„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 664
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/11/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 07/12/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.002.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
664
26/11/1998
სსმ, 5, 07/12/1998
240140000.05.002.000000
„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/12/1998 - 05/03/2002)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 664  

1998 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის 293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის 293 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში ნაცვლად თამაზ აგლაძისა და ავთანდილ სილაგაძისა შეყვანილ იქნენ ბადრი შოშიტაიშვილი საქართველოს მრეწველობის მინისტრი და მიხეილ უკლება – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი.

2. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით დამტკიცდეს პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, თანდართული დებულება.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციის და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის N 293 ბრძანებულების IV პუნქტი ცენტრის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ.

ე. შევარდნაძე

პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრი (შემდგომში _ ცენტრი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს:

2. ცენტრის ძირითადი მიზანია საწარმოების რესტრუქტურიზაციისათვის მიმართული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების მართვა, მონიტორინგი და კოორდინაცია.

3. ცენტრი თავისი ძირითადი მიზნის მისაღწევად მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

4. ცენტრი თავისი მიზნებიდან გამომდიანარე მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები ბანკში (მათ შორის – სავალუტო), ბეჭედი საკუთარი ემბლემითა და ქართულ-ინგლისური წარწერით.

6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის პრ. 42 ა.

II. ცენტრის მიზნები და ამოცანები

1. ცენტრის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა) რესტრუქტურიზაციის პროექტების განხორციელების მიზნით საწარმოების შერჩევა და რესტრუქტურიზაციის პროექტების განხორციელება;

ბ) საქართველოში საკონსულტაციო ინდუსტრიის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განვითარებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა;

გ) საწარმოს მენეჯერების გადამზადება საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედებისათვის;

დ) წინადადებების წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის ცენტრის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით;

ე) რესტრუქტურიზაციის პროექტების მონიტორინგისათვის აუცილებელი მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა.

III. ცენტრის საქმიანობის ფორმები

1. ცენტრის საქმიანობის ფორმებია:

ა) საწარმოთა შერჩევა რესტრუქტურიზაციისათვის. შერჩეული საწარმოებისათვის უცხოელი და ადგილობრივი კონსულტანტებისაგან სამუშაო ჯგუფების შექმნა და მათი საქმიანობის კონტროლი;

ბ) საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროექტების შემუშავებისა და მართვის კოორდინაცია;

გ) კონკურსების ორგანიზება უცხოეთისა და ადგილობრივი საკონსულტაციო ფორმების შესარჩევად და დასაქირავებლად;

დ) კრედიტორებისა და სავაჭრო პარტნიორებისათვის დახმარების გაწევა შერჩეული საწარმოების მენეჯმენტთან კონტაქტების დასამყარებლად;

ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრის საქმიანობის რეკლამა და სათანადო ლიტერატურის გამოცემა.

2. ცენტრი ამყარებს კავშირებს მსგავსი ფუნქციების მქონე ორგანიზაციებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3. ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ცენტრი დამოუკიდებლად წარმართავს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას დამტკიცებული სამუშაო გეგმისა და ბიუჯეტის შესაბამისად; ქმნის საშტატო ერთეულებსა და სტრუქტურას.

4. ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც აუცილებელია ცენტრის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად და არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით.

IV. ცენტრის ფინანსები და ქონება

ცენტრის ფინანსებსა და ქონებას შეადგენს:

1. საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსები და გრანტები;

2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილ წესით მიღებული რესურსები;

3. საქველმოქმედო შენატანები;

4. საქართველოს და უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების შენატანები;

5. ორმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან შენატანები;

6. საკონსულტაციო და სხვა სახის მომსახურებით მიღებული შემოსავლები;

7. ცენტრის მიერ კანონიერი წყაროებით მიღებული სხვა შემოსავლები და შემოწირულობანი.

V. ცენტრის სტრუქტურა და მართვა

1. ცენტრის საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილი სამეთვალყურეო კომისია (შემდგომში – კომისია).

2. აუცილებელია კომისიის თანხმობა შემდეგი საკითხების გადასაწყვეტად:

ა) ცენტრის წლიური ბიუჯეტის დამტკიცება;

ბ) ცენტრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;

გ) წელიწადში ორჯერ ცენტრის საქმიანობის შედეგების შეფასება და ანგარიშების წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისა და დონორების წინაშე.

3. კომისია იკრიბება სულ ცოტა ექვს თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრთა ერთ მესამედს.

4. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

5. კომისიის ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა აქვს თავმჯდომარეს.

7. ცენტრის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

8. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო პროფესიული განათლება.

9. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს ცენტრს და პასუხისმგებელია მისი საქმიანობისათვის;

ბ) აყალიბებს ცენტრის სამოქმედო გეგმას და დასამატკიცებლად წარუდგენს კომისიას;

გ) წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში. მას შეუძლია გადასცეს თავისი უფლებამოსილება ცენტრის სხვა თანამშრომელს, რაც უნდა დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით;

დ) აკონტროლებს ცენტრის ბიუჯეტის შესრულებას;

ე) მოითხოვს კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევას:

ვ) ხელს აწერს ცენტრის სახელით დადებულ შეთანხმებებსა და ოფიციალურ დოკუმენტებს, მათ შორის ფინანსური ხასიათისას;

ზ) ცენტრის სახელით დებს კონტრაქტებს საკონსულტაციო ფირმებთან და იღებს გადაწყვეტილებებს კონტრაქტების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

თ) კომისიის დასამტკიცებლად წარუდგენს წლიური ბიუჯეტის ხარჯების ანგარიშს;

ი) სვამს საკითხს კომისიის წინაშე ტექნიკური დახმარების შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ;

კ) სარგებლობს ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო სხვა უფლებებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

10. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და კომისიის წინაშე.

11. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ითავსებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს აღმასრულებელი დირექტორი.

12. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე:

ა) წყვეტს ცენტრის შიდა ორგანიზაციულ საკითხებს;

ბ) მონაწილეობს ცენტრის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს შესაბამისი სფეროს კონსულტანტებს და ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს;

დ) აყალიბებს კონსულტანტთა სამუშაო ჯგუფებს.

13. ცენტრის ბიუჯეტის შესრულებისათვის პასუხისმგებელია ცენტრის ფინანსური მენეჯერი, რომელიც ინიშნება ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ.

14. ფინანსური მენეჯერი:

ა) მართავს ცენტრის ფინანსურ რესურსებს დანიშნულების მიხედვით, დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;

ბ) ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, აწარმოებს სხვა სახის ურთიერთობებს საბანკო დაწესებულებებთან;

გ) იღებს მონაწილეობას ცენტრის სამოქმედო გეგმის შედგენაში;

დ) პასუხისმგებელია ცენტრის ფინანსურ მდგომარეობაზე.

VI. ცენტრის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშები უნდა მომზადდეს საქართველოში იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. ცენტრი დადგენილი წესით ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს (საბუღალტრო ანგარიშგებას) თავისი საქმიანობის შესახებ; საბუღალტრო ანგარიშგება დადგენილი წესით წარედგინება კომისიას.

VII. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. ცენტრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხდება დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. ცენტრის ლიკვიდაციას ახდენს აღმასრულებელი დირექტორი კომისიასთან შეთანხმებით.

3. ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება კანონმდებლობის შესაბამისად.