საქართველოში ენერგომატარებლების გადამამუშავებელი პოტენციალის ამაღლებისა და ევროპა-ჯავკასია-აზიის დერეფნის შემდგომი განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოში ენერგომატარებლების გადამამუშავებელი პოტენციალის ამაღლებისა და ევროპა-ჯავკასია-აზიის დერეფნის შემდგომი განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 02/02/2001
სარეგისტრაციო კოდი 480.210.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
33
01/02/2001
სსმ, 10, 02/02/2001
480.210.000.05.002.001.
საქართველოში ენერგომატარებლების გადამამუშავებელი პოტენციალის ამაღლებისა და ევროპა-ჯავკასია-აზიის დერეფნის შემდგომი განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/02/2001 - 11/02/2001)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №33

2001 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოში ენერგომატარებლების გადამმუშავებელი პოტენციალის ამაღლებისა და ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის შემდგომი განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებათა შესახებ

კასპიის ზღვის აუზიდან ბუნებრივი რესურსების საქართველოს ტერიტორიის გავლით მსოფლიო ბაზარზე გატანა და საქართველოში მათი გადამუშავების პოტენციალის გაზრდა ევროპა-კავკასია-აზიის ენერგეტიკული დერეფნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამერიკის კომპანია „კონოკო პეტროლეუმ ოპერეიშენზ ინკორპორეითიდსა“ (შემდგომში – კონოკო) და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის 2000 წლის 15 აგვისტოს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად კონოკოს სურს განახორციელოს მნიშვნელოვანი ინვესტირება საქართველოს ნავთობ-გადამმუშავებელ დარგში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში თხევადი გაზის შემოტანის, შენახვის, გადამუშავების, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისა და ქვეყნის გარეთ გატანის მიზნით საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ახალი თანამედროვე ტერმინალის პროექტირებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას, აგრეთვე მომავალში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე თხევადი გაზის მილსადენის შესაძლო მშენებლობას (შემდგომში – პროექტი). ზემოაღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით:

1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. მირცხულავა) დაასრულოს მოლაპარაკება კონოკოსთან ტერიტორიის მფლობელ მთავრობასთან ხელშეკრულების მოსამზადებლად კონოკოსა და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოს ხელშეკრულების ხელმოწერა არაუგვიანეს 2001 წლის 1 მარტისა.

2. ხელშეკრულების ხელის მოწერის დაჩქარებისა და პროექტის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან შეიქმნას პროექტის საკოორდინაციო ჯგუფი კონოკოს წარმომადგენელთა მონაწილეობით. ჯგუფის ხელმძღვანელობა და მისი შემადგენლობის განსაზღვრა უზრუნველყოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა  დ. მირცხულავამ.

3.  საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა საინვესტიციო საბჭოს მდივანმა თ. ბასილიამ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტის განხილვა საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე. შემდგომში კონოკოს მიერ განსახორციელებელი მშენებლობის პროექტები წინასწარ შეთანხმებულ იქნეს შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ვ. ჩხარტიშვილი), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) და იუსტიციის სამინისტრომ (მ. სააკაშვილი) ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ორ კვირაში ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით წარუდგინონ თავიანთი დასკვნები  საინვესტიციო საბჭოს და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს.

4. პროექტის სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს სამინისტროებმა, დეპარტამენტებმა და უწყებებმა ტერიტორიის მფლობელი მთავრობის ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღმოუჩინონ ყოველგვარი დახმარება კონოკოს, მათ შორის გასცენ სათანადო ლიცენზიები, ნებართვები და თანხმობები.

5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ვ. ჩხარტიშვილი) ორ კვირაში დადგენილი წესით შეიმუშაოს მის კომპეტენციაში არსებული ლიცენზიების, ნებართვებისა და თანხმობების გრძელვადიანი ფორმით გაცემის წესები და უზრუნველყონ ამ წესების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში არსებული უწყებების მიერ.

6. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ჯ. მანჯგალაძე) ხელი შეუწყოს კონოკოს პროექტის განხორციელებაში კანონით დადგენილი წესით და საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის ვალდებულებების შესაბამისად უზრუნველყოს კონოკოს საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტის ეროვნულ სტანდარტებად მიღება პრიორიტეტულ საწყისებზე.

7. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ.

ე. შევარდნაძე