დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ქალაქთმშენებლობითი (ურბანული) განვითარების მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 252 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 09/06/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 16/06/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.090.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №252
2003 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ქალაქთმშენებლობითი (ურბანული) განვითარების მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
აღინიშნოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ეროვნული მოხსენების „საქართველოს ქალაქთმშენებლობითი (ურბანული) განვითარების მდგომარეობა – 2000“ აქტუალობა და ფართო დიაპაზონი.
მოხსენებაში გამოკვეთილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით:
1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ნიკოლაიშვილი):
ა) გააფართოოს ეროვნული მოხსენების ფორმატი და ყოველი წლის პირველ კვარტალში მთავრობას წარუდგინოს განსახილველად ეროვნული მოხსენება, რომელშიც ასახულ უნდა იქნეს ანალიტიკური მონაცემები ქალაქთმშენებლობითი განვითარების მდგომარეობის შესახებ როგორც საქართველოს დედაქალაქის, ისე რეგიონების ჭრილში, რაც საფუძვლად დაედება ურბანიზაციის სფეროში კონკრეტული პროგრამების, გეგმებისა და პროექტების შემუშავებას თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან“ და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად, ეროვნული მოხსენების მონაცემების გათვალისწინებით, 2004 წლის III კვარტალის ბოლომდე შეიმუშაოს „საქართველოს ქალაქთმშენებლობის (ურბანიზაციისა და განსახლების) კონცეფცია“;
გ) ეროვნული მოხსენების საფუძველზე, აგრეთვე მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2004 წლის ბოლომდე შეიმუშაოს კანონპროექტი „საქართველოს საბინაო ფონდის მართვის შესახებ“.
2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე) განიხილოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შედგენილი ქვეყნის ქალაქთმშენებლობით განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების შესამუშავებლად საჭირო სამუშაოების (ეროვნული მოხსენების, ქვეყნის ქალაქთმშენებლობითი კონცეფციის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნორმატიული აქტების, დასახლებათა მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, აგრეთვე ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის, ენერგეტიკული და სასმელი წყლით უზრუნველყოფის, საკომუნიკაციო სისტემებისა და ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო სამუშაოების) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დასამტკიცებელ 2004 წლისა და მომდევნო წლების სარეალიზაციო პროგრამების ჩამონათვალში შეტანის მიზნით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) 2004 წლისა და მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სამუშაოების დაფინანსება.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროს გაითვალისწინოს ქვეყნის ქალაქთმშენებლობითი (ურბანული) პრობლემატიკის პრიორიტეტულობა, კონკრეტული პროექტების, პროგრამებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსების საკითხი ამ საქმეში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ბერიძე) და შესაბამისმა სამთავრობო დაწესებულებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ ეროვნული მოხსენების შემუშავებას ინფორმაციული უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
6. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ მიიღოს გადამჭრელი ზომები მასთან არსებული მთავარი არქმშენინსპექციისა და მისი რეგიონალური ორგანოების, ხოლო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების არქიტექტურის სამსახურების საქმიანობის ძირეული გაუმჯობესების მიზნით დარგში არსებული მდგომარეობის გაჯანსაღებისა და მისი შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად.
7. ამ ბრძანებულების გამოსვლასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკის შემდგომი წინსვლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 აგვისტოს №482 ბრძანებულების მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები