დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 318 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 12/08/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010080000.00(5).002.003051 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/08/2004 - 22/06/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №318
2004 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის №363 ბრძანებულება „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მ. სააკაშვილი
დანართი
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი
1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული (შემდგომში – პრეზიდენტის რწმუნებული) არის საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
2. პრეზიდენტის რწმუნებულს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. პრეზიდენტის რწმუნებული თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
4. პრეზიდენტის რწმუნებული ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
5. პრეზიდენტის რწმუნებული საქართველოს პრეზიდენტს პერიოდულად წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
თავი II. პრეზიდენტის რწმუნებულის უფლებამოსილება და ფუნქციები
მუხლი 2. პრეზიდენტის რწმუნებულის უფლებამოსილება
1. პრეზიდენტის რწმუნებული უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;
ბ) ერთი თვით შეაჩეროს რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის (მთავრობის) და გამგებლის (მერის) გადაწყვეტილებები და დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებათა გაუქმების თაობაზე;
გ) სახელმწიფო ორგანოებიდან, თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალები, ისარგებლოს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის სახელმწიფოებრივი, მათ შორის სამთავრობო სისტემებით;
დ) დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურთან შეთანხმებით დაამტკიცოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელი მოაწეროს ოფიციალურ კორესპონდენციას;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებათა და განკარგულებათა შესასრულებლად შექმნას სპეციალური დროებითი კომისიები და სამუშაო ჯგუფები;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონებითა და პრეზიდენტის ბრძანებულებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 3. პრეზიდენტის რწმუნებულის ფუნქციები
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტის რწმუნებულის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია;
ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის, აგრეთვე სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;
გ) თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხევებში მოსახლეობისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზება;
ე) შესაბამის ტერიტორიაზე რაიონებს შორის კავშირურთიერთობების გაღრმავების უზრუნველყოფა და საგარეო სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება;
ვ) შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება;
ზ) ინვესტიციების მოზიდვა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა;
თ) საინფორმაციო სისტემისა და საშუალებების განვითარების, მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნის ორგანიზება;
ი) ეკოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის მისაღწევად საჭირო ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;
კ) კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ხელშეწყობა;
ლ) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
მ) განცხადებებისა და საჩივრების განხილვა;
ნ) საქართველოს კანონებითა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ცალკეული ამოცანების შესრულება.
მუხლი 4. პრეზიდენტის რწმუნებულის სამართლებრივი აქტი
1. პრეზიდენტის რწმუნებული კანონის საფუძველზე კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის აქტების შესასრულებლად გამოსცემს განკარგულებას.
2. პრეზიდენტის რწმუნებულის განკარგულება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა საკანონმდებლო ან პრეზიდენტის ნორმატიული აქტის საფუძველზე, ამ აქტით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
თავი III. პრეზიდენტის რწმუნებულის საბჭო, აპარატი
მუხლი 5. პრეზიდენტის რწმუნებულის საბჭო
1. პრეზიდენტის რწმუნებული უფლებამოსილია შექმნას პრეზიდენტის რწმუნებულის სათათბირო ორგანო – პრეზიდენტის რწმუნებულის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პრეზიდენტის რწმუნებული, პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე და მოადგილეები, პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. პრეზიდენტის რწმუნებულის საბჭოში თავიანთი თანხმობით შეიძლება შეყვანილ იქნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2. პრეზიდენტის რწმუნებულის საბჭოს საქმიანობის წესი, წევრთა რიცხოვნობა და პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება პრეზიდენტის რწმუნებულის განკარგულებით.
მუხლი 6. პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე და მოადგილეები
1. პრეზიდენტის რწმუნებულს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.
2. პრეზიდენტის რწმუნებულის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი პრეზიდენტის რწმუნებულის წარდგინებით.
3. პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე:
ა) წარმართავს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის საქმიანობას;
ბ) პრეზიდენტის რწმუნებულს წარუდგენს წინადადებებს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
გ) პრეზიდენტის რწმუნებულის არყოფნისას ასრულებს პრეზიდენტის რწმუნებულის მოვალეობას;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს პრეზიდენტის რწმუნებულის ცალკეულ დავალებებს.
4. პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტის რწმუნებული საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
5. პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეები პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ განაწილებულ ფუნქციათა შესაბამისად კოორდინაციასა და კონტროლს უწევენ პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.
6. პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეები:
ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებენ და პრეზიდენტის რწმუნებულს წარუდგენენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს კონკრეტულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ;
ბ) ორგანიზებას უწევენ პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ პრეზიდენტის რწმუნებულის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 7. პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი
1. პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი ხელს უწყობს პრეზიდენტის რწმუნებულს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში.
2. პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატში იქმნება სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ხელმძღვანელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტის რწმუნებული.
3. პრეზიდენტის რწმუნებულზე, პრეზიდენტის რწმუნებულის პირველ მოადგილეზე, პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეებზე და აპარატის თანამშრომლებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.
4. პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
პრეზიდენტის რწმუნებულის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები