დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისიის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 14/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.002.002. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/03/2002 - 03/05/2002)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №100
2002 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში:
1. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მუნიციპალური განვითარების ფონდის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დროებითი დებულება.
3. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში
ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული
ვლადიმერ დარჯანია – ქალაქ თბილისის პრემიერის მოადგილე
ვაჟა კაპანაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე
რომან კუსიანი – საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი მმართველობის რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
ლაშა მინდელი – ქალაქ რუსთავის მერი
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
პაატა ჭარაქაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე
ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი.“.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია მოახდინოს სახსრების მობილიზაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი სააგენტოებისა და ქვეყნების, ქვეყნის ცენტრალური, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისაგან და ამ სახსრების საშუალებით ინვესტიციების განხორციელება მუნიციპალურ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში.
2. ფონდი ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (შემდგომში – მუნიციპალიტეტები) საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
3. ფონდი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონით, საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, ამ დებულებათა და საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან საქართველოს მთავრობის შეთანხმებით, ხოლო ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს ფონდის საოპერაციო სახელმძღვანელოს მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო განვითარების საერთაშორისო ასოციაციასთან შეთანხმებით.
4. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას პროსპექტი №41.
II. ფონდის მიზნები და ამოცანები
5. ფონდის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) მართოს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ინვესტირებისათვის განკუთვნილი სახსრები, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი, აგრეთვე მსოფლიო ბანკის მუნიციპალური განვითარების, დეცენტრალიზაციის კრედიტით და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალური საინვესტიციო პროგრამების განხორციელებასა და დაფინანსებაში;
გ) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის მიერ მათი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობათა გაძლიერებას;
დ) მოახდინოს მიქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული დამატებითი რესურსების მობილიზაცია;
ე) განახორციელოს მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების შეფასება, მათი ფინანსური მართვა და ზედამხედველობა;
ვ) მობილიზება გაუკეთოს მუნიციპალიტეტების მიერ დაბრუნებულ თანხებს (შესაბამისი საპროცენტო დანარიცხის გათვალისწინებით) შემდგომში, მუნიციპალური განვითარების პროექტებში რეინვესტირებისა და საოპერაციო ხარჯების დაფარვის მიზნით.
6. ფონდი მისი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ეწევა შემდეგი სახის მომსახურებას:
ა) დახმარებას უწევს მუნიციპალიტეტებს შესაბამის საინვესტიციო წინადადებათა შემუშავებაში;
ბ) მოქმედებს ფინანსურ-ადმინისტრაციული შუამავლის სტატუსით მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
გ) ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს და ამ მიზნით – მუნიციპალიტეტებისათვის (მუნიციპალიტეტების გარანტიის შემთხვევაში – მუნიციპალური საწარმოებისათვის) სესხებისა და გრანტების გაცემას დადგენილი წესით;
დ) ახდენს საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგს;
ე) ტექნიკურ დახმარებას უწევს მუნიციპალიტეტებს.
7. ფონდი ვალდებულია:
ა) განიხილოს მუნიციპალიტეტების წინადადებები სამოქმედო სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პროცედურების შესაბამისად მათი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსების შესახებ;
ბ) ითანამშრომლოს მსოფლიო ბანკთან საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად;
გ) დაამყაროს ურთიერთობა დარგობრივ სამინისტროებთან პროექტების ტექნიკური ასპექტების განხილვის მიზნით;
დ) წარუდგინოს შერჩეული პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად;
ე) უზრუნველყოს ფონდის სახსრებით დაფინანსებული პროექტების განხორციელება და მათი ზედამხედველობა;
ვ) მოახდინოს დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი;
ზ) პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ წარუდგინოს ანგარიში ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სამუშაო გეგმის შესამაბისად, ხოლო წელიწადში ერთხელ მაინც – დეტალური ანგარიში საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონნსულტაციო საბჭოს.
III. ფონდის ფინანსები
8. ფონდის სახსრები იქმნება:
ა) ფონდის საკუთარი სახსრებისაგან, რომლებიც შედგება მუნიციპალიტეტების მიერ დაბრუნებული სახსრებისა და შესაბამისი საპროცენტო დანარიცხებისაგან;
ბ) მსოფლიო ბანკის მუნიციპალური განვითარების პროექტებით გათვალისწინებული სახსრებისაგან;
გ) საქართველოს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისაგან;
დ) სხვა საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამის, არასამთავრობო ორგანიზაციების შენატანებისაგან;
ე) სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან მობილიზებული სახსრებისაგან;
ვ) საქველმოქმედო შენატანებისაგან;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებისაგან.
9. ფონდის საოპერაციო ხარჯები იფარება ფონდის სახსრებიდან და კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან, ფონდის საოპერაციო ხარჯებს ყოველწლიურად ამტკიცებს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ყოველი ფისკალური წლის დასაწყისამდე ერთი თვით ადრე.
IV. ფონდის სტრუქტურა და მართვა
10. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
11. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო:
ა) იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც და აფასებს მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ პროექტებს, რომელიც უნდა დაფინანსდეს ფონდის მიერ;
ბ) განიხილავს ფონდის ანგარიშს პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) ეცნობა ფონდის მიერ მომზადებულ მასალებს პროექტების შესრულების მიმდინარეობის, შესრულებული სამუშაოების, აგრეთვე პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ;
დ) განიხილავს და ამტკიცებს მუნიციპალური განვითარების ფონდის საოპერაციო სახელმძღვანელოს; ამტკიცებს საოპერაციო სახელმძღვანელოში შესატან ცვლილებებს;
ე) განიხილავს და ამტკიცებს ფონდის წლიურ ბიუჯეტს;
ვ) განიხილავს ფონდის გრძელვადიან სამოქმედო გეგმას;
ზ) განიხილავს და ამტკიცებს ფონდის მიერ საინვესტიციო პროექტების დაფინანსების პირობების შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს;
თ) კოორდინაციას უწევს მსოფლიო ბანკის „მუნიციპალური განვითარებისა და ცენტრალიზაციის“ პროექტებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას.
12. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც.
13. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს გამოცხადებულ წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
14. სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აისახება სხდომაზე განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები. საბჭოს ყველა წევრს აქვს უფლება მოითხოვოს, რომ მისი ინდივიდუალური აზრი აისახოს ოქმში.
15. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი წარმართავს ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას, მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
16. ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო პროფესიული გამოცდილება.
17. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ფონდს და პასუხისმგებელია მისი საქმიანობისათვის;
ბ) წარმართავს ფონდის საქმიანობას, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს შესაბამისი სფეროს კონსულტაციებს;
დ) აკონტროლებს ფონდის ბიუჯეტის შესრულებას;
ე) მოითხოვს სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომების მოწვევას და უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა საბჭოს სხდომების მუშაობაში;
ვ) ხელს აწერს ფონდის სახელით დადებულ შეთანხმებებსა და ოფიციალურ დოკუმენტებს;
ზ) შეიმუშავებს და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს დსამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალური განვითარების ფონდის საოპერაციო სახელმძღვანელოსა და ბიუჯეტს.
18. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მუნიციპალური გავითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.
V. სახელმწიფო კონტროლი
19. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
VI. ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
20. ფონდის დებულებაში ცვლილება შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად.
VII. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
21. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები