სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულების პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის შექმნის შესახებ

  • Word
სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულების პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 375
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 05/08/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 300160000.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
375
31/07/2003
სსმ, 81, 05/08/2003
300160000.05.002.000002
სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულების პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (05/08/2003 - 04/11/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №375

2003 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულების პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის შექმნის შესახებ

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო აღებული ვალდებულებების შესრულების, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებისა და „საქართველოში შესაბამისობის დადასტურების სისტემის დანერგვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2002 წლის 28 სექტემბრის 75 ბრძანებით განსაზღვრული, საქსტანდარტის სისტემის ინსტიტუციური მოწყობისათვის გასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით:

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად შეიქმნას საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია.

2. დამტკიცდეს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის თანდართული დებულება.

3. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. ჯანიკაშვილი):

ა) უზრუნველყოფის საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის ხელმძღვანელის დანიშვნა, და „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის 179 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე ბრძანებულების პროექტის მომზადება;

ბ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელოს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ე. შევარდნაძე

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულების – პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის დებულება

 მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) არის საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან (შემდგომში – დეპარტამენტი) არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი შექმნილია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ”, საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და ახორციელებს სავალდებულო სტანდარტების, სერტიფიკაციის წესების, სერტიფიცირებული პროდუქციისა და მომსახურების, მეტროლოგიური წესებისა და ნორმების მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობას.

2. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით: „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”, „სტანდარტიზაციის შესახებ”, “პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ”, „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, „საქსტანდარტის” თავმჯდომარის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. ინსპექციის სრული ოფიციალური დასახელებაა – „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია”.

4. ინსპექციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, ანგარიშსწორების ანგარიში (ანგარიში ხაზინაში და სხვა დამახასიათებელი ატრიბუტიკა).

5. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 380092 ჩარგლის ქ. №67.

    მუხლი 2. ინსპექციის ამოცანები

ინსპექციის ამოცანებია:

ა) პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის მთელ სტადიაზე სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების სავალდებულო მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) სერტიფიკაციის წესების სავალდებულო მოთხოვნების საფუძველზე, სამომხმარებლო ბაზრის უხარისხო, ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან დამცავ ღონისძიებათა განხორციელება;

გ) სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული იმპორტული პროდუქციის, მათ შორის გაზომვის საშუალებების ქვეყანაში აღიარებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობა.

    მუხლი 3. ინსპექციის უფლებამოსილებანი

ინსპექციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს დამამზადებლისაგან, გამყიდველისაგან დეკლარაცია, შესაბამისობის სერტიფიკატი, ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად;

გ) განახორციელოს სახელმწიფო მეტროლოგიური კონტროლი “გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სერტიფიკაციის ორგანოების და საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა. სერტიფიკაციის წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, აგრეთვე, არამართებულად გაცემული შესაბამისობის დადასტურების დოკუმენტების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების თაობაზე;

ე) დადგენილი წესის შესაბამისად აიღოს პროდუქციის ნიმუშები (სინჯები), რომელიც გადაეგზავნება შესაბამის ლაბორატორიებს ხარისხის კონტროლის განსახორციელებლად;

ვ) მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პროდუქციის რეალიზაციის შეჩერება-აკრძალვის შესახებ;

ზ) პროდუქციის იმპორტირების დროს ითანამშრომლოს პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის საკითხებში საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან;

თ) ითანამშრომლოს სამართალდაცვის ორგანოებთან, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებებთან, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ი) დადგენილი წესით ხელი შეუწყოს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და გამოცდილების გაზიარებისათვის მათ მონაწილეობას თათბირებში, სემინარებსა და კონფერენციებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

    მუხლი 4. ინსპექციის სტრუქტურა და მართვა

1. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტანდარტის თავმჯდომარე.

2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქსტანდარტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს ინსპექციის უფროსი.

3. ინსპექციის უფროსი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს ინსპექციის სახელით, წარმოადგენს ინსპექციას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, სხვა მუშაკების მეშვეობით წყვეტს სამსახურის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს.

4. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის ფუნქციებს ასრულებს მოადგილე.

5. ინსპექციის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქსტანდარტის თავმჯდომარე.

6. ინსპექციის უფროსი:

ა) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობებს;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის თანამშრომლებს;

გ) დადგენილი წესით განაგებს ინსპექციის ქონებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ბრძანებებს.

    მუხლი 5. ინსპექციის ქონება და დაფინანსება

1. ინსპექციის ქონებაა:

ა) მისთვის მფლობელობისა და სარგებლობისათვის დადგენილი წესით გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები;

ბ) ძირითადი ფონდები, საბრუნავი საშუალებები, ფულადი სახსრები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც დადგენილი წესით არის ასახული მის ბალანსში.

2. ინსპექციის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 6. საბუღალტრო ანგარიშგება

ინსპექცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

    მუხლი 7. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 8. ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.