დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 29/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/06/2005 - 03/11/2005)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №109
2005 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენდერული პოლიტიკის შემუშავების, მისი განხორციელების ხელშეწყობის, უწყებათაშორისი ურთიერთობის კოორდინირებისა და მათი შეთანხმებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით:
1. შეიქმნას გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი გეწაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ნათია თურნავა – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
ლელა მეტრეველი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე
ვახტანგ მშვიდობაძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
კონსტანტინე ქავთარაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ბელა წიფურია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ლევან ჯუღელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ქეთევან მახარაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
მაია კუპრავა-შერვაშიძეს – მარტოხელა მშობელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს
ელენე რუსეცკის – სამხრეთ კავკასიის გენდერული საინფორმაციო ქსელის კოორდინატორს
როზა ცინდელიანს – აფხაზეთის ქალთა ასოციაცია „საბინების” თავმჯდომარეს
ნინო ციხისთავს – კავკასიის ქალთა კვლევითი და საკონსულტაციო ქსელის დირექტორს.
3. გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა განახორციელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
4. დამტკიცდეს გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
5. კომისიამ ერთ წელიწადში წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის საკითხთან დაკავშირებით.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისიის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საქართველოს მთავრობის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში ქვეყნის გენდერული პოლიტიკის შემუშავების, მისი განხორციელების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2. კომისიის მიზანი და ამოცანები
1. კომისიის საქმიანობის მთავარი მიზანია საქართველოში გენდერული პოლიტიკის განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
2. კომისია აყალიბებს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს გენდერული პოლიტიკის სახელმწიფო კონცეფციას და მისი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში დანერგვის საკითხებს.
3. კომისია საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს წინადადებებს გენდერული პარამეტრების საქართველოს კანონმდებლობაში გათვალისწინების, აგრეთვე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის შესახებ.
4. კომისია გენდერული საკითხების განხილვისას მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან არსებულ გენდერული თანასწორობის საკითხების საკონსულტაციო საბჭოსთან.
5. კომისია უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას გენდერული თანასწორობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონიტორინგის განსახორციელებლად.
6. კომისია თანამშრომლობს გენდერულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
მუხლი 3. კომისიის უფლება-მოვალეობანი
1. კომისიას უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
2. კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას დროებითი ან მუდმივი სამუშაო ჯგუფი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კომისია საქართველოს მთავრობას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება და მართვა
1. კომისია განსახილველ საკითხებს ამზადებს თავისივე გადაწყვეტილებით დამტკიცებული გეგმის მიხედვით.
2. კომისიის სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარემ ან თავმჯდომარის მოადგილემ შეიძლება მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.
3. სხდომის დღის წესრიგი, დრო და ადგილი ეცნობებათ კომისიის წევრებს სხდომის გამართვამდე სულ ცოტა ორი დღით ადრე.
4. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.
5. ამ დებულებით გათვალისწინებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა ევალება კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილეს.
მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები