დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| "საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 500 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 08/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.011984 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/07/2008 - 07/12/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.011.984
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ერთობლივი ბრძანება №500–№360
2008 წლის 27 ივნისი-1 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ღვალაძე
დ. კეზერაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს დებულება შემუშავებულია ,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიულ სამმართველოს შორის ტოპოგრაფიის, გეოდეზიის, კარტოგრაფიის, გეოინფორმაციული სისტემებისა და აეროკოსმოსური გადაღებითი საქმიანობის სფეროში ურთიერთმოქმედების კოორდინირება.
მუხლი 2
,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროებისათვის საჭირო გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე ახორციელებს ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს.
მუხლი 3
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთო სახელმწიფოებრივი დანიშნულების ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოები სრულდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაკვეთით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი II
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიულ სამმართველოსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ურთიერთობები
მუხლი 4
სახელმწიფო დანიშნულების ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ, კარტოგრაფიულ, გეოინფორმაციულ, აეროკოსმოსურ გადაღებით სამუშაოებზე, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დროულად შემუშავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ყოველი მომდევნო სამეურნეო წლის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, წერილობითი ფორმით წარუდგენს მოთხოვნას თავდაცვის სამინისტროსათვის საჭირო გეოდეზიურ მონაცემებსა და კარტოგრაფიულ პროდუქციაზე, სადაც ნაჩვენები უნდა იყოს კონკრეტული ობიექტები, სამუშაო მოცულობები, ტექნიკური და სპეციფიკური ხასიათის მოთხოვნები.
მუხლი 5
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მოთხოვნის შესწავლისა და ანალიზის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეიმუშავებს ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, გეოინფორმაციულ და კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობასა და გრაფიკს.
მუხლი 6
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მოთხოვნაში მითითებულ ობიექტებზე ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოები სრულდება დარგში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიულ სამმართველოსთან.
მუხლი 7
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე განხორციელებული ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების შედეგად შექმნილი მასალებისა და მონაცემების ასლების ციფრული ვერსიის თითო ეგზემპლარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიულ სამმართველოს, რომელიც ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 8
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური ვალდებულნი არიან მათ ხელთ არსებული ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და აეროკოსმოსური გადაღების მასალებისა და მონაცემების ასლების გრაფიკული ან ციფრული ვერსიის თითო ეგზემპლარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო უფლების შენარჩუნებით უსასყიდლოდ გადასცენ ერთმანეთს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
მუხლი 9
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოსა და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ურთიერთქმედების ნორმები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 10
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები