საქართველოს ეკონომიკის შენდგომი წინსვლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს ეკონომიკის შენდგომი წინსვლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 482
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/08/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 31/08/1998
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
482
18/08/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 31/08/1998
190.040.000.05.002.001.
საქართველოს ეკონომიკის შენდგომი წინსვლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/08/1998 - 09/06/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №482

1998 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკის შემდგომი წინსვლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

1994 წლის 7 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის მიერ მოწონებული ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელების შედეგად ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა ფინანსური გარემო და გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური პარამეტრები. თუ 1994 წელს ინფლაცია 85 პროცენტს შეადგენდა, 1995 წელს მან 57 პროცენტს მიაღწია, 1996 წელს 13 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო 1997 წელს 7,3 პროცენტის დონეზე იყო. შეიქმნა წარმოების რეაბილიტაციისა და მთლიანი შიდა პროდუქტის სტაბილური ყოველწლიური 10-პროცენტიანი ზრდის საფუძველი. ყოველივე ეს გამოიხატა აგრეთვე დასაქმებულთა რიცხვის გადიდებით. კერძოდ, თუ 1994 წელს ეროვნული მეურნეობის დარგებში დასაქმებულთა რაოდენობა (თვითდასაქმებულთა ჩათვლით) 1 მილიონ 750 ათას კაცს შეადგენდა, 1995 წელს ამ მაჩვენებელმა 1 მილიონ 900 ათასი კაცი შეადგინა, 1996 წელს – 2 მილიონი, ხოლო 1997 წელს – 2 მილიონ 200 ათასი. თანამიმდევრულად იზრდებოდა ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი. მართალია, 1994 წელს იგი მილიონობით კუპონით გამოიხატებოდა, მაგრამ რეალურად 2-3 ამერიკულ დოლარს თუ უტოლდებოდა. 1995 წელს, ფულის რეფორმის შემდეგ, მან 13,5 ლარი შეადგინა, 1996 წელს – დაახლოებით 30 ლარი, ხოლო 1997 წელს – 43 ლარი.

ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა: ინფლაციური პროცესების მართვა; ეროვნული ვალუტის შემოღება; სახელმწიფო საკუთრების ტრანსფორმაცია და კერძო მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბება; სასოფლო-სამეურნეო მიწებზე კერძო საკუთრების დამკვიდრება; სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ მიწებზე მოიჯარეთა ფენის ჩამოყალიბება; პურის ფასების ლიბერალიზაცია, პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის დემონოპოლიზაცია და ამ სფეროში კონკურენტული გარემოს შექმნა; საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატა კვოტირების, საექსპორტო და საიმპორტო კონტრაქტების რეგისტრაციის, საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმებით, არასატარიფო ბარიერებისა და შეზღუდვების, ექსპორტისა და იმპორტის ლიცენზირებისა და შეზღუდვების, ექსპორტისა და იმპორტის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქონლის ნომენკლატურის მკვეთრად შემცირებით; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, საგადასახადო შემოსავლების არსებითი ზრდა; მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციის ჩამოყალიბება.

ამრიგად, ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელების შედეგად მიღწეულია ფინანსური სტაბილიზაცია და დამკვიდრდა ეკონომიკური ზრდის ტენდენცია. ამასთან, ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი მოსახლეობის ცხოვრების ღირსეული დონე, მწვავეა სოციალური პრობლემები. ამის გამო შემუშავდა „ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითადი მიმართულებები“, რომლებიც დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 ოქტომბრის №600 ბრძანებულებით. ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად ორიენტირად განისაზღვრა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და სიღატაკის დაძლევა.

ეკონომიკური რეფორმების მეორე ეტაპის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრული ღონისძიებებიდან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, 1998 წლის დამდეგიდან სტაბილური იყო ეკონომიკური გარემო ქვეყანაში, რის შედეგადაც მიღწეულია ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკის ნავარაუდევი დონე – მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების მოცულობის 8,9-პროცენტიანი ზრდა. სამომხმარებლო ფასები ნაცვლად პროგნოზით გათვალისწინებული ზრდისა, განვლილ 6 თვეში 1,3 პროცენტით შემცირდა; ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 1,5-ჯერ გაიზარდა და 60 ლარს გადააჭარბა.

სამწუხაროდ, ვერ მოხდა გარდატეხა მრეწველობის რეაბილიტაციის სფეროში (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1998 წლის 6 თვეში სამრეწველო პროდუქციის ზრდამ მხოლოდ 0,8 პროცენტი შეადგინა), ხოლო საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების ზრდის ტემპი არასაკმარისი იყო (შემოსავლების გეგმა შესრულდა 93,6 პროცენტით, ხოლო საგადასახადო შემოსავლების გეგმა – მხოლოდ 79,2 პროცენტით). ყოველივე ამან სერიოზული სირთულეები შექმნა პენსიების, ხელფასების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროების დაფინანსების მიმართულებით. ეროვნული ეკონომიკის ცალკეული დარგებისა და სფეროების ფუნქციონირებაში შექმნილი ჩამორჩენის დაძლევის, 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული შემოსავლების მობილიზაციის საქმეში წლის დამდეგიდან აღებული ტემპის მკვეთრად დაჩქარების უზრუნველყოფისა და წლევანდელი წლის მეორე ნახევარში მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესების მიზნით:

1. სამინისტროებმა, უწყებებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა განუხრელად იხელმძღვანელონ „ეკონომიკური რეფორმების მეორე ეტაპის ძირითად მიმართულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 ოქტომბრის №600 ბრძანებულებით და უზრუნველყონ ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულება.

2. ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებისა და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამართული ანტიკორუფციული სემინარის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდეს წინადადებები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში სახელმწიფოებრივი ჩარევის გონივრული შეზღუდვის თაობაზე, შემუშავდეს ცალკეული სამინისტროებისა და უწყებების მიხედვით ანტიკორუფციულ ღონისძიებათა განხორციელების სამოქმედო გეგმები, მოწესრიგდეს ეკონომიკური საქმიანობის ლიცენზირების საკითხი, რეგულარულად (წელიწადში ორჯერ) მოეწყოს კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით არსებული საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებით შეფასდეს სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებაში განხორციელებულ ანტიკორუფციულ ღონისძიებათა ეფექტიანობა, შემუშავდეს წინადადებები საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტის თაობაზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სისტემისა და ტენდერების გამართვის მექანიზმის სრულყოფის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციისათვის პასუხისმგებელ ორგანოებში, კერძოდ, საგადასახადო ინსპექციასა და საბაჟო დეპარტამენტში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას, შემუშავდეს და მთავრობის სხდომას განსახილველად წარედგინოს წინადადებები საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე.

3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ:

ა) 1 დეკემბრამდე მოამზადოს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1999 წლის ინდიკატური გეგმის პროექტი და წარმოადგინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად;

ბ) ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დაფინანსების მიზნობრივ-პროგრამულ წესზე გადასვლის დასაჩქარებლად ორ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს დასამტკიცებლად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგრამო წინადადებების) შერჩევისა და დაფინანსების წესი;

გ) იუსტიციის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით დააჩქაროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტის მომზადება და 20 აგვისტომდე წარმოადგინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა ხელფასების, პენსიებისა და სოციალური გასაცემლების სფეროში;

ბ) სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად ორ კვირაში წარმოადგინოს 1998 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილი დავალიანებების (ხელფასები, პენსიებისა და სოციალური გასაცემლების სფეროში) დაფარვის გრაფიკი;

გ) შეიმუშაოს და წარმოადგინოს განსახილველად მეწარმეობის განვითარებისა და ინვესტიციური პროცესების ხელშემწყობი საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სრულყოფის ღონისძიებები; 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მიანიჭოს მას ინვესტიციური ხასიათი, რისთვისაც განახორციელოს ბიუჯეტის პროექტის სათანადო სტრუქტურული და ფუნქციური გარდაქმნა;

დ) ხელფასების დაბეგვრის მოწესრიგებისა და აღურიცხავი შემოსავლების გამოვლენის მიზნით სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები მინიმალური ხელფასის შესახებ;

ე) ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის, დაფარული შემოსავლების გამოვლენისა და ინვესტიციურ პროცესებში მათი ჩართვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკის, იუსტიციის სამინისტროებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ერთ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინა წლებში საქართველოდან გატანილი კაპიტალების რეპატრიაციისა და დაფარული შემოსავლების ლეგალიზაციის წინადადებები, ამასთანავე წარმოადგინოს „საგადასახადო კოდექსის“ ცვლილებები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

ვ) ქვეყანაში მეწარმეობის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის, საგადასახადო სისტემის შემდგომი ლიბერალიზაციისა და სრულყოფისათვის ერთ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის, კერძოდ, არსებული საგადასახადო შეღავათების მაქსიმალურად შემცირების საგადასახადო განაკვეთების ოპტიმიზაციის, აგრეთვე გადასახადების გადახდევინების მექანიზმის სრულყოფის თაობაზე; პარალელურად წარმოადგინოს წინადადებები საგადასახადო კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილებების შეტანის შედეგად მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების კორექტირების შესახებ;

ზ) ბიუჯეტის ხარჯების მართვის ოპტიმიზაციის, არსებული ფინანსური რესურსების რაციონალური განაწილების, ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროების მაქსიმალური მოზიდვის მეშვეობით 1998 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მიმდინარე წლის 6 თვეში დაცული მუხლების დაფინანსებაში არსებული დავალიანებების ლიკვიდაცია; არ დაუშვას შემდგომში დაცული მუხლებისა და გადაუდებელ ღონისძიებათა დაფინანსების შეფერხება;

თ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლების საპროგნოზო მოცულობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მკაცრად შეზღუდოს „საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან დამატებით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ წინადადებების წარმოდგენა;

ი) საქართველოს სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტის წინაშე არსებული არგადახდების მოცულობის შესამცირებლად საგადასახადო ინსპექციასთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და წარმოადგინოს კანონპროექტი მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების გადახდევინების იძულებითი მეთოდების სრულად ამოქმედების შესაძლებლობას;

კ) გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების ფაქტების მაქსიმალურად გამორიცხვის მიზნით მოამზადოს კანონპროექტი გადასახადების გადაუხდელობისათვის და მათი გადახდისაგან თავის არიდების შემთხვევებში საჯარიმო სანქციების გამკაცრების თაობაზე და წარმოადგინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად ამა წლის 1 ოქტომბრამდე;

ლ) 1998 წლის 1 ოქტომბრისათვის უზრუნველყოს აქციზური საქონლის, კერძოდ, თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკებით დაბეგვრის სისტემის შემოღება;

მ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით წარმოადგინოს წინადადებები სისტემაში შრომის ანაზღაურების პირობების მოწესრიგების თაობაზე. ამასთან, მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრების მოზიდვის მიზნით, ფართოდ დანერგოს მუშაკთა მიღების საკონკურსო სისტემა და წლის ბოლომდე დაასრულოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში დასაქმებულ მუშაკთა ატესტაცია;

ნ) საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელოს ღონისძიებები ქვეყნის საბაჟო საზღვარზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული საქონლის სრულყოფილი საბაჟო დაბეგვრის უზრუნველსაყოფად; მიაღწიოს ამ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესების დანერგვას და ამის საფუძველზე უზრუნველყოს საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციაში წლის პირველ ნახევარში დაშვებული ჩამორჩენის დაძლევა და წლიური საგადასახადო პროგრამის შესრულება;

ო) უზრუნველყოს საქართველოში ევროკომისიის სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამის მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულება. არ დაუშვას ხსენებული პროგრამის რეალიზაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით 1998 წლისათვის გათვალისწინებული ხარჯების შემცირება და ამ მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური რესურსების მიღების ჩაშლა;

პ) სასწრაფოდ განიხილოს საჯარისო ფორმირებებისათვის პროდუქციის მიწოდების ტენდერებში გამარჯვებული საწარმოებისათვის „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად საბიუჯეტო დავალიანებათა გადავადების საკითხი და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება;

ჟ) ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე ეკონომიკის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე განსახორციელებელი კაპიტალური მშენებლობის მოცულობათა სახსრებით უზრუნველყოფის შესახებ;

რ) ამა წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 აპრილის №266 ბრძანებულებით გათვალისწინებული ჩაის დარგის რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი 3,0 მლნ ლარის შესრულებული სამუშაოების მიხედვით ჩარიცხვა, აგრეთვე ბრძანებულებით საკრედიტო რესურსად გამოყოფილი 2,0 მლნ ლარის აკუმულირება და შემდგომში მისი გამოყენება ჩაის კულტურის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოთა დასაფინანსებლად;

ს) 1998 წლის ბოლომდე უზრუნველყოს მოგების, საშემოსავლო გადასახადისა და აქციზის საგადასახადო დეკლარაციების ავტომატიზებული დამუშავება;

ტ) 1998 წლის ბოლომდე დაასრულოს საგადასახადო ინსპექციის ფუნქციური რეორგანიზაცია;

უ) ერთ თვეში დაიწყოს გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისათვის სარეგისტრაციო ნომრების მინიჭება, რათა აღნიშნული ღონისძიება დასრულდეს 1999 წლის ბოლოსათვის;

ფ) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოსახლეობის 1999 წლის საყოველთაო აღწერის, მათ შორის, 1998 წლის სექტემბერში ქვეყნის ძნელად მისადგომ რაიონებში წინასწარი აღრიცხვის სამუშაოთა შეუფერხებელ და სრულ დაფინანსებას;

ქ) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრანსფერების დროული და შეუფერხებელი გადარიცხვა.

5. 1998 წლის ნოემბრისათვის უზრუნველყოფილ იქნეს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების დამოუკიდებელი კომისიის ფორმირება, ხოლო 1998 წლის დეკემბრისათვის – საფონდო ბირჟის რეალური ამოქმედება.

6. სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ფინანსთა სამინისტრომ დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად განიხილოს და გადაწყვიტოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე გადახდისუუნარო საბიუჯეტო ორგანიზაციებზე რიცხული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მექანიზმის სრულყოფის საკითხი;

ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მოსახლეობის განსაზღვრული ნაწილისათვის დადგენილი შეღავათების სისტემისა და დაფინანსების წყაროს დაზუსტების საკითხი;

გ) ყაზბეგის რაიონისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგებაში დაწესებული შეღავათების ბიუჯეტიდან კომპენსირების საკითხი;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურების საკითხი.

განსახილველი საკითხების პაკეტზე მიღებული გადაწყვეტილება 1998 წლის 1 ოქტომბრამდე წარმოუდგინოს მთავრობის სხდომას.

7. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული სექტორის პრივატიზების სტრატეგიიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან და ქ. თბილისის მერიასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს თელასის პრივატიზების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტას, რათა მისი ვადების დაცვით პრივატიზება გახდეს დისტრიბუციისა და გენერაციის სისტემების შემდგომი პრვატიზების საფუძველი;

ბ) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირების მიზნით გაშალოს განმარტებითი მუშაობა პრესის, ტელევიზიისა და ინფორმაციის სხვა საშუალებებით ენერგეტიკული სფეროს რესტრუქტურიზაციის მიმართულებებისა და პერსპექტივების თაობაზე;

გ) 1998 წლის 1 ნოემბრამდე შეისწავლოს ერთობლივი საწარმო „იორის ველის“ მიერ დაყენებული საკითხები საკონტრაქტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები;

დ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან ერთად შეიმუშაოს და განახორციელოს თხევადი გაზის მიწოდებისა და რეალიზაციის გაუმჯობესების ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს მათი მოწესრიგებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების პროექტები;

ე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და მუნიციპალურ ენერგოკომპანიებთან ერთად 1998 წლის ბოლომდე უზრუნველყოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა;

ვ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ერთ თვეში წარმოადგინოს შეთანხმებული კანონპროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“. საქართველოს მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა და რაიონების გამგებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის ენერგოკომპანიებთან ერთად ზამთრის სეზონისათვის მზადების კონკრეტული ღონისძიებები, მათი ფინანსური უზრუნველყოფის ჩათვლით, განახორციელონ საქვეუწყებო ობიექტების, შესაბამისი ქალაქებისა და რაიონების საჭიროებისათვის ელექტროენერგიის, სხვა ენერგორესურსების შეძენა და აღნიშნულის შესახებ ანგარიში თვეში ერთხელ წარუდგინონ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს ამ სფეროში უწყებებისა და რეგიონების საქმიანობას და შექმნილი მდგომარეობის შესახებ სათანადო წინადადებები პერიოდულად მოახსენოს მთავრობის სხდომას.

8. საქართველოს მრეწველობის სამინისტრომ:

ა) გააანალიზოს დარგში შექმნილი ვითარება, შეიმუშაოს საწარმოთა, მათ შორის პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაცია-რეაბილიტაციის ღონისძიებები და განსაზღვროს სიძნელეების დაძლევის ოპტიმალური გზები;

ბ) ამა წლის 20 აგვისტომდე უზრუნველყოს „სამრეწველო პოლიტიკის კონცეფციის“ მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.

9. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ:

ა) დააჩქაროს „ტრასეკას“ პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე სატრანსპორტო დარგში, კერძოდ, რკინიგზის ტრანსპორტზე და საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურებში რესტრუქტურიზაციის პროცესი; მიმდინარე წლის ბოლომდე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოადგინოს ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების პრივატიზების სტრატეგია;

ბ) ერთ თვეში წარმოადგინოს წინადადებები საავტომობილო ტრანსპორტზე ლიცენზირების სისტემის სრულყოფის შესახებ.

10. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ:

ა) მსოფლიო ბანკის ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაინტერესებული სამინისტროების მონაწილეობით, შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები კავშირგაბმულობის სისტემის განვითარების პროგრამის რეალიზების მიმართულებათა თაობაზე;

ბ) ხელშემწყობი პირობები შეუქმნას დარგში ძლიერ, გამჭვირვალე, თავისუფალ და მყარ კონკურენციას; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშაოს სისტემის ობიექტების პრივატიზების სტრატეგია; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ანტიმონოპოლიური ღონსძიებების განხორციელებას და დარგიდან სახელმწიფო შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფას;

გ) აღმოფხვრას არშემდგარი სატელეფონო საუბრების ასანაზღაურებლად მოსახლეობისაგან თანხების ამოღების შემთხვევები;

დ) გააუმჯობესოს სატელევიზიო პროგრამების მიღების ხარისხი ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სამცხე-ჯავახეთი, სადაც პროგრამების მიღება ხდება დაბალი ხარისხითა და შეფერხებებით;

ე) ხელი შეუწყოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანზიტო ტრანსკავკასიურ ტელესაკომუნიკაციო მაგისტრალში საქართველოს ჩართვის სამუშაოებს.

11. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ:

ა) მოახსენოს მთავრობის უახლოეს სხდომას საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის რეფორმის კონცეფცია;

ბ) (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 ივნისის ბრძანებულება №252 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.487

12. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ:

ა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონულ სამსახურებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ ორგანოებში შექმნილი მიწის იჯარით გამცემი კომისიების მუშაობას იმის გათვალისწინებით, რომ უპირატესობა მიენიჭოს გრძელვადიან იჯარას, რაც მიწის ეფექტიანი გამოყენების პირობაა; შეისწავლოს ამ კომისიების მუშაობა და ორ თვეში წარმოადგინოს წინადადებები მათი ფუნქციონირების სრულყოფის უზრუნველსაყოფად;

ბ) განახორციელოს ღონისძიებები 1998 წლის თავთავიანი მარცვლეული კულტურების უდანაკარგოდ და შემჭიდროებულ ვადებში აღებისათვის;

გ) ამა წლის აგვისტოში მოამზადოს რესპუბლიკური თათბირი „რთველი-98“-ის ორგანიზებულად წარმართვისა და ყურძნის მოსავლის მაქსიმალური რაოდენობის ღვინის ქარხნებში გადამუშავების საკითხებზე;

დ) 1998 წლის სექტემბერში წარმოადგინოს შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებული პროგრამა „კვებისა და გადამმუშავებელი დარგის რეაბილიტაციისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“;

ე) სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან ერთად ორ თვეში შეიმუშაოს ფალსიფიცირებული კვების პროდუქტების (ძირითადად ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების) წარმოებისა და რეალიზაციის აღსაკვეთად გამიზნულ ღონისძიებათა პროგრამა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამართლებრივი ბაზის შექმნისა და არსებულის სრულყოფის საქმეში;

ვ) ცნობად იქნეს მიღებული სოფლის მეურნეობისა და სურსათის, ეკონომიკის, ტრანსპორტის სამინისტროების ერთობლივი ბრძანება მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ტრანზიტული ტვირთების საკარანტინო გადასახდელებისაგან გათავისუფლების შესახებ და დაევალოთ მათვე სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან ერთად შეისწავლონ საკარანტინო საქმიანობის პრაქტიკაში არსებული მომსახურების სატარიფო პოლიტიკა და მოახდინონ მისი ოპტიმიზაცია.

13. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს პრივატიზების პროცესში აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება, რომლებიც გამორიცხავენ „დამალულ ვალდებულებებთან“ და სხვა ფარულ პროცესებთან დაკავშირებულ პრობლემებს;

ბ) პრივატიზების პროცესში მეტი საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მაქსიმალურად შეზღუდოს ეგრეთ წოდებული ერთთვიანი ტენდერების პრაქტიკა მსხვილი საწარმოების პრივატიზების დროს და საკონკურსო პირობების გამოცხადებისას დააწესოს ისეთი ვადები, რომლებიც უცხოელ ინვესტორებს მეტ შესაძლებლობას მისცემენ საკონკურსო პირობების დეტალურად განხილვისა და კონკურსში მონაწილეობისათვის;

გ) ქ. თბილისის მერიასთან და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გაატაროს ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის პრივატიზების დროულად განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებები და მიღებული ზომები მოახსენოს მთავრობის სხდომას 1998 წლის 1 ნოემბრამდე.

14. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმდინარე წლის 20 აგვისტომდე მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს კანონპროექტი „ლიცენზირების შესახებ“, რომელშიც მაქსიმალურად იქნება შემცირებული ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეების რაოდენობა და ყოველნაირად იქნება გამარტივებული ლიცენზიის მიღების წესი.

15. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ 1 დეკემბრამდე შეისწავლოს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციები, მოამზადოს წინადადებები მისი სახელმწიფო რეგულირების შემდგომი სრულყოფის შესახებ და წარმოადგინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

16. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, სტატისტიკისა და საბაჟო დეპარტამენტებმა შეიმუშაონ და ამა წლის 1 ნოემბრამდე წარმოადგინონ წინადადებები საქართველოს საგარეო ვაჭრობაში „სარკისებური მეთოდით“ ანალიზის საფუძველზე აღრიცხვიანობის მოწესრიგების თაობაზე.

17. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყონ საჯარისო ფორმირებების საჭიროებისათვის სასურსათო პროდუქციის შესყიდვის ერთობლივი ტენდერის სასწრაფო გამოცხადება და დროულად წარუდგინონ საჭირო მასალები საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 ივნისის №317 ბრძანებულებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შექმნილ საუწყებათაშორისო სატენდერო კომისიას განსახილველად.

ამასთან, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნამდე ნება დაერთოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ოპერატიული და გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებიდან გამომდინარე, სასურსათო პროდუქტები შეისყიდოს უშუალოდ ამ პროდუქტების მწარმოებლებისაგან.

18. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ, მრეწველობის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ ორ თვეში წარმოადგინონ შეთანხმებული წინადადება მეწარმეობის განვითარების ერთიანი საინვესტიციო ფონდის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ.

19. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ:

ა) დაინტერესებული სამინისტროების მონაწილეობით ორ თვეში მოამზადოს საქართველოს მოსახლეობის დასაქმების 1998-2000 წლების სახელმწიფო პროგრამა და წარმოადგინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად;

ბ) ეკონომიკის, ფინანსთა და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად სამ თვეში მოამზადოს მოსახლეობის შემოსავლების ზრდის სახელმწიფო პროგრამა და წარმოადგინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად;

გ) სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან ერთად შეიმუშაოს და წლის ბოლომდე წარმოადგინოს საპენსიო სისტემის რეფორმის პროგრამა. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს დააჩქაროს „კერძო საპენსიო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა;

დ) ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან და სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდთან ერთად შეიმუშაოს და ორ თვეში წარმოადგინოს წინადადებები სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემის საგადასახადო ბაზის გაფართოების შესახებ.

20. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა:

ა) ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის დახასიათება მოახდინოს ახლად შემოღებული ეროვნული კლასიფიკატორის შესაბამისად იმ ვარაუდით, რომ უკვე მიმდინარე წლის III კვარტალის სტატისტიკის საინფორმაციო მასალებში ამ მაჩვენებელმა პოვოს ასახვა მთელი ეროვნული მეურნეობის, მისი ყველა დარგისა და რეგიონის მიხედვით;

ბ) მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, ეკონომიკის სამინისტროებთან, რეგიონალური მმართველობის ორგანოებთან ერთად სათანადო ფინანსური უზრუნველყოფის საფუძველზე გამოიკვლიოს საწარმოთა უმოქმედობის მიზეზები დარგობრივი კუთვნილების, საკუთრების ფორმის, ტერიტორიული განლაგებისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით, განაზოგადოს ისინი და სამ თვეში წარმოადგინოს წინადადებები შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად;

გ) მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, სათბობ-ენერგეტიკის, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების და ეკონომიკის სამინისტროების მონაწილეობით შეისწავლოს ბოლო პერიოდში ქვეყნის სამრეწველო სექტორში და მთლიანად ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა დინამიკა და წარმოადგინოს წინადადებები დასაქმების აღრიცხვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ აღრიცხვის თანამედროვე მეთოდების დანერგვითა და გამოყენებით.

21. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ორ თვეში მოამზადოს გარემოს დაცვითი მოქმედების ეროვნული გეგმა და წარმოადგინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

22. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა:

ა) ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან ერთად ჩამოაყალიბოს ურბანული მიწების პრივატიზაციის სტრატეგია, მათ შორის, პრივატიზებული საწარმოების ქვეშ არსებული მიწის სპეციფიკის გათვალისწინებით და ამა წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს კანონპროექტი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განსახელმწიფოებრიობის შესახებ“, აგრეთვე კანონპროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“;

ბ) ორ თვეში მოამზადოს კანონპროექტები: „მიწის რეგისტრაციის მოსაკრებლების შესახებ“ და „მიწის კადასტრისა და მიწის საინფორმაციო სისტემის შესახებ“;

გ) „ა“ ქვეპუნქტში დასახელებული კანონების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში უზრუნველყოს მიწის საკუთრების უფლების რეგისტრირება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა სულ ცოტა 100 პრივატიზებული საწარმოსათვის.

23. მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა შეისწავლონ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დავალების არასათანადოდ შესრულების მიზეზები და მიიღონ ქმედითი ზომები მისი შესრულების მიზნით.

სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა 1 ოქტომბრამდე წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია ადგილებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

24. სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა წარმოადგინოს ინფორმაცია ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქციის აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში საქსტანდარტთან, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად კი – შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი.

25. საქართველოს სამინისტროებმა, უწყებებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა და სამხარეო ადმინისტრაციებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ქმედითი ღონისძიებების დასახვის უზრუნველყოფის მიზნით სრულყონ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 თებერვლის №162 ბრძანებულების მე-19 პუნქტის შესაბამისად ეკონომიკის სამინისტროსათვის წარსადგენი ყოველკვარტალური ინფორმაციის ხარისხი, მასში ხელშემშლელი მიზეზების დახასიათებასთან ერთად მითითებული იყოს მათი აღმოფხვრის ეფექტიანი ღონისძიებები.

26. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპულიკების მინისტრთა საბჭოებმა, სამხარეო ადმინისტრაციებმა და მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა დასახონ და განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები შესაბამის დარგებში, სფეროებსა და რეგიონებში არსებული ჩამორჩენისა და ნაკლოვანებების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად და ეკონომიკური საქმიანობის განვითარების დასაჩქარებლად უზრუნველყონ მოქმედი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უცილობელი და დროული შესრულება.

27. სამინისტროებმა, უწყებებმა, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა და მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა ამა წლის 15 სექტემბრამდე წარმოადგინონ ანგარიში „ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად მიმართულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 ოქტომბრის №600 ბრძანებულების მე-19 პუნქტით განსაზღვრული დავალების შესაბამისად შემუშავებული პროგრამების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე.

28. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაეკისროს სახელმწიფო კანცელარიას.

ე. შევარდნაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 ივნისის ბრძანებულება №252 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.487