საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52(59), 15/10/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 12/08/2004
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.001567
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
363
08/06/1999
სსმ, 52(59), 15/10/1999
010340000.05.002.001567
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/1999 - 11/08/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №363

1999 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 4 ოქტომბრის №176 ბრძანებულება „კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის დანიშვნისა და სახელმწიფო რწმუნებულის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 31 აგვისტოს № 283 ბრძანებულება „კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის შესახებ დროებითი დებულების ცვლილებებითა და დამატებების დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 31 ივლისის №237 ბრძანებულება „სამცხე-ჯავახეთში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პირადი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის – სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის შემოღებისა და შესაბამისი დებულების დამტკიცების შესახებ“;

დ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 17 აგვისტოს №174 განკარგულება „სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პირადი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის – სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მუშაკთა დროებითი სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ“;

ე) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 2 სექტემბრის №627 დადგენილება „სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პირადი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის – სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის შესახებ“;

ვ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 აგვისტოს № 347 ბრძანებულება „ქვემო ქართლის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის შემოღებისა და შესაბამისი დებულების დამტკიცების შესახებ“;

ზ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 18 ნოემბრის №233 განკარგულება „კახეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის დროებითი სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ“;

თ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 26 იანვრის №18 ბრძანებულება „იმერეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის შემოღებისა და შესაბამისი დებულების დამტკიცების შესახებ“;

ი) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 6 თებერვლის №36 ბრძანებულება „იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ“;

კ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 22 თებერვლის №44 ბრძანებულება „გურიის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ლ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 6 მარტის №55 ბრძანებულება „შიდა ქართლის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

მ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 19 მარტის №70 ბრძანებულება „მცხეთა-მთიანეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ნ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 26 მარტის №84 ბრძანებულება „შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სტრუქტურის და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“;

ო) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 23 აპრილის №131 ბრძანებულება „გურიის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ“;

პ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 23 აპრილის №132 ბრძანებულება „მცხეთა-მთიანეთის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო განრიგის, რიცხოვნობისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ“;

ჟ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 12 მაისის №163 ბრძანებულება „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“;

რ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებულება „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ“;

ს) საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 19 დეკემბრის №37 ბრძანებულება „სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის შემოღებისა და სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ტ) ლ. მამალაძის ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 ოქტომბრის №348 ბრძანებულება;

უ) თ. შაშიაშვილის იმერეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 26 იანვრის №19 ბრძანებულება;

ფ) ი. ფრუიძის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №276 განკარგულება;

ქ) გ. არსენიშვილის კახეთის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 13 სექტემბრის №355 ბრძანებულება;

ღ) გ. ბარამიძის სამცხე-ჯავახეთის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 23 სექტემბრის №376 ბრძანებულება;

ყ) ბ. ჯიქიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 19 დეკემბრის №38 ბრძანებულება;

შ) ი. ბჭორიძის შიდა ქართლის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 3 სექტემბრის №583 ბრძანებულება;

ჩ) კ. გუჯაბიძის გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 1 თებერვლის №34 განკარგულება;

ც) კ. ბუჩუკურის მცხეთა-მთიანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 მაისის №185 განკარგულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი 1. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი

1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული (შემდგომში – პრეზიდენტის რწმუნებული) არის საქართველოს პრეზიდენტის წარმომად­გენელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებში.

2. პრეზიდენტის რწმუნებულს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. პრეზიდენტის რწმუნებული საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე საპრეზიდენტო ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა და პრეზიდენტის ცალკეულ დავალებათა შესაბამისად.

4. პრეზიდენტის რწმუნებული თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, დეკრეტებისა და ამ დებულების საფუძველზე.

5. პრეზიდენტის რწმუნებული თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

6. პრეზიდენტის რწმუნებული საქართველოს პრეზიდენტს პერიოდულად წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

    მუხლი 2. პრეზიდენტის რწმუნებულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

პრეზიდენტის რწმუნებული შესაბამის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საერთო-სახელმწიფო ინტერესებისა და კანონიერების დაცვას, რეფორმების განხორციელებას, ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას; კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს თავდაცვისუნარიანობისა და მართლწესრიგის განმტკიცებას, ეკოლოგიური უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელებას, სამთავრობო დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქმიანობას; უზრუნველყოფს მუნიციპალური განვითარების პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას; შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხებზე; ახორციელებს ღონისძიებებს რაიონების, რაიონთაშორისი და საგარეო სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების განსამტკიცებლად; შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს შესაბამის ტერიტორიაზე სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება-განვითარების საკითხებზე.

თავი II. პრეზიდენტის რწმუნებულის კომპეტენცია და საქმიანობის ორგანიზაცია

    მუხლი 3. პრეზიდენტის რწმუნებულის კომპეტენცია

1. პრეზიდენტის რწმუნებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი პირველი მოადგილის კანდიდატურას; საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავის მოადგილეებს; განსაზღვრავს და რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს; იღებს გადაწყვეტილებებს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ხელს აწერს გასულ ოფიციალურ კორესპოდენციას;

ბ) შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად აკონტროლებს მათი ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და აძლევს მათ მითითებებსა და რეკომენდაციებს; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანხმობას აძლევს სამთავრობო დაწესებულებებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნა-გათავისუფლებაზე;

გ) აკონტროლებს ადგილობრივ მმართველობის ორგანოთა საქმიანობას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და რეკომენდაციებს; უფლება აქვს ერთი თვის ვადით შეაჩეროს ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და მისი ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებათა გაუქმების თაობაზე;

დ) უფლება აქვს კანონით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დასვას ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;

ე) ისმენს სამთავრობო დაწესებულებათა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) ხელს უწყობს შესაბამის ტერიტორიაზე საჯარო სამსახურის კადრების შერჩევის, მომზადებისა და ატესტაციის სისტემის ფორმირებას, სახელმწიფო მოხელეთა სწავლების ცენტრის შექმნასა და ფუნქციონირებას;

ზ) უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დასვას ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელთა გათავისუფლების საკითხი და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადებები ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელთა კანდიდატურების შესახებ;

თ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებათა, განკარგულებათა და დავალებათა შესასრულებლად ქმნის სპეციალურ დროებით კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; ამტკიცებს მათ შემადგენლობებს და სამუშაო დებულებებს;

ი) შესაბამის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს რაიონებს შორის კავშირურთიერთობის გაღრმავებას, რაიონთაშორისი და საგარეო სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას;

კ) უფლება აქვს სახელმწიფო და სხვა ორგანოებისაგან, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, თანამდებობის პირებისაგან გამო­ითხოვოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალები; ისარგებლოს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის სახელმწიფოებრივი, მათ შორის სამთავრობო სისტემებით;

ლ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებსა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა საკონსულტაციო ორგანოების მუშაობაში, აგრეთვე სამთავრობო დაწესებულებებში თავის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას;

მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. პრეზიდენტის რწმუნებული მართლწესრიგის, კანონიერების დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, აკონტროლებს შესაბამის ორგანოთა საქმიანობას;

ბ) ზედამხედველობს სახელმწიფო და ეკონომიკური საზღვრებისა და სასაზღვრო რეჟიმის დაცვას;

გ) კოორდინაციას უწევს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის, აგრეთვე სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზაციის ღონისძიებათა განხორციელებას; შესაბამისი უწყების მიწვევით მონაწილეობს შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ნაწილების ინსპექტირებაში, ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;

დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს მოსახლეობისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაციას;

ე) ზედამხედველობს ადგილობრივი რესურსების ხარჯზე საქართველოს სამხედრო ძალებისათვის სამობილიზაციო სამუშაოთა შესრულებას;

ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად უზრუნველყოფს მოსახლეობისაგან მოხალისეთა შენაერთების შექმნას, სამხედრო-საინჟინრო და სხვა სამუშაოთა შესრულებას.

3. პრეზიდენტის რწმუნებული ეკონომიკის, სოციალურ, სახელმწიფო საკუთრების ობიექტების აღრიცხვის, მართვისა და განკარგვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) კოორდინაციას უწევს რეფორმების მიმდინარეობას; ხელმძღვანელობს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო საკუთრების ობიექტების აღრიცხვის, მართვის, განკარგვისა და სახელმწიფო ქონების ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემის პროცესში; აკონტროლებს კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვას;

გ) კოორდინაციას უწევს ენერგეტიკული და სხვა ობიექტების ფუნქციონირებისა და მათი განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელებას;

დ) აკონტროლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის გადაცემული ტრანსფერების მიზნობრივ გამოყენებას, სახელმწიფო ფინანსებით შექმნილი საწარმოების საქმიანობას; ახორციელებს ინვესტიციების მოზიდვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებებს;

ე) მეთოდურ დახმარებას უწევს შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობის დამყარებასა და ხელშეკრულებების დადებაში;

ვ) კოორდინაციას უწევს ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობას; ზედამხედველობს სოციალური დაცვისა და დასაქმების პრობლემათა გადაწყვეტას;

ზ) ორგანიზაციას უწევს საინფორმაციო სისტემისა და საინფორმაციო საშუალებების განვითარებას, მათი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, საინფორმაციო ბანკის ფორმირებას.

4. პრეზიდენტის რწმუნებული მიწის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) აკონტროლებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების აღრიცხვასა და გამოყენებას;

ბ) შესაბამის უწყებებთან ერთად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მიწის, წყლის, ტყის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე, განკარგვასა და დაცვაზე;

გ) ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის მისაღწევად საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას.

5. პრეზიდენტის რწმუნებული, კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) აკონტროლებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და დეკრეტების შესრულებას;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტი­რებული ადამიანის უფლებების დაცვას;

გ) განიხილავს განცხადებებს, საჩივრებსა და წინადადებებს; აკონტროლებს მათში დასმული საკითხების დროულ გადაწყვეტას.

    მუხლი 4. პრეზიდენტის რწმუნებულის სამართლებრივი აქტები

1. პრეზიდენტის რწმუნებული, კანონის საფუძველზე, კანონის და საქართველოს პრეზიდენტის აქტების შესასრულებლად გამოსცემს განკარგულებებს.

2. პრეზიდენტის რწმუნებულის განკარგულება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია, რომელიც გამოიცემა ნორმატიული აქტის საფუძველზე ამ აქტით დადგენილ ფარგლებში.

თავი III. პრეზიდენტის რწმუნებულის საბჭო, აპარატი, ფონდი და ფონდის საბჭო

    მუხლი 5. პრეზიდენტის რწმუნებულის საბჭო

1. პრეზიდენტის რწმუნებულის საბჭო არის პრეზიდენტის რწმუნებულის სათათბირო ორგანო.

2. საბჭოს შემადგენლობა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება შესაბამისი რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს პრეზიდენტის რწმუნებული.

    მუხლი 6. პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე და მოადგილეები

1. პრეზიდენტის რწმუნებულის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი პრეზიდენტის რწმუნებულის წარდგინებით.

2. პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე:

ა) წარმართავს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის საქმიანობას; პრეზიდენტის რწმუნებულს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის თანამშრომელთა კანდიდატურებს;

ბ) შეიმუშავებს და პრეზიდენტის რწმუნებულს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის რეგლამენტსა და აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა დებულებებს;

გ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს რწმუნებულის საბჭოს სხდომების მომზადებასა და გამართვას; ამზადებს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს;

დ) პრეზიდენტის რწმუნებულის დავალებით ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტის რწმუნებული საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. რწმუნებულის მოადგილეები პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად კოორდინაციასა და კონტროლს უწევენ დარგობრივ სფეროებს; შეიმუშავებენ და პრეზიდენტის რწმუნებულს წარუდგენენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს ამ სფეროებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზაციას უწევენ პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ასრულებენ პრეზიდენტის რწმუნებულის დავალებებს.

    მუხლი 7. პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი

1. პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი ხელს უწყობს პრეზიდენტის რწმუნებულს და საქმიანობს მისი ხელმძღვანელობით.

2. პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა ხელმძღვანელები და თანამშრომლები პრეზიდენტის რწმუნებულის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად კოორდინაციასა და კონტროლს უწევენ შესაბამის დარგობრივ სფეროებს.

3. პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის შენახვა ხორციელდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.

    მუხლი 8. პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდი

1. პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდი იქმნება „საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და ფონდის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მიხედვით სხვა ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით. ფონდის უფლებამოსილება განისაზღვრება „საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად მიღებული ფონდის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფონდის საბჭო.

2. ფონდის სახსრები იქმნება:

ა) ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერებით;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის ორგანოების) წილობრივი შენატანებით;

გ) სხვა შემოსავლით, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.

3. ფონდის შემოსავლები გამოიყენება:

ა) სოციალურ-ეკონომიკური და მუნიციპალური განვითარების მიზნობრივი პროგრამების დასაფინანსებლად;

ბ) შესაბამის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციოდ;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებათა დასაფინანსებლად.

    მუხლი 9. პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის საბჭო

1. ფონდს მართავს და მის სახსრებს განაგებს ფონდის საბჭო, რომელიც შედგება პრეზიდენტის რწმუნებულის, პრეზიდენტის რწმუნებულის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსისა და წილობრივად მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების ხელმძღვანელების ან მათი წარმომადგენლებისაგან.

2. ფონდის საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტის რწმუნებულის განკარგულებებით, ამ დებულებითა და ფონდის დებულებით.

3. ფონდის საბჭოს სხდომა მოიწვევა სამ თვეში ერთხელ მაინც.

4. ფონდის საბჭო:

ა) ამტკიცებს ფონდის დებულებას და განკარგავს ფონდის სახსრებს;

ბ) განიხილავს ფონდის მიერ გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსების საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;

გ) განიხილავს და ამტკიცებს ფონდიდან გრანტებისა და მოკლევადიანი სესხების გაცემის პირობებს;

დ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ფონდის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. ფონდის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს პრეზიდენტის რწმუნებულის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი, რომელიც:

ა) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ფონდის საქმიანობას;

ბ) ამზადებს ფონდის საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს; ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ფონდის საბჭოს სხდომათა გამართვას;

გ) პასუხისმგებელია ფონდის საფინანსო დოკუმენტების მომზადებისა და შენახვისათვის;

დ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ფონდის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.