საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 01/04/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 040050000.05.002.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
105
28/03/2003
სსმ, 25, 01/04/2003
040050000.05.002.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2003 - 11/08/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 105

2003 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის პროგრამის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის 283 ბრძანებულება.

3. „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს 527 ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის საქმიანობის კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში

ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი

დავით გზირიშვილი – ინტერსექტორული კვლევის ჯგუფის გამგეო­ბის წევრი

ნელი გურგენიძე – საერთაშორისო ასოციაციის – „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერე­ბათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

იაგორ კალანდაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშო­რისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფე­სორი

ზურაბ სოსელია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

მერაბ შარაბიძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.“

ე. შევარდნაძე

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება ადგილობრივი საზოგადოებებისათვის (თემებისათვის) ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესების მიზნით.

2. ფონდი თავისი მიზნების მისაღწევად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებთან და მოსახლეობასთან.

3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებით და ამ დებულებით.

4. ფონდი თავის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სამოქმედო სახელმძღვანელოს საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს ფონდის მიზნებისათვის განსახორციელებელი პროექტების მიზანშეწონილობის, შეფასების, დამტკიცებისა და ზედამხედველობის კრიტერიუმებს და შესაბამის პროცედურებს.

5. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბით და ქართულ-ინგლისური წარწერით.

6. ფონდის სათავო ოფისის მისამართია: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 35ა.

    მუხლი 2. ფონდის მიზნები და ამოცანები

ფონდის ძირითადი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის პირობებში უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური მდგომარეობისა და ადგილობრივი საზოგადოების ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესება. ამ მიზნით ფონდი ხელს უწყობს:

ა) თვითმმართველობის ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვას;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და მოსახლეობის ინიციატივით შემუშავებული მიკროპროექტების განხორციელებას;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების ადმინისტრირების უნარის განვითარებას;

დ) თვითმმართველობის ერთეულების ქონებისა და საფინანსო სახსრების მართვასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების ანგარიშგების გაუმჯობესებას.

    მუხლი 3. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო

1. ფონდის მართვის მიზნით იქმნება ფონდის სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ერთი წლით.

2. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შედგება რვა წევრისაგან თავმჯდომარის ჩათვლით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრი ინიშნება სამთავრობო დაწესებულებებიდან, ხოლო სამი – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

3. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს რეგულარული სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ. სხდომებს იწვევს და უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ორი წევრის ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება ოთხ წევრზე მეტი. საბჭოს სხდომებს ხმის უფლების გარეშე ესწრება ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული წინადადებები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

4. სამეთვალყურეო საბჭო:

ა) ამტკიცებს ფონდის სტრატეგიულ მიმართულებებს;

ბ) ამტკიცებს სამოქმედო სახელმძღვანელოს და/ან მასში შესატან ცვლილებებს;

გ) აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ფონდის სამუშაო გეგმებს და წლიურ ბიუჯეტს და/ან მათში შესატან ცვლილებებს;

დ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

ე) ასრულებს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

    მუხლი 4. ფონდის მართვა და სტრუქტურა

1. ფონდის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციით.

2. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

3. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:

ა) მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული, „სამოქმედო სახელმძღვანელოს“ შესაბამისად უძღვება ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას;

ბ) კონტრაქტის საფუძველზე თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, მათ შორის დირექტორის მოადგილეს;

გ) წარმოადგენს ფონდს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ მესამე პირებთან ურთიერთობისას და სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში;

დ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის წლიურ ბიუჯეტს და სამუშაო გეგმებს და/ან მათში შესატან ცვლილებებს;

ე) განკარგავს თანხის ხარჯვას სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;

ვ) ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ფონდის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და რაციონალური გამოყენებისათვის;

ზ) ამზადებს ფონდის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოს, მსოფლიო ბანკის და/ან სხვა დონორი ორგანიზაციის მოთხოვნით ერთჯერადი ანგარიშებისა და ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენას;

თ) ახორციელებს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;

ი) ფონდის აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ითავსებს დირექტორის მოადგილე.

    მუხლი 5. ფონდის სახელმწიფო კონტროლი

1. ფონდის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. ფონდის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

4. ფონდი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით დადგენილ საქმიანობას. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

    მუხლი 6. ფონდის საფინანსო რესურსები და ანგარიშგება

1. ფონდის საფინანსო რესურსების წყაროებია:

ა) მსოფლიო ბანკის სერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ საქართველოსათვის სოციალური ინვესტიციების ფონდის პროექტების ფარგლებში გამოყოფილი კრედიტით გათვალისწინებული სახსრები;

ბ) სხვა საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციების სახსრები;

გ) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან შენატანები;

დ) საქართველოსა და უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების შენატანები;

ე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები;

ვ) საქველმოქმედო შენატანები;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წყაროები.

2. ფონდი პასუხისმგებელია დროულად მოამზადოს და სამეთვალყურეო საბჭოს, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსახილველად წარუდგინოს:

ა) კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშები;

ბ) ფონდის წლიური აუდიტის ანგარიშები; 

გ) პროექტის მიმდინარეობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშები;

დ) სხვა ანგარიშები მათი მოთხოვნის შესაბამისად.

    მუხლი 7. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. ფონდის ლიკვიდაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 8. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ფონდის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.