საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის დებულების შესახებ

  • Word
საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
251
17/04/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998
450140000.05.002.000001
საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/04/1998 - 17/12/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №251

1998 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის დებულების შესახებ

 "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის თანდართული დებულება. 

 

საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულებანი

 1. საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური (შემდგომში – საქპოლიგრაფგამომცემლობა) არის საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც შექმნილია "საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 ივლისის №385 ბრძანებულებით, "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და ახორციელებს აღმასრულებელ სახელმწიფო ხელისუფლებას კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას პოლიგრაფიისა და საგამომცემლო სფეროში ყველა სახეობის ლიტერატურაზე მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. პასუხს აგებს დარგის მდგომარეობისა და განვითარებისათვის.

2. საქპოლიგრაფგამომცემლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით;

საქპოლიგრაფგამომცემლობის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

3. საქპოლიგრაფგამომცემლობის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. საქპოლიგრაფგამომცემლობის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. საქპოლიგრაფგამომცემლობას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა. მისი იურიდიული მისამართია: 380002, თბილისი, მარჯანიშვილის ქუჩა №5.

 

II. ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

6. საქპოლიგრაფგამომცემლობა:

ა) შეიმუშავებს დარგის განვითარების მიმართულებებს, კონცეფციას, პროგრამებს და წარუდგენს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს, ახორციელებს მისთვის გადაცემული ქონებისა და სახსრების გამოყენებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ადგენს დარგის განვითარების პერსპექტიულ და მოკლევადიან პროგრამებს მხატვრული, სასწავლო, საბავშვო, საცნობარო, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სახის ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების სფეროში; ანაწილებს სახელმწიფო შეკვეთებს გამომცემლობებს შორის; კოორდინაციას უწევს სახელმწიფო გამომცემლობების საქმიანობას წიგნის გამოცემაში პარალელიზმისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით;

გ) შეიმუშავებს და პრეზიდენტს წარუდგენს კანონპროექტებსა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს პოლიგრაფიის, საგამომცემლო და წიგნის გავრცელების საქმეში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად;

დ) მონაწილეობს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის შედგენაში;

ეკონომიკის სამინისტროს დადგენილ ვადებში წარუდგენს ინდიკატური გეგმის ძირითად პარამეტრებს საგამომცემლო დარგში და აკონტროლებს გეგმის განუხრელად შესრულებას;

ე) ქვეყანაში სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემის შესაბამისად შეიმუშავებს სახელმწიფო სტანდარტებს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო დარგში, რომლებიც დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოში მოქმედი ყველა პოლიგრაფიული და საგამომცემლო სუბიექტისათვის საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არეგულირებს ფასიანი ქაღალდებისა და მკაცრი ანგარიშგების დოკუმენტაციის ბეჭდვის საქმეს;

ვ) ხელს უწყობს ქართულ ენაზე გამოცემული ლიტერატურის თარგმნას უცხოურ ენებზე მისი საზღვარგარეთ გავრცელების მიზნით; საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ერთად ქმნის მთარგმნელთა ჯგუფებს მოქმედი კანონის შესაბამისად;

ზ) საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად ადგენს რეესტრს იმ ლიტერატურული ნაწარმოებებისა, რომლებზეც საავტორო უფლების ვადა გასულია და არეგულირებს მათ განაწილებას გამომცემლობებს შორის დადგენილი წესით;

თ) საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოსთან, სახელმწიფო და სხვა დაინტერესებულ გამომცემლობებთან ერთად აწყობს რესპუბლიკაში წიგნის ბაზრობა-გამოფენებს; ორგანიზაციას უწევს საქართველოს გამომცემლობების მონაწილეობას წიგნის საერთაშორისო ბაზრობა-გამოფენებში; ხელს უწყობს წიგნის საერთაშორისო გაცვლა-გავრცელებას;

ი) საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან ერთად, ტენდერის გამოყენებით, მიღებულ გრანტებს ანაწილებს სახელმწიფო გამომცემლობებს შორის, აკონტროლებს მათ მიზნობრივ გამოყენებას; ხელს უწყობს დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;

კ) საქართველოს კონსტიტუციით ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ დაწესებულებებთან ერთად ხელს უწყობს სასწავლო და სხვა სახის ლიტერატურის გამოცემას ქართული ენის არმცოდნე საქართველოს მოქალაქეებისათვის;

ლ) ადგენს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ნუსხის, რომელთაც უნდა წარედგინოს საქართველოში გამოცემული ყველა სავალდებულო ნაბეჭდი ეგზემპლარი გამომცემელთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; კონტროლს აწესებს სავალდებულო ეგზემპლარების დროულად მიწოდებაზე;

მ) წიგნის სახელმწიფო პალატის მეშვეობით ეწევა საქართველოში გამოცემული ნაბეჭდი პროდუქციის ერთიან და სრულ სახელმწიფო აღრიცხვას და სტატისტიკას, ქმნის ამ სფეროში საინფორმაციო ბანკს; ხელს უწყობს საქართველოს შესახებ საზღვარგარეთ გამოცემული ლიტერატურის შემოტანას;

ნ) წიგნის ვაჭრობის საბითუმო-საცალო გაერთიანება „საქწიგნის“ მეშვეობით ორგანიზებას უწევს გამოცემული ლიტერატურის გავრცელებას საქართველოს ტერიტორიაზე; აკოორდინირებს გამომცემლობებისა და საქწიგნის საქმიანობას წიგნის პროპაგანდისა და მოსახლეობისათვის მიწოდების საქმეში; ეწევა წიგნის რეკლამას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ო) ახორციელებს საკოორდინაციო მუშაობას დარგში შემავალი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; წარუდგენს განაცხადს ეკონომიკის სამინისტროს სისტემისათვის საჭირო კადრების მომზადების შესახებ; აფორმებს ხელშეკრულებებს სასწავლო დაწესებულებებთან კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

პ) ხელს უწყობს სისტემის საწარმოებსა და დაწესებულებებში ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მათი საქმიანობის კოორდინაციას, პოლიგრაფიისა და საგამომცემლო დარგში თანამედროვე მიღწევათა შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, უახლესი გამოცდილების დანერგვას; კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს სახელმწიფო სახსრების სწორად და მიზნობრივად გამოყენებას.

 

III. უფლებები

7. საქპოლიგრაფგამომცემლობა უფლებამოსილია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ბრძანებები;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან საკუთარი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;

გ) დაამყაროს საქმიანი ურთიერთობანი საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიგრაფიულ, საგამომცემლო და წიგნის ვაჭრობის ორგანიზაციებთან; მიავლინოს საზღვარგარეთის ქვეყნებში სპეციალისტები გამოცდილების გაზიარების, სტაჟირებისა და ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად; კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელი შეუწყოს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ერთობლივი საწარმოების შექმნას, ნაბეჭდი პროდუქციის ერთობლივ გამოცემასა და გავრცელებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებები როგორც ქვეყნის, ისე საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

დ) შესაბამისი კანონმდებლობის ამოქმედებამდე გასცეს პოლიგრაფიული და საგამომცემლო საქმიანობის ლიცენზიები იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის; კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდეს ფასიან მომსახურებას;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააანალიზოს სისტემის საწარმოებისა და დაწესებულებების შიდასამეურნეო საქმიანობა, მიიღოს სისტემის სახელმწიფო საწარმოებიდან საბუღალტრო ანგარიშები, ხელი შეუწყოს ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას სტატისტიკის სახელმწიფო დაწესებულებებისათვის;

ვ) შეუძლია ჰქონდეს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო;

ზ) მიიღოს საქართველოს პოლიგრაფიული საწარმოებისა და გამომცემლობებისაგან (განურჩევლად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) ბეჭდვითი პროდუქციის სავალდებულო ეგზემპლარები.

 

IV. მართვის ორგანიზაცია

 8. საქპოლიგრაფგამომცემლობის სისტემაში შედიან ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები, დაწესებულებები და საწარმოები.

9. საქპოლიგრაფგამომცემლობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

10. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავმჯდომარე.

11. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს თავმჯდომარე. მოადგილეები პასუხისმგებელნი არიან მათზე დელეგირებული საკითხებისათვის; სამმართველოების უფროსები მართავენ მინდობილ სფეროს და მოქმედებენ სამმართველოს დებულების მიხედვით.

12. თავმჯდომარე:

ა) ბრძანებით ამტკიცებს საქპოლიგრაფგამომცემლობის სტრუქტურული ქვეგანაყოფების, დაქვემდებარებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების დებულებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებსა და აპარატის მუშაობის შინაგანაწესს;

ბ) "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო მოხელეებს, უზრუნველყოფს მათთვის შრომის ნორმალური პირობების შექმნას; თვალყურს ადევნებს სისტემის საწარმოებსა და დაწესებულებებში საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონმდებლობის განუხრელად დაცვას; საჭიროების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ცვლილებები შეაქვს საქპოლიგრაფგამომცემლობის საშტატო ნუსხაში დადგენილი რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ფარგლებში;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისაგან ითანხმებს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს; ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაქვემდებარებულ დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და საწარმოთა ხელმძღვანელებს; საჭიროების შემთხვევაში ქმნის და ხელმძღვანელობას უწევს სამეცნიერო,საკონსულტაციო საბჭოებს; ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო ანაზღაურებით, დროებით იწვევს სპეციალისტებს სპეციფიკური სამუშაოების შესასრულებლად;

დ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სისტემის ორგანიზაციათა საქმიანობას, კონტროლს უწესებს დაქვემდებარებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო დავალებათა შესრულებას; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს დაქვემდებარებული ორგანიზაციების, დაწესებულებების, საწარმოების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ე) უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მხარედ.

13. თავმჯდომარის სათათბირო ორგანოა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარის მოადგილეები, აგრეთვე თავმჯდომარის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. საბჭოს წევრთა რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროების მიხედვით თავმჯდომარის მიერ თვეში ერთხელ მაინც. გადაწყვეტილება ფორმდება სამსახურის თავმჯდომარის ბრძანებით.

 

V. სტრუქტურა

 14. საქპოლიგრაფგამომცემლობის ცენტრალურ აპარატში შედის:

ა) ხელმძღვანელობა;

ბ) საგამომცემლო საქმიანობის კოორდინაციისა და ინფორმაციის სამმართველო;

გ) პოლიგრაფიის სამმართველო;

დ) ეკონომიკურ-საფინანსო, ინვესტიციებისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო ;

ე) წიგნის გავრცელებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველო;

ვ) ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო.

15. საქპოლიგრაფგამომცემლობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანებია:

ა) საგამომცემლო საქმიანობის კოორდინაციისა და ინფორმაციის სამმართველოსი – საქართველოში გამოცემული ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; სახელმწიფო გამომცემლობების საქმიანობის კოორდინაცია, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლიტერატურის გამოცემის პროგრამების პროექტების შედგენა;

ბ) პოლიგრაფიული სამმართველოსი – პოლიგრაფიული სტანდარტების შემუშავება და მათ დასანერგავად რეკომენდაციების მიცემა; საზღვარგარეთის ქვეყნებში ახალი პოლიგრაფიული ტექნიკის, ტექნოლოგიების მიღწევათა შესწავლა და საქართველოს პოლიგრაფიულ საწარმოებში მათი გამოყენებისათვის ხელშეწყობა;

გ) ეკონომიკურ-საფინანსო, ინვესტიციებისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოსი – სისტემაში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; საფინანსო, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საქმიანობის წარმოება, გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების კონტროლის განხორციელება;

დ) წიგნის გავრცელებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოსი – წიგნის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზაცია, წიგნის რეკლამისა და გავრცელების ორგანიზაციული საკითხების დამუშავება;

ე) ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოსი – ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდების მომსახურება, ცენტრალური აპარატის საკანცელარიო და სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ინვენტარითა და მასალებით უზრუნველყოფა, სისტემაში კადრების შერჩევის, დანიშვნისა და კვალიფიკაციის ამაღლების საქმიანობის ორგანიზაცია.

16. საქპოლიგრაფგამომცემლობის სისტემაში შედიან სულხან-საბა ორბელიანის სახელობის წიგნის სახელმწიფო პალატა, ტერიტორიული ორგანოები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტი, საწარმოები, ორგანიზაციები. 

 

VI. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

17. საქპოლიგრაფგამომცემლობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.