საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 08/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 11/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 010240060.05.002.002635
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
326
29/06/2003
სსმ, 69, 08/07/2003
010240060.05.002.002635
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/07/2003 - 29/12/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №326

2003 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

1. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 სექტემბრის 411 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგული­რებელი ეროვნული კომისიის დებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

2. კომისია შექმნილია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონის საფუძველზე და არეგულირებს საქმიანობას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში.

3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

4. კომისიას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი.

5. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

    მუხლი 2. კომისიის სპეციალური უფლებაუნარიანობა

1. კომისიის საქმიანობა ვრცელდება კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროზე და მისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, „დამო­უკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომისიის ფუნქციების განხორციელება.

2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზირების პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეჩერება და გაუქმება;

ბ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ნებართვების გაცემა;

გ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებით მომსახურების ზღვრული ტარიფების დადგენა და მათი რეგულირება;

დ) კავშირგამბულობისა და ფოსტის საშუალებების სერტიფიცირება, სტანდარტიზაცია და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა;

ე) კავშიგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვების ტექნიკურ-ეკონომიკური პირობების დადგენა და რეგულირება;

ვ) რადიოსიხშირული სპექტრის დადგენა და დანაწილება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და სხვა დაინ­ტერესებული უწყებების მონაწილეობით;

ზ) რადიოსიხშირეების მინიჭება;

თ) ნუმერაციის რესურსის გამოყოფის პირობებისა და წესების განსაზღვრა და ნუმერაციის რესურსის განაწილება;

ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენ­ზიის მფლობელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლება­მოსილების ფარგლებში;

კ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლი­ცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარ­ღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებათა გან­ხორციელება;

ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საკონკურენციო გარემოს შექმნისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა;

მ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით მონოპოლიურ მდგომარეობასა და საქმი­ანობასთან დაკავშირებული ნორმების დადგენა, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, აგრეთვე „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;

ნ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურების წესების დადგენა;

ო) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთი­ერთობა;

პ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

3. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) ლიცენზიის მფლობელისაგან მიიღოს კომისიის უფლებამო­სილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) დაამყაროს ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზა­ციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

გ) განსაზღვროს კომისიის წევრებისა და აპარატის თანამ­შრომელთა შრომის ანაზღაურების წესი, პირობები და მეთოდები;

დ) შექმნას კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და პრემირების ფონდები, ფინანსური რეზერვი, განსაზღვროს მათი გამოყენების წესი;

ე) მოამზადოს დასკვნები და წინადადებები საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე;

ვ) დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გან­საზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

4. კომისია ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს და თავისი უფლება­მოსილების ფარგლებში განახორციელოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები;

ბ) მოაწყოს სხდომები საჯაროობის პრინციპის დაცვით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თავისი გადაწ­ყვეტილებები გამოაქვეყნოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების, აგრეთვე ტარიფის დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებამდე მოაწყოს საჯარო გან­ხილვები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით;

დ) აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით გააცნოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული მონაცემები;

ე) შეინახოს სხდომის ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

ვ) უზრუნველყოს თავისი დადგენილებების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალ­დებულებები.

5. კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რაც დაკავშირებულია მისი ფუნქციების განხორ­ციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

    მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი

1. კომისია შედგება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ექვსი წლის ვადით დანიშნული სამი წევრისაგან.

2. კომისიის წევრები (მათ შორის თავმჯდომარე) თანამდებობაზე ზედიზედ შეიძლება დაინიშნონ მხოლოდ ორჯერ. თუ კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლდა ვადაზე ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ახალ წევრს.

3. კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიასა და მის აპარატში პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგა­ნიზაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულის შექმნა.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:

ა) ნებაყოფლობით გადადგა;

ბ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან უგზო-უკვლოდ დაკარ­გულად აღიარა;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამ­სახურებრივ მოვალეობას;

ვ) დაიკავა შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

ზ) გარდაიცვალა.

5. კომისიის ერთ-ერთ წევრს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.

6. კომისიის თავმჯდომარე:

ა) უძღვება კომისიის სხდომებს;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომის კონტრაქტს;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიასთან არ­სებული მუდმივმოქმედი ქვეკომისიის ხელმძღვანელს;

დ) ახორციელებს კომისიისა და მისი აპარატის მართვას;

ე) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს;

ვ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორ­ციელებას.

7. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე კომისია იღებს ნორმატიულ აქტს – დადგენილებას და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას.

8. კომისიის დადგენილება ან გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე კენჭისყრის გზით, კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ხმათა უმრავლესობით. კომისიის წევრის პოზიცია ფიქსირდება კომი­სიის სხდომის ოქმში. კომისიის წევრს თავშეკავების უფლება არა აქვს. კომისიის წევრის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომაზე კენჭისყრისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს არმყოფი წევრის წერილობითი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

9. კომისიის სხდომის მოწვევის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის სულ ცოტა ორ წევრს. კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი უნდა გამოქვეყნდეს სხდომამდე არანაკლებ შვიდი დღით ადრე. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისიის სხდომა მოიწვევა ამ პუნქტით დადგენილი წესი დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისიის სხდომის მოწყობის დრო და დღის წესრიგი ქვეყნდება დაუყოვნებლივ.

10. კომისიის სხდომა საჯაროა. ინფორმაციის კონფიდენ­ციალურობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა.

11. კომისიის მიერ მიღებული დადგენილება ან გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.

12. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური ექსპერტიზისა და სათანადო ნებართვების უზრუნ­ველყოფის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიასთან შექმნილია მუდმივ­მოქმედი ქვეკომისია.

13. კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით შექმნას სათათბირო ორგანოები. სათათბირო ორგანოების სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის ერთ-ერთი წევრი.

14. სათათბირო ორგანოები წარმოადგენენ კომისიის საკონ­სულტაციო ორგანოებს, რომელთა შემადგენლობაში შედიან კავშირგაბმულობისა და ფოსტის ცნობილი სპეციალისტები, საზო­გადოებრივი სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კავშირ­გაბმულობისა და ფოსტის სფეროს სუბიექტების წარმომადგენლები.

15. კომისიის აპარატის მუშაობას წარმართავს აპარატის უფროსი.

16. აპარატის უფროსი:

ა) ახორციელებს აპარატის მუშაობის დაგეგმვას, ორგანიზაციასა და კონტროლს, ხელმძღვანელობს აპარატის ადმინისტრაციას;

ბ) უზრუნველყოფს განსაზღვრული კატეგორიის კორესპონ­დენციაზე რეაგირებას;

გ) კომისიას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის დადების თაობაზე;

დ) კომისიას წარუდგენს ყოველკვარტალურ ანგარიშს დამ­ტკიცებული ბიუჯეტის შესრულების თაობაზე;

ე) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების გან­ხორციელებას.

    მუხლი 4. კომისიის აპარატის სტრუქტურა

კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) იურიდიული სამსახური;

გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური;

დ)ეკონომიკური სამსახური;

ე) ტექნიკური სამსახური;

ვ) სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახური;

ზ) სამეურნეო სამსახური;

თ) ბუღალტერია.

    მუხლი 5. კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფების ძირითადი კომპეტენცია და ამოცანები

1. ადმინისტრაცია:

ა) ახორციელებს კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების, გადაწყვეტილებების, საოქმო დავალებების, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების, კომისიის წევრების მითითებებისა და საკონტროლო დავალებების შესრულების ორგანიზებასა და კონტროლს;

ბ) უზრუნველყოფს საკადრო, საკანცელარიო, საიდუმლო წერი­ლებთან და არქივთან დაკავშირებული საქმიანობის შესრულებას;

გ) ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდი­ნაციასა და კომისიის საინფორმაციო უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობის კოორდინაციას.

2. იურიდიული სამსახური:

ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, ტარიფებთან, უნივერ­სალურ მომსახურებასთან, ურთიერთჩართვებთან, ნუმერაციასთან, რადიოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, ანტიმონოპოლიურ საქმიანობასთან, მომსახურების გაწევის წესებთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინისტრაციულ სამარ­თალდარღვევებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მომზადებას;

ბ) ახორციელებს კომისიის სამართლებრივი აქტების, სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას ან მათ იურიდიულ ექსპერტიზას;

გ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს საკუ­თარი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) წარმოადგენს კომისიას სასამართლოში საქმისწარმოების დროს;

ე) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, აგრეთვე კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქ­მიანობის განმახორციელებელი პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სარეგისტრაციო რეესტრს;

ვ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორ­ციელებას.

3. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური:

ა) ახორციელებს ლიცენზირებასთან, ტარიფებთან, მომსახურების გაწევის წესებთან, სტანდარტების დადგენასთან, უნივერსალურ მომ­სახურებასთან, მაუწყებლობასთან დაკავშირებული საკითხების კომისიაში განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალო მონაწილეობას და მომხმარებელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

ბ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) იკვლევს მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის შემცველ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს;

დ) უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელსა და მომხმარებელს შორის სადავო საკითხების განხილვასა და შესაბამისი გადაწ­ყვეტილების პროექტის მომზადებას;

ე) შეიმუშავებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით კომისიის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებულ წინადადებებსა და პროექტებს;

ვ) უფლებამოსილია მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში;

ზ) უფლებამოსილია წარმოადგინოს მომხმარებლები ლიცენზიის მფლობელთან დავის დროს;

თ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორ­ციელებას.

4. ეკონომიკური სამსახური:

ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, ტარიფებთან, უნივერ­სალურ მომსახურებასთან, ურთიერთჩართვებთან, ნუმერაციასთან, რადიოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, მომსახურების გაწევის წესებთან, ანტიმო­ნოპოლიურ საქმიანობასთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინის­ტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ეკონომიკური და ფინანსური საკითხების მომზადებას;

ბ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს საკუ­თარი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ეკონომიკურ კვლევასა და პროგნოზირებას;

დ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების გან­ხორციელებას.

5. ტექნიკური სამსახური:

ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, უნივერსალურ მომსა­ხურებასთან, ურთიერთჩართვებთან, ნუმერაციასთან, რადი­ოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სატელეკომუნიკაციო ქსელებთან, სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, მომსახურების გაწევის წესებთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინისტრაციულ სამარ­თალდარღვევებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მომზადებას;

ბ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს საკუ­თარი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) აწარმოებს ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვების უწყებრივ რეესტრს;

დ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების გან­ხორციელებას.

6. სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახური:

ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, უნივერსალურ მომსა­ხურებასთან, რადიოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სტანდარ­ტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საკით­ხების მომზადებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ახორციელებს სიხშირეების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

დ) აწარმოებს რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალ­სიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოების, მშენებ­ლობის, გამოყენების, ექსპლუატაციის და უცხო ქვეყნიდან მათი შემოტანისა და რეალიზაციის ნებართვების და ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის მინიჭების ნებართვების უწყებრივ რეესტრებს, აგრეთვე რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების სარეგისტრაციო რეესტრს;

ე) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.

7. სამეურნეო სამსახური:

ა) უზრუნველყოფს კომისიას მუშაობისათვის საჭირო მატერი­ალურ-ტექნიკური პირობებით;

ბ) მართავს კომისიის ქონებას;

გ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების გან­ხორციელებას.

8. ბუღალტერია:

ა) აწარმოებს კომისიის საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას;

ბ) ამზადებს კომისიის ბიუჯეტის პროექტს;

გ) უზრუნველყოფს სალიცენზიო გადასახდელებისა და რეგუ­ლირების ყოველწლიური საფასურის აღრიცხვისა და ამოღების ორგანიზებას;

დ) უზრუნველყოფს კომისიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას.

    მუხლი 6. კომისიის ბიუჯეტი

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 სექტემბრისათვის მიიღოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის სალიცენზიო გადასახდელი, რეგულირების ყოველწლიური საფასური, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

3. სალიცენზიო გადასახდელის 20 პროცენტი ირიცხება კომისიის ანგარიშზე და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. ამ თანხით კომისია ფარავს მიმდინარე ხარჯებს. სალიცენზიო გადასახდელის 80 პროცენტი ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და გამოიყენება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ამ თანხის სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

4. რეგულირების ყოველწლიური საფასური დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული ფუნ­ქციების შესრულებისათვის და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.

5. კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია ან დამატებითი შემოსავლები, საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოიყენოს სხვა მუხლების დასაფინანსებლად.

6. თუ მიღებული შემოსავლები არ ფარავს კომისიის მიმდინარე ხარჯებს, კომისია უფლებამოსილია დადგენილი წესით აიღოს სესხი.

    მუხლი 7. ანგარიშის წარდგენა

1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ბუღალტრული ანგარიშების ფინანსურ აუდიტს;

2. კომისია შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშსა და ფინანსური აუდიტის შედეგებს;

3. კომისიის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის; კომისია მართავს საჯარო მოსმენას, რომელზედაც თავისი საქმიანობის ანგარიშსა და ფინანსური აუდიტის შედეგებს წარუდგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებას.

    მუხლი 8. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. კომისიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.