დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
მიღების თარიღი | 29/10/2010 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 15/11/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.132.016013 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/11/2010 - 31/01/2011)
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №30
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის თანდართული წესი.
2. ეს დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის
წ ე ს ი
მუხლის 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის (შემდგომში – ქ. ბათუმი) საქალაქო სასაფლაოების (შემდგომში – საქალაქო სასაფლაო) მოწყობისა და მართვის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგად წესებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქალაქო სასაფლაო – ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ქ. ბათუმის საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და რომელიც იმართება ქ. ბათუმის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით;
ბ) საქალაქო სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია – არის ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას;
გ) პანთეონი – სასაფლაო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისათვის;
დ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;
ე) საფლავი – არის სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე;
ვ) საგვარეულო (საოჯახო) საფლავი – არის საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან მათი თანხმობით მათი ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად;
ზ) სამარე – არის მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;
თ) სამარხი – არის საფლავის შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი;
ი) ჭირისუფალი – არის გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია დაკრძალვის ცერემონიის განხორციელებაზე და იხდის მომსახურების ხარჯებს;
კ) სარიტუალო საქმიანობა – არის ყველა სახის მომსახურება დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარიულ მომსახურებასთან;
ლ) საფლავის მომსახურება – არის მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს საქალაქო სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია;
მ) დაკრძალვა – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით;
ნ) მეორეული დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ო) ძეგლი (საფლავის ქვა) – არის სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისაგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად;
პ) გადასვენება – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და იმავე სასაფლაოს სხვა სამარეში ან სხვა სასაფლაოზე დაკრძალვა;
ჟ) სასაფლაოს დახურვა – არის ქ. ბათუმის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი, საფლავების გამოყოფა;
რ) სასაფლაოს გაუქმება – არის ქ. ბათუმის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული დაკრძალვა.
მუხლი 3. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა
1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ ცოტა 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ. ქ. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე პანთეონის განლაგებისას ასევე შესაძლებელია არ იქნეს დაცული ამ პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული 100- მეტრიანი შეზღუდვის წესი.
2. სასაფლაოსათვის (მათ შორის, პანთეონისათვის) მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განკარგულების ფორმით იღებს ქ. ბათუმის საკრებულო. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხორციელდება ქ. ბათუმის საკუთრებაში არებული მიწის ნაკვეთის საფუძველზე.
3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) წყალმომარაგების სათავეებთან, სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში;
ბ) მდინარეების, ხელოვნული წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;
გ) ქალაქის სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.
4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;
ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;
გ) გრუნტული წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან.
მუხლი 4. საქალაქო სასაფლაოების მართვა
1. საქალაქო სასაფლაოების მართვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი).
2. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაო ტერიტორია, ისე უკვე არსებულო სასაფლაო (სასაფლაოები), რის შესახებაც გადაწყვეტყილებას სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და ცალკე განკარგულების სახით იღებს ქ. ბათუმის საკრებულო.
მუხლი 5. გარდაცვლილის საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალვის წესი და საფასური
1. ჭირისუფლის მიერ საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი მიმართვის შემთხვევაში საქალაქო სასაფლაოზე ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი მინიმალური საფასურის გადახდის საფუძველზე გაიცემა 2-სამარიანი საფლავის ან საფლავის გვერდიგვერდ არსებული 2 სამარის ადგილი მიცვალებულისა და მისი მეუღლის დასაკრძალავად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მიცვალებულის მეუღლე გარდაცვლილია ან მიცვალებული არ იმყოფებოდა ქორწინებაში ან დაინტერესებულმა პირმა გადაიხადა მხოლოდ 1 სამარის საფასური, მაშინ მიცვალებულზე გამოიყოფა 1-სამარიანი საფლავის ადგილი ან საფლავის 1 სამარე. თუკი ჭირისუფალს დასაკრძალი ჰყავს რამდენიმე მიცვალებული, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, მაშინ მინიმალური საფასურის გადახდის სანაცვლოდ იმდენი ადგილი გაიცემა, რამდენიც მიცვალებულია. ასეთ შემთხვევაში თუკი არის შესაძლებლობა, საფლავის ადგილები გაიცემა გვერდიგვერდ.
2. დაინტერესებული პირის მიერ საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი შესაბამისი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, თუკი მას სურს წინასწარ რამდენიმე სამარის გამოყოფა იმ მიზნით, რომ სურს იქონიოს საგვარეულო (საოჯახო) საფლავი ან/და ჭირისუფალს, რომელსაც უკვე გამოეყო მიცვალებულის დასაკრძალავად მინიმალური საფასურის მქონე კუთვნილი სამარე, მაგრამ საგვარეულო (საოჯახო) საფლავის მოწყობისათვის ითხოვს დამატებით სამარეებს, მაშინ დამატებითი სამარის გაცემა ფასიანია და იგი გაიცემა ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი განსხვავებული საფასურის გადახდის საფუძველზე. საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საფლავის გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.
3. საფლავის (სამარის) გამოყოფისა და საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ გაწეული სასაფლაო მომსახურების სახეობები და საფასურები, ასევე მისი გადახდისაგან გათავისუფლებისა და შეღავათების გაწევის წესი და შემთხვევები განისაზღვრება ქ. ბათუმის საკრებულოს ცალკე სამართლებრივი აქტით.
4. გარდაცვლილის საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიულ პირი გარდაცვლილის ჭირისუფალზე (მათგან დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით. საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალულ პირთან დაკავშირებით გასაცემი მოწმობის ფორმას ამტკიცებს ქ. ბათუმის საკრებულო.
5. საქალაქო სასაფლაოზე საფლავის (სამარის) წინასწარ შესყიდვის (გამოყოფის) შესახებ საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიულ პირი დაინტერესებულ პირზე გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით. საქალაქო სასაფლაოზე საფლავის (სამარის) წინასწარ შესყიდვის (გამოყოფის) შესახებ გასაცემი მოწმობის ფორმას ამტკიცებს ქ. ბათუმის საკრებულო.
6. საქალაქო სასაფლაოზე საფლავის (სამარის) წინასწარ შესყიდვის (გამოყოფის) შესახებ გაცემული მოწმობით სარგებლობისა და საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი შესაბამისი მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებული პირის (პირის, რომელზედაც გაცემულია ასეთი მოწმობა) ანდერძისმიერ ან/და კანონისმიერ მემკვიდრეებს მემკვიდრეთა რიგის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
7. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურება, რომლის საფასურის დადგენაც წინასწარ შეუძლებელია და გამომდინარეობს ჭირისუფლის (დაინტერესებული პირის) მოთხოვნებიდან (მაგ.: საფლავის კეთილმოწყობა, საფლავის ქვის (ძეგლის) დამზადება და სხვ.) განისაზღვრება საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირსა და ჭირისუფლის წარმომადგენელს (დაინტერესებულ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის (ხელმძღვანელის) მიერ მომსახურების საფასური უნდა განისაზღვროს ამ იურიდიული პირის ინტერესებიდან გამომდინარე, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით.
მუხლი 6. საქალაქო სასაფლაოების მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის უფლებამოსილება
1. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ახორციელებს საქალაქო სასაფლაოების მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებით საჭირო შესაბამის მომსახურებას.
2. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურება:
ა) საქალაქო სასაფლაოზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა;
ბ) საქალაქო სასაფლაოზე გამოყოფილი სამარის გათხრა და ამოვსება;
გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;
დ) სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;
ე) სასაფლაოს გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;
ვ) დაინტერესებული პირებისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების გაწევა;
ზ) სხვა მომსახურება საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესისა და ქ. ბათუმის საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ვალდებულია გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას დაიცვას სანიტარიული ნორმები, რელიგიური წეს-ჩვეულებები და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები, ასევე იგი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.
4. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) რეგისტრაციის უკანასკნელი ადგილი;
გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;
დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს.
5. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით:
ა) საფლავის მოვლა-პატრონობაზე დაინტერესებულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რათა რაიმე განსაკუთრებული სახით მოაწყოს საფლავი, ძეგლი და სხვა; წესრიგში იქონიოს და მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვ.;
ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობა;
გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, საფლავის ძეგლების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები და სხვა;
დ) ქ. ბათუმის საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო მომსახურების ახალი სახეებისა და მათი საფასურის ოდენობის შესახებ წინადადებები.
6. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. საქალაქო სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:
ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მორთვას;
ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას;
გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;
დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;
ე) მიცვალებულის ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას;
ვ) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და სხვა.
2. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს საფლავის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასაფლაოს ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.
მუხლი 8. საფლავების მოწყობა და ექსპლუატაცია
1. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შემდეგ საფლავების (სამარეების) ქაოტურად განთავსებისა და მოუხერხებელი გარემოს შექმნისაგან თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება სასაფლაოს დაგეგმარება.
2. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;
ბ) გასასვლებებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;
გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;
დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები (საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდი და ა.შ) განკუთვნილი სპეციალური შენობა და ა.შ.;
ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა, ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავების უზრუნველყოფით;
ვ) სასაფლაოს შესასვლელში საავტომობილო სადგომის მოწყობა;
ზ) საფლავებისა და საფლავში სამარეების აღრიცხვა-ნუმერაცია და სხვა.
3. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ან/და სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარების პროექტს ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განკარგულებით ამტკიცებს ქ. ბათუმის საკრებულო.
4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. ყოველ სამარეზე გაანგარიშებულ და გამოყოფილ უნდა იქნეს 2.5 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 1 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები.
5. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,5 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.
6. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.
7. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი, ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებულ სპეციალურ სუდარაში.
8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა 1 კვირის მანძილზე.
9. ჭირისუფალი ვალდებულია საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს გარდაცვლილის შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;
გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;
დ) გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი (ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს პირის გარდაცვალების ფაქტს) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფალთან და საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის მიერ გაცემული სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნის საფუძველზე, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით.
მუხლი 9. საფლავი
1. საფლავი შეიძლება იყოს:
ა) ორი სამარის მქონე მეუღლეების დაკრძალვისათვის;
ბ) რამდენიმე სამარის მქონე საგვარეულო (საოჯახო) საფლავის მოწყობისათვის;
გ) ერთი, ორი ან უფრო მეტი სამარის მქონე ცალკეული დაკრძალვებისათვის.
2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არა უმეტეს რვა სამარე. გამონაკლისი შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით.
3. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს, თუ გარდაცვლილის მეუღლე, არ არის მანამდე გარდაცვლილი, ან გარდაცვლილი არ იყო ქორწინებაში.
4. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ:
ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში ანდერძით, ხელშეკრულებით ან/და სხვა რაიმე წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;
გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);
დ) გარდაცვლილის მშობლებმა;
ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა;
ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაო ტერიტორიის ცალკე სექტორი (სექტორები).
7. სამარის გათხრის უფლება აქვს მხოლოდ საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს, საკრებულოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე. დაუშვებელია საქალაქო სასაფლაოზე სამარის გათხრა სხვა პირის მიერ.
მუხლი 10. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი
1. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას ქ. ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე იღებს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების სახით. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება შუამდგომლობით მიმართოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა;
ბ) საქართველოს საპატრიარქომ;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ;
ე) ქ. ბათუმის საკრებულოს არანაკლებ 1/5-მა;
ვ) საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა, საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა.
2. ამ მუხლით დადგენილი წესით პანთეონში საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტყილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე.
მუხლი 11. საფლავზე მეორეული დაკრძალვის შემთხვევები და წესი
1. იმ შემთხვევაში, როდესაც საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე, დაკრძალვიდან გასულია 40 წელზე მეტი და მიტოვებულია (უპატრონოა) სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით, ასეთი ფართობი მეორეული დაკრძალვისათვის შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.
2. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოებზე დაკრძალვიდან 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, უპატრონო, მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის ამ ფართობზე მეორეული დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილ მოუვლელ, მიტოვებულ, უპატრონო საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით, რომ მისი დადგმიდან სამი წლის განმავლობაში ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი გაიცემა მეორეული გამოყენებისა
თვის. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საინფორმაციო ფირფიტაზე მითითებული უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილის ჭირისუფლის წარმომადგენელმა სად, როდის და ვის უნდა მიმართოს გარდაცვლილთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.
3. ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენები (ძვლები) უნდა განთავსდეს სამარის ცალკე კუთხეში, რისთვისაც ასეთ სამარეში უნდა გაითხაროს (მოეწყოს) ნარჩებების (ძვლების) განსათავსებლად საჭირო სპეციალური თარო. დაუშვებელია ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენების (ძვლების) გადაყრა, განადგურება ან/და მის მიმართ სხვა არაჰუმანური (უღირსი) დამოკიდებულება.
მუხლი 12. საქალაქო სასაფლაოს დახურვა და გაუქმება
1. საქალაქო სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, ქ. ბათუმის საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს დახურვის შესახებ.
2. საქალაქო სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია როგორც ახალი საფლავების გამოყოფა, ისე არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვა ქ. ბათუმის საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფალაოს გაუქმების შესახებ.
მუხლი 13. მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს მოწყობის წესი
1. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს ქ. ბათუმის თვითმმართველობასთან სავალდებულო შეთანხმებას.
2. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართობის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა ქ. ბათუმის საკრებულოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა;
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან);
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
3. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართობის თაობაზე გადაწყვეტილებას განკარგულების ფორმით იღებს ქ. ბათუმის საკრებულო.
4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.
მუხლი 14. წესში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დოკუმენტის კომენტარები