პურპროდუქტებით ქვეყნის უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
პურპროდუქტებით ქვეყნის უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/04/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/04/1996
სარეგისტრაციო კოდი 340140000.05.002.000096
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
252
03/04/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/04/1996
340140000.05.002.000096
პურპროდუქტებით ქვეყნის უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/04/1996 - 21/01/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 252

 1996 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

პურპროდუქტებით ქვეყნის უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის ღონისძიებათა შესახებ

ბოლო წლებში ქვეყნის პურით უზრუნველყოფაში გადამწყვეტი როლი შეასრულა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა დახმარებამ. ამასთან ქვეყნის მარცვლეულის უკიდურესად დაძაბული ბალანსის პირობებში მოსახლეობის პურპროდუქტებით უზრუნველყოფის სისტემამ შეძლო დაკისრებული ამოცანების შესრულება, უმთავრესად დახმარებით მიღებული რესურსების გამოყენებით.

ამჟამად დახმარების სტრატეგია იცვლება. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ცალკეულმა სახელმწიფოებმა დაგეგმეს, ყოველმხრივ შეუწყონ ხელი მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების მნიშვნელოვან გაზრდას, მოსახლეობის პურით უზრუნველყოფაში კერძო ინიციატივის განვითარებას. პარალელურად მცირდება ხორბლის უფასოდ მოწოდების მოცულობები და წლის მეორე ნახევარში იგი პრაქტიკულად შეწყდება. ამ პირობებში საჭიროა მოსახლეობის პურით უზრუნველყოფის სისტემის რეფორმირების დასრულება, თავისუფალი ფასწარმოქმნის დამკვიდრება და კონკურენტული გარემოს შექმნა.

ამავე დროს ხელისუფლებას არ ეხსნება პასუხისმგებლობა პურის ბაზრის სტაბილურობის გარანტირებისათვის. უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ამოცანად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ამჟამად არსებული 3-4 თვის ხორბლის რეალური რესურსების პირობებში გაძლიერდეს მუშაობა დამატებითი რესურსების მოსაზიდად, რისი საფუძველიც უნდა შექმნას კერძო სექტორის განვითარების ყოველმხრივმა ხელშეწყობამ.

მოსახლეობის პურპროდუქტებით უზრუნველყოფის დემონოპოლიზებისა და კერძო სექტორის განვითარებისათვის „პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოთა და ობიექტების პრივატიზების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 7 აგვისტოს №303 ბრძანებულებით განსაზღვრული პურპროდუქტების სისტემის საწარმოების (ობიექტების) პრივატიზების პირველი და მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები ძირითადად სრულდება.

კერძო ინიციატივის წახალისების მიზნით ხორბლის იმპორტი განთავისუფლებულია საბაჟო და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. საჭიროების შემთხვევაში დაწესდება დამატებითი შეღავათები, რათა თავისუფალ ფასწარმოქმნაზე გადასვლისას არ მოხდეს ფასების ისეთი მატება, რომ დაეცეს მოსახლეობის ისედაც დაბალი მყიდველობითი უნარი. სოციალური დაცვის მიზნით განხორციელდება ხელფასების, პენსიების, მიზნობრივი დახმარებების გაზრდის დამატებითი წინმსწრები ღონისძიებები.

მოსახლეობის პურპროდუქტებით უზრუნველყოფის სისტემის ძირეული რეფორმირების ორგანიზებულად დასრულების, მოქალაქეთა გარანტირებული სოციალური დაცვის, კერძო ინიციატივის ყოველმხრივი განვითარებისა და პურის ბაზრის სახელმწიფოებრივი რეგულირების მიზნით:

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან, პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციულ კორპორაციასთან ერთად 1996 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 7 აგვისტოს №303 ბრძანებულებით დამტკიცებული ყველა ობიექტის პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ფორმებით, გარდა გორის, ქუთაისის, კაჭრეთისა და მარნეულის პურპროდუქტების კომბინატებისა, რომელთა აქციების საკონტროლო პაკეტი (51 პროცენტი) დროებით დარჩეს სახელმწიფოს განკარგულებაში და მათი პრივატიზება განხორციელდეს 1996 წლის ბოლომდე. ამასთან, უფლება მიეცეთ საპრივატიზაციო ობიექტების მუშაკებს საპრივატიზაციო ბარათების (ვაუჩერების) მოქმედების პერიოდში დადგენილი წესით შეისყიდონ საწარმოები ან მათი აქციები საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 31 ივლისის №241 და 23 სექტემბრის №325 ბრძანებულებებით გათვალისწინებული შეღავათებით.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ ორ კვირაში დაამტკიცონ პურპროდუქტების იმ ობიექტების (პურის მიმღები საწარმოები, ელევატორები) ნუსხა, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე არ დაექვემდებარებიან პრივატიზებას და გადაწყვიტონ აღნიშნული ობიექტების დანიშნულებისამებრ ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ეკონომიკური და იურიდიული საკითხები.

3. პასუხისმგებლობა მოსახლეობის პურპროდუქტებით უზრუნველყოფის სახელმწიფოებრივ რეგულირებისა და პურპროდუქტების ხარისხის კონტროლისათვის დაეკისროს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და ამასთან დაკავშირებით დაექვემდებაროს მას პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია.

4. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეოეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დააჩქარონ მოლაპარაკება მიმდინარე წელს „სურსათი მშვიდობისათვის“ პროგრამით გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრძელვადიანი კრედიტით სულ ცოტა 50 ათასი ტონა, ხოლო 1997 წელს 100 ათასი ტონა სასურსათო ხორბლის შესყიდვის მიზნით.

5. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ანტიმონოპოლიური ექსპერტიზის გარეშე არ იქნეს დაშვებული პურპროდუქტების ქვესექტორში მსხვილი მეურნე სუბიექტების ჩამოყალიბება. ამავე სამინისტრომ მონოპოლიური ქმედებების აღკვეთის მიზნით განახორციელოს პურპროდუქტების ბაზრის მკაცრი კონტროლი.

6. პურის ბაზრის რეგულირებისათვის შეიქმნას ხორბლის (ფქვილის) 2 თვის მარაგი (სულ (ცოტა 80 ათასი ტონა) და სპეციალური სარეზერვო ფონდი.

ამ მიზნით გამოყენებულ იქნეს:

- დონორ ქვეყნებთან შეთანხმებული ოდენობით შემოსული ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციიდან ამოღებული თანხები საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლების ზევით;

- სისტემის ობიექტების პრივატიზების შედეგად შემოსული თანხების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისად;

- მიზნობრივი დახმარების თანხები და კრედიტები.

7. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ 1996 წლის ივნისამდე უზრუნველყონ სასურსათო ხორბლის საცდელი სააუქციონო (საბირჟო) ვაჭრობის ორგანიზება.

8. ქვეყანაში პურპროდუქტების დამატებითი რესურსების მობილიზებისა და მოზიდვის, აგრეთვე კერძო ბიზნესის დაინტერესების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალოს სახელმწიფოს საკუთრებაში დროებით დატოვებულ აქციათა, მათ შორის საკონტროლო პაკეტების ინვესტორებისათვის (მათი ჯგუფებისათვის) მიყიდვა ან მართვაში გადაცემა, მათ შორის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით შემდეგი პირობების უცილობელი დაცვით:

- არანაკლებ 10 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, ობიექტის თანაბარზომიერი და რიტმული დატვირთვა;

- ხორბლის სახელმწიფო რეზერვების დაუბრკოლებელი განთავსება, გადამუშავება და სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს მითითებით დანიშნულებისამებრ გადაცემა;

-განსაკუთრებულ შემთხვევებში პროდუქციის რეალიზაციისას სახელმწიფო საჭიროებისათვის უპირატესობის მინიჭება;

- მკაცრი ფინანსური და ქონებრივი პასუხისმგებლობა ვალდებულებათა დარღვევისათვის, მათ შორის საკუთრების და მფლობელობის უფლების ჩამორთმევამდე. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ განიხილონ ინვესტორთა განაცხადები და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.

9. მოწონებულ იქნეს:

- სააქციო საზოგადოება „აგროინვესტის“ ინიციატივა ქვეყანაში პურპროდუქტების შემოტანის შესახებ და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან, პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციულ კორპორაციასთან ერთად განიხილოს სააქციო საზოგადოება „აგროინვესტის“ წინადადება ზოგიერთი წისქვილკომბინატის აქციათა საკონტროლო პაკეტის მისთვის სამართავად გადაცემის შესახებ და წარმოადგინოს დასკვნა;

- საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის ინიციატივა სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის ნაწილის ბაზაზე, მხოლოდ ნებაყოფლობის საფუძველზე, სააქციო საზოგადოების დაფუძნების შესახებ. ამასთან დაკავშირებით აღნიშნული საზოგადოების დაფუძნების შემდეგ გადაეცეს ამ სააქციო საზოგადოებას იჯარა-გამოსყიდვის უფლებით სახელმწიფო კორპორაციის ბალანსზე არსებული შენობა, ქონება და ინვენტარი, აგრეთვე მართვაში განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფოს საკუთრებაში დატოვებული აქციათა პაკეტები. ამ პაკეტების პრივატიზება განხორციელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილი წესის მიხედვით.

10. პურპროდუქტების სისტემის ძირეული რეფორმის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისა და დროულად დასრულების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში

ანზორ ბურჯანაძე – საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის პრეზიდენტი

თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი

გრიგოლ დათუნაიშვილი – სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის საკითხთა საკონსულტაციო ჯგუფის უფროსი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეოეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი

დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

ავთანდილ სილაგაძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

თემურ ფიფია – სახელმწიფო კანცელარიის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაცო სამსახურის უფროსი

გიორგი ქათამაძე – საქართველოს ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე

აკაკი ჩხაიძე – საქართველოს ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

11. კომისიამ უზრუნველყოს:

- პურის ფასების სრული ლიბერალიზაციისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა შესახებ გადაწყვეტილების მომზადება და ერთ თვეში განსახილველად წარმოდგენა;

- პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის აქტივებისა და პასივების ინვენტარიზაცია; დახმარებით შემოსული ხორბლის და ფქვილის რეალიზაციის ამონაგების სრული ამოღება ბიუჯეტსა და საპარტნიორო ფონდში;

- წინადადებების მომზადება კორპორაციის უფლებამონაცვლეობის შესახებ;       

-კორპორაციისათვის ამჟამად დაკისრებული სახელმწიფო მმართველობის ფუნქციების ორგანიზებული გადაცემა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისათვის.

12. ხორბლის, ფქვილისა და პურპროდუქტების ტრანსპორტირებისას დანაკარგებით გამოწვეული ზარალისათვის პასუხისმგებლობის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსა და ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად ერთ თვეში წარმოადგინოს დროებითი ნორმატიული აქტის პროექტი.

13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ ერთობლივად მოამზადონ წინადადებები პურპროდუქტების პრივატიზებული საწარმოებისა და ვაჭრობის ობიექტების მესაკუთრეთა პასუხისმგებლობის შესახებ ამ ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

 ე. შევარდნაძე