„მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 589
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 01/12/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 11/05/2002
სარეგისტრაციო კოდი 210.020.140.05.001.000.837
  • Word
589
11/08/2000
სსმ, 43, 01/12/2000
210.020.140.05.001.000.837
„მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 1999 წელი)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და რომლებიც მოიცავს მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დანახარჯს;“.

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების, აღნაგობის, იპოთეკის, ქირავნობის ან იჯარის უფლების რეგისტრაციისათვის, რომელიც მოიცავს მიწის აგეგმვითი სამუშაოების ჩატარებას, საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს – 7 ლარი;

ბ) მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე უზუფრუქტის ან სერვიტუტის, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების შეზღუდვის რეგისტრაციისათვის, რომელიც მოიცავს მიწის აგეგმვითი სამუშაოების ჩატარებას, საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს – 7 ლარი;

გ) განაცხადის, სარეგისტრაციო მოწმობის და საკადასტრო გეგმის დამოწმებული ასლებისათვის, რომლებიც მომზადებულია უფლებამოსილი ან დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე – 0,5 ლარი;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საკადასტრო რუკის დამოწმებული ასლისათვის, რომელიც მომზადებულია უფლებამოსილი ან დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე – 2 ლარი.“;

გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში რიცხვი „30“ შეიცვალოს ციფრით „7“ და ამავე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–5 პუნქტები:

„3. მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების, აგრეთვე მათ მიმართ წარმოშობილ უფლებათა სარეგისტრაციოდ საჭირო ყველა ღონისძიებისათვის მოსაკრებლის გარდა სხვა თანხა არ გადაიხდევინება.

4. თუ ორი ან სამი სივრცობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის შეძენით იქმნება ერთი მიწის ნაკვეთი, ამ ნაკვეთების ერთ მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს ყველა სააღრიცხვო ბარათში შესაბამისი შენიშვნების შეტანას ან მათ გაუქმებას და ახალი სააღრიცხვო ბარათის შევსებას, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას, ხდება შემძენის განცხადების საფუძველზე და მასზე გადაიხდევინება მოსაკრებელი 7 ლარის ოდენობით.

5. თუ ოთხი ან მეტი სივრცობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის შეძენით იქმნება ერთი მიწის ნაკვეთი, ამ ნაკვეთების ერთ მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და მასზე გადაიხდევინება მოსაკრებელი 7 ლარის ოდენობით, რომელსაც სამი ნაკვეთის ზემოთ თითოეულ მიწის ნაკვეთზე ემატება 2 ლარი.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 8 ნოემბერი.

№589Iს