საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ

  • Word
საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 295
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 16/06/1997
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
295
09/06/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 16/06/1997
040.050.000.05.002.000.
საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/06/1997 - 14/07/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №295

1997 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ

საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდებისა და კაპიტალურ დაბანდებათა გადაფასებამ, რაც 1992, 1994 და 1995 წლებში განხორციელდა, დადებითი გავლენა მოახდინა მათი უფრო რეალური აღდგენითი (საბალანსო) ღირებულების დადგენაზე, პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულებისა და ფინანსური შედეგების სწორ განსაზღვრაზე, აგრეთვე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას შესაძლებელი მატერიალური დანაკარგების აღკვეთაზე.

ამასთან, ძირითადი ფონდების ბოლო ორი ინდექსაცია განხორციელდა საშუალო კოეფიციენტებით, რომელიც არ ითვალისწინებდა დიფერენცირებას ძირითადი ფონდების სახეების მიხედვით. რიგმა საწარმომ (განსაკუთრებით მცირე) და სამეურნეო ორგანიზაციამ სრულყოფილად ვერ შეასრულა გადაფასებისათვის დადგენილი მოთხოვნები. ყოველივე ამან გამოიწვია სხვაობა ძირითადი ფონდების საბალანსო და რეალურ ღირებულებას შორის.

საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების თანამედროვე ეტაპზე საწარმოთა (ორგანიზაციათა) ძირითადი ფონდების რეალური ღირებულების დადგენისა და ქვეყანაში ინვესტიციური პროცესების ნორმალიზაციისათვის საჭირო წინაპირობების შექმნის მიზნით:

1. განხორციელდეს 1997 წლის განმავლობაში საწარმოთა და ორგანიზაციათა ძირითადი ფონდების გადაფასება 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, რომ ამ ფონდების საბალანსო ღირებულება შეესაბამებოდეს საბაზრო ფასებისა და აღწარმოების პირობებს.

2. განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების სამუშაოების განმახორციელებელ წამყვან ორგანიზაციად, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით კოორდინაციას გაუწევს ძირითადი ფონდების გადაფასების მეთოდოლოგიურ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ სამუშაოებს.

3. გადაფასებას დაექვემდებაროს სამეურნეო ორგანიზაციების (უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად) და საბიუჯეტო დაწესებულებების, მათ სამეურნეო დაქვემდებარებასა და ოპერატიულ მმართველობაში არსებული, აგრეთვე სახელშეკრულებო იჯარის საფუძველზე გამოსყიდვის უფლებით გაცემული და გამოუსყიდავი შენობები, ნაგებობები, მანქანები, დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა სახის ძირითადი ფონდები, მოქმედი და კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი, რეზერვში არსებული, ჩამოსაწერად მომზადებული, მაგრამ დადგენილი წესის საფუძველზე სათანადო აქტებით ჩამოუწერავი, მშენებარე ობიექტები, აგრეთვე შეძენილი და დასადგმელად განკუთვნილი მოწყობილობანი.

4. ნება დაერთოთ საწარმოებსა და ორგანიზაციებს განახორციელონ ძირითადი ფონდების გადაფასება:

– ცალკეული ობიექტების საბალანსო ღირებულების გადაფასების გზით, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ძირითადი ფონდების სახეებისა და ჯგუფების მიხედვით დიფერენცირებული ინდექსებით (კოეფიციენტებით) და ამ ფონდების შეძენის (დამზადების) პერიოდების მიხედვით;

– მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით ჩამოყალიბებული და დოკუმენტურად დასაბუთებულ საბაზრო ფასებზე ძირითადი ფონდების ცალკეული სახეების ღირებულების პირდაპირი გადაანგარიშების გზით;

– ზემოხსენებული ორივე მეთოდის კომბინირების გზით.

5. ძირითადი ფონდების ცვეთის დონე (პროცენტებში) გადაფასების პროცესში არ დაზუსტდეს ნებისმიერი მეთოდით განხორციელებისას. იგი გადაფასებამდე დარჩეს ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახულ დონეზე.

6. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა:

– შეიმუშაოს ძირითადი ფონდების ღირებულების გადაფასების დიფერენცირებული ინდექსები მათი სახეების, ჯგუფისა და შეძენის (დამზადების) პერიოდების მიხედვით და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ მიმდინარე წლის 25 ივნისამდე აცნობოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, საქართველოს სამინისტროებს, უწყებებს, კორპორაციებს, სახელმწიფო კონცერნებს, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს და გამოაქვეყნოს პრესაში ამ ფონდების გადაფასებისას გამოსაყენებლად;

– დეპარტამენტის სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა, რომელთაც აქვთ სამეურნეო ხელშეკრულებით მომსახურების უფლება, ორგანიზაცია გაუწიონ ძირითადი ფონდების გადაფასებასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სამუშაოებს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

7. მიზანშეწონილად ჩაითვალოს ძირითადი ფონდების გადამფასებელთა მოსამზადებელი მოკლევადიანი კურსების ორგანიზაცია, რომელიც სათანადო გამოცდების საფუძველზე აღნიშნული პირებისათვის გასცემს სათანადო ლიცენზიას.

ამასთან დაკავშირებით ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს გადამფასებლებისათვის ლიცენზიების გაცემა დადგენილი წესით დაავალოს საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს.

8. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სამეურნეო ანგარიშზე მყოფ საწარმოებსა და ორგანიზაციებში ძირითადი ფონდების ღირებულებაზე დანარიცხის დამატება (გამოკლება) რეზერვებისათვის, ხოლო ცვეთის თანხის დანარიცხისა – ძირითადი ფონდების ცვეთის საბალანსო თანხაზე რეზერვებისათვის მისი გამოკლების (მიმატების) გზით. საბიუჯეტო ორგანიზაციებში (დაწესებულებებში) ძირითადი ფონდებისა და მათი ცვეთის დანარიცხი შესაბამისად მიეკუთვნოს (გამოაკლდეს) ძირითად საშუალებათა ფონდისა და ძირითად საშუალებათა ცვეთის ანგარიშებზე რიცხულ თანხებს.

9. ძირითადი ფონდების გადაფასების შედეგები 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ იქნეს გათვალისწინებული საწარმოთა (ორგანიზაციათა) 1997 წლის ქონების გადასახადისა და სრულ აღდგენაზე საამორტიზაციო ანარიცხების გაანგარიშებისას.

10. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეკონომიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ 1997 წლის 15 ივნისამდე დაამტკიცონ 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ძირითადი ფონდების გადაფასების მოწყობის ინსტრუქცია.

11. საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა თავიანთი (ან მათი მოადგილეების) თავმჯდომარეობით შექმნან ძირითადი ფონდების გადაფასების კომისიები. ანალოგიური კომისიები შეიქმნას სამინისტროებში, უწყებებში, კორპორაციებში, სახელმწიფო კონცერნებსა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებში, რომლებმაც განახორციელონ დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში გადაფასების მოწყობის მეთოდური ხელმძღვანელობა და მისი შესრულების კონტროლი.

12. ინდექსირების შედეგები აისახოს საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებაში 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

13. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის შეიმუშაოს ძირითადი ფონდების ინდექსირების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა და მისი წარდგენის, აგრეთვე ინდექსირების შედეგების დამუშავებისა და განხორციელების წესი.

14. 1997 წლის 1 ივლისიდან ძირითად საშუალებებთან (კაპიტალურ დაბანდებებთან) დაკავშირებული ყოველგვარი გარიგება განხორციელდეს მათი ინდექსირებული ღირებულებიდან გამომდინარე, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის დროს. ცალკეული ობიექტების სასტარტო, გასაყიდი ფასის განსაზღვრის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს მათი ინდექსირებული ნარჩენი ღირებულება.

15. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად 1998 წლის 1 აპრილამდე წარმოადგინონ მოხსენება ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ.

16. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 15 ათასი ლარი ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად.

17. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში.

ე. შევარდნაძე