საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 680
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/10/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000363
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
680
21/10/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/10/1996
010340000.05.002.000363
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/10/1996 - 21/07/2000)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 680

 1996 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) უფლება-მოვალეობებს მასზე დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად.

სამსახური არის საქართველოს პრეზიდენტისადმი დაქვემდებარებული მუდმივმოქმედი ორგანო სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში, რომლის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლების კანონ და ნორმაშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციასა და პარლამენტთან ურთიერთობაში, საერთო-სახელმწიფოებრივი და სოციალურ-ეკონომიკური აღმშენებლობის ძირითადი მიმართულებით საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებაში.

    მუხლი 2

თავის საქმიანობაში სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.

    მუხლი 3

სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

 

 

 

თავი II. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი

    მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

4.1. საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება საერთო-სახელმწიფოებრივი, სოციალურ-ეკონომიკური აღმშენებლობისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნის, რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებზე;

4.2. აღმასრულებელ ხელისუფლებაში გეგმაზომიერი და მიზანმიმართული კანონშემოქმედებითი საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

4.3. საქართველოს პრეზიდენტისათვის ხელშეწყობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლისათვის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულებაში;

4.4. საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა იმ სფეროში, რომელიც არ განეკუთვნება კანონშემოქმედებას.

თავი III. სამსახურის უფლებამოსილებანი

    მუხლი 5. სამსახური:

5.1. უზრუნველყოფს აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის ორგანიზაციას, კანონპროექტების მომზადების გეგმის შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

5.2. აკონტროლებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესრულებას;

5.3. ამზადებს დასკვნებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილ კანონპროექტებზე;

5.4. ამზადებს კანონპროექტებს მთავრობის სხდომაზე, უშიშროებისა და ეკონომიკური საბჭოს სხდომებზე განხილვისათვის (სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის სამსახურებთან ერთად);

5.5. უზრუნველყოფს კანონპროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტებს საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში მათი წარდგენისათვის;

5.6. მონაწილეობს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და პარლამენტის პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვაში, უზრუნველყოფს ამ პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლების, საპარლამენტო მდივნების მონაწილეობას;

5.7. ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასკვნას კანონზე ხელმოწერის მიზანშეწონილობის თაობაზე;

5.8. აკონტროლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონების გამოქვეყნებას;

5.9. ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში წარსადგენ დოკუმენტებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისა და დენონსაციის, საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს შეერთების თაობაზე;

5.10. ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების პროექტებს არასარატიფიკაციო საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ;

5.11. განიხილავს სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებიდან, სხვა უწყებებიდან, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან შემოსულ საკანონმდებლო წინადადებებს და ამზადებს დასკვნებს საქართველოს პრეზიდენტისათვის.

5.12. კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობას.

თავი IV. სამსახურის უფლებამოსილებანი საქართველოს პრეზიდენტის დავალებათა შესასრულებლად

    მუხლი 6. სამსახური საქართველოს პრეზიდენტის დავალებით:

6.1. შეიმუშავებს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ცალკეული თანამდებობის პირების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებებისა და ბრძანებულებების პროექტებს;

6.2. შეიმუშავებს საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და კანონის ძალის მქონე დეკრეტების პროექტებს;

6.3. ამზადებს სათანადო დოკუმენტებს საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და კანონის ძალის მქონე დეკრეტების საქართველოს პარლამენტში წარსადგენად;

6.4. ამზადებს დასკვნას წინადადებაზე თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის მიზანშეწონილობის შესახებ და სათანადო დოკუმენტებს ამ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თანხმობის მისაღებად.

6.5. ამზადებს დასკვნას საქართველოს პრეზიდენტისადმი ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა აქტების გაუქმების აუცილებლობაზე და შეიმუშავებს ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტს;

6.6. რეაგირებას ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მიმართ საქართველოს პარლამენტის სხდომებზე გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებზე;

6.7. შეიმუშავებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების პროექტებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ;

6.8. ამზადებს საკონსტიტუციო სარჩელს;

6.9. მონაწილეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეთა განხილვაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი.

 თავი V. სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია

    მუხლი 7

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ხელმძღვანელობით სამსახურის მიმდინარე საქმიანობას უზრუნველყოფს საპარლამენტო მდივნის მოადგილე – სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის აზრის გათვალისწინებით.    

    მუხლი 8. საპარლამენტო მდივნის მოადგილე – სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით:

- შეიმუშავებს და სახელმწიფო კანცელარიის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის დებულებას;

- სახელმწიფო კანცელარიის უფროსს წარუდგენს სამსახურის საშტატო ნუსხას;

- კომპეტენციის ფარგლებში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;  ხელს აწერს სამსახურის სახელით გაცემულ დოკუმენტაციას და ოფიციალურ კორესპონდენციას;

- უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო კანცელარიის უფროსისა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დავალებათა შესაბამისად;

- განსაზღვრავს სამსახურის ყოველი საშტატო ერთეულის ფუნქციურ მოვალეობას;

- ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებებს.

    მუხლი 9. სამსახურის სტრუქტურაშია საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის ჯგუფები.

    მუხლი 10. საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფის უფროსი:

- უზრუნველყოფს ჯგუფის წევრების მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვისას;

- მონაწილეობს კანონშემოქმედებით საქმიანობაში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების სამართლებრივ ექსპერტიზაში;

- მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების რატიფიკაციისა და დენონსაციის, საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს შეერთების, არასარატიფიკაციო ხელშეკრულებათა დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ სათანადო დოკუმენტების მომზადებაში;

- ამზადებს დოკუმენტებს საქართველოს პრზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის იმ საკითხებზე, რომლებიც არ განეკუთვნება კანონშემოქმედებას.

    მუხლი 11. კანონშემოქმედებითი საქმიანობის ჯგუფის უფროსი:

- ხელმძღვანელობს ჯგუფის საქმიანობას;

- საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის ამზადებს საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენ კანონპროექტებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და დეკრეტების პროექტებს;

- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კანონპროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და დასკვნების მომზადებას;

- სახელმწიფო კანცელარიის სხვა სამსახურებთან, უშიშროებისა და ეკონომიკურ საბჭოებთან ერთად ამზადებს კანონპროექტებს მთავრობის სხდომაზე განსახილველად;

- ასრულებს ამ დებულებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 12

სახელმწიფო მრჩევლები, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ჯგუფში არიან დასაქმებული, ასრულებენ ამ დებულებით ჯგუფისათვის დაკისრებულ ფუნქციებს.

    მუხლი 13

რეფერენტი ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

    მუხლი 14

წამყვანი სპეციალისტი უზრუნველყოფს სამსახურის საქმისწარმოებას და ასრულებს საპარლამენტო მდივნისა და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს;

    მუხლი 15

ჯგუფის უფროსებს, სახელმწიფო მრჩევლებსა და რეფერენტს სამსახურის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს. ბრძანებას გამოსცემს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

    მუხლი 16

წამყვან სპეციალისტს საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით, სამსახურის უფროსის წარდგინებით, ნიშნავს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი.

    მუხლი 17

ჯგუფის უფროსები, სახელმწიფო მრჩევლები, რეფერენტი და წამყვანი სპეციალისტი თავიანთ საქმიანობაში ანგარიშვალდებული არიან საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და სამსახურის უფროსის წინაშე.