ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის სტატუტი

  • Word
ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის სტატუტი
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/1955
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 14/06/2001
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/1955
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.109.000413
  • Word
-
15/07/1955
გაურკვეველი, -, 14/06/2001
480140000.02.109.000413
ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის სტატუტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის

სტატუტი

(ძალაშია 1955 წლის 15 ივლისიდან)

ქვემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოების მთავრობები:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ავსტრია, ბელგია, დანია, ესპანეთი, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, შვეცია და შვეიცარია;

მხედველობაში იღებენ რა, ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივ ხასიათს;

გამოთქვამენ რა სურვილს, ხაზი გაუსვან ამგვარ ხასიათს;

სასურველად მიიჩნიეს რა ამ მიზნით აღჭურვონ კონფერენცია სტატუტით;

შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე:

    მუხლი 1

ჰააგის კონფერენციის მიზანია საერთაშორისო კერძო სამართლის წესების პროგრესულ უნიფიცირებისათვის მუშაობა.

    მუხლი 2

ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის წევრებია სახელმწიფოები, რომლებიც მონაწილეობდნენ კონფერენციის ერთ ან რამდენიმე სესიაში და რომლებიც იღებენ წინამდებარე სტატუტს.

ნებისმიერი სხვა სახელმწიფო შეიძლება გახდეს წევრი, რომლის მონაწილეობაც იურიდიული ხასიათის ინტერესს წარმოადგენს კონფერენციის მუშაობისათვის. ახალი წევრების მიღება წყდება მონაწილე სახელმწიფოების მთავრობების მიერ, ერთი ან რამდენიმე მათგანის წინადადებებით, ხმათა უმრავლესობით, მთავრობების მიერ ამ წინადადების წარდგენიდან ექვსი თვის ვადაში.

მიღება ძალაში შევა დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ წინამდებარე სტატუტის მიღებისას.

    მუხლი 3

საერთაშორისო კერძო სამართლის კოდიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, 1867 წლის 20 თებერვლის სამეფო დეკრეტით დაფუძნებული ნიდერლანდების სახელმწიფო კომისია, უზრუნველყოფს კონფერენციის მუშაობას.

აღნიშნული კომისია უზრუნველყოფს ამ მუშაობას მუდმივმოქმედი ბიუროს საშუალებით, რომლის საქმიანობასაც იგი ხელმძღვანელობს.

იგი განიხილავს კონფერენციის დღის წესრიგში შესატან ყველა წინადადებას. მას ასევე შეუძლია შეაფასოს წინადადებების განხილვის შემდგომი მსვლელობა.

კონფერენციის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ, სახელმწიფო კომისია ადგენს სესიების თარიღსა და დღის წესრიგს.

კომისია მიმართავს ნიდერლანდების მთავრობას მონაწილე მხარეების მოსაწვევად.

კონფერენციის რიგითი სესიები, წესის თანახმად ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.

საჭიროების შემთხვევაში, წევრთა დადებითი აზრის შემდეგ, სახელმწიფო კომისიას შეუძლია მოსთხოვოს ნიდერლანდების მთავრობას კონფერენციის რიგგარეშე სესიის მოწვევა.

    მუხლი 4

მუდმივმოქმედი ბიუროს ადგილსამყოფელი მდებარეობს ჰააგაში. იგი შედგება გენერალური მდივნისა და ორი სხვადასხვა ეროვნების მდივნისაგან, რომლებიცინიშნებიან ნიდერლანდების მთავრობის მიერ, სამთავრობო კომისიის წარდგინებით.

გენერალურ მდივანს და მდივნებს უნდა გააჩნდეთ იურიდიული განათლება და სათანადო პრაქტიკული გამოცდილება.

მდივნების რიცხვის გაზრდა შესაძლებელია კონფერენციის წევრთა შეთანხმების შემდეგ.

    მუხლი 5

 

სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელობით მუდმივმოქმედ ბიუროს ევალება:

ა)ჰააგის კონფერენციის სესიების მომზადება და ორგანიზება და ასევე სპეციალური კომისიების სხდომების ჩატარება;

ბ) სესიის სამდივნოს სამუშაოებისა და ზემოთ ხსენებული სხდომების მუშაობის ორგანიზება;

გ)ყველა ის საქმე, რომელსაც მოიცავს სამდივნოს საქმიანობა.

    მუხლი 6

კონფერენციის წევრებსა და მუდმივმოქმედ ბიუროს შორის ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ყოველი წევრი სახელმწიფოს მთავრობა ქმნის ეროვნულ ორგანოებს.

მუდმივმოქმედ ბიუროს შეუძლია ითანამშრომლოს ყველა ამგვარად შექმნილ ეროვნულ ორგანოსთან და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    მუხლი 7

კონფერენციას, ხოლო სესიების შუალედში სახელმწიფო კომისიას, შეუძლიათ შექმნან სპეციალური კომისიები, კონვენციის პროექტების შემუშავებისა ან საერთაშორისო კერძო სამართლის ყველა იმ საკითხის შესწავლის მიზნით, რომლებსაც მოიცავს კონფერენციის მიზანი.

    მუხლი 8

მუდმივმოქმედი ბიუროსა და სპეციალური კომისიების საქმიანობისა და მუშაობის ხარჯები ნაწილდება კონფერენციის წევრებს შორის, გარდა სპეციალურ კომიტეტებში მონაწილე დელეგაციების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯებისა, რომელიც უნდა დაიფაროს წარმოდგენილი მთავრობების მიერ.

    მუხლი 9

მუდმივმოქმედი ბიუროსა და სპეციალური კომისიების ბიუჯეტი ყოველწლიურად წარედგინება წევრთა დიპლომატიურ წარმომადგენლებს ჰააგაში დასამტკიცებლად.

ეს წარმომადგენლები ანაწილებენ წევრთა შორის ბიუჯეტით განსაზღვრულ ხარჯებს, რომლებიც დაიფარება ამ უკანასკნელთა მიერ.

ამ მიზნით, დიპლომატიური წარმომადგენლები იკრიბებიან ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით.

    მუხლი 10

კონფერენციის რიგითი სესიების ხარჯები იფარება ნიდერლანდების მთავრობის მიერ.

რიგგარეშე სესიის მოწვევის შემთხვევაში ხარჯები ნაწილდება კონფერენციის წევრების სესიაზე წარმოდგენილ მხარეთა შორის.

ნებისმიერ შემთხვევაში დელეგაციის მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები იფარება შესაბამის სახელმწიფოთა მთავრობების მიერ.

    მუხლი 11

კონფერენციის საქმიანობა გაგრძელდება ამ სტატუტისა და რეგლამენტის საწინააღმდეგო უარყოფით შედეგებამდე.

    მუხლი 12

წინამდებარე სტატუტის ცვლილებები მიღებულად ჩაითვლება წევრი სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობით დამტკიცების შემთხვევაში.

    მუხლი 13

სტატუტის შესრულების უზრუნველსაყოფად, წინამდებარე სტატუტის დებულებები შეივსება რეგლამენტით. აღნიშნულ რეგლამენტს მიიღებს მუდმივმოქმედი ბიურო და წარუდგენს წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს დასამტკიცებლად.

    მუხლი 14

წინამდებარე სტატუტი წარედგინება მისაღებად იმ სახელმწიფოების მთავრობებს, რომლებიც მონაწილეობდნენ კონფერენციის ერთი ან რამდენიმე სესიის მუშაობაში. იგი ძალაში შევა კონფერენციის მეჩვიდმეტე სესიაზე მონაწილე წევრთა უმრავლესობის მიერ მიღების შემდეგ.

განცხადება მიღების შესახებ უნდა გაეგზავნოს ნიდერლანდების მთავრობას რომელმაც უნდა აცნობოს ამ მუხლის პირველ აბზაცში მითითებულ მთავრობებს.

მსგავსი პროცედურა ხორციელდება ახალი სახელმწიფოს მიღების შემთხვევაში, სახელმწიფოს განცხადებისას მიღების შესახებ.

    მუხლი 15

ნებისმიერ წევრს შეუძლია მოახინოს წინამდებარე სტატუტის დენონსაცია, მისი ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთი წლის შემდეგ მეთოთხმეტე მუხლის პირველი აბზაცით განსაზღვრულ ვადაში.

შეტყობინება დენონსაციის შესახებ უნდა გადაეცეს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფერენციის საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე ექვსი თვით ადრე და ძალაში შევა ხსენებული წლის დამთავრებისას, მაგრამ მხოლოდ იმ წევრისათვის, რომელმაც შეტყობინება მიაწოდა.