დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1924 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/04/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14(21), 13/05/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 11/05/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.140.05.001.000.524 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს კანონი აწესებს მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების (შემდგომში – სარეგისტრაციო მოსაკრებლები) სახეებს, განაკვეთებსა და გადახდის წესს, განსაზღვრავს სარეგისტრაციო მოსაკრებლების გადამხდელს.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უძრავი ქონება – ნივთი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად მიჩნეულია მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად;
ბ) მიწის რეგისტრაციის დოკუმენტაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული საბუთები, რომლებიც ადასტურებს მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე უფლებათა წარმოშობას, არსებობას, გადაცემას, დატვირთვას ან შეწყვეტას. მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების საკადასტრო რუკა ან გეგმა და უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ მონაცემები ასევე მიიჩნევა მიწის რეგისტრაციის დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილებად;
გ) საჯარო რეესტრის ფორმულარები – სააღრიცხვო ბარათების, საკადასტრო რუკების ან მიწის ნაკვეთების გეგმებისა და განაცხადთა სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმები, რომლებიც შედგენილი და დამტკიცებულია „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) საჯარო რეესტრი, საადგილმამულო წიგნი – სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში მოქცეულ მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის მიზნით შედგენილი საჯარო რეესტრის ფორმულარების ერთობლიობა, რომელიც მოწესრიგებულია „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ე) სარეგისტრაციო მოსაკრებლები – აუცილებელი გადასახდელები სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლებიც გადაიხდევინება უფლებამოსილი პირის (პირების) განაცხადის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სანივთო უფლებათა რეგისტრაციისათვის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის და რომლებიც მოიცავს მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დანახარჯს;
ვ) სისტემატური რეგისტრაცია – დადგენილ დროში და განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების საკადასტრო აღწერის განხორციელების, მასზე უფლების მამკვიდრებელი საბუთების შექმნის ან/და ამ უფლების დამადასტურებელი საბუთების გამოყენების საფუძველზე მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია;
ზ) სპორადული რეგისტრაცია – დაინტერესებული პირის (პირების) განაცხადითა და მისივე ინიციატივით შექმნილი ან/და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია;
თ) მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია – საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი ასახვა „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, რომელიც მოიცავს სარეგისტრაციო მოწმობებისა და საკადასტრო რუკების მომზადებას, მიწის აგეგმვით სამუშაოებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთისა და მასზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
მუხლი 3. სარეგისტრაციო მოსაკრებლების გადახდევინების ზოგადი პრინციპები
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე კერძო საკუთრებად გამოცხადებული მიწის პირველადი რეგისტრაცია, სარეგისტრაციო მოწმობის მომზადება და გაცემა, ასევე რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება მიწის მესაკუთრეთათვის ხორციელდება მოსაკრებლის გადაუხდევინებლად.
2. კერძო საკუთრებად გამოცხადებული მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის შემდეგ მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე შემდგომი გარიგებებისას (ტრანზაქციებისას) უფლებამოსილი პირის (პირების) განაცხადის საფუძველზე მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოსაკრებლებს იხდის განმცხადებელი.
3. მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო რეგისტრაციის სისტემატური წესით განხორციელების შემთხვევაში მიწის რეგისტრაციის დოკუმენტაციის მომზადებისა და უფლებათა რეგისტრაციის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №589-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.121
მუხლი 4. სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაწესება და მათი სახეები
1. ეს კანონი აწესებს სარეგისტრაციო მოსაკრებლებს მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე სანივთო უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციისათვის და უფლებამოსილი ან დაინტერესებული პირისათვის (პირებისათვის) მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის.
2. მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე სანივთო უფლებათა სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლები წესდება:
ა) უფლებამოსილი პირის (პირების) განაცხადის საფუძველზე საკუთრების, იჯარის, ქირავნობის, იპოთეკის, აღნაგობის, უზუფრუქტის, სერვიტუტისა და სხვა სანივთო უფლებათა რეგისტრაციისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას;
ბ) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებების შეზღუდვების რეგისტრაციისათვის.
3. უფლებამოსილი ან დაინტერესებული პირისათვის (პირებისათვის) მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის სარეგისტრაციო მოსაკრებლები წესდება მომსახურების შემდეგი სახეების მიხედვით:
ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის, მიწის რეგისტრაციის დოკუმენტაციის ასლების მომზადებისა და გადაცემისათვის;
ბ) საჯარო რეესტრში ან სარეგისტრაციო მოწმობაში დოკუმენტირებული ცვლილებების შეტანისათვის;
გ) საჯარო რეესტრში არსებული საბუთების შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე უძრავი ნივთების სამართლებრივი მდგომარეობისა და მახასიათებლების შესახებ ცნობის მომზადებისა და გაცემისათვის.
მუხლი 5. სარეგისტრაციო მოსაკრებლების გადამხდელი
1. უფლებამოსილი პირის (პირების) განაცხადის საფუძველზე მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე სანივთო უფლების, მათ შორის, უფლების შეზღუდვის ან დატვირთვის რეგისტრაციისათვის მოსაკრებლებს იხდის პირი, რომელსაც მიენიჭება (გადაეცემა) ეს უფლება.
2. სარეგისტრაციო მომსახურებისათვის მოსაკრებლებს იხდის მომსახურების გაწევაზე განმცხადებელი.
მუხლი 6. უფლებათა ობიექტებისა და მათზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის სარეგისტრაციო მოსაკრებლების გადაუხდელად გაცემის წესი
უფლებათა ობიექტებისა და მათზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია განაცხადის საფუძველზე სარეგისტრაციო მოსაკრებლების გადაუხდელად მიეცემა:
ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს;
ბ) მიწის მიზნობრივი საკადასტრო და მიწის ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
მუხლი 7. სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაკვეთები
1. მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო უფლებების გადაცემის (ტრანზაქციების) რეგისტრაციისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
ა) მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების, აღნაგობის, იპოთეკის, ქირავნობის ან იჯარის უფლების რეგისტრაციისათვის, რომელიც მოიცავს მიწის აგეგმვითი სამუშაოების ჩატარებას, საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს – 7 ლარი;
ბ) მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე უზუფრუქტის ან სერვიტუტის, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების შეზღუდვის რეგისტრაციისათვის, რომელიც მოიცავს მიწის აგეგმვითი სამუშაოების ჩატარებას, საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს – 7 ლარი;
გ) განაცხადის, სარეგისტრაციო მოწმობის და საკადასტრო გეგმის დამოწმებული ასლებისათვის, რომლებიც მომზადებულია უფლებამოსილი ან დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე – 0,5 ლარი;
დ) საკადასტრო რუკის დამოწმებული ასლისათვის, რომელიც მომზადებულია უფლებამოსილი ან დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე – 2 ლარი.
2. უფლებამოსილი ან დაინტერესებული პირისათვის (პირებისათვის) მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
ა) მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ან სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრში ან სარეგისტრაციო მოწმობაში დოკუმენტირებული ცვლილებების შეტანისათვის, მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბუთების შექმნის მიზნით მცირეფორმატიანი რუკის ან საკადასტრო გეგმის ან ხელშეკრულების ფორმის მომზადებისა და სხვა ანალოგიური ტექნიკური სამუშაოების შესრულებისათვის – 2 ლარი;
ბ) მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული საბუთების შესწავლის, ანალიზისა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემატიზაციის საფუძველზე ცნობის მომზადებისა და დაინტერესებულ მესამე პირზე მისი გაცემისათვის – 7ლარი.
3. მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების, აგრეთვე მათ მიმართ წარმოშობილ უფლებათა სარეგისტრაციოდ საჭირო ყველა ღონისძიებისათვის მოსაკრებლის გარდა სხვა თანხა არ გადაიხდევინება.
4. თუ ორი ან სამი სივრცობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის შეძენით იქმნება ერთი მიწის ნაკვეთი, ამ ნაკვეთების ერთ მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს ყველა სააღრიცხვო ბარათში შესაბამისი შენიშვნების შეტანას ან მათ გაუქმებას და ახალი სააღრიცხვო ბარათის შევსებას, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას, ხდება შემძენის განცხადების საფუძველზე და მასზე გადაიხდევინება მოსაკრებელი 7 ლარის ოდენობით.
5. თუ ოთხი ან მეტი სივრცობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის შეძენით იქმნება ერთი მიწის ნაკვეთი, ამ ნაკვეთების ერთ მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და მასზე გადაიხდევინება მოსაკრებელი 7 ლარის ოდენობით, რომელსაც სამი ნაკვეთის ზემოთ თითოეულ მიწის ნაკვეთზე ემატება 2 ლარი.
საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №589-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.121
მუხლი 8. სარეგისტრაციო მოსაკრებლების გადახდისა და აღრიცხვის წესი
1. გადამხდელი სარეგისტრაციო მოსაკრებლებს იხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გადამხდელი სარეგისტრაციო მოსაკრებლებს იხდის რეგისტრატურაში განაცხადის შეტანამდე. რეგისტრაციაზე განაცხადი მიიღება, თუ მას თან ერთვის მოსაკრებლების გადახდის დამადასტურებელი საბუთი ან საგადამხდელო დავალების ყუა, დადგენილი წესით განსაზღვრული საბუთები და ცნობები.
3. სარეგისტრაციო მოსაკრებლების სახით მიღებულ შემოსავალს დადგენილი წესის შესაბამისად აღრიცხავს რეგისტრატურა, სადაც ინახება მოსაკრებლების გადახდის დამადასტურებელი საბუთები. საგადამხდელო საბუთის დასახელება და სააღრიცხვო რეკვიზიტები, აგრეთვე გადახდილი თანხის ოდენობა მიეთითება საბუთების სარეგისტრაციო ჟურნალში.
4. სახელმწიფო ბიუჯეტში მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ ყოველწლიური ანგარიში რეგისტრატურების მიერ მომდევნო წლის 1 თებერვლამდე წარედგინება საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც ნაერთ ანგარიშს 1 მარტამდე წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
მუხლი 9. სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაბრუნების წესი
1. თუ გადახდილია სარეგისტრაციო მოსაკრებლები ამ კანონით დადგენილზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება გადახდილ და ამ კანონით დადგენილ თანხებს შორის განსხვავება.
2. გადამხდელს სარეგისტრაციო მოსაკრებლები მთლიანად უბრუნდება, თუ:
ა) რეგისტრატორი უარს აცხადებს სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელებაზე და არსებობს უარის კანონიერი საფუძველი;
ბ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო საქმიანობის დაწყებამდე უარს აცხადებს რეგისტრაციაზე და არსებობს უარის კანონიერი საფუძველი;
გ) სარეგისტრაციო საქმიანობა შესრულებულია უხარისხოდ და შესაძლებელია ამის დასაბუთება.
3. გადამხდელისათვის სარეგისტრაციო მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განაცხადის საფუძველზე, რომელიც რეგისტრატურაში შეტანილი უნდა იქნეს თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვიდან არა უგვიანეს ერთი კალენდარული წლისა. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება.
4. სარეგისტრაციო მოსაკრებლები გადამხდელს უბრუნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 10. სარეგისტრაციო მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლის განაწილებისა და გამოყენების წესი
სარეგისტრაციო მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლის განაწილებისა და გამოყენების წესი განისაზღვრება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 30 აპრილი.
№1924–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №589-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.121
2. ძალადაკარგულია- საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1356-სსმI,№9,26.04.2002წ.,მუხ.43
დოკუმენტის კომენტარები