუნველყოფისა და პრივატიზების პროცესის მიზანმიმართული წარმართვის მიზნით განხორციელდეს ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის, კომუნალური მეურნეობისა და სხვა სფეროთა რესტრუქტურიზაცია და განსახელმწიფოებრიობა, ამასთან განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ამ პროცესში კერძო კაპიტალის მონაწილეობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ქონების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას.
7. რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობის საწარმოო-შრომითი აქტიურობის ამაღლებას, დასაქმების მაქსიმიზაციასა და მისი ოპტიმალური დონის უზრუნველყოფას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი შრომითი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, რეგიონების შეწონასწორებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას, ძირითადი ტერიტორიული პროპორციების სრულყოფას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და გარემოს დაცვას, რეგიონებისა და სახელმწიფოს ინტერესების ურთიერთშეთანხმებას.
8. შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკა, რომელიც განაპირობებს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქვეყნის სამრეწველო კომპლექსის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნას, ეკონომიკაში ახალი დარგთაშორისი პროპორციების ჩამოყალიბებას საგარეო და შიდა ბაზრის მოთხოვნილებათა შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობის სხვადასხვა ფორმის განვითარებას, პრივატიზებული საწარმოების რეაბილიტაციას, საქართველოს მრეწველობის ჩაბმას მსოფლიო ინდუსტრიულ სისტემაში, სამამულო სამრეწველო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას; შემუშავდეს მრეწველობის რეაბილიტაციის, გაჯანსაღებისა და განვითარების სამწლიანი პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს სამრეწველო სფეროში ინვესტიციების მოზიდვისათვის საჭირო ღონისძიებათა განსაზღვრას, ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებას.
9. განხორციელდეს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სრულად ჩამოყალიბება; შემცირდეს ელექტროენერგიის არსებული დეფიციტი; უზრუნველყოფილ იქნეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სულ ცოტა 90 პროცენტის დონეზე გადახდევინება; ენერგეტიკული სისტემის სტრუქტურული გარდაქმნა; გაზის მეურნეობის, ნავთობისა და ნახშირის მომპოვებელი, აგრეთვე ნავთობპროდუქტებით მომარაგების სისტემის საწარმოებში კერძო კაპიტალის შესვლის სტიმულირება; ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების გამოყენება; განხორციელდეს ღონისძიებები, რათა უახლოეს წლებში საქართველო გადაიქცეს ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყანად.
10. „ევროპა-კავკასია-აზია“ სატრანსპორტო დერეფნის რეალურად ამოქმედების მიზნით უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციით განსაზღვრული სტრატეგიული ორიენტირების რეალიზაცია, კერძოდ ახალი სატრანსპორტო სისტემის ფორმირების პროცესთა მართვის სისტემის გაძლიერება, საერთაშორისო ტვირთზიდვისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება, მისი ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, რკინიგზის, საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დარგების რესტრუქტურიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურების განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ქვეყნის შიგნით ტრანსპორტის სახეობათა ეფექტიანი ფუნქციონირება.
11. უზრუნველყოფილ იქნეს აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზების დასრულება, არსებული საექსპორტო პოტენციალის უფრო ეფექტიანი გამოყენება; აგრარული რეფორმის გაღრმავება და მიწაზე კერძო საკუთრების დამკვიდრება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზების, მიწის რეგისტრაციის სისტემის, მიწის ცივილიზებული ბაზრის განვითარება. 2000 წლისათვის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მიღწევა, რაც გულისხმობს საკუთარი პროდუქციის წარმოებას საკმარისი რაოდენობით, ხარისხით და ყველა სოციალური ფენისათვის პროდუქტების ხელმისაწვდომობას ფასების თვალსაზრისით; შემუშავდეს და განხორციელდეს ფალსიფიცირებული და კონტრაბანდული საქონლისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვის კომპლექსური ღონისძიებები.
12. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად განისაზღვროს სასამართლო რეფორმის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებისადმი ადაპტირებული, კომპეტენტური და ხელისუფლების სხვა შტოებისაგან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, ამ სფეროში არსებული სტრუქტურების ძირეულ რეორგანიზაციას, ახალი სასამართლო დაწესებულებების შექმნასა და შესაბამისად ახალი პროცედურების შემუშავებას.
13. განხორციელდეს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოთა უფლებების გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი ფინანსური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სამართლებრივი ბაზის საფუძველზე სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების გამიჯვნა, ადგილობრივი საწარმოო პოტენციალისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენებისათვის, მუნიციპალური სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, მუნიციპალურ-საინვესტიციო პროგრამების რეალიზებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა.
14. უზრუნველყოფილ იქნეს სტატისტიკური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზება, ეროვნულ ანგარიშთა სისტემისათვის საჭირო ახალი ინფორმაციული ბაზის ჩამოყალიბება, ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზული შეფასება, აღრიცხვისა და სტატისტიკური სამსახურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება.
15. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურება საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაეროსთან და მის სტრუქტურებთან (UNDP, FAO, IFAD, WFP და სხვ.), საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ბისეკის, დსთ-ის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან, დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ეკოლოგიურ ფონდებთან იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ დახმარების პროგრამები იცვლება ინვესტიციური ხასიათის განვითარების პროგრამებით; საქართველო გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი; ყურადღება გამახვილდეს კავკასიის რეგიონში საქართველოს როლის შემდგომ გაძლიერებაზე.
16. შემუშავდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეკონომიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამები საერთაშორისო ორგანიზაციებთან – გაერო, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი – და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურების გათვალისწინებით.
17. განხორციელდეს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის ღონისძიებანი, ფარული საწარმოო საქმიანობის სააღრიცხვო სისტემაში მოქცევისათვის მოხდეს საგადასახადო სისტემის სრულყოფა; ლეგალური ბიზნესის მაქსიმალურ სტიმულირებასთან ერთად დაიხვეწოს საფინანსო კონტროლის მექანიზმი, რათა მუდმივი გაუმართლებელი შემოწმებები ზედმეტ ტვირთად აღარ აწვებოდნენ მეწარმეს და არ აფერხებდნენ მისი საქმიანობის ნორმალურ რიტმს; გაძლიერდეს ბრძოლა კორუფციასთან; ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებაში გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება და ფინანსური დახმარება.
18. ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად მიმართულებათა წარმატებით განხორციელების, მათ შესახებ მოსახლეობისათვის ობიექტური ინფორმაციის დროული მიწოდების მიზნით შემუშავდეს სპეციალური ინფორმაციული უზრუნველყოფის პროგრამა. საქართველოს ტელევიზიით, რადიოთი, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით გაშუქდეს რეფორმათა მსვლელობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები.
19. სამინისტროებმა, დეპარტამენტებმა, უწყებებმა, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა და მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა ამ ბრძანებულების მიხედვით თავიანთ სფეროებში შეიმუშაონ და დაამტკიცონ ანალოგიური ხასიათის დოკუმენტები და თავიანთი მუშაობა წარმართონ მათ შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები